პროკრასტინაციის ბავშვები
პროკრასტინაციის ბავშვები
- ჩემი ახალი ტატუ თუ ნახე?
- როდის უნდა მენახა?
- მთელი ერთი კვირა ჩემ სახლში ეგდე და დაინტერესებულიყავი მაინც.
- ახლა მანახეთ თუ შეიძლება თქვენო უდიდებულესობავ. - აკაკიმ მარჯვენა ხელის მაჯა გადმოატრიალა და ლადოს ახალი ტატუ ანახა.
- ვაუ. წინას ბევრად ჯობია ძმაო.
- ხომ მოგეწონა ჩემი ცეცხლოვანი დრაკონები? დრაკონის წელში დავიბადე და სულ მინდოდა დრაკონები მყოლოდა. როდესაც გავიაზრე, რომ ვერ მეყოლებოდა გული დამწყდა და ვიფიქრე როგორღაც უნდა ყოფილიყვნენ ჩემს ცხოვრებაში.
- სულ გამოშტრედი შენ. ავტომატები სად წაიღე?
- წყლის ბუშტებთან აწყვია.
- დღეს რომელი „ბანდა“ გვიტევს?
- მგონი „კამიკაძე“.
- ეგ საცოდავები. მერამდენედ უნდა დავამციროთ და „დავადუღოთ“ ნეტავ!?
- ეგ კი არა იკა ხომ იცი შენ? „ანაკონდას“ მეთაური.
- კი როგორ არა.
- აუ დედამისმა გერმანიიდან ისეთი შეიარაღება ჩამოუტანა, რომ მთელ ქალაქს აიღებს.
- ეგეთი რამოდენიმე, რომ „დაგვათრევინა“ ნამდვილი მეფეებივით ვიქნებოდით.
ლადო ავტომატებთან დადგა და თვალიერება დაუწყო.
- ბუშტები მწყობრშია ხომ?
- კი. ნუ ღელავ წინანდელივით სახე აღარ დაგისველდება სროლისას. (იცინის)
ამ დროს ოთახში ვატო შემოვიდა. ავტომატი მხრიდან მოიხსნა და დანარჩენების გვერდით დადო.
- გოგოებს გაუმარჯოს! როგორ გიკითხოთ?
- შენსავით მაინც არ გავრბივართ შუა შეტევისას და კიდე ჩვენ ვართ გოგოები? - ბრაზიანად მიუგო აკაკიმ.
- კარგი ხო რა ნახეთ ბიჭო? გითხარი დედაჩემს ვჭირდებოდი რაღაცაში და წასვლა მომიწია მეთქი.
- დაწყნარდი, არაფრად გადაიქცე. (იცინის)
- მოიც... მარტო ჩვენ ვართ? დანარჩენები სად არიან?
- არავის სცალია.
- ანუ დღეს მარტო ჩვენ სამი ვუტევთ?
- ისინი გვიტევენ.
- დაჟე... გოგა და ბიჭები სად არიან?
- გოგა ალბათ ისევ „რეინჯერებს“ უყურებს. (იცინის)
- „მეღადავებით“? მარტო ჩვენ ვერ გავუძლებთ.
- სხვა გზა არაა. აბა შენსავით ჰო არ „მოვიქისტებით“. (იცინის) - ამის თქმა იყო და ვატო აკაკის მივარდა. მუშტი სახეში უთავაზა და ძირს მიაწვინა. ბიჭებმა ნამდვილი ოლიმპიადა გამართეს. იჭიდავეს, იკოტრიალეს და ბოლოს როგორც იქნა რის ვაი-ვაგლახით ლადომ გააშველა.
- მგონი დაგავიწყდათ სად ვართ და ვინ ვართ ხო?!
- შენი ფილოსოფობაღა მაკლდა რა.
- „აკაკი-ბაკაკი“ მისმინე: თუ ხარ „რაზმი 7“-ის მებრძოლი, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! - ლადოს ამ ამაღელვებელ ნოტაზე გარეთ გაწვიმდა. წვეთები ფანჯრის რაფაზე რიტმულად ეცემოდა.
- „კამიკაძეები“ რამოდენიმე წუთში აქ იქნებიან, თქვენ კიდე დილეტანტებივით კინკლაობთ. „რაზმი“ 7 ვართ ბიჭო!
- რას გვთავაზობ? ნუ გავიწყდება, რომ სამნი ვართ. - ამ დროს ჩვენ გმირებს გარედან გაფაჩუნების ხმა მოესმათ. „ნორჩი მეომრები“ ხვდებოდნენ მტერი ახლოს იყო. სასწრაფოდ დაავლეს ხელი ავტომატებს. წყლის ბუშტები ქამრებზე მოიჭირეს. საბრძოლო პოზიციები შეარჩიეს და ლოდინის რეჟიმში გადავიდნენ.
რამოდენიმე წამი რჩებოდა. შიში ენერგიად გადაიქცა. სამარისემული სიჩუმე ჯოჯოხეთად. რაღაც დიდებული და გრანდიოზული უნდა დაწყებულიყო და უცბად ბრახ, დაიწყო კიდეც.
ოთახში ნიღბიანი პიროვნებები შემოიჭრნენ და სროლა ატეხეს. ზემოთ ნახსენები „კამიკაძეები“ იყვნენ. ლადოს პლასტმასის ფერადი ტყვიებით სავსე ერთი მჭიდი დააცალეს. აკაკი მეტოქეს კარის უკან დახვდა და წყლის ბუშტებით დაალორთხა ისინი. ვატომ, ისევ გაგქცევა სცადა, მაგრამ ალყაში მოექცა და პისტოლეტების მსხვერპლად იქცა.
„კამიკაძეებმა“ ყველაფერი ყირაზე დააყენეს. ნივთები აქეთ-იქით მიყარ-მოყარეს. „დამარცხებულების“ ტყვია-წამალი ზურგჩანთებში გადაინაწილეს და მედიდურად დატოვეს იქაურობა.
„რაზმი 7“-ის ბაზაზე თეთრი დროშის დასამაგრებელი ადგილიც კი არ დარჩა. აკაკი, ლადო და ვატო ერთმანეთს უმზერდნენ. წესით კრახისგან გამოწვეულ სიმწარეს უნდა დაეპყრო მათი გულები, მაგრამ რატომღაც მათ სახეებზე ღიმილები თამაშობდნენ. დამარცხდნენ, მაგრამ მაინც ბედნიერები ჩანდნენ. პაუზას, რომელიც რამოდენიმე წუთი გაგრძელდა ხმამაღალი სიცილი მოჰყვა. იცინოდნენ და იცინოდნენ. მხიარულებას დასასრული არ მოუჩანდა. აღარაფერი ახსოვდათ. არც მარცხი და არც ის ფაქტი, რომ ყველაფერი დაკარგეს.
ცოტახანში ლადო წამოდგა. ირგვლივ მიმოიხედა. ერთ-ერთი ამოტრიალებული სავარძელი გაასწორა და დაჯდა.
- დღეს დავმარცხდით, მაგრამ ყველაფერი წინაა. - ლადოს ამ სიტყვების შემდეგ აკაკი წამოხტა და წამოიყვირა:
- თუ ხარ „რაზმი 7“-ის მებრძოლი, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! - აკაკის წამოყვირებას კი ვატოს სიტყვები მოჰყვა:
- აღვსდგებით ფერფლიდან უფრო ძლიერნი და უფრო მეტნი! მეტნი! მეტნი! - ბოლო სიტყვა სამივემ ერთხმად შესძახეს. ერთმანეთს ხელი გადაჰხვიეს. ოთახიდან გავიდნენ და ის-ის იყო დაუსრულებელ ჰორიზონტს ახალი თავგადასავლების საძიებლად, ერთად უნდა გადგომოდნენ, ილოს გამოეღვიძა. შუა ღამეს არც ისე ხშირად ეღვიძება ხოლმე. მისი ეს ოდენ უცნაური სიზმარი მეტად ნამდვილი ჩანდა. გული დაწყდა დასასრული, რომ ვერ იხილა და ხასიათი შეეცვალა. არ მოეწონა რეალობაში დაბრუნება. იქ ხომ ერთი და იგივე რუტინა ელოდა: უსამართლო სკოლა, გაკვეთილების ბოლო დღეს სწავლა, დესპოტი მასწავლებლები და ყალბი მეგობრები. აღარსად ჩანდნენ აკაკი, ლადო და ვატო. აღარსად ჩანდა გამოგონილი სამყარო, სადაც ყოველდღიურ მოწყენილობას უარს ეუბნები, სადაც ბავშვებს სხვადასხვა კლუბი ჰქონდათ ჩამოყალიბებული და ერთმანეთს სათამაშო იარაღებით ებრძოდნენ.
ეს გაქცევა იყო. გაქცევა საკუთარ ოცნებებში.
ილო მეორე დილით საწოლიდან ისევ უბედური ადგება და კბილებს უემოციოდ გამოიხეხავს. მისი ცხოვრება ისევ შეუმჩნეველი იქნება ყველასთვის და არავის გაახსენდება იგი.
ერთადერთი იმედის ნაპერწკალი ამ სიზმრის კიდევ ერთხელ სტუმრობაში მოჩანს...
ილოს სჯერა, ლადო აკაკი და ვატო ისევ დაბრუნდებიან ახალი თავგადასავლით და ისევ შეახსენებენ, რომ ჩვენი ფანტაზია ცაზე დაკიდებული ვარსკვლავებივით უსასრულოა...