ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ვიქტორია სინათლის კედელს მიღმა

ვიქტორია სინათლის კედელს მიღმა

   - მაპატიე, ჩემი ბრალია, უფრო გონიერად უნდა მოვქცეულიყავი, - აკანკალებული ხმით და აცრემლებული თვალებით დასტიროდა წითელთმიანი ქალი ნაჭერში გახვეულ თავის გარდაცვლი მეგობარს, - ჩემი წინდაუხედავობის გამო შენ შეგიწირე, მეგობარო, - ქვითინებდა იგი და თავის ცრემლებით ნაჭერს ასველებდა.

- წამოდი, წასვლის დროა, - მხარზე ხელი დაადო მაღალმა, თეთრთმიანმა მამაკაცმა, - ვიცი, უსამართლობაა, როდესაც მეგობრები გვტოვებენ. ეს არაა შენი ბრალი და თავს ნუ იდანაშაულებ, წავედით, დროა, ყველა ჩვენ გველოდება, - კიდევ ერთხელ უთხრა და ამჯერად ხელი მოკიდა რომ ადგომაში დახმარებოდა.

ალბათ გაინტერესებთ, თუ ვინ იყო ვისაც დასტიროდნენ, ან ის წითელთმიანი ქალი, ასე რომ მოთქვავდა. აუცილებლად მოგიყვებით, თანმდევრობით და დეტალებში.

ყველაფერი ერთ პატარა ოჯახში დაიწყო...

 

1

ვინ იფიქრებდა, რომ ერთი პატარა სოფლისგან მოშორებით, ქოჩორა ტყის პირას მდებარე პატარა ქოხში მცხოვრები უმშვენიერესი, წითელთმიანი გოგონა, სახელად ვიქტორია, რომელიც ზამთარ-ზაფხულ დაფლეთილი კაბით დადიოდა, გახდებოდა უმნიშვნელოვანესი ისტორიის მონაწილე და მასზე ისაუბრებდა ყველა, დიდი თუ პატარა, მეფე თუ უბრალო გლეხი. მან ჯერ თავადაც არ იცოდა, თუ რაოდენ საინტერესო, ბედნიერებითა და იმედგაცრუებებით, მოულოდნელობებითა და ხიფათით აღსავსე თავგადასავალი ელოდებოდა წინ.

ღამე ხმაურმა გამოაღვიძა და თითქმის ნაფლეთებად ქცეული კუბოკრული გადასაფარებლიდან თავი გამოჰყო, უფრო სწორედ რომ გითხრათ, მხოლოდ დაჭორფლილი ცხვირი გამოაჩინა, რადგან დეკემბერი იწურებოდა და ძალიან ციოდა. ალბერტი, ვიქტორიას მამა, როგორც ყოველთვის იჯდა თავის ერთადერთ, სიძველისაგან დაობებულ ხის მაგიდასთან და რაღაცებს საქმიანობდა. ეს სწორედ ის მაგიდა იყო, რომელიც წლების წინ სოფლის ნაგავსაყრელზე იპოვა, შეაკეთა და სახლში მოიტანა. მას ყოველთვის კარგად ეხერხებოდა ასეთი რამეები. კიდევ კარგი, თორემ ქოხი ჩამონგრევის პირას იყო და რომ არ ალბერტის მარჯვე ხელები, აქამდე ქუჩაში დარჩებოდნენ. გოგონა კარგად ვერ ხედავდა, რადგან მამის ზურგი ყველაფერს ეფარებოდა, ის კი ზორბა ადამიანი გახლდათ, იმდენად მაღალი, რომ ოთახში ან სულ უნდა მჯდარიყო, ან კისერმოხრილს ეარა, ხოლო მისი გაბურძგნული, მატყლივით თმა, რომელიც ცეცხლისფრად ელავდა, სანთლის შუქზე ისე ანათებდა, რომ ნახევრად მძინარე გოგონას თვალს სჭრიდა, ამიტომ მან ისევ ძილი არჩია და თავისი დაჭორფლილი ცხვირი ისევ უკან გადასაფარებელში დამალა.

ამ გამოღვიძების შემდეგ, მთელი ღამე ცუდად ეძინა ვიქტორიას, ფორიაქობდა, უცნაურ სიზმრებს ხედავდა. თუ გაახსენდება, მომავალში ეს ყველაფერი, დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს ამ სიზმრებს და შეიძლება გამოადგეს კიდეც. რა უცნაურია არა, რა კავშირი უნდა ჰქონდეს სიზმარს ადამიანის ცხოვრებასთან. კარგით, დავუბრუნდეთ ისევ მის სიზმარს, პირველი რაც მას დაესიზმრა იყო სრულიად თეთრი ოთახი, რომელსაც თითქოს კედლებიც არ ჰქონდა და იქმნებოდა უკიდეგანო სივრცე, იქ კი ზურგით იდგა ადამიანი, არ ჩანდა კაცი თუ ქალი, გრძელი მოთეთრო-მოვერცხლისფერო თქმით და თავზე ყინულის გვირგვინით. ალბათ ქალი იყო, ასე ფიქრობსა იმ წუთას ვიქტორია. ხელში თავისზე გრძელი კვერთხი ეჭირა, ზედ არწივი ედგა, ვერცხლისფერი, დიდი ფრთებით, ძალიან ლამაზი. მის წინ თითქოს ორი ვიღაც იდგა, ვიქტორია ვერ ხედავდა, რადგან ეს ადამიანი იმდენად მაღალი იყო, რომ არაფერი არ ჩანდა. მხოლოდ და მხოლოდ წითელ და შავ სავარაუდოდ თმებს მოჰკრა თვალი. ის ის იყო ეს ადამიანი უნდა შემოტრიალებულიყო, რომ უეცრად გამოსახულება აირია და ამ სითეთრეს ნელ-ნელა შავი ბურუსი შეერია. ვიქტორია მარტო იყო ამ წყვდიადში, თუმცა იმის განცდა დაეუფლა, რომ ვიღაცა უყურებდა.

ამ შემთხვევების გარდა, კიდე ჰქონდა ვიქტორიას უცნაური ღამეები, თუმცა ეს იმდენად განსაკუთრებული იყო, რომ თითოეული დეტალი დაამახსოვრდა. მთავარია გაიხსენებს კი ამ სიზმარს მომავალში.

 - დაბადების დღეს გილოცავ, ვიქტორია - ნაზი კოცნით გამოაღვიძა მამამ გოგონა და მოუთმენლობისგან ოთახში აქეთ-იქით სიარული დაიწყო. ერთ სული ჰქონდა როდის ანახებდა თავის აწ უკვე 14 წლის ქალიშვილს საჩუქარს, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში ამზადებდა. უდიდესი ინტერესით შებყრობილი ვიქტორია მამას მიუახლოვდა, რომელიც ხელებში რაღაცას მალავდა. მის სიხარულსა და გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან სიღარიბის გამო საჩუქრებს თითქმის არასოდეს იღებდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამაზე არც არასოდეს ჰქონია მას პრობლემა, მამისთვის ერთხელაც კი არ უთხოვია რაიმე ნივთის შეძენა და არც წყენია როცა საჩუქარს ვერ იღებდა.

რაც შეეხება მამის საჩუქარს, ეს იყო პატარა, მზის ფორმის ოქროსფერი მედალიონი, რომელსაც შუაში მრგვალი ფირუზისფერი ქვა ჰქონდა ჩასმული.

- მა, ამის ფული სად იშოვე? - გაუკვირდა ვიქტორიას და გამომცდელი თვალებით ახედა ალბერტს, რადგან იცოდა რომ იგი საჭმლის ფულს დიდი ვაი ვაგლახით გამოიმუშავებდა, ხოლო მედალიონის, თანაც ასეთი ლამაზის, ყიდვას ნამდვილად ვერ შეძლებდა.

- წუხელ ფიჩხის შესაგროვებლად ტყეში რომ ვიყავი წასული, იმ ბებერ მუხასთან ეს მედალიონი ვიპოვე. ყურადღებას არ მივაქცევდი, თან ვერც დავინახავდი რომ არა ეს ქვა. გახსნილი ეგდო და მთვარის შუქზე საოცრად ანათებდა. ახლომახლოში არავინ არ იყო, ამიტომ ავიღე და გადავწყვიტე შენთვის მეჩუქებინა.

- გუშინ მაგას არახუნებდი? - მადლიერმა ვიქტორიამ თავი ვერ შეიკავა და სიცილი დაიწყო.

- საკეტი ჰონდა გაფუჭებული და შევაკეთე, ბოდიში თუ გაგაღვიძე, - დაიმორცხვა მამამ.

- რას ამბობ, მა, არაუშავს, მედალიონი ძალიან ლამაზია, მადლობა დიდი, დღეიდან სულ ჩემთან იქნება, - ბედნიერებისაგან სახეაწითლებულმა ვიქტორიამ მედალიონი ჩამოიკიდა და მამას კიდევ ერთხელ აკოცა სიცივისაგან აწითლებულ ჭორფლიან ლოყაზე.

გადიოდა დღეები, თვეები, წლები, ვიქტორია პირობას ასრულებდა და მედალიონს არასოდეს არ იხსნიდა. ისევ იმავე ტემპით მიდიოდა ცხოვრება, როგორც ადრე. გარდა იმისა, რომ ვიქტორია ხშირად ხედავდა უცნაურს სიზმრებს, სხვა არაფერი არ იცვლებოდა ერთ საბედისწერო დღემდე.

სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ, იანვრის თოვლიან, ცივ და სუსხიან დილას ალბერტმა თავი შეუძლოდ იგრძნო, მოტყდა, ლოგინიდან ადგომა ძალიან უჭირდა, ძლივს დგავდა ნაბიჯებს, ძალა გამოეცალა, იფიქრა ალბათ სიბერემ თავისი დაღი დამასვაო. ვიქტორია რას აღარ აკეთებდა, გამხმარი ბალახებისაგან ჩაის უმზადებდა, ხანდახან მეზობლისაგან ბოსტნეულს თხოულობდა, რომ წვნიანი გაეკეთებინა, სადღაც ნაგავსაყრელზე გახვრეტილი ვედროც იშოვა და სახლში ცეცხლს ანთებდა მამის გასათბობად, რადგან წინა წლებში რაც ჰქონდათ, უკვე აღარ ვარგოდა. თუმცა ალბერტს არაფერი არ შველოდა, მისი ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდებოდა. ვიქტორიას ორმაგად დატვირთვა მოუწია, ლოგინად ჩავარდნილი მამის საქმეებს თავად აგვარებდა, დადიოდა ქალაქში და ბუხრებს წმენდდა. ალბერტს ეს სულაც არ მოწონდა, მის შვილს ყოველ დღე ნახშირში ამოსვრილს რომ ხედავდა და გარდა ამისა, სახლშიც უამრავი რამ ხვდებოდა, დასუფთავება, საჭმლის მომზადება და ა.შ. თუმცა მას შვილის დახმარება არ შეეძლო. ერთხელ ვიქტორიამ რამოდენიმე კვირის მუშაობის შემდეგ ცოტა ფული შეაგროვა და ქალაქიდან ექიმიც კი მოიყვანა, როდესაც მან ალბერტი გასინჯა, ვიქტორიას მამის დიაგნოზი უთხრა, თუმცა მას მაინც არაფერი ეშველებდა, კი, შეიძლებოდა მკურნალობა, თუმცა მაინც ვერ გასტანდა დიდხანს. გარდა ამისა, მკურნალობა ძალიან ძვირი ჯდებოდა. ცოტა ხანში იქამდე მივიდა საქმე, რომ ალბერტს  ხელებში ძალა წაერთვა, ვეღარ ამოძრავებდა კიდურებს, ყველაფერთან ერთად, ვიქტორიას უწევდა მამისთვის თავისით ეჭმია, თავიდან იგი უძალიანდებოდა, რცხვენოდა შვილს ასე რომ აწვალებდა, მაგრამ მერე უვე ამის თავიც აღარ ჰქონდა. ერთ წვიმიან და ნისლიან დილას კი საერთოდ აღარ გაუღვიძია.

მარტოდ დარჩენილი ვიქტორია მამის სიკვდილს ძალიან განიცდიდა, ამ უმძიმეს წუთებში არავინ არ ედგა მას გვერდით, გარდა იქვე მდებარე ქოხში მცხოვრები ბებია მატილდასი. მას და ვიქტორიას ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, საკუთარმა შვილმა კი მიატოვა და ქალაქში გადასახლდა მხოლოდ იმიტომ, რომ დაბერდა, მან კი კარგი სამუშაო ნახა და არ უნდოდა მის მხრებზე ყოფილიყო მოხუცი ქალის მოვლაც. მას შემდეგ ეს ორი ოჯახი შეძლებისდაგვარად ყველაფერში ეხმარებოდა ერთმანეთს, ვიქტორია ხან სახლს ულაგებდა, ხან კარტოფილის მოყვანაში ეხმარებოდა (თუმცა ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ, რადგან იქაური ნიადაგი უნაყოფო გამოდგა), სამაგიეროდ ბებია მატილდა თვეში ერთხელ ვიქტორიას თავისი დიდი ბებიის უძველესი რეცეპტით მომზადებული ვაშლის ღვეზელით ანებივრებდა. ეს ერთადერთი ნორმალური საკვები იყო, რაც ვიქტორიას ჰღირსებია და აქედან გამომდინარე, ძალიან უყვარდა და სულმოუთქმელად ელოდებოდა ხოლმე იმ მომენტს, როდესაც ბებია მატილდასთან სახლის დასალაგებლად წასულს იქ გემრიელი სუნი დახვდებოდა. როგორც უკვე მაღლა აღვნიშნე, მის მეტი არავინ გააჩნდა და ეს იმიტომ, რომ ვიქტორიას დედის, ელიზას სიკვდილის შემდეგ ის და მამამისი განმარტოებით გადავიდნენ საცხოვრებლად, სოფლისაგან მოშორებით, სადაც მხოლოდ ორი ქოხი იდგა, მათი და ბებია მატილდასი. მათი მთელი ქონება დედის მკურნალობაში წავიდა, თუმცა ექიმებმა ვერაფერი უშველეს. დედა დაეღუპა, ვიქტორია მხოლოდ 9 წლის იყო, ახლა კი მამაც მიაბარა მიწას და დარჩა სრულიად მარტო, ჩამოშლის პირას მისულ ქოხში მამის ნაჩუქარ მედალიონთან ერთად. ბებია მატილდას მზრუნველობის მიუხედავად, ვიქტორია მაინც ვერ გრძნობდა თავს კარგად, ფიქრობდა, რომ მისი ადგილი ამ სოფელში აღარ იყო და უნდოდა წასულიყო სადღაც შორს, ძალიან შორს, რომ გაქცეოდა აქაურ ერთფეროვნებას, სევდას, უცხო ხალხის ბოროტულ გამოხედვას. როგორც კი დაინახავდნენ მის დაფლეთილ კაბას და დასავარცხნ თმებს, ყოველთვის ამრეზით უყურებდნენ. გარდა ამისა, ვიქტორია ოცნებობდა ენახა სხვა ადგილებიც, ემოგზაურა, დაეპყრო თავისუფლების მწვერვალი და ახლა მისი აზრით შესაბამისი დრო იყო ამ ოცნების რეალობაში განსახორციელებლად.

- ბებო, მინდა ვიმოგზაურო და გავიცნო მსოფლიო, როგორ ფიქრობ, მე ამას შევძლებ?

- ჩემო საყვარელო, უჭკვიანესი გოგო ხარ და რა თქმა უნდა შენ ყველაფერს შეძლებ, თუმცა ეს ძალიან საშიშია, ჯერ ისევ პატარა და გამოუცდელი ხარ, სამყარო კი ხიფათებითაა სავსე.

- მართალი ხარ და სწორედ ეს მიზიდავს, დავიღალე აქ ყოფნით, ყოველ დღე ერთი და იგივეს კეთებით, მინდა რაღაც შევცვალო ჩემს ცხოვრებაში. აი, მამაც მივაბარე მიწას, შენღა დამრჩი, სხვა - არავინ. მეგობრებიც კი არ მყავს, არავინ არ მეკარება, ყველას გიჟი ვგონივარ, რადგან მათნაირი არ ვარ, - ვიქტორიამ სევდიანი თვალებით შეხედა ბებია მატილდას და ჰკითხა:

- იქნებ მართლაც ასეა?

- რას ამბობ, ჩემო კარგო, მართალია შენ ნამდვილად გამოირჩევი მათგან, მაგრამ არა იმიტომ რომ გიჟი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სკოლაში დადიან და ზოგს სახლში მასწავლებელიც კი ჰყავს, მინდა გითხრა, ბევრი არაფერი უდევთ იმ ვითომ ლამაზ თავებში.        

- რაც არ უნდა იყოს, ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება. აქედან წავალ და ახალ ცხოვრებას დავიწყებ. - ამაყად უპასუხა ვიქტორიამ.

- სად უნდა წახვიდე, იცი მაინც? ან გიფიქრია ამაზე? - შეშინებულმა შეხედა ბებია მატილდამ.

- არ ვიცი, ან საიდან უნდა ვიცოდე, ბებო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, იქნებ გამიმართლოს.

- ფრთილად იყავი შვილო, ფრთხილად, ცხოვრება დიდი უხეირო რამაა...

თუმცა, ვიქტორია უკვე აღარ უსმენდა, მისი ფიქრები ათასობით კილომეტრის იქით დაფრინავდა, ტროპიულ ტყეებში, უდაბნოებში... იგი საკმაოდ ჭკვიანი გოგო იყო, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში არ დადიოდა. მან თავისით შეისწავლა ბევრი საინტერესო რამ ბებია მატილდას უძველესი, ჩრჩილშეჭმული წიგნებიდან და ამითი ძალიან მადლიერიც იყო. როდესაც ბებია ეტყოდა ჭკვიანი ხარო, ვიქტორია პასუხოდა, რომ ეს მისი დამსახურება იყო.

 

2

ერთ დღესაც, გადაღლილი ვიქტორია ქალაქიდან დაბრუნდა, გადაწყვიტა წამოწოლილიყო და ცოტა დაეძინა. თავიდან გაუჭირდა, რადგან თავი სტკიოდა სიცივისაგან, თუმცა ბებია მატილდას მიერ მომზადებულმა ბალახების ჩაიმ მაინც იმოქმედა და ნელ-ნელა ჩაეძინა. ორიოდე საათის შემდეგ იგი საშინელი ქარბუქის ხმამ გამოაღვიძა. იმდენად ციოდა, რომ ლოგინიდან წამოდგომაც არ უნდოდა. თუმცა... უეცრად მისი ყურადღება მამის ნაჩუქარმა მედალიონმა მიიპყრო, რომლის შუაგულში მდებარე პატარა ქვა ისე ძლიერად ანათებდა, რომ გარეთაც აღწევდა მისი სინათლე მწვანე სხივებად. გაკვირვებულმა ვიქტორიამ მედალიონი გახსნა, შიშისაგან შეჰკივლა და სახლიდან გავარდა, თუმცა რამოდენიმე წუთი გარეთ ყოფნის შემდეგ გაიაზრა, რომ ფეხშველი იყო, ფრთხილად შეაღო სახლის კარები და უკან შებრუნდა. შიგნით რაც დახვდა, ეს არათუ საკვირველი, არამედ გასაოცარი, საშიში და აღმაფრთოვანებული იყო, ყველაფერი ერთად.

ვიქტორიამ აღარ იცოდა რა უნდა ეგრძნო, შიში? გაკვირვება თუ აღშფოთება? ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდებოდა, რომ მედალიონიდან გამოსული სინათლისაგან მის წინ კედელი აღიმართა, რაზეც ნელ-ნელა სასახლის კონტურები და შემდეგ ფერები გამოიკვეთა. უზარმაზარი და დიდებული, მოწითალო-მოოქროსფერო აგურებისაგან აშენებული სასახლე, რომლის ერთ-ერთი კოშკის ფანჯრიდან ჩასუქებული ქალი იყურებოდა. ვიქტორიამ იფიქრა ეს ალბათ სიზმარიაო და მხარზე იჩქმიტა, როგორც მამამ ბავშვობაში ასწავლა სიზმრიდან გამოსაფხიზებლად. თუმცა, არაფერი არ შეცვლილა, პირიქით, მის წინ აღმართული სინათლე უფრო მეტად იზრდებოდა და სურათიც უფრო მკვეთრი და ნათელი ხდებოდა. ახლა უკვე კარგად ჩანდა სასახლის ეზოც და იქვე მოფუსფუსე ხალხიც.

ვიქტორია საგონებელში იყო ჩავარდნილი, ასეთი რამ ცხოვრებაში არასოდეს ენახა, თითქოს ზღაპარში იყო, მაგრამ ყველაფერი მისდა გასაკვირად ცხადში ხდებოდა. უეცრად გაახსენდა თავისი ფიქრები, ის სიტყვები, რომელიც ბებია მატილდას უთხრა მოგზაურობის შესახებ. ის ხომ ყოველთვის ოცნებობდა, რომ უცხო სამყაროს შეცნობოდა, უნდოდა გაეგო რა ხდებოდა მის გარშემო, ზიარებოდა რაღაც ახალსა და საინტერესოს. იფიქრა იქნებ ახლა სწორედ ეს მომენტია, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომელმაც შეიძლება ჩემი მომავალი თავდაყირა დაატრიალოსო. ახლა მას შეეძლო თავის ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაეშალა.

ასეც მოხდა, არც ისე ბევრი ფიქრის შემდეგ, ნელი და ფრთხილი მოძრაობით ვიქტორიამ აკანკალებული ხელი სინათლის კედლისაკენ გაიშვირა, ის კი ისე შეირხა, როგორც ფოთლის დაცემის შემდეგ დაგუბებულმა წყალმა იცის ხოლმე. გაოცებულმა და დაბნეულმა გადაწყვიტა უფრო გაბედული ყოფილიყო, ბებია მატილდას წერილი დაუტოვა, სადაც ბოდიშს უხდიდა უეცარი გაუჩინარების შესახებ, ერთხელაც მოავლო თვალი თავის ნახევრად ჩამონგრეულ ქოხს და მთელი სხეულით გაიწია სინათლის კედლისკენ.

რამოდენიმე წამი, რომელიც მას დასჭირდა სრულიად ახალ სამყაროში მოსახვედრად, მას საუკუნედ მოეჩვენა, თავიდან მის გარშემო წყვდიადმა დაისადგურა, შემდეგ ნელ-ნელა ყველა მხრიდან სინათლე გამოჩნდა და იქაურობა საოცრად განათდა, ისე როგორც მის სიზმარში იყო, თუმცა ეს არ გახსენებია და არც  თეთრთმიანი კაცი ჩანდა. ორიოდე წამი ვიქტორია აქეთ-იქით იყურებოდა დაბნეული, შემდეგ კი გადაწყვიტა ემოქმედა და ნაბიჯი ბარბაცით გადადგა. როდესაც მიხვდა, რომ მყარ ზედაპირზე იდგა, გააგრძელა სიარული და უეცრად მიადგა კარს, რომელიც შორიდან ნამდვილად არ ჩანდა, უდიდესი სიფრთხილით გააღო და... თითქოს ჩავარდა უკიდეგანო სივრცეშიო, მაგრამ ორიოდე წამში საოცრება მოხდა...

რა ფერს არ ნახავდა კაცის თვალი, წითელი თუ ლურჯი, ფირუზისფერი თუ ნარინჯისფერი... მოკლედ რომ ვთქვათ, ვიქტორიას წინ გადაშლილი იყო ულამაზესი და უმშვენიერესი ფერად-ფერადი ყვავილებით მორთული მინდორი, ხოლო მის უკან, ასობით გამწვანებული ხე ისეთი თანმიმდევრობით იყო ჩამწკრივებული, რომ იქმნებოდა უდიდესი დერეფანი, ვიქტორიაც სწორედ იქით გაემართა, თუმცა იქამდე უკან გაიხედა, მაგრამ კარი, რომლითაც ის აქ მოხვდა, არსად ჩანდა. დაახლოებით ხუთი წუთის სიარულის შემდეგ, ის მიადგა უზარმაზარ, ჭაობისფერ და საოცარი ოსტატობით მოჩუქურთმებულ კარიბჭეს. ვიქტორია დიდი ინტერესით დააკვირდა მას და შეამჩნია, რომ მისი თითოეული ჩუქურთმა, დეტალი,  თვალშისაცემი სიზუსტით, იდეალურად იყო შექმნილი. მან კარიბჭე შეაღო და ადგილზე გაშეშდა.

-       ვაიმე… - წამოიყვირა უცებ ვიქტორიამ, რადგან ის რაც მას სასახლის ეზოში დახვდა, იყო რაღაც ახალი, საოცრება, ოცნებაც რომ არ შეეძლო ასეთ რამეზე. ჯერ მარტო ერთ ცხოვრებად ღირდა ის სიმწვანე და სიფერადე, რასაც მისი თვალები წვდებოდა. ამ სანახაობით გაოცებულს უნდოდა ვინმესთვის დაძახება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არავის იცნობდა გადაიფიქრა, შემდეგ დაიბნა, არ იცოდა რა ექნა, რომელ მხარეს წასულიყო. ამ მისთვის უცნაურ მომენტში ვიქტორიამ უეცრად იგრძნო, რომ კაბაზე ვიღაცა ექაჩებოდა, რომ დაიხედა, მის წინ მომცრო ტანის არსება იდგა, ერთი შეხედვით იგი ჯუჯა ადამიანს ჰგავდა, თუმცა მისი მოყავისფრო კანი ხის ქერქის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რადგან მასსავით იყო დამსკდარი, ხოლო მისი თმები მწვანე შეფერილობის იყო. ამის შემხედვარე ვიქტორია უცებ შეხტა, მაგრამ თავი შეიკავა კივილისაგან, რომ ამ ადამიანს ან არსებას, ჯერ ვერ გადაეწყვიტა ვინ იყო, უხერხულად არ ეგრძნო თავი. მწვანეთმიანმა ჯუჯამ კი თბილად გაუღიმა და უთხრა:

- წამოდი, წამოდი, გოლიათო, რას გაშეშებულხარ, როგორც იქნა მოხვედი.

- როგორც იქნა? - გაუკვირდა ვიქტორიას, თითქოს ამ ემოციისთვის ცოტა საბაბი ჰქონდა, ახლა ესეც დაემატა.

- დიდი ხანია გელოდებით, ვიცოდით რომ მოხვიდოდი, ბებერმა მუხამ გვითხრა.

- ბებერი მუხა ვინაა? ან რა არის? ან მან საიდან იცოდა მე რომ მოვიდოდი, მე თავადაც არ მომსვლია ეს აზრად. - ხმის კანკალით იკითხა და თან მუცელზე ორი დღის მშიერმა მორცხვად მიიფარა ხელი, რადგან საოცარ ხმებს გამოსცემდა, ჯუჯა ხემ ხარხარი ატეხა, ამაზე ვიქტორია ცოტათი დამშვიდდა. გაიფიქრა, ალბათ არც ისე ცუდი ვინმეაო.

- წამოდი, წამოდი, ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ ჯერ დაგაპურებ, თორემ მეშინია მე არ შემოგეჭამო, ერთ ლუკმადაც არ გეყოფი. - კიდევ ერთხელ გადაიხარხარა ჯუჯა ხემ.

- მადლობა, მაგრამ თქვენი სახელი რომ არ ვიცი და შეგიძლიათ მითხრათ ვინ ბრძანდებით? - მორიდებით ჰკითხა ვიქტორიამ.

- ოჰ, ეგ სულ დამავიწყდა, როგორი უტაქტო ვარ, მე გრეგორი მქვია, დედოფლის მკურნალი ექიმი ვარ. ჩემი გარეგნობის არ შეგეშინდეს, აქ სულ ასეთები ვართ, შენთვის უცნაურები. იცი, ამ სამეფოში ერთადერთი ნახევრად ხე და ნახევრად ადამიანი ვარ. - ამაყად უპასუხა მან.

- სასიამოვნოა, გრეგორ, - ვიქტორიას უკვე აღარ ეშინოდა მისი, რადგან დაინახა, თუ როგორი ყურადღებითა და პატივისცემით ექცეოდა, რაც დიდი ხანია არავისგან უგრძვნია, გარდა მამისა და ბებია მატილდასი.

- მაშ, წავედით, კეთილი იყოს შენი ფეხი ელისენთა სამეფოში.

სამოთხე, ნამდვილი სამოთხე, ფიქრობდა ვიქტორია. იქვე მდებარე კიდევ ერთი კარის იქით არსებული სამყარო სრულიად განსხვავდებოდა იმისაგან, რაც მას სოფელში ჰქონდა ნანახი. უზომოდ მაღალი ხეები საქმიანად დადიოდნენ აქეთ-იქით, შადრევნები, რომლებიდანაც სხვადასხვა ფერის წყალი გადმოდიოდა, თან როგორ ჩანს მათ დალევაც შეიძლებოდა, რადგან დაინახა როგორ აავსო ჭიქით პატარა გოგონამ და დიდი სიამოვნებით დალია, ვარდის ბუჩქები, რომლებიც გარდა წითელი და თეთრისა (მხოლოდ ეს ორი ფერი ჰქონდა მას ნანახი), იყო ლურჯი, ნარინჯისფერი, მწვანე და ფერადი.

ვიქტორია გაოცებული თვალებით იყურებოდა, აღარ იცოდა რა გაჰკვირვებოდა, მოსიარულე ხეები, მწვანეთმიანი ჯუჯა, თუ ის კენტავრი, რომელმაც ახლახანს ღიღინით ჩაუქროლა.

- დათვალიერებას ყოველთვის მოასწრებ, წამოდი გაჭმევ, მოღონიერება გჭირდება, - უთხრა გრეგორმა და სასახლის უკან მდებარე ხეხილის ბაღში გაუძღვა.

პურის, ყველისა და ბებია მატილდას მიერ გამომცხვარი ვაშლის ღვეზელის გარდა, თითქმის არაფერი ჰქონდა გასინჯული ვიქტორიას, აქ კი ალბათ ყველაფერი იყო, უამრავი ხილი, ბოსტნეული, ბალახეულობა, ტკბილეულობა, კომშისა თუ ალუბლის ჯემის ნამცხვრები, მისთვის ნაცნობი თუ უცნობი კერძები... რას არ იპოვიდა კაცი მაგიდაზე. თუმცა, მიუხედავად ორი დღის უჭმელობისა, გემოს მაინც ვერაფერს ვერ ატანდა, თითქოს ძალით იდებდა ყურძნის მარცვლებს პირში, ხოლო ინტერესით სავსე გამოხედვა შეცვლოდა სევდით, რაც გრეგორმა იმ წამსვე შენიშნა, მაგრამ გადაწყვიტა დიალოგი ცოტა ხნით გადაედო, დაელოდა ცოტა მაინც ეჭამა რამე და  მოსასვენებელ ოთახში წაიყვანა.

- მიდი, გოლიათო, გამოიცვალე, აგერ შენთვის გამზადებული კაბები. აარჩიე რომელიც გინდა და შემდეგ დედოფალთან მიგიყვან.

ვიქტორიას გაეცინა შერქმეულ ზედმეტსახელზე, თითქოს ხასიათიც გამოუკეთა, მაგრამ ისევ თავის საფიქრალს დაუბრუნდა, მოიღუშა და ახალ მეგობარს უთხრა:

- გრეგორ, ძალიან მეუცნაურება ეს ყველაფერი, სრული სიგიჟეა... დავიწყოთ იქიდან, რომ მედალიონის წყალობით სრულიად ახალ სამყაროში აღმოვჩნდი, მერე შენ მითხარი გელოდებოდითო, თან აქაურობა ისეთი უცნაური და დაუჯერებელია... თითქოს სიზმარში ვარ... მაგრამ... მაგრამ მამამ ხომ ეს მედალიონი შემთხვევით იპოვა ტყეში... მოიცადე, მან მითხრა ბებერ მუხასთან დავინახეო. რას ფიქრობ, გრეგორ, ბებერი მუხა ხომ აქაცაა, თუმცა... იქნებ ეს დამთხვევა იყოს? ან იქნებ ერთი და იგივეზე ვსაუბრობ? ვერაფერი ვერ გავიგე, - განერვიულებული ვიქტორია სწრაფად და სასაცილოდ ლაპარაკობდა, ამაზე კი გრეგორმა თავი ვერ შეიკავა და გემრიელად გადაიხარხარა.

- დამშვიდდი, დამშვიდდი, ყველაფერს თავისი დრო აქვს, უპასუხოდ არ დარჩები, მოუთმენელო გოლიათო, მესმის შენი, ალბათ იმდენი შეკითხვა გაქვს, თუმცა ბევრი მეც არაფერი ვიცი, ამიტომ შენს ინტერესს ბოლომდე ვერ დავაკმაყოფილებ. ახლა კი გარეთ გავალ და კართან დაგელოდები, დამიძახე მზად რომ იქნები.

საკუთარი მოსასვენებელი, თანაც ამხელა არასოდეს ჰქონია, მამამისთან ერთად ძალიან პატარა ხის ქოხში ცხოვრობდა, სადაც საძინებელი, სამზარეულო და საკუჭნაო ერთად იყო. ამ უშველებელ ოთახს კი სამი კედელი ჰქონდა, ხოლო მეოთხის მაგივრად ეკიდა ფარდები, მის გარეთ აივანი მდებარეობდა, რომლიდანაც სამეფოს ხედი იშლებოდა. ალბათ ლამაზი იქნებოდა, მაგრამ ვიქტორია ვერაფერს ხედავდა, რადგან უკვე საკმაოდ ჩამობნელებულიყო. იგი ისევ შიგნით შებრუნდა, ის-ის იყო გულში გაიფიქრა ასეთ სიბნელეში რა უნდა დავინახოო, რომ ოთახის კედლებზე ჩამოკიდებული სანთლები თავისით აინთო და იქაურობა დღესავით განათდა.

 

3

ვიქტორიამ ოთახს თვალი მოავლო და მიხვდა, რომ სანთლები სულაც არ ყოფილა აგურის კედლებზე ჩამოკიდებული, არამედ თავისით ლივლივებდა ჰაერში. კედელთან იდგა მრგვალი ლოგინი, რომელიც ხელის შეხებისას უცნაურ ხმებს გამოსცემდა, თითქოს წყლით იყო სავსე. აივნის ფარდები კი გრეგორის თქმით, იმავე ფერს იღებდა, როგორიც გარე ხედი: დილას თუ მზე კარგად გაანათებდა სასახლის წინ მდგარ სამეფოში ყველაზე მაღალ ხეებს, ფარდებიც ზუსტად ისეთივე მწვანე ხდებოდა, როგორიც მათი ფოთლები, ნისლიანი ამინდის შემთხვევაში მოთეთრო-მონაცრისფერო დაჰრავდა, ხოლო ახლა, ღამესავით შავი იყო, როგორც უვარსკვლავებო ცა.

ვიქტორიამ გაიფიქრა დიდხანს ვალოდინებ გრეგორს, ჯობს მალე გავემზადოო და ლოგინზე ლამაზად მიფენილ კაბებს შეავლო თვალი. მთელი თავისი ცხოვრება სხვისი ნაცვამი და ბევრჯერ დაკერებული ტანსაცმლით დადიოდა, ახლა კი ლოგინზე მის წინ იყო სამი სხვადასხვა ფერისა და ფორმის ულამაზესი კაბები: ზღვისფერი, წელში გამოყვანილი, მუხლებამდე და უსახელო, მის გვერდზე უნაზესი ვარდისფერი, მრგვლად ამოჭრილი გულისპირით, უზომოდ გრძელი, გამჭვირვალე სიფრიფანა ნაჭრის სახელოებით, ხოლო მესამე - დამწიფებული ბროწეულის ფერი. ამ უკანასკნელმა განსაუთრებით მიიპყრო მისი ყურადღება. ეს იყო გრძელი, სამკუთხედგულიანი, თავისუფალი კაბა ოქროსფერი სარტყელით, რომელიც თვალისმომჭრელად ანათებდა.

„დიდი დარბაზი“ - ასე ეძახოდნენ ადგილს, სადაც იკრიბებოდნენ მნიშვნელოვანი მოვლენების აღსანიშნად. არავის აინტერესებდა ვის, ან რას წარმოადგენდი, დედოფალი იქნებოდი, მსახურთუხუცესი, ჯამბაზი, თუ სტუმარი, დიდი დარბაზის კარი ყოველთვის ყველასათვის ღია იყო, ნებისმიერს შეეძლო ესიამოვნა და დამტკბარიყო იქ ყოფნით. თუმცა ამჯერად სიმშვიდე იყო, არანაირი დღესასწაული არ იგეგმებოდა, რაც ვიქტორიას გაუხარდა კიდეც, რადგან ერთიანად ამდენი ხალხის გაცნობა მისთვის რთული იქნებოდა.

დარბაზი საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა, კედლებზე ვარდები ხავსივით იყო მოდებული, ხოლო ოქროსფერი სანთლები ჰაერში ლივლივებდა, მათ ქვეში კი ოქროს წვეთები ეცემოდა დადნობისას და ეს საუცხოო ეფექტს მატებდა დარბაზს. აქეთ-იქით ორი ძალიან გრძელი, ყავისფერი, უბრალოდ ხის მაგიდები ელაგა, ოქროს სანთლების შემდეგ ამ ფაქტმა ძალიან გააკვირვა ვიქტორია, ხოლო ამ მაგიდებზე მხოლოდ და მხოლოდ ყვავილები და სხვადასხვანაირი მცენარეები ჩანდა დიდი და პატარა ქოთნებით. თითოეული მაგიდა იმსიგრძე იყო, რომ ვიქტორიას ორი წუთი მაინც დასჭირდა, სანამ მათ ჩაუვლიდა. აი მაგიდების შემდეგ რა სანახაობაც დახვდა, მან ყველაფერი დაავიწყა.

დარბაზის ბოლოში მდგარი უზარმაზარი მუხის ხის ფესვებისგან შექმნილ ტახტზე იჯდა დედოფალი, რომელიც იქვე მდგომი ხალხისაგან უთუოდ გამოირჩეოდა თავისი გარეგნობით, მისი ჭაობისფერი მოელვარე თვალებიდან საოცარი სიკეთე იღვრებოდა, ხოლო მათ მაღლა, იმ ადგილას სადაც წარბები უნდა ყოფილიყო, ჩანდა ოქროსფერი ლაქები, ბზინვარე, იმდენად ბზინვარე, რომ ვიქტორიამ ვერ შეძლო დიდხანს გაესწორებინა თვალი და თმები? თმების ადგილას ათასგვარი მცენარე და მინდვრის ყვავილები იყო ამოსული მის თავზე, ხოლო აქა-იქ პატარ-პატარა სოკოებსაც დაინახავდით, ზოგიერთ ნაწილზე კი ხავსი ჰქონდა მოდებული და კისრის გავლით ხელებსა და ზურგზე იყო გადმოსული. ვიქტორიამ შენიშნა რომ დედოფლის გარეგნობამ ისე გააკვირვა, რომ გაშტერებული უყურებდა და მყისიერად თავი დახარა.

- კეთილი იყოს შენი მოსვლა, უცხოელო, მე პელარგია ვარ, გაზაფხულის სამეფოს დედოფალი - გაუღიმა მან და თავისი თვალისმომჭრელი მზერა მიაპყრო.

- მოგესალმებით, მე ვიქტორია მქვია, - თავი დაუკრა გოგონამ და თან თვალს არ აცილებდა მის ტანისამოსს, თუმცა თავს ვერ დადებდა რომ ეს „რაღაცები“ მართლა ტანსაცმელი იყო. ისინი იმდენად ჰარმონიულად ერწყოდნენ დედოფლის ხავსებს, რომ ვიქტორიამ გაიფიქრა, იქნებ ესეც მისი სხეულის შემადგენელი ნაწილია და ტანსაცმელი სულ არ სჭირდებაო.

- ნება მომეცი ორიოდე სიტყვა გითხრა ჩვენს შესახებ, ვიქტორია. ეს არის სამეფო ელისენი, რომელიც დაყოფილია ოთხ ნაწილად, როგორც წელიწადის ოთხი დრო. ეს მხარე, სადაც ახლა შენ იმყოფები, არის გაზაფხულის სამეფო, ეს კი ბებერი მუხაა, ჩვენი მრჩეველი და წინასწარმეტყველი, - პელარგიამ ზუსტად იმ ხისაკენ მიუთითა, რის ფესვებეც თავად იჯდა, ვიქტორიამ ახლაღა შენიშნა, რომ ამ უზარმაზარი ხის ქერქზე ადამიანის სახის მსგავსი რაღაც იყო გამოკვეთლი.

დედოფალმა საუბარი განაგრძო, - ჩემი ძმა-დები ხვალე შემოგვიერთდებიან და საბჭოს სხდომასაც გავმართავთ. რაც შეგეხება შენ, ძალიან დაღლილი იქნები, ვიქტორია, ამიტომ გრეგორი ისევ შენს მოსასვენებელში გაგაცილებს, რა თქმა უნდა, თუ ასე გინდა, თუ არადა შეგიძლია ახლავე მკითხო რაც გაინტერესებს და მეც შეძლებისდაგვარად გიპასუხებ, თუმცა წინასწარ გაგაფრთხილებ, რომ ბევრ შეკითხვაზე, რომლებსაც შენ დამისვამ და ვიცი რომ დამისვამ, პასუხი ჯერ არც მე არ მაქვს, იმედია ბებერი მუხის დახმარებით მალე ყველაფერს