ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

კარლო

კარლო

თეოდორემ კიდევ ერთი უარი მიიღო, უარი მრავალეტაპიანი გასაუბრების შემდეგ, სტანდარტული ელექტრონული შეტყობინებით, რომელიც მთავრდებოდა სიტყვებით – „გისურვებთ წარმატებებს“. ლეპტოპის ეკრანი ხმაურით დახურა, ისე რომ ელფოსტიდან არ გამოსულა. ცოტა ხანი ჩუმად იჯდა და შემდეგ რამდენიმესართულიანი გინება გამოცრა კბილებში. თხუთმეტ წუთში უკვე პარკისკენ მიაბიჯებდა. სახლიდან გამოსული არც კი დაფიქრებულა, როგორ გაუხვია თაღიდან მარჯვნივ და გაუდგა გზას. მხარს უქცევდა გამვლელებს, ტროტუარზე ამომხტარ სკუტერიან კურიერებს. მზიან დღეს ყველა ჩიტი თითქოს და განგებ გამოსულიყო და თეოდორეს ხმაურისგან ისედაც გაღიზიანებულ ნერვებს კიდევ უფრო უშლიდნენ. ერთ-ერთმა გადაფრენისას მხარზეც დაასკლინტა და ერთი გინებაც დამსახურებულად წამოაცდენინა, თანაც იმდენად ხმამაღლა, რომ გამვლელთა ყურდღება მიიპყრო. ზოგი შეაჩერდა, ზოგმაც ფეხს აუჩქარა და გაერიდა. მხოლოდ ერთმა, ბარიდან მოსაწევად გამოსულმა ბარმენმა, უსიტყვოდ მიაწოდა ხელსახოცი. თეომ „მადლობაო“ თავი დაუქნია, თან ერთიც აიხედა ზემოთ, თითქოს ის მტრედი თუ რაღაც ფრინველი ისევ იქ დახვდებოდა და ნიშნისმოგებით დახედავდა.

ქურთუკს მკრთალი ლაქა შერჩა; „ფული იცისო“ – დაამშვიდა ბარმენმა და პასუხს აღარც დაუცადა, ისე გააგრძელა მოწევა.

თეოდორეს მისი შეშურდა; შეშურდა, თუ როგორ ეწეოდა, ან როგორი კმაყოფილებითა და სიმშვიდით იყო სხვის სამსახურში, თითქოს მეტი ამბიცია არც გააჩნდა. ყველაზე ნაკლებად, რაც ახლა თეოს სურდა, ნაცნობის გამოჩენა იყო. თითქოს ჯიბრზე, დაბარებულივით, ერთი ყველაზე ყბედი და მოლაპარაკე ადამიანი გამოტყვრა. თანაც, გარდა იმისა, რომ ბევრი ლაპარაკი უყვარდა, დარწმუნებულიც იყო, რომ შეეძლო რჩევებიც მიეცა, ოღონდ ჯერ დაწვრილებით უნდა გამოეკითხა უხასიათობის მიზეზი. თეოდორეს მოთმინება ამოეწურა და უცებ შეაწყვეტინა, „ბოდიში, მეჩქარებაო“. ნაცნობმა, ვიდრე უკან დაიხევდა, შორსმჭვრეტელი და გამჭრიახი მზერით  კიდევ სცადა ბედი:  „არა, რაღაც გჭირს, ხომ მშვიდობაა, ხომ იცი, აქ ვარო“...

როგორც იქნა, დაეხსნა და კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯით წავიდა; მიდიოდა, ოღონდ სად, წარმოდგენაც არ ჰქონდა. ყურებდაგუბებული, თავში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვით, ნერვებაშლილი ავტომობილის სიგნალმა გამოაფხიზლა. მანქანიდან აღშფოთებული და გაწეწილთმიანი გოგონა შფოთავდა: „სად იყურები, თვალი გაახილეო“. თეომ უკან დაიხია და რაღაც მობოდიშების მსგავსი წაიბურტყუნა. ფეხით მოსიარულეთათვის ჯერ ისევ წითელი ენთო. „იდიოტი!“ - მოაძახა გოგონამ შორიდან და მანქანის ადგილიდან მოწყვეტის ხმა მოესმა. ზებრაზე მოულოდნელად ჩიტი დაფრინდა, შორიდან მომავალმა მანქანამ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ძლიერი დარტყმისგან ასხლეტილი ფრინველი შუქნიშანთან მდგომ თეოდორეს სახეში მოხვდა.

ჩიტი ძირს დავარდა, ლოყაზე კი სისველე დარჩა. სახეზე მოსმულ ხელს რომ დახედა, წითელი წვეთები შეამჩნია. „ჩიტისაა, ალბათ“ დაამშვიდა გვერდით მდგომმა ქალმა და ბავშვთან ერთად გადასასვლელისკენ დაიძრა. მომხდარისგან გაბრუებული თეოც მათ მიჰყვა, თან დაბნეული სახეს ისინჯავდა. პარკში შესულმა გეზი თავისუფალი სკამისკენ აიღო, რომელიც მყუდრო ჩრდილში იდგა. მოწყვეტით დაჯდა და გარშემო მიმოიხედა, „კიდევ რა უნდა მოხდესო“, გაიფიქრა კიდეც და იგრძნო, რომ სტრესისგან და ნერვიულობისგან ძილი მოერია. მიეყრდნო საზურგეს, თავი უკან გადაწია და თვალები დახუჭა. „დავისვენებ, არ დავიძინებო“, გაიფიქრა და მოეშვა. თვლემისგან გვერდით მჯდომმა, მტრედებზე კონცენტრირებულმა მოხუცებულმა მამაკაცმა გამოაღვიძა. მოხუცი პურს, რომელიც ბლომად ჰქონდა ფრინველებს უყრიდა. მტრედები ეხვეოდნენ, არ უფრთხოდნენ. ზოგი ხელიდან კენკავდა, ზოგი მიწიდან. მხოლოდ ერთი იდგა გაუნძრევლად და თეოს უყურებდა.

-                     მე არ მშია - მოესმა თეოს და მექანიკურად მოხუცს გახედა, რომელიც გაუნძრევლად იჯდა.

-                     მე, მე არ მშია, მაგას კი არა - როგორც ჩანს სხვა მხრიდან მოესმა თეოს. მანაც აქტიურად დაიწყო ძებნა, იმისა ვინც მას ესაუბრებოდა.

-                     რა გქვია? - ამ კითხვაზე სულ გადაირია თეო და ფეხზეც კი წამოხტა.

-                     რა გჭირს, რა ვიკითხე ასეთი... - პაუზის შემდეგ დააყოლა, - მე კარლო მქვია.

თეომ დაიხედა და მტრედი შეამჩნია, რომელიც მას ადამიანივით ქვემოდან ზემოთ უყურებდა - კაარ ლო - დაუმარცვლა მტრედმა და ფრთები შეათამაშა.

თეოდორე გაშეშდა, იგრძნო როგორ დაიძრა სისხლი ჯერ თავისკენ, როგორ მიაწვა სახეში და ისიც კი დაუშვა, რომ ყურებიდან წამოუვიდა.

-                     არ დაჯდები? - საქმიანად ჰკითხა მტრედმა - მე კარლო ვარ, მტრედი, არ გეჩვენება და არც გიჟი ხარ.

თეოდორე მტრედს მიაშტერდა და გაშეშდა.

-                     რა გქვია? - ჰკითხა კარლომ თეოს

-                     თეო - უპასუხა თეოდორემ დიდი პაუზის შემდეგ, თან გაუკვირდა, რატომ უპასუხა.

-                     თეო რა კაცის სახელია - თავი მოატრიალა მტრედმა და ცალი თვალით შეხედა გაკვირვებულმა.

-                     თეოდორე - განუმარტა თეომ - უბრალოდ მოკლედ ასე მეძახიან, ბავშვობიდან.

-                     თეო-დორე - მიაყოლა პირველ ორ მარცვალს მესამე და მეოთხე კარლომ. - მოდი, სანამ მივეჩვევი, სრულად დაგიძახებ და მერე ვნახოთ, კარგი?

-                     ჩემგან რა გინდა, კარლო? - იკითხა თეომ და თან სიცილი აუვარდა. კარლომ დიდხანს იცადა, სანამ დამშვიდდებოდა თანამოსაუბრე და შემდეგ უპასუხა: - შენთვის ვარ აქ, თუ მომისმენ უკეთესი იქნება.

-                     გისმენ ყურადღებით, კარლო - უპასუხა თეომაც.

-                     ესე იგი, როგორც წესი, ბოლო ხანია, ასეთ შანსს მილიონში კი არა, მილიარდში ერთს ვაძლევ. იცი რატომ? იმიტომ რომ, ადრე ყოველ ათი ათასში ერთს რომ ვთავაზობდი, ცუდად იყენებდნენ. ხან მსოფლიოს ანგრევდნენ, ხან ქალაქს, მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ გაფილტრვა დავიწყე.

თეომ ზუსტად იგივე მოძრაობა გააკეთა რაც მტრედმა, თავი მიატრიალა და ყურთან ერთად, მოლოდინით ცალი თვალი მიაპყრო.

-                     თეო, მე შენ გთავაზობ ნებისმიერი ზებუნებრივი უნარით დაჯილდოებას, ოღონდ მხოლოდ ერთი პირობით. უნდა აირჩიო.

-                     რა უნარი, ვერ მივხვდი... - დაიბნა თეო და თან ისევ მიიხედ-მოიხედა.

-                     არავინ გვიყურებს, თეო, არც გვისმენს, დაწყნარდი და ყურადღება მხოლოდ ჩემს ნათქვამზე გაამახვილე. მოისმინე და გაიაზრე, რასაც გეუბნები.

-                     ვცდილობ, ყოველ დღე კი არ მოდის მტრედი, სირაქლემა ან ზებრა და არ მიწყებს საუბარს,  - აუხსნა თეომ ზრდილობიანად.

-                     კარგია იუმორი, მომწონს! - გადაიხარხარა მტრედისთვის შეუფერებელი ხმით კარლომ, უცებ მოთოკა თავი და ახსნა: - უცებ წარმოვიდგინე, რომ ზებრა ვარ, ან – სირაქლემა... მოდი, თემას დავუბრუნდეთ. როგორც გითხარი, უნდა აირჩიო ზებუნებრივი უნარი; თუ გინდა, ჩამოგითვლი, რომელიც არ იცი, აგიხსნი. თან პირობებსაც გეტყვი. პირობებთან ერთად, ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ყველა უნარს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, ასევე ახლავს რისკები, ან თანმდევი შედეგები… ჰა, რას ფიქრობ?

-                     იქნებ, არაფერი არ მინდა... იქნებ გავრეკე, ან მეკაიფებიან...

-                     მისმინე, თეო-დორე, - დამარცვლა კარლომ, - თუ არ გინდა, გავფრინდები; თუ რამე დამაჯერებელი გინდა, შემიძლია, მაგალითად ფეხზე დაგასკლინტო, აირჩიე რომელზე... პრინციპში, მხარზე უკვე დაგასკლინტე და ამით აგარჩიე, - ჩაიცინა მტრედმა. - რაო, იმ ოფიციანტმა რა თქვა, ფული იცისო?

წასასვლელად მომზადებული თეო მოტრიალდა, გამომწვევად ხელები ჯიბეში ჩაილაგა და დაუმარცვლა: - წი-ნას-წარ-მეტ-ყვე-ლე-ბა; მინდა ვხედავდე მომავალს და ვიცოდე, რა მოხდება. მიდი, აბა, თუ რამე შეგიძლია.

-                     თეო, მე ვალდებული ვარ, შეგახსენო, რომ ასეთ შემთხვევაში გეცოდინება არა მხოლოდ ის, რაც გაგამარჯვებინებს, ან გაგამდიდრებს, არამედ ისიც, როდის მოხდება გარდაუვალი უბედური შემთხვევა. მაგალითად, როდის დაკარგავ ახლობელ ადამიანებს, ოჯახის წევრებს, ან თუნდაც როდის მოკვდები შენ, გინდა? მე ხომ გითხარი, პლიუსებიც და მინუსებიც აქვს ყველაფერს, Pros and cons, buddy - გემრიელი ამერიკული აქცენტით თქვა კარლომ

-                     ოჰოო! - აღფრთოვანდა თეო და ტაშიც დაუკრა.

-                     არ არის საჭირო, - თავი დაუკრა მტრედმა და მხარზე ბუმბული გაისწორა.

-                     მართალი ხარ, ამდენი უბედურება წინასწარ ვიცოდე და ვერაფერს ვცვლიდე, არ მინდა; ჩემიც მეყოფა, გული გამისკდება, ან ტვინში გაჟონვა არ ამცდება ...- თეომ თავი დახარა და სერიოზულად ჩაფიქრდა.

-                     გინდა მოგეხმარო? - ახლოს მიფრინდა თეოს ყურთან და ჩუმად ჰკითხა კარლომ.

-                     რაში? როგორ?

-                     კარგი, გიცდი. - დაიხია კარლომ უკან. - იფიქრე და დამიძახე. მტრედი დანარჩენ მტრედებს შეერია და მოჩვენებით კენკვა დაიწყო. დრო და დრო ამოხედავდა თეოს და ესეც „ცოტაც მაცალეო“, ანიშნებდა. 

-                     ტელეკინეზი? - გამოსძახა მტრედმა შუაგულიდან.

-                     ეგ რაა გამახსენე? 

კარლომ მოსესავით ორი ფრთის მკვეთრი მოძრაობით გაყო მტრედების „ზღვა“; თან აღფრთოვანებულმა თავადვე შეაფასა ნამოქმედარი, - ეე, ნახე? რა ჩავატარე?! - ამაყად მიუახლოვდა თეოს და განუმარტა - ნივთების და სხეულების გონების მეშვეობით გადაადგილების, ან ამოძრავების უნარი.

-                     ეგ იყოს, მაგარია! - გაუხარდა თეოს.

-                     კარგი, მაგრამ არ ჯობია იფიქრო კიდევ? იქნებ რამე სხვა გაგახსენდეს და გული დაგწყდეს, - ფრთებზე დაიხედა საქმიანად კარლომ.

თეოდორე დაფიქრდა, შეეცადა გაეხსენებინა, რაზე ოცნებობდა ბავშვობაში. ფრენა და განსაკუთრებული ღონე და ძალა, პირველი ორი რაც წამოუტივტივდა, დღეს მისთვის აბსოლტურად არაფრის მომტანი იქნებოდა. შემდეგ გონებით ჩამოუარა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს, უჩინრობა, დროში მოგზაურობა. ბოლოს იქსმენის სერიებს და სუპერგმირებსაც გადაავლო თვალი.

-                     ჰა, გაცდი ბავშვობის ოცნებებს და ახლა ფილმებზე ხარ? - კარლომ კენჭი აკენწლა და ფეხის დარტყმით ოციოდე მეტრში მდგომ ნაგვის ყუთში ჩააგდო - თან რომ შეატყო თეოს რეაქცია, გამოიცნო რა აზრმა გაუელვა და დაუმთავრა კიდეც - ფეხბურთისთვის ასაკი არ გიწყობს, არც ჯანმრთელობა, არც იფიქრო, დროის კარგვაა.

თეოდორე 39 წლის იყო და 40 ამ კვირაში უსრულდებოდა. უამრავი რამე ესწავლა, შეეძლო და იცოდა, თუმცა ვერსად დამკვიდრებულიყო. იმდენად არასტაბილურ და ფასეულობაშერყეულ გარემოში მოუწია ცხოვრება, რომ ვერაფერში დასდებდი ბრალს. ცდა არსად და არასდროს დაუკლია, ყველაფერსაც ზედმიწევნით კარგად აკეთებდა, შედეგიც მაქსიმალური ჰქონდა, თუკი მასზე იყო დამოკიდებული. ფიქრებში და საკუთარი თავის ადვოკატირებაში წასული თეო გამოფხიზლდა და ვეღარსად დაინახა მტრედი. ვერც მათ შორის, ჩაძინებულ მოხუცებულს რომ ეხვეოდნენ გარს და ვერც ახლომახლო.

-                     ამდენი დროც არ მაქვს - მოესმა ხმა. კარლოს ას ოციოდე მტრედული ნაბიჯი გაევლო, რაც უხეშად, ადამიანური ოცდაათი-ორმოცის ტოლი იქნებოდა და კვლავაც აგრძელებდა გზას.

-                     კარლო! კაარლოო! - წამოხტა თეოდორე და გაეკიდა. მის ხმაზე დამსვენებლებმა მოიხედეს და დააკვირდნენ. თეო მიხვდა, რომ სასაცილოდ გამოიყურებოდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც მტრედს კარლოს ეძახდა, ამიტომ უცებ მობილური ამოიღო, ვითომ ვიღაცას დაურეკა და თან ხელიც დაუქნია. ამასობაში მტრედი დაკარგა მხედველობიდან. ჯერ მის მარშრუტს გაჰყვა, თუმცა ვეღარსად დაინახა.

-                     ვის ეძებ? - მოესმა ნაცნობი ხმა, შემდეგ კი ხითხითი. - მირეკავდი თეო? გამორთული მქონდა, დამიჯდა...

თეო დაელოდა, როდის დაამთავრებდა სიცილს და შემდეგ რაც გაიხსენა, ჩამოუთვალა: ტელეპორტაცია, ტელეკინეზი, კურაცია, გამტარობა, რენტგენული ხედვა, ამნეპათია, ზესისწრაფე, ქრონო... - აქ თეო შეყოვნდა.

-                     კინეზი, - დაუმთავრა სიტყვა კარლომ, - დაგუგლე თუ ამდენი იცოდი და მაწვალებდი?...

თეოდორემ მობილური და გახსნილი აპლიკაცია Google დაანახა. - რომელს მირჩევ?

-                     შენ თვითონ გადაწყვიტე. მე პლიუსებს და მინუსებს გეტყვი, სუბიექტურად -

მტრედმა, ადამიანივით გულზე ფრთები დაიკრიფა.

-                     რას აკეთებ, ჩამოუშვი ფრთები, ხალხი გიყურებს! - მიმართა თეომ.

-                     რომელი ხალხი, 5 წუთის წინ შენ რომ გიყურებდა, როგორ მომსდევდი „კარლო, კარლო-ს“ ძახილით? - დასცინა მტრედმა.

-                     რენტგენულ ხედვაზე რას იტყვი? არ არის ცუდი, - თემა შეცვალა თეომ.

-                     არაა ცუდი, კარგი გასართობია, მაგრამ რაში გამოიყენებ, თან შეიძლება უნებურად, ერთელ ისეთი ვინმე ნახო შიშველი, რომ, საერთოდ გახედვის და თვალის გახელის სურვილი დაკარგო. მოკლედ ვერაფერში გამოიყენებ. თავიდან ბევრს იმხიარულებ და მერე მოსაწყენი სათამაშო გახდება და იწუწუნებ, რამ ამარჩევინაო, - ექსპერტული რეკომენდაცია გასცა კარლომ.

-                     ოქეი. - უპასუხა თეომ.

-                     კარგი აქცენტია, მომწონს, - დასცინა კარლომ

-                     ქრონოკინეზი, - არ შეიმჩნია თეომ.

-                     დაგიმახსოვრებია, - გაუღიმა მტრედმა.

-                     ნუ იკბინები, კარლო! - ღიმილითვე უპასუხა თეოდორემ

-                     მე კბენა არ შემიძლია, მხოლოდ ვუნისკარტებ, აი ასე. - კარლომ შეიფრთხიალა და თეოს თავზე ჩაუკაკუნა.

-                     ქრონოკინეზი? - გაუმეორა კითხვა თეომ.

-                     მშვენიერი რამეა, არასდროს, არსად არ დაიგვიანებ, მაგრამ გაზარმაცდები და სხვებსაც დააწიწკნი ნერვებს. იყოს სათადარიგო ვერსიად.

თეოდორე ჩაფიქრდა, თვალები გაუბრწყინდა, თითქოს სადღაც უკვე გამარჯვებულს ხედავდა საკუთარ თავს, რა დროსაც კარლოს ხმამ გამოაღვიძა.

-                     შენ შემოგევლე, პირიდან ცეცხლები და თვალებიდან ნაპერწკლების ყრა არ მომთხოვო, სისულელეებზე დროს ნუ დამაკარგინებ. თორემ ვიფიქრებ, რომ შენც ისეთივე გამო...

აქ კარლოს უცებ დასწვდა ხელით თეო ნისკარტში და მოჭუტული თვალებით კითხა: - რა, ბიჭო?

-                     გუმქვყნბულუ ხორ - ძლივს გამოატარა სიტყვები კარლომ.

-                     ვერ გავიგე - სიმკაცრე და აგრესია გაერია ხმაში თეოს.

კარლომ ანიშნა, ვერ გეტყვი, თუ არ გამიშვებ ხელსო. თეომაც გაუშვა.

-                     გამოქვეყნებული მეგონები-მეთქი, როგორც დანარჩენები შენამდე, - თქვა კარლომ

თეოს სიცილი აუტყდა, თან სიტყვა „გამოქვეყნებულს“ იმეორებდა. „მაგარია“-ო უთხრა ბოლოს და თან გააფრთხილა: - ცოტა საუბარი გაფილტრე, კარლო, გასაგებია?

მტრედმაც უპასუხა: - შენც ხელებს ნუ დაიგრძელებ, ახლა ვარ მტრედი, თორემ ისე იქტიოზავრობაც გამომდის და ფასკუნჯობაც.

-                     მკიდია, კარლო, ზრდილობიანად, ოქეი? - ხელი გაუწოდა თეომ.

-                     და ხელით შეხების გარეშე! - ჩაურტყა კარლომ ფრთა და ორივე დაშოშმინდა.

-                     ღმერთო, რა დავაშავე - ამოიხვნეშა თეოდორემ.

-                     კარლო, კარლო დამიძახე - გაუღიმა მტრედულად კარლომ.

-                     მზესუმზირა გაქვს? - პაუზის მერე იკითხა კარლომ.

თეომ ჯიბეები მოიქექა და ნახევარ მუჭაზე ნაკლები იპოვა, - ცოტაა.

-                     ჯიგარი ხარ, - დაუზავდა საბოლოოდ კარლოც. - დაყარე, აბა! - მიუთითა მის წინ ქვის ფილაზე. ფრთით აიღო და ოსტატურად, ზუსტად ისე, როგორც ბირჟაზე უბნის ბიჭებმა იციან, სათითაოდ ნისკარტში შეყრა დაიწყო, თან სწრაფად ფრცქვნიდა და ჩენჩოს გარეთ ყრიდა.

-                     ტექნოპატია, გამომადგება რამეში?

-                     თუ ცოტა უნამუსო და ამრევი ხარ, კი, იხეირებ. მაგალითად ბანკომატს იმაზე მეტს მოაცემინებ, ვიდრე მოითხოვე, გადახდისას ტერმინალს აიძულებ, უკან დაგიბრუნოს თანხა, კარებს იმდენ ხანს გააჩერებ, რამდენსაც მოისურვებ, ვინმეს ლიფტში გაჭედავ, შუქნიშანს ათამაშებ შენს ჭკუაზე... ჰო, და კიდევ ტელევიზორის არხებს გადართავ უპულტოდ, მტვერსასრუტს ამუშავებ ნაბიჯის გადადგმის გარეშე... მოკლედ ოჯახში და სახლში სასარგებლო იქნები, გარეთ მავნებელი. შენი გადასაწყვეტია.

-                     გასაგებია... ტელეპატია?

-                     ოოო, დამიჯერე, ტანჯვაა. გგონია, რომ იცი რას ფიქრობს ყველა, მათ შორის შენზეც, მაგრამ თუ დამიჯერებ, შეიძლება მეგობრების გარეშეც კი დარჩე, როცა მათ აზრებს წაიკითხავ.

-                     გამტარობა?

-                     სრული კრეტინიზმი. თუ არ მოისურვებ, რომ ვინმემ ნახოს როგორ გადიხარ დახურულ კარში ან კედელში, ისე სულ მალვა-პარვაში მოგიწევს მისი გამოყენება. ან, დევიდ კოპერფილდის კოლეგა და კონკურენტი უნდა გახდე, ან კიდევ მძარცველი და ბანკები გაიტანო.

-                     მოდი გავიაროთ, ერთი წრე დავარტყათ, - შესთავაზა თეოდორემ კარლოს.

-                     გავიაროთ, ოღონდ ცოტა უცნაური იქნება დასანახად. ხალხი ასეირნებს ძაღლებს, ბავშვებს და შენ...? - დატოვა კითხვა ღიად მტრედმა და თეოს დაამთავრებინა, - „მე მტრედს“. თეოდორეს სიცილი აუტყდა, შემდეგ დამშშვიდდა, მიიხედ-მოიხედა და შესთავაზა: - „აი, ამ ბილიკით ვიაროთ, თითქმის არავინ დადის აქეთო“. უცნაური და უჩვეულო დიალოგი გაგრძელდა ვიწრო ბილიკზე.

-                     რაღა დარჩა? - დაფიქრდა თეო.

-                     რამდენიც გინდა, ატომოკინეზი, ციტოკინეზი, ამნეპათია, ტელეკინეზი, - ჩამოუთვალა კარლომ.

-                     მოიცა, მოიცა, რა რისთვისაა ამიხსენი. - დაინტერესდა თეოდორე.

-                     ატომოკინეზია კლიმატის მართვა; მოგინდება – მოთოვს, მოგინდება –იწვიმებს, ან ქარი დაუბერავს. - განმარტა კარლომ.

-                     სეზონური სარგებელია. - დადო დასკვნა თეომ.

-                     ახსენი - დაინტერესდა მტრედი და ქვაფენილიდან ბუჩქზე აფრინდა.

-                     აი, მოთოვს თუ იწვიმებს, რა ჩემ...

-                     სუუუ, ბავშვები - გააჩერა კარლომ

-                     მოკლედ, ზაფხულში ზღვაზე თუ წახვალ, შეუკვეთავ მზეს, ზამთარში თოვლს, შემოდგომაზე და იმავე ზაფხულში წვიმას, რეგიონებს თუ დასჭირდა, მაგრამ ხეირი რა?.. მადლობასაც არავინ იტყვის. ისევ ასე ვიქნები - მოიწყინა თეომ.

-                     მოიცა ახლა, ნუ ჩამოუშვი ფრთები! - გაამხნევება სცადა კარლომ.

-                     მე არ მაქვს ფრთები- სულ დასევდიანდა თეოდორე.

-                     მაშინ, ციტოკინეზიც გამოვტოვოთ, ხეების და ბუჩქების ზრდა შენ ვერ გაგაბედნიერებს და ვერც გაგამდიდრებს. - მტრედულ ნიკაპთან მიიტანა ფრთის წვერი კარლომ.

-                     ეგრეა! - დაეთანხმა თეო.

-                     ამნეპათია, რაც ცუდი და ნეგატიური მოგონებების წაშლას ნიშნავს, - შესთავაზა კარლომ.

-                     ეგ აქეთ მჭირდება, ვერ ხედავ სად ვარ და როგორ ვარ? – გაუღიმა თეოდორემ.

-                     ზესისწრაფე ახსენე თავიდან, თუ მეშლება? - მოხედა წინ მიმავალმა მტრედმა თანამოსაუბრეს.

-                     არსად არ მეჩქარება, - გირჩი ჩამოიღო თეომ და შორს მოისროლა.

-                     ტელეკინეზი - ნივთების გონების ძალით გადაადგილება. ხოშიანია. პატარა ლოგისტიკურ კომპანიას გახსნი და ყოველგვარი ხარჯების გარეშე იქნები მოთხოვნადი პარტნიორი. ყველა იმპორტიორი შენ მოგაწყდება - გაახსენდა მტრედს, თუმცა რეაქცია რომ ვერ შეამჩნია, ფრთა ჩაიქნია.

-                     კურაცია რაღაა? - დააწია კითხვა დაწინაურებულ მტრედს თეომ.

-                     არ არის ცუდი სხვათაშორის. განკურნების ნიჭია, უნარი... ნებისმიერი დაავადების და სნეულების - მთელი ტანით მოტრიალდა კარლო.

-                     თან სასარგებლო, თან სიკეთის მომტანი და რაღაც შემოსავალსაც გააჩენს, - მოვიდა ხასიათზე თეოდორე.

მოულოდნელად პატარა ბიჭუნა ჯერ თეოს დაეტაკა ველოსიპედით, მერე კი კარლოსკენ გაგორდა ყვირილით და ინერციით.

-                     პატრონი არ გყავს, შე ვირისშვილო? - უყვირა არა თუ არამტრედული, არამედ არაადამიანური ხმით კარლომ ბავშვს. ბიჭუნამ ველოსიპედი დააგდო და საშინელი ღრიალი მორთო.

-                     რა უთხარი ბავშვს? - მოვარდა გააფთრებული ბავშვის დედა და მხარზე მოქაჩა თეოს.

-                     მე არაფერი არ მითქვამს, ქალბატონო! - მშვიდად გაუღიმა თეომ.

-                     მხეცი ხარ ვიღაცა, უზრდელი, ახლავე პატრულს დავუძახებ... წამო დანი, მამა ვიპოვოთ და ეს უზრდელი დავაჟეჟინოთ. - ჩაიხუტა აღნავლებული შვილი ქალმა.

-                     ამან არა, - სლუკუნით უთხრა ბავშვმა, - იმან! - თითი გაიშვირა კარლოსკენ, რომელიც დოინჯით სკამის საზურგეზე იჯდა.

-                     დიახ, ქალბატონო, მაგან არა, მე ! უზრდელი შვილი გყავთ... და  მანსარდაში თქვენც ვერ გაქვთ საქმე დალაგებულად - თავზე მიანიშნა კარლომ.

ქალი ბავშვიანად დაჯდა ძირს. გაოგნებული. ბავშვი ღრიალდებდა. თეოდორემ მტრედს გახედა, ახლა რა ვქნათო.

-                     კაი, ჰო, ნუ გადაგვდგი! - შეუტია მტრედმა ბავშვს, თქვენ კიდევ სკამზე მაინც გადასვით, ასე გაცივდება.

ამ სიტყვებმა ცივი წყალივით იმოქმედა ქალზე. წამოხტა და ბავშვიანად გაიქცა.

-                     ველოსიპედი!.. - მიაძახა კარლომ ქალს.

-                     კურაცია, გადავწყვიტე, კურაცია იყოს! - მიმართა თეომ მტრედს.

-                     იყოს. პირველი ხარ, ვინც ეს აირჩია. ზოგადად არ იციან, რა უნდათ ცხოვრებაში და ამიტომ ხან რას ირჩევენ, ხან რას, ვერ იყენებენ და მერე იწყება უბედურებები - მოუწონა არჩევანი მტრედმა. კარლო ფიქრობდა, ეთქვა თუ არა კურაციის უარყოფითი მხარეების შესახებ, მაგრამ პირველად ცხოვრებაში ენას ნისკარტი დააჭირა.

-                     როდიდან შევძლებ? - ჰკითხა თეომ.

-                     მალე, დღეიდან, ერთ საათში... - აიბნა კარლო და ისევ ფიქრობდა, უნდა ეთქვა თუ არა. თუმცა, თეოდორეს ხმამ გამოარკვია - „კურაციის შედეგად, სხვა ავადმყოფთა განკურნების შემდეგ, დაავადებათა უდიდესი ნაწილი რჩება მკურნალის ორგანიზმში და საბოლოოდ იწვევს ლეტალურ შედეგს.“

-                     ვაპირებდი თქმას, - ამოიოხრა კარლომ.

-                     მე კიდევ ვიცოდი... მადლობა კარლო. წავალ, ბავშვი მელოდება, საქმეც, მოსასწრებიც ბევრია, - მშვიდად გაუღიმა თეოდორემ.

-                     მეც ბევრი საქმე მაქვს, - მძიმედ თქვა კარლომ და მიწიდან მცირე მანძილზე აფრინდა. როგორ მოულოდნელადაც შეხვდნენ ერთმანეთს, ისევე აქციეს ზურგები და საკუთარ გზას გაუდგნენ.

-                     ერთი კაცი ვერაფერს შეცვლის ამ სამყაროში... - წრე დაარტყა მტრედმა და ძირს დაიხედა. ქალაქში ჭიანჭველებად დარბოდნენ ადამიანები და ავტომობილები.

-                     კარლო - რამ აგარჩევინა ეს სახელი - გაიფიქრა თეოდორემ. მშვიდად მიაბიჯებდა სახლისკენ, რადგანაც უკვე იცოდა, თუ რა ელოდა წინ, რას გეგმავდა და ხელსაც ვეღარავინ შეუშლიდა.

გზად ისევ შეხვდა ოფიციანტი სიგარეტით ხელში, რომელსაც ახლა უკვე მშვიდად გაუღიმა. მის გარშემო ისევ დაქროდნენ სკუტერები, ჩიტებიც მომრავლებულიყვნენ. აღარ აღიზიანებდა აღარაფერი. ვიდრე სახლამდე მივიდოდა, გამოსაჯანმრთელებელთა პირველი მოკლე სიაც შედგენილი ჰქონდა. სამეგობროს გადაავლო გონების თვალი და მათ შორის მარკეტოლოგიც მოძებნა.

-                     შენა და უნდა ჩააბარო სამედიცინოზე. - მოესმა ნაცნო