არ ილოცო
არ ილოცო
მამა რომ მოკვდა ვღიღინებდი, აღარ მახსოვს რას, მგონი მისი კრებულდან ერთ-ერთი ქართული სიმღერა იქნებოდა. გარედან ხმები მესმოდა - ტირილის, კივილის, წივილის, შიგნით კი ჩაგუდულ გულისცემას ვგრძნობდი. ძარღვებში სისხლი მეყინებოდა და შიშველ ფეხებს, რომლებიც ქვიშაში მქონდა ჩაფლული, რიტმულად რაღაც ძალა ამოძრავებდა. ამბობდნენ: ,, პულსი არის’’, თუმცა ექიმებს სახეზე უიმედობა ეწერათ. დედა ქვემოთ დამხობილი ჩუმად ლოცულობდა, მეც სიმწრით გამეცინა და იქაურობას გავშორდი. მამა მოკვდა, ჰო ასე იყო, აღარ მახსოვს იმ დღეს კიდევ რა მოხდა, მოკვდა და მორჩა. ერთადერთი შეგრძნება რაც იმ დღიდან გამიჩნდა ეს გულისრევა იყო, გული მერეოდა საკუთარ თავზე, ტკივილებზე, რომლის შესახებაც ადრე არაფერი ვიცოდი, მეზიზღებოდა უმიზნოდ გატარებული დღეები, საკუთარი ფეხის თითები მამაჩემისას ასე ძალიან რომ ჰგავდა. უფრო მარტივად, რომ ვთქვა, წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ფილმში, პერსონაჟი ხართ და რეჟისორის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით მოქმედებთ ან საერთოდ ვერ მოქმედებთ, სწორედ ასე იყო, თუმცა რეჟისორი - ღმერთი, ხოლო უნიჭო მსახიობი- მე ვიყავი. აღარ მინდა ამაზე ბევრის წერა, ყველა კარგავს ვიღაცას, ყველას აკლდება ადამიანი ცხოვრებიდან ან ერთგული ძაღლი, უბრალოდ იმ დღის შემდეგ ჩავიძირე და ეს არ გავდა მდინარის ან ზღვის ფსკერზე ჩაძირვას, ან ოკეანეში თავით ჩაშვებას, ეს იყო ტბის ფსკერი, რომელსაც იქამდე ეწებები, სანამ ნაგავივით ზედაპირზე არ ამოგიღებენ და არ მოგისვრიან. არ ვიცი რა არის კატასტროფა, როცა ჭაობში ეფლობი, თუ როცა ჭაობი თავად ხარ და სხვებს ითრევ, ვერ გეტყვით, თუმცა ვხედავდი როგორ მნთქავდა გარემო, ხან კი მე ვისაკუთრებდი მის თითოეულ ნაწილს. ასე იყო თუ ისე იმ დღეების გადაგორებას ველოდი მაგრამ არ გავიდა, არცერთი წამი არ გავიდა, თითქოს დრო ტანზე შემეყინა და არ მომცა ამოსუნთქვის საშუალება. თუ გულწრფელად მინდა საუბარი მაშინ ისიც მინდა იცოდეთ, რომ ცხოვრებაში ალბათ ბევრჯერ არ მითქვამს სიმართლე, თუმცა სიმართლის გარდა არაფერი დამიწერია, მარტივია - ადამიანს ყველაფერი არ უთხრა, მაგრამ ფურცელზე სიტყვებს ვერ შეაჩერებ, სწორედ ამიტომ მინდა მოგიყვეთ ამბავი - რწმენასა და ურწმუნოებაზე, ღმერთსა და უღმერთობაზე, რადგან ორივე მათგანმა იპოვა ჩემში ადგილი და თავისი ენით ალაპარაკდა.
29 აპრილი, წვიმიანმა ამინდმა განწყობაზე საშინლად იმოქმედა, როდესაც ტალახიან თეთრ ბოტასებს დავხედე და ძირს დავარდნილი ბარგის ნახევარიც წუმპეში ამოთხვრილიყო. არ ცხელოდა, თუმცა უხეში ნაჭრის შემოსაცმელი ოფლიან ტანზე მიმწებებოდა და სიარულისას ჯინსი ფეხებს მიხუთავდა . ისევ ტრანსპორტში ასვლა და ორი საათის გზა, უაზროდ გავიფიქრე და უკანა სავარძელზე ორ ღიპიან კაცს შორის დავჯექი. ინსტაგრამის სქროლვისას გადავაწყდი პოსტს : ,, ნინუა სოფომ მოკლემეტრაჟიან ფილმში პრიზი მოიპოვა’’, იქვე ჩანდა კომენტარები, ყველა წარმატებას უსურვებდა. როგორ მახსოვს ეგ გოგო არცკი ოცნებობდა მაგ საქმეზე, მგონი მართალია გავრცელებული აზრი, რომ ,, ჩვენი მიზნები სხვებს ისე უხდებათ რომ არასდროს უოცნებიათ ამაზე ‘’ . ნინუას მიზნების რა გითხრათ, ჰო იცით ყველა საიდანღაც იწყებს წარმატებისკენ სვლასო? ჰოდა მეც ფერმის ლაგებით ვიწყებდი და თუ ხუთ- ექვს წელში გამიმართლებდა ალბათ კინოსტუდიასაც დავალაგებდი . განათლება უმაღლესი , კინორეჟისურის განხრით, ასევე უამრავი დაჯღაპნილი სცენარი და დაუსრულებელი წიგნი, რომლის დამთავრებასაც თავი ვერ მოვაბი, ან უბრალოდ იდეები შემომელია. სულ ეს არის ჩემი მიღწევები და თუ თქვენ მეტყვით, რომ ზოგს შენს ასაკში მაგდენიც არ შეუქმნიაო, მე გიპასუხებთ, ყველას შეუძლია წეროს რაღაც, ან მიზანი დაისახოს, მე კი ერთ ადგილზე გაჩერებული ნელ-ნელა უკან ვდგამდი ნაბიჯებს. საკუთარ ,, მიღწევებზე ‘’ ბევრი საუბარი არ მინდა , მოკლედ ხევსურეთში პატარა მონასტერში მივდიოდი საცხოვრებლად და პარალელურად ფერმის მოვლაში უნდა დავხმარებოდი მონაზვნებს. ეს უმეტესწილად ჩემი ოჯახის გადაწყვეტილება იყო. ან წავიდოდი რომელიმე ძლიერ ფსიქიატრთან, რომლისთვისაც ყველა ჩემი უიღბლო დღის გაზიარება მომიწევდა, ან გამაგზავნიდნენ იქეთ - სადაც ღმერთთან უფრო ახლოს ვიგრძნობდი თავს.
სამარშუტო ტაქსი ვიწრო ხეობას გაუყვა და მთებზე გადაწვენილი ფერფლისფერი ნისლისკენ აიღო გეზი, ხეები მეჩხერად ამოწვერილიყო კლდეების ზედაპირზე, მოქუფრული ცა - მზის სხივებს ღრუბლის საფარში ატარებდა და მთის ფერდობებზე პატარ- პატარა სახლებს უღიმღამოდ ანათებდა. მანქანა მალევე შეჩერდა და მძღოლმა მანიშნა უკვე ჩასვლის დროაო. ჩემი ზურგჩანთა ტრანსპორტიდან ჩამოვახრიგინე და უზარმაზარი ნაპრალების წინ აღმოვჩნდი. გაპობილი მთებიდან მდინარე მოედინებოდა, სანამ გზას განვაგრძობდი ფეხით, ფეხსაცმელები გვიხადე, მდინარეში გავაბოტე და მიდამოს თვალიერება დავუწყე. რა ჯანდაბა მინდოდა აქ ? რა უნდა მეკეთებინა, ტელეფონიც არ იჭერდა. მართალია მონასტრის ტერიოტრიაზე ,,ჯანდაბა’’ არ უნდა მეთქვა, თუმცა მე მოკვდავს ალბათ მეპატიებოდა. ვინმეს რომ ავეკუწე და მივეგდე ვერავინ მომძებნიდა, ან სავარაუდოდ მგელს გამოაცლიდნენ ჩემს ლეშს პირიდან. საკუთარ - მამასნაირ ფეხისთითებს დავყურებდი, რომ თბილი, ხანშიშესული კაცის ხმა მომესმა.
- მაშ ჩამახველ შვილო.
მაღლა ავიხედე და ჩემს წინ საშუალო სიმაღლის, ჩასუქებული, ჭაღარა ბერიკაცი დავინახე. ისე მომმართა თითქოს მისი შვილიშვილი ვიყავი, ან უფრო შვილთაშვილი.
- დიახ პაპა, მეგონა დედები უნდა დამხვედროდნენ, დიდხანს მელოდეთ?
- არა, ერთ საათი წამავუწექ ფერდობზე და ცხორს გავხედე, მეტი არცრაი არა, წამადი დაიღლებოდი. წყალჩი შასვლას მამრეც მაასწრებ.
ჩემთვის გაურკვეველი დიალექტით საუბრობდა, მინდოდა სიცილი ამეტეხა ისე უცნაურად მომმართა, თუმცა მის წყლიან თვალებს შევხედე თუ არა თავი დავაოკე, შიშველ ფეხებზე ბოტასები ამოვიცვი და უკან გავყევი.
მოხუცმა ჩემი ზურგჩანთა მხარზე მოიკიდა და მიყვებოდა თუ როგორ ცხოვრობდა პატარა ხის სახლში და როგორ უყვარდა ცხვრებთან ერთად სერინობა. ის ფერმაშიც მუშაობდა, და მონაზვნებს ეხმარებოდა სოფლის საქმეებში. გასავლელი მთებში 3 კილომეტრი გვქონდა, თუმცა საუბარში ერთ ფერდობს მივადექით და სიტყვა გამიწყდა. ჩემს წინ, მთის დაღმართი სადაც სწორდებოდა - პატარა ტაძარი იდგა, გარშემო კლდის ქვით ორი პატარა შენობა, მისი ზედაპირი ნახევრად მობათქაშებული იყო და ამავე ქვის სახურავიდან თივის ფენები მოჩანდა. მოხუცს ზურგჩანთა გამოვართვი და სწრაფი ნაბიჯით ჩავირბინე ფერდობი, შემდეგ გამახსენდა რომ ხანშიშესული იყო და დახმარებისთვის უკან გამოვტრიალდი, თუმცა ის უკვე გვერდით მედგა. ბალახი ერთი მიმართულებით, წყნარად ირწეოდა, წარმოიდგინეთ სამი უზარმაზარი დაწვენილი მთა, ბალახი ხავსივით გადაჰკვროდა მის კიდეებს და მზის სხივებს მისი წვერიღა იჭერდა. ზედაპირზე ასამდე ცხვარი გაფენილიყო და კლდეებსაც არ უფრთხოდნენ ცხოველები. იგრძნობოდა არომატი, არა ბუნების, ან წვიმის, არამედ სიცოცხლის, რომლიც ჩემგან მხოლოდ ერთი ხელის გაწვდენაზე იყო.
დიდი სიამოვნებით შევყვებოდი ფიქრებს საღამომდე, თუკი უკვე საღამო არ იყო მოპარული, თუმცა შავებში შემოსილი მოხრილი სხეული დავლანდე, ეს ალბათ დედა ანა იქნებოდა. მონაზონი ნელა მომიახლოვდა და თან თვალს იჩრდილავდა, ქალის სახე სუფთა და სანდომიანი იყო, თუმც კი ნაოჭებს დაეფარათ მისი ზედაპირი, მაინც შენიშნავდით დედაოს ,,ხასიათს’’.
- ქეთი, შვილო როგორ იმგზავრე ? - მომიახლოვდა და მხარზე მაკოცა.
- კარგად, დედა ანა, ისეთი საინტერესო იყო ეს პატარა მონაკვეთი ჩემს მეგზურთან ერთად, რომ მთელი დღის დაღლა გზაზე დავტოვე. - თქმისთანავე მოხუცი გამახსენდა, გავიხედე, თუმცა ვერ ვიპოვნე.
- გივი ჩვენი მარჯვენა ხელია, ის ღმერთმა მოგვივლინა, ტკბილად ჩაილაპარაკა და წინ გამიძღვა.
მიუხედავად იმისა, რომ გარემო მეტად წყნარი იყო, ვერ შევძელი მოდუნება, თვალებით ხალხს ვეძებდი. აბა იმ სამ მთას შორის გამომწყვდევა მარტივი იყო? კითხვა დავუსვი საკუთარ თავს და მაშინვე მივიღე პასუხი - საერთოდ რატომ მოდიოდი ? თუმცა ესეც მორიგი შეკითხვა იყო. ფეხი შევდგი თუ არა მონასტრის საცხოვრებელში, სოფლის ძველი, ნესტიანი კელდები გამახსენდა, თუმცა ჩემი სახლის კედლებზე შეხვდებოდით უამრავ სტიკერს ამოუვსებელი ნახვრეტების დასაფარად, აქ კი ყველაფერი ცივი, უსიცოცხლო და ცარიელი იყო. თვალებით სხვა დედების ძებნა დავიწყე და ეს ჩემმა თანმხლებმა შენიშნა.
- აქ მხოლოდ მე და მორჩილი ნინო ვართ, სხვა არავინ. წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ, შემდეგ კი ისადილებ, დილიდან ბევრი საქმე გვაქვს.
ოთახის კარი რამდენიმე ფიცრისგან შედგებოდა, ზუსტად კი რვა ხის ნაჭრისგან. ჩემი ზურგჩანთა საწოლზე ავათრიე და ოთახს თვალი შევავლე, აქაც ზუსტად იმგვარივე კედლები, თუმცა ნახვრეტების გარეშე, თეთრ ზედაპირს ოთახი წესით უნდა გაენათებინა, თუმცა იქ ფანჯრის მაგივრად ერთი პატარა მრგვალი სარკმელი იყო, რომელსაც არც მინა და არც დარაბები არ ჰქონდა. მზის სუსტი სხივი ჩემთან ერთად დაეშვა ვიწრო, ჭუჭყისფერ საწოლზე და საკუთარ თავზე უმალვე გაბრაზდა. გავიფიქრე - ალბათ ტელეფონს ჩამომართმევენ, თუმცა დავხედე და არც იჭერდა, უფრო მეტად გავბრაზდი და ჩავიბურტყუნე - ესეც ასე ქეთი, ჰო გინდოდა სიწყნარე ახლა მოდუნდი და დაისვენე. მაშინვე გეგმები დავსახე თუ როგორ მოვიმიზეზებდი რაიმეს და დავბრუნდებოდი ჩემს ტკბილ დედაქალაქში, სადაც ტელეფონი მაინც იჭერს, თუმცა დაპირება დაპირება იყო და რამოდენიმე თვე თუ არა - დღე მაინც უნდა ამეტანა იქ ყოფნა. პატარა სარკმელს მოვეჭიდე, გავიხედე და უარაფრობის განცდამ დამიარა, მივხვდი ის პირველი შეგრძნება, რომ იქ სიცოცხლე ვიგრძენი ტყუილი იყო, და რომ ფრაზა როგორც იტყვიან ,,ღვთისგან მივიწყებული ადგილი’’, სწორედ ამ მიდამოს შეესაბამებოდა. ურწმუნო არ გეგონოთ, ღმერთის რწმენა მქონდა და უფრო მეტიც, ხშირად დავყვებოდი ოჯახს სხვადასხვა დღეაასწაულებზე ტაძრებში, თუმცა ასე განდეგილივით ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელი იყო .იმ საღამოს ჭამის მადაც არ მქონდა, ისე მივეგდე საწოლზე და ფიქრებში გავიპარე.
დილა ღამეს ჰგავდა, წინ წამოყუდებულმა შავმა ლანდმა გამომაღვიძა, წესით მზის სხივი უნდა ყოფილიყო ჩემი პირველი მამალი, თუმცა ვინაიდან ოთახში ვერაფერი შემოაღწევდა ვიფიქრე დედა ანამ ითავა ეს საქმე. თვალები გავახილე თუ არა მომღიმარი, პატარა თეთრი სახე დავინახე, მსხვილი გრძელი წარბები, წამწამები იმდენად ხშირი, რომ მათ შორის ცრემლიც ვერ წამოგორდებოდა და ზღვისფერი თვალები. ასეთი ზღვისფერი თვალები თან რომ ცისფერს ჰგავდა და იმ ჭაობისფერს მთებზე ბალახი რომ იყო გადაფენილი- არსად მენახა, შევცბი და საწოლიდან ერთიანად წამოვიმართე.
- გამარჯობა, მე მორჩილი ნინო ვარ, ადგომის დროა უკვე დილის 6 საათია.
ისე სასიამოვნოდ მახარა ღამის ექვს საათზე ადგომის ბენიერება, რომ თვალწინ დამიდგა წინა დღის იმედგაცრუებები.
- გამარჯობა, ამოვილუღლუღე და ჯინსის შარვლისკენ წავიღე ხელი, თუმცა მონასტრის წესები გამახსენდა და კაბას დავუწყე ძებნა.
- ეს კაბა ჩაიცვი, ფეხსაცმელებიც აქ არის და ყველაფერი რაც დაგჭირდება. საქონლის სადგომში უნდა წავიდეთ და შენი ტანისამოსი არ გააფუჭო.
კაბა, მათ ქვედა სამოსს ჰგავდა, ზემოდან სვიტერი გადავიცვი მათივე მოცემული და ფეხზე სიურპრიზი დამხვდა, დიდი რეზინის ჩექმები, ისეთი არა თუ ბებიები, არამედ პაპები, რომ ხმარობნენ ფუნის გატანის დროს და სამი ზომით დიდი. როგორც აღმოჩნდა გადავლების დროც არ მქონდა, თუმცა აბაზანა მოვითხოვე და გარეთ ხის საპირფარეშოში შემიშვეს, სადაც ასევე პირსაბანი გაეკეთებინათ. ვცდილობდი არსებული, მდგომარეობა არ გამეანალიზებინა და მაშინვე შოკში არ ჩავვარდნილიყავი, ბოლობოლო ოჯახმა იმის იმედით გამომიშვა რომ აქედან დაბრუნებულს დეპრესიული ფონი აღარ მექნებოდა, თუმცა როგორ მინდოდა იმ მომენტში დედასთვის მეთქვა რომ, ოღონ ჩემს პატარა საწოლში ჩავწოლილიყავი დღის თორმეტ საათამდე და უბედური აღარასოდეს აღარ ვიქნებოდი. ეს ფიქრები მაშინვე გაიფანტა, როდესაც ერთი მთა გადავიარეთ ვიწრო ბილიკით, და უზარმაზარი, ძველი მაღალთაღებიანი შენობა დავინახე, ეს უფრო კომპლექსს ჰგავდა - სამი დიდი ნაგებობით, ზღაპრებში არსებულ სასახლეზე ცოტა თანამედროვე, გალავანზე გადმოკიდებული ხავსით და გალავანი იმდენად მაღალი იყო, რომ შენობების მხოლოდ ზედა ნაწილი ჩანდა, უზარმაზარი დარაბებით.
მორჩილ ნინოს გავხედე:
- დედა ნინო, ეს ძროხების სადგომია? - გაოგნებულმა ვიკითხე და პასუხს დაველოდე.
- არა ქეთი, ეს რამდენიმე საუკუნის სასახლეა.
- სასახლე რას ქვია, მეფე ცხოვრობდა რომელიმე? - ვიკითხე და ვეცადე ჩემი არაფრისმომცემი ისტორიის გაკვეთილებიდან რაიმე გამეხსენებინა.
დედა ნინოს გაეცინა - არა, ეს ისტორიულ ქართულ ოჯახს ეკუთვნის, რომელთა მთელი ოჯახი და მათი შთამომავლობაც რუსეთში ცხოვრობდა. ეს დასასვენებელი ადგილი იყო, ხევსურეთის ეს ნაწილი ყველაზე მიუდგომელი და დაცულია.
მე თვალები ირონიულად ავატრიალე.
- კი დაცული როგორ არ იქნებოდა, ანუ ახლა არავისია ?
- ახლა აქ სასტუმროა, სწორედ ამის ნაწილია ფერმა, რომელსაც ვპატრონობთ, უფროსებმა ნება დაგვრთეს მთლიანად ჩვენ გვესარგებლა მათი საქონლით. უბრალოდ მადლობის ნიშნად ყოველ კვირას პროდუქტები მიგვაქვს.
აქ ყოფნა უდაოდ საინტერესო იქნებოდა რომ არა ჩემი თბილისში დარჩენილი საქმეები, მაგალითად ვიზიტი ფსიქო - ნევროლოგთან, მეგობრებთან ერთად ბარში წოწიალი და დღის ბოლოს თბილისური ჭორების მოსმენა. იმედები გამიცრუვდა, სასტუმროში შესვლა არ მოგვიწია თვალი რომ შემევლო. ნაგებობას ჩავუარეთ, ერთი დიდი ფერდობიც მოვიტოვეთ უკან და მიწაზე მყარად დაყრდნობილ მართკუთხედის ფორმის სადგომს მივადექით. სივრცე დიდი ჩანდა, თუმცა რაც იქ ვნახე უფრო შემაშფოთებელი იყო. ორმოც ძროხაზე მეტი იქნებოდა, ერთ- ერთი შავი პირუტყვი ჩემს წინ დადგა და ორიოდ წამში ფუნის დიდი გროვა დააყენა. ცხვირზე ხელი სიმწრით ავიფარე და მორჩილ ნინოს მივმართე:
- მოიცა, ამას ყველას თქვენ უვლით? - გაკვირვებულს აღმომხდა.
- კი, თუმცა დილის ოთხს საათზე ვწველით, მე და გივი პაპა, შენ არ მოგიწევს, მხოლოდ დასუფთავებაში დამეხმარები.
აბა უკვე მე რაღა უნდა გამკვირვებოდა, მით უმეტეს სოფელში ბოსელში ბევრჯერ მითამაშია ასე. თამაშ- თამაშით ფოცხს ხელი მოვკიდე და ვეცადე მთელი ფუნა ჩემსკენ მომეზიდა. სწორედ ისე ვებრძოდი სიბინძურეს, როგორც ალბათ როსინანტზე ამხედრებული დონ კიხოტი ქარის წისქვილებს. გარშემო არ ვიხედებოდი და ვცდილობდი დამეჯერებინა, რომ ეს მხოლოდ დროებითი იყო და რომ როგორც ცხოვრებსეული ფუნიდან ამოდის ხოლმე ადამიანი, ისე შევძლებდი ცხელი შხაპით ჩემს პატარა სახლში მთელი განცდები ჩამომებანა. უკვე ბოლოშიც გავედი და მოთენთილობა ვიგრძენი რომ, ცხენის ჭიხვინის ხმა მომესმა და სადგომის ბოლოში არსებულ დაბალღობიან კართან აღმოვჩნდი. ცხოველის ფრუტუნის ხმა ძლიერდებოდა და მასთან ერთად დაბალი საუბრის ნოტაც მომესმა. კარი გამოვაღე, და ყურადღებმა შავმა დიდმა სხეულმა მიიქცია. ცხენს ხავერდოვანი, მბზინავი საფარი გადაჰკვროდა ტანად, დაკუნთული კიდურები მყესებთან თხელდებოდა და ოდნავ გამობურცულ მუცელზე ძარღვები - მეჩხერად ამობერილიყო. მის გვერდით მამაკაცი ჩამუხლულიყო და ფერდებს რიგიანად უსუფთავებდა. კარის ხმა როგორც ჩანს ვერ გაიგო და ვეცადე ჩემი იქ ყოფნა როგორმე შეემჩნია.
- თქვენ ალბათ ცხენების მომვლელი ჰომ? - უაზროდ წამოვროშე და რკინის სათლით ხელში პასუხს დაველოდე.
სილუეტი ნელ-ნელა წამოიმართა და ჩემსა და ცხენს შორის აღმოჩნდა. პირველად ჩემმა თვალებმა მისი ჩაცმულობა აღიქვეს. გახუნებული შავი ზედა შავ ნახვრეტებიან შარვალზე გადაეცვა და ზუსტად ისეთივე რეზინის ჩექმებში გაეყო ფეხი - როგორშიც მე, კარგად არ მახსოვს მამაკაცის სახე, უბრალოდ ის ვიცი, რომ დედა ნინოს მოცემული ხევსურული ქუდი თავზე უხერულად გავისწორე და გავიღრიჭე.
- შეიძლება ასეც ითქვას, ცხენებს ვუვლი კი - და თქვენ?, - რატომღაც მის დაბალ ხმაში ცინიზმი შევნიშნე და დაბნეულმა მივმართე :
- დიახ, დიახ... მე ძროხების მოვლაში ვეხმარები დედებს და საერთოდ ალბათ საქმეებში, მაგრამ ჩამოვირბინე რა თბილისიდან - ფეხებს ერთმანეთს ვაწებებ და ვაშორებ, ხან დაბლა ვიხედები ხან მისკენ ვაპარებ თვალს.
- ალბათ უნდა გეთქვა, რომ ამოხვედი, ზემოთ ვართ, - გაეღიმა, თუმცა ირონიულად.
- კი, კი ამოვედი, სულ ორი ან სამი დღით, ნუ არამგონია მაინც დიდხანს გავქაჩო, მეგობრები მელოდებიან თბილისში, თბილისელი ვარ მე, - დავაყოლე ნიშნისმოგებით, რომ მისნაირი იქვე მაცხოვრებელი არ ვიყავი. ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა, თითქოს გაღიზიანებულმა შემომხედა და მომიგო:
- აქ ყოფნას გაძალებთ ვინმე? დედებს მოწყალება არ სჭირდებათ, ვიპოვნით მოხალისეებს შეგიძლია დაუბრუნდე დედაქალაქს.
უკმეხად გამოსცრა და ცხენის დაბანა განაგრძო.
- მე მაგის თქმა არ მინდოდა, უბრალოდ რთულია აქ ჩემთვის.
ხელების ჩაყოფა ვცადე არარსებულ ჯიბეებში და სადგომიდან ფეხისთრევით გავედი.
რახან მართლაც მონასტერში ვიყავი ვცდილობდი ბილწი, ცუდი აზრები განმედევნა, თუმცა ასეთი სითავხედე მხოლოდ სოფელებშია ეტყობა - ,,სოფლელი’’ ჩავილაპარაკე და მის ვიზუალზე დავფიქრდი, თან კოჭლ ჯოხს მოვათრევ ფერდობზე და ვბურტყუნებ -
არაფრით საინტერესო - ვიზუალი ჩვეულებრივი, პროსტა მაღალია, თვალის ფერიც ყავისფერი და უინტერესო გამოხედვა, ზმანიჰო საერთოდ. მოკლედ უნდა იცოდე რა ვისთან იმეგობრო და ვისთან არა, მეთქი მივალ მარტოა გამოველაპარაკები და მეცა ძაღლივით, თვითონ სცემს კი დედებს პატივს? გზადაგზა ვეცადე უსიამოვნო განცდებიც მომეშორებინა და ტაძრიდან ლოცვის ხმა შემომესმა.
რაც იქ ყოფნის დროს მომეწონა, ეს იყო თავისუფლება რწმენის მიმართ. ისინი არ მთხოვნენ მათთან ერთად ლოცვას, ხელში ლოცვანს არ მაჩეჩებნენ და არ მოითხოვდნენ მღვდლის სტუმრობისას ახსარება ჩამებარებინა. მხოლოდ დროდადრო შევდგებოდი ხოლმე ტაძრის კარის ზღურბლთან და თვალს გუმბათისკენ ვაპარებდი, ვერ გეტყვით საუცხოო ხატწერით გამოირჩეოდა ან ლამაზი ფრესკებით მეთქი, თუმცა იყო რაღაც ისეთი, რაც ერთიანად მთრგუნავდა და შვებას მგვრიდა. მე არ ვიცი ღმერთს რა ძალა ჰქონდა, და სადამდე შეეძლო მის ხელებს სამყაროს შემოსწვდომოდნენ, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვიყავი, მას შეეძლო ჩემგან წაეყვანა საყვარელი ადამიანები და მიწაში ერთიანად ისე ჩაეყლაპო თითქოს არც არასდროს უარსებიათ.
ერთ განსხვავებულ დილას - ჩემით მოვიკრიბე ძალა და საწოლიდან გაბრუებული თავი ავწიე - ალბათ სწორედ ამიტომ იყო განსხვავებული, ოთახიდან სახეშეშუპებული გავედი და ლოცვიდან დაბრუნებული დედები დავინახე. ისევ სადგომში წასვლა გავიფიქრე და სიზარმაცის განცდამ დამიარა, მორჩილი ნინო ცუდ განწყობაზე ჩანდა.
- ყველაფერი კარგად არის ?
ვკითხე და მის სახეზე ოდნავი აღელვება ამოვიკითხე
- დედა ანა ცუდად არის, ექიმთან წასასვლელად ვამზადებთ. სწრაფად მომიგო და საჭირო ნივთების შეგროვება დაიწყო.
დედა ანა დაფლეთილ დივანზე დუმილით ჩამოჯდა და ჩამოფხვნილ კედლებს ცქერა დაუწყო, დიდხანს მისჩერებოდა იმ ოთხი წამოყუდებული ნაჭუჭიდან ერთ- ერთს და შემდეგღა მივხვდი, რომ არა კედელს, არამედ მის სიღრმეს უყურებდა. ყოველთვის მაინტერესებდა რას ფიქრობდნენ ასეთ დროს ადამიანები, რა შეიძლებოდა დაენახათ ისეთი, რისი დანახვის უნარიც მე არ მქონდა? შესაძლოა თავად ღმერთს უყურებდა ან რომელიმე მფარველ ანგელოზს, თუმცა ამ შემთვევაში არა ცხოველი ინტერესი, არამედ დამთრგუნველი შეგრძნება გამიჩნდა, შეგრძნება იმისა, რომ მე იმ სამყაროს ნაწილი არ ვიყავი და ვერასდროს შევხედავდი კედელს ისე, თითქოს მის მიღმა მთელი სამყარო დამენახა. მოულოდნელად ფეხის ნაბიჯმა შემაკრთო და სახე აშლილმა კარის ზრურბლისკენ გავიხედე. სინათლეს მაღალი, მოზრდილი სილუეტი გამოეყო, შემოსვლისთანავე კარი მიიხურა და ჩემს წინ დივანზე დაეშვა, დედა ანა თბილად მიესალმა და გაჭირვებით გაემართა თავისი ოთახისკენ.
პიროვნების სახე ძალიან ნაცნობი და ახლობელი იყო, რიგიანად გაუთოვებული კლასიკური შავი შარვალი ეცვა და ნაცრისფერი თავისუფალი სტილის პერანგი, ისე დაეშვა ჩემს წინ დივანზე, რომ მისი მისალმება არც გამიგია.
- გამარჯობას ქალაქში არ გასწავლიან ? ზრდილობაა, - გაიღიმა და ხელი გამომიწოდა.
მაშინღა მივხვდი ვინც იყო, ის ფერმერი - ის უტაქტო ფერმერი. ჩანდა უფრო უხდებოდა ასეთი ჩაცმულობა, თუმცა მის უკმეხ სულს რეზინის ბოტები უფრო უხდებოდა, ვიდრე გუჩის ბოლო მოდელის ნახევრად კლასიკური ფეხსაცმელი. ამის გაფიქრებაზე თავი ოდნავ ცუდად ვიგრძენი, მონასტერში არ მინდოდა ეგრევე ცოდვები შემომეყარა და ვეცადე საკუთარი თავისადმი შეუბრალებლობა გამომეცხადებინა.
თანამოსაუბრის სახეს უკეთ დავაკვირდი, წინ მეჯდა წარბშეკრული ჯმუხი შესახედაობის მამაკაცი, სახე მშვიდი და უემოციო ჰქონდა, თუმცა ამ სიმშვიდეში იყო რაღაც არასასიამოვნო, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მთელი ნეგატიური ენერგიები ამ ადამიანში იყო მოთავსებული და სადაცაა ბოროტების გადმონთხევას დაიწყებდა.
- მინდა ბოდიში მოგიხადო გუშინდელი დღისთვის, - ხმადაბლა გამოსცრა და მზერა გამისწორა, - შეიძლება არასწორად გავიე შენი ნათქვამი, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო უხეშად არ უნდა მესაუბრა, სტუმარი ხარ და პატივისცემაა საჭირო.
ვუსმენდი და წინ მოხუცივით მოლაპარაკე ახალგაზრდა მამაკაცის ხმა მესმოდა. არ მეგონა საერთოდ მის არსებას თუ შეეძლო რაიმეს გამო მწუხარება გამოეხატა.
- არაფერია, პირიქით. ჯერ ახლა ჩამოვედი და არ არის მარტივი. იცით ? საქმეს არ ვგულისხმობ, აქ ისეთი სიჩუმეა, არავინ არ არის ისეთი ვისაც შეიძლება ესაუბრო, თქვენ რომ დაგინახეთ ჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან გამიხარდა, ხმის გამცემი მეყოლება მეთქი. ცალყბად ჩავიცინე და ჩვენთან მოახლოებულ მორჩილ ნინოს შევხედე.
- დედა ანა მძიმედ არის, ექიმთან წასვლაზე უარს აცხადებდა, თუმცა მამაომ დაითანხმა. თბილისში უნდა წავიყვანოთ, თავი დახარა და ხელში არსებული პატარა ჩანთა მაგიდაზე დადო. თანამოსაუბრე წამოდგა.
- კარგი, მანქანაში დაგელოდებით. შემდეგ თავი დამიკრა და ოთახიდან გავიდა.
მორჩილი ნინო მომიახლოვდა და სანამ რამეს მეტყოდა ერთხანს შეყოვნდა, შემდეგ კი თბილად მომიგო:
- ქეთი, რაღაც მინდა გთხოვო, მონასტრის დატოვება ძალიან მიჭირს თუმცა დედაოს მდგომარეობა მძიმეა, კლინიკაში მარტოს ვერ გავუშვებ. მინდა გთხოვო დარჩე აქ სანამ არ ჩამოვალთ და შეძლებისდაგვარად მიაქციო ყურადღება ყველაფერს. ჩვენი მწყემსიც დაგეხმარება და ბატონი ირაკლიც, აქ ვისაც ესაუბრეთ. მე შევეცდები მალევე ჩამოვიდე უბრალოდ უფლებას ვერ მივცემთ დედა ანას ასე მარტივად დანებდეს, ვიცი საქმე ბევრია მაგრამ იქნებ შეძლო.
მისი სიტყვები ყრუდ მესმოდა, მხოლოდ ის გავიგე, რომ დედა ანა მძიმედ იყო და კიდევ ის რომ 40 ძროხა მარტოს უნდა მომეწველა. უხერხულად შევიშმუშნე, თუმცა უარს ვერ ვიტყოდი.
- რასაც შევძლებ გავაკეთებ, თუ პრობლემა იქნება ვინმეს ვთხოვ თქვენთან დამაკავშიროს, უბრალოდ ლოცვით.. არამგონია ... სიტყვა ვერ დავასრულე.
- არა ქეთი, უბრალოდ ტაძარს მიაქციე ყურადღება, რაც არ გინდა გულით იმას ვერ გააკეთებ, უფალი ძალით არაფრისკენ გვიბიძგებს. ბოლო სიტყვები ცოტა მშრალად წარმოთქვა და ჩემი ხელი ხელში აიღო, - შენი იმედი მაქვს.
მთაგრეხილს იმედთან ერთად ის მანქანაც გასცდა, რომელშიც დედა ანა და მორჩილი ნინო ისხდნენ. ეკლესიასა და საცხოვრებელს შორის გაუნძრევლად ვიდექი და არ ვიცოდი საიდან დამეწყო. როგორც მითხრეს ძროხები უკვე დაბინავებულები იყვნენ და მეორე დილამდე არ მომიწევდა სადგომში ასვლა, ამიტომ ეზოში ბალახის მომარგვლით დავიწყე და გადავინაცვლე სახლში, ჭურჭელი დავრეცხე და ვეცადე სიძველისგან მობურული მინები ცოტა გამეწმინდა. საქმიანობის დროს ვეცადე იქ ჩამოვარდნილი სიჩუმისთვს არ მომესმინა და ხმაურზე გადამეტანა ყურადღება.
დაბინდება ალბათ იქ ყველაზე მძიმე სუსხი იყო, რასაც კი შეეძლო ჩემში შემოეღწია. ტაძრისკენ გავისეირნე, რომ ჩაწვარი სანთლებისგან გამენთავისუფლებინა შანდლები და ჩემი საქმეც მიიწურებოდა, დაძინებას იმ მომენტში ყველაფერი მერჩივნა.
რკინის დიდ მასას მივაწექი და ფართოდ გავაღე, სიბნელეს რამდენიმეგან დანთებული სინათლე არღვევდა და ამან ცოტა დამაწყნარა. ძალიან მინდოდა დავიწყებული ლოცვები ერთიანად ამოსულიყო არსებიდან, თუმცა ხმა მეუბნებოდა ,, არ ილოცო’’ რა გგონიათ ეს ეშმაკის ხმა იყო ? არა ეს შიშის, მარტოობის ხმა იყო. ლოცულობ მაშინ როცა გინდა გაძლიერდე, როცა გინდა უფალი დაგეხმაროს, მე კი მსურდა ისედაც მყარად ვმდგარიყავი მიწაზე და უფლისთვის კი არ მეთხოვა დახმარება, არამედ თვითონ შევემჩნიე უზარმაზარ სამყაროში პატარა კუნჭულში მდგარი, ხელი კი არ გამოეწოდებინა ჩემთვის - ხელში ავეყვანე, შეცოდება კი არ გამოეხატა - არამედ თავზე დაეყარა ერთიანი ცოდვები ჩემთვის და რაღაც სულ მცირე დადებითი დაენახა სულში. დამტვერილი ჩვრით ხელში ძირს დავეშვი, ისე კი არა უფლის სავედრებელს რომ კითხულობენ, უბრალოდ მინდორში როგორც ჩამოჯდება ხოლმე ადამიანი, თავი კედელს მივაყრდენი და ვეცადე იქ არსებული სიჩუმე ფერადი აზრებით გამეფანტა. იყო სიმსუბუქე, გუმბათზე უფრო ზემოთ რომ ამისროლა და იყო სიბნელე.
- უკვე შვიდი საათია, წესით ძროხებთან უნდა იყო და დილისთვის მოსაწველი სათლები უნდა გაამზადო, საქონელს დაძინებამდე უნდა დახედო.
ჩამესმა მკაცრი ხმა და შემცბარმა წამოვწიე თავი. სხვა ვინ იქნებოდა რომ არა მეჯინიბე. ჩანდა თავის ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა, რეზინის ბოტები ადგილზე იყო.
- ადამიანს ასე ვინ ადგება თავზე, წუწუნით წამოვდექი და ფეხათრევით გავემართე საცხოვრებლისკენ, გარეთ რკინის საბანზე სახე ჩამოვირეცხე და კბილების ხეხვა დავიწყე.
სტუმარი უკან იდგა, არ იძვროდა - უკაცრავად აქ აპირებთ გაჩერებას? პირში დაგუბებული წყალი გამოვივლე და ნიჟარაში ჩავუშვი.
- გელოდებით, როგორ გგონიათ დახმარების გაწევას არ ვაპირებ?
თითქოს ირონიულად წარმოთქვა.
- ოჰ ეს გულისხმიერება, გამეცინა და ნელ ნელა უკან გავყევი.
სდგომში შესულს მოხუცი მწყემსი დამხვდა,უკვე ყველაფერი მოესუფთავებინა და ძროხებს ბალახს უყრიდა. ირაკლი უმალვე შეენაცვლა საქმეში და ორი მოძრაობით თივის მოდიდო ბორცვები ძროხების წინ აღმართა. გივი პაპა თბილად, ღიმილით შემხვდა, ნელა, აუჩქარებლად ამოიღო ჯიბიდან ნახვრეტერბიანი ვაშლი და გათლა დაუწო, შემდეგ კი ერთი ნაჭერი დანაზე წამოაცვა და გამომიწოდა, უკვე მაწვებოდნენ ჩემი აზრები, ვინ იცის ძრო&