ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სილუეტს მიღმა

სილუეტს მიღმა

-         მოხვედი,დედა ?

-         როგორ მომენატრე, ჩემო!

 აღტაცებით შემომეხვია და ჩემს სახეზე გაჩენილ ღარებს დაუწყო ფერება მთელ სამყაროში ყველაზე თბილი ხელებით.  შევცქერი თვალებში და ვფიქრობ: «მისი ლერწამივით პატარა  თითები როგორ გაიზარდა, როგორ გაძლიერდა!  ეეეჰ!!!» გადამეტებული სიამაყით შევყურებ და უფრო და უფრო ვრწმუნდები ჩემი არჩევანის სისწორეში.

-         როგორ იმგზავრე? ხომ არ გაგიჭირდა  მგზავრობა? დედა, რაღაც გაფითრებული მეჩვენები.  მითხარი, რომ კარგად ხარ!

-          

-         კი, ჩემო საყვარელო, კარგად ვარ! მეტიც, ბედნიერი ვარ!  შენთან ვარ, რა მიჭირს?!

     წლებისგან გაბეჩავებული ჩემი ხელები ძლიერად მოიქცია თავის ბუმბულივით ხელებში და გაუთავებლად მესაუბრებოდა, სანამ მე არ შევაჩერე.

-         იოანე, შვილო, ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ! ახლა უკვე ვიცი, როგორ და რა გითხრა ამ საკითხზე. მინდა, ყველა კითხვაზე პასუხი გაგცე… შენი თითოეული ვარაუდი უარყო ან დავადასტურო…მაპატიე, აქამდე თავს ვარიდებდი… წლები დამჭირდა, ჩემო პირმშო, შენ წინაშე სრულიად გაშიშვლებული სულით წარსადგომად.

-         დედა! - და უხერხულად გაჩუმდა, თითქოს სიტყვებს არ მისცა უფლება, მის ბაგეებს გასცდენოდნენ.

-         გთხოვ, შემპირდი, რომ ყველაფერს ზუსტად ისე გაიგებ, როგორც მე გეტყვი. არავის შეიძულებ და მაპატიებ!

-         რატომ საუბრობ ასე, დედა? - ბრაზი და ცნობისმოყვარეობა არეოდა ხმაში.

-         გთხოვ, დამპირდი!

წამიერი ყოყმანის შემდეგ მითხრა:

-         გპირდები!

გული განსაკუთრებით მიცემდა. მთელი გზა, წლები ამ დღისთვის ვემზადებოდი. ვამზადებდი სულს, აზრებს, ფიქრებს, გონებას და დღეს, როცა უკვე აქ ვარ, მიჭირს. მეტიც, სიტყვებსაც ვერ ვუყრი თავს, რომ დავიწყო.

-             შვილო, შეეცადე არ შემაწყვეტინო. ბნელი ოთხმოცდაათიანების სუსხიან თებერვალს, დიდთოვლობის ჟამს, მოვევლინე ამ წუთისოფელს. ჩემს დაბადებას დიდი ჟრიამული მოჰყოლია. დიდ სიყვარულში გავიზარდე. სიყვარული, ყურადღება, წარჩინება, წარმატება იყო ჩემი თანმდევი მთელი ბავშვობა. მერე იყო ჩვენი ძვირფასი ანამარიას გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში. სწორედ, ამ ეპიზოდიდან  იწყება დაუსრულებელი  ქარტეხილები ჩემს ცხოვრებაში. დღეები ერთმანეთს მიჰყვებოდა, ერთს მეორე ცვლიდა: ზოგი ათასი ფერით გაჯერებული, ზოგი კი უფერული.

    თითქოს ერთი ახალი დღე გათენდა. მზე ჯიუტად ანათებდა ჩემს სარკმელთან. განსაკუთრებული სიხალისით ავდექი. მიყვარდა ეს დღე და დღესასწაული - ოცდარვა აგვისტო, მარიამობა. იმ დღესაც არ შეცვლილა ჩემი ჩვეული რუტინა - ისევ სამსახურისკენ მივიჩქაროდი. დავიწყე მომზადება, ვგრძნობ განუსაზღვრელ ენერგიას და  სულში მოკეკლუცე გაურკვეველ გრძნობას, რომელიც რაღაც განსაკუთრებულისთვის მამზადებს. ვაღებ კარადას… ვხედავ ლამაზად დაკიდებულ შავ კაბას… ვიცვამ… საოცრად ერწყმის ჩემს გარუჯულ სხეულს…თავი მომწონს,მეტიც, ამაყადაც კი ვიყურები… მხიბლავს ჩემი ანარეკლი სარკეში… მინდა, გულ-მკერდი მიჩანდესთმებს ვიწევ, ვიცვამ შესაფერის ფეხსაცმელს და ჩქარი ნაბიჯებით გავდივარ  სახლიდან. მივდივარ და ვგრძნობ, როგორ ვაფრქვევ რაღაც უცნაურ გრძნობას. თითქოს ბედნიერების ნაპერწკლები მცვივა თვალებიდან... ცაც თაზე დამფოფინებს… ირგლივ ყველაფერი მიღიმის  და,აი, უკვე ფიქრებში გადაკარგული, ვაღებ სამსახურის კარებს.

     დღე სრულდება, მე კიდევ საოცარი ენერგიით დამუხტული და, როგორც უკვე გითხარი, სხეულში მოკეკლუცე გაურკვეველი გძნობით სავსე მივდივარ მეგობართან. მიკვირს, რა ხდება ჩემს თავს, რა მიხარია?! ნუთუ, წინ მელის ამ განწყობის შესაფერისი მოულოდნელობა?

     უკვე დადგა სახლში დაბრუნების დრო. ამ დღესაც უნდა დავუსვა წერტილი. მივდივარ სახლში, მაგრამ გული განსაკუთრებულის მოლოდინშია. ვგრძნობ თითოეულ ძარღვში გადასროლილ სისხლის დინებას. დღეს განსაკუთრებულად ლამაზია მზე, ეს ხეებიც კი, რომელთაა სილამაზე ამ ოცდაოთხი წლის განმავლობაში არასდროს შემინიშნავს. სოფიასთან მეგობრულ საუბარში გავერთე. მოულოდნელად მან  მანქანა გააჩერა და ვხედავ, გადადის.

-         გალა, გილოცავ დღევანდელ დღეს!  როგორ ხარ?

-         შენც გილოცავ!  კარგად ვარ, თავად როგორ ხარ?

     ცნობისმოყვარეგავიხედე უკან, თუმცა, დიდი მონდომების მიუხედავადაც, ვერ შევავლე თვალი, მაგრამ ცოტა ხანში დავინახე, ჩემკენ როგორ დაიძრა ორი სილუეტი. მე ეგრევე გავსწორდი… ახლა მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს გონებაში - ეს ის არის თუ არა, ვინც უნდა გამეცნო. ამ დროს იღება კარი და მიწოდებს ხელს… ვგრძნობ სისხლის გამძაფრებულ ჩქეფას…მის თაფლისფერ გუგებში ვხედავ ჩემს სახეს, გაბრწყინებულს.

 

-         ვერა, გილოცავ! გალა!

      

მიწვდის ხელს და მეც კეკლუცად ვაგებებ ჩემსას.

-         შენც გილოცავ!

-         სასიამოვნოა შენი გაცნობა.

              ჩვენს დიალოგს სოფიას კითხვა წყვეტს:

-         გალა, მზად ხარ სიყვარულისთვის?

             გაოცებული შევსცქერი სოფიას და თვალს ვაპარებ გალასკენ. მინდა, მისი პასუხი მოვისმინო და ისიც არ აყოვნებს:

-         ასეთი სიყვარულისთვის? - გადმომხედა და გააგრძელა, - რა თქმა უნდა!

             ვერ ვუძლებ მის გამოხედვას, უსაზღვრო სითბოს ვგრძნობ მისი თვალებიდან, სხეულიდან და ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. ვხვდები, რომ დიდი დრო დავკარგე მასთან შეხვედრის უარყოფაში. აი მიზეზიც, რატომაც ვარ დღეს ასე კარგად. მასავით არ გამიღიმია, მაგრამ ვგრძნობ, რომ მალე ძალიან ბედნიერი ვიქნები. ვხედავ, როგორ რჩება უკან თითოეული ტკივილი და ვიჯერებ, რომ ცხელი ზაფხულის მიწურულს გაზაფხულდა ჩემს სულში.

გადავწყვიტე, ამაყად დავიჭირო თავი და მისალმების მერე ვუბრუნდები ჩემს ადგილს. იცი, რატო? არ მინდოდა მის გვერდით დგომა. არ მინდა შემეტყოს, რაც ჩემს თავს ხდება. არ მინდა, ჩემმა სხეულმა გამცეს, რომელიც თრთის,  არ უნდა გაჩერება. ვხვდები, რომ სული მეხუთება... წარმოვიდგინე მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. ვითომ ჩემი მომავალი მეუღლეა!

 ასეთი იყო ჩვენი გაცნობა-გარიგება. ვუყურებ და ვხვდები, რომ საუბრის მანერა, ხმის ტემბრი -  ეს ის არის, რამაც გული გამითბო. წასვლა არ მინდა. ვხედავ, ისიც რომ ვერ მიდის. უნდა,რომ  იდგეს ჩემს წინ და მესაუბროს….მესაუბროს… ოღონდ ჩემი ხმა გაიგონოს  და დაუსრულებლად მომისმენს, თვალებს ვერაფერს უხერხებს, ვგრძნობ მის დაჟინებულ მზერას ჩემს სხეულზე. ცოტათი მეუხერხულება კიდევაც, თუმცა მსიამოვნებს. უკვე დავიძარით და კმაყოფილი ვარ -  ვიცი, მასაც არ უნდოდა წასვლა.

-         ვერა, გალას შენთან ურთიერთობა უნდა და მისცემ უფლებას?

ჩამეღიმა. ეგ ხო ისედაც ნათელი იყო. გასცა თვალებმა, საქციელმა.

-         კი, რატომაც არა. ისე, არა უშავს… ალბათ, გავუგებთ ერთმანეთს.

-         არა უშავს?

-         ხო, დიდი არაფერი, მაგრამ ვინაიდან შენ მეუბნები, რომ კარგი ადამიანია, გენდობი.

-          

და აი, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დგება. ის ჩემი დღის წესრიგის უმთავრესი წევრი ხდება. ალიონზე მისი «დილა მშვიდობისა“  ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ვგრძნობ, როგორ ცდილობს თავის საკუთრებად მაქციოს. დილა სხვანაირად თენდება. ჩემი უფერული, შავ-თეთრი დღეები,ვხვდები, რომ ფერთა პალიტრით ჩანაცვლდა. ყოველი დღე ახალი ფერით ივსეა და ვგრძნობ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ! რამდენიმე დღეა გასული და უკვე ერთმანეთის ფიქრებში დავხეტიალობთ:

 

-         იცი, შენსავით არავინ მელოდება. არავინ დაინტერესებულა აქამდე ჩემი დამღლელი დღით, რომელიც გამთენიისას სრულდება. არვის უზრუნია ჩემზე ისე, როგორც შენ.

-          

-         გინდა თქვა, გალა, რომ ეს დღეები სულ ასე გვიან დასრულდება? - მახსოვს, როგორ ეგოისტურად დავეკითხე.

-          

-         არა, როცა შენ იქნები ჩვენს სახლში, აქაურობა, ვეჭვობ,  აღარც მომინდება, მეტიც...  ვერა, ხვალ მინდა გნახო, ჩვენ უნდა ვისაუბროთ.

    ავნერვიულდი. იცი,  რამდენი წელი იყო გასული ბოლო პაემნიდან?!  ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო. ღმერთო, ნუთუ, ეს ჩემს თავს ხდება? -  გაკვირვებული ვეკითხებოდი საკუთარ თავს. ისევ ქალად ვგრძნობდი თავს, ისევ ვალდებული ვხდებოდი, ჩემი გულისწორისთვის მეცხოვრა და არა მეარსება. ჩემი თვალებიდან ბედნიერება ჩქეფდა.

     დადგა ის დღეც. ჩვენ ერთმანეთს უნდა შევხვდეთ . კოლექტივის მეგობრული ვახშმიდან მინდა გავიპარო. არ მინდა, ჯერ ვინმემ გაიგოს ჩემს საიდუმლოზე, მინდა ის მარტო ჩვენ ორს გვეკუთვნოდეს. და, აი, ვიმიზეზებ მომლოდინე ტაქსს და სწრაფად ვდგები სუფრიდან. თავბრუსხვევით მივთრევ ფეხს ლიფტამდე. ვხედავ, როგორ იცვლება ციფრები:  6, 5, 4, 3, 2, 1 და უკვე ადგილზე ვარ. ვგრძნობ, მეშინია, თან ძალიან,მაგრამ ვხედავ მის თვალებს და ეს შიში, თრთოლა , ყველაფერი ერთმანეთში ირევა და წამიერად ქრება.

-         საოცრად გამოიყურები, - შემომანათა თავისი ნუშისებრი თვალები.

-         მადლობა !  - დარცხვენილად, აკანკალებული ხმით ვუპასუხე, მაგრამ ვცდილობდი მას არ დაენახა.

-         მოდი, ყავა დავლიოთ!

-         სიამოვნებით.

-         ადგილი შენ აარჩიე.

-         მე?

-         კი, შენ.

-         იცი, ღამე ზღვა საოცრად ლამაზია.

-         გრილა და რომ შეგცივდეს? მეც ძალიან მიყვარს, წავიდეთ.

    გავუდექით გზას. ძალიან მინდა,ხელი ჩამკიდოს და, აი, ისიც - ხელზე თავის ლერწამივით თითებს მახებს და მელამუნება. ნერვიულობისა და გაურკვეველი შიშისგან გაყინული ვარ. ღამემაც თითქოს ჩვენს გრძნობებს მხარი აუბა, ზღვაც საოცრად წყნარია.  კაშკაშა მთვარე საყვარლად დაჰყურებს საოცრად მშვიდ ზღვასა და ზღვისპირას მოსეირნე ორ შეყვარებულ ადამიანს…

 

გადავწყვიტეთ ზღვის ქაფს შევრწყმოდით. ხელიხელჩაკიდებულნი ვსაუბრობდით ერთმანეთზე. უცებ წელზე  შემომხვია ხელი, შემომატრიალა და მეუბნება:

-         ვერა, მე მინდა შენზე ვიზრუნო!

-         რას ნიშნავს «ჩემზე იზრუნო»? - ღიმილით ვპასუხობ, თან სიახლოვისგან შექმნილი უხერხულობით თვალებში ვერ ვუყურებ. ნიკაპთან ვგრძნობ მისი თითების შეხებას, მეც ჩემდაუნებურად მივყვები მისი ხელის მოძრაობას და მისი თვალების წინ ჩერდება ჩემი თვალები. ვგრძნობ მის სუნთქვას, ის კი  აგრძელებს:

-          

-         დიახ, მე მინდა შენზე ვიზრუნო. ვიზრუნო, როგორც ქალზე, ჩემს ქალზე. მინდა ყველაფერი მოგცე, რაც გჭირდება.

      ვცდილობ თავი დავიძვრინო. ვიცი, სახეზე ყველაფერს შემატყობს. (ეჰ, გამცეს თვალებმა!)  ის არ მაძლევს უფლებას, თავი დავხარო, კიდევ უფრო მიზიდავს თავისკენ.. ახლა უკვე მის მკლავებში ვარ, გულმკერდთან ახლოს, მესმის მისი გულისცემა და ვგრძნობ მის აფორიაქებულ სუნთქვას. ვიცი, ვიცი, ჩემი გულიც ლამისაა ამოვარდეს და მასაც ესმის ეს ყველაფერი. ვიცი, მაგრამ ის არ ჩერდება, უფრო ახლოს მოდის და უფრო გახშირებულად ვგრძნობ მის სუნთქვას. ვიცი, ვერ გავუძლებ ამ ყველაფერს. მინდა გავიქცე, მაგრამ იმდენად ძლიერად ვყავარ მოქცეული მკლავებში , უძლური ვარ. ის არ ჩერდება, კიდე უფრო ახლოს მოდის და გამოსავალს თვალების დახუჭვაში ვხედავ. მეც დავხუჭე, ემოციების ქარცეცხლით დაღლილი, ვნებდები. ვნებდები და ვიცი, რომ კიდევ უფრო ახლოს არის. ვგრძნობ, როგორ მეხება მისი ტუჩები ბაგეზე და ვიცი, რომ უკვე უძლური ვარ მასთან. ისიც არ აყოვნებს და ბოლომდე ეწაფება ემოციებისგან გამომშრალ ტუჩებს. თითქოს წამით ირგვლივ ყველაფერი ჩერდება, თითქოს ზღვამაც შეიგრძნო ჩვენი ამბორი. უცებ მესმის ყურში ხმა:

 

-         შენ ჩემი ხარ!

 

       მე ხმას ვერ ვიღებ. მხოლოდ მინდა, ახლა მის გულმკერდს ბოლომდე მივეყრდნო და კარგად მოვუსმინო მის გულს. ის ცდილობს ჩემი გაყინული თითები თავის ხელებში მოაქციოს და გაათბოს. ვიცი, რომ რაღაც დაუსრულებელს, დიადს ვიწყებთ ახლა ჩვენ ორნი. მან შეცვალა ყოველი დღე და წამი, თითქოს ჩემს ცხოვრებაში არსებული კანონზომიერება დაარღვია. ყოველგვარი საზღვარი მოშალა და ახლა უჯებიროდ დარჩენილ სივრცეში ერთად ვბოგინებთ. ზოგჯერ მგონია, რომ ეს ყველაფერი იმაზე მეტია, ვიდრე ვხედავ... ყოველ დღეს მისი ფერი ავსებდა. ფერი უჩვეულოდ მოკაშკაშე. ვნებებით სავსე დღეები. ამბორიც კი მთვარემ გვიკურთხა, ყველაზე იდუმალმა. საოცარი შეგრძნებებით ავივსე და ვეღარც ვფიქრობდი სხვა რამეზე.

 

        მახსოვს თავისი დაბადების დღე როგორ აქცია ჩვენს დღედ. წინ მედიდური მთებით გარშემორტყმული, ყველაზე ფერადი რაჭა გველოდა. იგი თითქოს ემზადებოდა ჩვენს შესახვედრად. შემოდგომის სურნელი მძვინვარებდა ირგვლივ. გადამწიფებული სამყარო თითქოს მხოლოდ ჩვენ ორისთვის სუნთქავდა.  გავსცქერი ჩვენ წინ გადაშლილ საოცარ პეიზაჟს. მდუმარე შაორი თითქოს რაღაცის თქმას ცდილობს.

        მზე გადაიწურა. დაღამდა.  მახსოვს, ის ზღაპრული ადგილი, სადაც დავბინავდით. ვგრძნობდი, როგორ შეკრა პირი ცა და მიწამ ჩვენთვის. პატარა მრგვალი მაგიდა იდგა ჩვენს შორის. როგორ უხდებოდა შავი ღვინით სავსე ჭიქები!  გაუგონარ სილამაზეს ქმნიდა ეს ორი.

        ვიცოდი, რომ ესმოდა ჩემი გულისცემა და ხვდებოდა, რომ თითოეული ეს ბიძგი მხოლოდ მას ეკუთვნოდა. თითოეული სიტყვა, რაც კი მისგან მესმოდა, ჩემს სულს აფორიაქებდა. მეშინოდა, ოღონდ არ ვიცი, რისი... მახსოვს, როგორ დავღალეთ ღამე ჩვენი საუბრით. დრო იყო ძილის, მაგრამ კარის შეღებისთანავე, როგორც კი ზღურბლს გავცდებოდი, ვიცოდი, რომ მასთან უძლური ვიქნებოდი და ვერაფერს გავხდებოდი.   ფიქრები საკეტის ხმამ დამიდასტურა თითქოს.

ვიგრძენი წელზე მოთამაშე თითები,  რომლებიც იმ წამს ყველაზე ნაზი მოძრაობით გამოირჩეოდა. თვალები დახუჭე, თითქოს ჩამოწოლილი სიბნელე დამეხმარება და ნაკლებად შესამჩნევი გახდა ჩემი სახის სიფერმკრთალე. ვგრძნობ, როგორ მიახლოვდება სილუეტი.

მისი ღრმა სუნთქვიდან ამოხეთქილი თბილი ჰაერი სასიამოვნოდ მომეალერსა გამომშრალ ტუჩებზე. ვიცი, რომ უნდა გადავწყვიტო, როგორ მოვიქცე. მაგრამ მე უმწეოს, გრძნობებსა  და ვნებებში გათოშილს,  მთელი სხეული მიცახცახებს. თვალს ვახელ და ჩემ წინ ყველაზე მოელვარე თვალები ანათებს. თითქოს მთხოვს, დავნებდე და არ გავაფუჭო ეს ნანატრი წამი. კულმინაცია, ალბათ, მისი ფერმკრთალი ტუჩების შეხება იყო. გაშმაგებული მზერა, საიდანაც საოცარი წყურვილი გამოჰკიოდა. მისი თვალები არ ჩერდება. ახლა ის უკვე ჩემს წინ დგას და მხედავს, სრულიად გადაკარგულს ვნებებში. ვგრძნობ, როგორ აცლის მისი მზერა ჩემს სხეულს სამოსს და ჩემი აბრეშუმის კაბა როგორ სრიალდება მხრებიდან…  ჩემ წინ  ყველაზე ნაზი, მოსიყვარულე და ფრთხილი მამაკაცი იდგა, რომელიც არ წყვეტდა ჩურჩულს, თითქოს დაუსრულებელ საიდუმლოს მიმხელდა, რომელსაც ეს ესაა აეხადა ფარდა.

ჩვენი შერწყმა საოცარი იყო, სავსე ემოციებით, ვნებებით, გრძნობებით. წარმოიდგინე, ერთმანეთზე უაზროდ შეყვარებული ქალ-ვაჟი, რომლებიც რამდენიმე წამის წინ ერთნი გახდნენ. ვიცოდი, ამ წამიდან ყველაფერი სხვაგვარად დაიწყებდა სუნთქვას, ნათებას, მოძრაობას. მიხაროდა და თან მეშინოდა დიდი ბედნიერების. აბა, როგორ შევძლებდი ამის ტარებას?! უცაბედი შიში გამიჩნდა მისი დაკარგვის.

        იმ საღამომ ყველა მომდევნო დღე თავდაყირა დააყენა. ჩვენი ვნებები ძლიერდებოდა. თითქოს ყოველი დღე რაღაცას ვუახლოვდებოდით, ყველაზე მნიშვნელოვანს, გარდამტეხს. გრძნობა და ვნება ერთმანეთს ეჯიბრებოდა და ჩვენ ორნი მათი შეჯიბრების მაყურებლები ვიყავით. მინდა, კარგად დაინახო, ჩემო შვილო , და იგრძნო, თუ რამდენად დიადი დღეები იყო. ერთ დღეს მეორე  ცვლიდა. რამდენჯერ დაგვთენებია  თეთრად. ის ფიქრი, რომ რაღაც უნდა  მომხდარიყო, არასოდეს მტოვებდა, სულ ჩემთან იყო. თითქოს რაღაც საზეიმოდ უნდა გამეგო.

       დადგა ეს დღეც. დღე, რომელმაც ყველაფერს წერტილი დაუსვა. სრული დისონანსი - ჩემი გალა სხვასთან დავინახე!

იმ თითებს, რომლებიც  ოდესღაც მე მეკუთვნოდა, ახლა სხვას დაპატრონებოდა.

 

      მეტკინა, ძალიან მეტკინა. ცა ჩამოიქცა თითქოს. ირგვლივ გაიყინა გარემო. წარმოიდგინე, ჩემი სარეცლის გამზიარებელი მოღალატე იყო! მეგონა, იქ დასრულდა ჩემი ლამაზი ზღაპარი, ცუდად, მაგრამ დასრულდა. აღარ მინდა მოგიყვე, ჩემს სულს როგორ სტკიოდა თითოეული უჯრედი,  როგორ ღაფავდა სულს ჩემი გრძნობა, რომელსაც უღალატეს. სიმართლე გითხრა, არ ველოდი ასეთ დასასრულს. მაგრამ ისევ გათენდა. გათენდა უკვე ტკივილთან ცხოვრებანასწავლვერასთვის. მას ყველგან ვეძებდი, მინდოდა მენახა მისი თვალები, განსხვავებული, მხოლოდ მისთვის სახასიათო ნაკვთები. ვეძებდი დაუოკებელი სურვილით. ვნატრობდი მისგან ნაჩვევ რუტინას. მისი ხმა ენატრებოდა სულს. მიკვირდა, როგორ შეძლო ჩვენი სიყვარულის, თავისი თანამოაზრის, ჩვენი მოგონებებისა და ემოციების ასე მიტოვება. ყელში ბურთივით მეჩხირებოდა ცრემლები…მენატრებოდა ყველა ჩვენად წოდებული ადგილების ნახვა,  მასთან ერთად ვახშამი, სადილი. მენატრებოდა მისი მომზადებული ყავის სურნელი. მაკლდა ჩემი და მისი დრო. დრო, რომელმაც ყველაზე სასიამოვნო ისტორია შექმნა და დაგვიტოვა მოგონებებად.

      იცი, ბევრჯერ გვისაუბრია, თუ რამდენი რამე შეიცვლებოდა, როცა ერთ ჭერქვეშ მოვექცეოდით. ჩვენ სრულიად სხვა ვიყავით, სხვაგვარად შეყვარებული წყვილი. წყვილი, რომელსაც ერთხელ დანახვა ეყო დიდი და მხურვალე გრძნობის შესაქმნელად. სხვაგვარი სიხარული იყო მასთან გატარებული წუთები. დაუღალავად ვზრუნავდით ერთმანეთზე, მეტიც, თითქოს ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, რომელი უკეთესად გავართმევდით  დავალებას თავს. ამ ყველაფრის მერე მიჭირდა მისი ქცევის დაჯერება, გათავისება, მიღება. ვეპოტინებოდი ათას მიზეზს. ხან ვამართლებდი, ხან კიდევ, პირიქით. ზოგჯერ, საწოლზე მიგდებული,  ჩემს თავთან ვმართავდი  დიალოგს, თუ რა გავაკეთე არასწორად. ძილიც კი გამიუცხოვდა, თითქოს განმერიდა. მიტოვებულს, სხეული მეყინებოდა ტკივილისგან. გაუცნობიერებელი გრძნობები და განცდები ირეოდა ერთმანეთში. ფერადი დღეები თითქოს სადღაც გაქრა. ყოველდღიურობაში გაბატონებული ერთფეროვნება სულს მიხუთავდა. დღეს ღამე ცვლიდა. ისევ ისე ამოდიოდა მზე. ისევ აყვავილდა გარემო. იღვიძებდა ღრმა ძილში მყოფი  თითოეული ბინადარი. თითქოს მათთვის არც არაფერი შეცვლილა. მეტიც. არც კი დარღვეულა კანონზომიერება. ვხედავდი, ჩემს სარკმელთან მოსახლე ატმის კვირტები როგორ სკდებოდა. ირგვლივ გაზაფხულის სუნი ტრიალებდა, ხოლო ჩემს გულში ცივი, პირქუში ზამთარი დამდგარიყო. ხელში შემრჩა ფოთლებგაცლილი, კენტად დარჩენილი გრძნობა, რომელიც თვეების წინ ზუსტად ისევე ყვაოდა, როგორც ახლა ნუში ბაღში. მშურდა კიდეც მათი სიკეკლუცის, როგორი თამამები იყვნენ.

       იცი, შვილო, მაინც სადღაც გულის პატარა ნაწილში ჯიუტად მჯეროდა მისი დაბრუნების. ღრმად მწამდა, ჩვენ ასე ვერ დავამთავრებდით . გაზაფხულიც მიიწურა… მე კი ჩემი ფიქრები დაუღალავად მეჩურჩულებოდნენ გალაზე. მარწმუნებდნენ, რომ ჩვენ გავგრძელდებოდით, ჩვენ არ გვქონდა უფლება, დაგვეხურა ჩვენი წიგნი. ეს ისტორია უნდა გაგრძელებულიყო.

      ჩემი ურჩი ფიქრები გამართლდა და ის დღეც გათენდა.მესმის ტელეფონზე შეტყობინების ხმა. ახლა უკვე ვიცი, რომ ეს ხმა საბედისწერო შეტყობინების მაუწყებელი იყო:

 

-         როგორ ხარ?

       ნანატრი შეტყობინებაც გამოჩნდა, მაგრამ არ ვიცოდი, რა მეთქვა. იმდენი განცდა მომაწვა, ვეღარ ვარჩევდი, როგორ მეპასუხა. მეთქვა, თუ როგორი დიდი იყო მონატრება ჩემი მისდამი, თუ როგორ მტკიოდა მის გარეშე გატარებული თითოეული წამი, თუ მეკითხა , რატომ გახდა ასეთი... ბევრი ფიქრის შემდეგ კი გადავწყვიტე, მეგრძნობინებინა მისთვის მსუბუქად წყენაც, სიყვარულიც, მონატრებაც და მოლოდინიც.

 

-         არ გელოდი...

-          

-         მინდა გნახო, მომენატრე!

-          

-         კარგი! - დაუფიქრებლად დავეთანხმე, მონატრებისგან გაშმაგებული. მახსოვს, აზროვნებაც კი არ შემეძლო. ვფიქრობდი მხოლოდ მის სახეზე, სურნელზე და ამ ფიქრებში გართულს, მისი სილუეტი დამიდგა წინ, გაბრწყინებული თვალებით, ემოციებს ვერ მალავდა:

-          რა მშვენიერი ხარ! იცი, როგორ ანათებ?!

        სულგანაბული და სულგაყინული (დღესაც ვერ გამირკვევია ჩემი იმჟამინდელი  მდგომარეობა)  ვუსმენდი მის სიტყვებს და გაურკვეველი შიში, ინტერესი და სიყვარული მიპყრობდა. მიკვირდა, როგორ შეეძლო ასე ურცხვად ეყურებინა ჩემთვის. ვუყურებდი და ვერ ვცნობდი ყველაზე ახლო ადამიანს, ჩემს სანუკვარ გალას. ვერც ვუყრიდი სიტყვებს თავს, თუ რისი თქმა მინდოდა ან შემეძლო მისთვის.

        მონატრებისგან ანთებული თვალების ფერი  საოცარ  გამას ქმნიდა ვერცხლისფერ ქსოვილთან, რომელიც ტანზე მჭიდროდ მეკვროდა. ის ღამე იყო ვნებების და მონატრების ფოიერვერკი. ვნებისგან გათოშილ ორ სხეულს ისე სწყუროდა ერთმანეთი, ვერ ჩერდებოდა, მონატრებული ბაგეები ვერ წყდებოდ ერთმანეთს.  მახსოვს, ვიგრძენი, როგორ დარჩა ჩემს სხეულში რაღაც მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვიყავი, ეს რაღაც ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა.  უკვე ვგრძნობდი ამ სიყვარულის სიმწიფეს.

 

ალერსში გათენებული  ამ თეთრი ღამიდან გავიდა რამდენიმე ხანი. თითქოს გალა და ვერა ისევ შეერთდნენ, ისევ ძველ რუტინას დაუბრუნდნენ.

         ჩემს სარკმელთან მზემ ჯიქურად შემოანათა, თითქოს რაღაცას მანიშნებდა. ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს ვერ გამერკვია, ცხადი იყო თუ სიზმარი ეს უცნაური შეგრძნება. იმ დღიდან გაურკვეველი სისუსტე დამჩემდა. მახსოვს, ერთადერთ შვებას ძილში ვხედავდი. ჩემი შეგრძნება იმისა, რომ იმ საღამოს ჩემს სხეულში რაღაც ძვირფასი დარჩა,  გამართლდა. ხელები მითრთოდა სიხარულისგან, შიშისგან და რაღაც ამოუცნობი გრძნობისგან. ორსულად ვიყავი!

 

         ჩემს სხეულში გაურკვეველი ემოციები ანაცვლებდა ერთიმეორეს. ყველაზე ბედნიერ ქალს საზარელი შიში მზაფრავდა. მინდოდა მისთვის, გალასთვის, მეთქვა შენზე და ისიც გამეხარებინა. ვგეგმავდი, ვიგონებდი ათასგვარ შთამბეჭდავ ტექსტს, რომელიც ასახავდა ჩემს სულში ზმანებას. შვილო, ყველაზე დიდ სიხარულს მგვრიდა შენი გამოჩენა . საოცარ გრძნობას მიჩენდა იმაზე ფიქრი, რომ მე ისევ დედა ვხდებოდი.  უფალმა ისევ მომაბარა პატარა ადამიანი, რომელზეც მისი არსებობის პირველივე წამიდან უნდა მეზრუნა.

          გალასთან საუბრისას ყველა თემა ამოვწურე, ოღონდ ეს არ მეთქვა.განა გმალავდი? არა, ჩემო პირმშო, მინდოდა სწორად მიმეტანა ეს სიხარული შენივე მშობელთან. ის იყო ყველაზე ხანგრძლივი, ამაზრზენი, მრისხანებით, კაეშნით სავსე ზარი ჩემი და გალას ისტორიაში:

 

-         გალა, ფეხმძიმედ ვარ.

-          

        აი, ამ სიტყვებმა შეცვალა ეს ადამიანი. გარდატეხა მასში ყველა და ყველაფერი. ეგოისტი გალა შემრჩა ხელში, რომელიც ერთადერთი სურვილით იყო მომართული, ბავშვი არ უნდა დაბადებულიყო. შენ და მე არ გვქონდა უფლება, დაგვერღვია და ზიანი მიგვეყენებინა მისი ურთიერთობისთვის. ამ ურთიერთობის მეწყვილე  ჩემ მიერ ზემოთ ხსენებული გახლავს. ის საღამო ჩემი ცხოვრების ტრაგედიად იქცა. გაკვირვებულს, გატეხილს, სულში სილაგაწნულს, ფიქრი აღარ შემეძლო. მტკიოდა გალა, მტკიოდი შენ! არ ვიცოდი, ხვალ რა მოხდებოდა... ყველაზე საყვარელი ადამიანი ისე გაუცხოვდა, ისე შეიცვალა და ისე გაფუჭდა, წამიერი ზიზღი იჩენდა ხოლმე ჩემში თავს საკუთარი თავის მიმართ. ყოველი საათი მესმოდა მხოლოდ ერთი რამ - მე შენ უნდა მომეკალი. ცრემლებმა საკუთარი ღარები გაიჩინეს ჩემს ყვრიმალებზე. ვტიროდი გაუთავებლად, განა იმას რომ მე შენ მოგკლავდი, ვიცოდი რომ ეს არასდროს მოხდებოდა, არამედ მამაშენს! ის სხვა იყო, ბოროტი, დაუნდობელი და ყველაზე სასტიკი. მისთვის მიუღებელი გახლდა ჩემი დამოკიდებულება.იცოდა, მე არ დაგთმობდი. მე მჭირდებოდი შენ მხოლოდ და არა სხვა. მზად ვიყავი, ხელი ჩამეჭიდა ჩემი ორი სიმდიდრისთვის მტკიცედ და ყველაფრის ფასად დამეცავით. ის არ ჩერდებოდა, თავის  ჩვეულ რუტინას აგრძელებდა. შენ გამო რამდენი მუქარა, ლაძღვა მივიღე მისგან, მაგრამ წამითაც არ ვნანობ. მე სიცოცხლეს ველოდი, ის კი სიბნელეში რჩებოდა.

        ვერც ვუმხელდი ჩემს სიხარულს ვერავის, ვიცოდი, ვერავინ გამიგებდა. ამ იმედგადაწურულს მხოლოდ შენ მანუგეშებდი. ოცდაათი დღე ვიტანჯე, ათასმა წნეხმა ვერ გამტეხა. ერთ დღეს ისევ გალას შეტყობინება მოვიდა, მას სურდა ჩვენი ექიმთან მიყვანა და დეტალების გარკვევა, თუ რამდენად კარგად ვიყავით. აი, აქ მწარედ მოვტყუვდი, ჩემო ბიჭო. ის დღე იყო ჩემი სულის დასახიჩრების დღე. დღე, რომელმაც საზარელ შედეგამდე მიგვიყვანა. დღე, რომელიც სიცრუით გააჯერა გალამ და ჩემი ცრემლებით მორწყო. მისი შემზარავი ხმა, ჩემკენ დასარტყმელად გამოწვდილი ხელი არასდროს წაიშლება ჩემი გონებ