უკანასკნელი დღეების პატრიარქი
უკანასკნელი დღეების პატრიარქი
სადარბაზოს შესასვლელთან კაპიუშონი წამოიფარა და ისე შევიდა შიგნით გია ნინიძე, აფორიაქებული და თვალებდაცეცებული. კიბეებზე ნერვიულად ავიდა, ორ-ორ საფეხურს ადგამდა ფეხს და თან აქეთ-იქით იყურებოდა. როცა მიხვდა, რომ კაპიუშონი მხედველობის არეალს უფარავდა, უკან გადაიგდო და ერთი გაფიქრება მოასწრო, სადარბაზოში რაღად მინდოდა, თავზე რომ დავიფარეო, როცა მესამე სართულის ბოლოს წინა კიბეზე ფეხი დამბრეცად დადო და წაიქცა. ხელისგულები გადაეყვლიფა მხოლოდ, მაგრამ დაცემის დროს ტანში გასცრა, ეს მე წავიქეცი თუ ვინმემ განზრახ წამაქციაო. დაფეთებული წამოხტა და აქეთ-იქით მიმოიხედა. არავინ იყო, თუმცა ამან საერთოდ ვერ დაამშვიდა. მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა, თვალები კი - გადმოყრაზე. როგორც იქნა, მეოთხე სართულამდე ააღწია და საკუთარი სახლის კარი ისე მოუთმენლად შეაღო, რომ რკინის სახელურის წვეტიან კიდეზე ისედაც გადაყვლეფილი ხელისგული ამჯერად გაიჭრა კიდეც. თუმცა ტკივილი ვერ იგრძნო, თითქოს ნერვები ისე ჰქონდა შეკუმშული, რომ ვერანაირ ფიზიკურ უსიამოვნებას ვერ გრძნობდა. ქურთუკი არც კი გაიხადა, ისე შევიდა სასტუმრო ოთახში. ოთხშაბათი იყო, დაახლოებით, ღამის თერთმეტი საათი. მისი ცოლი მარიკა დივანში მოკალათებულიყო და ,,მასტერშეფს“ უყურებდა ფრჩხილების კვნეტით, ამიტომ ქმარს ზერელედ მიესალმა - ისე, რომ არც კი შეუხედავს მისთვის. გიას ბუნებრივი რეაქცია, ალბათ, ის იქნებოდა, რომ გაბრაზებულიყო და თავი ცოტათი მაინც შეურაცხყოფილად ეგრძნო, მაგრამ იმ ღამით არაფერი იყო ბუნებრივი. გია ნერვიულად დადიოდა სახლში აქეთ-იქით, ტუჩებს ცმუცნიდა და თვალებს დაძაბულად აცეცებდა. ცოლს ვერ გაუბრაზდა, მიუხედავად იმისა, რომ ეცადა კიდეც. ხმაც კი არ ამოუღია. მერე გადაწყვიტა, მოდი, ვეცდები, დავმშვიდდე, გამოვიცვალო და მარიკას მივუჯდე გვერდით, მერე კი ერთად ვუყუროთო ტელევიზორს. ოდნავ სველი ფეხსაცმელები გაიხადა და სასტუმრო ოთახშივე მიაწყო, რადგან შიშით ვეღარ გადიოდა შემოსასვლელში. საძინებელში, სიბნელეში გასვლაზე საერთოდ საუბარი არ მაქვს - ტანსაცმელიც იქვე, ტელევიზორის წინ გაიძრო და სავარძელზე მიაფინა. მერე გიას გაახსენდა, რომ სახლის ტანსაცმელი საძინებელში ჰქონდა. პირი ისე მოეკუმა, რომ ვერ ხსნიდა ხმის ამოსაღებად, და თითქოს ძალაც არ ჰქონდა სიტყვის სათქმელად, ამიტომაც ვერ სთხოვა მარიკას ტანსაცმლის მოტანა. დანებდა. დაძაბული, ნახევრად ფეხისწვერებზე მდგარი გაემართა საძინებლისკენ, მერე ოთახის ზღურბლზე წამით შედგა, გაიხსენა, ზუსტად სად იყო შუქის ასანთები, და პირველი, რაც ქნა - ხელი შეყო ოთახში, რადგან მთლიანი სხეულით ერთიანად ვერ შეაბიჯა. ცალი ხელით რომ ვერ მიაგნო ჩამრთველს, მეორეც შეაშველა და აღმოჩნდა, რომ ნახევარი ტანით უკვე შიგნით იყო. კედელი აერია, ხელებს აქეთ-იქით აცეცებდა. ბოლოს უკვე იმდენად დაეჭიმა სხეული და ისე ძლიერად მიაბჯინა ყბები ერთმანეთს, რომ კბილები ეტკინა. რამდენიმე ნერვული ბგერა აღმოხდა მის დაძარღვულ ყელ-კისერს, როცა ჩამრთველს შემთხვევით აკრა ხელი და საძინებელიც გაანათა. იმ წამს მიხვდა, რომ იყინებოდა, და კანკალმა აიტანა. ტანსაცმელი ძალიან ნელა, გაუაზრებლად ჩაიცვა, და ისე, რომ შუქი არ ჩაუქრია, სასტუმრო ოთახში გავიდა. უნდოდა დაჯდომა, მაგრამ პირველი ბიძგი ვერ მისცა ფეხებს, ვერ უკარნახა მიმართულება დივნისკენ, ამიტომაც ოთახში ნელა დაიწყო სიარული. მის გონებაში ყველაფერი ან თავბრუდამხვევად, ელვის სისწრაფით ხდებოდა, ან უსაშველოდ ნელა და გაწელილად. ახლა შენელებისა და კადრების გაწელვის ჯერი დამდგარიყო. გიას გაყინული ფეხები დაუმძიმდა, დაჭიმული სხეული და თვალები ატკივდა და მზერა იატაკზე მიეყინა. როცა ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ რეკლამა გავიდა და ,,მასტერშეფი“ ცოტა ხნით შეწყდა, მარიკამ ქმარს გამოხედა.
- გია, რა გჭირს? - ასე ჰკითხა ქმარს, ფერმკრთალსა და ნერვიულად მოსიარულეს. - მშვიდობა გაქვს? რამე ხომ არ მოხდა?
- არაფერი, - უსაშველოდ მძიმედ ამოთქვა გიამ ეს სიტყვა, მაგრამ ამან მის პირის აპარატს გზა გაუხსნა შემდეგი სიტყვებისთვის, რომელიც შედარებით უფრო ემსუბუქა: - არაფერი ხდება. მშვიდობაა.
გია ნინიძე ცოლს ვერ უყურებდა, რამე რომ არ შეტყობოდა სახეზე, ამიტომ ისევ იატაკს მიჩერებოდა.
- გინდა, საჭმელი ამოგიღო? - შესთავაზა მარიკამ, - მაკარონი გავაკეთე ყველით.
- არა, არა, - თითქოს იატაკს უთხრა ნინიძემ, - იყოს, იყოს.
გია სავარძელზე გადაკიდებულ ნამიან ქურთუკთან მივიდა, გულის ჯიბეში ხელი ჩაყო და ყვითელი ,,ქემელი“ ამოაცურა ერთი ღერი, მერე სასადილო ოთახში, სადაც სასტუმრო ოთახის სინათლე ბოლომდე ეფინებოდა, გავიდა, ფანჯარასთან მივიდა და გაუკიდა. მხოლოდ პირველმა ნაფაზმა შეუქმნა იმის შთაბეჭდილება, რომ დამშვიდდა და მოდუნდა, აი, მეორე ნაფაზიდან კი ჩვეული დაჭიმულობა დაუბრუნდა და ღერის ბოლომდე არ მოშორებია. არც შემდეგ. მარიკა უფრო რატომ არ დაინტერესდაო, ცეცხლი შეუნთო საკუთარ თავს, მაგრამ შენთებული ცეცხლი წამშივე ჩაქვრა. ყველანაირი გრძნობა გაქრა, დარჩა მხოლოდ მისი ნერვების გუშინ წინ გამომცხვარი პურის ყუასავით გამაგრებული ბოლოები. წამით გათავისუფლდა ნინიძე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეგონა, რაღაც ძალიან მძიმე შემოიძარცვა. გიამ ნამწვი ფანჯრიდან მოისროლა. სივრცეში იყურებოდა, უმისამართოდ, მერე კი ასე უმისამართოდვე წარმოთქვა თავისი ცოლის სახელი.
- ჰო, გია, რა იყო? - ,,მასტერშეფს“ დაბრუნებულმა მარიკამ ჯერ ცალი თვალი გამოაპარა გიასკენ, მერე კი, რახან პასუხი ვერ გაიგონა, მთლიანად გახედა. გიას წარბები ხან იჭმუხნებოდნენ, ხან ბოლომდე იშლებოდნენ ისე, თითქოს დამოუკიდებელი ნაწილები ყოფილიყვნენ. საჩველებელი და შუა თითი ნინიძეს ახლო-ახლო ეჭირა - გეგონებოდათ, ჯერ კიდევ სიგარეტი აქვსო გაჩრილი თითებს შუა - და ხელი უმოწყალოდ უკანკალებდა.
- მგონი, ჩემი მოკვლა უნდათ, - უთხრა მერე გაურკვეველი ემოციითა და გარკვეული ფითრი სახით.
პირველი თავი
ხეიბრის ვალი
კვირა დილით მამა დიმიტრიმ წირვამდე ერთი საათით ადრე გაიღვიძა. ძირითადად, ყველაფერი გათვლილი და გაანგარიშებული ჰქონდა ან, ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა მაინც, ასე ჰქონოდა, ამიტომაც ამ ერთ საათში, რახან ეკლესიასთან ახლოს ცხოვრობდა, უნდა მოესწრო საწოლში საკმარისი კოტრიალიც, გამოფხიზლებაც, ფინჯანი ყავაც და ლუკმა საუზმეც. არ მინდა, გასაკვირად მოგეჩვენოთ, თუ გეტყვით, რომ მამა დიმიტრისა და თავის ცოლ-შვილს ცალ-ცალკე, სხვადასხვა საძინებლებში მოეკალათებინათ-მეთქი, რადგან ზუსტად ამის თქმას ვაპირებ - ისინი ერთად არ იწვნენ; მის მეუღლეს სამ პატარა შვილთან ერთად ეძინა, დანარჩენი ოთხი ნაშიერი კი კიდევ ერთ სხვა ოთახში იყო განაწილებული. დიმიტრის გაუმართლა, რომ შარშან წინ, თავისი ბოლო ვაჟის ნათლობაზე, კერძო სახლი აჩუქეს, თორემ შვიდი შვილის დატევა გადაბმულად სამი წირვის ჩატარების ტოლფასი კი იქნებოდაო, ფიქრობდა. მოკლედ, იმის გამო, რომ, როგორც უკვე ვთქვი, დიმიტრის მარტო ეძინა, იმ დილითაც, ლოგიკურია, მარტო გაიღვიძა. და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ცოლი ვერ ხედავდა დიმიტრის გაღვიძებისას, მან იცოდა, რომ მამაო კვირაობით დგებოდა დილის რვა საათზე, ათ-თხუთმეტ წუთს ლოგინში კოტრიალს ანდომებდა, ცხრის ნახევარზე კი ხელ-პირდაბანილი გამოდიოდა სამზარეულოში. იმ კვირა დღესაც სამზარეულოში, ჩვეულებისამებრ, ცხრის ნახევარზე გამოსულ მამა დიმიტრის მაგიდაზე ფინჯანი ყავა და ომლეტი დახვდა. ასე ახვედრებდა ხოლმე მეუღლე საუზმეს, თუმცა ისე, რომ თვითონ მხოლოდ ერთხელ ენახვებოდა - გასვლის წინ, კარში. მამა დიმიტრის უყვარდა მარტო ყოფნა ცხრა სულიან ოჯახშიც კი. ხანდახან გაჰკრავდა ხოლმე მის გულს გაოგნება, როგორ გაჩნდნენ ამდენიო, მაგრამ, ნუ, გაჩნდნენ და აწი სხვა გზა აღარ ჰქონდა - მათზე პასუხისმგებელი იყო. დიმიტრის შვიდი შვილიდან მხოლოდ მეოთხესა და მეხუთეს შორის იყო ორ წლიანი განსხვავება, დანარჩენებთან მხოლოდ - წელიწადი. იმდენად მიყოლებით, ავტომატურად გაჩნდნენ ბავშვები მის ოჯახში, რომ, დიმიტრისდა სასირცხვილოდ, სახელებიც კი ერეოდა ხოლმე მათი ან ზოგჯერ რომელიმესი ავიწყდებოდა. ამ დროს ასეთ ხერხს მიმართავდა: ,,შვილო ჩემო, - დაუძახებდა იმას, ვისი სახელიც დაავიწყდა. ეს მიმართვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, - შენ ჰო, მოდი ჩემთან. - მოვიდოდა ბავშვი, დიმიტრი მის სიმაღლეზე ან ჩაიკუზებოდა, ან დაჯდებოდა, თვალებში ჩახედავდა და ეუბნებოდა: - იცი, რა გქვია? - ბავშვი პასუხობდა, ვიციო, - აბა, მითხარი, - ეუბნებოდა დიმიტრი. ბავშვიც პასუხობდა, მერე მამაო, იმ ერთი ფიქრის შემდეგ, ეგ სახელი რამ დამავიწყაო, აგრძელებდა: - ეგ სახელი, იცი, ვის ერქვა?“ - და მოყვებოდა იმ წმინდანის ისტორიას, ვისი სახელიც თავად დაარქვა ბავშვს. თუ გაიგებენ, რომ მათი სახელი დამავიწყდა, უბრალოდ, ეწყინებათო, ფიქრობდა გულში, თორემ საყვედურს ვერ გამიბედავენო. ამაში კმაყოფილად დარწმუნებული, თავს უფლებას აძლევდა, ისევ დაევიწყებინა. სინამდვილეში, დიმიტრის შვილები ვერასდროს წარმოიდგენდნენ, მათ მამას რამე თუ შეეშლებოდა - მით უმეტეს, მათი სახელები - რადგან მამა დიმიტრის სახლშიც, ეკლესიაშიც, სანაცნობოშიც, მთელ ქალაქშიც უშეცდომო, ძლიერი, ყოვლისმცოდნე ფოლადის კაცის რეპუტაცია ჰქონდა.
როცა წირვა დაიწყო, მამაოს ცოტა აკლდა გამოფხიზლება, მაგრამ ლიტურგიის მსვლელობის დროს თანდათანობით გამოფხიზლდა. მიუხედავად მსახურების მისი ხანგრძლივი გამოცდილებისა, ლოცვების მიმდევრობა ხანდახან მაინც ეშლებოდა ხოლმე, თუმცა მედავითნე, რომელმაც პირწმინდად იცოდა ყველაფერი დაწერილი, შეუმჩნევლად ეხმარებოდა ისე, რომ ამაზე არც ერთი მათგანი ყურადღებას ზედმეტად არ ამახვილებდა.
წირვის დასრულებისა და აღსარებების მოსმენის შემდეგ დიმიტრი თავის საეკლესიო მაღაზიაში შევიდა, სკამზე ჩამოჯდა, ორი წუთით სული მოითქვა და შემდეგ მესანთლესთან და გამყიდველთან ერთად იმ დღის მოგება დაითვალა. პროცენტულად როგორც გადანაწილდა, მესანთლეს ორასი ლარი უნდა რგებოდა, მოხუც გამყიდველს - ოცდაათი, წილში მყოფ ორ მღვდელს - ექვსას-ექვსასი, თავად კი - ცხრაასი. თუმცა, უნდა აღინიშოს, სხვისი თანდასწრებით არავის აძლევდა თანხას - ანუ, მაგალითად, მესანთლეს გამყიდველის თვალწინ წილს არასდროს მისცემდა და ასე შემდეგ. იმ დღეს გამყიდველი ნონაია შაგაშვილი მალევე გაისტუმრა და უთხრა, ცოტა ხანს ჰაერზე გაისეირნეო, მესანთლე გია ნინიძეს კი კუთვნილი ორასი ლარის ნაცვლად ას ოთხმოცი მისცა - გადაწყვიტა, ოც ლარს მოვაკლებ ხოლმე და ათ კვირაში დამატებით ორას ლარს ვიშოვი, რითის ეკლესიის საჭირო ნივთებს ვიყიდიო. არ ენანებოდა საკუთარი ფულიც, მაგრამ ასე ნაკლები დაეხარჯებოდა.
- მამაო, - გია ნინიძემ ფული გადაითვალა და დიმიტრის მიუბრუნდა, - რაც დავთვალეთ, იქიდან ორასი მერგებოდა, არა? აქ ას ოთხმოცია.
- ჰო, მაგრამ, - დიმიტრი დაიბნა, - ეს ეკლესიაა. ყველაფერი გაძვირდა, გასავალი მეტი გვაქვს, ეკლესიას კი სჭირდება ფული.
- დიახ, მამაო, - გამოეპასუხა ნინიძე, - მაგრამ ჩემი შვილებისთვისაც ხომ გაძვირდა ყველაფერი?
- ვერ ვიგებ, რატომ მეწინააღმდეგები, - დიმიტრი გაწითლდა იმის გამო, რომ მიხვდა, წითლდებოდა, - კვირაში შოულობ ორას ლარს. დღესასწაულებზე ხუთასიც აგიღია და, მახსოვს, ერთხელ რვაასსაც გამოკარი ხელი. მეჩვენება, თუ უკმაყოფილო ხარ?
- ცოტათი, მამაო, - მოურიდებლად, უხეშად უთხრა გიამ, - მაგრამ არაუშავს. დაგემშვიდობებით ახლა. მადლობა ამისთვის, - მუჭში მოქცეულ კუპიურებზე ანიშნა, თავი მდაბლად დაუკრა და მაღაზიიდან გავიდა.
მამა დიმიტრის ცეცხლი ეკიდა. გრძნობდა, როგორი ძალით ეხეთქებოდა მის საფეთქლებს სისხლის ნაკადი. მისი უზარმაზარი, მგრძნობიარე ეგო ნაპერწკლებს ყრიდა. ასეთი იყო მამაო - პატარა შეწინააღმდეგებასაც კი პირად შეურაცხყოფად იღებდა - ამიტომ, ლოგიკურია, რომ იმ საუბრის და, მე ვიტყოდი, შელაპარაკების შემდეგ შეურაცხყოფილი დარჩა. სახე უხურდა. მერე რა, რომ ნინიძე, შესაძლოა, სამართლიანად ითხოვდა იმ თანხას? მამაოს სიტყვას არ უნდა შეწინააღმდეგებოდა. დიმიტრი არ იყო ამას შეჩვეული არავისგან. ,,რა იცის, იქნებ, მომავალში ათას ლარს ვჩუქნიდი!“ - გაიფიქრა დიმიტრიმ, და საკუთარ თავთან სულ ოდნავ შერცხვა, რადგან, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ამას არასდროს იზამდა. ფული იმიტომ ჰქონდა, რომ თითოეულ კაპიკს აკონტროლებდა და, თუ რაიმე სპონტანური იდეა მოსდიოდა, მოსდიოდა მხოლოდ ისევ შოვნასთან დაკავშირებით და არა ხარჯვასთან.
მამაომ მთელი დღე საეკლესიო საქმეებზე სიარულში გაატარა სტიქაროსნებთან და რამდენიმე მგალობელთან ერთად, თუმცა გონებაში სულ გია ნინიძესთან უთანხმოების სცენა უტრიალებდა; ალტერნატიულ რეალობას თხზავდა, ახალ-ახალ დიალოგებს ხაზავდა, ჰქმნიდა, და ამ დიალოგებში ასუსტებდა ნინიძის არგუმენტების ძალას და აძლიერებდა თავის სიტყვას - ეს სიამოვნებდა, თუმცა რეალობაში წარბიც კი არ გაუხსნია მთელი დღის განმავლობაში. თავის ,,ტოიოტაში“ იჯდა, სახლში შებინდებულზე მიდიოდა. ფიქრებში იყო ჩაძირული, და ლამის ავარიაც კი მოუვიდა, რადგან ბრაზი ახრჩობდა და თვალწინ გზა კი არა, გია ნინიძის დამცირების სცენა ედგა. თავს იმაშიც კი გამოუტყდა, რომ შურისძიებაზე ფიქრობდა. შურისძიება მამა დიმიტრის, ზოგადად, იზიდავდა, და მან ამ საკუთარი მანკიერების შესახებ კარგად იცოდა - როცა პირველად წაიკითხა იესოს მარჯვენა ლოყის ამბავი, წარმოიდგინა, როგორ გაარტყამდა ვიღაცა მარჯვენაში, მერე თვითონვე მარცხენას შეუშვერდა, მერე თუმცა ამის შემდეგ, როცა დამრტყმელი შებრუნდებოდა და თავის გზას ნაადრევად კმაყოფილი გაუდგებოდა, დიმიტრი გამოეკიდებოდა და იმდენს ურტყამდა, სანამ სამჯერ არ ითხოვდა პატიებას აწ უკვე ნაცემი. ამის გახსენებაზე მამაოს გაეღიმა. როცა სახლში ავიდა, ჯერ კიდევ უტრიალებდა თავში ღვარძლიანი, მომწამვლელი ფიქრები. ცოლის და შვიდი შვილის დანახვაზე ათმაგად გაღიზიანდა, მოვალეობის მოხდის მიზნით დალოცა ყველა, ცოლს ჰკითხა, საჭმელი თუ გვაქვსო, რაზეც თანხმობა და ცოლის ფეხზე წამოდგომა მიიღო. აბაზანაში ხელებს ნელა, აუჩქარებლად იბანდა. ჭაღარაშერეული თმა და წვერი უხდებოდა მის ნაცრისფერ თვალებს, მაგრამ მაინც სიბერის ნიშანი იყო. ბრძენს ვგავარო, საკუთარი თავის შეთვალიერების შემდეგ გაუჩნდა აზრი დიმიტრის და ერთი კმაყოფილად ჩაეღიმა. შემწვარი კარტოფილი და ღორის ხორცი ტყემალთან ერთად ელოდებოდა მაგიდაზე. როცა ჭამა დაასრულა, მიხვდა, რომ თურმე აქამდე ძალიან შიოდა, და მაძღარ კუჭზე მისი ფიქრებიც გაკეთილშობილდნენ ასე თუ ისე - მის გონებაში შურისძიების ფიქრი შენდობის იდეამ მაინც გადაწონა. რამდენიმე წუთი კიდევ იჯდა სკამზე სამზარეულოში, მერე კი თავის ოთახში ავიდა, მუხლებზე დაემხო და ლოცვა დაიწყო. ლოცულობდა საკუთარი სულმოკლეობის დასაძლევად.
მამა დიმიტრის ღმერთი ძლიერად სწამდა, მაგრამ სწამდა არა მხოლოდ ღმერთის, არამედ იმისიც, რომ საჭირო დროს საჭირო მომენტში გია ნინიძე საკადრისს მიიღებდა, ოღონდ არა - ახლა.
***
სარდიონ ლომოური იყო მამა დიმიტრის ძირძველი მრევლი, ხოლო მისი ბინა - იპოთეკით დატვირთული. ლომოურის ქარხანა სტაბილური შემოსავლის გარანტი არ გახლდათ, ამიტომაც თითქმის მთელი რუსთავის ვალი ჰქონდა მას, რომელსაც შემდეგ ბანკში იხდიდა. უკანასკნელი ფული ჰქონდა შესატანი სარდიონს, რაც შეიძლება, სწრაფად, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ბინა აუქციონზე გაიყიდებოდა. ეს ის დრო იყო, როცა ხუთი ათასი დოლარი იყო ხუთი ათასი დოლარი და არ იყო ასი ათასი ლარი, როგორც დღეს. თუმცა ამ ფულის შოვნა მაშინაც საკმაოდ ჭირდა. ერთადერთი გამოსავალი, მისი უკანასკნელი იმედი იმისთვის, რომ თავზე ჭერი შეენარჩუნებინა, როგორც თვითონ ამბობდა, იმ მომენტში იყო მამა დიმიტრი. სხვა გზა არც იყო, სარდიონ ლომოური, გულწრფელი და ალალი კაცი, ყოფილი კომუნისტი - სინამდვილეში, ყოფილი კომუნისტი არ არსებობს - რომელიც ერთ დღეს მთლიანად გადავარდა რწმენაში, ადგა და თავის მოძღვართან სახეაჭარხლებული და შუბლდაცვარული მივიდა ფულის სათხოვნელად. მამა დიმიტრის არ ეპიტნავა ამხელა ფულის გასესხება, მაგრამ სარდიონის აღსარებებიდან და მისი მოყოლილი ისტორიებიდან იცოდა ამ კაცის გაჭირვების შესახებ, ასევე იცოდა, როგორ მთელი ცხოვრება იბრიყვებდა ბედი მას, ამიტომაც იმ მომენტში ისეთი სულგრძელობა გამოიჩინა, როგორიც არც მანამდე და არც მის შემდეგ აღარ გამოუჩენია - ასესხა ხუთი ათასი დოლარი და დათანხმდა ნელ-ნელა დაბრუნების პერსპექტივას. და სარდიონ ლომოური, გაჭირვებული, მაგრამ სიტყვის კაცი და ხანდახან ამაყი, იხდიდა ვალს ისე, როგორც შეუთანხმდა მოძღვარს - ანუ, ნელ-ნელა.
არსებობს პატიოსანი კაცის სახება ყველას გონებაში, აი, თვალწინ რომ დაგიდგება ვიღაცის სიფათი, შენი შექმნილის, და გგონია, რომ ეს კაცი არის პატიოსნება - ცოტა სავსე სახე, წითელი, ულვაშებითა და უკეთილშობილესი თვალებით, შუაში გაცვენილი და მხოლოდ გვერდებში შერჩენილი თმით. აი, ეგ გახლდათ სარდიონ ლომოური - პატიოსანი. მთელი ცხოვრება სპორტით იყო დაკავებული - კერძოდ, ჭიდაობით - ამიტომაც ჰქონდა მარჯვენა ყური გატეხილი; არასდროს მოუწევია სიგარეტი, არ დაულევია ლუდი და არაყი, არ ყოფილა ბორდელში, ცოლისთვის არ უღალატია; სვამდა მხოლოდ ღვინოს, ისიც ორ თვეში - ერთხელ; იყო შესანიშნავი თამადა - თავის დროზე კარგად ცნობილი როგორც სადღეგრძელოებით, ისე დალეულის რაოდენობით და სმის შესაძლებლობით; ერთი ის იყო, რომ ჭამა უყვარდა ჩვეულებრივზე უფრო მეტად, ამიტომაც ჭარბი წონა აწუხებდა და მაღალი წნევებიც. მიუხედავად იმისა, რომ ოცდახუთი წლისამ ცოლი მოიყვანა და აქტიური სპორტული კარიერა იმ წამსვე დაასრულა, მაინც მთელი ცხოვრება ვარჯიშობდა, ოღონდაც სახლში, საკუთარი გირებითა და ჰანტელებით. ორმოცდათხუთმეტი წლის ასაკში, რატომღაც, გადაწყვიტა, რომ აქტიურ ვარჯიშს უნდა დაბრუნებოდა, ჰოდა აიღო ფიტნეს-ცენტრის აბონიმენტი და დაიწყო დარბაზში პროფესიონალური ვარჯიში. მიზანი არ ჰქონია - არც წონის დაკლება უნდოდა, არც კუნთური მასის მომატება, უბრალოდ ის განცდა სჭირდებოდა, ადრენალინია თუ რაღაც სხვა. ეძალებოდა, ძირითადად, სიმძიმეებს. გამოცდილი ბოდიბილდერებიც კი გაკვირვებისგან პირს აღებდნენ, ას ოცდაათ კილოგრამიანი კაცი ას ოცდაათ კილოგრამიანი ძელით როგორ ხურდებოდა და როგორ ამატებდა ხოლმე შემდეგ წონებს. ყველა ადამიანს, რაც არ უნდა მოკრძალებული იყოს იგი, ცხოვრების რომელიღაცა მონაკვეთში მაინც უჩნდება სურვილი, რომ, ცოტა ხნით მაინც, ყურადღების ცენტრში იყოს - მით უმეტეს, ასაკში შესულ ხალხს ის სურვილიც ემატებათ, რომ ახალგაზრდებს მაგალითი მისცენ, როგორც თვითონ ამბობენ, სინამდვილეში კი საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცონ. ზუსტად ეს პერიოდი ჰქონდა სარდიონ ლომოურსაც, რომელიც, სამწუხაროდ, ცუდად დამთავრდა - ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მან თავი ცუდად იგრძნო, ამიტომ ვარჯიში ადრე დაასრულა; სახლში მიმავალი მიხვდა, რომ წნევა უწევდა, თუმცა ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გამხდარიყო, ამიტომაც განსაკუთრებულად არ შეშფოთებულა. შინ მისული აბაზანაში შევიდა, ნელ-თბილი შხაპი მიიღო და ცოლს მიუწვა დასაძინებლად, თუმცა, დაახლოებით, ოც წუთში საწოლიდან გადმოვარდა. თამარა მარუშიძე, მისი ცოლი, თავზე გაკვირვებული წამოადგა და უთხრა, ძირს რატომ ხარ, ადექიო. იმ საღამოს სარდიონ ლომოურის ბოლო სიტყვები იყო: ,,ვერ ვდგები“. სხეულზე კონტროლი მთლიანად დაკარგა და გრძნობდა, რომ მალე გონებასაც დაკარგავდა. თავი იმდენად დაუმძიმდა, თითქოს ტვინი წყლით ეჟღინთებაო. ლამის მთელი სამეზობლო გახდა საჭირო იმისთვის, რომ სასწრაფოს მოსვლამდე გარეთ გაეყვანათ. სასწრაფო ოც წუთში მოვიდა, ამ დროს სარდიონი უკვე სრულიად უგონო იყო. როგორც შემდეგ გაირკვა, მისთვის დაურტყამს წნევას, რის შედეგადაც ორმოცდათხუთმეტი მილილიტრი სისხლი ჩაექცა ტვინში. თამარა საავადმყოფოში ათენებდა და აღამებდა ორი თვის განმავლობაში. არავის ეგონა, რომ სარდიონი, რომელიც სამოცი დღის განმავლობაში აპარატზე იყო შეერთებული და ელოდებოდა, როდის ამოწურავდა დაზღვევა წყალობას, გადარჩებოდა. მაგრამ, სანამ აპარატიდან გამოაერთებდნენ - ესე იგი, სანამ დაზღვევის ფული გათავდებოდა - ერთი დღით ადრე სარდიონმა საკუთარი ძალით შეძლო სუნთქვა. ამ მოვლენიდან ათი დღის შემდეგ გამოწერეს საავადმყოფოდან - იმ ათი დღის ფული თამარა მარუშიძის მოხერხებულობამ და მახვილგონიერებამ გადაიხადა. ლომოურის გამოყვანის დროს თამარას ეხმარებოდა უკვე მეგობრედ ქცეული მთელი საავადმყოფო, დაცვის ბიჭები, მთავარი ექიმი, ხოლო სახლში შეყვანაში და სხვა დანარჩენ ფორმალობებში გია ნინიძე - მათი სიძე - მიეხმარა. გამოწერეს სარდიონი, თუმცა მისი სხეულის მარჯვენა ნახევარი სრულიად პარალიზებული გამოვიდა პალატიდან, შესაბამისად, დაკარგა შრომისუნარიანობა და, ლოგიკურია, მამა დიმიტრის ვალიც დარჩა ან, უფრო სწორად, რჩებოდა გადაუხდელი. კი, იმ დრომდე სამი ათასი დოლარის გადახდა მოესწრო, მაგრამ ორი ათასი კიდევ დარჩენილი ჰქონდა, და თანაც ეს ორი ათასი, თუ ლარებში გადავიყვანთ, ბევრად აღემატებოდა აწ უკვე გადახდილ სამ ათასს - ლარის ინფლაციის გამოისობით, რაღა თქმა უნდა. თამარა მარუშიძე მარტო უვლიდა ლოგინად ჩავარდნილ მეუღლეს, რომელსაც, გამოწერიდან პირველი კვირა, საუბარიც კი არ შეეძლო. გია ნინიძე, როგორც გამოსდიოდა, მატერიალურადაც ეხმარებოდა, თუმცა მხოლოდ მცირედით და, რახან თვითონ თამარა არ მუშაობდა, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო მარიკა ლომოურის და - ესე იგი, მათი უმცროსი შვილი, ლიკა - გახლდათ, რომელიც იტალიიდან გზავნიდა ყოველკვირეულად თანხას. ლიკა ლომოურიც, თავის მხრივ, მოხუცს უვლიდა და ამაში იღებდა ფულს, თუმცა, ფულს მაინც იღებდა, როგორც უკვე ვთქვით, თამარასგან განსხვავებით. სარდიონს სჭირდებოდა ძვირიანი წამლები, მასაჟისტები, ათასი ექიმი, სპეციალური კვება - მოკლედ, ბევრი ფული მიდიოდა მასზე. პირველი კვირები სარდიონი მკვდარივით იყო, საუბრის და გადაადგილების უნარს მოკლებული, რომელიც მხოლოდ სუნთქავდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი ხელახლა ალაპარაკდა, სრული სამი თვის შემდეგ კი თითქმის ისე მეტყველებდა, როგორც ჩვეულებრივ, და აზროვნებითაც თითქმის ისე აზროვნებდა, როგორც ჩვეულებრივ.
სარდიონ ლომოურის სასწაულებრივი გადარჩენიდან ოთხი თვის თავზე, კვირა დღეს, წირვის შემდეგ, ორი ათასი დოლარის დანაკლისით შეწუხებული მამა დიმიტრი მასთან მივიდა ისე, რომ გია ნინიძეც არ გააფრთხილა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. კარში თამარა შეეგება, რომელიც ჯერ დაიბნა, შემდეგ კი, დამლოცეო, მამაო, უთხრა. დიმიტრიმ დახრილ თავზე ჯვარი გადასახა და ჩვეულებრივზე უფრო დიდი ხნით დაადო ხელისგული.
- მამაო, რა თქმა უნდა, გამიხარდა თქვენი მოსვლა, - უთხრა ჯერ კიდევ გაურკვეველი ემოციით თამარამ, - და ამიტომაც ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ რატომ ხართ აქ? რამ მოგიყვანათ ჩვენთან?
- ალბათ, ღვთის განგებამ, - უპასუხა დიმიტრიმ უემოციოდ, როგორც ჩვეოდა, თუმცა მტკიცე ხმით. იფიქრებდით, თვითონაც არ სჯერა, რასაც ამბობსო, - მე შენი ქმრის მოძღვარი ვიყავი და ჯერ კიდევ ვარ - თანამდებობიდან არავის გადავუყენებივარ. ჩემი სულიერი შვილია. მოვედი, რომ ვინახულო, აღსარება მოვისმინო, ვაზიარო.
- კიბატონო, რა თქმა უნდა, მამაო, - სახლში შემოიპატიჟა თამარამ, - ოთხი თვეა, გამოწერეს და ასეა. მარჯვენა მხარე პარალიზებული აქვს, თუმცა ლაპარაკით ლაპა...
- თვითონ ვკითხავ, შეიძლება? - სიტყვა თითქოს მიუგდო დიმიტრიმ.
თამარა არ გაბრაზებულა, რახან მიჩვეული იყო მამა დიმიტრის ასეთ ჩვეულებებს, თუმცა არც ესიამოვნა ასეთი ტონი, რა თქმა უნდა, ამიტომ სასტუმრო ოთახში, სარდიონთან შეუძღვა, სკამი დაუდგა და სიტყვის უთქმელად გაეცალა. იმავე ოთახის კუთხეში დადგა, გულში კი მწარედ იგინებოდა, ეს რომ მღვდელია, იმისი და იმისიო. ამ სიტყვების გამო მერე კი ჭამდა სინდისი და ფიქრებში ათას ბოდიშსაც იხდიდა ღმერთის წინაშე, მაგრამ იმ მომენტში ვერ იკავებდა თავს.
- სარდიონ, გაახილე თვალები, - მიაძახა ერთი თამარამ მეუღლეს, რომელსაც ჩვევაში ჰქონდა გადასული თვალების წარამარა მოხუჭვა, - მამაოა მოსული.
სარდიონმა ელვის უსწრაფესად გაახილა ორივე თვალი, კისერი დაჭიმა, თითქოს წამოდგომას აპირებსო, მერე კი ფოკუსი ძლივს გაასწორა დიმიტრიზე. გულით გაიღიმა - მოძღვრის ნახვა ესიამოვნა. სხვა არაფერი ახსოვდა იმ მომენტში, სიმართლე ითქვას ან, უფრო სწორად, ვერაფერ ცუდს ვერ წარმოიდგენდა - ავად რომ იყო და იწვა, მომენტში საკუთარ უპირატესობად მიაჩნდა.
- სარდიონ, განსაცდელში ხარ, ხედავ? - ჰკითხა მამა დიმიტრიმ და ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, გააგრძელა: - ღმერთი გვივლენს განსაცდელს. იობის* მსგავსად გვცდის ყველას რწმენაში. შენი გამოცდა ახლაა. მოვედი, რომ ჩემი - როგორც შუამავლის - როლი შევასრულო შენსა და ღმერთს შორის. თან მაქვს ლოცვები. მინდა, რომ გაზიარო, ოღონდაც თან აღსარება უნდა ჩამაბარო.
- კი, მამაო, გაიხარეთ, - დათანხმდა სარდიონი, - წმინდა ზიარების მიღებაზე უკეთესი რა შემიძლია ახლა...
- შენი თავის არ-შეცოდება, მონდომება და ფეხზე დადგომა, რომ ისევ გაუძღვე ოჯახს წინ, - უთხრა დიმიტრიმ ისე, რომ არც უყურებდა მას, არამედ თავის ჩანთაში იქექებოდა.
ამოიღო საკმეველი და ნახშირი, დაანთო, ამოიღო ნაკურთხი წყალი, აპკურა სარდიონსა და თამარას, გადაშალა ლოცვანი და სნეულის ლოცვების კითხვა დაიწყო. მალე რომ მორჩენილიყო, ახტებოდა რაღაც მონაკვეთებს - ცოლ-ქმარს მაინც მხოლოდ მისი ბუტბუტი ესმოდა. დიმიტრი არ გაჩერებულა, სულ ოთახში დადიოდა, თუმცაღა ისე ნელა, რომ თამარამ ვერც შეამჩნია, მის გვერდით როგორ გაჩნდა. მთელი სახლი საკმევლის სურნელოვან ნისლში ჩაეფლო. დიმიტრის დაბალი, მონოტონური ბანი ლამის აჰიპნოზებდა ოთახში მყოფებს. თამარამ თვალები ერთხელ მილულა და იმ წამსვე სქელი ნისლიდან ბასილისკოსავით გამოცურდა მამა დიმიტრის თავი, თან თამარას ეჩვენებოდა, თითქოს ლოცვა არ შეწყვეტილა, არამედ მამაოს მეორე თავი გამოეზარდა და იმან პარალელური ჩართვა გააკეთა, სანამ დიმიტრის ერთი თავი ,,წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავოს“ ამბობდა. ნისლზე უფრო ღია ფერის თვალები მისჩერებოდა თამარას.
- მარტო დაგვტოვე, - უთხრა მამაომ, და მარუშიძე ავტომატურად გავიდა.
მამა დიმიტრი ლოცვის შეუჩერებლად მივიდა სარდიონ ლომოურთან, ლოგინზე ჩამოუჯდა და ჰკითხა:
- რა შესცოდე?
- მამაო, - გამოერკვა მინავლებული სარდიონი, - ის არ გინდათ, რაღაცა, თავზე რომ გადამაფაროთ? ბოდიში, არ ვიცი სახელი...
- მე გადავწყვეტ. შენ ის მითხარი, რა შესცოდე.
სარდიონი დაფიქრდა. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ არაფერი ახსოვდა ისეთი, ცოდვანარევი, გარდა იმისა, რომ ცოლს რამდენჯერმე შეაგინა. გონებას ვერ ძაბავდა, თორემ ცოდვის გახსენებას რა უნდა - ეკლესიის კანონების მიხედვით, რომ ვსუნთქავთ, ეგეც კი ცოდვაა; თუ ჰაერს ოდნავ მაინც ხარბად ჩავისუნთქავთ - საერთოდ.
- მამაო... - ამოღერღა მერე, იქნებ ასე ლაპარაკში გამახსენდესო რამე.
- ვხვდები, რომ გონებას ვერ ძაბავ, - უთხრა დიმიტრიმ, არ დააცადა. სახეზე ნული ემოცია ჰქონდა, - მინდა, რაღაცაზე დაგელაპარაკო.
გვერდით ოთახში გასული თამარა მარუშიძე გამოფხიზლებულიყო და, მამაოს სიტყვის მიუხედავად, მარტო დაგვტოვეო, კედელზე ყური მიედო, რომ მათი საუბარი მოესმინა. მარუშიძე ყოველთვის რატომღაც უსიტყვო მტრობას გრძნობდა მამა დიმიტრისთან, რაც ტანჯავდა კიდეც, თუმცა ეს ტანჯვა მაინც ვერასდროს აშორებდა გაურკვეველ ეჭვსა და უნდობლობას.
- ვფიქრობ, რომ კარგად იცი, რაზეც მინდა ლაპარაკი, - დაიწყო დიმიტრიმ.
- რაზე, მამაო? - წამოწითლდა სარდიონი და ქვემოთა ყბა წინ წამოწია - ასე შვრებოდა ხოლმე, როცა ნერვიულობდა.
- მე ის ფული ჩემს ოჯახს, ეკლესიას და ქრისტეს მოვაკელი, ხომ ხვდები. თანაც საქმე კაპიკებს არ ეხება, თორემ ძუნწი სულაც არ ვა