სიმონ მეფე
სიმონ მეფე
შიში და ზარი სუფევდა იმ შარაგზაზე, რომლითაც ისინი მიდიოდნენ, მთავარი ტაძრისაკენ. ზამთარი იყო ავი! ხის ტოტებზე ეკიდნენ გაყინული ნაყოფნი ბუნებისანი. მანამდე ხომ უეცრად გამოთბა და გამოკვირტა ბუნებამ სიცოცხლე, ეხლა კი მისდგა და ყინულის შუბ-ნაჯახებით შეუდგა იგი მისი ნიშანწყალის ჩეხვასა და ლეწვას.
- გინახავთ ამაზე უფრო საბრალო ხატება? ჩაყინული ვარდის კოკორი, რომელიც ცოცხალიცაა და ამავე დროს მკვდარიც - ჩაილაპარაკა თავისთვის ბერმა იგნაციომ, რომელსაც ფერწერისა და კალიგრაფიის ნიჭი, ადამიანთა დარდსა და ჭმუნვის შემსუბუქების სურვილთან ერთად მოჰმადლა უფალმა.
- კავალკადას არ ჩამოვრჩეთ, ვიჩქაროთ იგნაციო - ჩაილაპარაკა ორდენის სამხედრო ექიმმა დელაროშმა და იგნაციოს მოჰხედა, ბერი თვალ-ცრემლიანი დაჰყურებდა ბროლის ვაზის მსგავს ყინულის ჭურჭელში მისვენებულ ვარდის კოკორს, რომელსაც თავისი წითელი ფერი არ დაეკარგა და ცოცხალს ჰგავდა, მაგრამ უკვე მკვდარი იყო.
- საოცრებაა დელაროშ მართლაც, ამგვარადაა ადამის ძეც, უბედურების შემოტევისას, თითქოს ცოცხალია, მაგრამ ამავე დროს მკვდარიც არის, მისი ყოვლის-მომცველი, წლობით ნაფურჩქვნი სიხარული, მისვენებული რომ წევს არყოფნის ბილიკზე.
„ცხოვრება ამგვარია, სიცოცხლე ყველგან გადარჩენისაკენ ისწრაფვის, ახალ-ახალ კედლებს აგებს ბოროტების წინააღმდეგ. მედიცინა და სამხედრო საქმე ერთად იღწვიან ადამიანთა მომავალი ბედის გამოკვეთისაკენ. სახედრო საქმე ჰკლავს და სამედიცინო არჩენს, სამხედრო ჭურვი ეხლა უკვე ასს კაცს ავლებს მუსრს, ხოლო დასტაქრის სკალპელი და ჰოსპიტალი , ასივეს თუ ვერა , ათ მათგანს ისევ სიცოცხლეს უბრუნებს, ასეთია ჩემი საფრანგეთი და იგნაციოს ბასკონია, მაგრამ აქ ამ ბინდისფერ ქვეყანაში ორდენმა იმიტომ გამოგვაგზავნა, რომ ბოროტებასთან ადამიანის შიშველი ხელით ჭიდილი შევისწავლოთ“ - ფიქრობს სამხედრო ექიმი და თავჩაქინდრული მისდევს, მოწითალო ბედაურებზე ამხედრებულ წვეროსნებს, რომლებსაც ცალი ხელით საკაცე უპყრიათ, ამ საკაცეზე კი დედოფალი განისვენებს, რომელიც მცირეწლოვანი შვილის დაღუპვას გადაჰყოლია. საბრალო მამა კი, მეფე ქვეყნისა, კედელთან მიმწყვდეული მგლის გამომეტყველებით მუძღვის ამ უბედურ მხედრობას.
- აი გამოჩნდა მონასტერი, მწვერვალზე იმ მთის! დელაროშ, ამგვარი სიწმინდე იშვიათია ჩვენს ევროპაში, მაგრამ ეხლა იქ არ მივდივართ, ჯერ ხეობას მივყვებით და შემდეგ გადაუხვევთ, სამოთხის ბაღად წოდებულ ადგილს, სადაც, მაცხოვრის კვართი არის დაფლული .
- სწორედ ეს არის სვეტი - ცხოვრების, რომელსაც მაწავლიდნენ ქალაქ სმირნის ბერები ღირსო იგნაციოს - დაბალ ხმაზე პასუხობს შევერცხლილ წვერიანი დელაროში და იგნაციოს ჯორს მოსართავებს უმოწმებს, როგორც ცხენოსან არკაბუზიერებს სჩვევიათ სამხრეთ საფრანგეთში.
- დიახ ღირსო დელაროშ, ხანდისხან ვიფიქრებ, რომ დასტაქარი არც კი უნდა ამ ქვეყანას, სადაც თავად ეს მაცოცხლებელი - სვეტი ახდენს საოცრებებს! აგრე არ არის? მაგრამ ვიტყოდი, რომ მდგომარეობა შეიცვალა, როდესაც ბოროტმა სულთანმა და წყეულმა შაჰინ-შაჰმა, მსტოვრების დაუძინებელი ქმედებებით , მაცოცხლებელი სვეტის მადლი წაართვა ამ ხალხს და მათი იმგვარი საიდუმლეობა შეიტყო რასაც სიკვდილის წინაშეც კი არ გაამხედნენ იბერიელნი.
- მაინც რა შეიტყვეს ამგვარი ბერო იგნაციოს? - იკითხა დელაროშმა და ბერის ჯორს, სახელად „მავრო დე ანდალუზიას“, მოფერებით ხელი ყურებში შეუცურა.
- ანცი ჯორია მავრო, მოფერება ძალიან უყვარს, მაგრამ სულ მუდამ განმარტოებისაკენ მიისწრაფვის, როგორც კი უნაგირს მოხსნი, იმ წამსვე მინდორს გარბის, ვერც კი დაიჭერ, უკანა ფლოქვები დაუბიო, მირჩიეს ადგილობრივებმა, მაგრამ მეცოდება და ამიტომაც ვცდილობ იმგვარ ადგილას გაუშვა საბალახოდ, სადაც ღობე და ყორე მეგულება, რომ თავისუფლად განავარდებული მავრო დე ანდალუზია ერთის მხრივ კავკასიელი მგლის მსხვერპლი არ გახდეს, ხოლო მეორეს მხრივ თავისუფლება არ მოაკლდეს და ამგვარად გული არ დაეთუთქოს - იგნაციო იღიმებოდა და მავროს მოხდენილ ფაფარს გზა და გზა წნავდა.
- კარგია ბერო, ასე რომ გიყვარს საკუთარი ჯორი, ეს იმას ნიშნავს რომ უფალი არ მიგატოვებს არასოდეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენთვის ცნობილი მსოფლიოს ამ მხარეში, სადაც ხშირად ჯორის ფლოქვები უფრო მეტ სარგებლს მოგიტანს, ვიდრე საკუთარი ცოდნა!
დელაროში, ჯორის აღკაზმულობით კმაყოფილი, ეხლა კი თავის ყარაბახულ ბედაურს აწვდის მისთვის გადანახულ იმ შაქარყინულის გვნიხს, რომელიც იბერიელთა სასახლეში, უხვად მიმობნეული ნახა.
- იბერიელთა საიდუმლოებებზე შემდეგ გეტყვით, მაგრამ ჩემს ჯორსაც მიეცით დელაროშ შაქარყინული, გთხოვთ- მუდარის კილოთი საუბრობდა თეატინელი ბერი.
- კარგით, დაკმაყოფილდეს მავრო დე ანადალუზია - ამბობს დელაროში და ცხენიდან გადმოყუდებული, ჯორის პირთან სასურველი შაქარყინულის გვნიხს მიაქანავებს. ჯორი თვალებს არ უჯერებს, ნაბიჯს უმატებს, მაგრამ არომატით სავსე გვნიხი მაინც გაურბის. დაიტანჯა მავრო დე ანდალუზია - მეტეხელი ჯორი, რომელსაც ესპანური სახელი უწოდეს რატომღაც.
როგორც ჩანს მავრო დე ანდალუზიას ნესტოებს შაქარყინულის სურნელი ათრთოლებს და მანაც აუჩქარა ფეხს და საბოლოოდ, დელაროშის მოწყალებით, მისწვდა იმ გვნიხს, რომლის გასინჯვამაც ჯორი ისე გაახარა , რომ იგი უეცრად ადგილიდან მოსწყდა და მოწინავე წითელ ბედაურს სწორედ რომ უკანალში შეეჯახა.
იბერიელმა მხედრებმა თავები მოატრიალეს და იგანციო ბერს შეხედეს. ბერი თავისსავე ჯორის საქციელზე იღიმებოდა, დელაროში კი გადახარხარებასაც აპირებდა, მაგრამ ისინი ორივენი გაშეშდნენ როცა, მკაცრი გამომეტყველების ცხენოსნებს თვალზე აკიაფებული ცრემლი შეამჩნიეს. იბერიელები მდუმარედ ტიროდნენ!
***
- მცხეთად წოდებულ უძველეს დედაქალაქში ვართ ბატონო დელაროშ. აქ უჩინრად თუ ჩინებულად ღმერთი ხვდება კაცთ. როგორც სმირნაში მითხრეს, მცხეთა არის ადგილი სადაც „ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ“. დღესაც სწორედ ამგვარი დღე გვაქვს, რადგანაც მეფის მცირეწლოვან გარდაცვლილ ვაჟს ვასაფლავებთ, აქ უამრავი კაცი მოვა მოსასამძიმრებლად. კეთილიც მოღოღდება მეფესთან და ბოროტიც ეამბორება მის გაყინულ ლოყას, მაგრამ მეფე იუდას ვერ ამოიცნობს. იგი მგელივით ძლიერია და ძლიერს კი ალღო ჰღალატობს - ჩურჩულებდა იგნაციოსი მცხეთის ქალაქის შესასვლელთან, უამრავი ადამიანის დანახვისას და სმირნიდან ეხლახანს ჩამოსულ დელაროშს ჯორიდან აჰხედავდა.
- დაითმინე გული იგნაციოს, ამდენს ვერც დავიმახსოვრებ ჩემო კეთილო - ბუტბუტებდა დაბნეული სამხედრო ექიმი, რომელიც იბერიელთა მეფის თხოვნით იქნა გამოძახებული კვიპროსიდან.
დელაროში თავად ბრეტონელი ვაჟკაცი იყო. ადრე არკაბუზიერების გვარდიის რაზმში მსახურობდა, ექიმის ხელოვნებას შარტრის პოლკში დაუფლებოდა, სადაც ქირურგის ასისტენტად მსახურობდა. ორდენში შესვლის შემდეგ, გულ-სისხძარღვთა დაავადებებს განსაკუთრებული მონდომებით სწავლობდა. სამედიცინო აღმოჩენების შესახებ ანგარიშებს სწერდა და ორდენის გულში აგზავნიდა. მაგრამ როდესაც აღმოაჩინა, რომ პრაქტიკა არ ყოფნიდა, შემდეგ მოისურვა საბრძოლო მოქმედებებთან სიახლოვეს ემსახურა. ეს როგორც კი გაამჟღავნა იმწამსხვე კვიპროსთან მოქმედ მონასტერში გაამწესეს. ოსმალთა სამხედრო კატარღებს აქ კვიპროსისა და ვენეციის ფლოტი ებრძოდა. ამ სამხედრო თეატრზე, შარტრისაგან განსხვავებით, უკვე დიდი ოდენობით იყო „ხორცი და ძვალი“. დელაროშმა აქ ფართო სარბიელი „მოყნოსა“ სამედიცინო კვლევებისათვის. მაგრამ ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ დელაროში აქაც არ კმაყოფილდებოდა და სათქმელს ან სულაც ასაიდუმლებდა ან საკმარისი სიღრმით არ ამბობდა. მთავარი ის იყო, რომ სამხედრო ექიმი ორდენის გულში, გახუნებულ, მდარე ანგარიშებს ჰგზავნიდა. ბოლოს კი, როგორც ეს იგნაციოსათვის იქნა ცნობილი, დელაროში სისტემურ გადაცდომებში იქნა შემჩნეული. მისი პაციენტები ზედიზედ იღუპებოდნენ. ამიტომაც მას ახალი საექიმო ადგილი უნდა მოეძებნა და მოვიდა კიდევაც იბერიელთა ღირსეული მეფის წერილი - „დასავლეთის ქრისტიანებო დასტაქარი მომაშველეთო“. წერილი ჯერ რომში მოხვდა, შემდეგ იგი პაპის ნუნცმა საფრანგეთის მონარქიაში ჩაიტანა და გვარდიის საველე-მარშალ დ,ანკრთან ხმამაღლა წაიკითხა. საველე მარშალს, რომელსაც სულაც არ უწყოდა სად იყო კავკასია, ესმოდა რომ - „აღმოსავლეთის ქრისტიან იბერებს უნდა მიხმარებოდა“. ასე გამოგზავნეს დელაროში, კვიპროსიდან სმირნის მისიაში, სადაც იგი კარგად შეისწავლეს და გაოსმალებული ბერძნის ქუჩუკ ალის ხომალდით, იბერიელთა საზღვაო სოფელში - ბორჩხაში გადმოსვეს. შემდეგ იყო გრძელი გზა, მცირე კავკასიონის ქედები, გოდერძის უღელტეხილი, დიდი ქალაქი ახალციხე, აწყური, გორი და ბოლოს ქართლის მეფის დედაქალაქი - თბილისი. დელაროშს გაუხარდა როდესაც თბილისის ციხეები და კოშკები - ხუთჯვრიანი დროშებით მორთული ნახა. „ჯვაროსანთა ხანაში დამაბრუნა ბედმა, ამაზე ვოცნებობდი“ - გაეღიმა დელაროშს დედაქალაქის ხილვისას. ბერი იგნაციო მას თბილისში დახვდა და იმ წამიდან იგი გაუჩერებლად ასწავლის სამხედრო ექიმს.
- მე სულაც არ გადაგღლიდით პირთა სახელებითა და გვარებით, მაგრამ რა ვუყოთ, სმირნის მისიის ხელმძღვანელის, პადრე პიეტროს ინსტრუქციას? მე ამ დოკუმენტს მივყვები ჩემს ქმედებებში. ინსტრუქციაში კი წერია - „სამხედრო ექიმს სრული წარმოადგენა უნდა შეექმნეს კუთხეზე, მის გეოგრაფიაზე და ისტორიაზე, ასევე სულიერებაზე და იმ პიროვნებებზე, რომლებიც ამ ქვეყნებს მართავენ.“ ზეპირად ნასწავლ ინსტრუქციას იმეორებდა იგნაციოსი.
- კი, კი გეთანხმებით, მასწავლეთ მაგრამ ასე ნუ მომაყრით, მაინც ვერ ვიმახსოვრებ და მთელი გზა ამ უბედურ ჩვილზე ვფიქრობ, იქნებ ჩამომესწრო და გადამერჩინა - თქვა დელაროშმა, მის წინ აღმართულ უზარმაზარ ტაძარს ახედა და გაოცებულმა გადმოხედა ჯორზე ამხედრებულ ბერს.
- სვეტიცხოველი, მთავარი ტაძარი ამ მხარეში, მეათე საუკუნეში ხელმეორედ იქნა აშენებული, მას შემდეგ, რაც აქაურმა მეფემ, ბიზანტიის დიდ კეისარს ბასილი ბულგართმჟლეტელს ბრძოლა გაუმართა, მაგრამ სამწუხაროდ დამარცხდა და ბასიანში საკუთარი ტაძარი გადაწვა უკანდახევისას.
- დიდებული ტაძარია, თავი შარტრში ან სენ დენის სააბატოში მგონია, აფერუმ მის არქიტექტორს, იმ დროინდელ მეფესა და ეპისკოპოსს - დელაროში სიხარულით ათვალიერებდა მზის სხივებზე განათებული დედა ტაძრის ნაკვთებსა და ჩრდილებით დაბურულ ჩაღრმავებულ ბარელიეფებს.
- საიდუმლოებებით სავსე ტაძარია, აქაურობა იმ ჭაობს მაგონებს სადაც სიბრძნე გაუჩინარდა - უეცრად თქვა იგნაციოსმა.
- ჭაობიც სიბრძნეა, მხოლოდ უფრო ძველი, რომელიც ახალ ცოდნასთან შეჯახებისას ამ უკანასკნელს მნიშვნელობას უნახევრებს.
- გენიალურად ბრძანეთ! თქვენ ხომ არ ხართ ახალი ერაზმ როტერდამელი? - გესლიანად შენიშნა იგნაციუსმა.
- მხოლოდ სამხედრო ექიმი ვარ, რომელმაც ნახევარი მსოფლიო შემოიარა - გაიცინა დელაროშმა, მაგრამ მას უეცრად მკლავში ჩააფრინდა იგნაციუსი და ალაპარაკდა:
- აი აქ დავთმოთ თქვენი დიდებული ბედაური, რომელიც მეფემ გისახსოვრათ და ჩემი ჯორიც, აი ამ ხალხს მივანდოთ ჩვენი ბედი და ტაძარში შევიდეთ, მომისმინეთ და ყველაფერს ეხლავე გაგაგებინებთ. მთელი სახელმწიფო, ამ სცენაზე შეიყრება და ჩვენ იმასაც კი გავიგებთ, რაც ბოლო ვახშამის სცენის აღწერისას, გამორჩათ სახარების ავტორებს.
ზორბა ტანის დელაროშმა, ჩია იგნაციუსის ეს ბოლო უკბილო ხუმრობა, ხელოვნური ღიმილით დააჯილდოვა, თავისი ყარაბახული ბედაურის სადავეები მოვარდნილ ბიჭებს გადაუგდო, ცხენიდან დასტაქარის სიდინჯით ჩამოვიდა, იგნაციუსს ჯორიდან ჩამოხტომაში მიეხმარა და იბერიელი დიდებულების რაზმთან ერთად სვეტიცხოვლის ალაყაფში შევიდა.
მის ზურგს-უკან ინგაციუსი კვლავ ფრანგულად არატრატდა.
***
- აი ჩემო ბატონო დელაროშ, ამ უამრავ ადამიანთა შორის გაიხედეთ უზარმაზარი ტაძრის შუაგულში, სადაც ეხლა ჩვენ შევდივართ და მივყვებით სამეფო რაზმის დიდებულებს, რომლებიც ამ უბედურების დღეს, მანდატურების როლს შეასრულებენ. იყავით დაკვირვებული, აი მეფე იბერიისა ლუარსაბ ბაგრატიონი დაჯდა სამეფო ტახტზე ტაძრის შუაგულში . აი გამოჩნდა კუბო უბედური ყმაწვილისა, ესაა მისი სამუდამო განსასვენებელი და მას როგორც ნამდვილ ბაგრატიონს ამ დიდებული ტაძრის საიდუმლო ღრმულებში დაკრძალავენ. აი გამოეფინენ დარბაისელნი, ყველა მათგანს შავი ფერის ბიზანტიური სამოსი აცვია. ყოველი სული ფეხზე დგას, გარდა ორი ადამიანისა. მეფე ლუარსაბ ბაგრატიონი ზის ტაძრის შუაგულში, ხოლო ხანდაზმული ქალბატონი, რომელიც დაბრძანებულა მეფის ზევით, ლოჟაში, ამაღლებულ ადგილას, ბალახისფერ ტახტზე, გახლავთ დედა მეფისა, ქვრივი დედოფალი თამარ ჯაყელი, მას მუხლებზე უზის მეფის უფროსი ვაჟი, რომელიც ბებიის კალთას შეჰფარებია, ესაა უფლისწული სიმონი, ის ოთხი წლის თუ იქნება. აი ნამდვილი ბაგრატიონი, ბალღია მაგრამ როგორი ზომისაა, გამომეტყველებაც ექვსი წლის ბიჭისა აქვს, თვალები უბრწყინავს, ხელი ქამარზე ჩამოკიდებული ხანჯლისაკენ მიუწევს. ნამდვილი ბოკვერია ლომის, არა ბატონო დელაროშ? - ბერი იგნაცუსი დელაროშს სულში უძვრება, აინტერესებს რას ფიქრობს იგი ამ ტაძარში შეკრებილი ხალხის სულის, გონებისა და ვნებების შესახებ.
- დამინდეთ ღირსო იგნაციოს - ეღიმება დელაროშს, რომელიც ამ დროს ხედავს, რომ დედოფლის საკაცეს, მოასვენებს ის რვა მხედარი, რომელთა ერთადაც ისინი თბილისიდან გამოვიდნენ.
- ეხლა გამაყრუებელ ზარს და კივილს უნდა გაუძლო სტუმარო - ამბობს იგნაციუსი და დელაროშს ესმის ისეთი ხმები, რომლებიც თითქოს სამყაროს დასასრულს მოასწავებენ. გამოცდილი ექიმი თვალს ხუჭავს, მაგრამ შემდეგ ერცხვინება თავის თავისა და იქით გაჰყურებს სადაც, როგორც ჩანს საწყალ ჩვილს ემშვიდობება მშობელი მეფე.
- მეფე რომ ტირის, მეც მეტირება, თუმც შვილები არ მყავს, აი ბებიაც წამოდგა ტახტიდან და იგი შვილიშვილთან, სიმონთან ერთად უახლოვდება უსულო ჩვილს. გაჰკივის უბედური ბებია თამარი, საკაცით მოჰყავთ დედა გარდაცვლილი ბავშვისა მის უბედურ შვილთან. დედა როგორც საუბრებიდან გავიგე ჯერაც ცოცხალია, მაგრამ აპოკალიფსური დარტყმა აქვს მიღებული.
- გარდაცვლილის დედა ცოცხალია? - იკითხა გაკვირვებულმა დელაროშმა.
- ბოლო სამი დღეა დედა გარდაცვლილი ჩვილისა, გაუნძრევლად წევს, არაფერი ვიცი, მასთან არ გვიშვებენ, მაგრამ იქნებ შევაღწიოთ უახლოეს დღეებში, როგორც კი ბედკრული ჟამი გადაივლის და ხალხს კვლავაც სიცოცხლე დაიპყრობს- ამბობს იგნაციუსი, რომელიც გრძნობს რომ დელაროში საკაცეზე გაწოლილ დედოფალს დაკვირვებით ადევნებს თვალს.
***
„ჩემს სამეფოს სიქველით უნდა დახმარებოდი შვილო, მამისა გვერდით ყოფილიყავი შენს პირველ ბრძოლაში. ძმებთან ერთად უნდა დაგემარცხებინა მტერი. გაგეშალა ბაგრატიონთა ალამი და ლომად მოვლენოდი აღმოსავლეთს. ალმასივით ბასრი ხმალი უნდა მოგექნია ურჯულებისათვის. დაგეცვა თბილისი და ივერია. მაგრამ ასე ინება ღმერთმა ჩვენმა და ჩვენ უნდა შევურიგდეთ ბედს ჩვენსას“- ამბობდა ცრემლგამშრალი მეფე, როდესაც თავის ჩვილ ვაჟს, ბოლო კოცნით უნაწილებდა ამ სამყაროს სითბოსა და სურნელებას, როდესაც სვეტიცხოვლის ეზოში საშინელი ყვირილი ატყდა.
მეფე რამოდენიმე წამს შეჩერდა და ტაძრის შემოსასვლელისაკენ მოატრიალა თავი, მისი ათასისთავი და რაზმეულის რამოდენიმე წევრი ტაძრის გასასვლელისაკენ მიარღვევდნენ ხალხით გადაჭედილ გზას.
„შვილო ჩემო, შენს მამა-პაპასთან აღგიყვანს უფალი ჩვენი იესო ქრისტე...“- გააგრძელა ლუარსაბ მეფემ, მისი ჩვეული მტკიცე ხმით და ამ დროს სვეტიცხოვლის ალაყაფიდან გუგუნის მსგავსი ხმა, ყიჟნაში, ყვირილში, შეძახილში, ქალთა და ბავშთა სასოწარკვეთილ კივილში გადაიზარდა.
- გვიშველეეეეეეე მეფეეეეეო, გვიშველეთ ხალხო, ყიზილბაშებმა თბილისი დასწვეს და აქეთკენ მოდიან, შეიარაღდით, გამოდით და მტკვრის პირზე დადექით, გამოდით მცხეთელნო - ყვიროდა ვიღაც ციხის ალაყაფიდან.
„შენს წესისამებრ დაკრძალვასაც აღარ გვაცდიან ურჯულოები, მამიკო“- უეცრად აღმოხდა მეფეს, უსულო ჩვილს გადაეხვია და უამრავ ხიფათში გამოცდილმა მისმა აზნაურებმა სასწრაფოდ დაიწყეს ბრბოს დაშლა, მეფის ტაძრიდან გამოსაყვანად დერეფნის შექმნა და სამხედრო წესით, მწყობრით სვლა.
მეფე, როგორც ჩანს, დედო ტაძრის ერთ-ერთი მრავალი საიდუმლო გასასვლელისაკენ წაიყვანეს ხმალ-გაშიშვლებულმა აზნაურებმა. როგორც კი ლუარსაბის წვეროსანი თავი პროცესიის სათავედან გაუჩინარდა, ტაძარში სრული ქაოსი გამეფდა. ყველა დიდებული თავისთან უხმობდა საკუთარ დაცვას და სხვადასხვა გზებით ცდილობდა სვეტიცხოვლის დატოვებას.
- მივხვდი ყოველივეს, ვიღაც დაგვესხა თავს და ეს ვიღაც უკვე აქეთკენ მოიწევს, ასე არ არის? - ამ სიტყვებით დელაროშმა ბერის ძებნა დაიწყო.
ტაძარში ქალები აკივლდნენ, ყველა გასასვლელს მივარდა. მაღალმა და ძლიერმა მღვდელმა ქალბატონებს, როგორც ჩანს ერთ-ერთი დამატებითი გვერდითი კარი გაუღო, ხალხი იქით დაიძრა, მაგრამ მალე ეს კარიბჭეც ხალხისაგან გადაიჭედა და ვიღაც გოგონა პორტიკის წინ დაეცა. დედამისი განწირული გაჰყვიროდა გვიშველეთო. დელაროშმა სიტუაცია ექიმის თვასაზრისით უმალ შეაფასა და გოგონისაკენ ისკუპა. გზა და გზა მეფის აზნაურებს უბიძგა, ხალხი მიჰყარ მოჰყარა და კარებთან გაწოლილ მშვენიერ ქალწულს მიეჭრა.
- ხელები შორს, ვინ ხართ ? - გაჰკივლა დედამ და დელაროშს წინ გადაუდგა.
- ექიმია ქალბატონო, საფრანგეთიდან არის ჩამოსული, ჩვენი ენა ჯერ არ იცის, მიგვიშვით სასწრაფოდ მსხვერპლთან - გამართული ქართულით ალაპარაკდა იგნაციოს ბერი, რომელიც დელაროშს მოსდევდა და მის ყოველ მანევრს იმეორებდა.
დედამ რომ გაიგო შავწვერა უცნობი ექიმიაო, იმწამსვე უკან დაიხია და დელაროშის გვერდით დაიჩოქა. ფრანგი, უსულოდ გაწოლილ გოგონას საკინძეს ურღვევდა და მხარზე გადაკიდებული აბგიდან საექიმო ინსტრუმენტების ამოღებას იგნაციოს ბერს ავალებდა.
იგნაციოსი სწრაფად იღებდა ინსტრუმენტებს ჩანთიდან, რომელსაც ვერცხლის ფირფიტა ამშვენებდა წარწერით - „შარტრის საექიმო ლიცეუმი - 1533 წელი“.
სწორედ 1533 წელს მიანიჭეს შარლ დელაროშს ექიმის წოდება, ევროპაში განთქმულ საექიმო სკოლაში. გაღატაკებული აზნაურის შვილს თუ ადრე მამისაგან სახსოვრად მხოლოდ დაშნა რჩებოდა, მის შემთხვევაში საქმე უფრო უარესად იყო. დაშნა და სატევარი მისმა უფროსმა ძმებმა გაინაწილეს. მას მამისაგან მხოლოდ წიგნი ერგო, რომელსაც მისი ძმები გადაგდებას უპირებდნენ. ეს წიგნი, რომელიც გარკვეული პერიოდი საქათმეში ეგდო და სკლინტის სუნიც ჰქონდა, დელაროშის წინ დადო მისმა ძმამ აიბმა. - ეს შენ მამაჩვენისაგან! თქვა მან და შარლს დამცინავად გაუღიმა. - იქნებ თქვენ წაგეღოთ? იკითხა მაშინ დელაროშმა მოწყენით. -არა ჩვენ მხედრულ გზას დავადგებით, წიგნი შენია, შე კოჭლო შენა - გაიცინა აიბმა და მოტრიალდა. შარლ დელაროში მართლაც კოჭლობდა. სახსრების, თანდაყოლილი ავადობა ჰქონდა. ფეხი რომ დაეღლებოდა კოჭლობას იწყებდა, ჯერ ერთ ფეხზე და შემდეგ მეორეზეც. ძმები დასცინოდნენ. შარლი არ ბრაზობდა. დეიდის მალამოს ისმევდა მუხლებზე და უკეთ ხდებოდა. წიგნი კი, სკლინტის სუნით კი ჰყარდა, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო. ლათინურად იყო დაწერილი. დელაროშმა ლათინური ცუდად იცოდა, მაგრამ სათაური კი ამოიკითხა - „მედიცინა, ტრაქტატები და მატიანე“. იმ ჟამიდან შარლი მამის წიგნს თან დაატარებდა. მოჯამაგირეც ყოფილა, ფეხსაცმლების დამაკრიალებელი, ხალიჩების მქსოვი, თერძის შეგირდი, კულინარი, მეღვინე, მაგრამ მუდამ საექიმო განათლებისაკენ ისწრაფვოდა. როგორც კი საშუალება ჰქონდა, მამისგან დატოვებულ წიგნს უტრიალებდა. თარგმნიდა მის ტექსტს ფრანგულად. შემდეგ რამოდენიმეჯერ კითხულობდა, რომ დაეზეპირებინა და ღამე იმეორებდა. შემთხვევით ექიმს გადაეყარა, რომელმაც ბიჭი მსახურად აიყვანა. აი იქ კი გამოადგა შარლს დაზეპირებული ტექსტები, რომლებიც ერთ-ერთი უბედური შემთხვევის დროს ჩამოურაკრაკა თავის ბატონს, რომელიც გაოცებული დატოვა და რომლის იმგვარი ნდობა და სიყვარული მოიპოვა, რომელსაც მხოლოდ პატრონსა და შვილად აყვანილ არსებას შორის ჩნდება. შემდეგ მოხდა ასე - ექიმმა შარლი შვილად მიიღო. დააოსტატა. თავისი მცირე ქონება დაუტოვა. ექიმის წოდების მოსაპოვებლად გაგზავნა სამხედრო ნაწილში და თავად ბერად აღიკვეცა ნორმანდიაში. მათ შორის ცხოველი მიმოწერა სუფევდა.
შარლმა იბერიაში ჩამოსვლამდე გაუგზავნა ვრცელი წერილი მამობილს, ბერ ურბინოს, სადაც იგი მას ატყობინებდა „იბერიაში სამსახურისათვის გამამწესეს და შემდეგ წერილს როდის გამოგიგზავნი არც კი ვიციო“. სწორედ მამობილზე, ბერ ურბინოზე ფიქრობდა შარლ დელაროში, როდესაც სვეტიცხოველში იდგა და საბრალო ქართლის მეფის მონოლოგს უსმენდა. ლუარსაბ მეფე თითქოსდა ძალიან ჰგავდა მის მამობილს- მესიე პერიეს, რომელმაც მონასტერში შემდგომისას სახელი ურბინო მიიღო. პერიეც იბერიელთა მსგავსად ახოვანი და ძლიერი იყო. მეფესა და პერიეს ერთნაირი კეხიანი ცხვირი და წინ გამოწეული ნიკაპი ჰქონდათ, ორივეს უმწიკვლო მზერა და მგლური სიმტკიცე სახეზე ჰქონდათ აღბეჭდილი. „ამ დასაკარგავიდან, ნეტა როგორ გავუგზავნო მამობილს წერილიო“- ფიქრობდა დელაროში, როდესაც ტაძარში წივილ-კივილი ატყდა, მეფე მისმა აზნაურებმა ტაძრიდან გაიყვანეს და ხალხი კარებს ეძგერა. მაგრამ ეხლა როცა პაციენტის წინაშე იყო დაჩოქილი, დელაროშს აღარაფერ ახსოვდა, გარდა ამ თექვსმეტი წლის გოგონასი, რომელსაც როგორც ჩანს შიშისაგან გულყრა დაჰმართოდა.
- საწრაფოდ ენა უნდა გადმოუგდოთ, გაუღე პირი, გინდა ძალით და გინდა ნებით - იყვირა, ქალწულთა გულყრებში კარგად გარკვეულმა იგნაციოსმა და გოგონას გულზე თავი დაადო.
- არ უცემს გული - დაიკვნესა ბერმა.
- მომეხმარე ! - თქვა ექიმმა და გოგონას მკაცრად მოკუმული მშვენიერი ტუჩის ჭრილი საექიმო ლანცეტით გააფართოვა, უმალ კბილები გაუხსნა პაციენტს და თავისი სპილენძის გულ-სასმენი პირში ჩასჩარა მას, თითები შეუყო გოგოს პირის ღრუში და სასაზე აკრულ ენას მისწვდა, ენა სასწრაფოდ გამოქაჩა და გოგონა, ფეხზე წამომხტარმა თავდაღმა დაჰკიდა. როგორც ჩანს სისხლმა ტვინს მიაღწია, გოგონას ხველება და გულის რევა აუვარდა.
- გადარჩენილია - იყვირა გახარებულმა იგნაციოსმა.
- მადლობა ექიმო - ცახცახებდა გოგონას დედა, რომელმაც იმ წამსვე თითიდან მოიხსნა მსხვილი ოქროს ბეჭედი და შარლ დელაროშს გაუწოდა, „დიდო ბატონო, ეს თქვენ ჩვენგანო“ დაამატა და მუხლებზე დაეცა შარლის წინაშე.
- არავითარ შემთხვევაში - ამბობდა შარლი, მაგრამ დედა ბეჭედს ეხლა უკვე ბერ იგნაციოსს აწვდიდა, რომელმაც ეს შესაწირი სიამოვნებით მიიღო და შარლს მიუტრიალდა.
- ეხლა ჩვენც უნდა ვიჩქაროთ ექიმო - თქვა მან.
- მოიცა დავწმუნდე რომ გოგო კარგად არის - თქვა შარლმა და გოგონას ტუჩები მოწმინდა, მას შუბლზე ეამბორა, მაჯას მოუსმინა და ყვირიმალები შეუმოწმა. მის ფაფუკ სხეულთან უნბური შეხებისას დელაროშს უჩვეულო გრძნობები გაუჩნდა, რაც შეუფერებელად მიაჩნდა გამოცდილი ექიმისათვის.
- „როგორც ჩანს დიდმა გზამ და ზღვა - ზღვა წანწალმა იქიმის სიმშვიდე დამაკარგვინა , ძალიან ცუდია“ - გაიფიქრა შარლ დელაროშმა და გაოგნებულ გოგონას და მის დედას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
- გვეწივიეთ სასახლეში - ებნებოდა მისი დედა ბერ იგნაციოს და შარლ დელაროშს თავიდან ფეხებამდე ათვალიერებდა.
- აუცილებლად, აუცილებლად, ეხლა კი წავიდეთ ექიმო, რადგანაც თუ ყზილბაშები მართლაც შემოგვესივნენ, ჩვენს ტყავს ვერ წაიღებენ თავის შაჰთან, მაგრამ თბილისის მისიაში, ქართველ მსახურებს დაგვიხოცავენ, კიდევ უამრავ უბედუბურებას შეჰყრიან ქრისტეს მრევლს, გადავარჩინოთ ხალხი - გაჰყვიროდა ბერი იგნაციოსი და სამხედრო ექიმს გასასვლელისაკენ უბიძგებდა.
ამ დროს კვლავ გაისმა ყვირილი და ძრწოლა შეიქმნა სვეტიცხოვლის ეზოში, შავწვერა ცხენოსნები მოედვნენ ეზოს, ხალხი კოშკებისაკენ გარბოდა. ქალები კოშკების კარიბჭეებზე აკაკუნებდნენ სადაც მათ მღვდლები უღებდნენ კარს.
- თქვენს მიერ გადარჩენილი ასული სამეფო ოჯახს ეკუთვნის, ის ბაგრატიონია, სახელად ნატა ჰქვია, დაიმახსოვრეთ. - ამბობდა იგნაციოსი და თავისი ჯორისაკენ მიიწევდა.
- მართლაც უცნაური სახელია ნატა! აი ჩემი ცხენიც გამოჩნდა- შესძახა შარლ დელაროშმა და ყარაბახულ ბედაურზე იმ წამსვე ამხედრდა. ბიჭები, რომლებიც ცხენებს იჭერდნენ , შარლის მიცემულ ფრანგულ მონეტას ხელიდან ხელში ატრიალებდნენ, გერბსა და წარწერას უკვირდებოდნენ და ფრანგს გულითადათ ხელს უქნევდნენ.
- უბედური ქვეყანაა, მდგომარეობა უეცრად იცვლება. შემოსევები ძლიერ ხშირია და ასეთ დროს ზოგი გარბის, ზოგს კი რომელსაც არაფერი აქვს დასაკარგი, ასეთ დროს მოგების მიღების შანსი უჩნდება, უნდა ვიჩქაროთ - სწრაფად იარეო ანიშნებდა იგნაციოს ბერი მავრო დე ანდალუზიას.
- კი მაგრამ საით უნდა წავიდეთ ჩემო კარგო ბერო, თუ დედაქალაქი მტერს აქვს დაკავებული, ჩვენ იქ რა გვესაქმება? - გაკვირვებული სახით შეჰყურებდა შარლი თავის მეგობარს.
- არავითარი სირთულე ჩვენ არ გვემუქრება, ეს წყეული ყიზილბაშები ხელშეკრულებით არიან დაკავშირებული ჩვენს წმინდა პაპთან და სისხლის წვიმების დროსაც ხელს არ ახლებენ ჩვენს მისიონრებს არათუ სამხრეთ კავკასიაში, არამედ უდაბურ მთებშიც. დარწმუნებული ვარ თბილისში ჩვენ უხიფათოდ ჩავალთ. ხომ ხედავ ხანდახან ბერობა სჯობს მეფობას ჩემო ძმობილო? - ისევ რატრატებდა ბერი იგნაციოსი და ისინი მცხეთის ხიდისაკენ დაიძრნენ.
- მართალია - ბრძანა დელაროშმა და ცხენს უზანგი ჰკრა ხიდის კიბეზე ასასვლელად.
- იგივე ჰქნა იგნაციოსმა და მისმა მორჩილმა მავრო დე ანდალუზიამ. ამგვარად იგნაციოს ბერი და შარლ დელაროში ქართლის სამეფოს დედაქალქისაკენ, მტკვრის ხეობაში გველივით მიკლაკნილ გზას დაადგნენ.
უეცრად შავი ბოლი ავარდა ცაში, ყორნების საკმაოდ დიდი ჯგუფი გაფრინდა იქით საიდანაც ბოლმა იწყო ამოსვლა. იგანციოს ბერმა წარბები შეჭმუხნა ჩაფიქრდა და საკუთარ გონებაში ჩაიძირა.
- რაო წმინდა კაცო? - იკითხა დელაროშმა.
- თუ ქალაქს ცეცხლი უკიდია, ეს უბრალო თავდასხმა არ გახლავთ ჩემო ბატონო, ეს აღარ არის ის რასაც ჩვენ ფრანგულად „შევოშეს“ ვეძახით, უფრო მძიმე სურათი გველის, გამაგრდით.
- რა გაეწყობა - გაეღიმა სამხედრო ექიმს და ლაბადის საქუდე ნაწილი თავზე იმგვარად ჩამოიმხო, რომ მარტო შავი წვერი მოუჩანდა.