სასოწარკვეთილი არქიტექტორის დღიური
სასოწარკვეთილი არქიტექტორის დღიური
ზოგადად ითვლება, რომ არქიტექტურა სუსტი ნერვების მქონე ადამიანების სპორტი არაა.
ვერ ჩემზე იტყვი თითქოს ძალიან რბილი ადამიანი ვიყო, მაგრამ მეც კი ცივ ოფლში მეღვიძება ხოლმე, როცა იმ სიზმარს ვხედავ...
სიზმარში ის მაგიდის ქვეშ ზის, სასოწარკვეთილი და მოტეხილი, კოსმეტიკისგან გაშავებული ცრემლებით ტირის, როგორც პოეტის ძველი კალამი. შემცბარი პატარა ცხოველივით მიყუჟული დაბნეული თვალებით მისჩერებია სივრცეს და ისტერიული ჩურჩულით იმეორებს: მე არარაობავარ! არარაობა ვარ! არარაობა!.. სრული ლუზერი!.. არაფერი არ შემიძლია! მე არავინვარ! ვერასოდეს ვერაფერს მივაღწევ!.. არარაობა ვარ...
ჰმ... როგორც უკვე მიხვდით ალბათ: ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად მძინავს.
ჩემთვის გაუგებარია როგორ მოხდა, რომ ქალი, რომელიც მე ყველაზემეტად მიყვარდა იქცა (ან აქციეს) ქალად, რომლის სახელის ხსენებაც აღარ შეიძლება.
გულწრფელად არ მესმის. ამიტომაც... მივმართავ ასეთ ტექნიკას: დავწერ იმას რაც გაუგებარია საიმისოდ რომ მივხვდე და იქნებ... იქნებ ერთ დღეს ეს კარიც შევაღო და ვიპოვო პასუხი. რა მოუვიდა ჩემს ანას?.. ვინ არის დამნაშავე?.. რამდენად დიდია ჩემი შეცდომა მთელს ამ ამბავში?..
მაშასადამე... დავიწყოთ!
1 აპრილი 2022. პარასკევი.
დღიურის წერას ჩემს ცხოვრებაში არ ვიფიქრებდი რომ არა... ცხოვრება!..
ასე მოხდა რომ 30-ს ვიახლოვდები და ისევ ახალი პროფესიის არვისება მიწევს!
ჰმ, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ თათას იდეა იქნებოდა, ჩემი რძლის.
ეტყოდა ჩემს ძმას: მოდი აჩიკოს ვთხოვოთ დახმარება. მაინც უმუშევარია, არაფერს აკეთებს! ზის სახლში და წიგნებს კითხულობს. არ ჯობია ჩვენთან გადმოვიდეს და თან ბავშვს მიხედოს?..
თუმცა, არა!.. თამუნა ასე არ იტყოდა. მაზლის საცხოვრებლად დაპატიჟება რომელ ქალს ეპრიანება?.. (მე ეგეთებს არ ვიცნობ.) ამ მზაკვრობას მხოლოდ ჩემი ძმა თუ მოიფიქრებდა. რაც თავი მახსოვს, სულ ასე დამასაქმებდა ხოლმე: ხან თავის თავისუფალ თემებს მაწერინებდა, ხან საკურსო ნახაზებს მახაზინებდა, ხან ფოტო-მონრაჟებს მაკეთებინებდა... ვის უნდა დაურეკოს როცა აეროპორტიდანაა წამოსაყვანი? ან როცა მნიშვნელოვანი საჩუქარია საყიდელი? ან როცა ბინაში რემონტია გასაკეთებელი?.. უმცროს ძმაზე უკეთ აბა ვინ დაგეხმარება, ა?!..
რთულია იყო ასეთი შეუცვლელი პიროვნება, ეს ასეა!
ჰოდა, აი ახლაც... 4 თვის წინ ბავშვი შეეძინათ. ჩემი ძმა მუშაობს, ჩემი რძალიც საცაა უნდა გავიდეს დეკრეტიდან. ბუნებრივია ძიძის ფული აქვთ, ისედაც ბინის იპოთეკას იხდიან. თათას დედა საზღვარგარეთ ცხოვრობს, დედაჩვენს კი დიდად ვერ დაავალდებულებ შვილიშვილი დაიტოვოს, რადგან რეპეტიტორია და დილიდან საღამომდე სწვის შვილებს ამზადებს მათემატიკასა და უნარებში, თანაც ასეთი კარგი ურთიერთობაც არ აქვთ. მამაჩემი რაც 10 წლის წინ წამოვიდა სამსახურიდან იმის მერე არ მუშაობს, მაგრამ ისეთი კაცია კნუტს ვერ მიაბარებ, ბავშვს კი არა. (მოკლედ ჩვეულებრივი ქართული ოჯახი ვართ.) ჰოდა, რაღა დარჩა?..
- მისმინე, - მეუბნება ერთხელაც ჩემი ძმა. - შენთვისაც არ ჯობია?.. არ მოგბეზრდა მშობლებთან ცხოვრება და მოსწავლეების რია-რია? ჩვენთან კიდევ სიმშვიდეა, მთელი დღე კაციშვილი არაა. ბავშვიც წყნარია. აჭმევ, დააძინებ, გაასეირნებ და ეგაა. შვიდ საათზე თათაც მოვა, თავისუფალი იქნები საღამოობით. უქმეებზეც. სანამ ბავშვს სძინავს კიდევ, იკითხე რამდენიც გინდა!.. ამ ასაკში, დამიჯერე დიდად არ შეგაწუხებს!..
მე ყველა მისი არგუმენტი მოთმინებით მოვისმინე რა, შემდეგ სათვალე შევისწორე და ვკითხე:
- ერთი ეს მითხარი, გიო, შენი აზრით არქიტექტორის მაგისტრის დიპლომზე ამდენი იმისთვის ვიწვალე რომ შენი ბავშვის ძიძა ვიყო?..
- აჩი, რომ მუშაობდე ამ დიპლომით ხმასაც არ ამოვიღებდი, მაგრამ ნახევარი წელია უკვე სახლში ზიხარ და იქნებ ამით მაინც დამეხმარო, ა?.. თუ გინდა გადაგიხდი კიდეც. ტაქსაობას მაინც არ ჯობია?..
- დავუშვათ. - ვაღიარე.
- აი ეგ სიტყვა უკვე ბევრად მეტად მომწონს! - გაუხარდა ჩემს ძმას.
მე ღრმად ამოვიოხრე და ამ მომენტში მივხვდი რომ მაინც დედაჩემის მზაკვრობა ერია ამ ამბავში! როგორც უმუშევარი ქმრის ცოლს, ბუნებრივია აღიზიანებს, რომ მეც უმუშევარი ვარ, ამიტომ გადაწყვიტა დავესაქმებინე. ჰმ...
- იცი, გიო, თქვენს ადგილზე ბავშვს ასეთი გამოუცდელი ადამიანის ხელში არასოდეს დავტოვებდი! - ვუთხარი ძალიან მკაცრად, ის კი ცბიერი მელასავით მიყურებდა და იღიმოდა.
- აი, სწორად ამიტომაც გთხოვთ შენ! იმიტომ რომ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მაღალპროფესიონალური კაცი ხარ და ძალიან გენდობით!
აჰ, რა დავაშავე!.. - გავიფიქრე ჩემთვის და მკაფიოდ ვიგრძენი, რომ სხვა გზა არ არის. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჩემთვის სულ ერთი იყო სად ვიქნებოდი და რას გავაკეთებდი.
აი თქვენ პირველი აპრილის ხუმრობაც!
3 აპრილი. კვირა.
ძმის შემოთავაზებაზე არ ვაპირებდი დათანხმებას, მაგრამ ჩემმა ოჯახმა მორიგი სიურპრიზი შემომთავაზა იმ მოულოდნელი საკვირაო სადილის სახით, რომელზეც მამიდაჩემმა თავისი მეგობარი ქალი დაპატიჟა ჩემი ასაკის ქალიშვილთან ერთად...
ზოგადად ტრადიციებს პატივს ვცემ, როგორც სამუზეუმო ექსპონატებს, ეთნოლოგიას, ისტორიულ მატიანეს... მაგრამ როცა ჩემს გულითად ნათესავებს ქალი მოჰყავთ ჩემთვის გასაცნოად და თან დედამისი დაკითხვასაც მიწყობს... ეს უკვე ცოტა ნამეტანი მეჩვენება.
- რას საქმიანობთ, არჩილ? - მეკითხება ჩემი პოტენციური სასიდედრო.
- ჩვენი აჩიკო არქიტექტორია! - პასუხობს დედაჩემი ჩემს ნაცვლად.
- და სად მუშაობთ?
- არსად არ ვმუშაობ. ამჟამად უმუშევარი ვარ. - ვეუბნები რაცაა, პირდაპირ.
- სამსახურს იცვლის. - უხსნის დედაჩემი. - ძველ ოფისში ცუდი განრიგი ჰქონდა.
მე კიდევ უფრო გავბრაზდი ამ ჩემი მშობლების ლოიალურ განმარტებებზე ვიღაც უცნობი ქალის მიმართ და აღარავინ დავზოგე. მგონი ზედმეტიც კი ვიუხეშე ისეთები ვილაპარაკე, მათი ნაქები გოგოსთვის კი ზედაც არ შემიხედავს ისე ავდექი ცოტა ხანში და წავედი სახლიდან ვითომ რამე საქმე მქონდა, სინამდვილეში კი „წიგნის სახლში“ ბახტრიონზე წითელ ჩაის ვსვამდი და ვცდილობდი რამე წამეკითხა.
მეორე დილასვე ჩემოდანში რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავყარე და ჩემს ძმასთან გადმოვედი. ვერ ავიტანდი დედაჩემის საყვედურებით სავსე თვალებს, რომლებითაც დილა საღამოს მხვდებოდა ხოლმე სამზარეულოში. ნიუტონის მესამე კანონი ყველა ფიზიკურ ობიექტს ეხება: ყოველ ქმედებას მოსდევს ექვივალენტური უკუქმედება. დედა მთელი ცხოვრება ჩემით ძალიან ამაყობდა, შესაბამისად ახლა სრული იმედგაცრუება ვარ მისთვის. ეს ლოგიკურია.
4 აპრილი. ორშაბათი.
დედაჩვენს ნანული ჰქვია, ჩემი რძლის დედას გულიკო, ამიტომ ჩემს პატარა ძმისშვილს ჰქვია... ელენე. არის ამაშიც თავისი ლოგიკა!
ელენიკო 4 თვისაა. მის დაბადებამდე ჩვილი ცხოვრებაში არ მჭერია ხელში და კაცმა რომ თქვას არც ახლა მქონია დიდი სურვილი, მაგრამ როგორც კარგ წიგნებში წერენ ხოლმე ჩვენს გასამხნევებლად: ცხოვრებამ ასე მოიტანა!..
როგორ აღვწერო?.. პაწაწინაა, ვარდისფერი, სძინავს, ჭამს და ისაქმებს, არაა აუცილებელი ამ თანმიმდევრობით. თმა არა აქვს, რამე თუ არ მოსწონს ჩხავის თითქოს ინდური სერიალების ყურებით აწამებენ. მაგრამ ეს არ არის ყველაზე უარესი ამბავი. ყველაზე უარესი ისაა, რომ ამ ქალბატონის ხათრით სიგარეტისთვის თავის დანებება მომიხდა, არადა... ეჰ, არადა!..
მოწევა ჯერ კიდევ სკოლაში დავიწყე. კლასელებთან ერთად, რა თქმა უნდა მამაჩემისგან მოპარული სიგარეტის, სკოლის შენობის უკან, ჩუმ-ჩუმად... თითქმის 15 წელი სიგარეტი ჩემი იმიჯის ნაწილი იყო, როგორც სათვალე, ხვეული თმა და წითური წვერი. ვიღვიძებდი სიგარეტით და ვიძინებდი სიგარეტით. ღამ-ღამობით ხაზვის დროს მხოლოდ მოსაწევად თუ გავდიოდი ხოლმე აივანზე და თუ მეძინა მოწევის სურვილისგან მეღვიძებოდა ხოლმე. მოკლედ ვეწეოდი როგორც სლეში Guns N’ Roses-ის კლიპებში, - ანუ გამუდმებით!.. ახლა კი...
ჯანდაბას!.. ეს წვრილმანებია!..
იმიტომ არა რომ ბავშვზე შემტკივა გული, სულაც არა!
უბრალოდ მართლა წვრილმანია. კაცს ცხოვრებიდან ყველაფრის გადაგდება უნდა შეგეძლოს რაც ზედმეტია, - ადამიანის, პროფესიის, ოცნების... პირველ რიგში კი ჩვევის.
ჩვენ ვართ ის, თუ რა არის ჩვენი ჩვევა.
ვისაც ჩვევის გადაგდება შეუძლია, ჩათვალეთ მას ყველაფერი შეუძლია! ქაოსის მართვისკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია. მე ამის მწამს.
ამიტომ დღეიდან აღარ ვეწევი!
5 აპრილი. სამშაბათი.
ვცხოვრობ ჩემი ძმის და მისი ცოლის იპოთეკით ნაყიდ ოროთახიან ბინაში. მძინავს დივანზე. დილის 8-დან საღამოს 8-მდე ვუვლი მათ 4 თვის ქალიშვილს. დარჩენილი დრო ვწერ დღიურებს, ვკითხულობ წიგნებს და ველოდები ზევსი როდის მგლიჯავს ელვას!.. ასე აღარ შემიძლია!..
ელენეს მგონი არ მოვწონვარ და არც მე მომწონს ელენე. მოკლედ, ვერაა სიყვარული პირველი ნახვით. როცა ჩხავის, მეც მინდება პირი დავაღო და ავტირდე, ეს კი ყოველ ნახევარ საათში ხდება. დღე თავისთავად დაიყო პატარ-პატარა მონაკვეთებად მის ჩხავილს შორის, როცა შემიძლია ოდნავ მაინც, მაგრამ ვიფიქრო!
ვითარებას ის ართულებს, რომ დედამისი, თათა, ქალბატონი თამარი, ჩემი რძალი, ყოველ საათში ერთხელ რეკავს და ნერვიულად მეკითხება: აბა, როგორ ხართო?..
როგორ ვიქნები ასეთ ვითარებაში? როგორც ექსპერიმენტში მყოფი ცხოველი ლაბორატორიაში, უამრავი გამოცდილი თვალი რომ აკვირდება მინის გაღმიდან და პედანტური სახით იწერს საცდელმა შიმპანზემ ამჯერად სად რა მიჰქარა და რამდენად წარმატებით მოისაქმა?!..
მიუხედავად ამისა თათას ყოველ ჯერზე მშვიდად ვპასუხობ:
- ყველაფერი რიგზეა! არ ინერვიულო!.. - შემდეგ ტელეფონს ვთიშავ და ვოცნებობ, რომ იქნებ გულმა მგლიჯოს და უმტკივნეულოდ მოვკვდე უცებ. ძილში... ან თუნდაც ღვიძილში!..
ჰმ... შავი იუმორი გვერდით რომ გადავდოთ, რამე უნდა მეღონა დამეც რომ მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, ელენიკოს Guns N’ Roses-ის 1991 წლია ქიტი Don’t cry (არ იტირო.) ჩავურთე. გამოცდილი მეთოდია! ასაკით ჩემხელა კი ყოფილა ეს სიმღერა და ისეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია ჩემს პრაქტიკაში რომელიმე გოგოსთვის ჩამერთო და არ მოსწონებოდა. ახლაც ასე მოხდა. ელენიკომ ინტერესით დაუგდო ყური და ჩემს მხარზე მიყუჩდა. მადლობა გამჩენს!.. ადრე ვერ მითხარი როკი თუ გიყვარდა, გოგო? მაგის მეტი ბიძაშენმა რა იცის, ჰეჰ!..
ელენიკოს ბიძას, ანუ მე, ცხოვრებაში 3 რამ უყვარდა საკრალური სიყვარულით:
1. არქიტექტურა.
2. როკი
3. ქალი, რომლის სახელის ხსენებაც არ შეიძლება.
ვინაიდან ამ ქალმა, რომლის სახელის ხსენებაც არ შეიძლება ისე გამამწარა, რომ ჩემი საკუთარი სახელი დამევიწყებინა, წავედი ვა-ბანკში და დავივისწყე არამოლოდ ქალი, არამედ როკიც და არქიტექტურაც. ჰმ... იქნებ ამაოდ?..
მოგვიანებით ვიფიქრებ ამაზე, ახლა ბავშმა გაიღვიძა.
6 აპრილი. ოთხშაბაში.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით არქიტექტურა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს ფიქრის სტილია. განვმარტავ ყოფა-ცხოვრებიდან მოყვანილი მაგალითებით.
ჩემმა ძმამ ბინა ყაზბეგის გამზირზე შეარჩია, ამიტომ ბავშვი სასეირნოდ ე.წ. „წითელ ბაღში“ დამყავს. (ამ ბაღს სხვა, ნაკლებად კულტურული, მაგრამ ბევრად უფრო ცნობილი სახელწოდებაც აქვს, ამიტომ მას აქ არ დავწერ. ქალბატონმა ელენემ რომ არ მიწყინოს.) ძალიან ბევრი სივრცე არ არის, მაგრამ 4 თვის ჩვილისთვის მაინც ჰაერის გამოცვლაა ამ დახუთულ საბურთალოზე.
თავიდან ეტლით დამყავდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ 8-ე სართულიდან ლიფტით ეტლის ცალი ხელით ჩატანა გაშლა, შემდეგ ისევ დაკეცვა დაატანა უფრო მღლის, ვიდრე ბავშვის ტარება. გარდა ამისა აპრილია და ჯერაც ცივა, მიწევდა ბავშვი ჩამეფუთნა და საბანი ცალკე მეთრია... ამიტომ პირველ რიგში დავგუგლე თუ როგორაა მიზანშეწონილი 4 წთვის ბავშვის ხელით ტარება და... აღმოჩნდა, რომ 5-6 თვემდე, სანამ ბავშვის ხერხემალე ჯერ კიდევ ძალიან მყიფეა და თავის დაჭერა დამოუკიდებლად არ შეუძლია, მიზანშეწონილია პატარა ვერტიკალურ პოზიციაში დაგვყავდეს ორიდან ერთ-ერთი ვარიანტით:
N1. - ვერტიკალურად, უფროსის მკერდზე მუცლით დაწოლილი, როდესაც ბავშვის ფეხები M-ის მოხაზულობას იმეორებს, მუხლები კუდუსუნთან კი 900 -იან კუთხეს ქმნიან.
N2. - ბავშვი გვიწევს ბარძაყზე, მუცლით უფროსისკენ. ხერხემალი ვერტიკალურია და მოხრილ ბარძაყებთან ქმნის 1200 -იან კუთხეს.
ორივე ვარიანტი ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ გათანგული უფროსისთვის ხელების განსათავისუფლებლად არსებობს თურმე ასეთი ფენომენი, რომელსაც ჰქვია „სლინგი.“ ესაა გრძელი ნაჭერი დამჭერი რგოლებით, რომლის დახმარებითაც უფროსი ბავშვს ტანზე იკრავს სწორედ საჭირო პოზიციაში. სხვათაშორის ძუძუთი ჭმევისას (ან ბოთლიდან, როგორც ჩვენს შემთხვევაშია) N3 პოზიციაც ძალიან ხელსაყრელია. მოკლედ, ე.წ. „კენგურუ“-ს ვარიანტია, ოღონდ ჩვილებისთვის. ფოტოებზე რომ დავათვალიერე, ჩავთვალე რომ მეც კი შემეძლო ასეთის შეკერვა, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვათ დამეზარა, ამიტომ შევედი ჯადოსნურ საიტზე, სადაც მეორად ნივთებს ყიდიან, დედების და ბავშვების განყოფილებაში ვიპოვე მსგავსი, ავარჩია კაი, მამაკაცური მუქ-ლურჯი ფერი, რომელიც ჯინსებს უხდება და კურიერმა +5 ლარად პირდაპირ სახლში მომიტანა.
ახლა, როცა კარგი ამინდია ბავშვს ნამდვილი აფრიკელი დედასავით ტანზე ნაჭრით მოხვეულს ვასეირნებ ხოლმე ბაღში და ყველა ქართველ დედას ჩემი შურს. ბავშვს არ სცივა და მშვიდად სძინავს ჩემს გულზე, (თუ ძალიან ცივა პატარა პლედს ვაფარებ ზურგზე.) მე კი საშუალება მაქვს წიგნები ვიკითხო და ხალხს ხელი ჩამოვართვა, თუ საჭიროდ ჩავთვლი, რა თქმა უნდა.
მოკლედ, ყველა კმაყოფილია!
8 აპრილი. პარასკევი
სეირნობის თემა რა მოვაგვარე, ბინის მოწყობის დროც მოვიდა.
ჩემი რძლის დიასახლისობის წინააღმდეგ არაფერი მაქვს, მაგრამ პირველ რიგში ნებართვა ვითხოვე რაღაცეები გადამეადგილებინა. თათას გაუკვირდა რა თქმა უნდა, მაგრამ რას გააწყობდა, მითხრა არქიტექტორი შენა ხარო! (რაც იმას ნიშნავს: რაც გინდა ის ქენიო, მე ვიმედოვნებ.) ამიტომ... Pink Floyd-ის Echoes ჩავრთე რომლის ლაივიც ცნობილია აგრეთვე სახელწოდებით „ლაივი პომპეიში.“ ბავშვი მის საწოლში ჩავაწვინე და რწევა და ფიქრი უნისონში დავიწყე. როგორც კი პატარას ჩაეძინა სამზარეულოში გავცალე ერთი კარადა, სადაც ერთ თაროზე თვალნათლივ გავანაწილე ელენეს სტერილიზებული ჭურჭელი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, საწოვარები, ბოთლები და რეზინის სათამაშოები, რომლებსაც პირში იდებს ხოლმე, მეორე თაროზე სუფთა პირსახოცები, მესამე თაროზე მისი მშრალი კვება. შემდეგ, მაცივარში გავცალე ერთი თარო რომელზეც თავსდება მხოლოდ ბოთლები დედის რძით და ზუსტად ვხედავ რამდენი ულუფაა დარჩენილი. ამასობაში კი ელენემაც გაიღვიძა.
მეორე დღეს, ანუ ოთხშაბათს ვუსმენდით Pink Floyd – Dark Side of the Moon, 1973 წლის უკვდავ ალბომს. მე დიდ ჩემოდანში ჩაყრილი ბავშვის ტანსაცმელი დავახარისხე. პირველ რიგში თვეების მიხედვით, - ის რაც უკვე პატარა აქვს, ცალკე დავაწყე, ის რაც ჯერ დიდი აქვს, კვლავ ჩემოდანში შევინახე, მიმდინარე თვის ზომები კი დავტოვე და დავყავი ასე: მოსაცმელები ცალკე, ქვეშ ჩასაცმელი ცალკე, წინდები ცალკე, საღამოს კაბები ცალკე... შემდეგ რადგან ცოტა ზედმეტი დრო დამრჩა, კომპლექტები შევკარი ფერების მიხედვით: ქვეშ ჩასაცმელი ბოდე, შარვალი, მოსაცმელი, წინდები... და ასეთი 5 კომპლექტი გამოვიდა. შემდეგ მივხვდი, რომ ეს არც თუ ისე პრაქტიკული სქემა იყო, ვინაიდან კომპლექტების დაშლა მაინც მიწევდა ხოლმე, თუკი ბავშვს რამე ნაწილი დაესვრებოდა და გამოცვლა მიწევდა (ეს კი ზოგჯერ ხდება), მაგრამ ამის მიუხედავად აწყობილი კომპექტი რაღაცნაირ სიმშვიდის შეგრძებას მაძლევდა. არ მქონდა გაღიზიანება იმისგან რომ ბავშვს რაღაც უნდა ჩავაცვა, მაგრამ ვერ ვპოულობ, როგორც მის მშობლებს ემართებათ ხოლმე.
ეს, მოკლედ... იმ ქალის რჩევამ, რომლის სახელის ხსენებაც არ შეიძლება აქაც გაამართლა - აწყობილი კომპლექტი ქალის სიმშვიდეა. (ანდა იმ მამაკაცის რომელიც მას აცმევს.)
სხვათაშორის... მე და ჩემი ძმა ორი ბიჭი ვართ ოჯახში, მაგრამ ბიძაშვილი გოგოები გვყავს და აი მათ ჩვენი საერთო ბებო (ღმერთმა აცხონოს) ასე ასწავლიდა ხოლმე: გოგოებო, დაიმახსოვრეთ და არ აურიოთ, მამაკაცები იყოფა ორ კატეგორიათ: ისინი ვინც ქალს ხდის და ისინი ვინც ქალს აცმევს!.. რომ ხდის ეგეთები არ გვაწყობს, ჩვენ გვინდა ისეთები რომლებიც აცმევენ!..
ჰმ... მესმის რომ ჩემი ვითარება მთლად არ შეესაბამება იმას, რასაც ბებო ქადაგებდა, მაგრამ... თავის გასამართლებლად შემიძლია ვთქვა ჩემმა ცხოვრებამ ასე მოიტანა, რომ გოგოები თავად იხდიდნენ ხოლმე. მათ შემდგომ ჩაცმაში კი არის თავისი პეწი, დამერწმუნეთ. ეს ისე, ლირიული გადახვევა!..
ხუთშაბათს ჩავრთე Pink Floyd – Animals 1977. და ყველაზე საჭირბოროტო საქმეზე მისდგა ჯერი - საფენების გამოცვლაზე. კარგი ამბავი ისაა, რომ ჩემმა რძალმა თავიდანვე იყიდა „გადასახვევი მაგიდა“, სადაც ბავშვი შეგიძლია კომფორტულად დააწვინო, სანამ საფენს უცვლი. ამიტომ, ავიღე ეს მაგიდა რა სამუშაო ზონად, მთელი მისი საფენები, ტალკი, კრემი, ზეთი, ხელსახოცები, თეთრეული, წინდები... - ხელის გაწვდომის დაშორებაზე პროპორცილად გადავანაწილე და ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინე, ამიტომ ყოველთვის ზუსტად ვიცი რა რამდენი მაქვს და სად დევს, შესაბამისად არ ვეძებ!.. შესაბამისად ქაოსის მართვის გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი წარმატებით გადავდგი!..
და ბოლოს, პარასკევს, მთლად რომ დამეგვირგვინებინა ეს ჩვენი სამუშაო კვირა Pink Floyd-თან ერთად ჩავრთე ალბომი Wish you were here და ბანაობის ზონა მოვაწესრიგე სააბაზანოში, რაც არ იყო რთული, უბრალოდ ბავშვის შამპუნები, საპნები და სხვა წვრილმანები ყველაზე დაბალ თაროზე დავაწყე, რომ სანამ ბავშვი აბაზანაში ხელით გიჭრავს, მარტივად მისწვდე ყველაფერს. იგივე ეხება მის პირსახოცებს და ხელსახოცებსაც.
დესერტად კი გვქონდა Pink Floyd-ის ლაივი Pulse და ქალბატონი ელენეს სათამაშოები, რომლებიც მადლობა ღმერთს არც თუ ისე ბევრია და მარტივად მოთავსდა ერთ საშუალო ზომის ყუთში. ისინი, რომლებიც ყველაზე მეტად მოსწონს, რა თქმა უნდა საწოლთან ახლოს დავულაგე. ჯერ დიდად მაინც არ ესმის რა რა არის, ამიტომ ყველაფერი რაც გადასაყლაპად და გასაფხაჭნად პოტენციურად საშიშად ჩავთვალე, იქიდან მოვაშორე.
აი ასე. მთელს ამ პროცედურებზე აუჩქარებლად დავხარჯე ის 5 სამუშაო დღე, როცა ელენეს მშობლები სახლში არ იყვნენ. დაგეგმვას და რეალიზაციას დავუმატოთ პლიუს მოდიფიკაცია, ვინაიდან ზოგიერთმა იდეამ პრაქტიკაში ბოლომდე ვერ გაამართლა, მაგრამ რამოდენიმე ტესტ-დრაივის შედეგად 5 დღეში ყველა სისტემა თითქმის სრულყოფილებამდე იქნა მიყვანილი. ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში. შაბათს კი ჩემს ძმას და რძალს საფუძვლიანად ავუხსენი სად რა როგორ მოვაწყე და რატომ, ხელიდან ხელში გადავაბარე მათი შვილი და მშვიდი სინდისით წავედი სასეირნოდ.
გასამრჯელოს რაც შეეხება, მოვიფიქრე ასეთი სქემა: სამზარეულოში დავდგი ერთი ლიტრიანი ქილა, ზედ გავუკეთე წარწერა „წიგნების საყიდელი ფული“ და ჩემს ძმას და რძალს ვუთხარი, რომ ორთავე თავისუფალია იმდენად ქველმოქმედი იყოს, რამდენადაც თავს გრძნობს საამისოდ განწყობილად...
ჩემს რძალს ცოტა ეხამუშა და მეუბნება:
- აჩიკო, მეტროში რომ მუსიკოსები უკრავენ ხოლმე და გიტარის შალითაში ხურდებს აგროვებენ, ეგრე ხომ არ მოგდის?
- ჰმ... მერე და ვინ გიშლით, რომ ქაღალდის კუპიურები ჩამიყაროთ, ა?.. მე ყოველთვის პოეზიის მოყვარული ვიყავი, ხომ იცით? აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე და განსაკუთრებით კი შოთა რუსთაველი მიყვარს, რა თქმა უნდა!..
- და თამარ მეფე, არა?.. - შემომცინა ჩემმა ძმამ, რომელსაც ბავშვი ეჭირა ხელში.
- რატომ არა, ლექსებს ხომ თამარიც წერდა, როგორც ქართველ მეფეთა გარკვეული ნაწილი. მაგრამ!.. ხომ იცი, არავინ ისე არ ახარებს თვალს, როგორც დიდი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი!
- ეგ ვითომ რატომ? - გაუკვირდა თათას. ჩემმა ძმამ აუხსნა:
- იმიტომ რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილი 200 ლარიან ბანკნოტაზეა გამოსახული. - უთხრა და გადაიხარხარა.
- აბა, დროებით, ორშაბათამდე!
- ორშაბათამდე?.. რატომ ორშაბათამდე?
- იმიტომ რომ პირადი ცხოვრება მეც მაქვს.- ცივად გავუღიმე, ხელი დავუქნიე სამივეს და წამოვედი. კარი რომ გავიხურე, გავიგონე ჩემმა რძალმა ჩემს ძმას როგორ უთხრა:
- გიო, ისე მოგვიწესრიგა ყველაფერი, მგონი ქაქუცათი ვერ შემოვიფარგლებით!
- დამშვიდდი! - უთხრა ჩემმა ძმამ. - ხომ გეუბნებოდი გახალისდება მეთქი! ეგეთი ხასიათი აქვს, რამეს ან საუკეთესოდ აკეთებს, ან საერთოდ არ აკეთებს. ბავშვობიდან ეგეთი ტიპია: მიფუჩეჩება არ უყვარს!..
ჰმ... პირველად მესმის! ყველაფერი კი თხელი, იაფფასიანი კარების ბრალია, რა თქმა უნდა.