სახლი ტყის პირას
სახლი ტყის პირას
ამბავი ხდება საქართველოს ერთ ლამაზ სოფელში. ახალგაზრდა მწერალი ქალი ლელა ყიფიანი ყიდულობს ლამაზ მდიდრულ სახლს. სახლი სოფლის ბოლოს დგას, თითქმის ტყის პირას. მწერალი ქალი დიდხანს ეძებდა ასეთ მყუდრო „სავანეს“. შემოქმედებითი საქმიანობისათვის ხელი რომ არავის და არაფერს შეეშალა, იგი ქალაქიდან საცხოვრებლად სოფელში გადმოსახლდა. მიუხედავად სიძველისა სახლი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და ჩვენმა მწერალმა ქალბატონმა გადაწყვიტა რემონტი ისე ჩაეტარებინა, რომ სახლს იერ-სახე არ შეცვლოდა. მხოლოდ მცირეოდენი რესტავრაცია და ხუროების და რესტავრატორების დამსახურებით ის ახლა ისე გამოიყურებოდა როგორც საუკუნეზე მეტი ხნის წინ, როგორც ააშენეს.
ლელას საქმრო ზაზა საზღვარგარეთ იყო მივლინებული სამსახურიდან და ჩამოსვლას ერთი თვის შემდეგ აპირებდა.
ღამ-ღამობით ლელას რამდენჯერმე ტყის მხრიდან მგლის ყმუილი შემოესმა. ქალიშვილი მშიშარა არ იყო, მაგრამ მგლის ყმუილი ყურს ეხამუშა.
ლელა ნოველის დაწერას აპირებდა, მაგრამ მუზა რატომღაც ღალატობდა. ეგონა ამის მიზეზი ხმაურიანი ქალაქი იყო თავისი მდუღარე ცხოვრებით, ამიტომაც გამოერიდა მას. არ იცოდა რა დაემართა. ნუთუ უკვე ამოეწურა შემოქმედებითი ნიჭის მარაგი? არა, ის ქვეშეუცნობლად რაღაცას ელოდა, რაღაც ისეთს, რაც შეიძლება მისი შთაგონების წყაროდ ქცეულიყო, მაგრამ რა უნდა ყოფილიყო ეს, ამ კითხვაზე პასუხი მან სახლში გატარებული დღეების შემდეგ მიიღო. ღამით, ძილის წინ კარს ყოველთვის კეტავდა. ზაფხული იყო და ჭრიჭინების ხმა ძალიან მოსწონდა, ამიტომ ერთ ფანჯარას მუდამ ღიას ტოვებდა, რომელსაც მწერების დამცავი ბადე იცავდა.
ახალ სახლში გატარებულ მეოთხე ღამეს ლელა კარის მიჯახუნების ხმამ შეაკრთო. ადგა, სინათლე აანთო, ჰოლში გამოვიდა, კარი შეამოწმა. დაკეტილი იყო, არადა ხმაური ისე აშკარად ჩაესმა ყურში, რომ გაეღვიძა. ალბათ მომეჩვენაო, გაიფიქრა და ისევ წავიდა დასაძინებლად. ამ დროს ტყიდან მგლის ყმუილი მოესმა. ქალმა სინათლე ჩააქრო და ფანჯარას მიუახლოვდა. ტყის პირს მთვარე ანათებდა. ლელამ დაინახა კიდეც გორაკზე შემომდგარი მგელი როგორ შეჰყმუოდა მთვარეს. გორაკზე განმარტოებით ამოსულიყო უზარმაზარი წაბლის ხე, მის გარშემო კი პატარა მინდორი იყო, დანარჩენი მხარე სულ ტყეს ეკავა. მთვარის სხივები მგელს ეცემოდა და ცხოველმა ბავშვობაში წაკითხული ლეგენდები გაახსენა...
თუ სოფელში ცხოვრება გინდა, ადგილობრივ მოსახლეობას უნდა გაეცნო, მეზობლებთან კონტაქტში შეხვიდე, გაიკითხო ამ სოფლის ამბები, ლეგენდები, ხალხს დაუმეგობრდე. ლელაც ასე მოიქცა. მალე დაუმეგობრდა სოფლელებს. ენაწყლიანი ხალხი აღმოჩნდა. სოფლელები ხშირად მაღაზიაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ლელაც დადიოდა იქ სურსათის შესაძენად და სოფლის ჭორ-მართალს ისმენდა. მეორე ადგილი წყარის პირი იყო, სადაც სოფლელებს უყვარდათ თავშეყრა და რასაც მაღაზიაში მოისმენდნენ, წყაროსთან არჩევდნენ. ლელა აკვირდებოდა მათ, გულმოდგინედ ისმენდა საუბრებს, რადგან ყოველი ფრაზა ან ნაამბობი შეიძლება მომავალი ნოველის პერსონაჟების შექმნაში დახმარბოდა. ენაწყლიანობით განსაკუთრებით სოფლის მხცოვანი ქალბატონი, ლიზა ბებო გამოირჩეოდა. იგი 90 წელს გადაცილებული იყო, მაგრამ მისი აზროვნება ბევრ ახალგაზრდას შეშურდებოდა.
ღამით ლელა ისევ შეაწუხა კარის მიჯახუნების ხმამ. კარები ცოტა ხნის წინ თვითონ ჩაკეტა. მაინც შეამოწმა. „აბა ეს რა ხმა უნდა იყოს?“- გაიფიქრა ქალიშვილმა. ამჯერად ლელას არ ეძინა და დარწმუნდა რომ არ მოსჩვენებია. კარის მიჯახუნების ხმა კვლავ გაისმა, მაგრამ აშკარა იყო რომ ეს ხმა სარდაფიდან მოდიოდა. სარდაფში ჩასასვლელი ჰოლის იატაკში იყო ამოჭრილი და რაზით იკეტებოდა. ლელას სარდაფი ჯერ არაფერში სჭირდებოდა და მისი დათვალიერებით, მითუმეტეს გადაკეთებით თავი არ შეუწუხებია. ეს საქმე საქმროს ჩამოსვლისთვის გადადო. სარდაფს გისოსებიანი ფანჯრები ჰქონდა დაყოლებული, ხოლო გარედან შესასვლელი უწინ ამოეშენებინათ და დაკვირვებული თვბალიც ვერ შეამჩნევდა, ისე იყო შეხამებული ამოშენებული ადგილი კედელთან. ლელამ საკეტი გამოსწია, ჩასასვლელს თავი ახადა და ფანარი ჩაანათა.
პატარა ხის კიბე ეშვებოდა სარდაფის ქვის ბაქანზე, შემდეგ ქვის საფეხურები იწყებოდა სარდაფის ქვისავე იატაკამდე. ლელას არ ეძინებოდა და ახლა სულ გაუფრთხო ძილი ინტერესმა, თუ რა იყო სარდაფში. ქალიშვილი კიბეს დაუყვა. ხმაყრი უფრო მკაფიოდ მოისმა. ლელა იქით ფეხაკრეფით გაემართა. ხის კარს მიადგა, რომელიც იღებოდა და იკეტებოდა და ამით ხმაურს გამოსცემდა, კარის მიჯახუნებას კი ორპირი ქარი იწვევდა. ალბათ სარდაფის რამდენიმე ფანჯარას მინები არ ჰქონდა. ქალიშვილმა ქარის შეხებაც კი იგრნო სახეზე. „ამას ხვალ მივხედავ, მინებს ჩავასმევინებ ვინმესო“- გაიფიქრა და სარდაფიდან ამოვიდა.
მეორე დილთ სოფელში გაიკითხა მეშუშე. როდესაც მუშა მოვიდა, ვერცერთი ჩამტვრეული მინა ვერ ნახეს. სარდაფის ყველა ფანჯრის შუშა მთელი იყო, ისე რომ ერთი ბზარიც ვერსად აღმოჩინეს. ქალიშვილი გაოცებული დარჩა. ძალიან უცნაურად ეჩვენა ეს.
მომდევნო ღამეს ხმაური სარდაფიდან აღარ ყოფილა, რადგან დღისით კარებს საკეტი დაადო და მაგრად ჩარაზა. თუმცა პრობლემა ამით არ მოგვარებულა. ამაზე მოგვიანებით მოგითხრობთ, ახლა კი ლიზა ბებოს გავეცნოთ. ლელამ ის ჯერ მაღაზიაში ნახა, გაესაუბრა - „ბებო, თქვენ რატომ დადიხართ საყიდლებზეო?“ - ჰკითხა მოხუცს.
-შვილო, უსაქმოდ რომ დავჯდე, სიცოცხლის ხალისს დავკარგავ. ასე კი ვგრძნობ რომ ოჯახს ვჭირდები. შვილიშვილები მიშლიან, მაგრამ არ ვეპუები.
მეორედ ლიზა ბებო წყაროს პირზე ნახა, ხავსიან ქვაზე ჩამომჯდარიყო და წინდას ქსოვდა. ლელა გვერდით მიუჯდა.
-შვილო ეგ სახლი რამ გაყიდინა, ჩემს ახალგაზრდობაში მას „დაწყევლილ სახლს“ ეძახდნენ. ახლანდელ ახალგაზრდებს მაგნაირი რამეების არ გჯერათ, მაგრამ ჩვენს დროს ყველა ერიდებოდა მის ახლოს ჩავლასაც.
-ასეთი რა მიზეზია, ლიზა ბებო? მომიყევი რა,-შეეხვეწა ლელა.
-ლიზა ბებო! ლიზა ბებო!-მოისმა შორიდან ძახილი,-წამოდი ბებო, ვისადილოთ!
-ოჰ, რა დრო გასულა! შვილთაშვილი მეძახის. სხვა დროს გიამბობ, ჩემო გოგო.ახლა უნდა წავიდე. მაპატიე,-უთხრა ლიზა ბებომ ლელას და გამოემშვიდობა.
ლელას ცნობისმოყვარეობა კლავდა მაგრამ მოთმენის მეტი რა დარჩენოდა.
მომდევნო ღამეს კარის რახუნს აღარ შეუწუხებია, მაგრამ ძილში ქალის კვნესა ჩაესმა. საწოზე წამოჯდა და მიაყურადა. კვნესა აღარ განმეორებულა. „ეტყობა მომეჩვენა,“-გაიფიქრა ლელამ და ძილი გააგრძელა. გათენებისას მობილურის ზარმა გამოაფხიზლა, ზაზა რეკავდა, ლელას საქმრო.
-მივლინება ერთი კვირით გამიგრძელეს. ჩამოსვლა შემაგვიანდება. არ მოიწყინო ძვირფასო.
-იცი, აქ ძალიან უცნაური რამეები ხდება. ცოტა მეშინია კიდეც.
-იქნებ ძაღლი შეიძინო, მეტი სიფრთხილისათვის. ერთი სული მაქვს როდის გნახავ. გკოცნი.-დაემშვიდობა ზაზა საცოლეს.
ლელამ დილით მანქანა დაქოქა და ქალაქში გაემგზავრა ძაღლის შესაძენად. საღამოს გვიან დაბრუნდა და თან ექვსი თვის სპანიელი ჩამოიყვანა. ძაღლი ახალ პატრონს და ახალ გარემოს ადვილად შეეთვისა. ეზო სირბილით და მხიარული ყეფით აიკლო. ლელამ მას ჰოლში მიუჩინა ადგილი, ღამით კი თავის საძიებელში, საწოლის გვერდით დაუგო ფარდაგი. ძაღლი მიხვდა რომ ეს მისთვის იყო განკუთვნილი და ზედ წამოსკუპდა.
ლელა ისევ გამოაღვიძა კარების მიჯახუნების ხმამ, რომელიც კვლავ სარდაფიდან მოდიოდა. ქალიშვილმა სინათლე აანთო. ძაღლსაც არ ეძინა. ეტყობა ისიც ხმაურს აყურადებდა, შემდეგ პატრონს შესწკმუტუნა. ხმაური რამდენჯერმე განმეორდა.
-ხვალ დილით ვნახოთ დეზი, ახლა იქ ჩასვლის არავითარი სურვილი არ მაქვს.
დეზიმ იატაკს დაყნოსა და ბრჭყალებით ფხაჭვნა დაუწყო, თითქოს მიანიშნებდა, ამის ქვეშ რაღაც არისო.
-ჰო, მანდ არის ის ოთახი, საიდანაც მოდის ხმაური. ახლა დამშვიდდი.-უთხრა ძაღლს და თავზე ხელი გადაუსვა.
მაგრამ თვითონ აღარ დასძინებია. წიგნი გადაშალა და კითხვას შეუდგა. ხმაური შეწყდა, დეზიც დამშვიდდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ძაღლიც ფხიზლობდა.
საუზმის შემდეგ ლელამ ფანარი აიღო და ძაღლიანად სარდაფში ჩავიდა. დეზი წინ გავარდა და ყეფა-წკმუტუნით იმ კარს მიადგა,საიდანაც ხმაური შემოესმათ. ჰოი საოცრებავ! კარები ოდნავ შეღებულიყო. ქალიშვილმა ამჯერად ოთახის კარი თამამად შეაღო. ძაღლი პირველი შევარდა. ლელაც მიჰყვა. კარი უცებ თავისით მიიხურა. შემკრთალი ქალიშვილი კარს მივარდა. საბედნიეროდ კარი დაემორჩილა.
-კიდევ კარგი, თორემ ვიფიქრე რაიმე შავმა ძალამ არ გამოგვამწყვდიოს თქო აქ.-უთხრა დეზის, რომელიც პატრონს თვალებში შესცქეროდა. ოთახი მოათვალიერა. დიდი არ იყო, ძველებური საწოლი იდგა, ასეთივე ძველებური ზანდუკლი, რამდენიმე დამტვრეული სავარძელი და პატარ-პატარა უსარგებლო ნივთები. საწოლზე გაცრეცილი და დროისაგან გაცვეთილი მუთაქები და ბალიშები ეყარა, იქვე იდო ძველებური ფაიფურის სახიანი თოჯინა. კედელზე ძვირფას ჩარჩოში ჩასმული ახალგაზრდა ქალის პორტრეტი ეკიდა. მისი დიდრონი, თაფლისფერი თვალები, მხრებზე ჩამოშლილი კულულები ლელას თითქოს სადღაც უკვე ენახა. ვარდისფერი სამოსი ქალის თეთრ პირისაცეს ატმის ყვავილის ელფერს აძლევდა. ლელას ნახატი იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტა მაღლა აეტანა. ფეხისწვერებზე შედგა და რის ვაივაგლახით ნახატი კედლიდან ჩამოხსნა. სურათის უკან კედელზე პატარა საიდუმლო ნიში შენიშნა. „ეს რაღაა?“-დაინტერესდა იგი და პატარა რკინის კარს წაეპოტინა, მაგრამ კარი დაკეტილი დაუხვდა.
ლელამ სურათი მაღლა აიტანა და ჯაყვა დანა წამოიღო, რომ სამალავის კარი გაეღო. ამ დროს დეზი მოუსავენრობამ შეიპყრო. ამოიჩემა ერთი ადგილი საწოლთან და წკმუტუნი დაიწყო, თან თათებით ქვის ფილებს, რომლითაც იატაკი იყო მოპირკეთებული, ფხაჭვნა დაუწყო. ლელამ საწოლის ქვეშ შეიხედა. იქ ტყავის ძველებური ჩემოდანი იდო. ჩემოდანი გამოათრია. ჩაჟანგებული გასაღები გაჭედილიყო. ლელამ შეამჩნია რომ საწოლის ქვეშ ფილები არ ეგო და მიწური ადგილი ოდნავ ამობურცულიყო.-„რა უცნაურია,“-გაიფიქრა ქალიშვილმა. შემდეგ ჩემოდნის გახსნას შეეცადა. ქალის ძველებური აბრეშუმის და ატლასის სამოსი აღმოჩნდა,რომელიც პატრონის მაღალ გემოვნებაზე მეტყველებდა. თუარ ჩავთვლით შმორის სუნს, ყველაფერი კარგად შენახულიყო. ლელა დაინტერესდა თუ რატომ უნდა ყოფილიყო აყრილი ფილები მაინცდამაინც საწოლის ქვეშ. მაგრამ კედეკში დატანებული პატარა სამალავი ჰქონდა ჯერ შესასწავლი.
დიდხანს აწვალა საკეტი, ზეთიც ჩამოიტანა და საკეტი დაზეთა, ხანგრძლივი ჯაჯგურის შემდეგ საიდუმლო კარი როგორც იქნა გაიღო. შიგ ფირუზით და ლალის თვლებით გაწყობილი წიგნი იდო. ქალიშვილმა წიგნი ფრთხილად გამოიღო. გადაშალა. დღიური აღმოჩნდა, ძალიან ლამაზი ხელით ნაწერი. ქალიშვილმა დღიური ოთახში აიტანა. ერთი სული ჰქონდა წაეკითხა, მაგრამ ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა. სოფლის მაღაზიიდან ურეკავდნენ. „თქვენი შეკვეთილი სარწეველა სკამები ჩამოვიტანეთ და შეგიძლიათ წაიღოთ“.-აცნობა მაღაზიის მეპატრონემ. ლელა მანქანაში ჩაჯდა და მაღაზიისაკენ გაეშურა. სკამები მანქანის საბარგულზე დაამაგრა და ის იყო წასვლა დააპირა,რომ იქვე, ხის ჩრდილში ფიცრებით გამოჩორკნილ სკამზე ჩამომჯდარი ლიზა ბებო შენიშნა. მოხუცი წინდას ქსოვდა.
-გამარჯობა, ლიზა ბებო! ბოდიში,წეღან ვერ შეგნიშნეთ.
-არა უშავს, გენაცვალე. საქმით იყავი დაკავებული და ხელი აღარ შეგიშალე. ჩამოჯექი ცოტახნით, ვიმუსაიფოთ.
ლელა გვერდით მიუჯდა მოხუცს.
-ლიზა ბებო, იმ დღეს რაღაც ამბის მოყოლას დამპირდით.
- რომლის, შვილო? მე ბევრი საინტერესო ამბავი ვიცი, შემახსენე.
-აი ის სახლი, რომელსაც „დაწყევლილს“ ეძახდნენ და მე რომ შევიძინე ახლა.
-ჰოო...-მრავალმნიშვნელოვნად თქვა ლიზა ბებომ,-სახლი ტყის პირას. მაგ სახლში დეიდაჩემი მუშაობდა მოახლედ. ეს დიდი ხნის წინ იყო.-და ამბის მოყოლა დაიწყო:
„ტყის პირას სოფლის თავადს უზარმაზარი სახლი წამოეჭიმა. სახლი ერთსართულიანი იყო, მაგრამ საკმაოდ მაღალჭერიანი და გემოვნებით მოწყობილი. ეზო კოინდარს დაემშვენებინა, ვარდის ბუჩქები იქ გვიანობამდე ჰყვაოდა. ოჯახში ქალ-ვაჟი იზრდებოდა. ვაჟი უფროსი იყო და სასწავლებლად საზღვარგარეთ გააგზავნეს. ქალიშვილი-ტასო სოფელში დაქირავებული მასწავლებლების ყურადღების ქვეშ იყო. ტასო ულამაზესი გოგონა გახლდათ-ქერა კულულები, ვარდისფერი პირისახე, წკრიალა ხმა...ბუნებას უხვად დაეჯილდოებინა იგი ყველა სიკეთით. ხასიათიც ანგელოზის ჰქონდა, განსხვავებით ოჯახის უფროსებისაგან. ქალიშვილი თავმდაბალი იყო. თბილად ეპყრობოდა მოსამსახურეებს. ხშირად სჩუქნიდა მათ შვილებს ტკბილეულს, ტანსაცმელსა და სათამაშოებს, რაც ძალიან არ მოსწონდათ მის მშობლეს და ამის გამო ხშირად საყვედურობდნენ. ტასო ღარიბ მხატვარს შეუყვარდა, ლადო ერქვა. ნიჭიერი ბიჭი იყო, მაგრამ დაბალი წრიდან. არც ტასო იყო მის მიმართ გულგრილი. მოკლედ, ქალ-ვაჟს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ.“
უცებ ცა ჩაიქუფრა, საავდრო ღრუბელი გადაიკრა და აცივდა.
-გაავდარდება,-თქვა ლიზა ბებომ და წასასვლელად მოემზადა,-სხვა დროს გავაგრძელოთ ჩემო კარგო.
ლიზა ბებო, სახლამდე მანქანით წაგიყვანთ.-შესთავაზა ლელამ.
-რას ამბობ, გენაცვალე. ორღობეში მოკლე გზას გადავჭრი და ხელად მივალ შინ.
ქალი მოხუცს დაემშვიდობა და თვალი გააყოლა. ლიზა ბებო კუსკუსით გაეშურა შინისაკენ.
„რა საოცარი მოხუცია, ენაწყლიანი, ხალისიანი, ძალიან საყვარელი ქალია.“-გაიფიქრა ლელამ და მანქანა დაქოქა. ცოტა ხანში ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რომ სახლში შესვლა ძლივს მოასწრო. სკამები დასველებულიყო. სასწრაფოდ ტილოთი გაამშრალა. ჩაი აადუღა, დეზის საჭმელი დაუსხა და დღიურის წასაკითხად ბუხართან მოკალათდა.
უცებ ყურთან თითქოს ვიღაცამ ჩასჩურჩულა თავისი სახელი:“ლელა, ლელა.“ ქალი შეცბა. არა, არ მოსჩვენებია. აშკარად გაიგონა ქალის ხმა, რომელმაც მისი სახელი ჩურჩულით წარმოსთქვა.
-ღმერთო ჩემო! მგონი ჭკუიდან გადავდივარ.-გაიფიქრა ლელამ, -ჰალუცინაციები დამეწქყო. არა. ლიზა ბებოს უნდა ვესტუმრო და ამბავი ბოლომდე მოვაყოლო. აქ რაღაც ისე ვერ არის. იქნებ თვითონ ლიზა ბებოს ჰქონდეს ამ უცნაურობის გასაღები?
უცებ მზერა სარდაფიდან ამოტანილი პორტრეტისაკენ გაექცა.
-როგორ დამავიწყდა მისთვის ადგილის შერჩევა.
ლელა ნახატს დააშტერდა.
-რა ნაცნობი სახეა. თითქოს სადღაც მინახავს. საიდან მეცნობა ეს სახე?
ქალიშვილს ყელს ლამაზი სამკაული უმშვენებდა.
-ეს ყელსაბამი!-შეჰყვირა უცებ ლელამ და კომოდისკენ გაიქცა. უჯრა გამოსწია და იქიდან პატარა ზარდახშა ამოიღო.-ბებიას სახსოვარი! ღმერთო, როგორ ჰგავს!
ზარდახშიდან ყელსაბამი ამოიღო და სურათისაკენ გაიქცა. ნახატზე გამოსახული ყელსაბამი მის ყელსაბამს ძალიან ჰგავდა. ლელამ სამკაული ყელზე შეიბა.
-საოჯახო ალბომი!-წამოიძახა თვალებგაბრწყინებულმა და ახლა ალბომის გამოსატანად გაიქცა. სწრაფად გადაფურცლა ალბომი და ბებია ლელას (რომლის სახელსაც თვითონ ატარებდა) სურათები გადაათვალიერა. ბებია სურათებში უკვე საშუალო ასაკს გადასცდენოდა. ლელას ახსოვდა რომ ბებიას ახალგაზრდობის დროინდელი ფოტოც უნდა ყოფილიყო აქ. აი ისიც, როგორც იქნა იპოვა. ფოტო ალბომიდან ამოიღო და ნახატს შეადარა. ეს ორი ქალი ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. ბებიას ყელზე ზუსტად იგივენაირი ყელსაბამი ეკეთა.
-ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს? უბრალო დამთხვევაა თუ ჩემთვის უცნობი ისტორია იმალება მის მიღმა? აუცილებლად უნდა ვნახო ლიზა ბებო.
დეზი კარებს მივარდა და ამით პატრონს ანიშნა გარეთ გამიშვიო. ასე იქცეოდა ყოველთვის როცა მოსაქმება უნდოდა. ლელამ ძაღლი ეზოში გაუშვა. დიდი დრო გავიდა, მაგრამ ძაღლი არ გამოჩნდა, არც ძახილზე მოსულა. ლელამ ლაბადა მოიცვა და მის საძებნელად ეზოში გამოვიდა. სახლს შემოუარა. დაინახა,რომ დეზის არდაფის ერთერთი ფანჯრის მინას ცხვირით აწვებოდა და წკმუტუნებდა.
-რა იყო დეზი?
პატრონის დანახვაზე დეზიმ დაიყეფა და თათებით მიწის ფხოჭვნა დაიწყო. ლელა ფანჯარას მიუახლოვდა. უცებ შემკრთალი უკან გადახტა.-აშკარად დაინახა თუ როგორ მოადო მინას ხელისგულები ახალგაზრდა, თმაგაწეწილმა, თვალებჩაღამებულმა ქალმა და თითქმის ჩურჩულით შესთხოვა:
-მიშველე!
ქალი როგორ უცბადაც გამოჩნდა სარდაფის სიბნელიდან, ისევე უცბად გაჰქრა.
შეშინებულმა ლელამ გულზე ხელი მიიდო.
-ახლავე წავალ ლიზა ბებოსთან.-გადაწყვიტა, მაგრამ გაახსენდა რომ დღიური ჰქონდა წასაკითხი.
„მგონი არ უნდა მეშინოდეს, შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ არაფერი დამიშავდება. ნუთუ ეს სახლი რაიმე საიდუმლოს ინახავს და მისი სინათლეზე გამოტანა ჩემი ვალია?“
ლელა ჭკვიანი გოგო იყო და ლოგიკური აზროვნების უნარი ჰქონდა.
„შეიძლება ეს საიდუმლო ჩემთან პირდაპირ კავშირშია,-გააგრძელა ფიქრი ქალიშვილმა,-ყოველივე ეს: ღამ-ღამობით მგლის გამოჩენა გორაზე, სარდაფიდან წამოსული ხმები, ღამეული კვნესა და ჩემი სახელის ხსენება, რაღაცის მინიშნება უნდაიყოს.“
ლელამ დღიურის კითხვა დაიწყო. ეს იყო ახალგაზრდა ქალის ამბავი. იგი ჰყვებოდა თუ როგორ შეუყვარდა ნიჭიერი მხატვარი, რომელიც საზოგადოების დაბალი ფენიდან იყო.
ძვირფასო მკითხველო, თავს არ შეგაწყენთ დღიურის ყოველი ფურცლის შინაარსის გადმოცემით, მაგრამ ერთს კი გეტყვით, რომ ეს იყო ტასოს გრძნობების მესაიდუმლე, შეყვარებულმა გოგონამ კალამს და ფურცელს მიანდოთ ავისი გძნობების გადმცემა, რადგან ამას ახლობლებს ვერ გაუმხელდა. მხატვარი ოჯახში მოუწვევიათ ინტერიერის გასალამაზებლად რამდენიმე ტილო რომ დაეხატა.
ლადოს (ასე ეძახდნენ მას) მართლაც დაუხატავს რამდენიმე სურათი, მათ შორის ტასოს პორტრეტიც. ქალიშვილს ყელსაბამი აჩუქა და ამ ყელსაბამით დახატა იგი ვაჟმა. დღიური ბოლომდე არ იყო შევსებული, წყდებოდა იქ, სადაც ტასოს შიში გასჩენოდა მშობლების გამო. მათთვის ქალ-ვაჟის ფარული ვნება ცნობილი გამხდარიყო და მათ დასაშორებლად ყოველ ღონეს იხმარდნენ. ამიტომ ტასო იმ ღამით ლადოსთან ერთად გაპარვას აპირებდა ბათუმში, იქიდან კი საზღვარგარეთ გადაიხვეეწბოდნენ.
დღიური აქ წყდებოდა.
-ნეტავ რა მოხდა მერე?-დაინტერესდა ლელა.
დილით ადრე ქალაქში გაემგზავრა. ლიზა ბებოსათვის ლამაზი შალი და ტკბილეული შეიძინა.
ლელას ლიზა ბებოს ოჯახში თბილად დახვდნენ. ჩაიზე მიიპატიჟეს. ლიზა ბებოს საჩუქარი ძალიან მოეწონა, მხრებზე მოიხვია და ამბის მოყოლა განაგრძო.
-როგორც გითხარი, დეიდაჩემი ნანო იმ ოჯახში შინამოსამსახურედ მუშაობდა და ძალიან უყვარდა ტასო. ტასო ფეხმძიმედ იყო. ღამით გაპარვას აპირებდნენ, მაგრამ ლადო დანიშნულ ადგილზე აღარ მისულა. ან როგორ მივიდოდა, როცა ტასოს მამამ ის დაქირავებულ მკვლელს მოაკვლევინა და გორაკზე განმარტოებულად მდგარი წაბლის ხის ძირში დაამარხვინა. როცა ტასომ ეს ამბავი შეიტყო, ლამის ჭკუიდან გადავიდა. ყველას გიჟი ეგონა, მხოლოდ დეიდა ნანო ხვდებოდა, რომ ასე არ იყო. გოგო დიდ სულიერ ტკივილს შეეპყრო. როცა ტასოს ფეხმძიმობა შეიტყვეს, მუცლის მოშორება უკვე გვიან იყო. ტასო მშობლებმა სარდაფის ერთ ოთახში გამოამწყვდიეს და ხმა დაყარეს საზღვარგარეთ გავაგზავნეთ სასწავლებლად ძმასთანო. დეიდა ნანომ ყველაფერი იცოდა, რაც იმ ოჯახში ხდებოდა. ის შინ იშვიათად მოდიოდა და როცა მოდიოდა, დედას რაღაცას ეჩურჩულებოდა მუდამ. დედა ტუჩებზე ხელებს იფარებდა და თავს აქეთ-იქით აქნევდა. მე მაშინ პატარა ვიყავი და ბევრი რამ არ მესმოდა. მერე, მოგვიანებით მიამბო დედამ ყველაფერი.
მანამდე კი აი რა მოხდა, ტასოს შვილი ეყოლა. გოგონა, რომელსაც ლელა დაარქვა, მაგრამ ვინ დააცადა დედა-შვილს ერთად ყოფნა. ახალგაზრდა დედას შვილი მკერდიდან მოჰგლიჯეს და დეიდაჩემის დახმარებით გააშვილეს. დეიდამ სთხოვა რომ მის უშვილო ნათესავს, რომელიც აქედან ძალიან შორს, საქართველოს სხვა კუთხეში ცხოვრობდა, ძალიან უნდოდა ბავშვი. მოკლედ, დეიდამ იმ ღამით ჩვილი ჩვენთან მოიყვანა. ძალიან ლამაზი ვინმე იყო, ვარდისფერი, ატმის ყვავილს ჰგავდა. დეიდამ თქვა, მას ლელა ჰქვია და ობოლიაო. შემდეგ ბავშვი დეიდამ და დედამ სადღაც წაიყვანეს.
ტასოს ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემგვანა. საბრალო გოგო, ეტყობა ბოლოს მართლა ჭკუიდან შეიშალა. ბავშვები როცა იმ სახლთან ჩავივლიდით, ქალის შემზარავი კივილი გვესმოდა და დეიდა შინ რომ მოდიოდა, დედას ეუბნებოდა:
„-რა მეცოდება ის გოგო, მისი სიბრალული რომ არა, იმ სახლში რა გამაჩერებდაო“.
ტასოს სიგიჟის შემოტევისას სარდაფში საწოლზე აბამდნენ. დეიდაჩემი უვლიდა. საბრალო გოგომ საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეულ ტანჯვას ვეღარ გაუძლო და ერთი წლის შემდეგ სული განუტევა. ოჯახის მკაცრი უფროსი, რომელიც პატივმოყვარეობას ისე დაებრმავებინა, რომ ოჯახის წევრების ბედნიერებაზე მაღლა იმას აყენებდა, თუ რას იტყოდნენ მისი წრის ადამიანები, და ოღონდაც მათ ყბაში არ ჩავარდნილიყო, ქალიშვილის გარდაცვალებაც არ გაამხილა. საბრალო ტასო სარდაფის იმავე ოთახში დამარხა. ქვის იატაკი აყარეს და სამარე იქ გაუთხარეს. ხომ იცი, შვილო, „არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება და საიდუმლო, რომელიც არ შეიტყობა.“-წარმოთქვა ლიზა ბებომ.-გამოვიდა ეს ამბავი იმ ჩაკეტილი სახლიდან გარეთ. ხალხმა მას „დაწყევლილი სახლი“ შეარქვა. როდესაც მათი ვაჟი შინ დაბრუნდა, სიმართლე შეიტყო, მშობლებს წაეჩხუბა. ასე უთქვამს, მე ამ სახლში თქვენი სიკვდილის შემდეგაც არ დავბრუნდები, თქვენ ამის ღირსი არ ხართო.
ლელა ყველაფერს მიხვდა,-მისი ბებია ლელა სწორედ ტასოს ქალიშვილი იყო, რომელიც უშვილო ოჯახმა იშვილა. ლელა ქალაქში ჩავიდა, პოლიციის განყოფილებაში განცხადება შეიტანა და კრიმინალისტებისა და მესაფლავეების დახმარებით სარდაფში უცნაურად ამობურცული ადგილი ამოთხარეს, ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა. მერე გორაკზე დამარხული ლადო პაპას სამარხსაც მიაკვლიეს და დიდი ბებია-ბაბუა ყველა ქრისტიანული წესის დაცვით მიწას მიაბარა.
დამშვიდდა ტასო ბებიას სული. ამის მერე ლელა ხმაურს, ყმუილსა და ტირილს აღარ შეუწუხებია. ერთხელ, უკანასკნელად თვალი მოჰკრა მგელს, რომელიც მთვარის შუქზე ვერცხლისფრად მოსჩანდა. მგელი არ ყმუოდა, უბრალოდ ქანდაკებასავით გარინდებულიყო და მთვარეს შესცქეროდა. ცოტა ხნის შემდეგ გაუჩინარდა სამუდამოდ.
ლელა დიდი ბებიის სურათს მიუახლოვდა.
-გპირდები,დღეიდან ამ სახლს აღარავინ უწოდებს დაწყევლილს. ამიერიდან ის სიყვარულის, სითბოს და ურთიერთგაგების სამეფო იქნება. ამას შენი შვილთაშვილი გპირდება, ტასო ბებია!-და გოგონამ სურათს თითები ნაზად შეახო, თითქოს ეფერებაო მასზე გამოხარულ პორტრეტს.
ამ დროს ეზოში ზაზას მხიარული შეძახილი გაისმა. მივლინებიდან დაბრუნებულიყო. ჩემოდნები და ზურგჩანტა ბალახზე მიეყარა და გახარებული მორბოდა. ლელა ვაჟს მიეგება. ბედნიერ წყვილს უღრუბლო ცა და ცხრათვალა მზე დაჰნათოდა. ლელამ ვეღარ მოითმინა და საქმროს მიახარა:
-რომანი დავამთავრე, „სახლი ტყის პირას“, კონტრაქტი უკვე გამიფორმეს, ხვალ მიბეჭდავენ.
ვაჟმა ქალი მკერდში მაგრად ჩაიკრა და ყურში ჩასჩურჩულა:
-შეუდარებელი ხარ, ჩემო სიცოცხლევ.