უმოქმედობის მსხვერპლი
უმოქმედობის მსხვერპლი
ორივე ისარი თორმეტს გაუსწორდა. ქალაქში უმრავლესობას სძინავს. ის კი, როგორც ყოველთვის, ზის და ფიქრობს. ფიქრობს, იმიტომ რომ სიცივე ძილს არ ანებებს. თვალები ცრემლით ევსება, თუმცა ძნელი გასაგებია, ეს სიცივის თუ სევდისა და მწუხარე ცხოვრების ბრალია.
ქარი თითქოს ჩადგება, ცოტა ხნით მიჩუმდება და მერე ისევ დაჰბერავს, გეგონებათ ადამიანს აღტკინებით ეკურკურებაო.
შეიძლება ქარი ეთამაშება კიდეც, მაგრამ ცხოვრებისაგან გაუბედურებულ ადამიანს აღარც კი ახსოვს, რა არის თამაში.
ის დგას მტკვრის პირას და გაბოროტებული თვალებით, რომლებიც ადრე სიცოცხლით სავსე იყო, გაჰყურებს წყალზე მოლივლივე სავსე მთვარეს.
- ხვალ ახალი საუკუნეა, ახალი დღე. - ფიქრობს ადამიანი.
- რა ნელა ვუახლოვდები სამოცდაათ წელს. მომიწევს ვირთხებთან და ძაღლებთან ქუჩაში აღვნიშნო ახალი საუკუნე, ახალი წელი და დაბადების დღე. ნუთუ ასეთი სასტიკი ბედი მარგუნა ღმერთმა?! ან საერთოდ არსებობს კი ღმერთი?
გავიდა ერთი საათი. ადამიანი კი წყლის ზედაპირზე არეკლილ მთვარეს მიშტერებია, მას მოთამაშე მსუსხავი ქარიც კი ვერ აიძულებს, მოსწყვიტოს თვალი ლამაზ სურათს.
ცას ახედავს. ამჯერად რამდენიმე ხანი მას მიაშტერდება განწირული თვალებით და მთვარეს შესჩივლებს.
-შენც ჩემსავით მარტო ხარ, ჩემსავით გარეთ, სიცივეში, მაგრამ შენ ყველა გიცნობს. ჩემსავით სულით და ხორცით ეული ადამიანები, თავის უდიდეს წუხილს მაინც გიზიარებენ, როგორც მე შენ, და ეს შენც იცი, რომ შენ ხარ ჩემი ერთადერთი მომსმენი, მაგრამ მხოლოდ მისმენდი და არც არაფერს მეუბნებოდი. მხოლოდ შენ უყურებდი ჩემს წამებას, დაე, განშორდეს სული სხეულს შენს წინაშე, ჩემო ერთგულო, უყურე და დატკბი, როგორ განისვენებს სიბნელეში. მაშინ სამუდამოდ დავისვენებ, ალბათ. შენ იცი, რაც გამყვება გულის დამდაგველად. ის, რომ არავინ მეტყვის ერთხელ მაინც ალერსით სიტყვას...
შენ მხოლოდ ჩემი ცრემლიანი თვალები გინახავს. ის თვალები, რომლებიც ნებას არ აძლევდნენ სიმწრისა და სევდის ცრემლს, მის ზღვარს იქით წასულიყო. ხოლო მზემ კარგად იცის, რა იყო ჩემი ცრემლის მიზეზი.
ადამიანი გაჩერდება. ერთხანს თავჩაღუნული ისევ მტკვარს შეხედავს. შეხედავს, მაგრამ ვერც კი შეამჩნევს წყალს. მერე გონს მოვა. სიმწრისგან დავიწყებულ, გაყინულ სხეულს იგრძნობს, თითქოს მთვარეს სამუდამოდ გაებუტაო, აღარ შეხედავს და ხმამაღლა იყვირებს:
-მზე მათბობდა მაინც! - და მერე, ხმაჩაწყვეტილი ტირილის, ვედრების, წყენის კილოთი დააყოლებს. - შენ კი მყინავ...
თვალებს დახუჭავს და თითქოს ფიქრობს, ნეტა აღარ გამეღვიძოსო, იქვე ცივ მიწაზე დაგდებულ ხეზე მიწვება.
გათენდა, მაგრამ მზე არსად ჩანდა. ადამიანი აღარ ადგა. თვალები გაახილა, აქეთ-იქით მიმოიხედა და შეწუხდა როცა მიხვდა, რომ ისევ იქ, იმ სიცივეში, ქვასავით გაყინული ეგდო. ადგომა აღარ შეეძლო, ცაში აიხედა და მზე ისევ არ ჩანდა. იმ დღეს ჩვეულებრივზე მეტად ყინავდა.
ადამიანმა კვლავ ცაში აიხედა, იცოდა, რომ მზეს ვეღარ ნახავდა და ისევ დაღამებას ელოდა, როდის გამოჩნდებოდა ცაზე თავისი მესაიდუმლე, რომლისთვისაც კვლავ რაღაც ჰქონდა სათქმელი.
ციდან მოფარფატე ფანტელი კაცს ტუჩზე დაეცა, ეს ხომ პირველი ფანტელი იყო, რომელმაც მიწას კი არა, ადამიანს მიაკითხა, თითქოს მოიკითხა მიტოვებული.
ერთი ფანტელის ნაცვლად ახლა უკვე ბევრი მოდიოდა და უფრო მეტი ფიფქი ეყრებოდა ადამიანს გაყინულ სახეზე. ისინი მის ცრემლებს უერთდებოდნენ. ვერ გაიგებდით, სიხარულის ცრემლი იყო ეს, თუ წუხილისა და სიმწრის.
თითქოს ორივე ერთად უღრღნიდა ადამიანს გულს. მან ვერც თავის მესაიდუმლე, ვერც თავისი გამთბობი და ვერც ახალი საუკუნის ცა ნახა. მხოლოდ მისი გამყინავი, ცივი და პირქუში ფიფქები მოულოდნელად ესტუმრნენ მას.
ადამიანის გვამი, რომელიც სიცოცხლეშივე გაყინულიყო და სიცოცხლეშივე ეგრძნო, რა არის მიცვალებული, მტკვრის პირას უპატრონოდ ეგდო, უმოქმედობის მსხვერპლი გამხდარიყო. 2000.07.07