ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ტურიკო

ტურიკო

 მშობლებისგან გადმოცემით ვიცოდი, რომ სტუდენტობა საინტერესო და დაუვიწყარ დროსთან ასოცირდებოდა, თუმცა მე ამას ნამდვილად ვერ დავადასტურებდი. ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში ოთხი წელი გავატარე და  მას დიდების სკოლად აღვიქვამდი, რომლის გაკვეთილებსაც ხშირად ვაცდენდი, ბევრ ალკოჰოლს ვსვამდი და უაზროდ დავეხეტებოდი თბილისის ქუჩებში. ამ დროს მოთხოვნილებები გამეზარდა, თუმცა ჯიბეში სამ ან ხუთ ლარზე მეტი არასდროს მდებია. სასიყვარულო ურთიერთობებს ვერიდებოდი, რაკიღა გოგონებს განსაკუთრებულს ვერაფერს ვთავაზობდი. დროთა განმავლობაში, რაც უმნიშვნელოვანესია ქალებთან ურთიერთობაში, თავდაჯერებულობა დავკარგე. სახლში დაბრუნებული უბნის ბირჟაზე ჩავდიოდი, თუმცა, როგორც უნივერსიტეტის ნაცრისფერ დერეფანში, იქაც არაფერი საინტერესო არა ხდებოდა, შარის, კონფლიქტების, მოსაწევზე ჩალიჩის, ლუდის სმისა და უაზრობის გარდა. ეს ერთფეროვანი, უინტერესო ცხოვრება მთრგუნავდა და ალბათ დეპრესიასაც მიძლიერდებოდა.

მუშაობაც მუშაობაც. დედაჩემის თხოვნით, ნათესავმა საკუთარ IT კომპანიაში ნახევარ განაკვეთზე დამაწყებინა საქმიანობა, ხელფასი ორასი ლარი დამინიშნეს. საქმე თავიდან საინტერესო მეჩვენა, ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ აღებული ფული საჭმელსა და ტრანსპორტში არ მყოფნიდა, ასე რომ, რამდენიმე თვის შემდეგ თავი მონად ვიგრძენი, კიდევ უფრო ‘’დავიგრუზე’’ და სამსახურიდანაც წამოვედი.

ერთი სიტყვით, მშობლებისგან უბედნიერესად წარმოჩენილი პერიოდი ჩემთვის სრული კრახით დამთავრდა! ისე გავიდა ოთხი წელი, არაფერი მნიშვნელოვანი არ შემიძენია და დამიმახსოვრებია, უნივერსიტეტის მეგობრებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში. საერთოდ კი არც ღირებული ცოდნა მიმიღია, არც განსაკუთრებული მოგონებები გამომყოლია. არადა ამ პერიოდში ენერგიით სავსე ვიყავი და საინტერესო ცხოვრების წყურვილი მკლავდა, ვიცოდი, მეტი შემეძლო და ცხოვრებაც გაცილებით ლაღად უნდა გამეტარებინა,  თუმცა, იმის მაგივრად, რომ ცაში ავჭრილიყავი, ფრთები გამეშალა და მსოფლიო დამეპყრო, მდორე ჭაობში ამომეყო თავი, რომელიც უკიდეგანო სიღრმეში მიმათრევდა. ერთი სიტყვით, ყველაზე დასაფასებელი წლები, შეიძლება ითქვას, დავკარგე. ეს გარკვეულწილად ჩემი ბრალიცაა: მე ხომ ჩემი ხასიათის შესაბამისი საქმე ვერ გამოვნახე, არც სწავლის სურვილით ამგიზგიზებია გული, თორემ ჩემმა თანაკურსელებმა, რომელტაც სწავლა სწყუროდათ და თავდაუზოგავად მეცადინეობდნენ კიდეც, უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, პროფესია მარჯვედ გამოიყენეს და ჩინებული კარიერაც აიწყვეს. 

 

* * *

ერთ ძალიან ჩვეულებრივ და მარად და მუდამ ერთნაირ დღეს უნივერსიტეტის დერეფანში ვიდექით. მეოთხეკურსელს სწავლა ახალი დაწყებული გვქონდა, როგორც ყოველთვის, ჩვენს მომავალზე ვსაუბრობდით. სწორედ ამ დროს  თავში ერთმა აზრმა გამიელვა და მან სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება: მეოთხე კურსის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაში სწავლა აუცილებლად უცხოეთში უნდა გამეგრძელებინა.  ერთ ხანს დავფიქრდი, რატომაც არა?! შემდეგ ჩემი აზრი უახლოეს მეგობრებს-ტყუპებს გავუზიარე. ისინიც ჩაფიქრდნენ, ბოლოს თავად წამაქეზეს კიდეც,  რატომაც არა?! მართალია, იქ სწავლა და ცხოვრება ძვირი ჯდებოდა, თუმცა მიუღწეველი მიზანიც არ ეთქმოდა. სწორედ ამ დღის შემდეგ, ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა - ყოველი დღე უცხოეთში წასვლაზე ფიქრით იწყებოდა და სრულდებოდა. მართალია, მეოთხე კურსი ახალი დაწყებული მქონდა და სულ ცოტა, ერთი წელი არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, საკმარისი დრო მქონდა, სწორად შემერჩია ბიუჯეტური უნივერსიტეტი, სადაც კარგ განათლებას მივიღებდი. კი მთავარი ეგ იყო, თუმცა ამის გარდა, სხვა განზრახვაც მამოძრავებდა...   

იმ დროს ჩემ ოჯახს ფინანსურად სრულებით არ ულხინდა. მამაჩემი უმუშევარი გახლდათ, დედაჩემი ადვოკატი იყო და, თუ საქმე გამოჩნდებოდა, მხოლოდ მაშინღა ქონდა მცირე შემოსავალი, სტაბილური ხელფასი მხოლოდ ჩემს უმცროს ძმას ჰქონდა. ასე რომ, პერსპექტივა მწირი ჩანდა. შესაბამისად, ვცადე ისეთი უნივერსიტეტის მოძებნა, სადაც უფასოდ შევძლებდი სწავლას ან რომელიმე ორგანიზაცია დამაფინანსებდა.

  გულდასმით ძებნის შედეგად აღმოვაჩნე ევროპის რამდენიმე სასწავლებელი, სადაც სწავლა უფასო იყო, თუმცა ეს ძირითადად სკანდინავიის ქვეყნები აღმოჩნდა, სადაც ცხოვრება უზომოდ ძვირია. ასე რომ, იქ წასვლას აზრი აღარ ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდული ბიუჯეტი მექნებოდა, იმთავითვე გამოვრიცხე დიდი ბრიტანეთი, ცენტრალური და ჩრდილოეთი ევროპა და სრული ყურადღება აღმოსავლეთ ევროპაზე გადავიტანე. 

რა თქმა უნდა, უცხოეთში სწავლის მიზნად მხოლოდ განათლების მიღება არ დამისახავს, ამას მოჰყვებოდა დამოუკიდებელი ცხოვრების გამოცდილება, ახალი სამეგობრო წრის შეძენა, განსხვავებული კულტურისა და მენტალიტეტის ხალხის გაცნობა, ამავე დროს, კლუბური ცხოვრება, უძილო ღამეები, მეტი სასიყვარულო ურთიერთობები, სექსი და უცნაური თავგადასავლები. სიმართლე რომ ვთქვათ, სწორედ გართობა გახლდათ ჩემი უპირველესი მიზანი. ვგრძნობდი: სისხლი მიდუღდა და დაუხარჯავი ენერგია მახრჩობდა,  ერთი სიტყვით, ეს იქნებოდა ახალი, მრავალფეროვანი, თავისუფალი და გაცილებით საინტერესო ცხოვრება. ყველაზე მეტად სწორედ ეგ მაკლდა თბილისში.

როგორც აღვნიშნე, სათანადო თანხა ჩემს ოჯახს არ ჰქონდა, თუმცა, როდესაც დედაჩემმა ჩემი სურვილი გაიგო გაუხარდა, დამაიმედა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ეს კი საკმარისი გამოდგა, ოცნებისთვის უფრო ძლიერ ჩამეჭიდა ხელი. დღედაღამ  კომპიუტერთან ვიჯექი და ჰუმანიტარული მიმართულების, სასურველ უნივერსიტეტს ვეძებდი. გულწრფელად გითხრათ: ფაკულტეტს რეალურად არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი ჩემთვის უფრო ახლო პროფესია შემერჩია. ერთ-ერთი აღმოვაჩნე კიდეც - მალტაში საკმაოდ კარგი სამაგისტრო პროგრამა ვნახე, ‘’Master of Innovation and creation’’ ის არც ძვირი ღირდა, არც მოხვედრა იყო რთული, ქვეყანაც არ გამოირჩეოდა ცხოვრების სიძვირით, მალტა საკმაოდ მომხიბლავი მხარე ჩანდა. წარმოიდგინეთ ხმელთაშუა ზღვაში მდებარე მოკრძალებული კუნძული, კუსკუსა ქუჩები, მცხუნვარე მზე, კამკამა ზღვა, ქვიშიანი სანაპიროები, უამრავი ტურისტი. მოკლედ იდეალური ჩანდა ჩემი ცხოვრების სტილისთვის, თითქოს ჩამოვყალიბდი, უნივერსიტეტი საბუთების მიღებას აპრილიდან იწყებდა. იმ დროს კი ოქტომბერი იწურებოდა.  

ჩემიანებს არ მოსწონდათ ეს იდეა, განსაკუთრებით აშინებდათ, რომ საქართველოდან ძალიან შორს, ისეთ ქვეყანაში მივდიოდი, სადაც ერთი ნაცნობი ქართველიც კი არ მეგულებოდა. არც არჩეული ფაკულტეტი მოსწონდათ, ვერ გავარკვიეთ, რისი სპეციალისტი დადგებიო. მთხოვეს უკეთესი ვარიანტის ძებნა გამეგრძელებინა, სწორედ  ამ დროს  გამოჩნდა ჩემი ბავშვობის მეგობარი და თანაკლასელი სანი. ის უკვე სწავლობდა ქალაქ პრაღის ერთ-ერთ ცნობილ უნივერსიტეტში ‘’ University of New York in Prague’’ დავუკავშირდი მას და გავაცანი ჩემი სურვილი. ისიც  ყველაფერში დახმარებას შემპირდა.

კავკასიის უნივერსიტეტიდან, რომელსაც „UNYPად მოიხსენიებდნენ, საზღვარგარეთ უამრავი  სტუდენტი წავიდა, ზოგი მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად, ზოგი კი ბაკალავრზე შესასვლელად. ეს უნივერსიტეტი ძირითადად ჰუმანიტარულ და ბიზნეს ფაკულტეტებზე იყო ორიენტირებული და საზოგადოებასთან ურთიერთობების ფაკულტეტი მისი ერთ-ერთი წამყვანი ფაკულტეტი გახლდათ.

თავად სწავლა  ძალიან ძვირი არ ჯდებოდა, ზუსტად მახსოვს, ორწლიანი პროგრამა 6000 ევრო ღირდა. იმ დროს კი ერთი ევრო ორ ლარს არ აღემატებოდა. ჩემდა გასაკვირად, არც პრაღაში ცხოვრება ჯდებოდა ძვირი, მაღაზიაში მრავალი პროდუქტის ფასი თბილისურზე ბევრად იაფი იყო. მშობლებმა ცალკე გამოიკვლიეს, როგორც უნივერსიტეტი, ისე ქვეყანა. მათ ყველაფერი მოეწონათ და მალე თანხმობაც მივიღე, ასე ჩაანაცვლა ზღაპრული მალტა ჩეხეთმა. წლის პირველ ნახევარში გადაჭრით ვიცოდი თუ სად და რომელ უნივერსიტეტში მივდიოდი, ოღონდ ორი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება იყო საჭირო. ფინანსებისა და უნივერსიტეტში ჩარიცხვისა. 

ტყუპებიც ავტეხე, მათშიც გაღვივდა უცხოეთში წასვლის ნაპერწკალი, ამ საკითხზე დაიწყეს აქტიურად მუშაობა. ძალიან დიდი სურვილი გვქონდათ ერთსა და იმავე სასწავლებელში მოვხვედრილიყავით ან, სულ ცოტა ერთ ქალაქში მაინც, მაგრამ მათ სხვა არანაკლებ პრესტიჟულ და ხელსაყრელ უნივერსიტეტს მიაგნეს პოლონეთში. გული დამწყდა, ვიფიქრე, მეც პოლონეთში ხომ არ წავსულიყავი, რადგან პრაქტიკულად ჩემთვის ქვეყანას დიდი მნიშვნელობა არ აქვს მეთქი, მაგრამ მთავარია, ევროპა ყოფილიყო. რატომღაც პოლონეთი არ გამოვიდა, შეიძლება, არც მოვინდომე, რადგან პრაღაშიც უახლოესი მეგობრები იმყოფებოდნენ. ასე რომ, ბედს შევეგუე - ჩემი და ტყუპების გზები ბებერ კონტინენტზე გაიყრებოდა.  

 სანი პრაღაში მის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან ერთად ცხოვრობდა. ის უკვე მორგებოდა იქაურობას და საკუთარი ცხოვრება ჰქონდა. მათ პატარა სახლში მესამე კაცი დისკომფორტს გამოიწვევდა. ამას თავიდანვე ვხვდებოდი და გადავწყვიტე, მეწყვილე მეპოვნა. ორნი გაცილებით ადვილად შევძლებდით პრობლემების დაძლევას და უცხო ქვეყანთან შეგუებას. ამ დროს აღმოვაჩინე: ჩემს კურსელ თეოსაც სურდა სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება; ვისაუბრეთ, გავცვალეთ აზრები. ჩემი არჩეული უნივერსიტეტი მასაც მოეწონა ასე რომ გადავწყვიტეთ ერთად წასვლა და იმ დღიდან ‘’ჩავპაძელნიკდით’’.  

იმავდროულად გამოჩნდა ჩემი უბნელი, ბავშვობის მეგობარი ალექსი.  ისიც ევროპაში წასვლის სურვილს შეეპყრო. აზრები გავცვალეთ და შევთანხმდით, რომ ერთად ვეცდებოდით პრაღაში გამგზავრებას. მოკლედ, ერთი მეწყვილის ნაცვლად ორი შევიძინე და ერთიანი ძალებით ავმოქმედდით  ჩვენი მიზნის სისრულეში მოსაყვანად.

სანის პრაღის უნივერსიტეტში ჩაბარებისას ერთი უცხოელი პროფესორი დაეხმარა, მას დანიელი ექრვა,   ის პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში და ქართველ სტუდენტებს ევროპის სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებაში ეხმარებოდა: ამზადებდა ინგლისურში, ეხმარებოდა საბუთების მოწესრიგებაში, გასაუბრების სწორად წარმართვაში. მოკლედ, ერთობ საჭირო კაცი გამოდგა, რომელიც სწორ გზაზე დაგვაყენებდა. სანის მისი ტელეფონის ნომერი გამოვართვი და დანიელს დავუკავშირდი. მესამე დღეს მე, ალექსი და თეო მას შევხვდით და ჩვენი გეგმები გავუზიარეთ. ინგლისურად გვესაუბრებოდა, ჩვენს ‘’UNYP’’-ში მოწყობის პრობლემას ვერ ხედავდა, თუმცა აღნიშნა: ინგლისურ ენაში მეტი ცოდნა იყო საჭირო და აუცილებლად უნდა მოვემზადებინეთ, რათა ენობრივი ბარიერი არ გვქონოდა, იმავდროულად უნივერისიტეტში მოსახვედრად უნდა გაგვევლო ‘’TOEFL’’-ის ინგლისური ენის ტესტი, სადაც 85 ქულა მიანც უნდა აგვეღო.   

ამოცანა ამბიციური, მაგრამ დაძლევადი ჩანდა. საკმარისი დროც გვქონდა, ინგლისური კარგად გვესწავლა, იმავდროულად ყველა საჭირო საბუთიც შეგვეგროვებინა. დანიელი დედაჩემს გავაცანი, წვრილად აუხსნა სრული პროცედურა. მომზადება მალევე დავიწყეთ, ძირითადად ჩემს სახლში ვიკრიბებოდით. დანიელი ენერგიულად გვამეცადინებდა. პირველივე გაკვეთილზე მიხვდა, საქმე იმაზე ცუდად იყო, ვიდრე ეგონა, ცდილობდა ეს არ დასტყობოდა, ოღონდ ჩვენ რას გამოგვაპარებდა, შევატყეთ ნერვიულობა, შიშობდა, ჩვენს მომზადებას შესაბამის დონეზე ვერ შეძლებდა და ტესტშიც სასურველ ქულას ვერ ავიღებდით, თუმცა იმედს არ კარგავდა. კვირაში ორ გაკვეთილს გვიტარებდა, თუმცა მალე სამზე გადავედით. მოცემულ დავალებებს მონდომებით ვასრულებდი, თუმცა უცხო ენა არ გახლდათ ჩემი ძლიერი მხარე.  

უნივერსიტეტში ჩარიცხვის გზას უკვე დავადექი, თუმცა დაფინანსების ფრონტზე არაფერი ისმოდა. ვნერვიულობდი, მართალია, მამაჩემი არ მუშაობდა, მაგრამ ბაბუაჩემისა და დეიდაჩემის იმედი მქონდა, თუმცა ესეც არ იქნებოდა საკმარისი. საჭირო იყო კარგი გვარიანი თანხის შოვნა, რითაც სწავლის საფასურს გადავიხდიდი, საარსებო ფულს კი როგორმე გამომიგზავნიდნენ. 

ერთ დღეს დედაჩემი შინ გულგახეთქილი მოვარდა - ვიღაცას დაურეკავს მთავრობიდან და უთქვამს, თბილისის ზღვაზე მდებარე ჩვენი მიწის ნაკვეთი რკინიგზის შემოვლითი მარშუტის ზოლში ექცევა და შესაბამისად, ნებით თუ ძალით, ეს მიწა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით იაფად უნდა დაგვეთმო.

ჩვენი მიწის  ნაკვეთი ძლიან კარგ ადგილას მდებარეობდა, აქედან თვალწინ იშლებოდა თბილისის ზღვის საუცხოო ხედი. სამომავლოდ დაგეგმილი გვქონდა იქ აგარაკის აშენება, მაგრამ ვინ გვაცადა. მიწის ფასებში ვერ ვერკვეოდი, ვიკითხე 1400 კვადრატულ ნაკვეთში რამდენის მოცემას აპირებდნენ. ცხრა ათასი ლარიო - მიპასუხეს. - ცხრა ათასი! გავიმეორე ხმამაღლა, ეს ხომ სწავლის ფულს თითქმის მთლიანად გადაფარავდა, თან ჩემთვის კი ვფიქრობდი, ამ მიწაში მეტს ვინ მოგვცემს-მეთქი, თუმცა დღეს იმ ადგილას იმხელა მიწას ორმოცი ათას დოლარზე ნაკლებად ვერც იშოვით. ნაწყენი სახე მივიღე, მაგრამ გულის სიღრმეში სიხარულისგან დავფრინავდი. დედაჩემს გული სწყდებოდა, არ სურდა, ასე იაფად მიწის გაყიდვა.

- სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დავთანხმდეთ, ახლა პროტესტის გამოხატვა რომ დავიწყოთ, პრობლემები შეგვექმნება, მით უმეტეს, მსხვილი პროექტია და ჩვენ გამო არავინ არაფერს შეცვლის.

- მართალს ამბობ, - დაუდასტურა მამაჩემმა, - ახლა ისეთი დროა წინააღმდეგობა რომ გავუწიოთ, სულ უფასოდ წაგვართმევენ, დამატებით მე ან შენ შვილს ციხეში გვიკრავენ თავს.

იმ დროს, მართლაც არ ღირდა სახელმწიფოსთვის რაიმე სახით წინააღმდეგობის გაწევა, ამით მხოლოდ შენ თავს ავნებდი.  დავთანხმდით და პატიოსნად ჩაგვირიცხეს ცხრა ათასი ლარი. ათასი დოლარით დაფინანსებას დეიდაჩემი შემპირდა, მეორე ათასით კი ბაბუაჩემი. რომ იტყვიან, ღმერთმა გადმომხედა, რომ  ასე მარტივად მოგვარდა ჩემი სწავლის გადასახადის ამბავი.   

ნელ-ნელა ყველა საბუთს ვაგროვებდით, ვავსებდით საჭირო ფორმებს, დანიელმა დაგვაწერინა სამოტივაციო წერილი. „TOEFL’’-ის გამოცდაზეც დავრეგისტრირდით. ვისღა ახსოვდა ტექნიკური უნივერსიტეტი და მეოთხე კურსის ბოლო სემესტრი. ჩემი ფიქრებით უკვე პრაღაში ვსწავლობდი.

იმ დროს საქართველოში სოციალური ქსელი ‘ოდნოკლასნიკი’ იყო მოდაში, თუმცა მას არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში აქტიურად იყენებდნენ რუსულენოვანი მომხმარებლები. მსმენოდა, ჩეხეთში ბევრი რუსი ცხოვრობსო, აქედანვე დავიწყე ‘’ჩალიჩი’’  და ძებნის ლოკაციაში პრაღა მივუთითე, მდედრობითი სქესი, ასაკი 18-35 და დავიწყე ნადირობა. მხოლოდ ლამაზებს ვარჩევდი, საკმაოდ ბევრი გოგო დავიმატე, გავიცანი და გავუბი ბაასი, თუმცა ვჩქარობდი და სულ რამდენიმე დღეში უკვე სექსზე ვუწყებდი საუბარს, რაც უმეტესობას აშინებდა და კონტაქტს წყვეტდა, თუმცა დიდი წვალების შემდეგ რამდენიმესთან სასურველ შედეგს მიანც მივაღწიე.  იცოდნენ, მალე მათ ქალაქშიც ჩავდიოდი და შეხვედრაზეც დავითანხმე.  ამან ერთიორად აამაღლა ჩემი უცხოეთში წასვლის სურვილი.

თითქმის ყველაფერი მზად მქონდა, მხოლოდ ‘’TOEFL’’-ის ჩაბარება და 85 ქულაზე მეტის აღება მრჩებოდა. გამოცდაზე დავრეგისტრირდი, ივნისის თვეში იმ საბედისწერო ტესტსაც ჩავაბარებდი, ინგლისურის დონე საკმაოდ ავამაღლე, თუმცა საკმარისი იქნებოდა, თუ არა, არ ვიცი. ვნერვიულობდი, რადგან ამ ტესტზე ჩემი მომავალი იყო დამოკიდებული.

 დრო სულ მალე გავიდა და ტესტის ჩაბარების დღეც დადგა „TOEFL’’-ის ტესტი ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი და ყველა უნარს დეტალურად  ამოწმებდნენ: კითხვას, წერას, მოსმენას და საუბარს. აქედან ორი: საუბრისა და მოსმენის კატეგორიების არ მეშინოდა, ინგლისური წერა საკმაოდ მიჭირდა, ასევე ვნერვიულობდი კითხვის ნაწილში. ტესტი დაიწყო. წასაკითხავი ტესტი საკმაოდ მარტივი გამოდგა, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა პასუხი სწორი იყო, მოსმენილი ტესტიც ადვილად გავიაზრე, ყველა საჭირო თემა მოვნიშნე და მათზე დასმულ კითხვებსაც იოლად გავეცი პასუხი. შემდეგ ვერბალური ნაწილი დაიწყო. ამის ყველაზე ნაკლებად მეშინოდა, თავდაჯერებულობა მომემატა და როდესაც წამმზომი ჩაირთო, ენა არ გამიჩერებია, ჩემი თავით ვამაყობდი, მართალია, წინ წერის დავალების შესრულება მრჩებოდა, მაგრამ დარწმუნებული 90 ქულაზე მეტსაც კი ავიღებდი. ჩემს თავს გულში ვულოცავდი, სიხარულისგან დავფრინავდი და აი, ისიც - წერის ნაწილი უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პროგრამა გაიჭედა ყველა მონაწილესთან. დავუძახეთ ზედამხედველს, გაუკვირდა, თქვა, ასეთი რამ არასდროს მომხდარაო, ვუცდიდით ნახევარ საათზე მეტხანს, შემდეგ ვიღაცასთან დარეკა და ოთახში სევდიანი სახით დაბრუნდა. გვითხრა, ტექნიკური პრობლემა გააჩნდაო და სამწუხაროდ, ტესტის გაგრძელებას ვეღარ შევძლებდით. გული ლამის გამისკდა, ავტეხე ერთი ამბავი, საცოდავი კაცი შეწუხებული სახით მისმენდა, „მესმის, მესმის’’- იმეორებდა, თან აყოლებდა, ‘’კი, მაგრამ, მე რა ვქნა?!’’ ბოლოს გვითხრა, რომ სამოქმედო ინსტრუქცია ელექტრონულ ფოსტაზე მოგვივიდოდა, დიდი ალბათობით ტესტზე ხელმეორედ მოგვიწევდა დარეგისტრირება, გვანუგეშა, თანხის გადახდა აღარ მოგვიწევდა, თუმცა უბედურება ის იყო, რომ ტესტზე დარეგისტრირებას დიდი დრო სჭირდებოდა, ადგილები მუდამ შევსებული იყო და პასუხიც ერთი თვის შემდეგ მოდიოდა, შესაბამისად - ტესტის პასუხების უნივერსიტეტში გაგზავნა, დათქმულ დროს ვეღარ მოუსწრებდა.

საშინელმა პანიკამ მომიცვა, ჩემი ოცნებები ერთბაშად დაიმსხვრა, წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მექნა, ყველაზე მეტად ის ფაქტი მაბრაზებდა, რომ ეს ყველაფერი ჩემდა უნებურად მოხდა. სასწრაფოდ დავურეკეთ დანიელს, ავუხსენით მდგომარეობა, გაუკვირდა, მსგავსი შემთხვევა არასდროს ჰქონია. მეორე დღესვე ‘’TOEFL’’ ცენტრისგან პროგრამული გაუმართაობის დამადასტურებელი საბუთი მოვითხოვეთ, რაც მალევე გამოგვიგზავნეს, შემდეგ ეს დოკუმენტი უნივერსიტეტს გადავუგზავნეთ, ვთხოვეთ, ჩვენი ჩარიცხვის განხილვა ინგლისური ტესტის გარეშე განეხილათ,  უნივერსიტეტი ამას დასთანხმდა, ოღონდ იქვე მოგვწერა: პირობითად ჩავირიცხებოდით და ტესტის პასუხი მოგვიანებით მაინც უნდა წარგვედგინა.  

ხელმეორედ დავრეგისტრირდით ‘’TOEFL’’-ის გამოცდაზე, იმავდროულად სასწავლებელში ჩარიცხვისთვის საჭირო ყველა საბუთი ფოსტით გავგზავნეთ. ფოსტას ყოველდღე ვამოწმებდი, ემოციებს შევეპყარი, თბილისში მხოლოდ ფიზიკურად ვიმყოფებოდი, ხოლო ჩემი გონება უკვე პრაღის ქუჩებში ნავარდობდა, ღამის კლუბებში ქანცის გაწყვეტამდე ცეკვავდა, განთქმულ ჩეხურ ლუდს აგემოვნებდა და ულამაზეს ჩეხ გოგონებთან ერთად ორგიებს აწყობდა.

ერთი თვე საშინლად გაიწელა, ვნერვიულობდი, თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა, მთელი ეს პერიოდი მომავალზე ფიქრით ვცხოვრობდი. ერთი თვის შემდეგ ‘’UNYP’’-დან  წერილი მომივიდა, გულისცემა გამიორმაგდა, ოფლმა დამასხა, ოდნავ ხელებიც კი ამიკანკალდა; სანამ გავხსნიდი, ოთახში შევედი, ხატების წინ პირჯვარი გადავიწერე და ისევ კომპიუტერს დავუბრუნდი. მიღებული წერილი გავხსენი, ტექსტი  ზუსტად არ მახსოვს, უბრალოდ ეწერა, რომ თანახმა იყვნენ ჩემი უნივერსიტეტში ჩარიცხვის. იქვე აგზავნიდნენ ყველა დოკუმენტს საელჩოში ვიზის გასაკეთებლად და უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებს თანხის ჩასარიცხად. იმდენად გამიხარდა, ავტირდი, ოცნების ასრულებამდე ძლიან ცოტაღა მრჩებოდა. ხატებთან დავბრუდი და ღმერთს მადლობა გადავუხადე.

 საქმის გაწელვა არ მიყვარს. თუ რამე გასაკეთებელია, მომდევნო დღისთვის არ გადავდებ, მით უმეტეს მსგავსი საქმეები.  ფული მეორე დღესვე გადავრიცხეთ და გადახდის ქვითარიც გავაგზავნეთ. მე, თეომ და ალექსმა საელჩოში წარსადგენი საბუთები ერთ კვირაში შევაგროვეთ და ვიზიტიც წინაწარ დავჯავშნეთ. საელჩოს თანამშრომელთან გასაუბრება სათითაოდ გვქონდა ჩანიშნული. კითხვები ბანალური აღმოჩნდა, თუ რა მიზნით მივდიოდით, რამდენ ხანს ვაპირებდით დარჩენას, რა უნივერსიტეტში ჩავირიცხეთ და ასე შემდეგ. ჩაიბარეს  საბუთები გამოგვიშვეს, დაგვაიმედეს მალე დაგიკავშირდებითო.  

რაც შეეხება ‘’TOEFL’’-ის ტესტს, ის გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე ჩაგვინიშნეს. გამოცდაზე მართალი გითხრათ, სრულიად მოუმზადებლად მივედი, საკითხებიც გაცილებით რთული მომეჩვენა, პასუხების უმეტესობაში დარწმუნებული არ ვიყავი, ვერც მოსმენილი ტექსტის შინაარსი გავიაზრე სრულყოფილად, საუბრის დროს ბევრი ვიბოდიალე, მოკლედ მივხვდი, ის დღე  ჩემი არ იყო. ამჯერად გამოცდის პროცესმა უხარვეზოდ ჩაიარა. გარეთ იმედგაცრუებული გამოვედი, ალექსსა და თეოსაც მსგავსი განცდა დაუფლებოდათ. თავს ვიმშვიდებდი, უნივერსიტეტში უკვე ჩარიცხული ვიყავი, ფული გადარიცხული მქონდა, საელჩოში შესატანი ყველა საბუთი ხელში მეჭირა, ვიმედოვნებდი ტესტის შედეგები საქმეზე დიდ გავლენას ვეღარ იქონიებდა.

საელჩოდან პასუხი მართლაც რამდენიმე დღეში მივიღეთ: მე და თეოს ვიზა ჩაგვირტყეს, თუმცა ალექსს გაურკვეველი მიზეზების გამო უარი უთხრეს. წარმომიდგენია, ჩემი მეგობრის გულში რაც ტრიალებდა. ვერავინ იჯერებდა, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტს ვიზის მიუცემლობის გამო სწავლის საშუალება არ ეძლეოდა. ალექსს მშობლები შეჰპირდნენ, რომ ყველაფერს იზამდნენ მისთვის ვიზის მოსაპოვებლად და იმ დღიდან ამაზე დაიწყეს მუშაობა.

დღეს გაცილებით იოლია ევროპაში გამგზავრება: არც ვიზა გჭირდება, არც უამრავ საბუთზე სირბილი. იმ დროს კი რას გაუგებდი საელჩოებს, დღემდე არ ვიცით, თუ რის გამო სტკიცეს ალექსს უარი: მისი სახე არ მოეწონათ, უშიშროებამ მის წარსულში რაიმე საეჭვო ამოქექა, თუ საბუთები არ ჰქონდა წესრიგში, არავის არაფერი აუხსნია - უარია და მორჩა! მე რომ მომსვლოდა მსგავსი რამ, იქვე თუ გული არ გამისკდებოდა, მოგვიანებით დეპრესია მაინც მომიღებდა ბოლოს, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, მსგავს განცდებს ალექსი არ შეუპყრია. არ მომცეს და მაგათი დედაც მოვტყანო - თქვა და კავსაძის ბირჟას დაუბრუნდა.

ამასობაში მოვიდა ‘’TOEFL’’-ის პასუხები. მხოლოდ 67 ქულა დავაგროვე, არადა, როგორც გითხარით, 85 ქულა იყო გამსვლელი. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ჩემს მეგობრებსაც არ ჰქონდათ საქმე სახარბიელოდ. არც ერთი არ ვიყავით გამსვლელ ქულასთან მიახლოვებულიც კი! ჯერ დანიელს მივაკითხეთ, დაღონდა, აშკარად მეტს ელოდა. ვკითხეთ, როგორ მოვქცეულიყავით? ერთადერთი რჩევა მოგვცა: პასუხები აუცილებლად უნდა გააგზავნოთო! ბევრი აღარც მიფიქრია, ავდექი და ტესტის შედეგები უნივერსიტეტში გადავაგზავნე. 

ალექსს წამოსვლის იმედი აღარ ჰქონდა, შეეგუა იმას, რომ თბილისში რჩებოდა. ჩემგან განსხვავებით, თეო წასვლას არ ჩქარობდა, ბილეთებიც ზუსტად სწავლის დაწყების წინა დღეს იყიდა. მე კი ვეღარ ვითმენდი, ერთი კვირით ადრე გადავწყვიტე ჩასვლა.