უპირატესობათა სია
უპირატესობათა სია
"პლეხანოვზე" გასვლა აღარ დაგვჭირვებია. ორი გრამი დავითრიეთ და სოფელი დიღმისკენ გავწიეთ. საერთოდაც დღეს ისეთს არაფერს ვაპირებდი. შუადღის სამზე ლადომ დარეკა და შევიკერე. გაემზადე, მე და გიო ამოგივლით და ვასოს დავადგეთო. ისე მოხდა ვასოს მოსაწევი პლეხანოვზე ჰქონდა (ფული უკვე ირაკლისთვის გადაგვერიცხა). სანაპიროთი დავაწექით. ლადოს მეორე წელია ელექტრომანქანა ჰყავს. არადა ჩაჭერას, როცა ბარიგას ბაითზე ადგები სხვა მუღამი აქვს. "Youtube" ზე შევვარდი და ძრავის გუგუნიც გავჩითე. სიმულაცია რეალობას იდეალურად დააკვდა. პატარა ბავშვებივით გახალისდნენ.
- ვასოსთან ავიდეთ, შეიძლება მაგის დაც სახლში იყოს და გაიცანი,- მეღრიჭებოდა ლადო. თემას იმთავითვე ეტყობოდა რა დიდი ქინძობაც იქნებოდა, მაგრამ მასიურ წარმოებას იმ დღეებში მიჩვეული ვიყავი და ყოველმძღნიურობაც ვერ შემაშინებდა. ერთი გაფიქრება ისიც გავიფიქრე და საერთოდ არ ყავს-მეთქი.
პატარა ბურჟუასავით ვიქცეოდი, იქნებ სახლი არ მომწონებოდა, თან ყველა სახლს თავისებური სუნი აქვს და როცა ამას ამბობენ უხშირესად რომანტიზებენ, მე კიდევ ვამბობ, რომ ყველა სახლი მხოლოდ თავისებურად ყარს და დიახ, ზოგჯერ გაზაფხულის ჰაერიც ვერაფერს უხერხებს ოთახების დეპრესიულ ქშენას.
ფანჯრები ჩავწიეთ. უკან ვიჯექი. შუაში გაკვეხებულ ვასოს ერთი-ორჯერ ნამწვი გადავუფერფლე. მარცხენა ხელი გადამხვია და მარჯვენათი "მაკაროვი" 9X18 mm დააძრო. მძიმედ ეჭირა. გამორთმევა ვცადე, მანამ მჭიდი შეამოწმა და გულდამშვიდებულმა გამომიწოდა. არ ვიცოდი ვისთვის დამემიზნებინა. სანამ ეზოსთან მივაყენებდით, Dr.Dre შორეთიდან გვებაზრებოდა. ვასოს "მაკაროვი" მხოლოდ ირაკლის დასაბრედად თუ გამოადგებოდა. ფეხი ბარიგას ტრაკში უმიზნებს. ვასოს ფეხობა ყურით მოთრეული იყოო, ვერავინ იტყოდა, მაგრამ სახელი მეტი სიფაქიზით უნდა შეერჩიათ. როცა ირაკლი თბილისიდან გადიოდა, ბურდული პლეხანოვზე რჩებოდა. კლიენტები მოდიოდნენ, ფულს ბარიგასთან რიცხავდნენ და ვასო ფაქტს ხელში აძლევდა. ამიტომ ფეხი კიდევ არა, უფრო ხელი, რადგან მისამართზე წასული ბურდული თავის დღეში არ მენახა.
კიბეები ავირბინეთ და რიგ-რიგობით შევლაგდით. გიორგი და ლადო პირველები შევიდნენ. მერე მე და ვასო. ბოლოს ბექა შემოგვემატა, რეჟისორობაზე მეოცნებე ბიჭი. რამდენიმე სარეკლამო ეპიზოდი და ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეს იყო. ვასოს და კარადიდან თეფშებს იღებდა. შევაჩერეთ. ვუთხარით, რომ უკვე დიდი ხანია არ გვშია. დასატენად ვემზადებოდით. გოგომ ცოტახანი გვათვალიერა. გიორგი ყველაზე მაღალი და უფროსი იყო, შესაბამისად ვასოს დის მზერა უმეტესი დრო მასზე თამაშობდა, სანამ გოგო თავის ოთახში არ შეიმალა. სახეები გაგვქვავებოდა. აქ პირველად ვიყავი და გულისრევამდე სულ ცოტა მაკლდა. გოგო, რომელიც ზუსტად ძმის პატერნი იყო შეცვლილი სქესით, თმის სიგრძითა და ფერით, გავლენას ვერც ერთ რეალობაში ვერ მოახდენდა. ოთახში ბევრი არაფერი იყო: გაზის გამათბობელი, ძველებური ჭრაჭუნა საწოლი, ტუმბა და კარადა ასევე ძველებური ჭურჭლით. სიგარეტი ყნოსვას აქვეითებს, ჰოდა უნდა გამეკიდებინა. ხუთნი ვიყავით, მინდოდა პირველს მომეწია. სიფხიზლე არეულობას ქმნიდა, მაგრამ უფრო დიდი არეულობის მოლოდინში ვიყავი. გადაჭრილი ბოთლი და წყლით სავსე ჭურჭელიც გამზადდა. ჩაყრა გიორგიმ ამოიყვანა. წვის ხმამ ცოტა შემაშინა, მაგრამ ღრმად ჩავისუნთქე და ნაფაზის ერთიანად შესრუტვა მოვინდომე, თუმცა უშედეგოდ. ნახევრამდე ჩავიყვანე და გიორგის ავხედე. გასაგრძელებლად მზად იყო, მაგრამ ვიცოდი ვერ დავბოლდებოდი, ამიტომ დარჩენილი ნაწილიც წარმატებით ჩავამთავრე. პირველად მოწევას თავის უარყოფითი აქვს. დანარჩენ ტიპებს უნდა ელოდო და დრო ჩვეულზე მეტად გეწელება. ხუმრობის სათქმელად მზად ხარ, ამბობ კიდეც, მაგრამ მხოლოდ გვიან თუ ხვდები, რომ ჯერ შენ გარდა ყველა ფხიზელია. ბექამ ისე მოწია, ბოთლი ჭურჭელში არ ჩაუყვანია. ჯერ ამის ცდა ნაადრევი იყო. ლადომ საფირმო ორი ნაფაზი ხია და გამათბობელთან დაჯდა. ვასო ტუალეტში გავიდა. საწყალმა ვერა და ვერ ამოახველა წებოვანი მასა. მინდოდა კარი შემეღო, შემეხედა. იქნებ იდორბლებოდა, ნერწყვიანი თითებით კედელს ეყრდნობოდა და თავს იმაგრებდა. ბარბაცით გამოვიდა, ლადოს გაყინული სახით მიუჯდა და მის მერე ხმა არ ამოუღია. გიორგიმ ჩაყრა ბოლომ გაიმზადა. არ ჩქარობდა, ბოთლი წრიულად ამოჰყავდა და შიგადაშიგ სათითეს ასანთის ღერით ჩხრეკდა, ასე ბალახი საურონის თვალივით ელავდა. ხველებით გავიდა აივანზე. ბექა კინოზე ლაპარაკობდა. ბიჭები დავტოვე. სოფელი დიღმიდან კარგი ხედი იშლებოდა და არც აივანი იყო მომცრო. მოაჯირს გადავეყუდე, ისე როგორც ამას მერვე კლასში ვაკეთებდი, როცა სკოლის შენობის მეორე სართულიდან ზედხედით დირექტორის მკერდს ვათვალიერებდი. გამეცინა და ცოტა დავსევდიანდი. დირექტორს ვიხსენებდი, საკუთარ თავს - ვერა. მერე ეზოს გადავხედე, აივნის კიდესთან მივედი და მისი ბოლოც აღმოვაჩინე. შორს მთავრდებოდა, მეზობლის უხეირო სახლთან. ლამპიონის ნათება ჩვენამდე ვერ აღწევდა, ასე თავი უკეთ ვიგრძენი. კერძო სახლები მომწონს, მეტ თავისუფლებას და ნაკლებ პრობლემას იღებ.
- ხო კარგად ხარ? - მკითხა ლადომ. ნუთუ მთელი ეს დრო აქ იყო. მოწეულზე სასმენი აპარატი უფრო მგრძნობიარეა, ასე რომ მის მოსვლას უეჭველად გავიგებდი, თუ ჩემი გასვლისთანავე უკან არ გამომყვა.
- კი, პროსტა ძაან ქაოსია. ცოტა დიდი სახლი მაინც იყოს ,- მგონი ასე არ უნდა დამეგრუზა. აწყლიანებული, ჩაწითლებული თვალებით მიყურებდა და მთხოვდა უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი, რადგან ყოველი ჩვენგანის ბედნიერება ერთმანეთზე მიბმულიყო.
- წამო, კინოზე ბაზრობენ,- უნიჭოდ ცდილობდა ჩემ დაყოლიებას. ორგანიზმიდან რაღაც უნდა გამომეშვა. ბრაზი, სპერმა თუ სიკეთე კაცმა არ იცის. უკვე ამატებდნენ. მეც დავთანხმდი. ხელახლა შევივსე და მივხვდი გარეთ გასვლა უფრო არაკომფორტული იქნებოდა.
- ახლა რას ჩალიჩობ? იღებ რამეს? - ვკითხე ბექას. ფეხზე ვიდექით, ხელები ჯიბეებში გვეწყო და თავს ძლივს ვიმაგრებდით. დაძაბულებზე მეტად სასაცილოები ვჩანდით.
- კი, თხუთმეტ წუთიანი სერიალი დავიწყე.
- რაო მერე, რთულია მაგ თემების მოგვარება?- არ ვეშვებოდი.
- კამერა უნდა იყიდო. ქირაობას აზრი არ აქვს. განათება გინდა, გრიმი, ხმის მონტაჟი და ეგაა, - მეგონა რაღაცას მატყუებდა, მაგრამ რა უნდა მოეტყუებინა ვერ ვხვდებოდი , ამიტომ მოქანავემ განვაგრძე.
- სცენარს ვინ წერს?
- მე თვითონ,- ცოტას ამაყობდა და ცოტას ისვრიდა. ჩვენ ხომ პირველად შევხვდით ერთმანეთს. ტიპები ყველაფერს მარტივად აკეთებენ,- გავიფიქრე. ხელში უკვე სიგარეტი მეჭირა, არც გაკიდება მახსოვს, არც ფერფლის სვეტის მოწყდომა. ბექა ზომიერად აჟიტირებული მომეჩვენა და მომეწონა. მეტ ენთუზიაზმს მხოლოდ მეტი სისულელის შექმნა შეუძლია.
ბექას შევეშვი. ვასო კვლავ დუმდა. მივედი, მოსაწევი შევუქე და ზურგზე ხელიც წავუცაცუნე. ამოიკნავლა, ზუსტად ისე როგორც კარტის თამაშის დროს აკეთებდა, როცა კოზირები არ ყოფნიდა და ვერ ჭრიდა. ეს ხმა მხოლოდ იმედგაცრუების არ იყო.
- მოდი, მოდი, გადამეკეტა, - გიორგი ნაფაზს ვერ ურტყამდა. იშვიათად ხდებოდა, მაგრამ როცა ხდებოდა ცუდი სანახავი იყო. მოხრილი და განახევრებული ხელებს წელზე იკიდებდა, ახველებდა და სახეზე წითლდებოდა.
- ვახ, ამან უფრო დამაბოლა,- ძლივს ამოისუნთქა გიორგიმ და ცისფერი, მინის თვალებით სათითაოდ შემოგვხედა, თითქოს რომელიმე ჩვენგანს თავზე ხელი უნდა გადაესვა და ეთქვა- ხო, დიდო ბიჭო, დღეს კარგი საქმე გააკეთე. ზოგი იტანჯება, ზოგი ბრუვდება, ზოგი ხალისობს, მაგრამ დღის ბოლოს ყველას საკუთარი თავი ეზიზღება. მეორე დილით იგივეს აკეთებ. თითქოს გაბრაზდი პატარა რუდიმენტი და მსოფლიოს უნდა გაებრძოლო. როგორ გჩაგრავენ ინვალიდო, როგორ გჩაგრავენ. ჩათრევა სამომავლოდ უფრო მეტ სიხარულს ვერ მოგანიჭებს, მაგრამ თუ ვიღაც თავს ფხიზელი იტყუებს, ბუნებრივია არაფხიზელმა მეც მოვინდომო და გამომივიდეს.
- რამე ისეთზე ილაპარაკეთ, ვასოც რო აგყვეთ. ტვინი მოიტყნა ტარანტინოთი,- ვუჩურჩულე ლადოს და ისიც ფეხბურთზე ალაპარაკდა. ვასო უფრო ცუდად გაგვიხდა, საწყალს თურმე ფეხბურთზეც არაფერი სცოდნია. მერე ცოტახანს ყველა გავჩუმდით. ვანიშნეთ, რომ გაჩუმება შეგვეძლო.
2
ერთ მოცლილ დღეს და მოცლილი დღე იმ ხანად ბევრი იყო, ლადოს ნათესავს გავუარეთ. მოსაწყენი ბიზნესი ჩანდა, მაგრამ გამოსდიოდათ, შოულობდნენ და ერთობოდნენ. ყველა სამუშაო ხალისიანია, რასაც დღის ბოლოს საჭირო ფული მოსდევს. ვაჩე არავაჩური იყო, დაბალი და კუნთიანი. ერთი და ორი ნაფაზი არაფერს შვრებაო, გვითხრა. ჩვენც ოთხი ამოვარტყით და კინოც დაიწყო: ორი ტელეფონით დადიოდა, ერთი ახალთახალი ანდროიდი და ერთიც ძველი, რომელსაც მხოლოდ მოგონებების გამო ინახავდა, ყოველშემთხვევაში თავად ასე გვითხრა. ვიდეო ჩართო, ცირიკიძე გაგდებული ჰყავთ და მონაცვლეობით ურტყამენ, ჯეელებს მხოლოდ ვასო არ უერთდება, საწოლზეა და დამწვარ თითს იხვევს.
- ნახე, რა ვუქენით ამ ყლეს, - ხარხარებს ვაჩე.
- აქ გაუყლევა უკვე ხო? - ეკითხება ნათესავი.
- ბიჭო, კაკ რაზ არა რა. ამ პერიოდში ვეძმაკაცებოდი, მერე რაც ბარიგობა დაიწყო შევდექი და შევდექი, მის მერე არ გავჩერებულვარ.
ვასოზე სიტყვა მორჩილების მეტი არაფერი მახსენდებოდა. ის წევს და ბიჭებს აკვირდება, დამწვარ თითსაც, მაგრამ უფრო ბიჭებს და ალბათ, ოცნებობს ტანოვანი ბარიგა ამდენ ბათინკს გამოაცალოს. " არ მინდა, ხელი დავიწვი" - იმეორებს რამდენჯერმე. არც ისე მშიშარაა-მეთქი გავიფიქრე. ვასოს მიუბრუნდნენ და დამწვარ თითზე უკბინეს.
- ზელენსკი ხო იცი პრეზიდენტობამდე ვინ იყო? - თებერვალია და ვაჩე ომსაც გადაწვდა, მაგრამ რუსეთით არ დაუწყია.
- კი და მერე?
- რაღა მერე, უთესლესი მსახიობია და ევროპამაც მთავარი როლი მოარგო. სულ ყლეზე არ კიდია თავისიანები.
გამოვყლევდი, ასეთი არაფერი მენახა. არც მოსაწევი იყო მსგავსად ფსიქოდელიური, ამდენი ბოდვა რომ მომესმინა. თანატოლები ვიყავით და პრობლემაც ეს იყო.
- ვინ გითხრა ეგ? ვისი აზრია? - ვეკითხები.
- ყველა, ვინც ამ ადგილს ანძრევს (საჩვენებელი თითი შუბლთან მიიტანა) სცენარს მარტივად ხვდება.
- და დედამოტყნული პუტინის სცენარს რატო ვერავინ ხვდება?
- ეშინიათ, ეშინიათ,- აქ ხმას ცოტა ჩაუწია, თითქოს სიტყვის მნიშვნელობას ხაზს უსვამსო.
ყველაზე ჩაჯმული ერი ვართ- მეთქი უნდა მეთქვა, მაგრამ ადექი და უხსენი. ისტორია აფერადებს ჩვენს კაცებს. ისინი შემოდიოდნენ, დაგვხედავდნენ რისი ტრაკი გვქონდა , რისი - არა, ჩვენც თავს გამოვიდებდით რაღაცების სიკარგით, სუფრაზე დავყრიდით საჭმელ-სასმელს, მივცემდით ქალებს, მივცემდით ჩვენ თავს, სურვილებს, ცხოვრებას, მომავალს და მაინც გადავრჩებოდით, რადგან ამდენის მიღება მტერს არ შეეძლო, ის უფრო ნაკლებს ითხოვდა.
- კოსტამ არ იცოდა ვასოც თუ თქვენთან ერთად იყო,- ლადომ სიმშვიდეში დაგვაბრუნა.
- ჰო, ვასო იქ გავჩითეთ. დალაყუნობდა აქეთ-იქით. პირველად ირაკლის ჩაუძმაკაცდა, მერე ჩვენც გავიცანით. ახლაც ხო ეგრეა, სიტყვას ვერ ათქმევინებ. ვავალებდით რაღაცებს, ხან სიგარეტს მოიტანდა, ხან - წყალს. ერთხელ ასეულის უფროსთან გავგზავნეთ, ყლეობა დავაბარეთ და ამანაც უთხრა. დასაჯეს იმ დღეს, გარეთ დაიძინა. მაგის მერე შემეცოდა ეგ სირი. ჯარიდან ჩამოვედით, მე აქ მოვეწყვე ბიჭებთან, ცირიკიძემ ბოზობა დაიწყო და ესეც მიეზუტა. ტრაკში ეხმარათ, მართლა ეგ არ ერჩივნა.
- ბიჭო, კიდე ვკითხავ აბა ვასოს მუშაობის თემაზე.
- გააჯმევინე, ათჯერ დავურეკე, ლაქიაობა ურჩევნია ხო ხედავ. ეგ ხელს არასდროს გაანძრევს.
- ალბათ ყველა მაგას ეუბნება, ყლე ხარ და არაფერი გამოგივაო.
- გავიგე ლადო, მარა ყლე ხარო რომ გეტყვიან, საპირისპიროს დამტკიცება არ მოგინდება? თუ რა უნდა მაგას, ეფერონ და დააჯერონ, რო მართლა ვიღაცაა?
- ყველა ვიღაცაა.
- ყველა ვიღაცაა, მაგრამ ყველას არ შეუძლია.
ეფექტი გაილია და ახალი შემოგვაწოდეს, მაღალი, აწოწილი ტიპის სახით, რომელიც ირწმუნებოდა და შეიძლება ასეც იყო, ადრე ელექტრონულ მუსიკას ვქმნიდი, ბევრს ვატრაკებდი და დღეს უკვე ყველაფერი კუჭმა ჩაყლაპაო. თურმე კუჭის კიბოს ებრძოდა და მოიტოვა ყველა სიამე. სიგარეტზე ბევრი არაფერი მიკითხავს, ვიცოდი თვე-თვეზე მეც გადავაგდებდი. ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ცდილობდა ჩემ მოხოდვას. იცოდა თუ არა დამქირავებელმა მისი ავადმყოფობის შესახებ? თუმცა რა აზრი აქვს, ყველას მაინც მუშაობა კლავს. ოქტომბრის არც ისე თბილ საღამოს , როცა ვაჩეს სიყვარულზე ვკითხე, კითხვითვე მიპასუხა , ოდესმე მასთან სექსი მაგრად თუ მოგნდომებიაო. ნუთუ ასეა პორტნოი, ვისთანაც ჟიმაობ, ვერ იყვარებ, ვისაც იყვარებ, ვერ ჟიმავ. მარიამი ის გოგოა, ვინც ცამეტი წლიდან ანგარიშმიუცემლად მხმარობს. რამდენჯერ წაშლილი, დაბლოკილი, მერე ისევ განბლოკილი და დამატებული. როგორ მინდოდა ერთხელ მასზე ზიზღით ჩამომეკრა, მაგრამ ზიზღის გარეშეც ვერ შევძელი.
მე და ჩემი ორი ჯგუფელი ვერის პარკში ვართ, იქვე პირგამომშრალებმა წყალი მოვსვით და მოვსულიერდით. დათო ბილიარდმა დაღალა, მე და მოდე ბილიარდმა და ორმა ჩაყრამ. მოქუფრული ცა წამიერად გაღიავდა. ნაცნობი სხეული არასახასიათოდ მილასლასებს, თურმე გერმანულზე წასვლა ესიკვდილება. რა ენერგია უნდა მქონოდა, მაგრამ მაინც მივადექი და მარიამი აღმოჩნდა. ხელი ჩამოვართვი, მოვიკითხე და იმ დღესვე მივწერე. ორი ან სამი დღე გავიდა და წვერგაპარსული, სახეაწეული "დიდუბის" შესასვლელთან ვიდექი. თავზე ბერეტი ეფარა. არასასიამოვნო აზრებმა გამიარეს, თუმცა მალევე დავმშვიდდი.
- ეს ბიჭი ათი წუთია მაშტერდება, მალე გავიდეთ,- დაიწუწუნა და მეგონა ხელს მკლავზე მომკიდებდა, მაგრამ ტაქსამდე ცალ-ცალკე, შეხების გარეშე მივედით. გულმა ვერ მომითმინა, იმ ბიჭს გავხედე და შევაგინე. რა უპირატესობა ჰქონდა კოსტა წერეთელს სხვასთან შედარებით? ან ჰქონდა თუ არა საერთოდ უპირატესობა? "თბილისი მოლი" ავირჩიეთ. გზად გერმანიის ამბებს მიყვებოდა, თავის ზღვისპირა ქალაქსა და ოპერობაზე, რომ სამუშაო ობიექტურად რთული და ზოგჯერ აუტანელია, მაგრამ ენატრება, დაბრუნება სურს და აქაურობა სიცარიელის მეტს არაფერს სთავაზობს. მიხაროდა, ჩემი გეგმებიც გერმანიაზე გადიოდა და როგორც კი გზნებით ვახარე, პასუხი გზნებითვე დამიბრუნა: მერე შეიძლება ამერიკაში წავიდე, ბოლოს მაინც მანდ მინდაო. არაფერს შევუშინებივარ, რადგან თუ ოდესმე შემიყვარებდა, არც ამერიკა იყო შეუძლებელი და არც აზიის რომელიმე მივარდნილი კუნძული. როცა ხელი მეგობრულად გადავხვიე და ჩვენში მეგობრულიც არაფერი იყო, ქსოვილის შეუდარებელი სიფაფუკე ვიგრძენი. ეს სირბილე ჩახუტებას უფრო და უფრო მანდომებდა. რამდენჯერმე მოზომილად გაიცინა, სასაცილოც არაფერი თქმულა. სეანსზე ვაგვიანებდით. "ფრანგული მაცნე" ნანახი მქონდა, მაგრამ მასზე კარგს ვერაფერს შევთავაზებდი, თანაც ანდერსონი მოსწონდა. პოპკორნი "კავეას" გოგომ უხერხულად მომაწოდა, ცოტა დაიბნა და წამოვროშე, ეს თქვენი წილია-მეთქი. ასეთ სირობებს მხოლოდ მაშინ ვამბობ, როცა რაღაც უჩვეულოდ კარგად მიდის, მაგრამ იმ ნაღდ სიცილს, რომელსაც ტაქსში ასე უშედეგოდ ვეძებდი, მოულოდნელად აქ გადავაწყდი. არ მეგონა, თუ არაეთიკურზე გაიცინებდა. მეც ზომაზე მეტად ავჭიხვინდი და მარიამს სასმელები გადავაწოდე. "კორონავირუსის" გადატანის შემდეგ ყნოსვა დაკარგული ჰქონდა. ჩემმა ძმამ იმ დღეს პერანგი მათხოვა, სუნამო ხარბად გასცა და ცხვირი თავის ელექტრომოწყობილობით საგულდაგულოდ გამომისუფთავა. ფერწასული პატარა ძმა , რომელიც ასე მონდომებით ელოდება დიად სიყვარულს, მან ჯერ კიდევ არ იცის, ეს ის გოგოა, თერთმეტი წლის წინ კაცობრიობას ჩემი თავი რომ მოპარა. თაიგულით ხელში და ხუთლარიანი კუპიურებით ხელში, რომ მე, ბესარიონ წერეთლის შვილიშვილი ვარ და იქნებ სოფლამდე ათ ლარად მიმიყვანონ, რომ მძღოლი ბაბუას იცნობს და ტვინს მიჭედავს ათასი სისულელით და ვფიქრობ, სად წავიღო თაიგული, რომ დედაჩემი კი ჰგავს მარიამს, მაგრამ მარიამი არ არის და ნაადრევად ჩამოვდივარ მანქანიდან და მდინარე თაიგულს მიაქროლებს და ატივტივებს. იმ საღამოს ვიტყუები, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მადლობას ვუხდი ჩემს ძმას, ფულადი წახალისებისთვის, რომელიც ერთობ საჭირო იყო და მის გარეშე არც არაფერი გამოვიდოდა. ვუყურებ ბედნიერ წყვილს, ვუყურებ დედაჩემს, რომელიც უშურველად უნაწილებს სითბოს ახლადშექმნილ ოჯახს. შუაღამის სამზე მეღვიძება, ჩვენს ეზოს გვერდს დიდი სიჩქარით და ძრავის გუგუნით , გადასახსნელსახურავიანი მანქანა უვლის. სოფელში ასეთი არაფერი მინახავს. ძმა ისევ ემუსაიფება საყვარელ ცოლს, ეს ის ღამეებია, რომლებიც მხოლოდ ლაპარაკში უნდა გალიონ.
https://www.youtube.com/watch?v=k_V8-me9dZA
მოუსმინეთ.
ფილმში დრამა უხვად იყო. განსაკუთრებული ყურადღებით ლეა სედუს და ბენისიო დელ ტოროს პერსონაჟებს ვუყურებდი.
- არ მიყვარხარ.
- ვხედავ მომავალს, რომელიც შენ ხარ.
- არ მიყვარხარ.
- ვხედავ მომავალს, რომელიც შენ ხარ.
რას ვაკეთებ როცა უბედური ვარ? ძირითადად იდიოტურ გამომეტყველებას ვიღებ. და თუ მაინც მეტ სიზუსტეს ითხოვთ, იდიოტურ-ბედნიერს. სუნამომ ვერ გაჭრა, მაგრამ სურნელოვან ერთჯერად ხელსახოცს ვერაფერი მოუხერხა.
- "სელპაკია" ? - მეკითხება და ხარბად ისუნთქავს.
- არა, რაღაც სხვა, არომატიანი.
- თუ დაიჯერებ, "კოვიდის" მერე ყნოსვა პირველად დამიბრუნდა.
- ვერ წარმოვიდგენდი, თორემ მეტს ვიყიდდი.
ჩემო ბიჭო, ეს რა მოგივიდა, როგორ ვერ იგრძენი ნივთთა წინასწარი საჭიროება, სადაა ნიჭი , რომელიც სიყვარულს თან უნდა ახლდეს, ვერ ვიჯერებ, წინსწრებით არაფერი იცი?
შესაფერის მომენტს ველოდი, რომელიც თურმე მხოლოდ ჩემთვის ყოფილა შესაფერისი, ამიტომ აიცილა სასაცილოდ მომუწული ტუჩები, წამით რომ გასრიალდნენ მის ლოყაზე და მერე კისერი მოიმტვრიეს.
ფილმი დამთავრდა. ბურგერებს ვჭამდით და მთავარი მოქმედებისთვის ვემზადებოდით, სადაც საჭირო არა, მაგრამ აუცილებელი გულახდილობით რამდენიმე ამბავი უნდა მოგვეთხრო, რათა აგვეხსნა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა, რატომ ვერ ვიცინოდით ხშირად ან რატომ გვინდოდა მაინცდამაინც კონკრეტული ისტორიების მოყოლა. დეპრესიაზე არაფერი მითქვამს, ისედაც ყველა გოგოსთან პირს ვაღებდი პირველი კურსის სასაცილო ფანდებზე, აქ კი მინდოდა რაღაც სხვანაირად ყოფილიყო ან თავად მე ვყოფილიყავი სხვანაირი ანუ ბუნებრივი.
- ჰო, დაიწყო თუ არა პანდემია, სამეგობრო ჩავწექით. იმის მეტი არაფერი გვიკეთებია, ხო იცი.
- ვხვდები. მეც პირველად მაგ დროს გავსინჯე. სისულელეა, მეგონა პირად დრამას გადავაგორებდი.
- ოოო, და რა პირადი დრამა? - მეგონა უკან დილდო ამომდეს. შეშინებული ვჩანდი.
- ერთთან ვიყავი, - მძიმედ დაიწყო და ძლივს გააგრძელა, - სამ წელზე მეტი. ისე გამოვიდა, რომ წავიდა, მე კიდევ ძალა არ მეყო.
პირველი რაც გავიფიქრე, სექსი იყო. ამას ვერსად გავექცეოდი, ადრე თუ გვიან ჩემს გოგოს კისერზე უკბენდნენ, გათავებისას ნერწყვმომდგარი სახეს დაუსველებდნენ და როცა თავს ძალა დავატანე მათზე მეტად უხეში, ცხოველური და მონდომებული ვყოფილიყავი ჩემი ბიჭი სადღაც სიღრმისკენ გაუჩინარდა, თითქოს თავის ჩამოხრჩობას აპირებს და მის ადგილას სამახსოვროდ საოცნებო ნაპრალს მიტოვებსო. დიდ სურვილს დიდი შიში საწერაოდ აედევნა. უბედური ხარ, ჭეშმარიტად უბედური, სიყვარული კი ისევ არ გტოვებს.
"სარაჯიშვილის" მეტროსთან ჩამოვედით. ერთმანეთისთვის ის ადგილი უნდა გვენახებინა, სადაც მარტონი მოვდიოდით და წვრილ-წვრილ, შეუჩვეველ დარდებს ვამარცხებდით. თურმე ერთი და იგივე ადგილი გვიგულისხმია. სიგარეტი ერთდროულად გავუკიდეთ, მოუნდა უფრო გულახდილი ყოფილიყო. მითხრა აქედან მხოლოდ ჩემით თუ გამოვძვრები და შენი ყველა მცდელობა უფრო მეტ ზიანს მომაყენებსო. ისიც თქვა, რომ ავთვისებიანს ელოდა და კეთილთვისებიანი აღმოჩნდა, კიბო აქეთ-იქით დაძვრებოდა ნაცნობ ხალხს შორის და საკბილო ჯერ ვერ ეპოვა. ჩვენი თავები სხვათა ტრაკში ჯიუტად ჩავრგეთ და დავიწყეთ ერთმანეთის გამოშიგნვა. მარტივია, მარიამის თავი იმ ბიჭუნას უკანალშია, ჩემით კი მის შიგნეულობას ვაწვალებ. როგორი ბუნებრივი და ამაღელვებელია, როცა ვინმეზე ოცნებობ და რა აუტანლად სასირცხვილო და უაზროა სხვისი ინტერესი შენს მიმართ. ერთი გარბის, მეორე ტრიალდება. ჩავეხუტე, ხელები უმოძრაოდ ეკიდა. ბოდიში მოიხადა, ამ ბოლო დროს თურმე ზედმეტად ცივი გამხდარა. ვიცოდი , რა იყო სიმართლე ან ეს დღე მოიტანდა თუ არა რამეს, მაგრამ მინდოდა ყველა დაუჯერებელი სისულელე მერწმუნა იმ ღამეს, მინდოდა და თან როგორ, ვინ იცის.
„რუსთაველისკენ“ გადავინაცვლეთ. მორთავდნენო მითხრა და სხვა არაფერი მინდოდა, შემეძლო ქუჩა-ქუჩა მევლო, შევყოლოდი ნებისმიერ ჩიხს ოღონდაც რამე მომხდარიყო. ესკალატორზე ზედმეტ შეხებებს მოვერიდე. ღამე აუცილებლად დამთავრდებოდა, მანამ მინდოდა რამე მოგვესწრო/მომესწრო, როცა გაუსაძლისად რთული იქნებოდა სახლში კარგი ამბის გარეშე დაბრუნება. მომბეზრდა ტყუილები, მაგრამ ოჯახში კარგა ხანია ისედაც აღარაფერს ვამბობდი ურთიერთობებზე და მათ კითხვებსაც აღარ ვისმენდი. სიახლის გარეშე, ცხვირჩამოშვებული, სახედაღრეჯილი ბიჭი, რომელიც კლავიატურას მწერივით ჩაფრენილა, ეძიებს და ვერ ასრულებს ძიებას, რატომ შეიძლება იყოს უბედური, როცა თავად ასეთი მარტივია.
- მალე დავანებებ, ვყარვარ ,- ვთქვი და თითები ცხვირთან მივიტანე. ეწყინა და სამ-ოთხ ნაფაზიანი სიგარეტი გადააგდო.
არ ვიცოდი რამდენად მალე შევეშვებოდი, მაგრამ ყველა კოცნა ამ უსაზიზღრეს გემოს ატარებდა. ხედავთ? წინ გახედვაც შემძლებია. იმედიანად ვერ იქნებით, რადგან მარიამისთვის არასდროს შემიცურებია და მთელი ეს ლაყბობა სიგარეტზე მოუნელებელ ტკივილად იქცა. გულს ნუ დაიწყვეტთ, მისი კვამლ-კუპრიანი პირი ზუსტად ისეთივე იქნებოდა, როგორსაც შეგაჩვიეს. ტუჩი მუტელზე სწრაფად ათავებს და ყველა იმ თვისებას მალევე კარგავს, რამაც მთელი ეს ამბები წამოგაწყებინა. ამიტომაც ვინაცვლებ სხვა ადგილებში: ლოყა, კისერი, ყბის კუთხე, გულმკერდი, სანამ რამე უფრო სველსა და მოძრავს მიადგები, შენ შესრუტვას რომ ლამობს, მანამ დიდი არჩევანი გაქვს. რა არის საფრთხე? უგვანოდ შეკრეჭილი ფაჩარი, ფეხის სუნი, ფართო არეოლები თუ მოუქნელობა, რა იქნება შემდეგი, რაც დანებებას გადაგაწყვეტინებს, მაგრამ საოცრებავ, მე ისევ ვფხიზლობ, ვდგები, ვმაგრდები, ვმსხვილდები და აქვითინების პირას მყოფი ვცდილობ გულიანად მიგარჭო, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავინახო ძალა, საწყისი, რაც მამომძრავებს, რადგან ვერ ვამჩნევ და მხოლოდ ვგრძნობ, როგორ ჟონავს ჩემი კანიდან მარცხი, რომელიც ვერ შედგა.
- წამო, ერთი დასალევი ადგილი ვიცი და ახლა მე დაგპატიჟებ.
- კარგი, თუ რამე მეც შემოგეშველები.
- მარა დღეს რა დღეა?
- პარასკევი.
- რატომღაც გამეხარდა, არადა სხვა დღეებიც თავისუფალი მაქვს.
- დღეები გადავაბათ?
- რაო?
- უფრო ახლოს ყოფნა მინდა.
- შეგიძლია ოდესმე სხვანაირად დაიწყო?
- შენ შეგიძლია ოდესმე სხვანაირად დაამთავრო?
შალვა დადიანის ქუჩა. რომელიღაც ნომერი. "მწვანე პასპორტები" ვაჩვენეთ და შეგვიშვეს. შიგნით მსახიობი გავაძრეთ. მაღალი, აბურდული თმით და წვერით, დაყენებული მზერით, სულ გაოცებას და აღფრთოვანებას რომ გამოხატავს. მარიამს გავხედე, გახედა თუ არა იმ სირს და მერე იმ სირს გავხედე, გახედა თუ არა მარიამს და ისეთს არაფერს ვიზამდი და არც გამოვხატავდი და არც დებოშს მოვაწყობდი, რადგან ეს უკვე ძველმოდურ-ანომალიურ აქტად იქცა დიდი დროა, მხოლოდ თუ მათი მზერა გაერთიანდა მინდოდა ვყოფილიყავი მოწმე და შემეხედა წამით, რომ მარიამის გამომეტყველებაში რამე ნაცნობი დეტალი მეპოვა, სხვა დროს ჩემთან გამოყენებული. უპირატესობის დამტკიცება კვლავ შეუძლებელი იყო. ვერსად დავსხდებოდით. ცოტახნით ბართან დარჩა, მე აივნისკენ დავიძარი. ერთი "საძმო" მეორეს უტრაკებდა, ისევ ნომრის თხოვნის და დევნის სამყაროში ვიყავით მიკროპენისები, რომ თუ ყლეს ვერ ვარჭობდით, დანა მაინც შეგვერჭო სადმე, მთავარია ღრმად და ისე ბრუტალურად, რომ რომელიმე მაგისტრალურ არტერიას პატრონი აღარ ჰყოლოდა და მერე ეხადათ მშობლებს გირაო, რომ დავბრუნებოდი უზენაეს სამყოფელს და სხვა ჰაერი თავში ვერაფერს შეცვლიდა და ვერც ჩავარდნილ საქმეებს ამოვაგდებდი და რა სირიც დავიბადე , იმ სირად დავრჩებოდი საუკუნო შესაძლებლობით, შემეხედა გოგო-ბიჭებში მოსრიალე გოგო-ბიჭისთვის და მეღიარებინა ჩემი მარცხი და ამეღო დანა და წინა ტიპს ტრაკში რომ დავარჭე ახლა სხვისთვის დამერჭო და მერე მევლო ბარიდან ბარში. ამდენ ნომერს ვერ ვიმახსოვრებ, იქნებ შეწყვიტოთ. დაძაბულობა, უჰაერობა, არაზუსტი სიტყვები და გავიმარჯვეთ: