ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

უსახელო

უსახელო

მე ხომ ყოველთვის ვხედავ

  საკუთარ ფიქრებში დაკარგვა ხშირად მახასიათებს.

  ირგვლივ ყველა მეუბნება, რომ სულ ღრუბლებში დავფრინავ და არავის ვუსმენ, მაგრამ ხანდახან ყველაფერი ისე ცუდადაა, რომ ფიქრებში ყოფნა შვებას მგვრის. ხანდახან ეს წარმოდგენები, რასაც გონებაში მოვიფიქრებ, რეალურ ამბებს ემსგავსება. რეალური სცენებით, დიალოგებით და ემოციებით. შემდეგ კინოფირივით ვატრიალებ გონებაში და თავს ვიტყუებ, რომ ყოველივე ეს გადამხდენია.

  მსგავსი წარმოსახვითი სცენარები იმ რეალობაზე ბევრად უფრო სახალისო და ამაღელვებელია, ვიდრე სადაც მე ვცხოვრობ.

 გვარი არ მაქვს, მაგრამ აქ ყველა კაილს მეძახის. ვცხოვრობ კეიტლინ ჰილის მეოთხე დისტრიქტში, ბავშვთა თავშესაფარში. 17-ის ვარ და სრულწლოვანი მალე გავხდები.

 კვლავ ფიქრებში გართული, ვერანდაზე ვზივარ და თავზე მაწვიმს. თმა სულ დამისველდა, მაგრამ აქ ყოფნა და გაციება მირჩევნია იმ ოთახში დაბრუნებას, რადგან სული მეხუთება. ბოტასებზე, ფლომასტრით დახატული კარაკულები, აკვარელივით აიდღაბნა, მაგრამ მაინც მინდოდა რაც შეიძლება დიდხანს დავრჩენილიყავი გარეთ.

 ხანდახან მარტოობა მეც მჭირდება.

  ზაფხულია, მაგრამ უკვე შემოდგომა გეგონება. კვირაში 5 დღე წვიმს და ისე ცივა, დაგავიწყდებათ კალენდარი რომ აგვისტოს აჩვენებს. მძულს მოახლოებული შემოდგომაც, რადგან მისი მოსვლა ნიშნავს, რომ მალე თვრამეტის გავხდები. რა უაზრო რამაა ეს ციფრები. ვითომ სრულწლოვანი და დამოუკიდებელი ხდები როცა თვრამეტი გისრულდება, მაგრამ რეალურად თავს არც დამოუკიდებლად, არც სრულწლოვნად არ გრძნობ. ახლა ჩვიდმეტის ვარ და თავს ცამეტი წლისად ვგრძნობ, ამიტომ რას მიწყვიტავს ასაკი, როცა თვრამეტისაც ისევე უსუსური და უუნარო ვიქნები როგორიც ცამეტისა ვიყავი?

   ღრმად ამოვიოხრე და ციფრების თავიდან ამოგდება ვცადე. ბოლო დროს სულ ეს ერთი საფიქრალი მიტრიალებს და ვგრძნობ რომ უკვე ჭკუიდან ვიშლები. ალბათ დეპრესიაც მაქვს. თუმცა არ შეიძლება რომ ეს წამომცდეს, რადგან არ მინდა ისააკი ვანერვიულო.

  ახლა გამახსენდა, რომ დავპირდი ტელევიზორის ოთახში მალე დავბრუნდებოდი, მაგრამ უკვე ერთი საათი გავიდა. ისააკისთვის კი ესეც საკმარისია ხოლმე აღელვებისთვის.

 დიდი ძალისხმევით, ფეხზე როგორც იქნა წამოვდექი და ეზოშიც გადავიხედე. წყლის დიდი გუბურები გაჩენილიყო და ყველაფერი, აწ უკვე ჩამდგარ შტორმს გაენადგურებინა. ჩემი ახლად დარგული, სიმწრით მოპოვებული ყვავილებიც მიწასთან გაესწორებინა.

 ღრმად ამოვიოხრე და ჩამოხსნილი სარეცხით ხელში, დერეფანს მივუყევი. აუჩქარებლად მივდიოდი, რათა მარტო ყოფნის დრო რაც შეიძლება მეტად გამეწელა.

  ჩემს ილუზიებს მივუბრუნდი და წარმოვიდგინე, თითქოს მდიდარი სტუმარი ვიყავი, რომელიც პირველად ათვალიერებდა სახლს. ადგილს, რომლის ყველა კუთხე-კუნჭული ვიცი. სახლს, სადაც მთელი ცხოვრება გავატარე. წარმოვიდგინე, რომ ვიღაც მილიარდელი ინვესტორი ვიყავი, რომელსაც მთლიანი შენობა უნდა გადაეკეთებინა და პირველს აუცილებლად ამ ჭაობისფერ შპალერს მოვაშორებდი. ხელებს გიჟივით ვიშვერდი, ვითომ მუშებს და დამხმარეებს ვესაუბრებოდი და ვუსხნიდი რა-სად უნდა შეცვლილიყო და რა ფერში. ჩამპალ ხის ჩარჩოებს აუცილებლად წითელი მუხით ჩავანაცვლებდი, ადგილებში ამოვარდნილ პარკეტს კი ლამინატით, ან არა-მარმარილოთი შევცვლიდი, რათა ბავშვებს კარგად ესრიალათ! ისე ვხსნიდი ყველაფერს, თითქოს რენოვაციის გადაცემაში ვიყავი და ტელევიზიიდანაც გვესტუმრნენ. ვესაუბრებოდი კამერას, ვეპრანჭებოდი მაყურებელს...კიდევ რას შევცვლიდი? დიდ ჭაღებს დავკიდებდი, აი ისეთი, მარგალიტებივით რომ ბზინავს და შანელის სუნამოს ენრაოდენობით გავასხურებდი, რომ კედლებში გამჯდარი ნესტის სუნი გადაეფარა.

  ნელ-ნელა მისაღებამდეც მივედი და ოცნების ბუშტები სათითაოდ დავხეთქე. ოთახში ფრთხილად შევიჭყიტე. ალბათ რაც არ უნდა ყოფილიყო ტელევიზორში, მალე დასრულდებოდა. ისააკი მალევე შევნიშნე. რთულია ვერ შეამჩნიო მისი ოქროსფერი კულულები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიჭი წინა რიგში ზის და სხვების გასაბრაზებლად გაჯგიმული უყურებს ტელევიზორს.

  მაქსის ბუზღუნი შორიდანაც კი მომესმა, ამიტომ არ გამიკვირდა ისააკმა სცენა რომ გამართა და ყვირილით ეკითხებოდა: „რაო? რა მითხარიო? აა ბალიში გინდაო?“ და შემდეგ მტვრიან ბალიშს დაჰკრა ხელი, რათა მისი სიტყვებით „აეფუმფულებინა,“ სანამ გადასცემდა. ამასობაში კი მტვრის კორიანტელი დააყენა და ხველების თუ ლანძღვა-გინების ქაოსი ატეხა. მე ჩუმად ჩამეცინა მის საქციელზე. კარების ჩარჩოზე მიყუდებული ვიდექი და არ მეგონა თუ შემამჩნევდა, მაგრამ ისააკმა მაშინვე გამოიხედა და ჩემი მიმართულებით წამოვიდა. ბავშვები კი სიხარულით ცას ეწივნენ, როდესაც ისააკმა ოთახი დატოვა.

-ვერ ისვენებ არა სტონემ?-ვკითხე სიცილით და კულულებიდან უხილავი მტვერი ჩამოვუბერტყე.

 ისააკმა გაცისკროვნებული, ვერსცხლისფერი თვალებით ამომხედა და ფართოდ გაეღიმა ოინის წარმატების ნიშნად. ლოყები კი ისევ ჩაეჩხვლიტა.

-შენ სად იყავი კაი? „ექიმი ვინ“-ის შენი საყვარელი სერია გამოტოვე ვინსენტზე.-მომახსენა უმალვე-თუ შეხვალ ახლა, ბოლო ათ წუთს მაინც მიუსწრებ.

-არაუშავს-მივუგე პასუხად-სარეცხს ვხნიდი და ცოტა შემაგვიანდა-ვიცრუე და თმა ამიჩეჩა წვიმის კვალი რომ შენიშნა. შემდეგ მისი გამომეტყველება „ისააკის მზრუნველურმა მზერამ“ ჩაანაცვლა და თავისი შარფი მოიხსნა, რათა ჩემთვის თავზე შემოეხვია.

-არ გამიცივდე სულელო, თორემ მერე წუწუნა და ბუზღუნა ხდები როცა ავად ხარ-თქვა ყალბი მობეზრებით -ყვავილები უკვე ნახე?- მკითხა მან -ვწუხვარ რომ ტყუილად იშრომე, ვიცი სახლის გალამაზება გინდოდა -მითხრა ისააკმა და ლოყაზე ნაზად მომეფერა, მე კი თავი მის ხელის გულს ჩამოვაყუდე და ტუჩები გამოვბზიკე წყენის ნიშნად.-ბოდიში რომ ვერ მივუსწარი, იქნებ გადარჩენა შემძლებოდა.-მომიგო გულწრფელად.

 ისე ლაპარაკობდა, რომ თვალები ამიწყლიანდა. ვიცი ისააკი ახლა მე მამხნევებდა, მაგრამ იმ მომენტში რატომღაც ბიჭი უფრო შემებრალა.

-საბოდიშო არაფერია ისააკ-ვუპასუხე თითქმის ჩურჩულით. მან კი შეატყო, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ისააკის მზერაში კითხვები ჩანდა. ნუთუ ასე ცუდად ვმალავ ყველაფერს? ან იქნებ გულის სიღმეში მინდოდა კიდეც, რომ მას ყველაფერი გაეგო...

   ისააკმა გამიღიმა, ხელი გადამხვია და მხიარულად შესძახა: -აბა, გავიდეთ აქედან, ვიცი ახლა რაც გჭირდება-მითხრა ბოლოს და მეც მის ნაბიჯებს ავყევი, რადგან ვიცოდი საითაც წამიყვანდა და იქ ყოფნა ახლა მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა.

  ოდნავ გამეცინა ჩემს თავზე, რადგან მეგონა, რომ რაღაცის დამალვა შემეძლო ისააკისგან. მასზე უკეთ მე ამ სამყაროში არავინ მიცნობს, ისევე როგორც მე მას, ამიტომ სულელური იყო ფიქრი იმაზე, რომ იგი ჩემს სევდას ვერ შეამჩნევდა. მე ხომ ყოველთვის ვხედავ მის სევდას.