ძილის წინ არ წასაკითხი ზღაპრები
ძილის წინ არ წასაკითხი ზღაპრები
რომის პაპი, რომელმაც სული ეშმაკს მიჰყიდა
პროლოგი
ბილიკს მიუყვება უკვე გაჭაღარავებული ჰერბერტი, რომელსაც გვერდს ოტო მესამე უმშვენებს. ორი ცხოვრება ასე მჭიდროდ გადაბმული, მათი ბედი უკვე დიდი ხანია ერთმანეთს გადაება - ერთის დაღუპვა მეორის დაღუპვასაც ნიშნავს. ჰერბერტი კარგად იაზრებს ამ ყველაფერს, დიდწილად ხომ თავად ჩახლართა ეს, თუმცა მაინც ყოყმანობს ბოლო ნაბიჯის გადადგმას. ჯერ თავადაც ვერ იჯერებს რას სჩადის.
სანამ ჰერბერტი საკუთარ ფიქრებში დაძრწოდა და ერთ კეთილმოსურნე სახეს ეძებდა, ეკლესიასთან შეკრებილი ხალხი მას თვალს ვერ აშორებდა. სხვა დროს, ალბათ, ეს სანახაობა ზეთით ტილოზე გადმოსატანი იქნებოდა, თუმცა ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ხალხს აქაურობის გადაწვა სურს. აქაურობის თუ არა - ჰერბერტის მაინც. რა თქმა უნდა, როგორც სასულიერო პირებშია მიღებული, ამ ყოვლისმღრღნელ გრძნობას არავინ ავლენს და მხოლოდ თვალებით ანიშნებენ ერთმანეთს, რომ ამ არეულობის მომხრე აქ ოტონის გარდა არავინაა. სამწუხაროდ კი ისეა მიღებული, რომ იმპერატორს არ ეწინააღმდეგებიან, თუნდაც ეს იმპერატორი სუსტი, ლაჩარი და არაფრის მაქნისი ბიჭი იყოს.
ჰერბერტმა უკანასკნელი ნაბიჯი გადმოდგა და მას თავზე ახალგაზრდა ოტონმა გვირგვინი დაადგა. ამით სასულიერო პირებს ცხადუყო - ახალი რომის პაპი მოევლინა სამყაროს. ახალგაზრდობაში მიღებული სახელი, ჰერბერტი, უკან მოიტოვა და შეიფერა - სილვესტერ მეორეს სახელი. გაახილა თვალები და გაიაზრა, რომ უკანდასახევი გზა აღარ არის. კიდევ ერთხელ შეავლო თვალი სასულიერო პირებს, სამეფო კარის წარმომადგენლებს და ეკლესიისკენ შეტრიალდა. ჰერბერტი ეკლესიისკენ მიიჩქარის და ზურგს უკან რჩება გამოძახილები „ეშმაკი“ „სატანის შვილი“ “სამყაროს დამღუპველი”...
ეკლესიაში ის შველას ელოდება, თუმცა ჯერ არ იცის, რომ იქ მის მოლოდინში დგას ის, ვისი ხილვაც აღარასდროს სურდა. სულ რაღაც 1 წუთში ის დიდი ხნის ნაცნობს გადააწყდება, რომელმაც ასე ძალიან შეცვალა მისი ცხოვრება და მის წარსულს არაერთხელ მკვლელის დაღი დაასვა. თუმცა, სანამ ეს შეხვედრა შედგება, ჰერბერტს ჯერ კიდევ აქვს იმედი იმისა, რომ დღევანდელი დღე მშვიდად დასრულდება.
ბრბო თვალით აცილებს ახალბედა პაპს და ერთი სული აქვს გაჭოროს დღევანდელი ამბავი. ასე გაჩნდა ყველაზე უღმერთო პაპი, რომელმაც სული ეშმაკს მიჰყიდა. ასე ჩაიხლართა ბედის ძაფები, რომლის გაწყვეტაც დიდი ხნის წინ სურდათ.
ნაწილი პირველი
თავი პირველი
ქანდაკებებს რომ ამბის მოყოლა შეეძლოთ
ბნელი ოთახი. ნელ-ნელა ვეჩვევით წყვდიადს. საწოლთან ახალგაზრდა ქალი ზის. საწოლში კი პატარა ბავშვი წევს. პატარა და ლამაზი - დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დედა-შვილია. რაც უფრო დიდი ხანი ვაკვირდებით ბავშვს, მით უფრო მძაფრად შევიგრძნობთ რაღაც უცნაურს. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით 5-6 წლის იქნება მის თვალებში ზრდასრული გულგრილობა მოჩანს.
- ზღაპრის წაკითხვას დამპირდი. - ძალიან მკაცრი, მეტად მომთხოვნი ხმით ამბობს ბავშვი.
- მახსოვს, მაგრამ ზღაპრებისთვის უკვე ძალიან გვიანია.
- არ დავიძინებ, სანამ ამბავს არ მოვისმენ, შენ დამპირდი! -ჯიუტად განაგრძობს გოგო.
- მახსოვს, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ ფილმის ყურებას შევყვებოდით?
- შეჰყვებოდი გინდოდა გეთქვა, მე ფილმი სულაც არ მაინტერესებდა.
- ჰო, ჰო, კარგი, ჯანდაბას, ერთ პატარა ამბავს მოგიყვები - სიცილით ამბობს ქალი - დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონება!
- სულ ასე ხარ, მეუბნები, რომ ზღაპარს წამიკითხავ, მაგრამ მერე დებილობა ამბებს მიყვები, რომელიც გადაგხვდა ახალგაზრდობაში.
- არა, მართლა, ეს ამბავი განსაკუთრებით საინტერესოა და მე სულაც არ მეხება. დიდი ხნის წინ ბებიაჩემმა მიამბო და მსგავსი ჯერ არაფერი მსმენია. მეუბნებოდა, რომ სრული ჭეშმარიტებაა, რომელიც მრავალი საუკუნის წინ გადახდა ერთ უბედურ მამაკაცს.
- საიდან იცის რომ ნამდვილი ამბავია, თუ მრავალი საუკუნის წინ მოხდა?
- ეჰ, ვინ იცის, მხოლოდ სიტყვაზე თუ ვენდობით. მაშ, მზად ხარ?
- კი, დაიწყე.
- ქანდაკებებს საუბარი რომ შეეძლოთ უამრავ საოცარ ამბავს მოჰყვებოდნენ...
***
ქანდაკებებს საუბარი რომ შეეძლოთ, უამრავ საოცარ ამბავს მოჰყვებოდნენ. თუმცა, თუ გაჩუმდები და ყურს კარგად დაუგდებ, შეძლებ მათი სასოწარკვეთილი გოდების მოსმენას. ისინი არასდროს ჩუმდებიან, გამუდმებით ჰყვებიან საუკუნეების განმავლობაში ნანახ ამბებს.
მაშ, დროა უკან მოვიტოვოთ ხმაურიანი სამყარო, კომფორტულად ჩამოვსხდეთ და ყური ვუგდოთ. ზუსტად ასე, ერთხელ ერთმა ქანდაკებამ ერთი ამბავი მიამბო ბიჭზე, რომელმაც სული ეშმაკს მიჰყიდა და რომის პაპი გახდა.
ბორცვიდან პატარა დასახლება მოჩანს. მაღლიდან დავცქერით და აქედან ეს სოფელი ჩამკვდარ ორგანიზმს ჰგავს. დანგრეულ სახლებს შორის, არეულ ბილიკებს ძლივს მიუყვებიან ცხოვრებით დატანჯული ადამიანები. დიდი ხანია, რაც აქ სიღარიბე სუფევს. მევალეები ითვლიან მოსავალს იმის იმედად, რომ ამჯერად მაინც არ მოუწევთ ახალი ვალის აღება. გლეხებისთვის უკანასკნელი წლები განსაკუთრებით ცუდი პერიოდი იყო - გვალვა, გაფუჭებული მოსავალი და მწერების შემოსევა. ბედნიერების ერთადერთ წყაროდ სასმისი და თრობა შერჩენიათ.
ჩვენს ყურადღებას ყველაზე დანგრეული სახლი იქცევს. საჭირო ფანჯარას ვირჩევთ და მშვიდად ვეშვებით. აქ ახალგაზრდა, თუმცა უკვე მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, დღეს კი კიდევ ერთი ბავშვის მოვლინებას ელიან. მშობლებმა ჯერ არ იციან, რომ ეს ბავშვი სამომავლოდ ბევრ დიად საქმეს გააკეთებს და პირველი ფრანგი იქნება, რომელიც რომის პაპის წოდებას მიიღებს. ეს რომ სცოდნოდათ, ალბათ, ამ ბავშვს დაიტოვებდნენ კიდევაც, მაგრამ სიდუხჭირემ გადააწყვეტინა, რომ მას შემდეგ რაც ძუძუს გადაეჩვევა ბავშვს მონასტერს მიანდობენ.
რა დასამალია და სწორედ ასე მოხდა - წლინახევრის ბიჭი აღსაზრდელად მღვდლებს მიაბარეს. კეთილმა კაცებმა მას ჰერბერტი უწოდეს და ისევე, როგორც ყველა იქ აღზრდილს, დ’ორილაკის წოდებაც გადასცეს.
ბიჭი თანატოლების გარემოცვაში იზრდებოდა. აქ ისინი სწავლობდნენ სამყაროსთვის დამახასიათებელ სისასტიკეს. ზოგი ამ სისასტიკეს აყოლილი თავადაც სასტიკი ხდებოდა, ზოგი ეწირებოდა, ზოგიც კი ჰერბერტის მსგავსად ემოციაგამოცლილი რჩებოდა. ზუსტად თავადაც ვერ იტყვის, როდის მიხვდა, რომ ტირილი ან ზედმეტი სითბოს გამოხატვა კარგს ვერაფერს მოუტანდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის შემთხვევა დაამახსოვრდა, როცა სოფლის კიდეზე პატარა ლეკვი იპოვა.
ჰერბერტი არასდროს მეგობრობდა სხვა ბიჭებთან, ამიტომ ხშირად მარტო დაძვრებოდა სხვადასხვა ადგილებში. ზუსტად ასე იპოვა მიბმული და მიგდებული, სასიკვდილოდ განწირული ლეკვი. ჰერბერტმა ის თან წამოიყვანა და მონასტერთან ახლოს დამალა, რადგან იცოდა, რომ მონასტრის მღვდლები მიგდებულ ლეკვს არ დაატოვებინებდნენ. პატარა არსებას საკუთარ საჭმელს უნაწილებდა და როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა, მოსაფერებლად აკითხავდა.
ერთხელ, როცა ლეკვთან სათამაშოდ მივიდა, კუდში სხვა ბავშვები გამოედევნნენ. ლეკვი ჰერბერტის თვალწინ ჩაწიხლეს და ერთადერთი, რაც ჰერბერტს საპასუხოდ შეეძლო - ცრემლის ღვრა იყო. მღვდლებმაც ჰერბერტი დაადანაშაულეს მომხდარში, რადგან ცხოველს მონასტრის კედლებში არაფერი ესაქმებოდა. გარიყული ბიჭი კიდევ უფრო მეტად გარიყეს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ყმაწვილს ყურადღებას აქცევდა, ადალბერონი იყო. ჭაბუკი ცნობილი ვიგერჰიდების საგვარეულოდან იყო, მას დიდებულ მომავალს წინასწარმეტყველებდნენ. უდაო იყო, რომ ის მალე ეპისკოპოსი გახდებოდა, მომავალში კი რეიმსის აბატიც. გამხდარმა ყმაწვილმა, სევდიანი თვალებით და კეთილი ღიმილით, ძალიან მალე შენიშნა ჰერბერტის მახვილი გონება, ამიტომ საკუთარი ფრთისქვეშ შეიფარა.
ჰერბერტმა კი ის შენიშნა, რომ მისი გონება ფასობდა. მისი თანატოლები მის ფონზე გაქარწყლდნენ. ჰერბერტს ადრეული ასაკიდან ანდობდნენ ლათინურ და ძველ ბერძნულ მონოგრაფებს. თორმეტი წლისაც არ იყო, როცა ადელბერონმა გენიოსად შერაცხა და ყველას უცხადებდა, რომ ეკლესიისა და ღმერთის ბედი მის ხელში იყო. ვინ იფიქრებდა, რომ ეს სიტყვები წინასწარმეტყველებად იქცეოდა…
***
ჩაფიქრებული ჰერბერტი სამუშაო მაგიდასთან ზის და ხელში წიგნს ათამაშებს. წიგნს, რომელიც ადალბერონმა წლების წინ საჩუქრად გადასცა. გვერდზე წარწერით, "გეომეტრია". წიგნი ძლივსღა სუნთქვას, სულ გაცვეთილია და ლამისა ცალკეულ ფურცლებად დაიშალოს. როცა ფიქრისგან გამოფხიზლდა, წიგნი გვერდით გადადო და წერას შეუდგა.
ჰერბერტი სულ რაღაცაზე ფიქრობს და ყოველთვის წიგნებშია ჩაფლული. შეუძლებელი იყო ამ სწავლას მოწყურებული თვალების არ შემჩნევა, რომლითაც ჰერბერტი მათემატიკას და ლათინურს ეწაფებოდა. ყველაფერს კითხულობდა, ყველაფერი აინტერესებდა და რაც მეტს იგებდა, მით უფრო მეტი კითხვა ებადებოდა. ამიტომ, სულაც არ იყო გასაკვირი, როდესაც მას მათემატიკისა და ლათინურის ცოდნის გასაღრმავებლად ესპანეთში წასვლა შესთავაზეს. მაშინ ჰერბერტს უკვე 21 წელი უსრულდებოდა და ის ნელ-ნელა რეიმსის აკადემიაში მასწავლებლობისთვის ემზადებოდა. ამიტომ, სააბატოსგან შორს წასვლა საეჭვოდ ეჩვენებოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, რამდენიც არ უნდა ეფიქრა და რა გზებიც არ უნდა შეექმნა საკუთარი ცხოვრების გზაზე, ყველაფერი ერთ წერტილში იკვეთებოდა. ამ წერტილს “მეტის შეცნობას” უწოდებდა. ასეთი შესაძლებლობა ადამიანს იშვიათად ეძლეოდა. ახალ ცოდნასთან გამკლავების სურვილი მას აურილიაკში დარჩენის საშუალებას არ მისცემდა.
ასე, 967 წელს გრაფ ბორელ მეორესთან ერთად ქალაქ ვიკში მიემგზავრება, რომელიც ბარსელონასთან ახლოს მდებარეობს. წინ გრძელი გზა ელით, თუმცა მარტი მოწყალე აღმოჩნდა და მათი მგზავრობა კომფორტული ამინდით უზრუნველყო. ესპანეთის კაშკაშა მზე ხარბად შეეგება სხივებმოკლებულ ფრანგებს.
ეტლი მთელი გზა ჯაგჯაგებდა, რის გამოც ხედი, რომელიც ფანჯრიდან მოჩანდა, უსწორმასწორობის მუდმივ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ან, იქნებდა, მართლაც ასეთი უსწორმასწორო იყო ესპანეთის ხედები?
ჰერბერისთვის მთელი გარემო უჩვეულო იყო. ბიჭი, რომელიც მონასტრის ნესტიან კედლებში იზრდებოდა, უეცრად მზით აღსავსე მიწებზე აღმოჩნდა. თუმცა, ეტლიდან გადმოსვლისას ერთადერთი სურვილი აწუხებდა - მალე შესულიყო ახალი მონასტრის კედლებში. ალბათ, ასეთია ადამიანის ბუნება - რასაც მიჩვეული ხარ, იმას ვერ ელევი. ეს ჩვევა განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდებოდა ჰერბერტშიც, ძალიან უყვარდა ლიტერატურა და მათემატიკა, თუმცა საერთოდ არ აინტერესებდა მუსიკა, ხელოვნება, ასტროლოგია და სხვა დროის გასაყვანი საშუალებები. თვლიდა, რომ საუბარი დროის ფუჭი კარგვა იყო, ხოლო შელამაზებული საუბარი, სხვა არაფერი, თუ არა - მლიქვნელობა.
მხურვალე მზის გარდა აქ კიდევ ერთი სიახლე ელოდა - სპარსელების გავლენის ქვეშ მოქცეული ქალაქი. ესპანეთი ამ მომენტისთვის გარდამავალი საზღვარი იყო კულტურულ ევროპელებსა და უცხო, გაუნათლებელ აზიელებს შორის. აქ სამყარო იყოფოდა თეთრად და შავად. ჰერბერტს საერთოდ არ ესმოდა, როგორ გაუმკლავდნენ ესპანელებს უცხო მიწებიდან მოსული ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ ვარსკვლავებს, ბუნებას და ალქიმიას ქადაგებენ. მისთვის ეს ყველაფერი პირუტყვობასთან ასოცირდებოდა - განათლებულ ადამიანს მსგავსი რამ არ დაეჯერებოდა. ასეთი აზრითა და ქედმაღლურად შემხედვარე ეგებებოდა ჰერბერტი ესპანეთის მოსახლეობას.
ვიკი ორ მდინარეს შორის იყო განთავსებული და მოსახლეობის ძირითად ნაწილს გლეხები წარმოადგენდნენ. აქაური მიწები სიუხვით გამოირჩეოდა, ადამიანები კი მუქი ხორბლისფერი კანითა და ნახშირივით შავი თმით. ბავშვები აუღელვებლად დარბოდნენ მცხუნვარე მზის ქვეშ, სანამ მათი მშობლები მიწებს ამუშავებდნენ.
ამ ქალაქში განათლებული ადამიანი თითზე ჩამოსათვლელი თუ იქნებოდა. განათლებული იმ გაგებით, როგორც ჰერბერტს ესმოდა - მათემატიკისა და ლათინური გრამატიკის მცოდნე. სამაგიეროდ, ბევრი იყო ჯადოქრობისა და სხვა მრავალი უღმერთობის მორწმუნე. სწორედ ამიტომ, ქალაქში სეირნობითა და მოსახლეობის გაცნობით თავი არასდროს შეუწუხებია. მონასტრის კედლებს არასდროს ცდებოდა.
რაც შეეხება თავად მონასტერს, საკმაოდ დიდი ნაგებობა იყო, ცენტრალური 4-სართულიანი კოშკითა და გარედან შემორტყმული 2-სართულიანი ნაგებობით, რომელსაც აკადემიის დატვირთვა ჰქონდა. მონასტერი შიდა ეზოთიც გამოირჩეოდა, რომელსაც ჭაბუკი ბერები უვლიდნენ. ჰერბერტის ოთახი პირველ სართულზე იყო. იქ იდგა ერთი ჩვეულებრივი ლოგინი, საწერი მაგიდა და სკივრი - ჰერბერტის სკივრი წიგნებითა და დღიურებით იყო გამოტენილი, საწერი მაგიდა კი ფურცლებით მიმოფანტული. ოთახს პატარა ფანჯარა ამშვენებდა, რომელიც ვერაფერს უხერხებდა კედლებში მოქცეულ ნესტს.
როცა ჰერბერტი ოთახში ჯდომისგან იღლებოდა (ეს კი ძირითადად საღამოს ჟამს ხდებოდა, როცა ქალაქს წყვდიადი ეხვეოდა და ხალხი პატარა სახლებისკენ მიემართებოდა), სასეირნოდ მდინარე რიუ ტრენტთან ჩადიოდა. არასდროს არ ჩასულა ამ მდინარეში დასაბანად ან ფეხების დასასველებლად, მხოლოდ უყურებდა როგორ სწრაფად მიედინება უსასრულო სიბნელისკენ მისი წყლები. ასეთ დროს ყველაფრის დავიწყებას ცდილობდა, მათ შორის, საკუთარი რაობის.
სხვა მხრივ ჰერბერტი დროს ან აკადემიაში ან ბიბლიოთეკაში ატარებდა, სადაც წიგნების გადაწერით იყო დაკავებული. ეს რუტინა მას სიამოვნებდა და ღირსეული კაცის შესაფერის საქმიანობად მიიჩნევდა.
***
ღამემ უხვად გაშალა საკუთარი ფრთები და მხოლოდ ვარსკვლავების წყალობით მდინარის ნაპირამდე თუ გაიკვლევდა გზას ადამიანი. თუმცა ჰერბერტი აქ უკვე დიდი ხანი იჯდა და ჩაფიქრებული, თითქმის ჩაძინებულ მდგომარეობაში, წყვდიადს გაჰყურებდა იმის მოლოდინში, რომ ვიღაც გამოხედავდა იქიდან. რამდენად გაკვირვებული აღმოჩნდა, როცა სილუეტი მოელანდა. თითქოს რაღაცამ ჩაიქროლა ნაპირთან ახლოს და ამ მდინარის წყლებში დაიკარგა.
ხის ქვეშ მჯდომი ჭაბუკი ფეხზე წამოდგა და თითქმის გაშეშებული სხეულით წინ გადმოდგა ნაბიჯი. აინტერესებდა რა იმალებოდა ღამის წყვდიადში. კიდევ უფრო ნელი ნაბიჯით მტაცებლის მოლოდინში წინ მიიწევდა. თუმცა, მტაცებელზე უარეს არსებას გადააწყდა. მდინარის პირას მომტირალი ქალი იჯდა და ფეხებს ათამაშებდა წყალში. უფრო სწორად ისეთი სიმწრით ურტყამდა წყალს, თითქოს ყველა მის უბედურებაში ეს მდინარე ყოფილიყოს დამნაშავე.
ჰერბეტს შეუმჩნევლად უკან მობრუნება სურად, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ქალმა იგრძნო, რომ ვიღაც იდგა მის ზურგს უკან და ფეხზე წამოხტომით მოტრიალდა. ორი ერთმანეთისთვის უცნობი მზერა გადაიკვეთა სრულ სიბნელეში. ერთმა წყვდიადმა ჩახედა მეორეს და სიჩუმე ჩამოვარდა.
სიბნელიდან შავი დიდი თვალები მოჩანდა. პატარა ცხვირი, თუმცა ოდნავ კეხიანი, ტუჩები პუტკუნა და ბავშვური ელფერით. სახეც ისეთი ჰქონდა, რომ 15 წელზე მეტის არ იქნებოდა. გრძელი, ყორნის ფრთასავით შავი და ხვეული თმა სახეზე ეფარებოდა. სიმაღლით, ალბათ სხვა თანასოფლელ გოგონებზე ოდნავ უფრო მაღალი იქნებოდა, მომრგვალებული მხრებით, წაგრძელებული კისრით და სხვა თანატოლ მანდილოსნებზე უფრო პუტკუნა, თუმცა ძალიან ლამაზი. ჰერბერტის სხეულზე ცივმა ოფლმა ჩაიარა და იგრძნო, როგორ გაჩერდა გული, მისთვის უცნობი გოგო ისეთი ლამაზი იყო, რომ სახიფათოც კი იყო. თავად სიკვდილს უყურებდა თვალებში. ოღონდ არა იმ სიკვდილს, რომელსაც ქრისტიანობა უხატავდა მის მიმდევრებს. არა, ეს ყველაზე ლამაზი სიკვდილი იყო მათ შორის რასაც კი შეიძლება ადამიანი გადაეყაროს. ასეთს შენს სიცოცხლეს მიანდობ დაუფიქრებლად. ხმის ამოღება უნდოდ, მაგრამ ახალგაზრდა გოგომ დაასწრო :
“ვინ ხარ?” მშვიდი ტონით, რომელშიც სიმტკიცე და აგრესია იგრძნობოდა ერთდროულად, მიმართა გოგომ. Პასუხის მოლოდინში სახიდან ცრემლები მოიწმინდა, და საბრძოლო პოზა დაიკავა.
“ნუ გეშინია”, - წარმოთქვა ჰერბერტმა და თავადაც ვერ მიხვდა რატომ. რისი უნდა ეშინოდეს? განა რამეს დააშავებდა? რამეს მოუხერხებდა? ის ხომ ერთი ჩვეულებრივი მღვდელი იყო - “სანტე დელ მარიას ერთ-ერთი მღვდელი ვარ, ხის ქვეშ ვისვენებდი, როცა შენი ხმა მომესმა.”
გოგო საბრძოლო დგომიდან გამოვიდა და თავის ჩვეულებრივ მდგომარეობას დაუბრუნდა. სიბნელეში ჩაათვალიერა მღვდლის სამოსი, ამით ცდილობდა ჭაბუკის სიტყვებში დარწმუნებულიყო. როცა მიხვდა, რომ არაფერს დაუშავებდა მდინარიდან აღმართისკენ გაემართა.
“რამე ხომ არ გიჭირს?” - საკუთარი თავის გასაკვირად წამოსცდა ჰერბერტს. რატომ აინტერესებს? რაში სჭირდება ამ ყველაფრის ცოდნა?
“არაფერი, უბრალოდ მოწყენილი ვიყავი” - კისკისით გააჟღერა ეს სიტყვები და გაისწორა ჩამოვარდნილი კაბის მკლავი.
“კარგი.”
ასე გაიცნო ჰერბერტმა მარგარიტა, გოგო, რომელზეც სოფელში ნებისმიერი მამაკაცი ოცნებობდა.
***
კიდევ ერთი წერილის წერას მორჩა ჰერბერტი. აქ ჩამოსვლის შემდეგ ის ადალბერონს ხშირად წერდა. უყვებოდა გადამხდარ ამბებს(რაც უნდა ითქვას, რომ დიდი იშვიათობა იყო), ახალ აღმოჩენებს და სხვა წვრილმანს. უფრო ხშირად კი თავად ინტერესდებოდა აურილიაკის ამბებით. ფიქრებში ჩაფლული ჰერბერტი საწერ ბულბულს ათამაშებდა და გონებაში რაღაცას ატრიალებდა. ხან თვალებს ხუჭავდა, ხან კი ისეთი აღშფოთებით ახელდა თითქოს საშინელება მოელანდა. გუშინდელი საღამოს შემდეგ გონებიდან ვერ ამოუგდია ახალგაზრდა გოგო. რაღაც აშფოთებდა და აღელვებდა მის გამოხედვაში. ან იქნებ მთელი სიტუაცია იყო აღმაშფოთებელი?
რაც არ უნდა ყოფილიყო ვერ ივიწყებდა ახალგაზრდა გოგოს ლანდს. ლამაზმანი მის ტვინში ჩასახლდა და იქ პატარა კუთხე დაიკავა. იმდენად მჭიდროდ შეეჭიდა ამ ადგილს, რომ ჰერბერტმა ვერ მოითმინა და მის შესახებ ინფორმაცია გამოჰკითხა მღვდელმთავარს. გაარკვია, რომ დედა მშობიარობას გადაჰყვა, მამა კი მწიგნობარი და არაბული ენის მცოდნე, განათლებული კაცი არის. ის ხშირად დადის არაბებთან მოლაპარაკებებზე. დიდად პატივცემული, თუმცა მაინც გარკვეულ წილად გარიყული მამაკაცია. ბევრი ამბობს, რომ მხოლოდ ეშმაკთან დამეგობრებული, თუ ისწავლიდა საკუთარი ნებით არაბულს და ამ ურჯულოებს გაესაუბრებოდა. თუმცა, მღვდელმთავრის თქმით, ასეთი კაცი ნამდვილად სჭირდებოდათ. ხშირად ეკლესიის წარმომადგენლებსაც იბარებენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ მათ იქ ყოფნას აზრი ეკარგება ენის არ ცოდნის გამო.
ამ სიტყვების გაგონებისას ჰერბერტმა, გადაწყვიტა არაბული ენის შესწავლა. ის ენების შესწავლაში კარგად გაწაფული იყო. ლათინურს 5 წლიდან აუღო ალღო, ლათინურის გარდა კი ფრანგულს და გერმანულს ფლობდა თავისუფლად. ყველაფერთან ერთად ეს კარგი მიზეზი იყო მწიგნობარი კაცის და მისი ქალიშვილის ახლოს გასაცნობად. ასე, მარტი თვის მიწურულს ჰერბერტი თავზე დაადგა ბატონ გასპარს.
***
ჭამისგან ჩაპუტკუნებული, არც ისე მაღალი კაცი საკუთარ სამუშაო მაგიდასთან იჯდა, როცა კარის კაკუნი მოესმა. როგორც ყოველთვის პირველი დაკაკუნება ვერც კი აღიქვა. როცა გაიაზრა, რომ გამწარებულად აკაკუნებენ კარზე, დაიყვირა „მარგარიტააა“ და ეს ხმა მთელ სახლში მეხივით გავარდა. ძალიან სუსტი, თითქმის ჩახლეჩილი მეხივით, თუმცა მაინც გავარდა. ხმა არავის ამოუღია, ამიტომ ხელახლა გაიმეორა „მარგარიტააა, ვიღაც აკაკუნებს!“ თუმცა, პასუხი კვლავ არავის დაუბრუნებია. წაბორძიკებით წამოდგა სკამიდან და გაემართა შემოსასვლელისკენ, თან ცხვირჩამოშვებული გაიძახოდა „სად დაეთრევა ეს გოგო გამუდმებით. არასდროსაა სახლში“.
კარის გაღებისას მის თვალ წინ მაღალი და გამხდარი ჭაბუკი იდგა მღვდლის სამოსში. სახე ნაშიმშილებს უგავდა, მკვეთრად იყო გამოკვეთილი ღაწვები და ყბა, ლოყების სივრცე ჩავარდნილი ჰქონდა. წვეტიანი, კეხიანი, მოგრძო და წვრილი ცხვირი პირველი იყო, რაც მის გარეგნობაში შეიმჩნეოდა. თვალები პატარა და ღრმად ჩამჯდარი, თითქოს სულის სიღრმემდე წვდებოდნენ ჭვრეტით ადამიანს. ტუჩები მსხვილი, თუმცა ყოვლად უძრავი ჰქონდა. მთლიანობაში მის სახეზე არავითარი ემოცია არ გამოიხატებოდა. გასპარი კარგად იცნობდა სან მარიას მღვდლებს , ამიტომ ორმაგად გაკვირვებული დარჩა, როცა უცხო სახე მოხვდა თვალში.
“გამარჯობა, ჩემი სახელია ჰერბერტი და თქვენ ალბათ ბატონი გასპერი ბრძანდებით?” - აუღელვებელი ხმით და ნავალევი ღიმილით წარმოთქვა ეს სიტყვები ჰერბერტმა.
“დიახ, მე გახლავართ. თქვენ ახალი მღვდელი ბრძანდებით სანმარინოში?”
“დიახ, დროებით აქ გადმოვედი ლათინურის და გეომეტრიის გასაუმჯობესებლად, თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. თხოვნით მოვედი თქვენთან”.
“მაშ, გისმენთ ყმაწვილო.” ოდნავ მკვახედ მიუგო კაცმა.
“მღვდელმთავარმა მითხრა, რომ არაბულის მცოდნე კაცი ბრძანდებით. ვთვლი, რომ სულელური იქნებოდა მსგავსი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება. ამიტომ იქნებ ჩემს მასწავლებლად დადგეთ?”
ყველაზე ნაკლებად ელოდა გასპარი ამ სიტყვების გაგონებას. ამ სახლს სხვადასხვა ასაკის კაცები ხშირად აკითხავენ. მარგარიტა ხომ ნამდვილ ნადავლად იქცა. მათ შორის უამრავი მდიდარი, წარჩინებული და მწიგნობარი კაციცაა, თუმცა მამა ყოველთვის უარით ისტუმრებს მისი ქალიშვილის ხელის მთხოვნელებს. ამჯერად კი ვიღაც ყმაწვილი, მღვდლის სამოსში ჩაცმული ქალიშვილის ნაცვლად არაბული ენის შესწავლას სთხოვს. გასაკვირი არ არის ეს ამბავი?!
“შემობრძანდით და ამაზე დაწვრილებით ვისაუბროთ.” - წარმოთქვა ეს სიტყვები გასპარმა და ყმაწვილი სახლში შეიპატიჟა. წინ მიუძღოდა კაბინეტისკენ, ნესტიანი დერეფნის გავლით. მთლიანი სახლი თითქოს ჩრდილში იყო მოქცეული და მზის სხივებს არ იკარებდა. პირველი რაც თვალში მოგხვდება, სიბნელის გარდა, არის უამრავი წიგნი, რომელიც ყველგან აწყვია(უფრო სწორედ, გდია). კაცის კაბინეტი კიდევ უფრო არეული და წიგნებში ჩაფლული იყო. კარადები ვეღარ იტევდნენ ამდენ წიგნს და პერგამენტების დასტებს, რომლებზეც აშკარად კაცი აქტიურად მუშაობდა. Მონასტრის ბიბლიოთეკებშიც კი იშვიათი იყო წიგნების ასეთი რაოდენოდა, რაც ხაზს უსვამდა იმას, რომ გასპარი ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა გაჭირვებულთა რიგს. Ჰერბერტმა გარკვეული დარცხვენაც კი იგრძნო(თითქოს რაღაცით ჩამოუვარდებოდა მას), მაგრამ სცადა არ შეემჩია.
“ გადაწერითაც ხართ დაკავებული?”
“დიახ, ყმაწვილო. დასანანი იქნება ამდენი წიგნი გაქრეს ან დაიკარგოს. სამყარომ უნდა იხილოს ეს წიგნები და შეიცნოს.”
პატარა სკამზე დასვა ჰერბერტი, თვითონ კი თავის მაგიდას მიუჯდა.
“მაშ ბრძანებთ, რომ არაბულის სწავლა გსურთ?”
“დიახ.” მტკიცედ უპასუხა ჰერბერტმა.
“გეცოდინებათ, რომ ლათინურისგან განსხვავებული ენაა. დამწერლობაც სხვაა, საუბრის მანერაც და კულტურაც განსხვავებულია. დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ნამდვილად გსურთ?”
“ძველი ლათინურიც ვიცი და ახალ ლათინურსაც კარგად ვეწაფები, ბერძნულ ენაშიც არ მოვიკოჭლებ. მარტივად ვითვისებ ახალ მასალას და დაუზარელი გახლავართ. ყველაფერთან ერთად კი დარწმუნებული ვარ, რომ მოწაფე დაგჭირდებათ, რომელსაც თქვენს საქმეს მიანდობთ სამომავლოდ.”
“მოწაფე ნამდვილად დამჭირდებოდა! ამდენ უწიგნურ ყმაწვილს შორის რთულია გამოძებნო ერთი, რომელიც არაბულით სერიოზულად დაინტერესდებოდა. თუმცა, თქვენ ახსენეთ, რომ დროებით ხართ აქ ჩამოსული ლათინურის და გეომეტრიის გასაძლიერებლად.”
“ნამდვილად დროებით გახლავართ აქ, თუმცა განუსაზღვრელი ვადით. სანამ არ ჩავთვლი, რომ საკმარისად ბევრი ცოდნა დავაგროვე იმისთვის, რომ დავბრუნდე მშობლიურ მიწებზე და ეს მიღებული ცოდნა გავავრცელო ისე, როგორც იესო ავრცელებდა ღმერთის ნებას ხალხში.”
“მაშ სამომავლოდ ცოდნის გავრცელებაზე ფიქრობთ.. საიდან ბრძანდებით ყმაწვილო?”
“ფრანკი ვარ. მშვენიერი მონასტრიდან, რომელიც ცდილობს ყმაწვილკაცებში ცოდნის გავრცელებას.”
“რომელი მონასტრიდან, ხომ ვერ დამიკონკრეტებთ?”
“აურილიაკის სააბატოს მონასტრიდან გახლავართ.”
“ოჰ, ნამდვილად ბევრი რამ მსმენია თქვენს სააბატოზე და თქვენთან გავრცელებულ განათლებაზე. კარგი, ვინაიდან თქვენი ნებით გადაწყვიტეთ არაბულის შესწავლა, მიგიღებთ მოწაფეებში. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მარტივი არ იქნება. ყოველ დღე მოგიწევთ ჩემთან მოსვლა, ბევრი უცხო და გაუგებარი წიგნის გადაწერა და ახალი, თქვენთვის უცნობი ენის და დამწერლობის შესწავლა.”
“მზად ვარ ყველაფრისთვის და არ ვიცი, როგორ აღვწერო ჩემი მადლიერება თქვენდამი. იმედს ვიქონიებ, რომ კარგი მოწაფე დადგება ჩემგან.”
და ეს სიტყვები სრული ჭეშმარიტება იყო. ჰერბერტი დილაუთენია მოდიოდა გასპართან და ხშირად დაღამებამდე რჩებოდა, ნამდვილი ჭიასავით ჩაფლული იყო წიგნებში და მზის შუქს თითქმის არ ენახებოდა. ისე აქტიურად დაიწყო არაბულის შესწავლა, რომ აქ მოსვლის თავდაპირველი მიზეზი გადაავიწყდა - მარგარიტა.
გოგო ხშირად არ ჩანდა სახლში, როცა გამოჩნდებოდა საჭმლის მომზადებით ან სახლის ამაო მოწესრიგებით იყო დაკავებული. ხანდახან დასცინოდა ჰერბერტს და იმას გასძახოდა, რომ ისეთ ნადავლს ჩაეჭიდა, რომელსაც ვერასდროს ამოათრევს.
ჰერბერტმა აღმოაჩინა, რომ გოგოს კისკისი და სხვადასხვა ზღაპრების ან მითების წაკითხვა უყვარს. ლათინურში კარგად ერკვეოდა, თუმცა მეცნიერებით და დიადი მწიგნობრობით არ იყო დაკავებული. ყვავილები და ხილი უყვარდა, ამიტომ ხშირად მინდვრებში ან ბაღში დასეირნობდა. კაცებშიც ნამდვილად დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მათ ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, მხოლოდ რამე თხოვნის სახით თუ მიმართავდა, ხიდან ვაშლის დაკრეფით ან მძიმე კალათის სახლამდე წამოღებით შემოიფარგლებოდა. საჭმლის მომზადება გოგოს არ უყვარდა, თუმცა მაინც კარგად ეხერხებოდა, გასპარი ამბობდა, რომ ეს ნიჭი დედამისისგან მიიღო, რომელიც არაჩვეულებრივი მზარეული გახლდათ. სახლსაც ნაკლები ენთუზიაზმით ალაგებდა, მაგას ისევ უმიზეზო კისკისს და ჰერბერტის დაცინვას ამჯობინებდა. ლაქლაქა და გრძელი ენით გამოირჩეოდა, რომელიც ხშირად უსწრებდა ტვინს.
***
რაც ჰერბერტმა გასპართან დაიწყო მოწაფეობა დრო ძალიან მალე გარბოდა. სეზონები უჩვეულოდ სწრაფად ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ასეთი ტემპით თითქმის ორი წელი გავიდა ჰერბერტის ესპანეთში