შავი კატა და ჟოლოს ჩაი
შავი კატა და ჟოლოს ჩაი
წვიმის წვეთები ასფალტზე საოცარ მელოდიას უკრავდნენ, რომელსაც დროდადრო იშვიათადღა შემორჩენილი მანქანები თუ დაარღვევდნენ და გზებზე გაჩენილი ღრმულებიდან წყალს ცარიელ ტროტუარზე აშხეფებდნენ. ქალაქს, როგორც ჩანს, უკვე ღრმად ეძინა.
ეძინა ქალაქს, მაგრამ არა მას. მას, ვინც ვერაფრით გრძნობდა თავს ამ ქალაქის ნაწილად. ხშირად დახეტიალებდა, თითქმის ყველა კუნჭული მოვლილი ჰქონდა, იმ იმედით სადმე თავისი ადგილი ეპოვნა. იმ ადგილის მსგავსი ბავშვობაში ყირაზე რომ გადადიოდა, პეპლებს დასდევდა, მთელ სოფელს გადმოჰყურებდა.
ბოლო ხანებში თითქოს შეგუებაც დაიწყო, რომ მსგავს ადგილის ამ ქალაქში ვერ იპოვნიდა. აქ მისი ბავშვობიდან მრავალი კილომეტრის დაშორებით, მრავალსართულიანი კორპუსები სავსე იყო ხალხით, რომელებსაც სულ სადღაც ეჩქარებათ, რომლებიც სულ რაღაცას ამტკიცებენ, სულ ვიღაცას ეჯიბრებიან.
მაღლა თუ აიხედავდით, ლამპიონის შუქზე, წვიმის წვეთებს მონაცრისფრო თოვლის ფანტელებს მიამსგავსებდით. ამავე ლამპიონის ქვეშ სკამზე იჯდა ის - სახლიდან გამოპარული. უკვე რა ხანია კარის ჩუმად გაღება ისწავლა, გასღებს ისე ოსტატურად ატრიალებდა, საკეტის გაჩხაკუნების ყრუ ხმა მისი მშობლების ოთახამდე ვერ აღწევდა. ამ უკანასკნელთაც მშვიდად ეძინათ, მათი გოგონა ხომ ტკბილად ჩაძინებული ეგულებოდათ გვერდით ოთახში.
ლილიანა კი თითქმის ყოველ დღე შუაღამისას გასული, გამთენიისას ბრუნდებოდა სახლში. ქალაქში ბოდიალით დაღლილი ორი-სამი საათით დაიძინებდა, შემდეგ კი დედამისის ტკბილი ხმა აღვიძებდა :
„-ლილა! ლილალა გაიღვიძე, სამსახურში აგვიანებ.“
ამ დილითაც ეს ხმა გამაღვიძებსო გაიფიქრა გოგნამ და ოდნავ გაეღიმა. ალბათ ვერც წარმოიდგენდა, ის დღე წლები რომ ელოდა, ასე ჩვეულებრივად შეიძლება დაწყებულიყო.
***
პროფესიით ფსიქოლოგი ამჟამად ტრენინგებს ატარებდა სხვადასხვა კომპანიაში, რომელთაც თანამშრომელთა შორის ეფექტიანი კომუნიკაციისა და ფსიქოლოგიური მარკეტინგის განვითარება სურდათ.
ტრენინგის დასრულების შემდეგ კომპანიის დირექტორმა კაბინეტში რომ მიიხმო, რიგითი შემაჯამებელ-სარეკომენდაციო გასაუბრებისთვის მოემზადა, მაგრამ ამ ჭაღარა კაცის მოცისფრო-მონაცრისფრო თვალების გამოხედვში ლილამ იუმედობა უფრო ამოიკითხა, ვიდრე კომერციული წარმატების სურვილი.
ლილიანა არ შემცდარა. ჭაღარა კაცმა თავისი შვილის ფსიქოლოგობა შესთავაზა და თან მისი ისტორიაც მოუთხრო. გოგონას მაშინვე არ უპასუხია, მოსაფიქრებლად ორი დღე ითხოვა და კაბინეტის კართან მისულსღა გაახსენდა დირექტორთან დამშვიდობება.
ქუჩაში გასულს სახეზე შემოდგომის სიო რომ შეეხო თითქოს გონებაში ჩამრთველ ღილაკს მიაჭირესო, მოცისფრო-მონაცრისფრო თვალებიანი კაცის მოყოლილი ახლაღა გაიაზრა და თვალებიდან ცრემლები თავისით წამოუვიდა.
მომდევნო ორი დღე, ჩვეულებას უღალატა - შუაღამის ქალაქში ხეტიალი, ლილიანამ თავის გონებასა და მეხსიერებაში ხეტიალით ჩაანაცვლა. ფიქრობდა რამდენად შეძლებდა თავისი ფსიქოლოგიური კვალიფიკაციით, ასეთ რთულ შემთხვევასთან გამკლავებას. რისი მიღწევა სურდა?
საერთოდაც იმ ჭაღარა ბიზნესმენმა უამრავი კარგი ფსიქოლოგის ნაცვალდ რაღა ის აირჩია, განა როგორ შეძლო რიგითი „ქოუჩური“ გამოსვლით ისე მოეხიბლა ეს მოხუცი, რომ მისი შვლის ფსიქოლოგია ენდო მისთვის? იქნებ იცნო?... არა, ამდენი წლის შემდეგ ვერ იცნობდა.
ლილას ფიქრებში წარსულის კადრებმა დაიწყეს ამოტივტივება, გოგონამ ისინი სასწრაფოდ დაახშო. იგრძნო რომ თუ კვლავაც გააგრძელებდა ფიქრს და დროზე არ მიიღებდა გადაწყვეტილებას, წარსულის ფრაგმენტები სულ უფრო ატკენდა გულს. აქ ბავშვობაში შემუშავებული ცხოვრებისეული გზების თეორია გაახსენდა, რომლითაც საკუთარი თავის წინაშე სისულელეების ჩადენის გამო თავისივე თავს ამართლებდა :
ყველა ადამიანს დაბადებიდანვე თავისი გზა აქვს ცხოვრებაში, გზა რომელსაც ბოლომდე გაჰყვება თუკი ქვეცნობიერში არსებულ რუკას აღმოაჩენს. თუკი ზოგჯერ ისეთ რამეს გააკეთებს, რასაც ვერანაირ ახსნასა და გამართლებას ვერ მოუძებნის, გარდა იმისა, რომ უბრალოდ უნდა ამის გკეთება.ზოგჯერ კი ისეთ რამის გაკეთებაზე იტყვის უარს რაც გულით უნდა, მაგრამ რაღაც ამოუცნობი ძაფი აკავებს.
სწორედ წინასწარ განსაზღვრულ გზად მიაჩნდა ლილიანას თავისი პროფესია.
შესაბამისად, რადგანაც ვერანაირი გონივრული არგუმენტი ვერ იპოვა რატომ უნდა მიეღო შემოთავაზება, მაგრამ შემაკავებელი ძაფებიც არსად ჩანდნენ, დათქმული ვადის გასვლის შემდეგ, დაურეკა ბიზნესმენს და დათანხმდა მისი შვილის ფსიქოლოგობას.
***
ეზოზე შემოვლებული მაღალი ბეტონის კედლები მიანიშნებს სახლის მკვიდრთა სურვილზე გარესამყაროსა და უცხო თვალისგან შორს დარჩნენ. დიდი შავი ჭიშკრის მიღმა არსებული უსასრულო სიმწვანე კი სულიერი სიმშვიდის მიღწევის სურვილს გამოხატავს...
მსგავსი ფიქრებით ირთობდა თავს, უზარმაზარ სასტუმრო ოთახში, ბიზნესმენის მეუღლის მომლოდინე ლილიანა.
ქალი აჩრდილივით უხმაუროდ შემოვიდა ოთახში. დაჩიავებული ტანისა და მოწყენილი, დანაოჭებული სახის მიღმა ჯერ კიდევ შეინიშნებოდა იმ ჯადოსნური სილამაზის ნარჩენები ახალგაზრდობაში რომ აუცილებლად უნდა ჰქონოდა. ჰავერდოვანი ხმით საუბრობდა, სიტყვებს არისტოკრატული მანერით გამოთქვამდა. მუქ ყავისფერ, თითქმის შავ თვალებში, პატარა თეთრი წერტილები გაუკრთებოდა ხოლმე.
- უკვე აღარ ვიცით რა მოვიმოქმედოთ, თუკი სადმე ფსიქოლოგი ვიპოვეთ მოვუყვანეთ მან კი ყველას გაქცევა აიძულა. თითქოს ინერციით აგრძელებს სუნთქვას და ძალიან მეშინია, რომ მალე ეს ინერციაც გამოილევა.
ლილიანას კინაღამ წამოსცდა თავადაც რომ ჰქონდა ინერციით სუნთქვის გამოცდილება, მაგრამ დროზე მიხვდა ფსიქოლოგისგან მსგავსი სიტყვების მოსმენა რამდენად ცუდად იმოქმედებდა ქალზე და საყვარელი სერიალიდან ფრაზის გახსენებაღა მოახერხა:
- ,,ყველაზე მჟავე ლიმნისგანაც შეიძლება ყველაზე ტკბილი ლიმონათის გაკეთება.“
გოგონას სიტყვებმა დამამშვიდებლად იმოქმედა ქალზე და თვალებში იმედის ნაპერწკალიც გაუკრთა, მაგრამ ალბათ იმის შიშით წინასწარი სიხარულის გამო მომავალი ცუდად არ დამთავრდესო, კვლავ სევდა ჩაიყენა თვალებში.
- თერთმეტი საათისთვის ასეირნებენ ბაღში, სჯობს მაშინ წარვუდგინოთ თქვენი თავი.
ლილამ ინსტიქტურად საათს დახედა - თერთმეტს თხუთმეტი წუთი აკლდა. ინატრა რაც შეიძლება დიდხანს გაწელილიყო ეს წუთები, უკვე ნანობდა ამ სახლში ფეხის შემოდგმას.
***
ეტლში მჯდომმა კედელი მოაგონა, სანახევროდ განცხადებებახეული კედელი, ისევ მთელი და ძლიერი რომ დგას, მაგრამ ზედ შერჩენილი ფურცლის ნაგლეჯები მაინც სუსტის შთაბეჭდილებას უქმნის. ორი ბორბალი სწორედ ფურცლის ნარჩენების მსგავსად მოქმედებდა, კაცის გაყინული, ბოროტი მზერა ლილიანაში თანაგრძნობას უფრო იწვევდა, ვიდრე შიშს.
- გაიცანი, ეს ლილიანაა შენი ახალი ფსიქოლოგი.
- ლილიანა, ლილიანა, ლილი და ანა. ლილი თუ ანა? - და აქ ეტლში მჯდომმა ისე გადაიხარხარა, დედამისს მოულოდნელობისგან კინაღამ გული წაუვიდა. გოგონამ კი, ავი სულებით შეპყრობილივით მოხარხარე კაცს, მშვიდი, ოდნავ მომღიმარი სახით უპასუხა:
- რომ არ დაიბნეთ, შეგიძლიათ უბრალოდ ლილა დამიძახოთ.
როგორც ჩანს, კაცი არ ელოდა მსგავს პასუხს, რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ტუჩები ოდნავ ღია დარჩა. სიჩუმე ჩამოვარდა, რითაც ბიზნესმენის მეუღლემ აშკარად ისარგებლა, ეტლის უკან მდგომ მსახურს ანიშნა და ფსიქოლოგი პაციენტთან მარტო დატოვა.
სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა. კაცმა ისევ ირონიული კილოთი განაგრძო:
- ლილა, არ ვიცი მამაჩემი რამდენს გიხდის ჩემთვის სულელური ფსიქოლოგიური თეორიების კითხვისთვის, რომლისაც სავარაუდოდ თავადაც არ გჯერა, მაგრამ ორჯერ მეტს გადაგიხდი თუ კი პატივს დამდებ და შენი მახინჯი სიფათით ჩემს ბაღს აღარ დაამახინჯებ.
- არასწორი ტაქტიკით თამაშობთ, ჩემი თავიდან მოშორება გინდათ, მაგრამ ამას ისეთი სიტყვებით გადოსცემთ, რომ თქვენი გამწარების სურვილს მიჩენთ. მამათქვენი ხელფასს გადამიხდის, პლიუს ამას ყოველ დღე რამდენიმე საათი იმით დავტკბები თუ როგორ გიშლით ნერვებს ჩემი არსებობა.
- მახინჯო პარაზიტო ახლავე დაცვას გავაგდებინებ შენ თავს. დაცვა,დაცვააა - დაიღრიალა ეტლში მჯდომმა.
რამდნიმე წამში შავებში ჩაცმული ორი ახმახი აისვეტა ლილიანს წინ.
-ახლავე გაათრიეთ აქედან- განაგრძობდა ყვირილს კაცი.
დაცვამაც უმალ დაიწყო დავალების შესრულება,სასცილო დასანახი იყო როგორ მიათრევდა ორი გოლიათი პატრა გოგონას, რომელიც მათ ხელში კიდევ უფრო დაპატარავებულიყო.
ამასობაში ყვირილზე კაცთან დედამისმაც მიირბინა, აპირებდა ეკითხა რა ხდებაო, როცა უკვე ჭიშკართან მიყვანილმა ფსიქოლოგმა როგორღაც მოახერხა თავის გათავისუფლება, ახლა ეზოში ისე დარბოდა თითქოს დაცვას მგელობანას ეთამაშებაო, თან ეტლში მჯდომის მიმართულებით ყვიროდა:
- თუ თავი არანორმალურად მიგაჩნიათ, იცოდეთ თქვნზე არანორმალურებიც ვარსებობთ. გნებავთ შევეჯიბროთ?!!!
ამ სურათის შემხედვარე ბიზნესმენის მეუღლე მზად იყო თავადვე ეთრია ლილიანა წითური თმებით და კინწისკვრით მოესროლა გარეთ, მაგრამ შვილის სიტყვებმა ადგილზე გააშეშა.
- ბიჭებო დაანებეთ თავი მაგ თხას, მალე თავისი ნებით გაიქცევა აქედან. - მერე საუბრის ადრესატი შეცვალა და გოგონაზე გადაერთო -ეს რამე ახალი მეთოდია ფსიქოლოგიაში?
ლილიანამ ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა, თან ნელ-ნელა ეტლს უახლოვდებოდა და უფრო უკეთ გაარჩევდით სირბილისგან აწითლებულ ლოყებზე ყავისფერ ჭორფლებს.
***
მას შემდეგ რაც ბაღში კიდევ ერთხელ მარტო დარჩნენ, ლილიანამ იქვე ხის ძირში მწვანე მინდორზე მოიკალათა და ფსიქოლოგიური სეანსის ჩატარება სცადა:
- ზოგადად ტკივილი უფრო მარტივი გადასატანია, თუკი მასზე საუბრობ...
- შეიძლება შენ გშველის წუწუნი გამოცდაზე დაკარგული ერთი ქულის გამო, მაგრამ ჩემს პრობლემებს ინკუბატორში გამოზრდილ მახინჯ პრინცესასთან საუბარი ვერაფერს უშველის.
გოგონა რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ კაცმა არ აცადა და თავადვე გააგრძელა:
- მომშორდი, წადი გააგრძელე მელოდრამებზე ტირილი, შენნაირ მოსაწყენ დაქალებთან საღამოობით ჩაის სმა და იმ ბიჭებზე ჭორაობა ყურადღებას რომ არასდროს მოგაქცევენ.
ლილიანა დუმდა. კაცმაც იფიქრა საწადელს მივაღწიე ახლა ადგება და გაიქცევაო, მაგრამ ფსიქოლოგს ის დღე გაახსენდა საყვარელი ჩაის ჭიქა ხელიდან რომ გაუვარდა, მოვარდისფრო ჟოლოს ჩაის გუბე იატაკზე და მასში შერეული ჭიქის ნამსხვრევები. რადენი წელი გავიდა მას შემდეგ, რამდენი წელი გავიდა რაც ლილას ჩაი აღარ დაულევია? ამ ფიქრებიდან პაციენტის დაჟინებულმა, გამარჯვებულმა მზერამ გამოარკვია და პასუხიც არ დააყოვნა:
- საოცარია ისე კარგად მიცნობთ, არ შემიძლია არ გთხოვოთ ჩემი დახასიათება განაგრძოთ.
- ზრდილობიანი, მორიდებული, სასაცილოდ პატიოსანი გოგო, რომლის ცხოვრებაში ყველაზე სექსუალური რაც მომხდარა ისაა, რომ ვიღაც ოთხთვალა ბიჭმა მისი კოცნა სცადა, მას კი მოერიდა და თავი გასწია. შესაძლოა ის ბიჭი ახლაც გელოდება.არ სვავ ალკოჰოლს, არასდროს გაგისინჯავს სიგარეტი და ნარკოტიკი...
- სხვათაშორის აღარ მელოდება, იმ ოთხთვალა ბიჭს მობეზრდა ლოდინი. კარგი დღეისთვის მგონი საკმარისია, ხვალ ისევ ამ დროს მოვალ ფსიქოლოგიური სეანსის მოსასმენად. - აქ გოგონას ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა, რთული მისახვედრი იყო ეს ღიმილი ირონიას გამოხატავდა თუ ტკივილს.
კაცს აღარაფერი უთქვამს მხოლოდ უყურებდა ჭიშკრისკენ მიმავალ ლილიანას და უცნაურად შემსუბუქებულად გრძნობდა თავს. წამიერად ისიც კი გაიფიქრა სავარძლიდან წამოდგომას შევძლებო, მაგრამ მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. როცა წითელთმიანი არსება შავი ჭიშკრის მიღმა გაუჩინარდა, მაშინღა მოუხმო მსახურს და ოთახში აყვანა, თავისდა გასაკვირად, საკმაოდ ზრდილობიანად სთხოვა.
ქუჩაში მიმავალი ფსიქოლოგი კი ფიქრობდა რამდენხანს ეყოფოდა მის ახალ პაციენტს გამოშვებული შხამი, ალბათ მალევე შეივსებდა მარაგს, მაგრამ იქნებ ხვალ მის მისვლამდე ვერ მოესწრო, იქნებ სხვები მაინც ვერ მოეწამლა თავისი ღვარძლით.
***
ცხოვრება ხანდახან ისეთ ადამიანებს აყენებს ერთ გზაზე გვერდიგვერდ, თავისი ნებით ერთმანეთს საერთოდ რომ ვერ შეამჩნევდნენ. რომ არა ინვალიდის სავარძელი, წარმატებული ბიზნესმენის შვილი, სიმპატიური, ცნობილი მომღერალი, არასდროს დაკარგავდა დროს ,,ინკუბატორში გაზრდილ“ ლილიანასთან ამდენი საუბრისთვის. რომ არა ინვალიდის სავარძელი და თავისი პროფესია, არც ლილა მოისურვებდა თავშიავარდნილი, ზედმეტად გაპიარებული, პოპულისტი მომღერალის მოსმენას. ვერც ერთი მათგანი ვერ იფიქრებდა თუ ერთმანეთისთვის გამოცდებად იქცეოდნენ.
მაგრამ მათი საერთო ისტორიის წერა გაცილებით ადრე, იმ საღამოს დაიწყო როცა დიდი სიჩქარით მიმავალმა ავტომობილმა შუქნიშნის წითელ შუქზე გაიარა, ზებრა გადასასვლელზე გადამავალი ახალგაზრდა მამაკაცი გაიტანა და განათების ბოძს შეასკდა.
***
ბავშვობიდანვე ყურადღების ცენტრში ყოფნას მიჩვეული ნიკა, ხმის ამოუღებლად, თავისი საოცარი თვალებით, ახერხებდა ყველას მოხიბვლას, მაგრამ თუკი ვინმე გადაურჩებოდა მის მზერას, ბიჭის სიმღერას თავს ნამდვილად ვერ დააღწევდა.
მისი თვალები ნარევი იყო მოცისფრო-მონაცრისფროსა და მუქი ყავისფერის, თითქმის შავის. დღის სინათლეზე ღია ფერს, ღამით ნაცრისფერის საოცრად მუქი ელფერი ანაცვლებდა.
ნიკა - კონტრასტული ბიჭი, კონტრასტული თვალებით. მუდამ მომღიმარი, ხუმარა, ხალისიანი ადამიანი, რომელიც ყველასთვის შეუმჩნევად გამუდმებით საკუთარ დემონებს ებრძოდა.
სწავლისთვის დიდად არ იწუხებდა თავს, მაგრამ სკოლა წარჩინებით დაამთავრა თანაც ისე, რომ ბიზნესმენი მამის ფაქტორს არ უმოქმედია. არ ელეოდა ენთუზიასტი კლასელი გოგონები, რომლებიც მუდამ მზად იყვნენ საშინაო დავალებასა თუ საკონტროლოში დახმარებოდნენ. მისი ქარიზმით მოხიბლული მასწავლებლები კი გაძახებით დიდად არ აწუხებდნენ, ანდაც მისი საუბრით მონუსხულებს არ აფიქრებდათ რატომ ისმენდნენ მათემატიკის გაკვეთილზე შექსპირის სონეტებს ან გალაკტიონი რა შუაში იყო ქიმიასთან.
კითხვა, განსაკუთრებით პოეეზიის, ხომ მისი ერთ-ერთი ჰობთაგანი გახლდათ.
მეათე კლასში იყო ფართო მასების წინაშე საკუთარი ვოკალური შესაძლებლობები რომ გაამჟღავნა. თავისივე დაწერილი რომანტიული ტექსტებითა და სიმპატიური გარეგნობით პოპულარობა მალევე მოიპოვა, თუმცა მისი ხმის სიღრმეში, თითქოს დემონები კივიანო, მუდამ რაღაც სევდიანი ნოტები გაიჟღერებდა ხოლმე.
ხმაურიანი წვეულებები, სასმელი, მოსაწევი, იშვიათად ნარკოტიკი და ხშირად სხვადასხვა ლამაზი გოგოს კამპანია. დიდხანს ერთ გოგოსთან ვერასდროს ჩერდებოდა, მაგრამ ამით სულაც არ ამაყობდა, პირიქით ძმაკაცებს გულისტკივილითაც კი შეშჩიოდა:
- რა პონტია, რამდენიმე კვირაში თითქოს ყველა გოგო ცარიელდება ინდივიდუალურობისგან, ერთმანეთს ემსგავსებიან. ერთფეროვანი ურთიერთობებით დავიღალე.
ერთფეროვნების დასასრული მალევე მოვიდა.
მამის რეკომენდაციით ნიკამ სკოლის დამთავრების შემდეგ ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩააბარა. სწორედ იქ, პირველი კურსის პირველ დღეს შეხვდა მას.
პირველივე ლექციაზე დაიგვიანა. როცა აუდიტორიის კარი გაიღო, წამით ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, საკუთარი გულისცემის ხმას გაიგებდით. ყოველ შემთხვევაში ნიკამ მართლა გაიგონა საკუთარი აჩქარებული გულისცემა, როცა კარის ზღურბლს თავად სილამაზემ გადმოაბიჯა, აი იმ სილამაზემ, რომელზეც სიმღერები დაწერა, რომელსაც უმღერა და წაუკითხა, რაცკი უმღერია და წაუკითხავს.
ლექტორმა რაღაც უკბილოდ იხუმრა გოგონას პუნქტუალობაზე. რამდენიმე სტუდენტს გაეცინა, ალბათ უფრო პროფესორის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.
გოგონამ უკანა რიგში ცარიელი მერხი დაიკავა. ნიკაც შუა ლექციაზე ადგა და გვერდით მიუჯდა. ლექტორმა კიდევ რაღაც კომენტარი გააკეთა, რომელიც საერთოდაც აღარ გავდა ხუმრობას, უფრო საყვედურისა და შენიშვნის კომბინაცია იყო. მაგრამ ბიჭს არაფერი გაუგია, პირველად თავის ცხოვრებაში მონუსხული უყურებდა გოგოს და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. ყველაზე მთავარი, გოგო სულ არ აქცევდა ყურადღებას მის დაჟინებულ მზერას, ლექტორისკენ მიეპყრო თავისი ლურჯი თვალები და ინტერესით უსმენდა.
როგორც იქნა სიის ამოკითხვის დრო დადგა, ყველა გოგოს სახელის გაგონებაზე ნიკა დაძაბულად უყურებდა გვერდით მჯდომს და ელოდა როდის იტყოდა ,,ვარო“. როგორც იქნა, ნინი ჯაში. ნინი, ნინი... ორ წამში ფეისბუქზე მეგობრობის თხოვნა გაუგზავნა, სამ წამში ინსტაგრაზე გამოიწერა.
ლექტორს დაემშვიდობნენ, ჯგუფი აუდიტორიის გარეთ შეიკრიბა, ერთმანეთს გაეცვნენ, ცოტა ისაუბრეს და გადაწყდა უფრო უკეთ გაცნობისთვის საღამოს სადმე შეკრებილიყვნენ, რესტორანი შეარჩიეს, ორგანიზება კი დიდი სიამოვნებით ითავა ნიკამ.
როგორც იქნა დაეთანხმა მეგობრობის თხოვნას.
არასდროს უფიქრია ამდენი ტანსაცმლის არჩევაზე, იმდენად უნდოდა იდეალური ყოფილიყო ამ საღამოს, ზედმეტად ბევრი სუნამოს დასხმა მოუვიდა. გიტარას ხელი დაავლო, მანქანის კარი კინაღამ მოგლიჯა და რესტორანში თითქმის ერთი საათით ადრე მივიდა. ცხოვრებაში მგონი პირველად ელოდა სხვას.
ამჯერადაც ბოლო მოვიდა, და რადგანაც მაგიდასთან სხვა ადგილი ვერ მოიძებნა, ნიკამ მის გვერდით გიტარით დაკავებული სკამი გაუთავისუფლა.
ნინის საოცარ სილამაზეს მისი უბრალოება კიდევ უფრო ამშვენებდა. გრძელი მუქი თმებისა და ლურჯი თვალების კომბინაცია, ოდნავ გაბერილი ლოყები, სქელი ტუჩები, არანაირი მაკიაჟი, მუქი ლურჯი გრძელი კაბა.
- ფრჩხილებიც რა ლამაზი აქვს, ნეტავ რა ქვია მისი მანიკურის ფერს. რა სუნამო ასხია? - აქამდე არცერთ ქალზე არ შეუნიშნავს ეს სუნამო ნიკას. - იქნებ სუნამო კი არა მისი სურნელია, მასსავით ტკბილი...
ამ ფიქრებიდან ნიკა ჯგუფელების სიცილმა გამოარკვია, მართალია ვერ მიხვდა რაზე იცინოდნენ, მაგრამ მაინც აყვა.
ნინის სიცილიც როგორ უხდება თურმე.
სასმელი მალე მოეკიდათ, უკვე სთხოვდნენ ნიკას გიტარის თანხლებით ემღერა. მანაც მომზადება დაიწყო.
ნინი ცოტას სვამდა და ისევ არად აგდებდა ბიჭის დაჟინებულ მზერას.
ნიკა მღეროდა, თანაც ისე გულიანად ჯერ რომ არ უმღერია. ადრესატი ასე ახლოს ჯერ ჰომ არ ჰყოლია.
ნინი უსმენდა, მაგრამ არა ისე როგორც სხვა ქალები უსმენენ ხოლმე. ბიჭს წამით მოეჩვენა, რომ ამ გოგონამ მისი დემონების ხმა გაიგონა.
მომდევნო ერთი თვე ყოველ დღე ნინის დილით შოკოლადები, საღამოთი თაიგულები ხვდებოდა კართან, სადარბაზოსთან კი ნიკა ელოდა მანქანით, თავიდან გოგო უარს აცხადებდა მისი მანქანით მგზავრობაზე, მაგრამ ბოლოს მაინც გატყდა და ვერც კი შეამჩნია როგორ გახდნენ უნივერსიტეტში იდეალური წყვილი. ერთმანეთს მართლაც საოცრად უხდებოდნენ, ყველგან, ყველა წვეულებაზე ერთად დადიოდნენ, მხოლოდ თავად იცოდნენ შეყვარებულები რომ არ ერქვათ ჯერ, თორემ ყველას წყვილად მიაჩნდა.
დრო გადიოდა და ნინი არ ცარიელდებოდა ინდივიდუალურობისაგან, ნიკას მასთან ისეთ თემებზე შეეძლო საუბარი, სხვა ქალებთან რომ არასდროს უსაუბრია.
ნოემბრის წვიმიანი საღამო იყო, ერთ-ერთი ჯგუფელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ნიკამ ნინის ხელი ჩაჰკიდა და კარისკენ წაიყვანა.
- ნიკა რას აკეთებ? გამიშვი ხელი წვიმაში ვერ გამოვალ.
- კარგი რა ნი გამოდი, მოდი ვიცეკვოთ.
- ხომ არ გაგიჟდი ამ წვიმაში რა დროს ცეკვაა.
- კარგი მაშინ მანდედან მომისმინე. მიყვარხარ!!! მოდი რა ჩვენც დავუძახოთ ჩვენ თავებს შეყვარებულები.
-ჩვენ ისედაც მშვენივრად ვართ, რა საჭიროა ზედმეტი სტატუსები? თანაც შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ჩემთვის საკმარისი ვერ იქნები გესმის? მე სტაბილურობა მჭირდება, შენნაირი ბიჭი ამას ვერ მომცემს...
ნინი განაგრძობდა ლაპარაკს, მაგრამ ნიკას წვიმის ხმის მეტი არაფერი ესმოდა. ბოლოს ძალა მოიკრიბა, გოგოსთან მივიდა და წვეულებაზე დაბრუნება შესთავაზა. ოთახში ისევ ხელჩაკიდებულები შევიდნენ, მაგრამ მათ შორის უკვე შეინიშნებოდა მანძილი.
ნიკამ ჯერ ერთი ჭიქა დალია, შემდეგ მეორე, მესამე...ნინიმ გააფრთხილა რომ თუ ასე გააგრძელებდა მას მანქანაში არ ჩაუჯდებოდა.
ნიკამ გააგრძელა სმა.
ნინიმ ტაქსი გამოიძახა, ჯგუფელებს დაემშვიდობა და წავიდა.
მალევე ნიკამ მანქანის კარი კინაღამ მოგლიჯა.
მერე დიდი სიჩქარით შუქნიშნის წითელ შუქზე გაიარა, ზებრაგადასასვლელზე გადამავალი ახალგაზრდა მამაკაცი გაიტანა და განათების ბოძს შეასკდა.
ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
***
ღამის სამის ნახევარზე დედამისის მობილურზე უცხო ნომრის დანახვამ ცოტა შეაშინა. მაინც უპასუხა. მერე პატარა წითელთმიან გოგონას ჭიქა ხელიდა გაუვარდა, იატაკზე მოვარდისფრო ჟოლოს ჩაის გუბეში ჭიქის ნამსხვრევები აირია. მისი ძმა გარდაიცვალა.
ის ძმა, წეღან რომ გახარებული გავარდა სახლიდან, შეყვარებულს აეროპორტში უნდა დახვედროდა.
ახლა მშობლები უნდა გაეღვიძებინა, გაეღვიძებინა, რომ ეთქვა შვილი მოგიკვდათო.
მაგრამ აღარ დასჭირდა გაღვიძება, მის ქვითინზე სამზარეულოში თავად შემოცვივდნენ, ის კი იჯდა იატაკზე, კიდევ უფრო დაპატარავებულიყო, თვალები თმებივით ჩასწითლებოდა, რთული წარმოსადგენია მაგრამ შავი გუგებიც კი აღარ ემჩნეოდა.
- ლილა რა მოხდა?! -იყვირა დედამ , მერე კი დედის გულმა მაინც თავისი ქნა და ამოიკნავლა - სად არის შენი ძმა? ჩემი ბიჭი სად არის?!
- რა სჭირს დათოს? აღელვება შეეპარა ხმაში ბუმბერაზ მამას.
- აღარ არის. - ამ სიტყვებს ლილამ ლამის სულიც თან ამოაყოლა.
მერე მეზობლები შემოცვივდნენ, მოვარდნენ ნათესავები, მშობლები შემთხვევის ადგილზე გაიქცნენ, რომ დაერწმუნებინათ სხვები თავიანთ შეცდომაში, მათი ბიჭი აეროპორტში ელოდა შეყვარებულს.
სხვები არ ცდებოდნენ.
საშინლად დეფორმირებული მანქანიდან ვიღაც გადმოიყვანეს, საკაცეზე დააწვინეს და სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს.
***
- ლილა! შენ ისევ მოხვედი?!
- არა,უბრალოდ ისე შეგიყვარდით სულ მე გელანდებით.
- ჰა! ჰა! ჰააა! როგორ გამაცინე,რა სამწუხაროა რომ შენს იუმორს ვეღარ მოვისმენ. გპირდები დღეს უკანასკნელად გადააბიჯებ ამ სახლის ზღურბლს.
- არ იდარდოთ, მე გპირდებით რომ კიდევ კარგახანს ჩემი იუმორი არ მოგაკლდებათ.
- თ! თ! თ! უკვე ტვინი წაიღე თრითინით. იმის უნარიც არ შეგწევს რომ ჩემს ლანძღვას უპასუხო. მოკრძალებითა და ზრდილობიანად თქვენობით მომმართავ. საცოდავო, რატომ ვერ გაიგე რომ არ მჭირდები არც შენ და არც შენი იდიოტური ფსიქოლოგია!!!
- სამაგიეროდ მე მჭირდება პაციენტები.
- ყველანაირად ანომალია ხარ. აქამდე რაც ქალი ფსიქოლოგები მომიყვანეს, ლამაზები მაინც იყვნენ, შენ კიდევ დაბალი, გამხმარი, მახინჯი წითური ხარ.
- გრძელფეხება, კურნუსა, ლამაზი ნარნარი არსება რომ ვიყო, აღარ გენდომებოდათ ჩემი გაგდება?
- კი!
- მაშინ რა ხეირი მშვენიერებს?
- ანუ რას ვერ მიხვდი? ისინი ხომ გაგდებული ფსიქოლოგები არიან, შენ იქნები გაგდებული მახინჯი ფსიქოლოგი.
- დიახ ვიქნები, მომავალში როდისმე.
- არ გინდა ფსიქიატრთან რომ მიხვიდე?
- არა, მაგრამ შესაძლოა ფსიქიატრი თავად მოვიდეს ჩემთან.
- მეგონა ის წარმოდგენა გუშინ რაიმე ახალი მეთოდი იყო ფსიქოლოგიაში, მაგრამ, როგორც ჩანს, შენ მართლა არ ხარ ნორმალური.საერთოდ როგორ მოახერხე ფსიქოლოგად მუშაობის უფლების მოპოვება? თუ ჩემი მშობლები უკვე თვითმარქვია შარლატანებს უხდიან ფულს?
- შარლატანი ნამდვილად არ ვარ.
- არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ გაეთრიე აქედან და აღარ დაბრუნდე!
- მეგობრები გსტუმრობენ ხოლმე?
- ეგ რა შუაშია?
- კი თუ არა?
ეს უკანასკნელი კითხვა ლილამ ისე კატეგორიული ტონით დასვა, კაცს პასუხის გაცემის მეტი არაფერი დარჩენოდა.
- არა, აღარ.
-ისინიც გაყარეთ?
- კი, მერე მაინც შემოივლიდნენ ხოლმე, მე ისევ ვყრიდი და ერთ დღესაც როგორც იქნა შეწყვიტეს მოსვლა.
- ახლა რომ დაურეკოთ მოვლენ?
- არ ვიცი და საერთოდაც რა თამაში წამოიწყე?!
- დაურეკავთ?
- არა, რა თქმა უნდა.
- ასეც ვიცოდი. როგორც ვხედავ, ადამიანების თავიდან მოშორება თქვენი ჰობია.
- ჰა ჰა ჰა ადამინები!!! რომელი ადამიანები ჩემი დანახვისას უხერხულობისგან რომ არ იციან რა უნდა ქნან? ზოგს საერთოდაც ცრემლები რომ მოსდის ჩემი სიბრალულით! თუ ის მეგობრები ,,შენთან ვართ ყოველთვის“ ფრაზით რომ მოძრაობენ და ოდნავადაც ვერ ხვდებიან რას ვგრძნობ. იქნებ ფსიქოლოგი ადამიანები, სხვა ადამიანების მოსმენაში ფულს რომ იღებენ?!
- ჰაჰ, აი თურმე როგორი ძუნწი ყოფილხართ. მე მოგისმენთ და ამაში ხელფასს არ ავიღებ.
- შენი მდარე იუმორი მაღიზიანებს! კიდე გეუბნები, მომშორდი!
- იცით თქვენ ჩემი პირველი პაციენტი ხართ, აქმდე სულ ტრენინგებს ვატარებდი კომპანიებში, სწორედ ასე შევხვდი მამათქვენსაც. არ ვაპირებ თქვენს შეწუხებას ტიპური ფსიქოლოგიური თეორიებით, ვერც იმას დაგპირდებით რომ დიდად შევძლებ თქვენს დახმა