ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

პრანჭია ძროხა

პრანჭია ძროხა

ეს ჭკუისსასწავლებელი ამბავი არც დიდ, დაბურულ ტყეში მომხდარა და არც ცხრამთასიქითა სამეფოში. გაგიკვირდებათ, მაგრამ საინტერესო და ზღაპრული ამბები აქაც ხდება. რასაც ეხლა მოგიყვებით, აქვე, ახლოს მდებარე სოფელში მოვისმინე ნაცნობი ვეტექიმისგან. (ვეტექიმი, ალბათ იცით, ცხოველებს მკურნალობს). მის მონაყოლს თითქმის სიტყვასიტყვით გადმოგცემთ. მართალია ცხოველებს მკურნალობს, მაგრამ მაინც ექიმი ჰქვია და დაეჯერება.

ერთ ჩვეულებრივ სოფელში ჩვეულებრივი ბებო ცხოვრობდა. სახელად ბაბულა ერქვა და ყველა ბაბო ბებოს ეძახდა. არავინ ყავდა. მარტო ცხოვრობდა და თავის პატარა მეურნეობასაც მარტო უვლიდა. ათიოდე ქათამი, სამი ბატი, ორი ღორი და ყველაზე მთავარი - შავთეთრი ძროხა სახელად... თუმცა,  ჩემ ნაცნობ ვეტექიმს ძროხის სახელი არ უთქვამს. ასე რომ, რაც გინდათ, ის დაარქვით. ძროხა ისეთი იყო, ვერ გაიგებდი, თეთრი იყო შავი ლაქებით თუ შავი თეთრი ლაქებით. შორიდან რომ შეხედავდი, დიდი ჭადრაკის დაფა გეგონებოდა. სოფლის მასხარა ბიჭები ზოგჯერ ეხუმრებოდნენ ბაბო ბებოს - „შენი ძროხა გვათხოვე, ჭადრაკი უნდა ვითამაშოთო“.

ბაბოს ამ ძროხაზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. მარჩენალს ეძახდა. ძროხა რომ ხბოს რომ მოიგებდა და მეწველი ხდებოდა, მისი რძით გაჰქონდა თავი. ხან მაწონს ყიდდა, ხან ყველს და ხაჭოს. არც მოვლას აკლებდა ბებო; საღამოს სამურველით გაასუფთავებდა, მინდვრიდან გამოყოლილ ტკიპებს გააცლიდა, ცურს მობანდა და დაიწყებდა წველას. ვედროში რძე ჩხრიალებდა და ქაფდებოდა. ბებო ხარობდა და ძროხას საალერსო სიტყვებს ეუბნებოდა. ისე ელაპარაკებოდა, როგორც ოჯახის წევრს. შემდეგ სურნელოვან თივას დაუყრიდა, დილაბნელზე ერთხელაც ჩამოწველიდა და მერე სოფლის ორღობეში გაიყვანდა, სოფლის ნახირს გააყოლებდა საძოვარზე. ასე გადიოდა თვეები, წლები.

ალბათ ფიქრობთ, რა არის ამ ამბავში ზღაპრული, ჩვენც გვყავს სოფელში ბებოები და ძროხებს ისინიც წველიანო; მაგრამ, მოიცადეთ. მთავარი ეხლა იწყება.

გვიანი გაზაფხული იდგა. მაისის ბოლო იყო. მდინარისპირა მდელოებზე იმხელა ბალახი წამოსულიყო, საძოვარზე გამორეკილ ძროხებს თავის დახრა აღარ სჭირდებოდათ.

იმ დილას ბაბო ბებომ ჩვეულებისამებრ გამოიყვანა ძროხა ორღობეში და მენახირე ბიჭს ჩააბარა. ახლადამოსული მზე ორღობის ერთ მხარეს ანათებდა. ეს ჩვენი ძროხაც დილის სიგრილეს გაექცა და მზიან მხარეს მიაშურა. მიჰყვებოდა ღობის გასწვრივ ბილიკს და თან იქვე ამოსულ ბალახს წაეტანებოდა ხოლმე და უცებ... ბილიკზე რაღაც ნივთი ბრწყინავდა. ძროხა წამით შეჩერდა, მერე ნივთს ფრთხილად დაავლო პირი და ტაატით გაჰყვა ნახირს.

მდინარის პირას, მდელოზე, ნახირი გაიშალა. მწყემსიც იქვე, ვერხვის ძირას წამოჯდა და საუზმის თადარიგს შეუდგა. ბებოს ძროხა ნახირს ჩამოშორდა და მდინარის პირას ჩავიდა. მერე ნაპოვნი ნივთი მიწაზე დააგდო და დააკვირდა. პომადის ტუბი იყო;  ბრჭყვიალა წითელი ფერის. ასეთი ნივთი ადრეც უნახავს. საღამო ხანს, საძოვრიდან დაბრუნებისას შეუმჩნევია, გაჩერებასთან როგორ ისვამდნენ კინოში მიმავალი ქალები პომადას.

ბევრი იწვალა და იმდენი მოახერხა, საღამოსთვის ტუჩები ხასხასა წითლად ჰქონდა შეღებილი. ახლა არ დამიწყოთ - ძროხა პომადას როგორ წაისვამდაო. ხომ გითხარით, ბევრი იწვალა მეთქი. მერე მდინარეში ჩაიხედა და საკუთარი თავი მოეწონა. ადრეც მოსწონდა, მაგრამ ეხლა სულ სხვა იყო.

ჰო, მართლა. იმ დღეს ერთი ღერი ბალახიც არ უჭამია. ჯერ ხომ პომადას ისვამდა, მერე იმის შეეშინდა, პომადა არ მომშორდესო. ხომ იცით, სილამაზისთვის რამხელა მსხვერპლზე მიდიან ქალები: - დიეტებიო, ვარჯიშებიო, შიმშილობებიო და კიდევ ათასი რამე. ჰოდა, ეს ჩვენი ძროხაც ქალი იყო რა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბინდი იყო ჩამოწოლილი, როცა ძროხამ ბაბო ბებოს სახლის ჭიშკარს მიაზმუვლა - მოვედი და კარი გამიღეთო.

ბებომ კარი გაუღო, ბოსელში შეიყვანა, ბაგაში ახლადდაგლეჯილი ერთი იღლია ბალახი ჩაუყარა, ვედრით წყალი დაუდგა, მერე სახლში შევიდა და მაწვნის დასაყენებელი ქილების რეცხვას შეუდგა. რეცხვა რომ დაამთავრა, ისევ ბოსელში ჩავიდა ძროხის მოსაწველად. ბალახი ისევ ისე ეყარა; არც ვედროში მოეკლო წყალს. ბებომ მწყემსი ბიჭი გულში დალოცა - „ეს რა კარგად დაუნაყრებია ძროხაო“, პატარა სამფეხაზე დაჯდა და ძროხას ცურის ჩამოსაბანად ხელი შეავლო. ცური ისეთივე დაჩუტული იყო, როგორც დილით ჩამოწველის შემდეგ. ბაბულა გაბრაზებული ადგა, მწყემსს გულში ახლა ქოქოლა დააყარა - ძილსა და ბანაობას გადაყვა და საქონელი მთელი დღე რიყეზე აწოწიალაო. მერე ვენახში დააპირა გასვლა ბალახის დასაგლეჯად, მაგრამ უკვე ღამე იყო. ბებოს კი მხედველობაც არ უვარგოდა. გაბრაზებული სახლში შევიდა და დაწვა.

როგორც კი დილაბნელზე ქუჩიდან ზმუილის ხმა გაიგო, ძროხა ორღობეში გააგდო და მწყემსის ჩამოვლას დაელოდა. საწყალი ბიჭი ისეთ დღეში ჩააგდო, ისეთი სიტყვებით „შეამკო“... სულ უსაქმური, მუქთახორა და ძილისგუდა ეძახა. 

ბიჭი თავს იმართლებდა: „- მე ასი ძროხა მაბარია და ყველას პირში ხომ არ დავუწყებ ყურებასო.“ მერე გაბრაზებული გაეცალა ბებოს, საქონელი მდინარისპირა მდელოზე შერეკა, თვითონ კი ვერხვის ძირში წამოჯდა და აბგა გახსნა. ბაბულას სულელი ძროხის გამო საუზმეს ხომ არ მოცდებოდა?! შიგადაშიგ საქონელს გახედავდა ხოლმე. ბაბულას ძროხა იმხელა ბალახში იდგა, მოჭადრაკული ზურგი და რქებიღა უჩანდა.

–        „გაგისკდეს მუცელი.“ - ჩაილაპარაკა მწყემსმა და შოთს ყუა მოაკბიჩა.

საღამოს, როგორც კი ძროხა ღია ჭიშკარში შემოვიდა, ბაბულამ ბოსელში შესვლა აღარ აცალა და ეზოშივე მოუსინჯა ცური. მოუსინჯა დააა... ალბათ, წარმოიდგინეთ რაც მოხდა. ბაბო ბებოს ჯავრიან გულზე ჯერ იყო და მწყემსთან უნდოდა გაქცევა: -„სახლში უნდა მივუვარდე და ჭერი თავზე დავაქციოო; ჩემზე გაბრაზებული საქონელს რაღას ერჩოდა, შიმშილით რატომ კლავდაო?!“. მერე იფიქრა: -„ძროხამ რაღა დამიშავა, ჩხუბს მოვასწრებ, ჯერ ამ საცოდავს დავაბინავებო“. ძროხა ბოსელში შეიყვანა, მერე შუქი აანთო, ვედრით წყალი შემოიტანა და ძროხას წინ დაუდგა. ცუდად კი ხედავდა, მაგრამ სინათლეზე მაინც რაღაც ეუცნაურა. ძროხას პირზე დააკვირდა; მერე ტუჩზე თითი დაუსვა და გული შეუქანდა - თითი წითლად შეეღება.

-“რა ვქნა? რა მეშველება?“ - გაიფიქრა ბაბულამ. მერე მოაგონდა: „ვეტექიმი ხომ მეზობლად ცხოვრობს, ის თუ მიშველისო“ და კარში გაცუხცუხდა. ათიოდე წუთში ვეტექიმთან ერთად შემოვიდა და ბოსელს მიაშურა.

- „შეხედე, ექიმო. პირზე დააკვირდი. ეს რა უბედურებაა. ეხლა რაღა მეშველება. დავიღუპე?!”

ექიმმა სათვალე გაიკეთა, წელში მოიხარა და ძროხას დააკვირდა.        

 – „უცნაურია“. ჩაილაპარაკა თავისთვის. – „თუ პირი ეკალმა დაუზიანა და ეს სისხლია, ასე თანაბრად რატომ აქვს მოხატული?! არა, აქ რაღაც სხვა ამბავია“. ექიმმა ჩანთიდან ბამბის ნაგლეჯი ამოიღო და ძროხას პირთან მოუსვა. მერე ნაგლეჯი ცხვირთან მიიტანა და დაყნოსა. დაყნოსა და გაიღიმა.

-        „რა ხდება, ექიმო. გადარჩება ჩემი მარჩენალი!“ - იკითხა ბაბულამ.

ექიმმა ახლა ბაბულას გაუღიმა, მერე ხელი მოჰკიდა და ეზოში გაიყვანა. იქ ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.

-        „რას ამბობ, ექიმო; ეგ როგორ დავიჯერო?!“ - მოესმა ძროხას ბებოს შეკივლება.

-         „სერიოზულად არის საქმე.“ - გაიფიქრა ძროხამ. - „ნეტავ რას აპირებენ?“

ბაბულა და ექიმი ბოსელში შემობრუნდნენ.

-        „ჰოდა, ბაბულა, ამას გეუბნებოდი - ხმამაღლა დაიწყო ვეტექიმმა - შენს ძროხას ისეთი ავადმყოფობა სჭირს, სამ დღესაც ვერ გაატანს. თუ გინდა რაიმე სარგებელს გამორჩე, უნდა დაკლა.“

ამის გაგონებაზე ძროხას გულმა რეჩხი უყო. უნდოდა ეყვირა: „რა სისულელეაო“, მაგრამ ძროხა იყო და მხოლოდ ამოიზმუვლა.

-        „ მართლა ასე უსაშველოდ არის საქმე, ექიმო? ერთი დღეც რომ ვაცადოთ?“ - წაიწუწუნა ბებომ.