ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ოქროს ანგელოზი

ოქროს ანგელოზი

წერილი ტომას გრინვილდს

 

  მისტერ გრინვილდ, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი დრო გავიდა დედათქვენის გარდაცვალებიდან. მე მესმის, მსგავსი სიტუაციიდან და მდგომარეობიდან გამოსვლისთვის არ არსებობს განსაზღვრული პერიოდი, მაგრამ თავს უფლებას მივცემ ვივარაუდო, რომ თქვენ შეძლებთ ჩვენს დახმარებას. გთხოვთ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული დროით ესტუმროთ თქვენს მშობლიურ ქალაქს. თქვენი მამულის დოკუმენტები უკვე წესრიგშია და მზად არის გასაფორმებლად, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დასტური ესაჭიროება. მისი ხანძრით გამოწვეული დაზიანება იმდენად დიდი იყო, რომ ჩვენ ვიზრუნეთ დაბინავებისა და განთავსების საკითხზე. ვფიქრობ, ბევრი საინტერესო დეტალი გამოჩნდა და თქვენი აქ ყოფნა მიზანშეწონილი და ასევე სავალდებულოა.

პატივისცემით,

დეტექტივი: ჰანს სოიერი.

  _ ტომ, ვინ არის? რა გადმოგცეს? _ გაისმა ზურგს უკან მისის გრინვილდის ხმა.

  _ წერილია მანდელვილიდან, სურთ მამულის გაფორმების საკითხზე ჩავიდე ქალაქში და ამის პარალელურად გამოძიების ახალ დეტალებს გავეცნო.

  _ კარგი რა, ტომ! ორი წლის შემდეგ გაახსენდათ ეს ამბავი?! ახლა ისევ გინდა დეპრესიას დაუბრუნდე და ისეთივე უუნარო გახდე?! უნდა გაგიახლდეს მისი გარდაცვალებით გამოწვეული სტრესი. არ გვინდა ეს მამული, რაში გვჭირდება? ნუ წახვალ, ტომ, ახლა ამის დრო არ არის...

  _ ევა, შენ შესაძლოა მართლა არაფერში გჭირდება, მე კი იქ გავიზარდე, უამრავი მოგონება მაქვს. გარდა ამისა, თავს დედაჩემის წინაშე ვგრძნობ ვალდებულად, ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო. თუ არაფერი მომხდარა, ესეც დავაზუსტო, დავუმტკიცო საკუთარ თავს და დავბრუნდე. აი, მერე კი, თუ გინდა, სულ ნუ წავალთ იქ, ნურასდროს! საშუალება მომეცი, დავმშვიდდე. იქნებ, დავიღალე ოჯახში უდარდელი კაცის ნიღბის ტარებით? იქნებ, ეს არის, რაც რეალურად მჭირდება იმისთვის, რომ მართლა ვიყო მშვიდად?!

  _ მშვიდად ხარ, ტომ, უკვე მუშაობ, იმდენსაც აღარ სვამ. არ მინდა, ისევ განახლდეს ყველაფერი, შენი სმა! აურზაური...

  _ არაფერი განახლდება, ბავშვი არ ვარ, ერთხელ უკვე გადავლახე ყველაფერი. წერტილის დასმა მჭირდება მხოლოდ.

  თითქოს ჩემმა პასუხმა არ დააკმაყოფილა, გაბრაზებულმა ევამ წერილი ხელიდან გამომტაცა და თავად დაიწყო თვალიერება...

  _ ევა, გეყოფა!

  _ არა, არ მეყოფა, ტომ, შენ გეყოფა წარსულში ხელების ფათური! ვერ ხვდები, რომ ცოლი და შვილი გყავს, რომელსაც ჯანსაღი ფსიქიკით სჭირდები?!

  _ მე წარსულიც მაქვს, რომელიც ჩემი ნაწილია და მას საკუთარ თავს ვერ წავართმევ. ვერც შენ შეძლებ შენი ყვირილით მის ჩემგან განცალკევებას.

  _ შენ ყვირი და სულ არ ფიქრობ ბავშვის შეშინებულ თვალებზე... არავიზე აღარ ფიქრობ!

მაჯაზე ვწვდი და წერილი უხეშად გამოვართვი!

  _ მე მივდივარ! _ დავიყვირე და ოთახის კარი მოვაჯახუნე.

  ასეთ დროს ძალიან აგრესიული ვხდები, როცა ჩემს აზრს პატივს არ სცემენ. თითქოს აღარც მესმოდა და ვეღარც ვხედავდი, გონება სრულიად დამებინდა, მხოლოდ ინსტინქტურად დავდიოდი ოთახიდან ოთახში. ევა ყვიროდა, მაგრამ მისი სიტყვების შინაარსი აღარ მესმოდა... ვეღარც ბავშვის მდგომარეობაზე ვფიქრობდი, რომელიც შეშინებული, აცრემლებული თვალებით უყურებდა ამ სცენას... მისი თითქოს მრცხვენოდა. ჩხუბის შემდეგ საძინებელში აღარ შევსულვარ, გათიშული კიბეზე ჩამოვედი, ერთი კვირის სამყოფი ნივთები ჩემოდანში ხმის ამოუღებლად ჩავაწყვე და სახლის კარები გამოვიხურე... ევას ხმა აღარ გამიგია, როგორც ჩანს, დანებდა და შეეგუა, რომ ჩემსას გავიტან!

  ღამის თერთმეტი საათი იყო... სადგურისკენ მოუსვენრო ბით შეპყრობილი მივუყვებოდი გზას. არც მგზავრობის სურვილი მქონდა, არც იმ უცნაური შეგრძნებების, რომელსაც ორი წლის წინ, დედაჩემთან ერთად დავემშვიდობე, მაგრამ ეს ჩემი ტკივილით სავსე ნაწილი იყო და სადგურამდე თითქმის მძინარე, აღელვებისგან გათიშულ მდგომარეობაში მივედი. მატარებელი ყოველ თორმეტ საათში ერთხელ გადის ემსტონიდან მანდელვილისკენ ...

  მალე მატარებელი დაიძრა... ჩემს მშობლიურ ქალაქამდე 8 საათის სალიანდაგე გზაა, რადგან ადგილი მიუვალია და მოძრაობა ჭირს.

  მანდელვილი ერთი პატარა ქალაქია, მთებში ჩაფლული, სადაც სულ ცივა, წვიმა და ნისლია. მზიანი ამინდი თითქმის არ მახსოვს, ხალხიც ქალაქივით პირქუში, ცივი და ჩაკეტილია. ახლობლები არ გვყოლია, კარგად მხოლოდ პასტორი გრეგორი და მეზობელი პატარა ბიჭი ჩარლზი მახსოვს, რომლის ქალაქიდან წასვლის შემდეგ სრულიად მარტო დავრჩი დედასთან.

  14 წლის ვიყავი, მამასთან რომ გადმოვედი საცხოვრებლად. დედა ხშირად ავადმყოფობდა, თუ შეიძლება ამას ავადმყოფობა ეწოდოს. მაშინ ვადანაშაულებდი, მეგონა, თავიდან მომიშორა, მაგრამ ახლა თითქოს ვხვდები, ეს რატომ გააკეთა. შინაგანი პრობლემა ყოველთვის საყვარელი ადამიანებისგან გარიყვისკენ გვიბიძგებს, რადგან ნეგატივი მათზეც არ გავავრცელოთ. დედაჩემის მდგომარეობას კი მხოლოდ ამ მარტივი სიტყვით ვერ მოიხსენიებ.

  როგორც ახლა გავაანალიზე, ფსიქიკური აშლილობის გამო, მამამ მიატოვა და სხვა ქალაქში წავიდა. დიდხანს არ უთმენია, ალბათ სათანადო გრძნობების არქონის გამო, ბრძოლაც კი არ უცდია... არც სხვა ცოლი შეურთავს, უბრალოდ, დედას გაერიდა.

  გარკვეული დროის შემდეგ, მეც მასთან გამგზავნა დედამ. ალბათ, მარტო ყოფნა არ უნდოდა, მაგრამ ავადმყოფობა არ ასვენებდა. სიცოცხლეც ასე უცნაურად დაამთავრა, მთელი მამული დაიწვა. მე კი ფერფლიდან მიწევს მოგონებების აღდგენა.

  რა უცნაურია ადამიანი, ფერფლის გამთელებასაც კი ცდილობს, იმის მაგივრად, ბედს შეეგუოს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს. მაგრამ განა რამდენი ცხოვრების დაწყების საშუალება გვაქვს სიცოცხლეში? ვფიქრობ, ბევრის არა...

  მატარებლის ხმაურმა ძალიან დამღალა, ალაგალაგ მთვლემდა. შებინდებულზე ნაცნობმა ხედებმა გამომაფხიზლა. აი, ჩემი ქალაქიც გამოჩნდა, ისევ ისეთი ნისლიანი, შეღამებული, ნაცრისფერი ცით. სადგურდე 5 წუთის გზაა დარჩენილი, რყევისგან გაბნეული ნივთები მოვკრიფე და კარისკენ გავეშურე. თებერვლის სუსხი ვაგონებშიც ატანდა. მატარებლიდან ჩავედი თუ არა, მამაკაცის ჩახლეჩილი ხმა მომესმა: _ მისტერ გრინვილდ!... მხართან თამბაქოსა და ალკოჰოლის მძაფრი სუნი ვიგრძენი.

  _ მისტერ გრინვილდი ხართ, ხომ არ ვცდები?

   _ დიახ, მე ვარ, თქვენ ვინ ბრძანდებით?

  _ მე დეტექტივმა სოიერმა გამომაგზავნა თქვენთან დასახვედრად.

   _ კი, მაგრამ რა იცოდით, რომ დღეს ჩამოვიდოდი? ასეთი ყურადღება და მობილიზებულობა, ცოტა არ იყოს, უცნაურია, ჩამაფიქრა.

  _ მე მხოლოდ ის მითხრეს, რომ დაგხვედროდით, სერ, სხვა არაფერი. ამაღამ სასტუმროში დაბინავდით, დაისვენეთ და დილით შეხვდებით დეტექტივს.

   _ კარგი, წავიდეთ...

  ცენტრში პატარა სასტუმრო იყო, კომფორტულ ნომერში მომათავსეს. თავს ცოტა უცნაურად ვგრძნობდი, ორი წლის შემდეგ ასეთი ინტერესი ამ საქმის მიმართ, ასეთი ხარჯი ჩემ გამო, ყურადღება. ერთი სული მქონდა, ყველაფერი დეტალურად გამეგო. მაგიდაზე ღვინის ბოთლი და გადასახვევად გამზადებული თამბაქო შევნიშნე. ცოტა მოდუნება არ მაწყენს, მატარებელმა ძალიან დამღალა. ღვინოსაც არა უშავდა, ერთი ჭიქის შემდეგ დაღლილობამ თავისი გაიტანა და უგონოდ ჩამეძინა...

  დილით კარზე კაკუნმა გამაღვიძა.

   _ მისტერ გრინვილდ, დეტექტივი სოიერი ვარ. _ მოისმა კარს უკნიდან ახალგაზრდა მამაკაცის ხმა.

  _ დიახ, ახლავე. _ მაგიდაზე მობნეული თამბაქო მუჭში მოვიქციე, ბოთლიც ბალიშქვეშ ამოვდე. ვიფიქრე, კარგი ჟესტი არ იქნებოდა, პირველივე შეხვედრაზე ჩემი ალკოჰოლისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამოვლენა და კარი გავაღე.

  _ შეიძლება?

  _ კი მობრძანდით, სერ.

  დეტექტივი შემოვიდა და მიმოიხედა. ის ახალგაზრდა, ასე ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის, კულტურული გარეგნობის, საშუალოზე მაღალი ახალგაზრდა მამაკაცი იყო... მხარბეჭიანი, სწორი, მოკლედ შეჭრილი, წაბლისფერი თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი. მკაცრად შეკრული შუბლის მიუხედავად, თვალები მაინც უცინოდა. მე ის ბოლოს დედაჩემის დაკრძალვაზე ვნახე... ორი წლის განმავლობაში საკმაოდ შეცვლილი მეჩვენა... გამიღიმა და მითხრა:

  _ ვფიქრობ, უკმაყოფილო არ უნდა იყოთ სასტუმროთი. ვეცადეთ კომფორტული ნომერი შეგვერჩია თქვენთვის.

  _ კი, მართლაც ძალიან კარგი გარემოა. ეგ არის, ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს, ჩემთვის ასეთი კომფორტის შექმნაც არ იყო საჭირო.

  _ როგორ გეკადრებათ, თქვენი წარმომავლობის ადამიანს სხვანაირად ვერ გაკადრებდით. თან ყველაფერი იმის შემდეგ, რისი გადატანაც მოგიხდათ, ზედმეტ თავსატეხს ვერ გაგიჩენდით არაკომფორტული განთავსების კუთხით.

  _ რაც არ უნდა იყოს, დიდად მადლობელი ვარ!

  _ მოდით, საქმეზე გადავიდეთ, მისტერ გრინველდ.

  _ კი, ბატონო, დაბრძანდით.

  თამბაქოს ნარჩენები კიდევ ერთხელ გადავწმინდე მაგიდიდან.

  _ გუშინ თქვენი წარმომადგენელი დამხვდა მატარებელთან. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რადგან არ იცოდით ჩემი ჩამოსვლის თაობაზე, ასეთმა მობილიზებულობამაც, ცოტა არ იყოს, დამძაბა.

  _ იცით, ჩვენ ყოველთვის წინასწარ გვაქვს ინფორმაცია მგზავრებზე, რომლებიც ჩვენი ქალაქისკენ მოემართებიან. ხშირად ამას არ ვამოწმებთ, მაგრამ მსგავს სიტუაციებში ყოველთვის წინასწარ ვავლებთ თვალს. როგორც აღვნიშნე, თქვენთვის სათანადო პირობების შექმნა გვინდოდა.

  _ დიახ, მესმის.

 _ გრინვილდ, თქვენი მამულის გაფორმების საკითხი მოგვარებულია დოკუმენტაციის კუთხით. ამაზე ვიზრუნეთ. ვიცით, რომ დიდი დრო გავიდა და ძალიან გაიწელა ყველაფერი, მაგრამ არის გარკვეული გარემოებები, რომლებიც დაგაინტერესებთ. ჩემი უხერხულობა მეც მაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით, ამდენ ხანს არ უნდა გაწელილიყო. ამასთან, თქვენთვის ძალიან რთულია კვლავ აქ დაბრუნება, მაგრამ...

მესმის. სიმართლე გითხრათ, მამულის დამტკიცების საკითხი ჩემთვის მეორე ხარისხოვანია. მისგან ნამწვავების მეტი აღარაფერი დარჩა. საგამოძიებო საკითხი ბევრად წინ დგას. შესაძლოა, ეს უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ ეჭვი არასდროს აძლევს ადამიანს მოსვენების საშუალებას. მით უმეტეს, როცა საქმე მარტოხელა დედას ეხება. არ მასვენებს იმაზე ფიქრი, თუ რა მოხდა, რას გრძნობდა, როცა მარტო იყო. ან იქნებ, ვინმე ჩვენი ქონებით დაინტერესდა და ყველაფერი უბედურ შემთხვევას დაემსგავსა. მინდა ყველა კითხვას პასუხი გავცე და აქედან მშვიდად წავიდე, თუნდაც უკან დაბრუნება აღარასდროს მომიწიოს. ყველა კუთხე ამ ქალაქში, ყველა დეტალი ჩემში მხოლოდ ტკივილს და უარყოფით ემოციას იწვევს.