ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ქვის ქვეშ

ქვის ქვეშ

თავი 1

 

-ასე მგონია, წინა ცხოვრებაში ერთმანეთს ვიცნობდით, მეუბნება ბიჭი, რომელსაც პირველად ვხედავ. მაგრამ ეგ ცოტა მერე, ახლა მაგვიანდება. რა უნდა იყოს იმაზე საშინელი, როცა დილას ყავის გარეშე იწყებ. ჯანდაბა! ჩამეძინა, თან დღეს პრეზენტაციის დღეა. ამ სემესტრში აუცილებლად უნდა გამოვასწორო ჩემი ნიშნები. ბატონმა ლადარიამ მითხრა, რომ ეს ბოლო შანსია. ვერ ვიტყვი, რომ ვაჟა ლადარიას გაზვიადება უყვარს. ამიტომ, გუშინ ღამე გიჟივით ვმეცადინეობდი. გამთენიისას, 6-ზე ჩამეძინა. იმის შიშით, რომ დამაგვიანდებოდა, ყავის გაკეთებაზე ხელი ჩავიქნიე. გაჩერებაზე მივხვდი, რომ სპორტულებით გამოვსულვარ.

ნინა, ალბათ მომკლავს, რომ დაინახოს რა მაცვია. ნინა ჩემი მეგობარია, 13 წლიდან ვმეგობრობთ. ნინას ყველა დედაჩემს ეძახის ხუმრობით, ზედმეტი მზრუნველობის გამო. ერთხელ, ლექციაზე სენდვიჩი შემომაწოდა ფანჯრიდან. ბიჭი რომ ვიყო ნინა შემიყვარდებოდა. იშვიათად ვინმემ სენდვიჩი გაგიყოს და საერთოდ წარმოუდგენელია მუნიციპალური სკამი ჩამოაჩოჩოს ქუჩიდან, ფანჯარასთან დადგეს თითისწვერებზე და გაწელილი ხელით სენდვიჩს იქნევდეს. მერე მომიბოდიშა კიდეც, ისე ვიქნიე, მგონი გავაცივეო.

ასეთია ნინა.

ჯანდაბა, ყავა რომ არ ვიყიდო, ნამდვილად ჩამთვლემს. თან ავტობუსიც ისეთი რწევით მიდის ვგრძნობ, თვალები მიმძიმდება. ჩემი გაჩერებაა, ალილუია, ცივი ჰაერი ცოტა მაფხიზლებს, მაგრამ ყავაზე შესვლა მაინც აუცილებელია.

კაფეს ვიტრინის ანარეკლში ჩემს თავს ვუყურებ - დიდი ამოღამებული თვალები, აბურძგნული ხუჭუჭა კარე, ძველი მუხლებიანი სპორტული. ჰა, რა ლამაზად გამოვიყურები, ლამისაა ვარწყიო. ჩემი აღშფოთების გამოსახატად ვიტრინას თვალს ვარიდებ და კარს ვაღებ.

დროზე, დროზე, გაიარე! წინ ბიჭი აძლევს შეკვეთას. ღმერთო ჩემო, რატომ ვერ გადაწყვიტა შაქრით სვამს ყავას, თუ უშაქროდ. აქამდე რას შვრებოდი? როგორს სვმადი ხოლმე? ჰა, ახლა…! საათს ვუყურებ, 10 წუთი და ზარი დაირეკება. ნერვები მღალატობს.

სალარო გათავისუფლდა. ისე მივასკდი, ნეკა თითი დახლს მივცხე და ძვალმა გაიტკაცუნა; მოლარეს ჩაეღიმა.

ესღა მაკლდა!

ამერიკანო! არა, ორმაგი ესპრესო! ბარათით ვიხდი, შაქარი არ მინდა, თან მიმაქვს, -

ვახლი ერთმანეთის მიყოლებით.

ვუყურებ როგორ ნელა ამოძრავებს ტატუიან ხელებს ბარისტა/მოლარე და ვფიქრობ, ამას რა ენაღვლება! კარგი არ უნდა დავკარგო რეალობის აღქმა ახალგაღვიძებულზე. არ მგონია ეხალისებოდეს თავისი საქმე, მაგრამ მერე… ისევ ვუსწორებ თვალს და ვხედავ, ფეხს რიტმს აყოლებს, ჩემკენ იხედება, თითქოს გამიღიმა კიდეც. მგონი მართლა უდარდელია.

საათზე 5 წუთიღა დამრჩა. ხელს მანამ ვწევ ყავის ასაღებად, სანამ მომაწვდიდეს. ის-ისაა ზურგი უნდა ვაქციო, რომ მეუბნება: ასე მგონია, წინა ცხოვრებაში ერთმანეთს ვიცნობდით…

ცოტა შორიდან ზარის ხმა ისმის. ამერიკანო არა და ცხელი ესპრესო პირს მწვავს.

 

თავი 2

 

ვაჟა ლადარია სათვალის ქვემოდან მიყურებს. პირის გაღებაც არაა საჭირო, ისედაც ვიცი - ჩავფლავდი.

სანდრა, 5 წუთში თუ არ ჩამაბარებ პრეზენტაციას, იცოდე ჩაიჭრები!

ჯანდაბა! ნინაც არ იქნება აუდიტორიაში, რომ გამამხნევოს. მე მე-2 კურსზე ვარ, ცხრილში ვიყურები, რომელიც კარზეა გამოკრული, ახლა მე-4 კურსელების სემინარია.

ესღა მაკლდა… ჩემი თვითშეფასება ისედაც ნულს ქვემოთაა, ვიტრაჟის მერე.

სხვა გზა არ მაქვს, ტუალეტში თმას ვისწორებ, ჯიბეში თმის სამაგრს ვპოულობ, ყურებთან ვიწევ, ვითომ ასე სჯობს? მხრებს ვიჩეჩავ (ამ ბოლო დროს ხშირად ვიჩეჩავ მხრებს). კარს ვხურავ და პირსინგიდან კულულებს ვაძვრენ.

აუდიტორიის წინ ვდგავარ, ანუ ბოლო ხუთი წუთი თმის გასწორებას დავუთმე. ჩემი საქმე წასულია. ღმერთო, რატომ არ გადავიმეორე? კარგი, არა უშავს, რაღაცას ვიზამ. შარვალში ტელეფონი ბზუის და ინთება. ნინა უნდა იყოს.

ჩემი პრეზენტაცია სხვადასხვა ეთნოსზეა. ეთნოლოგი ვარ, უფრო სწორად, ვცდილობ რომ ვიყო. ეთნოსის ფსიქოლოგია ჰქვია საგანს, რომელსაც ლადარია გვიკითხავს.

-კაი, რა თქვა ჩემმა მასწავლებლემა მე-7 კლასში? პრეზენტაციის დროს თუკი ნერვიულობ, ამოირჩიე მსმენელი და მასთან დაამყარე კონტაქტიო. ფოკუსი, ფოკუსი უნდა ვიპოვო!

თვალები აუდიტორიაში დარბიან. ყველა თავის საქმეშია ჩაფლული. ჯანდაბა 21-ს საუკუნეს და ტექნოლოგიურ განვითარებას! ყველა პლანშეტებსა და მობილურებშია თავჩარგული!..

ჩემი თვალები მზერას აწყდება, ასე მგონია, ვიცნობ. ჯანდაბა, თვითონაც ასე ჰგონია და ტატუებიან ხელს მიქნევს.

 

თავი 3

 

რამდენი აიღე?-მეკითხება ნინა,რომელიც კოკა-კოლაში საწრუპის გაჩერებას ცდილობს და არ გამოსდის. 

-68 ქულა.

კაფეტერიაში ხმაურია. საერთოდ არ მახსოვს რა ვილაპარაკე; სხვა გზა არ მქონდა, ტატუიან ხელს ვუყურებდი, სულ არაფერს ნამდვილად ჯობდა. კარგი ვქენი დილას ყავაზე რომ შევირბინე. ყავაზე რომ არ შეგერბინა, არ დაიგვიანებდი, - მეუბნება ნინა, რომელსაც ეს-ეს არის მოვუყევი ჩემი დილის აურზაური.

რეფერატის გაკეთება მოგიწევს, სანდრა და ალბათ იცი, ეს რასაც ნიშნავს, - ამბობს ლადარია და დეტალების გასარკვევად ხვალ მიბარებს.

ბევრი მიზეზია, თუ რატომ არ უნდათ რეფერატის გაკეთება სტუდენტებს და რატომ იგიჟებენ თავს პრეზენტაციაზე. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ისაა, რომ ზამთარში საშინლად ცივა. რეფერატისთვის კი სხვადასხვა პატარა დასახლებაში უნდა ჩახვიდე ინტერვიუებზე. პირობები ყოველთვის ცუდია. იცი რატომ? იმიტომ, რომ უფასო ფაკულტეტზე ვართ, ჩვენი მივლინებებისთვის არავის სცხელა. ამიტომ, თუ გაგიმართლა თბილი ამინდები დაგემთხვევა, თუ არადა უნივერსიტეტში ასეთი გამოთქმაა: ზამთარში თუ რეფერატს აკეთებ, ის დროა პროფესია შეიცვალოო.

მოკლედ, ტრაკში ვარ.

-პროფესია შეიცვალე, - მეუბნება სახლში მისულს დედაჩემი,თან ჩემს ქულას უყურებს. მას ბრწყინვალე კარიერა აქვს სტომატოლოგიაში.

-საერთოდ, რატომ ჩააბარე უფასო ფაკულტეტზე, ხომ იცი, სწავლის ხარისხი ნაკლები იქნება?! მე და მამაშენმა იმიტომ არ ვიშრომეთ ამდენი, რომ ეთნოლოგი გამოსულიყავი.

კარს ვიხურავ. უკვე 10 საათია, თოვს, ფიფქები სახეზე მეცემა და მწიწკნის. შარფში ვეფლობი და 24 საათიანი სუპერმარკეტისკენ მივდივარ. ტკბილი მჭირდება. ვფიქრობ, კრემიანი ორცხობილები ვიყიდო და იქვე აპარატიდან ყავა ჩამოვისხა. ახლა სახლში დაბრუნება არ მინდა. ამ დღეს სხვა ვერანაირად გამოვასწორებ.

ჩემი საყვარელი ორცხობილები არაა. რატომღაც ეს დღე რომ კარგად დასრულდეს! ყავის აპარატთან ვჩერდები და ღილაკს თითს ვაჭერ. მოულოდნელად ხმა მესმის:

ნეკა როგორ გაქვს?

 

თავი 4

 

ხელში, ალბათ, 5 შეკვრა ჩემი საყვარელი ორცხობილა უჭირავს. ახლა გასაგებია რატომაა დეფიციტში. ზამშის ფეხსაცმელი აცვია, წინ დასველებია. უცნაური გადაწვეტილებაა ამ ამინდში ზამში, მაგრამ ახლა ეგ ყველაზე ნაკლებად მადარდებს. თავზე კაპუშონი წამოუხურავს, თმები საკმაოდ მოკლეზე აქვს გადაპარსული. წარბი გატეხილი აქვს, თვალები მუქი შავი, ტუჩები წვრილი, საწვიმარი მარკეტში ხურდაში ნაყიდს ჰგავს, ყოველ შემთხვევაში, უკანა ფონზე, ყველას მსგავსი აცვია.

ნეკა? აჰ, ჰო,ჰო, დილას… მადლობა, კარგადაა.

თავი მისკენ მაქვს მიბრუნებული, ცალი ხელით ყავის ჭიქას ვიღებ, მეორეთი ნეკა თითს ენერგიულად ვამოძრავებ.

მარცხენა ნეკაზე გეკითხები, თუმცა მიხარია, მარჯვენაც რომ კარგად გაქვს, -

მეუბნება და ისევ იღიმის.

ღმერთო, როგორ ვერ ვიტან ხალხს, რომელიც ყოველ წამს გიღიმის! ტუჩებს მეც ზემოთ ვწევ, ყავა ერთი ხელიდან მეორეში გადამაქვს და ამჯერად უკვე სწორ ნეკა თითს ვაჩვენებ, რომელსაც სწრაფად ვკეცავ და ვშლი.

უცებ ჩემკენ მოდის, ძალიან მიახლოვდება. ვერ ვხვდები რა უნდა. ამ ბიჭს პირადი სივრცის შეგრძნება არ აქვს, აშკარად.

ჩემს გაკვირვებულ მზერას აწყდება და მეუბნება: - აჰ, მეგონა მომიხმე, ხელით მანიშნებდი, მოდიო.

არ ვიცი, სულელია თუ?.. ვიღიმი და გზიდან ვეცლები.

ეს დღე მალე არ დამთავრდება? დილის ამბები და ჩემი გასაჭირი არ მეყოფოდა, ყველგან ტატუებიან ბიჭს ვხვდები!

აღარ თოვს. ფიფქებმა რაკურსი შეიცვალეს, უღიმღამო გუბეებად გადაიქცნენ და ქვემოდან მიყურებენ.

 

თავი 5

 

ფრანგული ტოსტების სუნი ცხვირში მიღიტინებს. გიჟივით ჩავრბივარ სამზარეულოში, უკვე პრინციპის საკითხია, რომ არ დამაგვიანდეს. 

ფეხზე თასმების შეკვრაზე დროს თუ არ დავხარჯავ ტოსტსაც გავკბეჩ. ამ ფიქრებით ვანსებს ვიცმევ და სამზარეულოსკენ მივიჩქარი.

მამაჩემი ტოსტებს აკეთებს და ღიღინებს. მე თუ მკითხავ, მომღერალის კარიერას უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ მერე დედაჩემი გამოჩდა და მამაჩემიც სიმღერიდან ღიღინზე გადავიდა.

მამაჩემს რომ ვუყურებ, უფრო მინდება, რომ ეთნოლოგი გამოვიდე. ნინა მეუბნება, ეს ყველაფერი შინაგანი ამბოხიაო, სინამდვილეში დედაშენის გულის გასახეთქად ჩააბარე აქო. ზოგჯერ ეს მართალი მგონია.

უნივერსიტეტი ჩემი სახლიდან 5 გაჩერებაშია. 1,2,3,4, ვითვლი გაჩერებებს და ვემზადები ჩასასვლელად.

ავტობუსიდან ვხტები და ცივი ჰაერი სახეში მცემს. ჯერ ზამთრის დასაწყისია და უკვე ძვლებში გამიჯდა სიცივე. ნინა მეუბნება, ყველაფერი იმის ბრალია, რომ არ ვარჯიშობო. საერთოდაც ნინა ბევრ რამეს მეუბნება.

აჰა, აგერ, აქ ყოფილა! ნინას ვუახლოვდები, რომელიც სკამის საზურგეზე ასკუპებულა, ბათინკები დასაჯდომზე შემოულაგებია და ხელს მიქნევს.

გხედავ, გხედავ, ხო ! - ვუყვირი. ღმერთო, აღარ ჩერდება.

-აჰ, მოხვედი? უბრალოდ ვვარჯიშობდი. ხელებს უხერხულად წევს აქეთ- იქით და თავს იკატუნებს.

 - ჰო,ჰო, აბა რა, - ვყვები მეც.

შეხვდი ლადარიას?

ახლა ვაპირებდი.

აუდიტორიაში რომ შევედი, ყავას სვამდა. ჩანდა, კარგ ხასიათზე იყო. რამდენიმე სტუდენტი აუდიტორიას ტოვებდა, ტატუებიანი ბიჭიც მათ შორის.

რომ დავინახე, წამის მეასედში ვიფიქრე- ხომ არ უნდა მივსალმებოდი? საერთოდ, უზრდელი არ ვარ, მაგრამ ეს წამდაუწუმ გამარჯობას ძახილი ჩემი არაა. მალევე რეალობას დავუბრუნდი და ლადარიაზე გადავიტანე მზერა. ის-ის იყო უხერხულად უნდა ჩამეხველებინა ჩემი მოსვლის აღსანიშნად, რომ ტატუებიანმა ბიჭმა დამასწრო.

ანუ, კარამელ მაკიატო, შევთანხმდით?

როგორც ჩანს, ჩემგან განსხვავებით, ვიღაცა საკმაოდ ფამილარულია. ვაჟა ლადარიას ასე ჩვეულებრივად, რომ ელაპარაკებოდეს, ჯერ არავინ მინახავს. რა აკავშირებთ?

შევთანხმდით, ოღონდ იცოდე, აუცილებლად წააგებ. ტუჩის კუთხეები ეშმაკურად ეწევა და როგორც იქნა ჩემკენ იხედება.

-აჰ, სანდრა, რა კარგ დროს მოხვედი, აღარ დამჭირდება თქვენი ცალ-ცალკე დაბარება.

 

თავი 6

 

-ჩვენი ცალ-ცალკე დაბარება? - გაკვირვებული ვეკითხები

- გადაწყვეტილია, შენ და ტომი ერთად გააკეთებთ რეფერატს.

- ტომი? არ მახსენდება მსგავსი ჯგუფელი მყავდეს. ვინმე ახალია?

- აი, ტომი, იგივე ლუკა ქარქაშაძე! - მეუბნება და ხელს ტატუებიანი ბიჭისკენ იშვერს.

ჯანდაბა, ტატუებიან ბიჭს სახელი აქვს, თან მაინცდამაინც მასთან ერთად რეფერატი უნდა გავაკეთო.

ტატუებიანი ბიჭი ჩვეულებისამებრ მიღიმის, ჩანთას იღებს, სავიზიტო ბარათს მაწვდის და მეუბნება: - სანდრა, დამიკავშირდი, აუცილებად კარგი ქულა უნდა ავიღოთ! ვერ ვიტან ყავას რომ აფუჭებენ, - ამას ამბობს და აუდიტორიიდან გადის. ვაჟა ლადარია იცინის და აყოლებს:

გაგიმართლა სანდრა, ამ ბიჭს ნამდვილად არ უყვარს წაგება.

-საერთოდ ვერ ვხვდები რა მოხდა, - ვუებნები ნინას, რომელიც შესვენებაზე გუბეს ხატავს და მეუბნება რომ გავიწიო, რადგან ვუჩრდილავ.

-კარგი, ანუ შეხვედი და ეს ბიჭი, სულ რომ გხვდება, რას ეუბნებოდა ლადარიას?

-ნინა, მომისმინე და შეეშვი ამ გუბეს.

-სანდრა, იცი რომ გუბეები შრებიან? მარჩიელობას, დაუკავშირდი ჯონის და გაარკვიე რა ხდება.

-ჯონის? ჯონი ვინღაა?

-ტატუებიანი ბიჭი.

-ნეტა ჯონი ერქვას!

-ვერ ვხვდები რა პრობლემაა, ცუდი ბიჭია?

-არ ვიცი.

-მისმინე, სანდრა, არა მგონია ვინმეს შენზე ცუდი ქულა ჰქონდეს ამ საგანში. თანაც, როგორც თქვი, ჩვენზე დიდია, ანუ ჩვენზე მეტი ცოდნა უნდა ჰქონდეს წესით. ჰოდა, მგონი უნდა გიხაროდეს. 

ჯიბეში ხელს ვაფათურებ, სავიზიტო ბარათი ამომაქვს და ვუყურებ. ლუკა(ტომი) ქარქაშაძე, ოცდაოთხსაათიანი მექანიკოსი.

ნამდვილად ჩავიჭრები.

 

თავი 7

 

როგორც იქნა ზარია. გეზი ჩემი საყვარელი კაფესკენ ავიღე. იქ ნინას უნდა შევხვდე და კიდევ ერეკლეს. ერეკლე ჩვენი მეგობარია, ისტორიკოსი და გიჟდება როლურ თამაშებზე. ნინა ყოველთვის მეუბნება, ჭკუა ერეკლეს დავეკითხო, იმიტომ რომ ისტორიულ მაგალითს მოიშველიებსო. ჰოდა, ერთხელაც, ცალმხრივი სიყვარულისგან ასლუკუნებულმა რომ მივაკითხე დასამშვიდებლად, ასეთი რამ მითხრა :- ადამიანებს ერთმანეთი რომ უყვარდებათ, გრავიტაციის ბრალი არაა. ეგ იყო და ეგ, ერეკლესთვის აზრი აღარ მიკითხავს.

კაფე ნახევრად ცარიელია. ძალიან კარგი, არ მიყვარს ხალხმრავლობა. ჩემი საყვარელი ადგილისკენ მივიჩქარი, ფანჯარასთან, ნინა და ერეკლე შეკვეთას აძლევენ და როგორც ყოველთვის კამათობენ ბურგერი ხახვის სოუსით შეუკვეთონ თუ ხახვით.

ჰეი, სანდრა, შენი ხმა გადამწყვეტია, - მეუბნება ერეკლე და ვგრძნობ შარში გავყავი თავი.

ნახევარ საათში არავის გვახსოვს ხახვის ინციდენტი და დანაყრებულები ქუჩას გავცქერით. მე და ნინა კომბუჩას ვწრუპავთ და მანქანებით ვერთობით. მე ვეუბნები ნინას, ახლა რომ გამოივლის იმ მანქანას იყიდი, მაგრამ ვალები დაგახრჩობს -მეთქი. ნინა კი მეუბნება, ახლა რომ გამოივლის ის მანქანა დაგარტყავს, სასწრაფო დაიგვიანებს და პირდაპირ ასფალტზე მოუწევთ შენი ინტუბირებაო. ერეკლე გვეუბნება, რომ სინამდვილეში ბორბლის გამოგონება სულ არ ყოფილა კარგი.

მე ვეთანხმები, რადგანაც არ მინდა ჯიპმა დამარტყას და თან ნინას მანქანას ვუცდი. აჰა, გამოიარა, ავტობუსია! კარმა ნამდვილად არსებობს, ვეუბნები და ისე ბოროტად ვხითხითებ სასმელს ზედ ვისხამ. გეთანხმები მეუბნება ნინა, რომელიც ჩემს დასველებულ ჯინსს უყურებს. გადის კიდევ 20 წუთი და ერეკლე მეკითხება.

სანდრა, შენი რეფერატის პარტნიორი ლუკა ქარქაშაძეა?

შენ რა იცი?

ლუკა ქარქაშაძე ყველამ იცის, - ამბობს ნინა და თან თვალებს ატრიალებს.

შენ საიდანღა იცი?

არ მითხრა, რომ არ გაგიგია.

იქნებ დააყენოთ საშველი და ამიხსნათ რას გულისხმობთ.

ნარკოტიკები.

ციხე.

 

 თავი 8

 

-როგორ არ გახსოვს, წინა სემესტრში კაფეტერია რომ დაკეტეს 3 დღით, შენი მშიერი, წუწუნა ხმა ახლაც ჩამესმის.

-ნარკოტიკები და ციხე? ვეკითხები და თან კაფეტერიის ინციდენტს ვიხსენებ.

ჩვენს უნივერსიტეტში სენსაციური არაფერი ხდება, ძირითადად ჭორები მოსაწყენ სასიყვარულო სამკუთხედებზეა. ამიტომ კაფეტერიის დაკეტვა ჩხუბის გამო ანომალია იყო. მე თვითონ არ დავიჯერებდი კიბეებზე სისხლის კვალი რომ არ დამენახა. ნინა კი მეუბნებოდა, რა იცი რომ ლონდრე გიოს ისევ კეტჩუპიანი ჰოთდოგი არ დაუვარდაო… მაგრამ სასწრაფო და საპატრულო პოლიციის მანქანებიც იდგა…

რა მოხდა,ზუსტად არავინ იცის. ამბობდნენ ჩხუბი გოგოს გამო მოხდაო. მდიდარი ფანტაზიის უნარს ამ ფაკულტეტზე არც ველოდი. მაგრამ ერეკლე ამბობს ნარკოტიკების გამოო.

-რაც არ უნდა იყოს, სანდრა, სჯობს ლექტორს დაელაპარაკო პარტნიორის შეცვლაზე, - მეუბნება ერეკლე.

-ნარკოტიკებს კიდევ არა უშავს, მაგრამ ჩხუბისთავი? სანდრა, ნამდვილად არ გაქვს კინკლაობის დრო, - ამატებს ნინა.

-ჰა, მადლობა მეგობრებო, ძალიან დამეხმარეთ. მართალი იყო ის ვინც თქვა, რომ ცოდნას კარგი არაფერი მოაქვს.

-იცი ხო, სანდრა, ცოდნა რომ გქონოდა, რეფერატს არ დაგავალებდნენ.

ოთახის კარს რომ მოვიხურავ, გარე სამყარო ჩერდება. საწოლზე მოდუნებული ვეშვები, ხელში სავიზიტო ბარათი მიჭირავს. კაფედან გამოსული, ნინასა და ერეკლეს შეგულიანებული, კათედრაზე მივედი. ვაჟა ლადარია ადგილზე არ დამხვდა, მაგრამ ასისტენტმა ორჯერ გამიმეორა, რომ ცვლილებები რეფერატის ჯგუფში არ გამოვა, რადგანაც მხოლოდ ორ სტუდენტს აქვს გასაკეთებელი და იმ პოზიციაში არ ვარ პრეტენზიები გამოვთქვა.

ბარათს ვატრიალებ, ჩვეულებრივი თეთრი ცარცის ფურცელია, სულ ახალს გავს.

ტელეფონს ვიღებ და ციფრები შემყავს. სახელის ველს კაი ხანს ვუყურებ, ბარისტა? მოლარე? მექანიკოსი? რეფერატი? ტომი? ლუკა? ნარკომანი? ჩხუბისთავი? ტატუებიანი ბიჭი? - საინტერესოა, როგორ გადავარქმევთ ადამიანები უკვე დარქმეულ სახელებს.

სოციალურ ქსელში გადავდივარ და ლუკა ქარქაშაძეს იქ ვეძებ. არა ინსტაგრამი, არა ფეისბუქი… ტიკტოკზე ერთი ტომი შემხვდა, მაგრამ ფიფქიას ფოტო უყენია. ლუკა ქარქაშაძე შეიძლება ყველაფერი იყოს, მაგრამ არა პრინცესა. ვნებდები, მესიჯის ველს ვხსნი და ვწერ-

გამარჯობა ტომ, რეფერატზე გწერ, სანდრა, როდის შეიძლება რომ შევხვდეთ?

ტელეფონს გვერდზე ვდებ და მეძინება.

სადღაც 2 საათში ძაღლის ყეფა მაღვიძებს. საათს ვუყურებ, ღამის 11 საათია. მესიჯი მხვდება.

-სანდრა, დღეს უნივერსიტეტში ვიქნები 1 საათამდე, იქ მოდი.

 

თავი 9

 

არის მომენტები, რომელაც ვერ ახსნი, მაგალითად, როგორიც ახლაა. რატომ ჩავიცვი ფეხზე ბათინკები, რატომ მოვიცვი ქურთუკი, რატომ გავუყევი უნივერსიტეტის გზას შუაღამისას. დავიჯერო ასე მოვიწყინე, რომ ამ საყინულეში ფეხის შედგმა ნებაყოფლობით გადავწყვიტე?

რაც არ უნდა იყოს, მინდა ახლავე გადავწყვიტო, რას გავაკეთებ რეფერატზე. ვერ ვიტან გაურკვევლობას.

-სად ხარ? ვწერ მესიჯს და ტომს ვხედავ, რომელიც დერეფნის ბოლოში დგას, საკვების ავტომატთან. შავი შარვალი აცვია, თავზე მზარეულის ქუდი ახურავს და მწვანე წინსაფარი უკეთია.

-ეს რამე ახალი ტრენდია? - ვეუბნები და ტანსაცმელზე ვანიშნებ.

-სანდრა! მოხვედი? - მეუბნება და ხელში მოტეხილი შოკოლადის ფილას მაჩეჩებს. წამოდი, ბევრი დრო არ გვაქვს და გზაში ეგ ჭამე.

შოკოლადს პირში ვიტენი და ის-ისაა უნდა გადავყლაპო, რომ გონზე მოვდივარ. სად მივყვები? რატომ აცვია ასე? რატომ მოვედი? და საერთოდაც რატომ ვჭამ შოკოლადს, რომელიც არ მინდა.

კაფეტერიაში შევდივართ, სინათლე ყველგან ჩამქვრალია. იმედია ჩემ მოკვლას არ აპირებს. ოთახის ბოლოში გავდივართ, ტომი პატარა კარს აღებს და მანიშნებს შედიო.

ჩემი ცხოვრების განმავლობაში იმდენი თრილერი და საშინელებათა ფილმი მინახავს, შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ასე არ გამოიყურება მკვლელობის ადგილი. ამის გაფიქრებაა და დანების შეკვრას იღებს. ცხოვრება კინო არაა, სანდრა! დროა გაიქცე! ის-ისაა კარისკენ უნდა შევტრიალდე, რომ ხელში კარტოფილებს მიყრის და დანას მაწვდის, თვითონ კი ხახვს იღებს და გაფრცქვნას იწყებს. სიწყნარეა, ოთახის ბოლოს საათზე უკვე მეორე დღე დაიწყო.

-სანდრა, ამ კარტოფილს თუ ნახევარ საათში დაჭრი, გპირდები რეფერატში კარგ ქულას აიღებ.

ახლა უკვე კარტოფილებს ვჭრი და თასში ვყრი. რაში მაინტერესებს ნარკომანია თუ აგრესიული?! მთავარია ეს საგანი ჩავაბარო. ნამდვილად არ ვაპირებ დედაჩემს საბაბი მივცე კიდევ ერთხელ წამოიწყოს ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ ტყუილად ვხარჯავ დროს. კარტოფილის დაჭრა არაფერია მაგასთან შედარებით.

თუ გინდა კიდევ 10 კილოს დავჭრი, - ვაყრანტალებ ხმამაღლა.

-არაა საჭირო, აი, ხახვის დაჭრაში მოხმარებაზე უარს არ ვიტყოდი, - მეუბნება თვალცრემლიანი.

 უნივერსიტეტიდან ღამის 1-ზე გამოვდივართ. დალახვროს ეშმაკმა, საშინელი ხახვი იყო, ორივეს თვალები ნამტირალევი გვაქვს. ავტობუსი როგორც იქნა მოვიდა. ის-ისაა თვალსაწიერიდან უნდა გავქრე, რომ ტომის ხმა მესმის.

-როგორ ფიქრობ, სანდრა, პირველ შეხვედრაზე თუ ვტირით, ბოლოს რა იქნება?

ავტობუსის კარი იხურება და ტომი სულ უკან და უკან რჩება.

 

თავი 10

 

-ამ ფრის რა სჭირს, მზარეული შეცვალეს?! ბრაზობს ერეკლე და ხელში კარტოფილის მოზრდილ ნაჭერს ატრიალებს.

დღეს შედარებით თავისუფალი დღე გვაქვს და კაფეტერიაში ვსხედვართ.

-ხომ არ დაგავიწყდა, სანდრა, დღეს საღამოს წვეულებაზე წამოსვლას დამპირდი.

-ჯანდაბა! თითქმის ორი თვის წინ იყო. შენნაირი მეხსიერება რომ მქონდეს, ნამდვილად არ დამჭირდებოდა ჩხუბისთავთან ერთად რეფერატის გაკეთება.

-დაელაპარაკე? მეკითხება ერეკლე, რომელსაც ლუკმა ჯერ არ გადაუყლაპავს.

-როდესაც ჭამ, საუბარი უზრდელობაა. ხელს მხარზე კრავს ნინა და ლამისაა ლუკმა გადმოაგდებინოს პირიდან, რაც ნაკლები უზრდელობა ნამდვილად არ იქნება.

-რა ქენი, სანდრა? -არ მითხრა, რომ ისევ გაურკვევლობაში ხარ.

სანამ არ მკითხავდნენ, არც მიფიქრია, რომ ჩვენი საუბარი რეფერატზე მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა. დაპირებით, რომ კარგ ქულას ავიღებდი. ის მოვისმინე, რისი გაგებაც მინდოდა და მოჯადოებული კარტოფილის თლას მივყევი.

-რა ვქენი და ეს კარტოფილი დავჭერი, უმადურო! - ვეუბნები ერეკლეს ჩემს თავზე გაბრაზებული. ჩანთას ვიღებ, ვტრიალდები და მივდივარ. გზიდან ნინას ვუყვირი, რომ საღამოს შევხვდებით. 

წვეულებები არ მიყვარს, ნინამ ნაძლევი მომიგო და ახლა იძულებული ვარ წავიდე. აბა, მე რა ვიცოდი ასე კარგად თუ შეეძლო ბადმინტონის თამაში! ყველაზე ნერვების მომშლელი ისაა, რომ წვეულებები არც ნინას უყვარს, მაგრამ ამბობს, საუკეთესო გზაა უფასო გლინტვეინი დალიოო. ვერ შეედავები.

რა ჩავიცვა? - ვეკითხები ღია კარადას და ყურს ტანსაცმლისკენ ვატრიალებ. კარგი, კარგი, რადგან თქმას არ აპირებთ... შავ ზედას ვიღებ. ლავიწთან ორი დიდი ლურჯი ღილი აქვს. დიდი ვერაფერი, მაგრამ ჩემი ტანის ფორმებს ზუსტად იმეორებს. ქვემოთ არაფრით გამორჩეულ ჯინსის შარვალს ვიცვამ და მაკიაჟს ვიკეთებ.

თვალის ქვეშ ლურჯ ფანქარს ვისვამ, წამწამებს ვიგრძელებ, კიბეებზე ჩასვლისას მარწყვის გემოიან პომადას ვისვამ და გარეთ გავდივარ. 8 საათია. წვეულებამდე ფეხით მივდივარ, ახლოშია და ავტობუსის ლოდინი მეზარება.

-აი, შეხედე! - ნინა ვიღაცისკენ მიმითითებს.

-ეგ ისეთია, ნამცხვარს გაციებას დააცდის და ისე შეჭამს. გთხოვ, სანდრა, დაიფიცე, რომ მაგას არ დაემსგავსები! - მეუბნება და ცხელი ნამცხვრით სავსე პირს ღიას ტოვებს, იქვე პიცერიის ფლაერს პოულობს და ინიავებს.

ნელ-ნელა სახლი ხალხით ივსება. თითქმის არავის ვიცნობ. ჩემი გლინტვეინის ჭიქიანად ოთახებში ვმოძრაობ, ვცდილობ ნაცნობი ვიპოვო… სილუეტს ვხედავ, ყავისფერი ნაჭრის შარვალი აცვია, თეთრი, გრძელსახელოებიანი ზედა, მობუზულია და ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს ცივა. კართან დგას და ტრიალდება. ახლა თუ არ დავეწევი, სადაცაა გავა.

ვჩქარობ და ოთახში ვიღაცებს ვეტაკები, ბოდიშს ეზოდან ვაწევ და ვყვირი.

-ჰეი, ტომ! -პასუხი არ არის.

ამაზე სხვა შემთხვევაში გამეცინებოდა, მაგრამ არა ახლა, როცა ამ ქუსლიანმა ფეხსაცმელმა ლამისაა ამლეწოს. ჯანდაბა! ამით როგორ დარბიან?! უკვე ქუჩაში ვარ, ლამპიონები მკრთალად ანათებენ თითქმის დაღამებულ დღეს. ის-ისაა ვეწევი, რომ ფეხი მიბრუნდება და ჰაერში გლინტვეინის ჭიქა ტრიალებს.

 

თავი 11

 

-როგორ ფიქრობ, ვინმემ დაგინახა? მეკითხება ტომი, რომელსაც სველი მაისური აცვია.

-არა მგონია.

-აჰ! სამწუხაროა, მარტო სიცილი არ მიყვარს. მეუბნება და თავს ვერ იკავებს. ლოყასთან ფოსო უჩნდება და თვალები თითქმის ეხუჭება.

-არ მესმის რამ გაგამხიარულა ასე, ყინავს და სველი ხარ, თანაც ალკოჰოლის სუნად ყარხარ. აი, აიღე! შარფს ვაწვდი, რომელიც შარვალში ქამრის ფუნქციას ასრულებდა. ვცდილობ, რამით მაინც გამოვასწორო სიტუაცია.

ორივე ავტობუსების გაჩერების სკამზე ვსხედვართ. ჩემი შარფი ხელში უჭირავს, ისე მაგრად აქვს მუშტში მოქცეული, სულ აღარ ჩანს.

-ფეხი როგორ გაქვს? - მეკითხება და მიყურებს.

დემონსტრაციულად ვამოძრავევ ფეხს და ვეუბნები: - მგონი კარგად.

ტომი სკამიდან დგება, მიახლოვდება, (ალკოჰოლის სუნი ცხვირში მცემს) მეორე ფეხთან იხრება, ხელში იჭერს და წრიულად ატრიალებს.

-რადგან შენ სახეზე გაკვირვების გარდა სხვა ემოცია არაა, ესე იგი მართლაც კარგად ხარ.

-ეს რა იყო?

-გამოცდილება.

-გამოცდილება?

-ნეკა თითის ინციდენტის შემდეგ რთულია გენდო. - მეუბნება და ყურებამდე იკრიჭება.

-სულ ამდენს იღიმი?- ვეკითხები და ვხედავ, როგორ ჩამოსდის ყურებიდან პირი სულ უფრო და უფრო სწრაფად.

-სანდრა, ერთ კითხვას დაგისვამ და გთხოვ, გულახდილად მიპასუხე.

ვიძაბები, მკითხავს უკან რატომ მომდევდიო და რა უნდა ვუპასუხო? იფიქრე, იფიქრე.. რატომ და მივხვდი, გუშინ დავშტერდი და ახლა მინდა გავარკვიო რას ვშვრებით - თქო? ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს ქულა, იმიტომ რომ დედაჩემია ჩასაფრებული - თქო? არა, ზედმეტად გულახდილია. შენ არ მოგსდევდი? მშვენიერია… არა, არა ტომს გავიძახოდი, არ მგონია აქ ბევრს ერქვას ტომი, ლუკა მაინც დამეძახა... ნაცნობს მიგამსგავსე და იმიტომ- თქო? ცუდი იდეა არაა, მაგრამ აქაც ტომი ხდება პრობლემა, იქნებ არ გაუგია? მმ... ჯანდაბა, ექსპრომტი მომიწევს. ფიქრებში იმდენად ვეფლობი, რომ ვერ ვხედავ, როგორ მშორდება ტომი და ჩემს პირდაპირ ტროტუარის კიდეზე დგება.

-სანდრა, ჭიქით ხელში ქუჩაში რატომ დარბიხარ? - მეუბნება და თვალს არ მაშორებს.

-მგონი წვეულებები არ მიყვარს, - ვპასუხობ და ვცდილობ გავიღიმო.

-წვეულებები?

-ჰო, მეც იქ ვიყავი.

 

თავი 12

 

ტომს შეხვდი? - აბაზანიდან გამოსულს ნინას მესიჯი მხვდება.

-შენ საიდან იცი?

-კარში შემხვდა, “პიცის ყუთს” აწვდიდა მეოთხე კურსელებს. არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი, მაგრამ, სავარაუდოდ ერეკლე მართალია.

-მართალია რაზე? 

მობილური ინთება. ნინას მესიჯს ვხსნი, შპრიცის სმაილია.

-სისულელეა, ვწერ ნინას და ვბრაზდები.

პიცის ყუთი როდის მერე გახდა ნარკოტიკების გადაზიდვის ეფექტური საშუალება? ან ერეკლე როდის მერეა სანდო წყარო? მაგრამ თან მახსენდება, რომ ტომი წვეულების ხსენებაზე დაიბნა, დამემშვიდობა, მეჩქარებაო და წავიდა.

ღმერთო, როგორ დავიღალე და ჯერ რეფერატზე მუშაობა არც დამიწყია. სემესტრის დამთავრებამდე 3 თვეა. მგონი ტომს ახალი ტანსაცმელი უნდა ვუყიდო. მეეჭვება, გლინტვეინის ტანსაცმლიდან ამოყვანა მარტივი იყოს. ხარახურის ყუთს ვხსნი და ფულის შეკვრას ვუყურებ. მე და ნინა ამ ზაფხულს ზღვისპირა კაფეში ვმუშაობდით. ხელფასი ბევრი არ იყო, მაგრამ მაისურ