შავი მესია
შავი მესია
შავი მესია
გიორგი ფარეხელაშვილი
,,ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი
არა გამოცხადნეს, და დამალული,
რომელი არა საცნაურ იყოს“
- ლუკას სახარება, 12:2
I თავი
ყოველთვის მაინტერესებდა წარსულის იდუმალებით მოცული ამბები. ბავშვობიდან ცნობისმოყვარე ვიყავი და მსურდა, რომ ყოველივე დაფარულს მიღმა ხედვის უნარი მქონოდა. თავიდან ასეთი უნარის ქონა მხოლოდ ზებუნებრივ ძალად მიმაჩნდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ გამჭრიახი გონების წყალობით ეს შესაძლებელი იყო. ვკითხულობდი უამრავ სამეცნიერო ლიტერატურას, რომელიც ძირითადად ეხებოდა გამოძიებას, კრიმინალისტიკას და კრიმინოლოგიას. აგრეთვე დაინტერესებული ვიყავი დამნაშავის ფსიქოლოგიით. ვუყურებდი სხვადასხვა ინტერვიუებს ცნობილ დამნაშავეთა მონაწილეობით და ვცდილობდი დამენახა მათში ის სულიერი ბზარები, რომლებმაც მათ უბიძგეს ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენისაკენ.
ვინმემ რომ მკითხოს თუ როგორი წარმომიდგენია საკუთარი თავი ხუთი ან თუმდაც ათი წლის შემდეგ, ალბათ ბევრი ფიქრის გარეშე ვუპასუხებ, რომ ჩემს თავს კარგად დაოსტატებულ გამომძიებლად ვხედავ მომავალში. დამნაშავე თავისი ქმედებით აზიანებს საზოგადოებრივ წესრიგს, რომელიც მრავალსაუკუნოვანი უდიდესი ტანჯვისა და ტკივილის შედეგია. კაცობრიობამ დიდი გზა განვლო, დიდი შრომა დახარჯა იმისათვის, რომ დაემყარებინა საყოველთაო წესრიგი, რომელიც მიმართულია თითოეული ადამიანის დაცვისაკენ. ყველა, ვინც არ ემორჩილება კანონს და უხეშად არღვევს საზოგადოების ჰარმონიულ წეს-წყობილებას, მტერია ამ საზოგადოების და იგი შესაბამისად უნდა დაისაჯოს. რატომ გავხდი გამომძიებელი? იმიტომ, რომ დავიცვა ეს წეს-წყობილება და ვამხილო ის, ვინც უხეშად ცდილობს მის ჩამოშლას.
ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ვიდგები მართლმსაჯულების სადარაჯოზე და დავიცავ საზოგადოებას, ადამიანთა მოდგმას, რომელიც რეალურად უბედურია.
დედა ჩემს მშობიარობას გადაყვა, მამა კი ადრეულ ასაკში გარდმეცვალა. ის იდუმალ ვითარებაში მოკლეს და დღემდე ვერ გამირკვევია თუ რა მიზეზით. მე ბიძა მზრდიდა მანამ, სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი და ჩემს მემკვიდრეობაზე წვდომა მექნებოდა. ის ალკოჰოლიკი და ძალზედ უიმედო პიროვნება იყო. მას არაფრის სწამდა გარდა ნიჰილიზმისა. ამის მიუხედავად იგი წარმატებული ადამიანი იყო თავის საქმეში. ის ძალიან კარგად ხატავდა და წლიდან წლამდე თავი ასე გაჰქონდა. ოჯახი არასდროს ჰყოლია. მარტო ცხოვრობდა, მანამ სანამ ჩემი მეურვე გახდებოდა. ყველაფრის მიუხედავად იგი კეთილი და პატიოსანი ადამიანი იყო.
ბიძაჩემი ჩემს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ გამომძიებელი მსურდა გავმხდარიყავი, სკეპტიკურად უყურებდა და მეუბნებოდა, რომ არ ვგავდი იმ ადამიანს, რომელსაც სურს სიცოცხლის ბოლომდე დამნაშავეებს სდიოს.
-გაგიჭირდება, ნერვებიც დაგაწყდება და პირად ცხოვრებასაც ვერ მიხედავ. ვიცი მე შენ რატომაც გადაწყვიტე იურიდიულზე ჩაბარება და გამომძიებლობა, - მითხრა ერთ დღეს. ორივე სახლში ვიყავით და ბუხრის წინ, სავარძლებში მოკალათებულნი შევცქეროდით ხის ნაჭრებზე ხარბად მოგიზგიზე სისხლისფერ ცეცხლს.
-რატომ? - დავინტერესდი მე.
-მამაშენის მკვლელი გინდა მოძებნო და იმიტომ. ვიცი თუ როგორ იტანჯები ამის გამო და ღამეებსაც თეთრად ატარებ ამაზე ფიქრში. ახლა ვერაფერს აკეთებ, რადგან არ გაქვს სტატუსი, რომელიც დაგეხმარება ამ ამბის გაკრვევაში. ამიტომაც გინდა, რომ გამომძიებელი გახდე.
-შეიძლება ასეა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი და ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ მინდა გამომძიებელი გავხდე.
-და რა არის სხვა მიზეზი, დათო?
-მინდა, რომ ადამიანებს დავეხმარო და ისეთი საზოგადოების შექმნას შევუწყო ხელი, სადაც დანაშაული არ იარსებებს.
-ეს შეუძლებელია. დანაშაული ყოველთვის იარსებებს. ხშირშემთხევავში ადამიანი ბუნებით ბოროტი არსებაა. ჯერ ახალგაზრდა ხარ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გააცნობიერო. მოგემატება წლები და ხელს ჩაიქნევ ადამიანებზე. ბევრი გიღალატებს, ბევრიც გაგწირავს. თუ გაგიმართლა, ნამდვილი ადამიანები მხოლოდ ერთეულები იქნებიან შენს გარშემო, თუმცა ამის მიუხედავად მაინც იფიქრებ, რომ მთელი საზოგადოება ბოროტების ფსკერზეა დასული.
-მგონია, რომ ამ ყველაფერს პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე მეუბნები.
-კი, ასეა... ასე გულახდილად შენთან მგონი არც არასდროს მილაპარაკია. პატარა ბიჭი უკვე აღარ ხარ, დღე-დღეზე ოცდაორი წლის გახდები. მალე უნივერსიტეტსაც დაამთავრებ და აწი ცხოვრებას სხვა კუთხით შეხედავ. ახალგაზრდობაში მეც შენნაირი მონდომებული და მოწადინებული ვიყავი. ბევრჯერ ისიც მიოცნებია, რომ გმირი ვყოფილიყავი და ადამიანები დამეცვა. თუმცა, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ვხვდებოდი იმას, რომ გმირები რეალურ ცხოვრებაში არც ისე დაფასებულები არიან. გმირის ხატის შექმნა მარტო იმისთვის არ არის, რომ საზოგადოება მხოლოდ მისი საგმირო საქმით იყოს აღფრთოვანებული. ნამდვილ გმირს არ ჭირდება არც ქება და არც დიდება, არც ვარდის ფურცლებით მოფენილი გზა და არც ფიქტიური ზეციური შარავანდედი თავზე. მისი მთავარი სურვილი ისაა, რომ საზოგადოებამ მაგალითი აიღოს მისგან და თავისი ქცევით ემსგავსოს მას. ეს კი დღევანდელ საზოგადოებაში თითქმის არასდროს ხდება. დათო, ჩვენ იმ ეპოქაში ვცხოვროთ, სადაც დღითიდღე უფასურდება ადამიანური ღირებულებები.
-შეიძლება ნაწილობრივ მართალი ხარ, მაგრამ მაინც ვერ გადამაფიქრებინებ. გეთანხმები, რომ ადამიანი ბოროტი ბუნების მქონე არსებაა, მაგრამ ეს ასე იმიტომ არ არის, რომ თვითონ ადამიანს სურს ასეთ არსებად ყოფნა. ადამიანის არსებობის მთავარი და უწინარესი კითხვა არის ის თუ რატომ არსებობს იგი. ადამიანი თავისი არსებობის მიზანს დანამდვილებით მხოლოდ მატერიალურ სივრცეში ხედავდა მრავალი საუკუნის განმავლობაში, მაგრამ როდესაც მისი ცნობიერება განვითარდა და მისი თვალსაწიერი გაფართოვდა, მან სხვაგვარად დაიწყო ფიქრი. ის ფიქრობდა მატერიის გარეთ არსებულ სამყაროზე. სამყაროზე, რომელიც არაა თვალით ხილული და ადამიანისთვის ერთობ იდუმალებით მოცულია. ამ მეტაფიზიკური სამყაროს არსებობის დადგენა ყოველთვის იყო დიდი გამოცანა ადამიანისთვის. დროთა განმავლობაში ადამიანები სხვადასხვა ვარაუდებს გამოთქვავდნენ ამასთან დაკავშირებით, იქმნებოდა უამრავი თეორიები, მაგრამ დანამდვილებით ვერავინ მიდიოდა ჭეშმარიტებისაკენ. ამ ყველაფერმა კი ადამიანის ქვეცნობიერი გააბოროტა, ხოლო ცნობიერი გააუბედურა. ყოველივე ამის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის ცხოვრება ერთი დიდი უბედურებაა. ოცნება მიღმიერ სამყაროზე და შემოქმედზე. ადამიანმა, იმის მიუხედავად, რომ არ იცის საიდან მოდის და რა არის მისი არსებობის დანიშნულება, მაინც შეძლო და შექმნა საყოველთაო წესრიგი და მას სამართალი უწოდა. დამნაშავეა, ვინც ამ წესრიგს არღვევს და ადამიანის ისედაც უბედურ ყოფას თავისი ქმედებით საფრთხეს უქმნის. ამიტომაც მინდა, რომ გამომძიებელი გავხდე და დავიცვა ადამიანების ბუნებრივად უბედური ყოფა , - სიტყვა დავასრულე და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს სხვა ლაპარაკობდა ჩემ ნაცვლად.
რამდენიმე წამის განმავლობაში ორივე ჩუმად ვიყავით. ბიძაჩემი ერთხანს მიყურებდა, შემდეგ გაიღიმა და მზერა კვლავ ცეცხლზე გადაიტანა.
-საიდან მოგდის ბიჭო ასეთი აზრები? - გაეცინა მას.
მე მხრები ავიჩეჩე და თავი რაღაც მხრივ უხერხულად ვიგრძენი. ბიძაჩემთან ასეთ თემებზე არასდროს მილაპარაკია აქამდე.
-ძალიან მაინტერესებს ჩემ ასაკში ისევ ასე იფიქრებ თუ არა, - თქვა მან.
-რა თქმა უნდა ასე ვიფიქრებ, - ფრიად დარწმუნებულმა ვუპასუხე.
აღარაფერი გვითქვამს. ორიოდე წუთს ვუსმენდით ცეცხლის ტკაცუნისა და გარედან შემოსული წვიმის ხმების ნაზავს. შემდეგ ცარიელი ლუდის ბოთლი გვერდით დადო და წავიდა. მას შემდეგ ერთმანეთთან ასე გულახდილად აღარ გვისაუბრია...
ახლა ოცდაექვსი წლის ვარ. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, თბილისის ნომერ მეოთხე საგამოძიებო დეპარტამენტის მკვლელობათა განყოფილებაში დავიწყე სტაჟირება. ექვსი თვის შემდეგ გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და ამავე დეპარტამენტში დავიწყე მუშაობა. მუშაობის პირველი წელი არც ისე მარტივი აღმოჩნდა ჩემთვის. ბევრ ისეთ სირთულეს გადავაწყდი, რომელსაც სტაჟირების განმავლობაში არ შევუწუხებივარ. მაშინ მივხვდი, რომ სტაჟირების პერიოდი მხოლოდ იმაში დამეხმარა, რომ უბრალოდ ზედაპირული ცოდნა მიმეღო გამოძიების სპეციფიკისა და მეთოდების შესახებ. ასე თუ ისე, მუშაობის პირველმა წელმა კარგად ჩაიარა. წარმატებით გამოვიძიე სამი მკვლელობა და თანამშრომლებს შორის ჩემი რეპუტაციაც საგრძნობლად გაიზარდა.
მუშაობის მეორე წელს ჩემი ტანჯვა დაიწყო. გონება მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. ხშირად ვათენებდი ღამეებს თეთრად. თვალის უპეები მუდამ ჩაშავებული , ხოლო სხეული მუდამ კოფეინითა და სიგარეტით მქონდა გაჟღენთილი. სარკეში ვიხედებოდი და საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. არ ვიცოდი რა მემართებოდა. ფიქრები ათას სცენარში მქონდა გადახლართული. ყველაფერი ამის მიზეზი ერთი საქმე იყო, რომლის გამოძიების ერთ-ერთ ხელმძღვანელადაც დამნიშნა ჩემმა ზემდგომმა.
-გილოცავ, დავით. შენმა წინა წლის ნაყოფიერმა შრომამ გადამაწყვეტინა, რომ ,,შავი მესიის“ საქმის გამოძიბაში ჩაგრთო, - მითხრა მან წლის დასაწყისში.
,,შავი მესია“ - ასე ერქვა იმ საქმეს, რომელმაც მრავალი გამომძიებლის ნერვები და ჯანმრთელობა შეიწირა მრავალი წლის მანძილზე. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ამ საქმის გამოძიება მეც მომიწევდა და სულიერად მზად ვიყავი ამისთვის. მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები , რომელთაც სურთ, რომ თავიანთ საქმეში პირველები იყვნენ. ჩემმა სიამაყემ და მებრძოლმა ბუნებამ გადამაწყვეტინა, რომ დავთანხმებულიყავი უფროსის შემოთავაზებას.
მე შევუერთი ხუთი გამომძიებლისგან შემდგარ იმ ჯგუფს, რომელსაც ებარა ეს საქმე. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ ვხვდებოდი, რომ ყველანაირ ლოგიკურ მსჯელობას ჩიხში შევყავდი და ცოტაოდენი პროგრესიც კი არ იგრძნობოდა გამოძიებაში. პარალელურად სხვა საქმეებზეც ვმუშაობდი. ეს შვება იყო ჩემთვის. ამის მიუხედავად, გონება ,,შავი მესიის“ საქმეზე გამირბოდა და წამდაუწუმ ახალ გზებზე მეფიქრებოდა ჩემდა უნებურად. ეს ნამდვილი კოშმარი იყო.
საბოლოოდ, მეორე წელი მეტნაკლებად წარმატებულად დასრულდა ჩემთვის. გამოვიძიე ორი მკვლელობა, თუმცა ძირითად საქმეში მცირეოდენი დახმარებაც კი ვერ გავუწიე საგამოძიებო გუნდს. მინდოდა თხოვნით მიმემართა ჩემი ზემდგომისთვის, რომ ჩავეხსენი გამოძიებიდან, მაგრამ ეს დასტური იქნებოდა, რომ ფარ-ხმალი დავყარე. არა... გადავწყვიტე, რომ ბოლომდე გავყოლოდი მას და ყველაფრის ფასად ამომეხსნა ეს იდუმალებით სავსე საქმე.
მესამე წელს, ჩემმა ზემდგომმა გადაწყვიტა, რომ მთელი სამუშაო დრო ,,შავი მესიის“ საქმის გამოძიებისთვის დამეთმო. როდესაც ვკითხე თუ რატომ მოიქცა ასე, მან შემდეგნაირად მიპასუხა:
-დავით, შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მე ერთი შეხედვით შემიძლია დავინახო ის თუ რა შეუძლია ადამიანს. შენ შენს კოლეგებთან შედარებით უფრო მეტად მონდომებული ხარ და მანამდე არ მოისვენებ, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვან. ამ კიბოდ ქცეულ საქმეს კი სწორედ ასეთი ადამიანი ჭირდება. მჯერა, რომ ყველაფერი გამოგივა. შეიძლება შენ წინა წელს ცოტა რამ შემატე გამოძიებას, მაგრამ ყველაზე მეტი შრომა ჩადე მასში. მწამს, რომ შრომა შედეგს გამოიღებს. წინა წელს შენ უბრალოდ ნიადაგი შექმენი იმისათვის, რომ შემდგომში საქმეში არსებული კვანძები მარტივად ამოგეხსნა.
ნამდვილი თავგადასავალიც სწორედ ახლა იწყებოდა. ამ წელს გავიგე ბევრად მეტი, ვიდრე წინა წლებში. საქმეზე სახლიდანაც ვმუშაობდი. ჩემი სამუშაო ოთახი სავსე იყო საქმის მასალებით. დაფაზე მთელი სქემა მქონდა შედგენილი.
ამავე პერიოდში ნაცნობების დახმარებით მივაგენი მამაჩემის მკვლელობის საქმეს. მასზე გამოძიება შეჩერებული იყო. მართალია ის დეტალები, რა დეტალებიც თან სდევდა ,,შავი მესიის“ მკვლელობებს, მამაჩემის საქმეში არ იკვეთებოდა, მაგრამ გული მიგრძნობდა, რომ ის კავშირში იყო ამ საქმესთას. ამან უფრო დამაღონა და გაართულა ჩემი ფიქრები. ახლა უკვე გადართული ვიყავი იმაზე, რომ კავშირი მეპოვა მამაჩემის მკვლელობასა და ,,შავ მესიას“ შორის.
ნელ-ნელა ყველაფერი წყლის ნაყვას ემსგავსებოდა. სექტემბრის ბოლოსთვის უკვე მთელი რესურსი ამოწურული მქონდა. გადავწყვიტე, რომ ჩემს კითხვებზე პასუხები სწორედ იქ უნდა მეძებნა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. 43 წლით უკან, წარსულში უნდა დავბრუნებულიყავი...
-არის შენთან პროგრესი? - მკითხა ირინამ ერთხელ სტუმრობის დროს. ის ჩემი კოლეგა იყო, ერთ-ერთი გამომძიებელი გუნდიდან. ჩემზე ორი წლით უფროსი იყო, მაგრამ ჩემზე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. მას ,,შავი მესიის“ საქმის საგამოძიებო გუნდში ყოფნის მეხუთე წელი უსრულდებოდა.
-ჯერ-ჯერობით არა. მხოლოდ ერთი გამოსავალი დამრჩა. თუ აქედანაც არაფერი გამოვა, ალბათ შევეშვები ამ საქმეს ან შემდეგ მკვლელობას დაველოდები, - ვუპასუხე მე.
-ბოლო მკვლელობა, რომელიც ,,შავ მესიას“ უკავშირდებოდა სამი წლის წინ მოხდა. მკვლელობებს შორის ამხელა დრო არასდროს გასულა. იქნებ ყველაფერი დამთავრდა?
-არამგონია. შეიძლება რაიმე დიდი მზადდება.
-რა გამოსავალზეა საუბარი? - მკითხა ინტერესით.
-შემდეგ კვირას არჩილ მთავრიშვილს უნდა ვეწვიო.
ირინა ამ სახელის გაგონებაზე ოდნავ შეკრთა. ცდილობდა ეს ემოცია დაეფარა, მაგრამ არ გამოუვიდა. ვერ მივხვდი ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა. წითელი პომადით დასვრილი ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩადო და მითხრა:
-არჩილ მთავრიშვილმა რა უნდა გითხრას ახალი? მისი ჩვენება არის საქმეში.
-ვიცი. ჩანაწერიც ნანახი მაქვს, მაგრამ რაღაცებმა დამაეჭვა.
-რამ?
-მგონია, რომ ეგ კაცი რაღაცას მალავს.
-მაინც რას უნდა მალავდეს?
-არ ვიცი. სწორედ მაგის გასარკვევად მინდა მისი ნახვა. გუშინ დავურეკე. თავიდან უარზე იყო, მაგრამ შემდეგ დავითანხმე შეხვედრაზე. მომდევნო კვირა დღეს დამპატიჟა თავის სახლში.
-არამგონია იმაზე მეტი გითხრას, რაც უკვე გვითხრა თავის დროზე.
-ვნახოთ. მგონია, რომ არაფორმალურად თუ მივუდგები, ყველაფერს სხვანაირად მომიყვება. ეს კაცი ჩემი ერთადერთი იმედია და უნდა ვეცადო, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღო მისგან ,,შავი მესიის“ საქმესთან დაკავშირებით.
-მაგ კაცმა ბევრი რამ იცის ამ საქმეზე. ერთ-ერთი იყო, ვინც სათავეში ედგა ამ საქმეს წარსულში. როგორც ვიცი ათი წლის წინ გავიდა პენსიაზე.
-ჩვენს დეპარტამენტში მუშაობდა.
-კი, ვიცი. საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია. რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი აქვს დაწერილი საგამოძიებო მოქმედებების სპეციფიკასთან დაკავშირებით.
-ლექტორადაც ხომ მუშაობდა რაღაც პერიოდი პენსიიდან გასვლის შემდეგ?
-კი, - ირინამ თავი დამიქნია.
მე ჩემს სამუშაო ოთახში ვიდექი, ხელში წითელი ღვინით სავსე ჭიქა მეკავა და ცოტ-ცოტას ვსვავდი. დაფას შევყურებდი, რომელზეც თბილისის რუკა იყო გაშლილი, ზედ კი სხვადასხვა სურათები იყო მიმაგრებული. სურათებთან ახლოს პატარა ფურცლები ეკიდა, ზედ წარწერებით.
ირინა ტყავის სავარძელში იჯდა და მე მიყურებდა. ცოტახანში ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა. ჭიქა გამომართვა და იქვე მაგიდაზე დადგა. შემდეგ ჩემს პირისპირ დადგა და ხელები კისერზე შემომხვია.
-იცი... შენი არ მესმის, დათო, - მითხრა მან და თავისი მწვანე თვალები მომანათა.
-რა არ გესმის? - ვკითხე ინტერესით და ვიწრო წელზე ხელები შემოვხვიე.
-ის თუ რატომ მუშაობ გამომძიებლად. დიდძალი ქონების პატრონი ხარ. საერთოდ რომ არ იმუშავო არსად, მაინც უზრუნველი ცხოვრება გექნება.
-და ეგეთ ცხოვრებას აქვს რაიმე აზრი?
ცოტა ხანს დაფიქრდა, შემდეგ გაიცინა და თქვა:
-ალბათ მოსაწყენი იქნებოდა მასე ცხოვრება.
-კარგია, რომ ერთ აზრზე ვართ.
-შეგიძლია შემოქმედებით საქმიანობას მიუძღვნა თავი.
-რას მაგალითად?
-ხატვას ან მუსიკას, თუმდაც ლიტერატურას.
-კარგი რა, - გამეღიმა, - ხომ იცი არ ვარ ეგეთი ტიპი. ხელოვანი ვერასოდეს ვიქნები. მე დამკვირვებელი უფრო ვარ, ვიდრე შემოქმედი.
-ცეკვაზე რას იტყვი? - მკითხა მან, ხელები მომაშორა, ორიოდე ნაბიჯი უკან გადადგა და რამდენჯერმე დატრიალდა. მისი სწორად ჩამოშლილი გიშრისფერი თმა ჰაერის ნაკადმა ზევით აიტაცა. ის მშვენიერი სანახავი იყო.
ბოლოს წონასწორობა ვეღარ შეიკავა და მარჯვნივ გადაქანდა. მე დროულად დავიჭირე იგი და ჩემს ხელებში მოვაქციე. მისი ზურგი ჩემს გულმკერდს მიეკრო. თავი მაღლა ასწია და ქვევიდან მომაჩერდა.
-დავრჩე დღეს? - მკითხა მან.
-კარგი იქნება...
-ოღონდ ერთი პირობით.
-რა პირობით?
-არცერთი სიტყვა გამოძიებაზე! - მტკიცედ განმიცხადა მან.
ორივეს გაგვეცინა.
ირინა იმ დღეს ჩემთან დარჩა. თავს მშვიდად ვგრძნობდი და ,,შავი მესიის“ საქმეზეც აღარ მეფიქრებოდა. მასთან ერთად ყოფნა ჩემთვის ერთგვარი თერაპია იყო. ჩვენი ურთიერთობა რამდენიმე თვეს ითვლიდა, თუმცა ამის მიუხედავად მე მას ძალიან მივეჩვიე. ერთადერთი ქალი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მიყვარდა და რომელზეც სერიოზულად ვფიქრობდი. მან ეს ჯერ არ იცოდა. ჩემს გრძნობებზე არ მიყვარდა ლაპარაკი. ამის გამო მიბრაზდებოდა, მაგრამ წყენა მალევე გადასდიოდა. ალბათ იმიტომ, რომ შინაგანად იმაზე მეტად ვუყვარდი, ვიდრე მე ის...
თავი II
ცხრამეტი სექტემბრის თერთმეტ საათზე არჩილ მთავრიშვილთან ვიყავი დაპატიჟებული.
ის ქალაქგარეთ, წყნეთის დასახლებაში მარტო ცხოვრობდა. მას პირადად არასდროს შევხვედრილვარ, თუმცა მის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი. მას მნიშვნელვოანი როლი ეკავა ,,შავი მესიის“ საქმის გამოძიებაში თავის დროზე. ჩვენს განყოფილებას მისი ათი წლის წინანდელი ჩვენება ჰქონდა, თუმცა ეს ჩვენება ჩემთვის არ იყო საკმარისი.
დილით ადრიანად ავდექი. ცოტას ვნერვიულობდი, არ ვიცოდი რატომ. ოთახში უაზროდ დავეხეტებოდი აქეთ-იქით და წამდაუწუმ საათს დავჩერებოდი. ველოდებოდი როდის გახდებოდა თერთმეტი საათი. ჩემი სახლიდან მანქანით წყნეთში მოსახვედრად ორმოც-ორმოცდაათ წუთზე მეტი არ დამჭირდებოდა.
ცა მოღრუბლულიყო და ნაცრისფრად დაჰყურებდა თბილისს. ელექტრიკ მოტორსის ელექტრომობილი გარეთ, ეზოში მეყენა. მანქანის ვერცხლისფერი პრიალა ზედაპირი წვიმის წვეთებით იყო დახუნძლული. დილის წვიმა როგორც ჩანს ვერ შევამჩნიე. ჩემი პროგნოზით მალე კვლავ გაწვიმდებოდა.
მანქანაში ჩავჯექი და გზას გავუდექი.
დაახლოებით ათ წუთში უკვე მტკვრის სანაპიროს მივუყვებოდი. ელექტრომობილი ავტომატურ რეჟიმზე მყავდა გადართული. მძღოლის სავარძელი ოდნავ უკან გადავწიე და ერთ-ერთი სამეცნიერო სტატიის კითხვას შევუდექი.
მალე მტკვრის სანაპიროდან ქალაქის შუაგულში აღმოვჩნდი.
რატომღაც კონცეტრირება მიჭირდა. ერთი აბზაცის კითხვას როგორც კი დავასრულებდი, მაშინვე მანქანის ფანჯრებს მიღმა გადამქონდა მზერა და რამდენიმე წუთს გავყურებდი ნეონებით სავსე ქუჩებს. ერთმანეთზე მიხუტებულ უამრავ ცათამბჯენზე სხვადასხვა კომპანიის რეკლამები იყო გამოსახული. შენობების შესასვლელების გასწვრივ, ტროტუარებზე, ადამიანის ჰოლოგრამული გამოსახულებები ჩანდა. ეს გამოსახულებები იმ ცნობილი ადამიანების იყო, რომლებიც დიდმა კომპანიებმა დაიქირავეს თავიანთი პროდუქტის რეკლამირების მიზნით. ისინი ჰოლოგრამებში უფრო სხვანაირები იყვნენ ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. რეკლამებისთვის სპეციალურად მინიჭებული ჰქონდათ კოდური სახელები. ისინი მათ თავზე არსებულ ანიმაციურ ჩარჩოებზე ეწერა. ეს სახელები ძალიან ჰგავდა დამქირავებელი კომპანიების სახელებს. სულ რაღაც ნახევარი კილომეტრი გავიარე და უკვე ექვსჯერ დავინახე ,,დოგმას“ გამოსახულება, რომელიც თანამედროვე, კოსმო-სტილის ტანსაცმლის რეკლამას აკეთებდა, ხუთჯერ ,,A.N.K.A“ - ს გამოსახულება, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა სახის თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობდა და ცხრაჯერ ,,BIO-ნიკას“ გამოსახულება, რომელიც უმაღლესი ხარისხის საკვებ დანამატებს ცეკვა-ცეკვით ათამაშებდა დაკუნთულ ხელებში. ქუჩებში კიდევ სხვა მრავალ ჰოლოგრამას ვხედავდი. მეტი ჰოლოგრამა, მეტ ფულს ნიშნავდა. რაოდენ სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს, კომპანიის წარმატებულობის ინდექსის გამოსათვლელი ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორი ჰოლოგრამების საერთო ოდენობის მაჩვენებელი იყო.
კარგი ის იყო, რომ ჰოლოგრამებს ხმოვანი სიგნალის გამოცემის უფლება არ ჰქონდათ. ეს თბილისის მერის ბრძანებით აკრძალული იყო, რადგან მისი აზრით ხმები საზოგადოებრივ სიმშვიდეს დაარღვევდა. ამიტომაც ზოგიერთ ჰოლოგრამაზე კომპანიის მნიშვნელოვანი სლოგანები ტიტრებად იყო გამოსახული. დაქირავებული მსახიობების ჰოლოგრამები უბრალოდ პირს ამოძრავებდნენ, მათ გვერდით კი ერთმანეთის მონაცვლეობით ჩნდებოდა სლოგანები, რომელთა ოდენობა სამს არ აღემატებოდა. ამის გამო, მათ მუნჯ ჰოლოგრამებს ეძახდნენ. სლოგანები ლაკონური და თვალისთვის მარტივად აღქმადი იყო. ,,ჩვენი პროდუქტი თქვენი წარმატების გასაღებია!“, ,,ნუ დაკარგავ დროს, შემოგვიერთდი!“, ,,თქვენი ჯანმრთელობა ჩვენთვის პრიორიტეტია!“ - ასობით მსგავსს სლოგანს მთელი დღის მანძილზე ხედავდნენ ქალაქის მაცხოვრებლები.
ჯამში ქალაქში ათასობით ასეთი ჰოლოგრამა ფუნქციონირებდა. ყველაზე ძვირადღირებული ჰოლოგრამები სხვადასხვა შენობებსა და ცათამბჯენებზე იყო გამოსახული. ეს ჰოლოგრამები გაცილებით დიდი მაშტაბისა იყო. კორპორაციები, რომელთა ძალაუფლებაც მათ საშუალებას აძლევდათ რომ ესარგებლათ ასეთი სერვისით, თითზე ჩამოსათვლელები იყვნენ. ამის გამო ხშირად მქონია შეგრძნება, რომ ქალაქს ეს ერთეული კორპორაციები აკონტროლებდნენ.
გაგონილი მქონდა, რომ თბილისს სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა სახელებს უწოდებდნენ. ,,სიცოცხლით სავსე ქალაქი“ , ,,სიყვარულით სავსე ქალაქი“ ,,სიკეთით სავსე ქალაქი“, ,,სინათლით სავსე ქალაქი“ , ,,ცემენტით სავსე ქალაქი“, ,,მტვრით სავსე ქალაქი“, ,,ციფრული ეპოქის ქალაქი“ და ა.შ... თამამად შეიძლებოდა მისთვის მეწოდებინა რეკლამებით სავსე ქალაქი.
დაახლოებით ნახევარ საათში ქალაქი დავტოვე და ელექტრომობილი წყნეთის მიმართულებით დაიძრა. მანქანა ვიწრო მაგისტრალზე ასოცი კილომეტრი საათი სიჩქარით მიქროდა. მოსახვევებში რბილად და სწორი სიზუსტით შედიოდა.
ქალაქიდან გასვლა ყოველთვის მიყვარდა. მეც ქალაქგარეთ, თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში ვცხოვრობდი. იქ ისეთივე სიმშვიდე იყო, როგორც წყნეთში. რეკრეაციული ზონა ჯერ კიდევ შენარჩუნებული, ხოლო ჰაერი თბილისის ცენტრალურ ქუჩებთან შედარებით გაცილებით სუფთა იყო. აქ მაცხოვრებლები არ იყენებდნენ სპეციალურ ჟანგბადის ინჰალატორებს და აბებს, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ჰაერის დაბინძურების დონე ათ-თხუთმეტ წელიწადში გაიზრდებოდა და იმ ნიშნულამდე მიაღწევდა, რომ მათაც მოუწევდათ ინჰალატორებისა და აბების გამოყენება.
როდესაც დასახლებას მივუახლოვდი, ელექტრომობილის ავტომატური მართვის რეჟიმი გავაუქმე და სიჩქარეს მოვუკელი. არჩილ მთავრიშვილის სახლი ნავიგაციაზე არ იყო აღნიშნული, ამიტომაც ჩემით უნდა გამეგნო გზა. მან სატელეფონო საუბრის დროს მითხრა, რომ მისი სახლი ძირითადი დასახლების განაპირას მდებარეობდა.
კერძო სახლებს შორის არსებულ გზას მივუყვებოდი. აქ ოცდაათიანი წლების შემდეგ დიდად არაფერი შეცვლილა. წარსულის მდიდრული აგარაკები ახლა აღარავისზე ახდენდა შთაბეჭდილებას.
ძირითადი დასახლებიდან დაახლოებით ორას მეტრში არჩილ მთავრიშვილის სახლი მოჩანდა. იგი მაღლობზე იდგა და სხვა სახლებთან შედარებით ნაკლებად მდიდრულად გამოიყურებოდა.
როდესაც რკინის დიდ გალავანს მივუახლოვდი, მანქანა დროებით გავაჩერე. ველოდებოდი თუ როდის გაიღებოდა იგი. შესასვლელთან, ასფალტზე, სენსორული მოწყობილობა იყო ჩაშენებული. მისი დახმარებით მაცხოვრებელი იღებდა სიგნალს, რომელიც მას სტუმრის მოსვლას ატყობინებდა. რკინის გალავანს მიღმა ორსართულიან ნაცრისფერ სახლს ვუყურებდი. ეზო სუფთა და მოწესრიგებული იყო. სახლის გარშემო სხვადასხვა ხილის რამდენიმე ხე იდგა.
მალევე გალავანი გაიღო და ვერანდაზე კრემისფერ ყელიან სვიტერში გამოწყობილი საშუალო სიმაღლის ჭაღარათმიანი მამაკაცი გამოვიდა. ეს არჩილ მთავრიშვილი იყო. მან ხელით მანიშნა თუ სად უნდა დამეყენებინა ელექტრომობილი. როდესაც მანქანიდან გადმოვედი, ის ჩემთან ახლოს მოვიდა და მომეგება.