ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ბეტონების იქით

ბეტონების იქით

ჩემი ოცნებაა, რომ ყოველ მოცემულობასა და ვითარებაში, ობიექტური რეალობის თითოეულ მომენტში, შესაბამისი მუსიკა ირთვებოდეს, აი, ასე, როცა დავსევდიანდდებით სხეულს ალმური ედებოდეს და გვესმოდეს ის მუსიკა, რომელიც ყველაზე დიდ სევდას იწვევს ჩვენში ან პირიქით, როცა ბედნიერებისგან კანში ვეღარ ვეტევით და ჩვენი ბიოლოგიური ორგანიზმი ეპიდერმისისა და დერმის შემოძარცვას ცდილობს და ირთვება მუსიკა, რომელიც ამ ემოციას აუცილებლად აქცევს პერფორმანსად.

 

ახლაც ასე მოხდა, აღტაცებისა და ეგზალტაციის ჟამს ინოლა გურგულიას “შენთან” ჩაირთო და მის საფლავზე წასვლა მომინდა, გამთენიის 4ის 13 წუთზე. წარმოვიდგინე სცენა: დუტის კურტკით(რომელიც არ მაქვს, მაგრამ ზამთრის ამ სუსხიან ღამესა და უცნაურად განსაკუთრებულ ამ მომენტში ასე წარმომიდგენია), კრემისფერი ველვეტის გაცრეცილი შარვლითა და ბათინკებით, მარცხენა ხელის სამკუთხედში დიდი ძალისხმევის შედეგად ნაპოვნი ნახევრადსავსე თეთრი ღვინის ბოთლით, რომელიც აუცილებლად კოკა-კოლას შემოცრეცილმარკიანი ბოთლი უნდა იყოს, ამოჩრილი ვიძახებ ტაქსის, მაგრამ არა, ჯერ ვცდილობ, რომ საფლავის ადგილმდებარეობა გავარკვიო და შემდეგ იმ უხერხულ მომენტზე ვიფიქრო, ჩემსა და ტაქსისტს შორის რომ ჩამოწვება ჩემი სახლიდან სასაფლაომდე მიმავალ გზაზე - გარეუბნელი ჯეელი, ოდნავ შეშლილი შეხედულების, მიემართება სასაფლაოზე, სასაფლაოზე, გამთენიისას, როგორ ყვირის, არა?! დასკვნები ალბათ რამდენიმე საკვანძო სიტყვას დაეფუძნება: “კატები”, “გატყავება”, “რიტუალი”, წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობაა შესაძლო სტერეოტიპულ ვარაუდსა და ჩემს მიზანს შორის, რომელიც ერთი გენიალური ქალის საფლავის ხილვაა.

 

უხერხული 40-60 წუთიანი მგზავრობის შემდეგ მეც და ტაქსისტიც, დიდი ალბათობით, მდუმარე დიალოგის დამშვიდობების ვერბალიზაციით დასრულებას არ ჩავთვლით საჭიროდ, მე ვეღარ მოვითმენ, სიცილი შემეპარება მარცხენა ქვედა ტუჩთან და დარცხვენით გავხედავ სარკეში, რათა თავის მცირე დაკვრით დავემშვიდობო, ისიც იმავეს იზამს და ჩემი გადასვლის წამიდან იქამდე გაწელავას მანქანის გაყვანის პროცესს, სანამ არ მოვცილდები მისი თვალთახედვის არეალს. და მას გაჰყვება უდიდესი ინტერესი ცხოვრების ბოლომდე, ინტერესი იმისა, თუ სად მივდივარ, რა უნდა გავაფუჭო, რა უნდა დავაშავო, მაგრამ ვერასდროს გაიგებს, თუ იმ მყისიერ მომენტში მყისიერ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და არ იქცევა ჩემს დაუპატიჟებელ მეგზურად ამ თავგადასავალში.

 

ვერ გაბედავს დამირღვიოს ციკლი, იფიქრებს, რომ ეს უხერხულია ან საერთოდაც არ იფიქრებს, უბრალოდ არ მოუნდება, მაგრამ ინტერესით მოკვდება და სახლში მისული თავის ცოლს მოუყვება ახალგაზრდაზე, რომელმაც თავი ასე გვიან ალბათ ან რაღაც “მახინაციის” ჩასატარებლად მიაყვანინა სასაფლაოზე, ან უახლოესი ადამიანის მონატრებას ვერ გაუძლო და ისინიც შეთხზავენ შესაძლო ისტორიას ვინ გარდამეცვალა, როგორი უბედური ვარ, შანსი რომ ჰქონდეთ როგორ ამომიდგებოდნენ მხარში და როგორ მეტყოდნენ, რომ ცხოვრება გრძელდება და მე განვაგრძობ ჩემს გზას, გზას, რომლის გავლაც ყოველ ჯერზე მიყვარს, გზა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს - სასაფლაოს გზა. იცით, პირველი პაემანი სასაფლაოზე მქონდა?! ჩემთვის ნაცნობ სასაფლაოზე და ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით, ამჯერად სრულიად უცხო სასაფლაოზე აღმოვჩნდები, არასდროს ვყოფილვარ პანთეონებში, საბურთალოს პანთეონიც არ იქნება გამონაკლისი. მიყვარს ის ხმა, რომელსაც გავიგებ, სიჩუმის ინტიმური და ზედმეტად თავისებური ხმა. ოქსიმორონი.

 

სასაფლაოზე ყოფნის, განსაკუთრებით კი უცხო სასაფლაოზე ყოფნის სიამოვნება იმაში მდგომარეობს, რომ ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანები გავიცნო, მივიდე მათ საფლავთან, შევხედო მათ გალიებად ქცეულ სახლებს და წარმოვიდიგნო მათ მიერ განვლილი ცხოვრება - ვინ უყვარდათ, ვინ სძულდათ, რა უხაროდათ ან რა სწყინდათ, როგორ დაასრულეს ცხოვრება. ვიღაცისთვის ჰობი ხატვა, რომელიმე სპორტის სახეობა ან უბრალოდ სეიერნობაა, ჩემთვის სამუდამო მარტოობისთვის განწირული უსიცოცხლო ადგილზე მიტოვებული ადამიანების ისტორიების მოფიქრებაა, არ იფიქროთ რომ მათ შეურაცხვყოფ, პირიქით, მგონია, რომ თუ ოდნავ მაინც არის შესაძლებელი რომ ამ პროცესში ისინი მაკვირდებიან, სპორტული ინტერესით ელიან იმას თუ რამდენად სწორად გამოვიცნობ მათ ცხოვრებას, შეიძლება “ხელზეც მაზავდნენ” “გავარტყავ თუ არა”.

 

საბურთალოს პანთეონში ინოლა გურგულიას საფლავის ძებნის პროცესში, დიდი ალბათობით, წავაწყდები მესაფლავეს, ამ ყარიბადქცეული ხალხის ერთადერთ მესაიდუმლეს, მათ ერთადერთ მუდმივ სტუმარსა და შემკედლებელს, რომელიც ხვალინდელი დღის დაკრძალვის ცერემონიისთვის საფლავს თხრის, ნეტა გრძნობს რამეს? ფიქრობს იმ ადამიანზე, რომელიც მის მორიგ შედევრში უნდა ჩაასვენონ, რომლის ციხესიმაგრესაც მომავალი დღეების, კვირებისა და წლების განმავლობაში უნდა უდარაჯოს თუ იმდენად გამჯდარი აქვს ამ საქმის კეთების უბრალოება, რომ საფლავის თხრა უბრალოდ მიწის თხრად ექცა?! მესაფლავე თვალს გამომაყოლებს, ხშირად ეყოლება ამ დროს სასაფლაოზე განწირული ადამიანები ნანახი, რომლებიც თავიანთ შვილებს, მშობლებს, მეგობრებს ან იმ ადამიანებს მოსდგომიან

 

ციხესიმაგრის კართან, რომელთაც შორიდან ეტრფოდნენ და მხოლოდ სასაფლაოზე შეძლეს მათთან პირისპირ დარჩენა, მათთან განმარტოება და იმის თქმა, რაც მათ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს, ეს ხომ ასე ხდება, ფილმის სცენარივით - ყველა ვინც გარდაიცვლება, მომდევნო დღეების მანძილზე დღისა თუ ღამის სხვადასხვა მონაკვეთში იღებს სხვადასხვანაირ მნახველს, თავიანთი უთქმელი სათქმელებით, აქამდე გამოუვლენელი ვნებით, მრისხანებითა თუ სენტიმენტებით, მაგრამ იმათმა რა ქნან, ვისაც უბრალოდ მარხავენ და შემდეგ აღარასდროს ელაპარაკებიან, აღარავინ უმხელს გულისნადებს, აღარავინ აგლეჯს მათ გულს სარეველა ბალახს?! რა უნდა ქნან და უნდა დამელოდონ მე! დამელოდონ, რათა მივიდე და მათი ცხოვრება წარმოვიდგინო წამიერად, ვეცადო მათი ნანგრევებად ქცეული ციხესიმაგრის ოდნავი რესტავრაცია ჩემი სუსტი ხელებით, მაგრამ დაუცხრომელი სურვილით, რომ ეს შევძლო, დამელოდონ, რათა მათი სახელი და გვარი ჩემმა ბაგეებმა ჩუმად თუ ხმამაღლა, პირდაპირ თუ ბორძიკით, რამენაირად წარმოვთქვან და კიდევ რამდენიმე ხანი მისცენ მათ ხსოვნას არსებობის შანსი.

 


 

ელფების ღვთიური ნავსაყუდელი

 

დღეს დავფიქრდი რომ ხშირად მივიწყებული ისტორიების გახსენება, ისტორიების, რომლებიც უდიდეს მაგიასა და განსაკუთრებულობას იტევენ ჩვენს თავში, ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მაძლევს. აი, ასე.

12 წლის ვიყავი. მარტივია: 2000 წელს დავიბადე, 2012 წელს კი 12 წლის შევიქენ, 2000 წელს დაბადებულებს ყველა სხვა დანარჩენზე მეტი უპირატესობა გვაქვს, მარტივი არითმეტიკული ოპერაციით არის შესაძლებელი ჩვენი ასაკის გამოთვლა, 2100 წლამდე ამხელა პრივილეგია ვეღარავის ექნება. ვწუხვარ.

12 წლის ვიყავი, როცა მონასტერში აღმოვჩნდი, ღვთაების მამათა მონასტერში. ამ ვოიაჟისთვის გამართლებისა და ეგიდის მოსაძებნად, ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ დედაჩემის მომავალ გამოცდაზე წარმატების მოსაპოვებლად უნდა მელოცა და დავყუდებულიყავ მონასტერსა შინა. ღვთაების მონასტერი ჩემი საცხოვრებელი სახლიდან უმოკლეს მანძილზეა(ერთ-ერთ იმ ადგილებს შორის არის, რომელიც რეალურად ასე ხასიათდება, რადგან უნივერსიტეტსა და სამსახურშიც კი უფრო მეტი დრო მჭირდება ერთსა და იმავე ქალაქში), მახსოვს სწორედ ამ გზის სიმოკლის გამო გადავწყვიტე საბოლოოდ ჩემი სამონასტრო ცხოვრების რეალობად ქცევა, თორე გულის სიღრმეში მაშინვე ვიცოდი, რომ ჩემი ლოცვა დედაჩემს მაქსიმუმ ცუდად დაჰბრუნებოდა, რადგან ნახევარზე მეტ წინადადებას ლოცვის დროს “ვიპარავდი”(ასეა, როცა გაუაზრებელ ქმედებებში ითრევენ ღლაპებს).

წინასწარ გამაფრთხილეს, რომ იქ რომ მივიდოდი, ვიღაც კაცები, რომლებსაც “ჩანერგილებს”, “სუსის ბოზებს” ან “კაგებეშნიკებს” ეძახდნენ, გამიჩხრეკდნენ ჩანთას, ვაითუ 12 წლის ბავშვი დიდი პოლიტიკური ან თაღლითური გარიგების მონაწილე არ ვყოფილიყავი და ვაითუ რამე არაკანონიერი - მოსასმენი აპარატურა, კამერები, კრიპტოგრაფიული მოწყობილობები, საჰაერო რაკეტები ან ნარკოტიკები - არ მქონოდა. ღვთაებამდე მანქანით იმ მორჩილმა მიგვიყვანა, ვის კელიაშიც უნდა დავრჩენილიყავით. ასეც მოხდა, მისვლისთანავე თავი გვიკრეს ორ გოროზ მამრთან, რომლებიც აღნაგობითა და ჩაცმულობით ბოდიგარდებს წააგავდნენ და ჩემი ჰოლივუდური ბლოკბასტერის წიაღში ჩათრევას ლამობდნენ. ჩასხმულ მხარ-ბეჭიანი, მწვერვალის განკაცებული ვერსია იდგა ამ კაცების სახით ჩემ წინ, არც მომსალმებიან, უბრალოდ ხელი გამომიწოდეს იმის აღსანიშნად, რომ ჩემი ნივთები მიმეწოდებინა შესაძლო მომდინარე საფრთხის გასანეიტრალებლად. ჩემგან. 12 წლის ბავშვისგან. საფრთხის. ს ა ფ რ თ ხ ი ს. 12 . წ ლ ი ს. არ აღმოვჩნდი არც ბინ ლადენის, რომელიც ერთი წლის წინ ჩადეს მიწაში, გარებიძაშვილი და არც ალბერტ ჰოფმანის სტუდენტი, “მოშნი” მარაგით. მონასტრის “ფეისი” გავიარე. 10 წლის შემდეგ, ბასიანისა და ხიდის ფეის კონტროლს რომ გავივლი, ზუსტად ისე გამიხარდება, როგორც მაშინ, როცა ორმა ახმახმა მონასტრიდან არ გამომაძევა საეჭვოობის გამო.

სამონასტრო ცხოვრება რთული აღმოჩნდა, მაგრამ არა უცხო, რადგან მოკრძალებულად და ყველანაირი მატერიალური სიამტკბილობისგან შორს ყოფნა მაქამდეც მქონდა გამოცდილი. კელიაში, რომელშიც ჩვენ უნდა გვეცხოვრა, ჩვენი მასპინძელი მორჩილი და ერთი საწოლადჩავარდნილი ბერი იყვნენ დაბინავებულნი. როცა სიტყვა კელია პირველად გავიგე მეგონა, რომ ელფებთან ერთად უნდა მეცხოვრა, რადგან იგრძნობოდა, რომ კელია ელფების ნავსაყუდელი უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალობა წარმოსახვისგან რადიკალურად განსხვავდებოდა: ჩამოგლეჯილი შპალერის შესავსებად ხატები და საეკლესიო პოსტერები გამოეყენებინათ, იატაკი სიძველისგან ისეთი დარბილებული იყო, რომ ზოგიერთ ადგილას მეგონა, ჭაობში ვიძირებოდი. ოთახები ერთმანეთისგან გახუნებული ფარდებით იყო გამოყოფილი, ფარდები რკინის გრძელ, რკალისებურად მოჭიმულ მავთულზე იყო გაბმული და “ოთახში” მცხოვრებთ პრივატულობის განცდას უნარჩუნებდა. ამინდის მიუხედავად, კელია მოქუფრულ ფერებში იყო ჩაძირული, რადგან არ არსებობდა რაიმე, რაც შიდა სივრცეში სინათლეს შემოიტანდა, მათ შორის არც ნათურა. Სინათლის ნაპერწკლის მოსაძებნად მერცხლის ბუდესავით ჩამოკიდებულ აივანზე გავედი, რომელიც სადაცაა შეიძლებოდა ჩამომშლოდა, აივანზე წარსულში თეთრი ფერის, ახლა კი დაჟანგებული ნიჟარა იდგა, რომლის გარშემოც უამრავი მტვერმოდებული ფეხსაცმელი ეყარა. ჩვენი კელიიდან საფეხმავლო ბილიკი მოსჩანდა “მონასტრის ყველა სტუმარს მარტივად გავაკონტროლებ აქედან”, - გავიფიქრე და ძალაუფლების სიამტკბილობით აღვსილმა სუფთა ჰაერის დიდი ლუკმა ჩავიტუმბე ფილტვებში. აივანზე დიდხანს დგომა ვერ გავბედე და მთავარ ოთახში დავბრუნდი, ჩემი მასპინძლის კონტურები ალაგ-ალაგ მოსჩანდა არსებულ უკუნში, რომელიც ყველაფერს ერთიანად ისრუტავდა, მათ შორის მასპინძლის სიტყვებსაც, რომლებიც ჩემკენ იყო მომართული, გზადაგზა ასუსტებდა:

- თომა, - გაურკვევლად მეძახის გეგა, - ფარდის მიღმა ჩვენი ოთახის მეზობელი, მამა მარკოზი ცხოვრობს, საწოლადაა ჩავარდნილი, კარგად არ ესმის და ვერ ხედავს, დიდიხანია ასეა, მაგრამ, მოდი, დაენახე და მიესალმე, გაეხარდება, - მამა მარკოზის მდგომარეობამ შემაძრწუნა და რამდენიმე წამში ეს მდგომარეობა ხასიათზეც გადამივიდა. Ბორძიკით მივედი ფარდასთან, რომლითაც მამა მარკოზის სამყოფელი იყო გამოყოფილი, ფარდას გამომშრალი ხელი მოვკიდე, უხეში ნაჭერი ზედ მომეკრო და ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მოვიკრუნჩხე და ასე დაჯღნაკული შევეგებე მამა მარკოზს. შელახულ და ფაქტობრივად დაშლილ საწოლზე მწოლიარე მამაო, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ძირს იწვა, კედლის მხარეს იყო გადატრიალებული, ზედ მონაცრისფრო ფერის მსუსხავი ადიელა ჰქონდა გადაფარებული და ისე იყო მოკუნტული, რომ ჩვენი მის სივრცეში შეჭრა ვერ გაეგო.                                         - მამა მარკოზ, სტუმარი მოგვივიდა, გაიცანით! - მამა მარკოზის თითქმის ყურთან მისულმა ჩემმა მასპინძელმა სცადა, რომ ახალმოსახლის პრეზენტაცია ჩვეული წარმატებით დასრულებულიყო და ასეც მოხდა. მამა მარკოზი ბორძიკით გადმოტრიალდა ჩვენკენ და სიტყვების შეკოწიწება დაიწყო:

- შენნნნნნნ გენაცვალეეეე შვილოოოო, - სიტყვის ბოლო ასოს უსასრულოდ აგრძელებდა, მე კი უფრო და უფრო ვიძაბებოდი და ვსევდიანდებოდი, - უფალმააა დაგლოცოსსს აქქქ მოსვლისთვისსს, დიდიაა მადლიიი, რომლისსს მოზიარეცცც შენნნ გახდებიიი, - ვგრძნობდი მამა მარკოზი როგორ იქანცებოდა, ძირითადად მხოლოდ მის სილუეტებს ვხედავდი, კაცის, რომელსაც კონუსის ფორმის წვერის ბოლო ნაწილი გაჰყვითლებოდა და ანაფორა ამ მდგომარეობაშიც კი არ გაეხადა. თვალებზე ცრემლების მოწოლას ვგრძნობდი და ყელზე მომდგარ ვეებერთელა ბურთებს ნერწყვის ჩაყლაპვით ვიშორებდი, ვცდილობდი, რომ მისი უსუსური მდგომარეობა უფრო თვალსაჩინო არ გამეხადა. ჩემი მასპინძელი მიხვდა, რომ უხერხულად ვცემდი ბოლთას და ადგილს ვეღარ ვპოულობდი, მამა მარკოზს დაემშვიდობა, დაჰპირდა, რომ გამოძინებისა და მოსვნების შემდგომ კვლავ ვნახავდით, ფარდა აწია, გამომაძვრინა ოთახიდან და გამომყვა უკან თავადაც. ძილის დრო იყო, დაღლილობას, შიმშილს, სტრესს - ყველაფერს ერთიანად ვგრძნობდი და მინდოდა, რომ ცოტახნით გამეთიშა ტვინი, ცოტახნით ფხიზელი მდგომარეობას გავქცეოდი და სიზმრების მეშვეობით მაინც აღმედგინა წონასწორობა, გადამერესტარტებინა ყველაფერი. 7-ს მნიშნველოვნად ეკლდა წუთები სრულ საათამდე. გეგამ ფეხსაცმელები გაიხადა, ერთმანეთს მიაწყო, ადგილი მიუჩინა, სკუფია სკამზე გადადო და საწოლზე მოთავსდა.

- “ანაფორით როგორ მოისვენებს?” - მომეცა საფიქრალი ძილისთვის - “იქნებ ჩემი სცხვენია?” - ვერსიების მოგროვება და დამუშავება ტანსაცმლის გახდასთან ერთად განვაგრძე. ვიგრძენი, რომ გეგა რომელიღაცა მხარეს გადატრიალდა, მაგრამ საით, მხოლოდ მისი ხმის გაგების შემდგომ მივხვდი:

- თომა, ტანსაცმლით უნდა დაიძინო, წესია ასეთი, - გადაწყვიტა ძილი ცოტახნით გადაედო, - შეიძლება ეს შენთვის რთული და უჩვეულო იყოს, მაგრამ ასეა, ამ წესს ყველა ვემორჩილებით, ხომ დაინახე, მეც ანაფორით დავწექი, - დიდაქტიკურად მიმანიშნა მორჩილებისკენ. მეც გავიყურსე, ამოვიჩაჩე ჩემი ჯინსი, უცებ ჩავხტი მაისურშიც და ჭრიალა „ლეჟანკაში“ უჩუმრად ჩავძვერი. მას შემდეგ ვერ ამოვხსენი ეს ფენომენი, არც მიცდია, სიმართლე რომ ვთქვა, მაგრამ ჩემი ცნობიერიც ვერანაირ ლოგიკურ გასაღებს ვერ მაძლევს მუდმივად ტანსაცმლით ძილის აუცილებლობის ამოსახსნელად. ამ ჩემთვის გაურკვეველმა და უცნაურმა წესმა ერთის მხრივ შეძლო ჩემი გაკვირვება და დაფიქრება, მეორეს მხრივ კი ჩემს ცხოვრებაში მუდმივი ბინის დადება(მას შემდეგ სახლშიც და სხვაგანაც მუდმივად ტანსაცმლით ვიძინებდი, გაუცნობიერებლად ასე ხდებოდა, თითოქს ის წესი ჩემს ცხოვრებას მთელი თავისი არსით მოედო).

ღრმად მეძინა იქამდე, ვიდრე ვიღაც არ შემოვიდა ოთახში და საღამოს ლოცვისკენ არ გაგვიხმო მთელი კამპანია. თვალების ფშვნეტით ვეცადე ჩამოცრეცილშპალერიანი კედლისკენ მიმეპყრო ხედვა და გაყვითლებული საათიდან დრო ამომეკითხა - 9 სრულდებოდა, ლოცვა 1 საათი გაგრძელდებოდა და შემდეგ ისევ შევძლებდი მშვიდი ძილის გაგრძელებას. ბარბაცით გავუყევი ჩემთვის უცნობ ბილიკს, გავიარე ფიცრებით ხელოვნურად დაგებული სავალი გზა, რომელიც ღვთაების პეიზაჟისგან გრძელი მოაჯირით იყო გამოყოფილი, წამიერად გავჩერდი, საღამოს სუსხმა შემომაფხიზლა, ტანში გამცრა ისე ციოდა, თანაც როგორც დედაჩემის შეგონებებიდან მახსოვდა, როდესაც საწოლიდან ტანსაცმლით დგები და პირდაპირ გარეთ გადიხარ, აუცილებლად გაცივდები და არავის უნდა დააბრალო შენი თავის გარდა, მერე თავში ქვა უნდა იხალო და მუცელში სამართებელი!

მიზანი დიდი იყო - დედაჩემს გამოცდა უნდა ჩაებარებინა, მე კი მისთვის უნდა მელოცა და გამეგზავნა სულიერი საზრდო შორიდან, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ძალიან მესიკვდილებოდა საღამოს 9 საათზე სასულიერო პირების გარემოცვაში 1 საათით გაყინულ ტაძარში დგომა მიზანზე ფიქრის შემდეგ ანულირდებოდა, მხრებიდან ლოდს მაშორებდა და მამსუბუქებდა. ვიცოდი, რომ კარგ რამეს ვაკეთებდი და თუ ამ “კეთებას” ტანჯვის შემცველი ელემენტები ერია, ეს მხოლოდ დროებითი და მომავალში დადებითი შედეგის მომტანი იქნებოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან მე დედაჩემისთვის 12 წლის ასაკში ის გავაკეთე, რასაც 8 წლის შემდეგ დედაჩემი ჩემთვის გააკეთებს - გადაიხვეწება ცხრა მთისა და ცხრა ზღვის იქით და ეცდება ჩემი წარმატებისთვის იბრძოლოს, მატერიალური მხარდაჭერა გამომიცხადოს. ტაძარში ფეხის შედგმისთანავე ცამდე აწოწილ გუმბათში დაგროვილმა ექომ შემაძრწუნა, ეს ექო ძლიერდებოდა ლოცვის სტრუქტურითა და მიმდინარეობით - მნიშვნელოვანი მომენტების დროს მედავითნე გარკვეულ აქცენტებს აკეთებდა სიტყვებზე, მძიმე მახვილები პირდაპირ მესობოდა ყურში და ვერ ვიგებდი მსიამოვნებდა თუ არა ეს პროცესია. ტაძრის კედლები შთამბეჭდავად მოეპირკეთებინათ, ასე გეგონებოდათ, ჩემი ხელოვნების წიგნიდან მოიპარეს რენესანსის პერიოდის საეკლესიო ხუროთმოძღვრებაო, სხვადასხვა წმინდანი გადმომყურებდა გუმბათის ქვედა სივრციდან, სადაც ხატმწერს მათთვის სპეციალური სამყოფელი შეექმნა. ტაძარში რაღაც სუნი იდგა, მეგონა, რომ ვიღაც მიტყუებდა და მაბრუებდა, სუნის წარმომავლობას ვერ ვხსნიდი, რის გამოც ლოცვის მიმდინარეობისას ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი, ვცქმუტავდი, ჯერ ბავშვური ინტერესით ვათვალიერებდი მონასტრის შიდა სივრცეს, შემდეგ შევისწავლიდი ლოჟას საიდანაც დაგვყურებდა მედავითნეთა გუნდი და მთელი ჩემი არსით მსურდა მათთან დგომა, ისეთი განცდა მეუფლებოდა, რომ ზეციური სამყაროდან დაგვყურებდნენ ქერუბიმნი მოკვდავთ, მეც მინდოდა ქერუბიმობა, მეც მინდოდა ზევიდან ცქერა, თუნდაც თავმომწონე გუმბათის ამობურცული სივრცეები ჩემი სიტყვების ექოს არ ამოევსო. ყველაფრის დათვალიერებისა და შესწავლის შემდგომ გავდივარ გარეთ და ვაკვირდები შებინდებას, რომელიც მონასტრიდან გამომავალი, დახშული და დანაწევრებული ლოცვის ხმების პარალელურად მიმდინარეობს, მზე შორეული დასავლეთისკენ ისე იჩუტებოდა ამ ხმების ფონზე, როგორც გველი, რომელსაც ბედუინი სალამურით აჰიპნოზებს და კალათში კეტავს. პირველი დღე მონასტერში უსასრულოდ იწელება, ქაოტურობისგან ყველაფერს ვაწყდებდი და ვეღარ ვიგებ რაში დავაბანდო ჩემი ენერგია, მონასტრის მაღაზიაში შევდივარ, სადაც ხატებსა და სხვადასხვა საეკლესიო ნივთებს ყიდიან მორჩილები. ჩემი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა თვალთახედვის არეალიდან არავის გამორჩენია, რის გამოც ვსაჩუქრდები ხატებით, ბუკლეტებით, სანთლებითა და ეკლესიაში დამზადებული სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთით. ისეთი გახარებული და აღტკინებული გამოვრბივარ მაღაზიიდან, რომ ვერ ვამჩნევ სიცარიელეს, რომელიც წამიერად ჩამომდგარა მონასტრის ეზოში, ლოცვა დასრულებულა და ყველა თავისი სამყოფლისაკენ წასულა, მე კი ტურისტივით, რომელიც შუა ქალაქში დაიკარგა და ჰგონია, რომ მისი ცხოვრებაც და მოღვაწეობაც აქ და ამ ვითარებაში დასრულდა, სასოწარკვეთილებას მივეცი. არ მახსოვს საიდან მოვედი ან საით უნდა წავიდე, რომ იქ მივიდე, სადაც თავს მშვიდად ვიგრძნობ, ბნელა და მონასტრის ინფრასტრუქტურული მოწყობაც არ მაძლევს ხელს, რომ გზა მშვიდად გავიკვლიო. ხატებამოჩრილი და სახტად დარჩენილი მივუყვები გზას, რომელმაც წესით ჩემს კელიასთან უნდა მიმიყვანოს, საჩუქრებით მოგვრილი აღტაცება ნელ-ნელა გაქრა და შიში მიპყრობს, მივბანცალებ ბილიკზე და რაღაც მომენტში წარმოვიდგენ ყველა საშინელ ისტორიას, რომელსაც ზაფხულში სოფლის კოცონზე “დიდები” გვიყვებოდნენ, ვემზადები მონსტრების, მაქციების, მანიაკების, დემონების, ავი სულების თავდასხმისთვის, მაგრამ ჩემს საჩუქრებზეც ვდარდობ, რომლებიც ამ თავდასხმის დროს შეიძლება დაზიანდეს ან დავკარგო. როგორც ყველა ფსიქოლოგიურ ტრილერში, შიშისგან ჩაფსმის მსგავს მომენტში მეც გავიგე ჩემკენ მომავალი ფეხის ბაკა-ბუკი, ბილიკი ფიცრებისგან იყო შეკოწიწებული და სიარულის დროს წარმოქმნილი ჭრაჭუნისებრი ყრუ ხმები უფრო ამძიმებდა ჩემს მდგომარეობას. ვგრძნობდი, რომ უკვე მზად ვიყავი ჩემთვის ძღვნად ბოძებული ნივთების დაყრისთვის და მოკურცხლისთვის და ამ დროს ჭრაჭუნის ხმას ორი ადამიანის დიალოგი შეერწყა:

- ბევრი ბოზი მოგროვდა, ვეღარაფერს ვამბობ ხმამაღლა, მეშინია, რომ წინ არ დამხვდეს

- ხო, აქ სულ ეგრეა, გეუბნებიან, რომ გამოსასწორებლად მოვიდნენ და სისტემიდან ამბების მოსაგროვებლად გამოუშვეს

- არ ვიცი, ბოზიშვილი ვიყო, ისეთი ყლეობების მომსწრე ვხდები, სხვა მონასტერში გადავაყვანინებ თავს, - დიალოგის შინაარსმა დამაბნია, თან შემაშინა, რომ ჩემთვის გაუგებარ საკითხებზე ლაპარაკობდნენ, თან დამამშვიდა, რომ ცოცხალი ადამიანების ხილვის შესაძლებლობა მქონდა, რომელთაც ავუხსნიდი ჩემს გასაჭირს.

Ხმა გაძლეირდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მიახლოვდებოდნენ, მეც გავჩერდი და გადავწყვიტე ბავშვური გულუბრყვილობით მესარგებლა და ჩემთვის უცნობ ადამიანებთან ერთად მეპოვნა ნანატრი კელია. იმ ადგილიდან, სადაც მე ვიდექი, უკან არაფერი ჩანდა, რადგან მისახვევ-მოსახვევებს თავზე დიდი ლოდი დაჰყურებდა, რომელიც ხელს მიშლიდა მოვლენების აღქმაში. თუმცა, როცა მოსახვევი გადმოლახა ჩემთვის მშველელებად მოვლენილმა ორმა ანაფორიანმა მორჩილმა, მივხვდი, რომ საიმედო ხელში ვიყავი - სწორედ ისინი იყვნენ, ვინც მონასტრის მაღაზიაში ჩემთვის დიდი ძღვენი გაიშურეს და ჩემი, 12 წლის ღლაპის, სამონასტრო ცხოვრებაში ჩაბმის მონდომებით სასიამოვნოდ გაკვირვებულნი დარჩნენ. შორიდანვე დაიწყეს მოსალმება და “ხიხიხახა”-ები:

- ჰეი, ასე გვიან აქეთ რა გინდა, ეტყობა, დილის ლოცვებზე წამოსვლას არ აპირებ, - დაიწყო ორთაგან უფრო აქტიურმა

- გვიან გამოვედი თქვენგან, რომ გამოვედი აღარავინ იყო და ვერ მივაგენი კელიას, - აღმოვთქვი და იმედი დავიტოვე, რომ სახლში მშვიდად ვბრუნდებოდი

- ვაიმე, როგორი საყვარელია შეხედე, - გადახედეს მეგზურებმა ერთმანეთს, - მოდი, შენ გვითხარი ვის კელიაში ხარ და ჩვენ მიგიყვანთ, თორე დილით 6 საათზე უნდა ადგე ლოცვებისთვის და გამოძინებას ვერ მოასწრებ

- გეგა ჰქვია ჩემი კელიის უფროსს, - მივუგე მათ ამაყად და საპასუხოდ სიცილ-ხარხარი მივიღე, მაშინ ვერ ვხვდებოდი რატომ, მაგრამ ახლა ყველაფერი ნათელია: ის ვისთანაც ვიყავი კელიაში ჩვენი ოჯახის ნაცნობი იყო და მისი საჯარო ცხოვრების სახელი ვიცოდი, სასულიერო წრეში რითი მიმართავდნენ, ჩემთვის უცნობი იყო. Ჩაბჟირებას მორჩნენ და ამიხსნეს, რომ მე გეგასთან კი არა, ანტონთან მივდიოდი(ანტონი გეგას სასულიერო სახელი ყოფილა თურმე). ყაბულს ვიყავი ანტონზეც და პეტრე-პავლეზეც დაღლილობისგან შიმშილისა და შიშისგან, თანაც ვგრძნობდი როგორ მიკანკალებდა ხელები ჩემი საჩუქრების ამდენი ხანი ჭერისგან და ერთი სული მქონდა როდის მოვიშორებდი მათ(ვხვდებოდი, რომ ძღვენით მოგვრილი სიამოვნება უდიდეს დისკომფორტად მექცა და აღარანაირი სურვილი არ მქონდა, რომ მათთან ერთად წამიც კი გამეტარებინა). ჩემმა მხსნელებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა გამცნობოდნენ, რადგან დანიშნულების წერტილამდე 10-15 წუთი იყო დარჩენილი:

-მე დამიანე ვარ, ეს იოანე, - დამიანე ვარო ვინც თქვა საჩვენებელი თითი გადაიქნია მისი პატრნიორისკენ და განაგრძო, - ხვალ თუ გინდა გამომიარე კელიაში, ჩემთანაც არის შენხელა ბიჭი, ლუკა და გაგაცნობთ ერთმანეთს, ერთი კვირა აქაა და მოეწყინა ცოტა, თან ფსკვნილების გაკეთებას გასწავლით და თუ მოგინდება მონასტრის დასუფთავებაშიც დაგვეხმარე.

ორი წინადადებიდან ვიგრძენი, რომ დამიანესთან კარგად ვიყავი, ისე მელაპარაკებოდა, თითქოს არ იმჩნევდა ჩემს ასაკს. რა თქმა უნდა, გონებაში უცებ გადავხარშე, რომ ხვალ აუცილებლად მივიდოდი მასთან და მის პატარა მეგობართან, რომელსაც ლუკა ერქვა, რა თქმა უნდა, ვისწავლიდი რთული სახელის მქონე რაღაცების გაკეთებას და რა თქმა უნდა, დავეხმარებოდი მონასტრის დასუფთავებაში:

- კი, ხვალ ლოცვიდან პირდაპირ თქვენთან შემოვალ, კელიაში იქნებით?

- კელიაში ვიქნებით, ანტონმა თუ გამოგიშვა და სანთლების კეთებას არ შეჰყევით, აუცილებლად გამოგვიარე, - სანთლების გაკეთების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა და სახეზე მარტივად შემეტყო გაკვირვება, დამიანემ ჩემი გამომეტყველება ჰაერშივე დაიჭირა და სიტყვით მოხსნა:

- ჩვენ, მორჩილებს, სხვადასხვა საქმე გვაქვს განაწილებული, მე, მაგალითად ფსკვნილებს ვაკეთებ და მაღაზიაში გასაყიდად მიმაქვს, ასევე ვალაგებ მონასტრის

ეზოს, იოანე(მისი კომპანიონი) მაღაზიის გამყიდველია, ანტონი, ვისთანაც შენ ხარ, სანთლებს აკეთებს, შიო, სერაფიმე და პავლე სატრაპეზოდ ამზადებენ სივრცეს და ა.შ. - ყველაფერი გასაგები იყო, მომეწონა ეს ამბავი და მინდოდა, რომ ყველა მათგანთან მემსახურა დარჩენილი დროის განმავლობაში

- გასაგებია, მაშინ სანთლებს გავაკეთებ ხვალ და მერე მოვალ თქვენთან, მაინტერესებს როგორ კეთდება

- კარგი, ჩვენ 3 საათისთვის გავდივართ დასალაგებლად, მანამდე თუ მოასწრებ, დაგელოდებით

შევთანხმდით ხვალინდელი დღის გეგმაზე და თანდათან ვხვდებოდი, რომ ვუახლოვდებოდით ჩემს კელიას, მე ორმაგად გახარებული ვიყავი: 1. რომ არავინ შემჭამა, 2. დაპატიჟებული ვიყავი ახალ მეგობრებთან. კელიის კარს გავუსწორდით თუ არა დამიანემ ჩურჩულსა და ლაპარაკს შორის რომ შუა წერტილია, მაგ ტონალობით მითხრა:

- მიდი ახლა გაიქეცი, დღეს ლოცვაზე ლუკასაც წამოვიყვან თუ არ ჩაეძინება და ხვალ გელოდებით ჩვენთან, - ხელი ხელზე მომარტყა შეთანხმების ნიშნად და სიბნელეს თავისი შავი ანაფორით, რომელიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისად ირხეოდა, შეერწყა.

კელიაში ჩუმად შევძვერი, საჩუქრები ჩემთვის განკუთვნილ კარადაზე(რომლის ფუნქციასაც სკამი ასრულებდა) დავაწყე, ტანსაცმლის გახდა დავიწყე დასაძინებლად, მაგრამ გამახსენდა წესი და საწყის მდგომარეობას დავუბრუნდი, არავის გაჰღვიძებია, ვის გაეღვიძებოდა - მთელი დღე სანთლებს აკეთებენ, ეზოებს ასუფთავებენ, რაღაც რთული სახელის ნივთებს აკეთებენ(რაც, დიდი ალბათობით, რთული გასაკეთებელიც იქნებოდა), სატრაპეზოდ ემზადებიან - ამხელა შრომის შემდეგ რთულია, რომ ფხიზლად ძილი შეძლო.  მინდოდა მალე დავწოლილიყავი, რომ ყველაფერი იმაზე მეფიქრა, რაც დღის განმავლობაში მოხდა, გამეანალიზებინა ყველაფერი, რაც ბოლო ერთი საათის განმავლობაში განვიცადე, მაგრამ ბალიშზე თავის დადებისთანავე ვხვდებოდი, როგორ იფანტებოდა ჩემი ფიქრები, ვცდილობდი შევწინააღმდეგებოდი ამ პროცესს და ხელახლა ვიწყებდი ფიქრს, მაგრამ მაინც მებნეოდა საღერღელი, რამდენჯერმე წავიბრძოლე, მაგრამ უშედეგოდ, ჩამეძინა და ვიცოდი, რომ 6 საათზე აუცილებლად უნდა გამეღვიძა, რომ ყველაზე შთაბეჭდილება მომეხდინა და მეფიქრებინებინა მათთვის, რომ ძლიერი, დაუზარელი და მონდომებული ვიყავი!

6-ს რომ 15 აკლდა ლოცვის მოახლოება ზარების რეკვამ გვამცნო, დიდად არავის დაგვჭირვებია გაღვიძება, მათ შორის არც ღლაპ მე-ს.

სამრეკლო საკმაოდ შორს იყო ჩვენი კელიისგან, თუმცა ხმა იმდენად მძაფრი და ჟღერადი იყო, რომ ასე მეგონა, ყურზე პატარა ანგელოზი მეჯდა, რომელიც სპეციალურად ჩემთვის უკრავდა ზარებს. საწოლიდან სწრაფად წამოვდექი, დაშვებული შეცდომა გამოვისყიდე და ქურთუკი მოვიცვი, რომ არ შემციებოდა, ონკანისკენ წავედი, წყლის წამოსვლას დიდი ძალდატანება სჭირდებოდა, თითქოს დევის ისტორია, რომელიც დაპატრონებულია წყალს, წამიერად გაცოცხლდა და ჩემს რეალობაში ჰპოვა ასახვა.

ჭირვეულობით დავიბანე ხელ-პირი, გამოვიხეხე კბილები და ვეცადე ერთი-ორჯერ კიდევ შემესხა წყალი სახეზე, რომ სასწრაფოდ გამოვფხიზლებულიყავი. მორჩილი ანტონიც ფეხზე იყო, მელოდებოდა როდის მოვრჩებოდი ჩემი დილის რიტუალს და როდის დაიწყებდა ის - მისას. გადავწყვიტე დავლოდებოდი და მასთან ერთად წავსულიყავი დილის ლოცვებზე, რადგან ეს ჩემი პირველი გამოცდილება იყო. ფაქიზად და შეუმჩნევლად ვაკვირდებოდი მის თითოეულ მიხვრა-მოხვრას, ანაფორის დეტალებსა