ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ჩემი ხატია სამშობლო

ჩემი ხატია სამშობლო

ანუ ერთი ჩვეულებრივი ბავშვის, ერთი ჩვეულებრივი დღე

 

- აბა, როგორ გაატარეთ ჩემო პატარა გენიოსებო არდადეგები? ალბათ, ბევრ რამეს აღმოაჩენდით ამ სამი თვის განმავლობაში, არა?! მოდი, დავიწყოთ სიის მიხედვით - გამოაცხადა აღტაცებულმა მასწავლებელმა და სწრაფადვე მიმართა სინათლით სავსე თვალები აბულაძისკენ.

        ბიჭს რა თქმა უნდა, არც მასწავლებლის მზერა გაჰკვირვებია და არც მისკენ სინქრონულად შემობრუნებული ოცდაორი ცნობისმოყვარე თავის დანახვა. მხოლოდ ბენაშვილი არ შემოტრიალებულა. იგი ისედაც გამწარებული ეჩურჩულებოდა მეგობარს, დასვენებიდან მოყოლებული. ცხვირს ქვემოთ აფარებული მარჯვენა ხელი კი - მის გაუთავებლად ალაქლაქებულ პირს იცავდა მასწავლებელის შენიშვნებისაგან .

     მოჰკრა თუ არა, ლაპარაკით გართულმა აბულაძემ ცალი ყური საკუთარ გვარს, იმწამსვე კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა სახეზე. მისთვის ერთი რამ მზის სხივისავით ნათელი იყო - ბიჭს რა თქმა უნდა, ყოველთვის პირველს უნდა მიეღო უცაბედი დარტყმები საკუთარ თავზე და ფარად უნდა გამოდგომოდა დანარჩენ თანაკლასელებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა კლასზე განრისხებული მასწავლებლები დიდი დიქტატორებივით მოუსხდებოდნენ ხოლმე სუნთქვაშეკრულ მაგიდას, გადაშლიდნენ დასასჯელი ახალგაზრდების სიას და პირველი მსხვერპლის შერჩევას ტრადიციული ხერხებით ცდილობდნენ:

- აბულაძე, აბა დროზე ადექი და მოყევი გაკვეთილი! - ასე მიმართავდნენ ხოლმე  შეუბრალებელი ბედის მიერ გამეტებულ ბიჭს, გაცეცხლებული მასწავლებლები.

   საკუთარ თავში დარწმუნებული აბულაძე კი ყოველთვის ენამოსწრებულად პასუხობდა მასწავლებლებს:  - კითხვები დამისვით მას.

- კითხვები კი არა, დაჯექი, ორიანი! აბა შემდეგი.. - ასე მოამთავრებდნენ ხოლმე აბულაძის გამოცდას პატივცემულები და აგრძელებდნენ დაწყებულ ტერორს მანამ, სანამ გ ასოდან არ იწყებდნენ მოძრაობას ბრაზის მიმნელებელი გრძნობები, რომლებიც მ ასოზე აღწევდნენ ხოლმე დანიშნულების ადგილსა და ოსტატურად ახერხებდნენ კიდეც გამოკითხვის შეჩერებას. იყო დღეებიც, როცა მხოლოდ აბულაძის ორიანიც კი კმაროდა ხოლმე მასწავლებლების გულებში აგიზგიზებული ცეცხლის ჩასაქრობად, და ასეთი შემთხვევები არც თუ ისე ცოტა გახლდათ.

    ვინ იცის რამდენჯერ შემოუვლია ბიჭის გულში სევდაშერეულ ფიქრებს - რა იქნებოდა აბულაძის მაგივრად ბულაძე ვყოფილიყავიო ან ა ყოფილიყო ანბანის ბოლოს წინა ასოო, მაგრამ მათზე უკეთესი გამოსავლის პოვნაც შეიძლებოდა. ჩვენს კლასს ერთი აბაშიძე დაამშვენებდა. თანაც, გოგო თუ იქნებოდა და ლამაზი ხომ, მთლად უკეთესი.

    საკუთარ გვარიშვილობაზე ფიქრები, აბულაძეს უფრო ქიმიისა და ფიზიკის გაკვეთილების დასაწყისში დაუმძიმებდა ხოლმე თავს. ახლა კი ქართულის გაკვეთილზე დასმულმა კითხვამ, არ დააბნია ბიჭი და ლაღადვე დაუბრუნა ნინო მასწავლებელს პასუხი:

- ჰეჰ, როგორ გავატარებდი არდადეგებს მას?! მთელი ზაფხული თბილისში ვიხარშებოდი! თან, ეს ზაფხული, ყველაზე ცხელი ზაფხულიაო - ასე ამბობენ.

- ვინ ამბობს ? - ჩაეკითხა ათოსანი ბადურაძე.

- ჩემი მეზობელი როდიკა, მაგრამ ეგ სულ ეგრე ამბობს ყველა ზაფხულზე. გამოიტანს ხოლმე ეზოში მისაყუდებელ სკამს, ჩაესვენება შიგნით, ნაჭერს დაასველებს, დაიდებს შუბლზე და ასე გაიძახის - ვაიჰ დედაჯან, ვაიჰ. აი ესაა ჩემი წლევანდელი, შარშანდელი, ორი წლის წინანდელი და ალბათ მომავალი ზაფხულიც.

- კარგი ბავშვებო, ცოტა ხმადაბლა. - აწყნარებდა ჩაბჟირებულ ბავშვებს მასწავლებელი. - სოფელში რატომ არ გაისეირნე აბულაძე? - აგრძელებდა კითხვების დასმას ნინო მასი და შეკრული მუშტის, არა თითზე წამოცმული ოქროს ბეჭდის მერხზე კაკუნით ცდილობდა კლასის დაშოშმინებას.

- არ მაქვს სოფელი მას - უპასუხა ბიჭმა.

- ,,კარენოი’’ ქალაქელი, ,,სიმონ’’ , ,,ტოო’’. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა თავისი ოთხეულის გასაცინებლად, წინა წელს ქუთაისის მეოთხე სკოლიდან გამოგდებულმა, ჯინჭარაძემ და თან სახის უცნაური მანჭვა-გრეხვითაც გააფორმა საკუთარი ხუმრობა.

- სოფელი არა მაგრამ, როდიკა მაგარი გყავს. - ახლა ბერიკაშვილი შეეცადა კლასის გაცინებას, რომლის აღაჟღაჟებული ლოყებიც აშკარას ხდიდა, სოფლის ისტორიას რომ უმზადებდა იგი თანაკლასებს. 

- ისე, მანგლისში კი ჩავდივარ ხოლმე ხანდახან, მამაჩემის მეგობრებთან, თუმცა წელს არ ჩავსულვართ. - დაამატა აბულაძემ.

- დიდი მადლობა კოტე. მშვენიერი ზაფხული გქონია. - გაუღიმა მასწავლებელმა ბიჭს, თუმცა ყველა ვხვდებოდით, რომ ასეთ ზაფხულს არავინ ისურვებდა საკუთარი თავისთვის. მათ შორის არც უკეთილშობილესი ნინო მასწავლებელი, რომელიც უხერხულად ჩაჰყურებდა ჟურნალში ჩამოწიკწიკებულ მრავალფეროვან გვარებს.

    კლასიდან ჩვენ-ჩვენი ადგილი ყველამ კარგად ვიცოდით სიაში თუმცა, ჟურნალში ჩაფლული მასწავლებლის დანახვაზე, მაინც განსაკუთრებული სამზადისით ვფუსფუსებდით. ერთი აბულაძე გრძნობდა თავს უდარდელად და დარწმუნებული იყო, რომ მომავალ გაკვეთილამდე აღარ მოუწევდა იმ ყურადღების ცენტრში ყოფნა, რომლის თითოეული წამიც ყოველთვის ემძიმებოდა.

    - სოფელი არ მაქვსო… - ამასობაში, ამ ერთმა უწყინარმა ფრაზამ, ჩემ გონებაში სამუდამოდ დაიმკვიდრა საპატიო ადგილი და მისი გაგონებისთანავე, გაკვირვებული ვეკითხებოდი საკუთარ თავს - როგორ თუ სოფელი არა აქვს, სოფელი ხომ ყველა ბავშვს აქვს - მეთქი. ვეძებდი კითხვაზე პასუხს, თუმცა ვერაფრით ვპოულობდი და ვერც ის გამერკვია, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი.. ცოტა ხანში, დახმარების საძებნელად ცოტა გარეთაც გამოვიხედე, სოფელზე ფიქრით გახევებულმა, შეყილაძეს გავკარი მხარი და ეჭვით გადავუჩურჩულე:

- სანდრიკ, შენ ხომ გაქვს სოფელი გურიაში?

- ჩოხატაურიი...! სიამაყით გამომიცხადა სანდრიკამ და ორჯერ ისე თვითკმაყოფილმა დააქნია თავი , აშკარად ამ დასახელების უკან, რაღაც გამორჩეული საგანძური უნდა ყოფილიყო დამალული. მე კი წარმოდგენაც არ მქონდა სად იყო ეს ჩოხატაური, მიუხედავად კლასში ჩამოკიდებული ორი რუკისა, რომელთაგანაც ერთი - მსოფლიოს პოლიტიკური იყო, მეორე კი - საქართველოს ფიზიკური. საბედნიეროდ, იმდენი მაინც ვიცოდი, რომელ რუკაზე შეიძლებოდა მომეძებნა ეს უცნაური დასახელება და რასთან ახლოს. რასთან და - ზღვასთან. სანდრო ხომ ხშირად ჰყვებოდა ზღვაზე და სამკურნალო სილაზე…

- კარგია, კარგი, მაგრამ სადაა ჩოხატაური და კარგი ცხოვრება?! წელს მარტო კახეთში ვიყავი. - არ დაელოდა თავის რიგს და საზაფხულო ისტორიის პატარა შესავალიც წამოიწყო შეყილაძემ.

- ხოო, კახეთში მეც ვიყავი - მივუგე უხალისოდ.

- მერე?

- ერთი კვირა ძლივს გავძელი და ჩამოვედი რა.

- ხო, მეც არ დავრჩენილვარ დიდხანს. - ისე მომიგო, თითქოს ნაწყენი ჩანდა ამის გამო. ეტყობა, მისი კახეთი ცოტა განსხვავებული იყო ჩემებური კახეთისგან, თორემ არამგონია გული დაწყვეტოდა იქ მცირე ხნით გაჩერების გამო..

 ისე, სანდრო სიაში, თითქმის ჩემი მომდევნო გახლდათ. მე კი - ჩვენი საამაყო ანბანის არეულობის ზღვარზე ვიდექი მყარად. უ,ფ,ქ,ღ და მერე კაციშვილმა აღარ იცის რა ხდება. ისეთი ჩახლართული ამბავი იწყება, ძაფის გორგალსაც კი შეშურდებოდა, ამის ნიჭი რომ ჰქონოდა.

   მართლაც ძალიან საინტერესო ანბანი გვაქვს ქართველებს. მერე და როგორი რთული რამ არის?! თუმცა, რა გასაკვირია, ისეთი ადამიანის შექმნილია, სხვანაირად არც შეიძლება იყოს.. ერთი მეტად საინტერესო თვისება აქვს მშობლიურ ანბანს. იგი თითქოს, შეუმჩნევლად ცდილობს მთელი ჩვენი ცხოვრება ეტაპობრივად დაგვანახოს და წინასწარვე შეგვამზადოს გასავლელი საფეხურებისთვის. თავიდან ისიც ისევე ტკბილად და უდარდელად იწყება, როგორც ჩვენი სანატრელი ბავშვობა. შემდეგ, ასე სინარნარით გადავინაცვლებთ ჩვენი ახალგაზდობის წლებში, რომელიც ისე მალე გაიქცევა ხოლმე, რომ რთულია გაიგო, როგორც მისი დასაწყისი ისე, მისი დასასრული. ცხოვრება ისეთი მსუბუქი არაა, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს. ის ცდილობს ახალგაზრდობის მზიანი დღეები, რაც შეიძლება მალე წაგვართვას და როდესაც ამას ახერხებს, სწორედ მაშინ იწყება ის სიმძიმე, ქაოსი, ბრძოლა და ტკივილი, რომელთაც გამარჯვებულნი ან დამარცხებულნი მივყავართ დასასრულისკენ. აქ კი მარტოდმარტო გველოდება ის უკანასკნელი ასობგერა, რომელსაც შეუძლია ჩვენი განვლილი ცხოვრების მთელი ბედნიერება და სევდა ერთ ამოსუნთქვაში დაიტიოს. დავიჯერო ეს დასასრულია? იქნებ ისევე არსებობს სხვა ასოები, როგორც ის ხუთი ასო არსებობდა ოდესღაც? იქნებ მათ უბრალოდ ვერ ვხედავთ? სამწუხაროა, მაგრამ ვხედავთ მხოლოდ იმას, რაც ა-დან ჰ-მდე ჩანს. ვხედავთ როგორ გადიან ადამიანები წესისამებრ იმ გზას, რომელსაც ანბანი უწესებს მათ. თუმცა, ხანდახან ადამიანები ცვლიან თავიანთ ანბანთა წყობებს. ზოგიერთები კი ვერ ასწრებენ ანბანის ყველა ასოს შესისხლხორცებას. ჩვენ კი სხვა რა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ვიყოლიოთ ისინი ჩვენს გულებში ა-დან ჰ-მდე, ჰ-დან ა-მდე და იმის იქითაც, სწორედ იმ გზაზე, რომელიც ოდესღაც I კლასის დაფასთან ეკიდა ხოლმე მარცხნივ. ახლა კი მის ადგილს საქართველოს ფიზიკური რუკა იკავებს, რომელიც გადაკიდულია მსოფლიო რუკაზე და მთლიანად ფარავს მას. თუმცა, ანტარქტიდა, იმდენი ხანი იყო დაფარული დანარჩენი სამყაროსთვის, რომ კიდევ ერთხელ დაფარვას მტკივნეულად განიცდის და ცდილობს გამოაჩინოს კლასისთვის თავისი უკიდურესი ჩრდილოეთის პატარა ნაწილი. თუმცა, ის მაინც ყოველთვის შეუმჩნეველი გახლდათ გეოგრაფიის მასწავლებლის გარდა ყველასთვის. მე კი, ვუყურებდი საქართველოს რუკას და ვერ ვხვდებოდი, ამის იქით რა შეიძლებოდა ყოფილიყო მასზე საინტერესო და მშვენიერი. თანაც, ამ ხუმრობა-ხუმრობაში კლასელებმა მთელი სამშობლო მომატარეს. სად არ ვიმოგზაურეთ.. სად არ წარმოვიდგინეთ თავები.. ლამის ნიკოფსიიდან გადავწყდით დარუბანდს. თუმცა, ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო და ახლა ოცნებადაც კი არ ღირდა ამაზე. მართალია სამყარო ყოველ წამს ფართოვდებოდა, მაგრამ ჩემი პაწაწინა სამშობლო დროის მსვლელობასთან ერთად უფრო და უფრო პატარავდებოდა შაგრენის ტყავივით…

 ბავშვობის ადრეული წლებიდან მოყოლებული მახსოვს, ბუთქუნა ტელევიზორებსა თუ სალხინო სუფრებზე,( რომელთაც უფროსების თქმით არასდროს აკლდა ჩიტის რძეც კი) ყველა აფხაზეთსა და მის დაბრუნებაზე ლაპარაკაობდა ხოლმე. არ ვიცოდი რა იყო აფხაზეთი. არ ვიცოდი ვინ, როდის და რატომ დაკარგა იგი, თუმცა მასზე საუბრისას ყველა ისეთ მოღუშულ და ნატკენ სახეს იღებდა ხოლმე, (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მარჯვენა ხელში ღვინით სავსე გამჭირვალე სასმისი მოემართათ) რომ მეც რაღაცნაირ სევდიან განწყობაზე მაყენებდა ეს ყველაფერი. ისე მოვიწყენდი ხოლმე, თითქოს მთელი ბავშვობა ბიჭვინთის ქვიშიან სანაპიროზე გართხმულს გამეტარებინოს, მცხუნვარე მზის ქვეშ. ახლა კი ეს ადგილი ისეთი უკაცრიელი წარმომიდგებოდა ხოლმე გონებაში, იფიქრებდი, რომ ღმერთსაც კი დავიწყებოდა მისი გამქრალი მშვენიერების არსებობა დედამიწაზე. მაგრამ, მხოლოდ ეს ადგილი როდის წარმოადგენდა ყოველი ქართველის ვაების მიზეზს ?! სამწუხაროდ, წლების შემდეგ სამაჩაბლოზე საფიქრალი დაგვემატა თითოეულ ჩვენგანს სატკივარად. აი მის დაკარგვას კი ნამდვილად მოვესწარი… არ ვიცი ვის რა დავუშავეთ, მაგრამ ვფიქრობ,სხვები უკეთ რომ გვიცნობდნენ ქართველებს, ჩვენს წყენინებას არავინ შეეცდებოდა, თუმცა ვინ იცის იქნებ სწორედ ისაა ყველაფრის თავი და თავი, რომ საკუთარი ხუთი თითივით გვიცნობს ყველა ბოროტის მსურველი… რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!... ხოდა ჩვენც ასე ამაყად და იმედიანად ვაგრძელებთ ცხოვრებას, თანაც რაღაც ამოუხსნელი წინათგრძნობის განცდა გვსდევს მუდამ თან. ყოველ წამს მოველით ანგელოზთა საზეიმო საყვირების ტრიუმფალურ გუგუნს, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ცის კამარის ისეთი ნელი შუაზე გადახსნა, რომ უკლებლივ ყველამ მოასწროს მოულოდნელი სტუმრის ჩამობრძანების ულამაზესი პროცესიის ხილვა. როდესაც აღმოჩნდება,რომ ყველას ყურადღება ზემოთაა მიმართული, მოულოდნელად, წყვდიადიდან გამოჩდნება დამაბრმავებელი სხივი და სინათლის სისწრაფით დაეშვება სატახტო ქალაქ თბილისში ან მცხეთაში ან ქუთაისში.კახელებს კი რა თქმა უნდა, თელავში ურჩევნიათ მისი ხილვა. მოკლედ, ერთი რამ დანამდვილებით ვიცით,რომ საქართველოს ვერ აცდება ეს სხივი და ის უმშვენიერესი მხედარი, რომელიც ამ სხივზე მავალი თეთრი ბედაურით, მედიდურად ჩამობრძანდება დედამიწაზე. მხედარი მუზარადით დაწყებული, თავისი ბედაურის ფლოქვებით დამთავრებული ძვირფასი, ხელთუქმნელი აბჯრით იქნება აღჭურვილი.ცალ ხელში აუცილებლად ცეცხლოვანი მახვილი ეპყრება, ხოლო მეორეში - ძვირფასი თვლებით მოჭედილი ოქროს კვერთხი,რომლის დაქნევასაც ყველა მუხლოდრეკილი შეხვდება (ცეცხლოვანი მახვილის ხათრით მაინც). დაადგამს თუ არა პირველ ნაბიჯს დედამიწაზე მხსნელი, ზღვა ხალხის ორად გაყოფილი ტალღა შემოხვდება თვალწინ. იგი აუჩქარებელი ნაბიჯით გაივლის მათ შორის და არავის დატოვებს თავისი მედიდური, თუმცა ყურადღებიანი მზერის გარეშე. გაივლის ხალხს და ხალხიც უკანმოუხედავად გაჰყვება მას საქართველოს მიხვეულ-მოხვეულ გზებზე, მრავალჟამიერის გალობით მოივლიან მშობლიური მთისა თუ ბარის ყოველ კუთხე კუნჭულს, ვერაგ მტერს სძლევენ არათუ მახვილით, არამედ კვერთხით და არნახული ზარზეიმით დაბრუნდებიან უკან სატახტო ქალაქში, საიდანაც ჩვენი მხსნელი გაუძღვება გაერთიანებულ და გაბრწყინებულ საქართველოს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქართველებს გვიყვარს ოცნება როგორც სახლში, ისე გარეთ, სამსახურისკენ მიმავალი მანქანებით გადაჭედილ გზაზე ყოფნისასაც კი. ზოგჯერ მანქანები შორიდან ისე ლამაზად ციმციმებენ ხოლმე, რომ ასტრონომიაში ცოტათი მაინც თუ მოიკოჭლებ, დიდია ალბათობა, ვერც განარჩიოთ ისინი სხვადასხვა ცნობილი თანავარსკვლავედებისგან. წარმოიდგინეთ, ზიხართ საჭესთან ჩაფიქრებული, სწორედ იმ მუდმივად თანმდევი წინათგრძნობით ზემოთ,რომ ვახსენე, თვალწინ გადაშლილია მთელი ირმის ნახტომი და გესმით საყვირის გაუთავებელი ხმა. უცებ იხედებით ცაში და ცას არაფერი ეტყობა ცვლილების. ჰო და, ამ დროს იაზრებთ, რომ ეს საყვირის ხმა კი არ ყოფილა, არამედ თქვენ უკან გაჩერებული მანქანის გაბმული სიგნალის ზმუილი გახლდათ, რომელსაც თქვენი სანუკვარი ოცნების დასამსხვრევად ათ წამზე ნაკლები დასჭირდა… ვფიქრობ ახლა ნათლად გასაგებია მიზეზი იმისა თუ, რატომ ვაჯილდოვებთ ხოლმე სიგნალების გაგონებაზე ქართველები ერთმანეთს მეტად გრაციოზული და მრავალფეროვანი დედის გინებით. ოცნება კარგია, მაგარამ ზოგჯერ დიდი წყენისა და ზიანის მომტანიც შეიძლება აღმოჩნდეს. სხვა თუ მანქანის სიგნალით ბრუნდებოდა რეალობაში, ჩემთვის მასწავლებლის ხმის გაგონება აღმოჩნდა წყენის მიზეზი.

- აბა ზურა შენ რას გვეტყვი? - თქვა და ისე დაღლილმა გამომხედა, გადავწყვიტე ფეხზე წამოვმდგარიყავი და რაიმეთი გამემხიარულებინა.

- მე რავი, რა უნდა ვთქვა მას… ,,კარგია კიკეთიი’’… ,,დაგვათენდააა’’…

- ნუ მაიმუნობ ზურა - ღიმილით მომიგო მასწავლებელმა.

- რავი მას არაფერი ყოფილა ახალი ამ ზაფხულს. წინა წლების მსგავსად, ახლაც მოვიარე ქართლ-კახეთი.

- გურიამ რა დაგიშავა? - მკითხა ჩოხატაურზე შეყვარებულმა სანდრიკამ.

- ან სამეგრელომ - დაამატა სწავლაზე ხელჩაქნეულმა ხალიჩავამ.

ქუთაისის მეოთხე სკოლიდან გამოგდებულ ჯინჭარაძეს კი არ დაუძრია იმერეთზე სიტყვა. მაგან მარტო ერთი ლექსი იცოდა:

         გორა, ჭომა, ბალახვანი,

         ზასტავა, საფიჩხია,

         ვინც კაჩაობს სპრავედლივად,

         ყველა კაი ბიჭია.

ალბათ, სჯობდა ეს ბიჭი მშობლებს ფიზ-მათ-ში შეეყვანათ თავის დროზე. ამ სკოლის უნიჭიერესი ბავშვები ხშირად იგებდნენ ხოლმე სკოლებს შორის არსებულ ოლიმპიადებს. თუმცა, ამის იქ შეყვანას აზრი არ ჰქონდა. ალბათ,სკოლის ზღურბლზე დაბიჯებისთანავე რეკორდული სისწრაფით გამოაგდებდნენ უკან. ამ ხალიჩავას ადგილიც არ იყო ნორმალურ სკოლაში, მაგრამ ამან ერთი ლექსის ნაწყვეტი მაინც იცოდა. ფეხბურთის დროს კარშიც წუწუნის გარეშე დგებოდა, ზოგიერთებისგან განსხვავებით.

- ესენი ჯანდაბას, მაგრამ შენ რაღა მოგივიდა სანდრიკ?! - ჩემთვის ვფიქრობდი ბიჭების ინტრიგნული ჩართვებით განაწყენებული. მერე ცოტათი განაწყენებულმა მაინც ვუპასუხე:

 - მე მოხევე ვარ და ყაზბეგში ვერ ავსულვარ. რა დროს გურია და სამეგრელოა - მეთქი.

- ხევი სულ არ არის იმ ლექსში ნახსენები. - მომიგო ხალიჩვამ.

- შენ პატარა ქართველი ხარ და ამიტომ არ იცი, რომ მაგ ლექსს გაგრძელებაც აქვს. - მივუგე თვითმკაყოფილებით აღვსილმა.

- არც გაგრძელებაში არაა ნახსენები - გამოექომაგა ლოყებგაფართოვებული ცხაკაია და ძლივს-ძლივობით გადაყლაპა ოთხჯერ დაღეჭილი ლუკმა. ცხაკაია მხოლოდ გადაკეცილ ლობიანს როდი მიირთმევდა ხოლმე გაკვეთილზე. მას მასწავლებლის მიერ ახსნილ - გადაღეჭილი და დამშეულ პირში ჩადებული მასალის გადაყლაპავაც შეეძლო სხვებისგან განსხვავებით, თუმცა არც ეს აძღობდა ხოლმე დიდად. აი ესაა იმ ზოგ-ზოგიერთებიდან მთვარი, კარში ჩადგომა, რომ ძალიან არ უყვარდათ. გარეთ თამაშისას კიდევ, ძლივს-ძლივობით ადგამდა ხოლმე მძიმე ნაბიჯებს, თითქოს ზოოპარკიდან გამოქცეულ სპილოს შემოერბინა მოედანზე.

- ,,გივი ჩვენ ვართ გივი’’... ჭამა დასვენებაზე, ახლა გაკვეთილია. შეინახე ეგ ლობიანი მერხის ქვეშ და მარილიანი ჩხირებიც თან გააყოლე! - დაუბრიალა მკაცრად თვალები წარბებშეკრულმა მასწავლებელმა.

მე არ მინდოდა მისი უპასუხოდ დატოვება, ამიტომაც ძალა მოვიკრიბე, წელში გავიმართე და დავიწყე ლექსის მგრძნობიარედ გადმოცემა:

მე პატარა ქართველი ვარ,

კავკასიის მთების შვილი

და განცხრომით სხვაგან ყოფნას

მირჩევნია აქ სიკვდილი!

ქართლ, კახეთი, იმერეთი,

გურია და სამეგრელო;

რაჭა-ლეჩხუმ-ჯავახეთი

და მესხეთი სასახელო;

ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი,

სვანეთი და აფხაზეთი;

ძველი ტაო, იმერხევი,

საინგილო და ლაზეთი;

მთიულეთი საარაკო

და აჭარის ზღვა და მდელო;

ყველა ჩემი სამშობლოა,

საყვარელი საქართველო!

ლექსის მოყოლისას იმ ადგილას რომ მივუახლოვდი, სადაც ხევი იყო ნახსენები, პაუზა ავიღე და გამარჯვებისეული სიამაყით გადმოვხედე ჩემს ორ თანაკლასელს, რომელთა შეცდომაში შეყვანაც, ჩვენთვის უსაყვარლესმა მტერმა, თითქმის საუკუნის შემდეგაც მოახერხა.სადღაც გაგონილი მქონდა, რომ დუტუ მეგრელის ამ უმშვენიერესი ლექსის შემოკლებაზე ჩვენმა მოძმე ერმა მაშინ დაიწყო მუშაობა, როცა ტაო-კლარჯეთი ქერჩის ნახევარკუნძულის სანაცვლოდ გადასცა თურქეთს, ისე, თითქოს იგი მათი მამა-პაპის ნასახსოვრები მიწა ყოფილიყოს.

  მოვრჩი ლექსს და მოვემზადე შერცხვნილი თანაკლასელების საპასუხო დარტყმის მოსასმენად.

- მე ყაზბეგზე ვთქვი არ არის - მეთქი, თორემ ხევი კი ვიცოდი, რომ იყო ლექსში ნახსენები.- ასე დაიწყო თავის მართლება ცხაკაიამ.

- კი, რა თქმა უნდა, იცოდი. - ვუპასუხე ირონიულად.

- კარგი ზურა მადლობა ლექსისთვის დაჯექი და გადავიდეთ შემდეგზე. - ხმამაღლა მომმართა მასწავლებელმა სიტუაციის განსამუხტად.

- კარგი ,,მას’’ - ვუპასუხე და უკანმოუხედავად დავიწყე დაჯდომა, თუმცა უცებ ზურგს მიღმა ჩემი სკამის გაწევის ხმა გავიგონე . როგორც ჩანს, ხალიჩავას ჩემი ძირს დაგდებით სურდა შურისძიების წყურვილის დაკმაყოფილება და ვერც ეს მივართვი. მივბრუნდი,სკამი თავის ადგილას დავაბრუნე და ისე დავჯექი მასზე, როგორც გამარჯვებული მეფეები ესვენებოდნენ ხოლმე თავიანთ ოქროს ტახტებში დამღლელი ბრძოლებიდან ახლად დაბრუნებულნი.

ბავშვებმა თავიანთი ამბების მოთხრობა განაგრძეს . სანდრიკამაც გვიამბო თავისი ზაფხულის ისტორია, ოღონდ ჩოხატაური რომ ეხსენებინა, ჯერ ორი წლის წინანდელი ამბავით დაიწყო და შემდეგ გადავიდა ამ ზაფხულის კახეთის ისტორიებზე. ამასობაში მეც დავიღალე. დავუწყე საათს დაჟინებით ყურება და გულში უკუღმა ვითვლიდი წუთებს. ბოლო გაკვეთილი იყო ქართული, ამიტომაც ერთი სული მქონდა, როდის მოვწყდებოდი ამ მტანჯველი, თუმცა ზოგჯერ თბილი საპყრობილის ყვითელ კედლებს, რომელში გასატარებლადაც მთლიანობაში თორმეტი წელი მქონდა მოსჯილი. თანაც ვიცოდი, რომ ამინისტიის გადახალისებული კანონი ჩვენ არ შეგვეხებოდა და კარგი ყოფა - ქცევის მიუხედავად მაინც მომიწევდა დარჩენილი წლების ამ სკოლაში გატარება. მე კი გასაქცევად გამზადებულს, ჩანთა უკვე ორი გაკვეთილია ჩალაგებული მქონდა. სკამიდან ოდნავ წამოვდექი და ძირს დაგდებული ჩანთის ასაღებად დავიხარე. ხალიჩავამ ისევ სცადა ხელსაყრელი მომენტით სარგებლობა, თუმცა მოძრაობის დაწყებისთანავე გავხედე, ჩანთას ხელი დავტაცე, კალთაში ჩავიდე და ისე სწრაფად დავჯექი სკამზე, ნიუტონს რომ დაენახა აუილებლად იფიქრებდა, რომ ჩემს საჯდომსა და სკოლის სკამს შორისაც იყო ყველაფრისგან დამოუკიდებელი საკმაოდ ძლიერი მიზიდულობის ძალა, თუმცა არა ისეთი ძლიერი, წამოდგომისას სკამიც თან რომ მოგყვებოდეს. ნელ-ნელა დავიწყე მარცხენა ხელის გაყრა ჩანთის საზურგეში, თან ხელი ისე გავიწვდინე გასწვრივ, ბენაშვილმა იფიქრა თავში წამორტყმას მიპირებსო და თავდაცვის მიზნით შორს ისე გადახტა, ვფიქრობ არც ეს მოვლენა იქნებოდა უინტერესო ფიზიკოსებისთვის ან ფსიქოლოგებისთვის მაინც. ოღონდ, რა თქმა უნდა, ჩვენი სკოლის ფსიქოლოგს არ ვგულისხმობ. მისი ინტერესის სფერო მხოლოდ ორი რამით შემოიფარგლებოდა. პირველი რუსულისა და სპორტის მასწავლებლების სასიყვარულო ურთიერთობები იყო, რომელსაც ექიმთან განიხილავდა ყოველ ორ დღეში ერთხელ. მეორე ინტერესის დასაკმაყოფილებლად კი რას აღარ აკეთედა, მაგრამ ვერა და ვერ გაეგო. ბოლოს კი,როდესაც ძალიან გაწამდა პირდაპირ ჰკითხა ექიმს:

-ნანა ექიმო, ცოტა უცნაური კითხვა უნდა დაგისვათ, თქვენი აზრით ყველაზე სწრაფად რამდენ ყლუპსა და რამდენ წამში შეძლებთ ახლად მოდუღებული ყავის დალევას, სულის შებერვის გარეშეო.

ექიმი გაკვირვებული თვალებით შეეგება ამ ცოტა კი არა ძალიან უცნაურ კითხვას და გაიფიქრა: ეს ფსიქოლოგები ცოტა ვერ არიან, ხო იცი შენო.. მაგრამ ესეც თუ ასეთი დარეხვილი იყო ნამდვილად არ მეგონაო... რა უნდა უპასოხო ახლა ამას, ნეტა ნამდვილად მეკითხება თუ მაშაყირებსო? არა ნამდვილად მაშაყირებსო. - საგონებელში ჩავარდა ქალი, თუმცა როდესაც თანამშრომლის სერიოზულ სახეს მეტი ყურადღებით დააკვირდა მიხვდა, რომ ფსიქოლოგი არ ხუმრობდა. ამიტომაც გადაწყვიტა სტანდარტულად ემოქმედა და უპასუხა: - შორენა კატაბალახის წვეთებზე რა აზრის ხარ, არ გინდა ოცდაათი წვეთი დავლიოთო.

ნანა ექიმს ძალიან უყვარდა კატაბალახის წვეთებით მკურნალობა. ერთხელ მარტიაშვილმა დაჭერობანის თამაშისას ოთახში შემასწრო და კარების მოხურვა დაიწყო. მე გადავწყვიტე ხელი შემეშალა ამ პროცესისთვის და მარცხენა ხელის ორი თითით შევქმენი უძლეველი ბარიერი, რამაც ნამდვილად გაამართლა და დარჩა კარი დაუხურავი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემს საჩვენებელსა და შუა თითზეც კარგად იმოქმედა ამ ჭკვიანურმა ხრიკმა. ვანახე სისხლი მასწავლებელს და ვთხოვე ექიმთან გავეგზავნე. მასწავლებელმა მირჩია ჯერ წყალზე ჩავსულიყავი, დამებანა და შემდეგ ავსულიყავი ექიმთან. ასეც მოვიქეცი ჩავირბინე დაბლა, ონკანი ბოლომდე მოვუშვი და უსიცოცხლოდ შევუშვირე თითები წყალს. როდესაც გავიაზრე, რომ ნიჟარიდან ასხლეტილი წვეთებით თანდათან სულ მთლად ვსველდებოდი, გადავწყვიტე წლისთვის მომეკლო, მაგრამ ამან დიდად არ მიშველა. ასე, ჩემი ცხოვრების დაახლოებით სამი უაზრო წუთი გავატარე, მაგრამ ნამდვილი უაზრობის არსს ექიმთან შესვლის შემდეგ მივხვდი. ამჯერად მარტო იყო ექიმი და გაუხარდა ჩემი დანახვა.

- აბა რა დაგვემართა - შემეკითხა მზრუნველი ხმით.

- კარებში ჩამყვა და ცოტა გავიჭერი - მივუგე თავჩაქინდრულმა, თან ორი თითი სახესთან ახლოს მივუტანე, კარგად რომ დაენახა.

- ოჰ, ეს არაფერია. ახლა მე შენ მოგცემ ვალერიანის ორ ტაბლეტს, ჩაირბენ წყალზე, დაგხვდება ჭიქა, ჩაასხავ წყალს, ჩაიდებ პირში წამალს და წყალს მიაყოლებ. შემდეგ კი შეგიძლია კლასში აბრუნდე. - მომცა ინსტრუქცია და მეც უსიტყვოდ შევასრულე იგი ნაბიჯ-ნაბიჯ, ოღონდ ჭიქაში არ ამივსია წყალი. დავიდე ენაზე ორივე ტაბლეტი და პირი პირდაპირ ონკანს შევუშვირე. მართალია სისხლი არ შეჩერებულა,თუმცა შემდეგ გაკვეთილზე საკონტროლოს წერაში არ შემშლია ხელი ( კიდევ კარგი მარჯვენა ხელი საღ-სალამათი მქონდა). უფრო საინტერესო კი აბულაძის ისტორია იყო. ბიჭმა ფეხბურთის თამაშისას ხელი მოიტეხა. მთელი სკოლა ისტერიამ მოიცვა. ბავშვებმა აირბინეს ექიმის კაბინეტში. ზუსტად ორ წუთში კი ექიმი შემორბის მოედანზე რიკარდო კაკას სისწრაფით. ცალ ხელში ნახევრად სავსე ჭიქა უჭირავს ოპტიმისტურად, მეორე ხელით კი ვალერიანის ოცდამეხუთე წვეთს უმიზნებს ჭიქას. აბულაძეს ძალიან გაუმართლა. კიდევ კარგი გამოჩნდა, თორემ ნანა ექიმის სწრაფი და ზუსტი ზომები რომ არა, ვინ დაალევინებდა ბიჭს კატაბალახას წვეთებს?! მერე ორი თვის მაგივრად ოთხი თვით მოუწევდა ხუთ კილოიანი თაბაშირის მარჯვენა ხელით თრევა… ამ ორი შემთხვევის რა ვთქვა, მაგრამ ახლა კი ნამდვილად მჭირდებოდა ვალერიანის წვეთები დასაწყნარებლად. ჩანთის საზურგეში მარცხენა ხელის წარმატებით გაყრას, არანაკლები სიყოჩაღით მოვაყოლე იგივე მოძრაობის მარჯვენა ხელითაც გამეორება. უცებ რაღაცამ წამომიარა და დავიწყე ფეხის ისე სწრაფად და ნერვულად მოძრაობა, რომ ჩემ წინ მჯდარი მერხზე თავდადებული დემეტრაძე სასოწარკვეთილებით გაიმართა და გაკვირვებულმა თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო. ამის დანახვისთანავე გავაჩერე ფეხი. თავაწეულმა საეჭვო რომ ვერაფერი დაინახა გვერდზე მჯდომ მეგობარს ახალგაღვიძებული ხმით ჰკითხა:

- მიწისძვრა შენც იგრძენი?

- არა მოგეჩვენა. - სრული სერიოზულობით უპასუხა გორგაძემ.

მანაც მხრები აიჩეჩა ალბათ მართალიაო და დაიწყო წიგნების ჩანთაში ჩალაგება. დემეტრაძის მსგავსად ნელ-ნელა სხვა ბავშვებსაც გადაედო ჩემი მოურიდებელი წამოწყება. ძირითადად ბიჭებმა დაიწყეს კლასიდან გასაქცევად სამზადისი. საათს გავხედე და თუ აქამდე გულში ვითვლიდი, ახლა უკვე ხმამაღლა დავიწყე უკუთვლა:

-ხუთი, ოთხი, სამი, ორი , ერთიიი - თუმცა ზარის ხმა არ გაისმა.

- ეს გაკვეთილი ხო ნახევარზე გამოდის? - იკითხა დაბნეულმა კუხიანიძემ.

პასუხს ზარის წკირალმა მოასწრო და აღარავის ეცალა თენგოსთვის პასუხის დასაბრუნებლად. არც თენგოს ეცალა ახლა პასუხების მოსასმენად, კიდევაც რომ ეპასუხათ მისთვის. ის უკვე იმ ზღვა ბავშვების ჯგუფს შეერთებოდა ჭყლეტვაში, გარეთ გასვლას რომ მთელი ძალით ლამობენ, თუმცა ვერცერთი ვერ გადის იმაზე ადრე ვიდრე, მაშინ გავიდოდა წესიერად, რომ ჩამდგარიყვნენ რიგში. ამ კარებსაც არ შეეძლო ამაზე მეტის შემოთავაზება. როგორც შეეძლო, გაშალა გვერდები, გაიხსნა გარეთ და უხმოდ მიანიშნა - ა ბატონო მოდით ყველანიო.

- ეე ნუ აწვებით რა - შ<