ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ცთომილი ვარსკვლავი

ცთომილი ვარსკვლავი

              თავი I

                    

-გედი, თუ დამიჯერებ და არ გაყვები ბებოს სოფელში, ყველაზე ლამაზი და ორიგინალური დაბადების დღე გექნება ხვალ. როცა შენი მეგობრები მოვლენ, გეცმევა სვაროვსკის თვლებით შემკული ულამაზესი თეატრალური კაბა, რომელიც ჯერ არ გინახავს, არ მიჩვენებია შენთვის და ტორტი, რომელსაც დედა ამაღამ გამოგიცხობს.

_და თუ მაინც გავყვები ბებოს, ხვალ აღარ შევსრულდები ექვსი წლის და დაბადების დღეც აღარ მექნება?

_რა თქმა უნდა გახდები ექვსი წლის და ყველაფერი ისე იქნება როგორც გეოცნებება... პატარა დღესასწაული, ტორტი, საჩუქრები და საიდუმლო სიურპრიზიც, მაგრამ დედას რომ გული ეტკინება?

_მე მხოლოდ ერთი დღით გავყვები ბებოს.

_კიკრიკიკოსაც არ ნახავ?_მაცდურად მკითხა დედამ და მეც აღარ გავჯიუტდი.

 დედამ განსაკუთრებით გემრიელი სადილი მიუკითხა იმ დღეს ხოშიმირას. ქურთის პაწაწინა ეზოში უამრავი ბავშვი ირეოდა და გადადიოდა ყირაზე: თავკოტორა, ნახევრად შიშველი და მუცელგატრინკული. ყოველ მათგანს პურის ყუა ჩაებღუჯა ხელში და ისე მადიანად ილუკმებოდა, სამეფო ღვეზელს შეექცევიანო, -იფიქრებდი. ხოშიმირამ მორიდებულად ჩამოართვა დედას ათას ფერში დაწნული კალათი და ჩვენი ლოცვა_ვედრებით შეიტანა შინ. ეს იყო და ბავშვების გუნდი ჟივილ_ხივილით აედევნა უკან. თორმეტივეს ერთად უნდოდა შესვლა და კარებში ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევდნენ. მე ვიცინოდი. დედა მიწყრებოდა. ხოშიმირა მალევე დაბრუნდა. გაქათქათებული კრავი გამოიყვანა, რომელსაც ყელზე წითელი ბაფთა ჰქონდა რაღაც სასაცილოდ მიბნეული.

_გედი, ხვალ მოვიდეს თოვლის ბაბუ და ალისფერთმიანი პრინცესას კიკრიკიკო მოუყვანოს, ეს პატარა კრავი შენი იყოს, _თვალი ჩამიკრა ხოშიმირამ.

_ხვალ რომ ახალი წელი არ არის?

_მერე რა, თოვლი კაცი მარტო ახალი წელი არიგებს საჩუქრებს?_გაუკვირდა ქურთულად კეთილ ხოშიმირას.

_ესეც საიდუმლო სიურპრიზი, - ღიმილით აღმოხდა დედას, მერე ჩემთან ჩაიჩოქა და ხმადაბლა მითხრა: - გედი ეს ხომ შენი საყვარელი კიკრიკიკოა, ახლაც არ დარჩები?

_დედა, მე ხომ ხვალ დავბრუნდები?_ დავმარცვლე სათქმელი და გაოცებული მივაჩერდი ამქვეყნად ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს, რომელსაც თვალები ჰქონდა უსასრულოდ შავი და ნათელი.

დედამ ხელში ამიყვანა და გულში ჩამიკრა. მან არ იცოდა, რატომ მთხოვდა ასე დაჟინებით დარჩენას. არც მე ვიცოდი ასე ძალიან რატომ გავჯიუტდი. ერთი საათის შემდეგ გზატკეცილზე სამნი ვიდექით: მე, დედა და ბებია. ტაქსის მოლოდინში საგულდაგულოდ მაძლევდნენ შენიშვნებს. როგორც იქნა ისიც გამოჩნდა. ჩავსხედით. როგორც კი ავტომობილი დაიძრა გამოუცნობი სინანული დამეუფლა და მთელი ხმით დავიყვირე: _დედაა!

გადაირია ბებია. მძღოლი შეჩერდა. ყველამ უკან მივიხედეთ. დედა იდგა და მიღიმოდა.

_რა დაგემართა გედი? ეს უკვე მეტისმეტია, ან დარჩი, ან წამოდი - გაცხარდა ჩემი მშვიდი ბებია.

არ ვიცოდი რა დამემართა. არც ის ვიცოდი, რატომ დავიყვირე. ალბათ ბედისწერამ გამაწნა სილა.

მეორე დღეს, ზუსტად იმ დროს, როცა დედა შინ დარჩენას მთხოვდა, ვიდექი საკუთარი სახლის ჭიშკართან და როგორც კოშმარულ სიზმარში ცხადად ვხედავდი, როგორ იგრიხებოდა სულიერი ტკივილისგან ბებია და როგორ კაწრავდა მიწაზე გართხმული დეიდაჩემი მწვანე კორდს, რა უცნაურად ირეოდა უთვალავი ხალხი ჩემ გარშემო, რომლებიც არ მაძლევდნენ უფლებას შევსულიყავი ოთახში და მენახა დედა, ის, ვინც ასე უღმერთოდ წამართვა ბედისწერამ. ვგრძნობდი, რომ იმ წუთიდან ჩემთვის მზე დაბნელდა, დრო გაიყინა, დედამიწა გადაყირავდა.

_შენი წილი ქვეყანა დღეს დაიქცოს გედი..._ ტიროდა ხოშიმირა და ჩემ სანუგეშოდ მოყვანილ კიკრიკიკოს თავზე ხელს უსვამდა. მომეჩვენა, რომ უმანკო კრავის თვალებიც ცრემლებს დაენამა. ახლაღა გამახსენდა, რომ დღეს დაბადების დღე მქონდა. იქ, ჩემს ოთახში საჩუქრები და ტორტი მელოდა, რომელიც ჩემთვის საგულდაგულოდ გამოეცხო დედას. ვეღარაფერს ვხედავდი მამის ცრემლებით დაბინდული თვალების გარდა. სიცოცხლეში პირველად, ყველაზე გულწრფელად და ალალად ვინატრე სიკვდილი, მაგრამ არ მოვიდა იგი.

 

                              თავი II                     

  როცა ოქროსფერი მთვარე კულისებს მიღმა გადაიკარგება, მზის პირველი სხივი რძისფერ ღრუბლებს გახევს და მარაოსავით გადაიშლება ჩემი უბნის თავზე. მას გელაური ჰქვია. ქალაქთან სულ ცოტა, ერთი კილომეტრი თუ აშორებს, მაგრამ მაინც სოფელია, რადგან ყოველი დილა მამლების ყივილით, ქათმების კრიახით, ძაღლების ყეფით და ძროხების ბღავილით იწყება. აქაურობა ცელქი, დაუდეგარი, თვალმაყვალა, ულამაზესი ბოშებითაა სავსე. არის ალიონიდან მოყოლებული მათ შორის გადაძახება_გადმოძახება, გადასვლა_გადმოსვლა, ლოცვა_ვედრება, ლანძღვა_გინება და წყევლა_კრულვა. რაც არ უნდა ცუდ განწყობაზე იყო, სოფლის შარაზე გამოსულს აუცილებლად გაგეღიმება, რადგან ჭრელა-ჭრულა სამოსში გამოწყობილი ბოშები უთუოდ შეგთავაზებენ წინდას ან სუნამოს და ვაი შენს დღეს თუ გამოელაპარაკე. მანამ არ დაგანებებენ თავს, ვიდრე ბოლო თეთრამდე არ გაგძარცვავენ და ყველაფერს არ გაყიდინებენ, თუ არა და გინება არ აგცდება. მოკლედ, გელაური ინტერნაციონალური უბანია. აქ ქუჩები ბოშების, ქურთების, სომხების, ბერძნების, რუსებისა და უკრაინელების დასახლებებითაა სავსე და არასოდეს მოსდით კონფლიქტი მასპინძელ ქართველებთან.

-სექსპრაქსი გამოდი ჩაის საკრეფად!_ ხმამაღლა დაიძახა ჭიშკართან მდგარმა ბრიგადირმა, მაგრამ ეპრაქსის ნაცვლად, აივანზე გადმომდგარი მისი მეუღლე - იასონი რომ დაინახა, თავის მართლებას მოჰყვა.

 - ვერაფრით დავისწავლე იასონ თქვენი ცოლის სახელის სწორად წარმოთქმა და მომკალი კაცი. - დარცხვენით ჩაილუღლუღა ბრიგადირმა. ვიდრე ეპრაქსის რისხვა დაატყდებოდა თავს, მიიხედ_მოიხედა და მოპარული იხვივით გაიპარა ეზოდან.

 ,,უყურე ამას? მე სხვის ცოლებს დავდევ ფეხდაფეხ. ეს კიდე ჩემს ბედოვლათ ცოლს ეკურკურება. ერთხელაც იქნება მომაკვლევინებს თავს...“ - იქადნიდა გულში იასონი და ბრიგადირს უბღვერდა. მერე ნაზად გადავარცხნილ თმებზე ხელი გადაისვა, ულვაშები შეისწორა და ის იყო შინ შესვლას აპირებდა, რომ ღობეზე მომდგარ ელდარ ნაკაშიძის სანთელივით ჩამოქნილ ცოლს - უკრაინელ ალიონას მოჰკრა თვალი.

 - რამ შეგაწუხათ ამ დილაადრიან ძვირფასო ალიონუშკა, ახალგაზრდებს ძილი უყვართ თქვენს ასაკში.

_მე ცოტა სათხოვარი აქვს.

_მითხარი გენაცვალე, შენი ხმალი და ჩემი კისერი.

_დედამთილი თქვას, იაზონას დიდი მამალო აქვსო.

_ვაიმე!_შეიცხადა კაცმა და ახლოს მიჩოჩდა ღობესთან, იქნებ არასწორად მესმისო.

_შენი მამალო ჩემი დედალოს ათხოვოს, პაცაცინა ღუტუნები გავაკეთოთ.

_ჩემი მამალო?

_კი.

_შენი დედალო?

_კი.

_პაწაწინა ღუტუნები გვეყოლება?

_კი!_ისევ დაეთანხმა ქალი.

_შენ აგაშენა ღმერთმა, გადამრიე კაცი და მომჯაყე ამ დილით!

_რას დაგიპრაწავს თვალები და გაწითლებულხარ სახანძროს მანქანასავით კაცო?!_ოცნებიდან გამოიყვანა ეპრაქსიმ პირმცინარი ქმარი.

_ შენ კიდე ეშმაკივით დამადექი თავზე და გამიხეთქე გული!

_აბა რას დაგიღია პირი და მისჩერებიხარ ამ ქალს მშიერი ძაღლივით. გეუბნება მამალი ღორი მათხოვე, დაიმაკებს ჩემი ნეზვი და გოჭებს გაგიზიარებო.

_კი მარა, ეს ოჯახაშენებული ინგლისურად ხომ არ დამლაპარაკებია, რომ მიხსნი რაღაცას. _დამდუღრულივით განაცხადა იასონმა და დამწვარი ბადრიჯანივით დაემანჭა ნახევრად სწორი ნაკვთები.

 ეპრაქსიმ კარგა ხანს უკითხა ლექცია მორალის თემაზე თავჩაქინდრულ ქმარს. მერე ჩვენკენ წამოიყვანა საენკენო მსხლის მოსაკრეფად. წინსაფარი მაყვლის ბუჩქზე გადადო და ნერვების დასამშვიდებლად ჩვენს ეზოში შემოფრატუნდა გრძელი ქოშების კაკუნით. მე და ბებია ეზოში ვისხედით კაკლის ხის ჩრდილში და ერთად ვიზუთხავდით გამრავლების ტაბულას. გაჭიანურებული მობრძანდი_დაბრძანდის შემდეგ ჩემ წინ დაიდგა სკამი და დამისკუპდა კერპივით, თითქოს ძალიან მიყვარდა და მეხატებოდა გულზე.

_შვილო გედი,_ გააგრძელა ბებიაჩემმა ყოველდღიური შეგონება, _ მოვუყვანოთ მამაშენს მერი მასწავლებელი. მოგივლის, ოჯახს უპატრონებს, მარტო აღარ იქნები, თავზე შემოგევლება.

_არ მინდა!

_შენ გაიზრდები, გათხოვდები და მამა მარტო დარჩება, არ გეცოდება?

_არ გავთხოვდები შენს თავს გეფიცები, ოღონდ აღარ მითხრა მისი სახელი. გამისკდა გული შიშით და აღარ მძინავს ღამე.

_საჭმელი ხომ გინდა შვილო, ვინ გაგიკეთებს?

_არ მინდა, სულ არ ვჭამ. გავიპარები იცოდე, შევიბამ თოკით ქვას და გადავხტები კინტრიშში.

_ქვის მიბმა რად გინდა, ისეც დაიხრჩობი, ცურვა იცი თუ?_ჩაგვერია ეპრაქსი.

ბებიამ კალთაში ჩამისვა და ჩამიხუტა. ეპრაქსიმ ისევ განაგრძო ენამწარე ხუმრობა: _დაიხრჩობი და მოიკლავს ხალხი თავს, წაიშლება დინასტია და გაჩერდება დრო! დაკოდილი კი არ არის მამაშენი, შენისთანა ოთხმოცდაათი ეყოლება, _ დამიყვავა ბოლოს და ლოყაზე ხელი მომითათუნა.

_შენისთანა ხალხს ჩემო ეპრაქსი, _გადმოსძახა ხის კენწეროდან განაწყენებულმა ქმარმა _შუა საუკუნეებში შაყის კვრით სჯიდნენ, წვეტიან სარზე ჩამოკიდებდნენ თურმე ყირამალას.

_სარი, ბიზი და შამფური შენ გინდა უდღეურო! _გაწიწმატდა ეპრაქსი და ააკვესა არწივის თვალები.

_შეხედე ნენი ვინ მოვიდა ჭიშკართან, _მითხრა ბებიამ, კამათი რომ არ გამწვავებულიყო. ეზოს ბოლოში, წითელი ადესის ქვეშ მერი მასწავლებელი იდგა. ძლივს ვიცანი ისე გამოცვლილიყო. გამახსენდა წინა დღით რომ მკითხა- ბებიაშენს როგორი ქალები მოსწონსო. მოკლეკაბიანი, თმაშეკვეცილი და გაღებილი - მეთქი, უცებ ჩამოვუთვალე ბებიას საძულველი სამი კომპონენტი.

-რას იკრიჭები გოგო, ფეხებგამოგრეხილი, კაბაწამოწეული და მაიმუნივით მოთხუპნული მერი როგორ იქნება?! _ზიზღით ჩაილაპარაკა ბებიამ და სათვალემომარჯვებული წინ წაიწია. თვალ-წამწამ-თმა-წარბ-ლოყა-ბაგეგაღებილი და სააღდგომო კვერცხივით აბრდღვიალებული რომ დაინახა ჩემი პირველი მასწავლებელი, ბებიაჩემმა ტუჩზე იკბინა, ურიგო არაფერი წამომცდესო და ნერვიულად გაისწორა შავი მანდილი. ისეთი შვება დამეუფლა, მტრედი რომ იგრძნობს მიმინოს კლანჭებიდან განთავისუფლებისას. ახლა მონაკოს პრინცესად რომ გადაქცეულიყო მერი მენაბდე მაინც აღარ მოუბრუნდებოდა გული ჩემს მეტიჩარა ბებიას მასზე.

_ქალბატონო ფატი, _სარზე ასულ საადრეო ლობიოსავით დაიგრიხა მერი, _ექსკურსიას ვაწყობთ ხინოს მთაზე და თქვენი შვილიშვილის ლაშქრობაში მონაწილეობაზე მშობლის თანხმობა მჭირდება.

_ქალბატონო მერი, ჩემი კალცით გაზრდილი ბაღანა ბოსტანში ვერ აბიჯებს სწორად, აგერ ეზოში იმტვრევს ფეხებს და მთაზე როგორ ავა. ისე ჰკითხეთ მამამისს, იქნებ მან გამოუშვას.

_ეს იმიტომ ემართება ქალბატონო, რომ ფიზკულტურული წუთები არ უტარდება ოჯახში. თუკი მის აღზრდას მე მომანდობთ, ერთ თვეში თქვენს გედის ვეღარ იცნობთ. ისე, კარგი იქნებოდა მამამისიც რომ წამოსულიყო ლაშქრობაში, როგორც მშობელთა კომიტეტის წარმომადგენელი.

,,მამაჩემი შენ კი არა, კატრინ დენევს არ გამოეკიდება ახლა, ისიც მთაში და ისიც ფეხით,“ _დამცინავად გავივლე გულში და იმედის ერთი პატარა ათინათი კიდევ ჩამეღვენთა სულში.

-გაყევი ბები და მიიყვანე შინ. დაელაპარაკოს მამაშენს, -მიჩურჩულა ბებომ და წელმოწყვეტილივით გავემართე შინისაკენ. მიმყავდა მერი მასწავლებელი და გულგახეთქილი მარტო იმაზე ვფიქრობდი მისი მიყვანა საბედისწერო არ გამხდარიყო ჩემთვის. მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა, მაგრამ ჩემი გარმონივით დაშლილი მეგზური მაჩქარებდა და გასაყიდი თიკანივით მიმარბენინებდა წინ.

_ვაი რა სუსტი ხარ. რძე და ყველი გჭირდება შენ, უფრო სწორად ახალი დედიკო. ძროხას რომ მოუვლის და ცხელ რძეს დაგალევინებს ყოველ დილით. - სისინებდა მერი და გამუდმებით თვალს არ მაცილებდა. ქურთი ხოშიმირას სახლს რომ გავუსწორდით, დავინახე როგორ გამეტებით მისდევდა ერთ ჩონჩორიკა მამალს ჯოხმომარჯვებული და აკივლებული ქურთების მთელი გუნდი. ასე იყო ყოველ კვირას. მამალს მანამ დასდევდნენ, სანამ არ დაიღლებოდა და გაჩერდებოდა. მერე თავში ჩასცხებდნენ, სულს გააფრთხობინებდნენ და დაკლავდნენ. მე შეჩვეული ვიყავი ამ ამბებს და არ გავჩერებულვარ, მაგრამ გაკვირვებული, დაფეთებული და თვალებდაჭყეტილი მასწავლებელი რომ დავინახე, ადგილზე გავქვავდი. მამალი გზაზე გადმოსულიყო. ოფლში გახვითქული, მუხლებთან გადაჭრილ, გალიფე შარვალში ჩაფართხუნებული, თმებჩამოყრილი ხოშიმირა დანარჩენი ქურთებისა და შიშველ_ტიტველი, გაძანგული ბავშვების თანხლებით, სტვენით, ყვირილითა და ღრიალით მოსდევდა მამალს. გულაჩუყებულ, მგრძნობიარე და ემოციურ მერი მასწავლებელს, ბედის საძებნელად რომ მიმყვებოდა ატალახებულ თემშარაზე, გადარეული ხოშიმირა მკვდრეთით აღმსდგარი, მონღოლთა ურდოს მბრძანებელი -  ჩინგიზ ხანი ეგონა, ხოლო მისკენ მომავალი გაცოფებულივით პირდაფჩენილი ქურთები - ინდიელთა ბატალიონი, ღვთის რისხვა და ქვეყნის დაქცევა. გულწასული მერი რომანტიკულად გადაესვენა ჩაის ბუჩქებზე. მონუსხულივით შეაჩერეს რბოლა ქურთებმა. კეთილმა ხოშიმირამ ხელში ატაცებული მერი თავისი სახლისკენ წაიყვანა მოსასულიერებლად. მეც სიხარულით ავედევნე უკან. დანგრეულ ქოხში, ჰამაკივით ოთხ ბოძზე ბრეზენტგაბმულ საწოლზე არ დააწვინა და ნოხგადაფარებულ ტახტზე ნიშადურითა და ნავთით მოუბრუნა სული საიქიოს მიმავალ მასწავლებელს კეთლმა ხოშიმირამ. მას მიმზიდველი, კუნაპეტივით შავი და ანდამატივით ბრდღვიალა თვალები ჰქონდა. ამის შემხედვარე მერი უკანასკნელ იმედს ჩაებღაუჭა და გონს მოსულმა მკითხა: - ეს კაცი მარტოა?

  - ახლა მარტოა მასწავლებელო, - თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი.

 გახალისდა მერი მასწავლებელი და შეკუნტრუშდა ტახტზე. მომეჩვენა თითქოს ტახტი საქანელასავით გადაიწია. მიწაზე დადგმულ ქოხში მარტონი ვისხედით და ახალი, რომანტიკული ნაცნობობით აღფრთოვანებული მერი ნელა არწევდა ტახტს. უცებ საშინელი რყევა ვიგრძენი და ძვირფასი პედაგოგის ერთად რაღაც სიბნელეში ამოვყავი თავი. როგორც იქნა ძლივს ამოვფორთხდი ვანიდან და აყირავებული, თანაც გულგახეთქილი მასწავლებლის ამოსაყვანად ხოშიმირას მოვუხმე. თურმე ნუ იკითხავთ. კომფორტის მოყვარულ მის მეუღლე - სულთანს ვანაზე ხის ფიცრები გაედო, მერე ჭრელ-ჭრელი ნაკუწებით ნაქსოვი თუ აკინძული ფარდაგი გადაეფარებინა და ასე შეექმნა ტახტი, ჩვენდა საუბედუროდ რომ გადაიწია ძელებმა და ჩაგვაწვინა აქოთებულ ვანაში.

-რას ქვია შენი მასწავლებელს? - მკითხა შეშფოთებულმა ხოშიმირამ. გულწასული პედაგოგის ვირტუოზულმა მორთულობამ ,,რობინ ჰუდის“ საყვარელი გმირი გამახსენა და მხიარულად მივუგე - ტურფა მერიენი. ხოშიმირამ ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი და გაჰყვიროდა:- ტურფა მერიემ ხმა გამეციო. ვიდრე ხოშიმირა ექიმობანას ცოდვილობდა, მე კარებთან დავდექი და ხოშიმირას დაუდევარ ბავშვებს გზა გადავუღობე, მერი მასწავლებელი რომ არ დაეფრთხოთ. ამ დროს ხოშიმირას ცოლი- სულთანიც მოვიდა და იმ დროს შეიხედა მიწურ ოდაში, როცა მისი მეუღლე პირველადი დახმარების მიზნით ვანაში ფეხებამოწკვართულ მერის ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა და თავგამეტებით გაჰყვიროდა: ,,ტურფა მერიემ არ დამღუპოო.“ ცხოვრებაში გამოუსვლელ და გამოუცდელ სულთანს, ჩაის კრეფისა და საკუთარი ქმრის მეტი არაფერი ენახა ამ წუთისოფელში, ამიტომ ეს პროცესი კოცნა ეგონა და ჩემს თავგადასავლებით ისედაც გატანჯულ მასწავლებელს თმებში ჩაავლო ხელი. აირია ერთმანეთში კოვზი, დოქი, ჭიქა, თეფში, ბალიში, ცოცხი, ტურფა მერიემის აბრეშუმის წინდები და ხოშიმირას დანგრეული მაკასინები. როცა ამ აბრაკადაბრას თავი დააღწია, შარაზე გამოსული ცოცხალმკვდარი მერი მასწავლებელი სულ ბურდღებით იყო სავსე.

 ,,ღმერთო, დაანახე ახლა ეს ქალი მამაჩემს და მომკალი მერე თუ გინდა,“_ვინატრე გულში და მზეს ავხედე რატომღაც. იგი ზენიტში იდგა. ჩემი თხოვნა აინუნშიაც არ ჩაუგდია, შენისთანა მილიონი მთხოვს რაღაცას ყოველდღეო, - რუდუნებით მანიშნა და ღრუბლებს მიღმა დამემალა. ჭადრის ხეს ამოვეფარე და სინანულით გავხედე თმაგაწეწილ, დაბუნტყლულ, ბალიშის ბურდღებში ამოგვანგლულ და მაინც ამაყად მიმავალ მასწავლებელს. მე კი ვიდექი გამარჯვებული, დარცხვენილი და გულნატკენი, რადგან ვგრძნობდი, რომ ცხოვრებას შეცდომით ვიწყებდი. მტანჯავდა იმაზე ფიქრი, რომ სიცრუითა და შურისძიებით ვდგამდი პირველ ნაბიჯებს ჯერ კიდევ უცნობ სამყაროში, ამაოება რომ ერქვა. დადარდიანებული უზარმაზარი წაბლის ქვეშ ჩავცუცქდი და ფიქრებში ჩავიძირე.

_მირლიაბაბი სურლიაბაბო!_მომესმა უცებ და იქით გავიხედე. არაბივით შავი და აწოწილი ხოშიმირა თავისი ინკუბატორით სახლიდან გამოვარდა და ბუმბულივით ამიტაცა. მერე განიერ მხრებზე შემისვა და მთელი უბანი სირბილით შემომატარა: ,,მირლიაბაბი, სურლიაბაბო, სურლიაბაბი, მირლიაბაბო,“ _მღეროდა იგი და ყველას ამხიარულებდა.

_გედი შენი პრახაბოი მასწავლებელი ხომ არ აბრაზებს?

_მერი მასწავლებელი?_სულმოუთქმელად ვკითხე მე.

_ჰო, ახლა რომ ყავდა ხოშიმირა ვანაში და სულთათანა გაუქცია.

_მაბრაზებს კი არა მაწამებს და მიშველე თუ შეგიძლია. მშიერს მკლავს საღამომდე, დამატებითი მეცადინეობა გჭირდება, ვიდრე მამა არ მოგაკითხავს არ გაგიშვებ სახლში, დატოვებული ხარო. თვითონ ხაჭაპურით სკდება და კეკელა დამლაგებელს ყავაზე ამკითხავებინებს, ისიც ეუბნება ამ ბავშვის ბედი ხარ, მისი დედა უნდა გახდეო.

_მერედა, რათ არ უნდა გედის ტურფა მასწავლებელი?

_არ მიყვარს, მძულს, მეზიზღება და მეშინია მისი. კიდევ იმიტომ, რომ მე ჩემი დედა მინდა.

ხოშიმირამ მხრებიდან ფრთხილად ჩამომსვა. ნაფოტივით შავი და უხეში ტორები ნაზად გადამისვა თავზე, თვალებში ჩამხედა და დაიქადნა:_ დედას უტირებს ხოშიმირა იმ პრახაბორას და ფეხებით ჩამოკიდებს ხიდის ქვეშ. გაწელავს გარმონივით და დაზილავს ღომივით. დედას უტირებს, დედას!.. - ევგენიძის ღობესთან, სამწვერ გზაზე იდგა ფეხებგაჩაჩხული ხოშიმირა და სულ დედას იგინებოდა ჩემი მასწავლებლის მისამართით. წისქვილზე მიმავალმა ქალებმა ცოტა ხანს უყურეს და რომ აღარ დაწყნარდა, ტომარამოკიდებულებმა უკანვე შებრუნდნენ, ხიფათს არ გადავეყაროთო. ხოშიმირა კი იდგა ცაცხვების ჩრდილში, ამ ქვეყანაზე ყველაზე მდიდარი და ყველაზე უდარდელი კაცის ღიმილით მანუგეშებდა, მაცინებდა და ხტუნვა_ხტუნვით მიმარბენინებდა შინ.