წარმოდგენა #2
წარმოდგენა #2
„ადამიანი ქმნის სულით და არა გონებით.“
არმიმ ყურსასმენები მაგიდაზე დაყარა. მოპირდაპირე სავარძელში წამებში გადაინაცვლა. ეკრანზე გამოტანილ კლავიატურაზე ციფრების გარკვეული კომბინაცია სწაფად აკრიფა და დადასტურების ღილაკი მონიშნა.
- ვ-ა-დ-ა-ს-ტ-უ-რ-ე-ბ! - ხმა უახლოეს სენსორულ მიკროფონში უცნაურად გაისმა. ბგერითი ტალღა მთელს დარბაზში გავრცელდა:
- უ-ც-ნ-ო-ბ-ი ო-ბ-ი-ე-ქ-ტ-ი-ს გ-ა-ნ-ა-დ-გ-უ-რ-ე-ბ-ი-ს ბ-რ-ძ-ა-ნ-ე-ბ-ა გ-ა-უ-ქ-მ-ე-ბ-უ-ლ-ი-ა. პ-ლ-ა-ნ-ე-ტ-ი-ს კ-ო-ს-მ-ი-უ-რ ს-ი-ვ-რ-ც-ე-შ-ი უ-ც-ნ-ო-ბ-ი ო-ბ-ი-ე-ქ-ტ-ი შ-ე-მ-ო-ი-ჭ-რ-ა. დ-ა-შ-ვ-ე-ბ-ი-ს პ-ა-რ-ა-მ-ე-ტ-რ-ე-ბ-ი-ა: G-F-C-A-S-1-1-0-3-2-5-K-A-6-0.
კაცმა მაჯაზე დამაგრებული ეკრანი გაიაქტიურა და გადატანის ბრძანება გადაამოწმა:
- გ-ა-დ-ა-ტ-ა-ნ-ი-ლ-ი-ა - ისევ გაისმა უხილავი მოწყობილობის დასტური.
ლიფტი შენობის ბოლო სართულზე გაჩერდა. არმი ასაფრენ ბილიკს გაუყვა და საშუალო ზომის, ერთ-კაბინიანი მანქანის საჭეს მიუჯდა. სამაჯური მოიხსნა და საჭის ზედა, მარჯვენა კუთხეზე დაამაგრა. ანთებულ მონიტორზე გადატანის ბრძანება კიდევ ერთხელ ახმიანდა:
- G-F-C-A-S-1-1-0-3-2-5-K-A-6-0.
- ვადასტურებ! დადგენილ კოორდინატებს მიყევი! - ჩანდა მამაკაცი ასაფრენ აპარატს ესაუბრებოდა.
*
დიახ, სპექტაკლი, რომელზედაც საუბარს ვაპირებ, სწორედაც რომ ასე იწყება. მანამდე კი, მინდა თხრობა ცოტა შორიდან დავიწყო.
*
- შეხედე! შეხედე! ზღვამ გამორიყა!
- ზღვამ გამორიყა?!
- მოვაგროვოთ! აუცილებლად გამოგვადგება!
- მოიცა! სხვებსაც დავუძახებ!
- მიდი! მოიყვანე ისინი! გუშინ მეკითხებოდნენ...
- რაო?!
- ჩემი სიზმრების შესახებ მეკითხებოდნენ.
- მერე, დაიჯერეს?
- შენ გჯერა?
- არ ვიცი. იმათ დაიჯერეს?
- რატომ არ უნდა დაეჯერებიათ, ისინიც ხომ ბავშვები არიან.
- ზოგჯერ უცნაურ სიზმრებს ყვები.
- მიდი, მიდი, მოიყვანე დანარჩენები.
ლუკა სანაპიროზე დაეშვა. მაგდამ კი გზა საწინააღმდეგო მიმართულებით განაგრძო. დიდი დრო არ იყო გასული, მისი ასაკის გოგო-ბიჭებთან ერთად უკან რომ დაბრუნდა - ქვა-ღორღით სავსე სანაპიროზე ისე ამაყად მიაბიჯებდნენ, იფიქრებდი, მთელი სამყარო მათიაო.
ლუკა ხის მცირე მორზე ჩამომჯდარიყო და ზღვას გაჰყურებდა. ფიქრებიდან ფეხის ხმაურმა გამოარკვია. მალე მეგობრები თავზე წამოადგნენ.
- ზღვამ უკან რომ არ მიიტაცოს ეს ყველაფერი ზემოთ უნდა ავზიდოთ, - ლუკამ თითით მიანიშნა გამორიყულ საგნებზე.
- გადაირიე?! რა ჯანდაბად გვინდა ეს ნაგავი? - იკითხა წითურმა.
- რატომ, ნაფოტს ვინმე ზამთარში შეშად მაინც გამოიყენებს - შეეპასუხა მათ შორის ყველაზე მაღალი.
- ეს ხომ ნამდვილი ჭიაა, ახლა რაღა მოიფიქრე? - ახლა მაღალს მიუბრუნდა წითური.
- მშობლებს უთხარი სმარტფონი გიყიდონ, თორე ხომ ხედავ, საერთოდ ვერაფერში ერკვევი, - მაღალი კენჭებზე ჩამოჯდა. წითური უკან დაედევნა, თან არ ცხრებოდა:
- მაინც რაში ვერ ვერკვევი? ვის რაში სჭირდება ეს ნაგავი? ჰა?
- მოდი, ახლოს მოდი, აგიხსნი, - მაღალმა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.
წითური უხალისოდ მიუჩოჩდა გვერდით.
- თუ პრაქტიკული თვალსაზრისით მიუდგები, ნაგავი საერთოდ არ არსებობს.
- ეგ, როგორ? რა მოიგონე?
- ნაგავი, პრაქტიკულად მეორადი ნედლეულია, აი ვიდეორგოლი, უყურე, აქ კარგად არის ახსნილი, როგორ ხდება ნარჩენების გადამუშავება, - მაღალმა თავისი სმარტფონი წითურს გადასცა, თავად კი ლუკას მიმართულებით გადაინაცვლა.
- რაზე ფიქრობ?
- გახსოვს ის სქემა, მაშინ რომ გაჩვენე?
ბიჭებმა ერთმანეთში გააბეს დიალოგი:
- კი, მახსოვს, მეც ბევრი ვიფიქრე მაგ საკითხზე.
- მერე, როგორ ფიქრობ, გამოვა?
- შენი იდეები მეც ძალიან მხიბლავს, მაგრამ მცირე ხომალდის აგება, მარტივი საქმე არ არის.
- ყოველ ღამე მესიზმრება, რომ ხანგრძლივ მოგზაურობაში მივდივარ.
- მოდი დასაწყისისთვის საგნებს თავი მოვუყაროთ და აქ, ერთი კარგი სადგომი ავიშენოთ, რას იტყვით?
სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, ყველანი რომ ფეხზე წამოიჭრნენ და საქმეს შეუდგნენ. ჯერ სათანადო ადგილი შეარჩიეს, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეს. მერე ყველა საჭირო ნივთი ერთად მოაგროვეს და შენებას შეუდგნენ. მეგობრებს ხან მაღალი ხელძღვანელობდა, ხანაც ლუკა.
საქმე ნახევრამდეც არ ჰქონდათ მიყვანილი, ტელეფონების ხმები თითქმის ერთბაშად რომ გაისმა.
- მშობლები! - მეგობრებმა თითქმის ერთ ხმად წამოიძახეს.
*
სახლებში სასწრაფოდ უნდა დავბრუნებულიყავით. წასვლამდე შევთანხმდით, რომ სადგომის მშენებლობას მალე დავუბრუნდებოდით. სიმართლე რომ გითხრათ, სადგომს ისე ვაშენებდით, არც შიმშილი გვიგრძვნია და არც დაღლა. მაგრამ ახლა, სახლებში უნდა გავქცეულიყავით, მშობლები ღელავდნენ, „შიათ ბავშვებს!“ უკვე ხომ სადილის დროა. გაამზადეთ მშობლებო ფაფები თქვენი შვილებისთვის!
იმ ადგილებს, სადაც ერთ დროს სადგომი ავაშენეთ, ახლაც ხშირად ვსტუმრობ. კენჭები იქ ისევ თბილია, მაგრამ ცივი რომ ყოფილიყო, მეტად მეამებოდა. მაშინ, ხერხემალში ღრმად ჩაბუდებული მოგონებები ყინულის ქვებად გადაიქცეოდნენ, შემდეგ, სანაპიროზე კენჭებთან ერთად მიწას შეუმჩნევლად მოეფინებოდნენ, მზის სხივებზე გაბრწყინებულები, ახალმოსულებს თვალს მოსჭრიდნენ, მხოლოდ თვალს მოსჭრიდნენ, თავის სიღრმეში კი არ ჩაახედებდნენ და სამუდამოდ იმ საიდუმლოდ გაიქცეოდნენ, მხოლოდ ზღვას რომ სმენია და მხოლოდ ზღვამ რომ განიცადა.
მახსოვს, ერთხელაც ტელეფონის საშუალებით ვიდეო გადავიღე - კენჭებზე ხმაურიანად როგორ მივაბიჯებ. ზოგჯერ ჩავრთავ და ვუყურებ. მოგონებები!
*
- ლუკა, გაცივდა საჭმელი!
- ახლავე დედა! - შორიდან გაისმა ბიჭის ხმა.
ოთახში რომ შევიდა, დედა მაგიდასთან დაუხვდა.
- სად იყავი? რახანია გელოდები.
- დედა, აბაზანაში ვიყავი, - თითქოს შეკითხვა სწორად ვერ გაიგოო, კოვზს დასწვდა და სწრაფად შეუდგა ცხელი წვნიანის ხვრეპას.
- სად გეჩქარება? ნელა ჭამე.
- არ მეჩქარება.
- ჰო და, მითუმეტეს. სად იყავი არ მომიყვები?
- სანაპიროზე, სანაპიროზე ვიყავით, მე, მაგდა, წითური და მაღალი.
- ასე ნუ ეძახით შვილო, სახელები ხომ აქვთ. ისე, იმ ყმაწვილმა მართლა სწრაფად აიყარა ტანი, აბა, ესეც გასინჯე, - ქალმა ახალგამომცხვარი ღვეზელის მოზრდილი ნაჭერი ბიჭს თეფშზე გადაუღო.
- უჰ, რა გემრიელია, - ბიჭი ღვეზელს ხარბად შეექცეოდა.
- ლუკა, მეცადინეობას როდის აპირებ?
- დედა, დღეს ხომ შაბათია.
- არ დაიზარო ძვირფასო, აჯობებს დავალებების ნაწილი დღეს გააკეთო, დანარჩენს ხვალ დაამთავრებ, ასე არც დაიღლები და დროც მეტი დაგრჩება.
- კარგი დედა, ვეცდები.
ლუკა საწერ მაგიდას მიუჯდა და სახელძღვანელოები გადაშალა. კითხვამ ერთბაშად გაიტაცა. პერიოდულად ჩერდებოდა და რვეულში პასუხებს ინიშნავდა. დიდი დრო არ იყო გასული ესემეს შეტყობინება რომ მიიღო: „ძველ ადგილზე გელოდებით! აუცილებლად უნდა მოხვიდე!“
უნდოდა დედისთვის სიმართლე ეთქვა, მაგრამ მეგობრები ერთმანეთს დაჰპირდნენ, რომ სადგომის ამბავს საიდუმლოდ შეინახავდნენ, ამიტომ, დედისთვის არაფერი უთქვამს, მხოლოდ სახლის დატოვების ნებართვა ითხოვა, თან პირობა დადო, რომ დაღამებამდე აუცილებლად დაბრუნდებოდა.
შეკრებილები, სწრაფი ტემპით ცდილობდნენ მონიშნული ტერიტორიის შემოღობვას, მაგრამ მალე მოუწიათ იმის აღიარება, რომ მარტონი ვერაფერს გახდებოდნენ. საყრდენი ბოძების გასამაგრებლად ვინმესთვის დახმარება უნდა ეთხოვათ. მაშინ, ყველანი მაგდას ირგვლივ მუდარით შემოიკრიბნენ, რადგან უფროსი ძმა მხოლოდ მაგდას ჰყავდა.
- კარგი, დაველაპარაკები - თქვა ქალმა.
*
მეორე დღეს მაგდამ ძმა მართლაც მოიყვანა. ძმას რამდენიმე მეგობარიც მოჰყვა. გაოცებული მიყურებდა, საიდან იგონებ ამ ყველაფერსო, წიგნების კითხვა მიყვარს-მეთქი, ჰო, გეტყობაო.
სიმართლე უნდა ითქვას, ბიჭები მართლაც კარგად დაგვეხმარნენ. რამდენიმე დღეში, ერთი, დიდი ყუთის ოდენა ნაგებობა წამოვჭიმეთ, მეთევზის ხუხულასაც რომ არ გავდა, ისეთი. შიგ ერთი ძველი ლინოლეუმი დავაგეთ და ხის რამდენიმე ყუთი შევიტანეთ. სადგომი, თანდათან ახალი ნივთებით გაივსო.
შიგ არც რბილი ავეჯი გვქონდა და არც თანამედროვე ტექნიკა. სინათლისა და სითბოს მისაღებად თუჯის ჭურჭელში ცეცხლს ვანთებდით ან სახლიდან მოტანილ სანთლებს, და მაინც, იქ ყოფნას არაფერი გვერჩია. სახლიდან მოპარულ ხილსა და ბოსტნეულს ნაკვერჩხალზე ვწვავდით, მერე კი გამურული თითებით პირში ხალისით ვიტენიდით. ახლაც მგონია, რომ მას შემდეგ ისე მადიანად აღარაფერი მიჭამია.
მაგდას ყოველდღე ახალი ნახატები მოჰქონდა და ჟანგმორეულ კედლებზე აკრავდა. მალე, ხატვა სხვებმაც დაიწყეს. ჩვენს ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა. ზოგს საყვარელი ფოტოები მოჰქონდა, ზოგს სათამაშოები, ზოგს კიდევ რა. სადგომი უმალ მოზარდთა სამყაროდ გადაიქცა. სამყაროდ, სადაც დინოზავრები და სხვა გიგანტები დედამიწის გახუნებულ ატლასს პირდაფჩენილები დაჰყურებდნენ; მამაცი მეომრები კი ხომალდებზე იკრიბებოდნენ; ღია კოსმოსში კოსმონავტები საჰაერო სქეიბორდებზე მიცურავდნენ და პატარა ადამიანები დედამიწის მშვენიერებით საჰაერო ბუშტებიდან ტკბებოდნენ.
იქ, ჩვენს გვერდით, ცხოველთა და ადამიანთა სამყაროზე დაწერილი არაერთი თავგადასავალი ცხოვრობდა. ხშირად, დღესაც ვეკითხები საკუთარ თავს, ჩვენ გვჭირდებოდა ყველა ის პერსონაჟი, თუ იმათ ვჭირდებოდით? რათა ადამიანთა მოგონებებში ეცოცხლათ და სამყაროს კარი ახალი შთაგონებებისთვის გაეხსნათ.
დედისთვის მიცემულ დაპირებას რაც შეეხება, შვილები დანაპირევს რომ იშვიათად ასრულებენ, ეს მშობლებმაც ხომ კარგად იციან. ასე რომ არ ყოფილიყო, შვილებთან ერთად ვერც მშობლები გაიზრდებოდნენ.
*
- მაგდა! აქ ხარ?! - ხმა ისე გაისმა, თითქოს სანაპიროს ქარს გამოექცა.
მაგდა უმალ წელში გაიმართა. კარს რომ ეძახდნენ ფიცრების ის გროვა თავისკენ მიიზიდა და ზღურბლზე გაჩერდა:
- ჰო, აქ ვარ - პასუხი ისე გასძახა გარეთ არც გაუხედავს.
- გოგო, შეიძლება შემოვიდე?
- შემოდი მერე, მანდ რას დამდგარხარ? - ქალმა ნაბიჯი უკან გადადგა, მამაკაცისთვის გზა რომ დაეთმო.
- ამათ შეხედე, როგორ მოწყობილან - კაცი ხის მომცრო ყუთზე ჩამოჯდა, - აქ წვიმა არ გაწუხებთ? - თან ჭერს ათვალიერებდა, თან ნახევრად სველ ტყავის ქურთუკს იხდიდა - ყოჩაღ ჩვენ! ჩვენც კარგად გვიმუშავია - კაცს ღიმილი მოეფინა სახეზე.
ყველანი ჩუმად ისხდნენ. ახალმოსულს ინტერესით ადევნებდნენ თვალს.
- ხელი ხომ არ შეგიშალეთ? - მცირე პაუზის შემდეგ იკითხა.
არაო, თითქმის ერთხმად უპასუხეს მეგობრებმა. ლუკა ფანჯარასთან ახლოს იჯდა და გარეთ იხედებოდა.
- რატომ მოვედი არ გაინტერესებთ?
- რატომ არა, გვაინტერესებს - უთხრა ქალმა.
- ისეთი საქმეა, თქვენ რომ შეგეფერებათ.
- მართლა? რა საქმე? - ჩაეკითხა წითური.
- ჩვენი კულტურის სახლი ხომ ყველამ იცით?
- ვიცით - ისევ ერთბაშად უპასუხეს.
- ჰო და, ერთი ტიპი ჩამოვიდა, რეჟისორია.
- რეჟისორი?
- ჰო, რაღაცა სპექტაკლს დგამს და მოკლედ ბავშვები სჭირდება.
- ბავშვები?
- ჰო, თავიდან ჩვენთან მოვიდა, მაგრამ, ვიცი რაც სჭირდება - განაგრძო მცირე პაუზის შემდგე - მგონი თქვენ სჭირდებით.
- ჩვეენ? - მეგობრებმა ერთმანეთს ისე გადახედეს გოგენობადე ერთმანეთს პირველად ხედავენო.
- ჰო თქვენ. მოკლედ, თუ დამთანხმდებით მინდა თქვენი თავი ვაჩვენო. ხვალ დილით კულტურის სახლში მოდით, დანარჩენი მერე გამოჩნდება.
- მართალს გვეუბნები? - საქმიანად მიუბრუნდა მაღალი.
- კი, დარწმუნებული ვარ მოეწონებით.
ბიჭებმა ლუკას გადახედეს. რაც არ უნდა ყოფილიყო, წინადადება საინტერესო ჩანდა.
- კარგი, მოვალთ - დაჰპირდა მაღალი.
*
ის დღე არასოდეს დამავიწყდება. კიბეებზე ვიდექით, შესაფერის ტანისამოსში გამოწყობილები და ერთმანეთის გულის ცემა გვესმოდა. ჩვენ რომ დაგვინახა, გვეგონა ბრაზისგან ჭკუიდან შეიშლებოდა. მთელ ხმაზე გაჰყვიროდა, მე ხომ მოზარდები გთხოვეთო. მდუმარედ ვიდექით სცენაზე და ნახევრად განათებულ დარბაზში ისე ვიხედებოდით, როგორც ოკეანეში. კაცი რამდენჯერმე გავიდა დარბაზიდან, მაგრამ ყოველ ჯერზე უკან ბრუნდებოდა. ჩვენ კიდევ გაუნძრევლად ვიდექით, თითქოს რაიმე ნიშანს ველოდებოდით: მე, მაგდა, წითური, მაღალი და სხვები.
ბოლოს მგონი ვიღაცამ, ან ესენი, ან არაფერიო და დათანხმდა. ისეთი განცდა მქონდა, გამარჯვებულს რომ შეჰფერის, როგორც ამბობენ, სიხარულით ცას ვეწიეთ, თუმცა, წარმოდგენა არ გვქონდა, სინამდვილეში წინ რა გველოდა.
*
ვესტიბიულში თავი უჩვეულოდ ბევრ ხალხს მოეყარა. შეჯგუფებულები იდგნენ. ჩანდა, მნიშვნელოვან საკითხს განიხილავდნენ. ლუკას მეგობრების მშობლებთან შეხვედრა ხშირად არ მოსწევია, მაგრამ მაშინ მართლაც რომ მნიშვნელოვანი დღე იყო. მისთვის კარგად ნაცნობ სახეებს რომ მოჰკრა თვალი, უმალ მათკენ გაეშურა. მაგდას მიუახლოვდა და თვალებში ისე ჩახედა, თითქოს პასუხის ამოკითხვას ცდილობდა, არ ვიცი, ჯერ ვერ გადაწყვიტესო, ჩურჩულით უთხრა ქალმა და მზერა მშობლებისკენ გააპარა.
მალე დარბაზის კარი გაიღო და შუახნის ქალბატონმა იქ შეკრებილებს უკან გამომყევითო ანიშნა. ვიდრე წარმოიდგენდნენ დარბაზი იმაზე დიდი აღმოჩნდა. სცენასთან ახლოს რამდენიმე მაგიდა გაეშალათ, როგორც ამბობდნენ, შემოქმედებითი ჯგუფისთვის. ამჟამად დარბაზი მთლიანად გაენათებიათ, ამიტომ, მისი რეალური მასშტაბი თვალსაჩინო გამხდარიყო. სცენაზე ეკრანი დაემონტაჟებიათ, რომელზეც გიგანტური ციფრული გამოსახულებები დარბოდნენ, კინოთეატრის ეკრანს მეტად გავდა, ვიდრე თეატრის დეკორს. მართლაც რომ შთამბეჭდავი სანახაობა გახლდათ.
ლუკა გრძნობდა, როგორ თრთოდა მისი სხეული. ალბათ, სხვებიც იგივეს განიცდიდნენ. მამაკაცი, რეჟისორს რომ ეძახდნენ, ყველას თავაზიანად მიესალმა. იმდენად იყო დარწმუნებული სპექტაკლის წარმატებაში, რომ მშობლები მარტივად დაიყოლია. ეს ერთგვარი ექსპერიმენტიაო, სუყველა დაარწმუნა, მსგავსი სპექტაკლი ჯერ არავის დაუდგამსო. მხოლოდ შემსრულებლების მცირე ასაკი აღელვებდა. ამიტომ მშობლებს სთხოვა, სცენარს კარგად გაცნობოდნენ და ხელშეკრულებებზე ხელი შემდეგ მოეწერათ.
ლუკა თვალს არ აშორებდა. რეჟისორი პირველად რომ დაინახა, ბევრად ასაკოვანი ეჩვენა. სახეს კარდაგ მოვლილი წვერ-ულვაში უმშვენებდა, მაგრამ, ნატიფ პირ-სახეზე სინორჩის კვალი მაინც ემჩნეოდა.
შუახნის ქალბატონი, რეჟისორის ასისტენტად რომ გაეცნოთ, კაცს გვერდიდან არ მოშორებია. დარჩი, შენთან კიდევ ერთი საქმე მაქვსო, მანამ უთხრა, ვიდრე მშობლებს დაემშვიდობებოდა. მარტონი რომ დარჩნენ, შეეძლოთ ღიად ესაუბრათ:
- აბა, რას ფიქრობ ჩვენს ახალ მსახიობებზე? - ჰკითხა მამაკაცმა ღიმილით.
- ქასტინგზე ვაკვირდებოდი, ჩვეულებრივ ბავშვებს არ გვანან, გეთანხმები, არის მათში რაღაც, მემგონი თავად განგება გვიწყობს ხელს.
- ჰო, ამათ არც მე ველოდებოდი. ვღელავ. არ ვიცი, სწორად ვიქცევით თუ არა.
- ხომ იცი ყველაფერს ვერ გათვლი.
- კარგი, ახლა ნამდვილი მსახიობები უნდა შევარჩიოთ.
- უკვე განვაცხადე, თეატრის მსახიობები დაგვეხმარებიან.
- გაითვალისიწინე, მსახიობები ეპიზოდური როლებითვის და ვიდეო გადაღებებისთვის გვჭირდება. ხომ გესმის, ნახევარი სპექტაკლი ეკრანზე უნდა ვაჩვენოთ. ეკრანის ეფექტი მნიშნელოვანია ჩვენი სპექტაკლისთვის.
- უკვე მოველაპარაკე ადგილობრივ კინოსტუდიას, ვიცი, სად გადავიღებთ.
- ძალიან კარგი. ეცადე მსგავსი ტიპები შეარჩიო, ხომ გესმის, ვიზუალურად ერთმანეთს უნდა ჰგვანდნენ, ამიტომ, კარგად შეისწავლე ვიზუალური ნიუანსები. მსგავსების განცდა აბსოლუტრი უნდა იყოს. ისინი ერთმანეთის აჩრდილებად უნდა ვაქციოთ.
- მაქსიმალური ვიზუალური მსგვსების პოვნა არ იქნება მარტივი.
- თუ გამოცდილ მსახიობებში ვერ იპოვი, ქასტინგი გამოაცხადე. თითოეული მათგანის ელექტრონული პროფილი გვაქვს. შექმენით მათი პროგრამული ასლები. ვნახოთ რა გამოვა.
- კარგი, ვცდი.
- მჯერა, რამე გამოვა.
*
მახსოვს, გადაწყვეტილების მისაღებად ორი კვირა მოგვცეს. კითხვა მიყვარდა, მაგრამ სცენარს პირველად ვკითხულობდი. ძირითადად, დედა მიკითხავდა ხმამაღლა. საღამოობით, ოთახში ჩავიკეტებოდით და იწყებოდა სპექტაკლი. თითოეული ნიუანსი ისე იყო გაწერილი - ვის, როდის, რა და როგორ უნდა გაეკეთებია, რომ მეგონა დადგმის თითოეულ ეპიზოდს თვალნათლივ ვხედავდი.
ვიცოდი, რომ ერთ-ერთი პერსონაჟი მე უნდა მეთამაშა და ამის ყოველ გაფიქრებაზე ავადმყოფივით მიჩქარდებოდა გული. საკუთარი სიზმრებიდან ცხადში ისე გადავდიოდი, რომ თავი ისევ სიზმარში მეგონა და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მაგიდაზე დაღვრილი ღვინო ვიყავი, ისეთი, ვერც ერთმა ჭურჭელმა რომ ვერ დაიტია.
დედა თანახმა იყო. მეც თანახმა ვიყავი. მალე, რეჟისორი პერსონაჟების შესარჩევ შეხვედრაზე მიგვიწვევდა.
*
ნაწვიმარი ჯერ კიდევ ეტყობოდა ქუჩებს. ჯერ წყლის მცირე გუბეც არ დაეშრო მზეს. დაცარიელებულ სანაპიროზე ისხდნენ, ისე, გეგონებოდა, აბობოქრებული ზღვით არიან მოჯადოებულებიო - ზღვა თითქოს აღტაცებით რომ შთანთქავდა მზის ტალღებზე ათამაშებულ სხივებს, რომლებიც უხილავი, მოძრავი პროპელერიდან ჩრდილმოსილ სამყაროს საუცხოოდ ეფინებოდნენ.
- გგონიათ გამოგვივა რამე? - ხანგრძლივი დუმილი ლუკამ დაარღვია.
- გამოდის, წინ კოსმიური მოგზაურობა და ხანგრძლივი თავგადასავალი გველოდება - ჩანდა, წითურიც შეკითხვებით იყო მოცული.
- შესაძლოა? შესაძლოა რეალურად არსებობდეს სხვა ცოცხალი პლანეტა? - იკითხა ქალმა.
- არა, არ მგონია. უფრო რეჟისორის ფანტაზიაა, - მაღალი მაგდასკენ დაიხარა და ფურცლების დასტა მიაწოდა, - შენი როლი უკვე განსაზღვრულია, ვიცი ვისაც ითამაშებ - თავდამჯერე კილოთი უთხრა.
- ჰო, მგონი არ ცდები - ქალს სახეზე ალმურმა დაჰკრა.
- მაშინ, ჩემი როლიც განსაზღვრულია - აღნიშნა მაღალმა და ფურცლების დარჩენილი დასტა წითურსა და ლუკას გადააწოდა.
*
მაღალი არ ცდებოდა. თითოეულმა ჩვენთაგანმა კარგად იცოდა სპექტაკლში ვისი როლი უნდა ეთამაშა. სამყაროს ყველაზე დიდი რეჟისორის მონდომებით, თითქოს როლები საგანგებოდ მართლაც ჩვენთვის იყო დაწერილი.
პირველი დღე ნამდვილ ზეიმს ჰგავდა. ქარიანი დღე იყო. მახსოვს, მსახიობების ხავერდოვანი და მეწამური სამოსი უდროო სივრცეში ალამივით როგორ ელვარებდა. მომავალშიც არა ერთხელ მიხილავს, იმ ერთადერთი, იმ დროისთვის ჩემთვის ყველაზე უჩვეულო დღის მირაჟი. ადამიანი ხომ ცხოვრბაში განცდილ პირველ შთაბეჭდილებებს ყველაზე გვიან ივიწყებს, რადგან, უჩვეულოდ დიდხანს იმყოფება მათ ტყვეობაში.
ყველანი გადასაღებ მოედანზე შევიკრიბეთ. ერთმანეთის გასაცნობად სივრცეც დიდი იყო და დროც. რეჟისორმა ახალგაზრდა მსახიობი გამაცნო, ორივეს ერთი და იგივე როლი უნდა გვეთამაშა - მე სცენაზე, მას კი ტელეეკრანიდან. გაღიმებულმა ჩამომართვა ხელი, ისე, თითქოს მეც მისი ასაკის ვყოფილიყავი, მოხარული ვარო, მითხრა, შენი ორეული ვიქნებიო. მე კიდევ, ისე ვუყურებდი, კაცი უცხო ადამიანში საკუთარი თავის ამოცნობას რომ ცდილობს.
აბა, მეგობრებო, იპოვეთ თქვენ-თქვენი პერსონაჟებიო, რომ დაგვიძახა, უკვე თავადაც დარწმუნებული იყო საკუთარ ნათქვამის სისწორეში.
*
არმიმ ყურსასმენები მაგიდაზე დაყარა. მოპირდაპირე სავარძელში წამებში გადაინაცვლა. ეკრანზე გამოტანილ კლავიატურაზე ციფრების გარკვეული კომბინაცია სწაფად აკრიფა და დადასტურების ღილაკი მონიშნა.
- ვ-ა-დ-ა-ს-ტ-უ-რ-ე-ბ! - ხმა უახლოეს სენსორულ მიკროფონში უცნაურად გაისმა. ბგერითი ტალღა მთელს დარბაზში გავრცელდა:
- უ-ც-ნ-ო-ბ-ი ო-ბ-ი-ე-ქ-ტ-ი-ს გ-ა-ნ-ა-დ-გ-უ-რ-ე-ბ-ი-ს ბ-რ-ძ-ა-ნ-ე-ბ-ა გ-ა-უ-ქ-მ-ე-ბ-უ-ლ-ი-ა. პ-ლ-ა-ნ-ე-ტ-ი-ს კ-ო-ს-მ-ი-უ-რ ს-ი-ვ-რ-ც-ე-შ-ი უ-ც-ნ-ო-ბ-ი ო-ბ-ი-ე-ქ-ტ-ი შ-ე-მ-ო-ი-ჭ-რ-ა. დ-ა-შ-ვ-ე-ბ-ი-ს პ-ა-რ-ა-მ-ე-ტ-რ-ე-ბ-ი-ა: G-F-C-A-S-1-1-0-3-2-5-K-A-6-0.
კაცმა მაჯაზე დამაგრებული ეკრანი გაიაქტიურა და გადატანის ბრძანება გადაამოწმა:
- გ-ა-დ-ა-ტ-ა-ნ-ი-ლ-ი-ა - ისევ გაისმა უხილავი მოწყობილობის დასტური.
ლიფტი შენობის ბოლო სართულზე გაჩერდა. არმი ასაფრენ ბილიკს გაუყვა და საშუალო ზომის, ერთ-კაბინიანი მანქანის საჭეს მიუჯდა. სამაჯური მოიხსნა და საჭის ზედა, მარჯვენა კუთხეზე დაამაგრა. ანთებულ მონიტორზე გადატანის ბრძანება კიდევ ერთხელ ახმიანდა:
- G-F-C-A-S-1-1-0-3-2-5-K-A-6-0.
- ვადასტურებ! მიყევი დადგენილ კოორდინატებს!.. - ჩანდა, მამაკაცი ასაფრენ აპარატს ესაუბრებოდა.
*
სცენა მართლაც გიგანტურ ხომალს ჰგავდა. ტექნიკური დეკორისა და უზარმაზარი ეკრანის წყალობით მაყურებლებსაც კი კოსმიურ ხომალდზე ეგონებოდათ თავი, თან, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ძირითად დარბაზში, ჭერიდან რამდენიმე მეტრით დაშორებული ორი უზარმაზარი ხომალდი მოძრაობდა, ისეთი განცდა იქმნებოდა, რომ ახალი მიწის დასალაშქრად, ყველანი ერთად მივემგზავრებოდით.
არმის როლს მაღალი ასრულებდა. სცენის კარგად განათებული შუაგულში მკაფიოდ მოსჩანდა ყოველი მისი მოქმედება. სცენაზე თეატრისა და კინოს მსახიობები მოძრაოდნენ. ცეკვის მსგავსი მოქმედებებით იმ უხილავი ძალის დემონსტრირებას ახდენდნენ, არმის მოქმედების საფუძველს რომ ქმნიდა. ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სამყარო ერთმანეთთან შესახვედრად ემზადებოდა და ეს ამბავი, ნამდვილად არ ჰგავდა იღბლიან შემთხვევითობას.
არმი სწორედ მაშინ შებრუნდა სახით ეკრანისკენ, უცნობი საჰაერო ხომალდი განადგურების ზონას რომ მიუახლოვდა.
*
- კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი? - იკითხა დამშვები აპარატის ილუმინატორიდან ინტერესით მომზირალმა მატიამ.
- დავეშვებით, დაშვების უფლებას როგორც კი მივიღებთ - გორამ მოკლედ უპასუხა და ეკრანზე აციმციმებული სასიცოცხლო პარამეტრები კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
- ნეტა რა გალაქტიკაა?
- რას გაიგებ - ახლა გორაც უცხო შუქით მოსილ სამყაროს ილუმინატორიდან ჭვრეტდა. ხმა რომ შემოესმა, მზერა ისევ მონიტორზე გადაიტანა - აი, ისიც - მწვანედ მოციმციმე მანიშნებლებზე მიანიშნა მეგობარს - მოემზადე, ვეშვებით.
ერთმა ტერმინალური დაშვების ძრავა აახმაურა. მეორემ, დარტყმის შემარბილებლები მოიყვანა მოქმედებაში - დ-ა-მ-შ-ვ-ე-ბ-ი ა-პ-ა-რ-ა-ტ-ი SAP500K ი-წ-ყ-ე-ბ-ს დ-ა-შ-ვ-ე-ბ-ა-ს - გაისმა მოსალოდნელი ხმა მოძველებული ხელსაწყოდან.
მანქანა მაქსიმაური სისწრაფით მიიწევდა წინ. გეგონებოდა, თუ მიწამდე მიაღწევდა, მხოლოდ თხევადი სახით. ძლიერ ტურბულენტობას თავი რომ დააღწიეს, ორივემ შვებით ამოისუნთქა. ძვალ-რბილი ჯერ კიდევ შერჩენოდათ.
- ღმერთო! დაუჯერებელია! - შეჰყვირა მატიამ.
- ყველაფერი მწყობრშია? - ხელით სხეულიც კი მოისინჯა რეტდასხმულმა გორამ.
- დიდიხანი ვემზადებოდით ამისთვის - მატია სახით ისევ ილუმინატორს მიეკრო.
- ხედავ რა არის? მგონი ქალაქია.
- ღმერთო! ქალაქი კი არა, მთელი მეგაპოლისია.
- წარმოუდგენელია. ეს სულ დასაშვები ტრასებია?
- როგორც ჩანს, საჰაერო ტრანსპორტით აქტიურად სარგებლობენ.
- პარამეტრები შეამოწმე, ნამდვილად აღმოგვაჩენდნენ.
- მეც ასე მგონია. ცალსახად, მათი საჰაერო დერეფნით ვსარგებლობთ.
- მიკვირს რომ შემოგვიშვეს.
- მგონი მაგრად გაგვიმართლა.
- ჰო, მგონი გამოვიდა, გოლოცავ! - გორამ გამარჯვების ნიშნად მეგობარს ხელი მხარზე მაგრად მოუჭიდა. ყველა პარამეტრი სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პირობებს აჩვენებდა - ესეც შენი ახალი სიცოცხლე - შვებით ამოისუნთქა კაცმა.
- ხუმრობ? შეხედე რამხელა მეგაპოლისია!
- ვხედავ, ბრმა კი არ ვარ.
- ჰო, რომელიღაცა მეგაპოლისის ცათამბრჯენზე ვზივართ და ერთმა ღმერთმა უწყის როდის დაგვენძრევა.
- არ გადავიდეთ?
- როგორ ფიქრობ, მაგალითად კანიბალები, ასეთ ცივილიზაციას შექმნიდნენ?
- ვერა.
- დარწმუნებული ხარ?
- ნუ, თუ ჩვენი გალაქტიკის გამოცდილე