ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ცურავენ სირინოზები შავ ზღვაში?

ცურავენ სირინოზები შავ ზღვაში?

ნახევარმა ცხოვრებამ გაირა და მარტოს მატარებლით არასდროს მიმგზავრია.

მოგცლია, ელია - სხვა არაფერი მოგცეს გამჩენმა სადარდებელი.

თბილისიდან ბათუმში მიმავალი მატარებელი ლიანდგას ათი წუთის დაგვიანებით დაადგა. მზე თვალს ეფარება. უკუნიც ნელ-ნელა მოემართება. არა, ახლა ვერაფრით ვერ დავიძინებ. იქნებ, მთვარემ მაინც გამოანათოს. გაუსწორდეს სიჩუმედ ჩამოწოლილ დაისს. ეგებ, ეს ღამე ყველა სხვა დანარჩენს არ ჰგავდეს. როგორ მინდა ყველაფრის გახსენება შევძლო. 

აუ, რა გახსენება, რის გახსენება, შენი ჭირიმე - ხალხი თუ არ ჩაწყნარდა საკუთარი აზრების მე თვითონ არაფერი მესმის. ერთი ბავშვი მორჩება ჭყიპინს, მეორე დაიწყებს. აუტანელია! არადა, იყო დრო ბავშვის ტირილი ეჟვანის წკრიალად ჩამესმოდა. ტელეფონს ვეძებ. ლენას ნომერს ვრკეფ. ვცდილობ გავიხსენო ხშირად ტიროდა თუ არა ლენა პატარობისას. მე ვერ ვიხსენებ, ლენა არ მპასუხობს. მეორედ ვცდილობ - მითიშავს. 

ლენა მოხერხებულია - იცის ჭკუა როგორ მასწავლოს.  

რაღა გაეწყობა? დამრჩენია დამშვიდება ვაცალო.

თავი მტკივა. კიდევ კარგი კუპე მოვითხოვე. არაფერი შეგეშალოთ - ცნობადი კაცი ვარ, ტელევიზორშიც ხშირად ვჩანვარ და ქუდიც მახურავს. როგორ წესი, მსგავს კაპრიზებზე უარს არ მეუბნებიან. ალბათ, იფიქრეს საქმიანი ვიზიტი აქვს, სიწყნარე სჭირდებაო. ისე, არც არაფერი დაშავდებოდა სულ რომ ეკითხათ საით გაგიწევია ან ბათუმში რა დაგრჩენიაო. პიქირით, საუბარში სიამოვნებით ავყვებოდი. მშობლიურ ქალაქში დარჩენილ ახლობლებისა და მეგობრების მონახულებას მოვიმიზეზებდი. რამდენიმე ბავშვობაში გადახდენილ თავგადასავალსაც გავიხსენებდი და ეგაა რა - მარტივად გამოვძვრებოდი.

ბრძენს ტყუილად არ უთქვამს კაცი ტყუილზე მეტად სიმართლეს უფრთხისო. ჰოდა, მე კი ვერ გამიგია ხანდახან საერთოდ რა აუცილებელია ამ სიმართლის თქმა, მაგრამ ეგრეც რომ არ იყოს, როგორ ავხსნა ის, რომ თბილისიდან ბათუმში გვიან ღამით წასვლა ერთი ურიგო სიცოცხლის მოსასპობად გადავწყვიტე?  

ესეც ასე - ყველაფრის თავი და ბოლო. ძალიან გამიჭირდა ამ სურვილში საკუთარ თავს გამოვტყდომოდი - მე უნდა მივკლა… წამით მეშვება, შემდეგ კი გულიანი სიცილი, უფრო სწორედ, ხარხარი მიტყდება. მე უნდა მოვკლა ადამიანი - ვიმეორებ და ვიმეორებ, სიცილს კი ვერა და ვერ ვიკავებ. 

რა მაქვს საწუწუნო? კარგი არაა, ცხოვრება მოწყენის საშუალებას რომ არ მაძლევს? კარგის რა გითხრათ და საინტერესო კია.

მაშ ასე, მიზანს დავუბრუნდეთ;

ყველაფერი ასაწონ-დასაწონია :

პირველ რიგში, ბათუმში ჩასვლის შემდეგ საჭიროა მსხვეპრლის ადგილსამყოფელის დადგენა. დამაბრკოლებელი გარემოებები იმდენად ბევრია! შეიძლება საერთოდაც აღარ ცხოვრობდეს ბათუმში; ან გინდ ცხოვრობდეს, რომ ვერ ვიცნო? ამდენი წლის შემდეგ შეიცვლებოდა. სახელსა და გვარს რა დამავიწყებს, მაგრამ რომ შევცდე? ასეთი დაუგეგმავი ნაბიჯი არასდროს გადამიდგამს... 

შეიძლება, პირიქით, მინდა ბათუმში ჩავიდე და იქ არ დამხვდეს. მაშინ ხო თავს ვალდებულად აღარ ვიგრძნობდი? საერთოდ ვინ დამაკისრა ეს წყეული ვალდებულება? ე, ვინ დამაკისრებდა ჩემი ძვირფასი თავის გარდა?

კეთილი, ვთქვათ ვიპოვე - რით ან როგორ გავუსწორდე? დანით დავჭრა და დაველოდო როდის დაიცლება სისხლისგან? კაი ბატონო, იფორთხიალებს, იკვნესებს და სიკვდილსაც ინატრებს. ბოლოს და ბოლოს, გათავდება, დაისვენებს და მეც დამასვენებს. არა, არა! - ამაზე უკეთეს დასასრულს არ იმსახურებს - უბრალოდ ეგეთი არაადამიანიც არ ვარ. ვიცი, საბოლოოდ, მაინც სწრაფსა და უმტკივნეულო ხერხს ვარჩევ. 

მაგარ შარში ვარ. მგონია, რომ ეს ყველა კითხვა გარშემო მეხვევა და პასუხებს ითხოვს. მე პასუხები არ მაქვს და სული მეხუთება. დამშვიდდი, ელია, დამშვიდდი! საქმე საქმეზე რომ მივა, რამეს მოიფიქრებ. შე დალოცვილო, ამ ქვეყნის ყველა სახელგანთქმულ მვკლელს შენ იცავდი, დავიჯერო ვერაფერი ისწავლე?

ისე, კაცმა რომ თქვას, მართალია - არ უნდა ამდენი ლაილაი; პოვნითაც ვიპოვი და მოკვლითაც მოვკლავ. აი, რას ვიზამ შემდეგ უფრო საინტერესოა, მაგრამ ახლა არა - გარემოებას მივანდობ გასცეს პასუხი ამ უკანასკნელს. 

მშვენიერია, ყველაფერი დაგეგმილია.

უფრო სწორად, არაფერია დაგეგმილი.

რა დამრჩენია? გონებას დავძაბავ და თავით მოგონებებში გადავეშვები. 

ღმერთო, რამდენი წელი გასულა. მე კიდევ ერთი კაციც არ შემხვედრია, ვისაც ამ ყველაფერს მოვუყვებოდი.

მოვიდა დრო გულწფელი ვიყო.

„პირველად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში“

ამატებს ჩემს თავში მივიწყებული, უცხო ხმა, რომელიც ძალიან უნამუსოდ დამცინის.  

***

ხშირად ვცდილობ გავიხსენო ჩემი პირველი მოგონება.

დეკემბრის შუა რიცხვებში დავიბადე. ორსულობის მეშვიდე თვეს. არავინ ელოდა ჩემს გადარჩენას. სწორად ამბობენ - რაც გიწერია არ აგცდებაო. დედა მშობიარობის შემდეგ ლოგინს ჩავარდა. ჩავარდებოდა, აბა, რა იქნებოდა - ოთხკილოიანი მუტრუკი გამაჩინა; სახელი მამამ შემირჩია. ხშირად მეუბნებოდა - როგორც კი დაგინახე გადაწყვეტილება მაშინვე მივიღეო. ელია დამარქვა. ელია ბოლქვაძე. კი, გვარს დიდად არ უხდება და სიმართლე გითხრათ, თავიდან საერთოდაც არ მომწონდა ეს ჩემი სახელი; შემდეგ- შევეჩვიე.

 „როგორც სხვა დანარჩენს“ 

ნეტა გამარკვია საიდან მოდის ეს ხმა.

მამა ერთხელ გამომიტყდა - შენი გაჩენის შემდეგ რამდენიმე თვე უძილობამ შემაწუხა, გული რაღაც ცუდს მიგრძნობდაო. ბოლქვაძეებს უიღბლობა სისხლში გვაქ, ერთხელ გაგიმართლებს და მერე თავს აუცილებლად უბედურება დაგატყდებაო.

ვერ დაუკარგავ. მართალი გამოდგა. ორი წლის ვიქნებოდი, როდესაც დედაჩემის დაავადების შესახებ შეიტყვეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ გადმოცემით ვიცი. სიმსივნეს მის სხეულში ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. მკურნალობა ტყუილად დატანჯავდა.

უი, იქნებ, დედაჩემის ეკუთვნის ეს ხმა, რომელიც გონების მიყრუებული კუთხიდან მესმის? ღმერთო, რას იფიქრებდა ახლა რომ დავენახე? მაგრამ, აბა, რა ვიცი - დედის გაცნობა ვერ მოვასწარი...

როგორც არ უნდა იყოს, სწორედ იმ დროით თარიღდება ჩემი პირველი მოგონება და იმის მიუხედავად, რომ არავის სჯერა, შემდეგს დღემდე ნათლად ვხედავ :

უშველებელი ოთახი. ჩახუთულობა. ბრდღვიალა ჭაღი. ხმაურიანი ფუსფუსი. მარჯვენა კედელთან ერთადგილიანი საწოლი; ზედ კი ძალამიცლილი, თეთრშიმოსილი დედა. სად იყო მამაჩემი არ ვიცი, მაგრამ მაშინ მამა არც მაინტერესებდა. საწოლს მივჩერებოდი. ხალხი გადი-გამოდიოდა. სახე არავის ჰქონდა. თეთრი ემოსათ. სახეწაშლილი ანგელოზები გინახავთ? აი, რაღაც მსგავს გარემოცვაში ვიყავი. ბოლო, რაც დავინახე იყო სისხლი, ბევრი სისხლი, რომელიც დედაჩემს ცხვირიდან სდიოდა.  

დედა იმ დღეს გარდაიცვალა. 

ამის შემდეგ თითქოს სივრცე შავმა ლაქამ ჩაყლაპა - ვერაფერს ვიგონებ რამდენიმე გაცრეცილი სურათის გარდა. წამიერად ჩნდებიან, მაგრამ გარჩევას ვერ ვახერხებ. არც დედის ხმა მახსოვს, არც მისი სუნი, საერთოდ არაფერი ვიცი მის შესახებ იმ გრძელი ამბების გარდა, რომლებსაც ვასილი მიყვებოდა ძილის წინ. სამაგიეროდ, მახსოვს როგორ გადავედით ახალ სახლში. შედარებით პატარაში. ზღვასთან ახლოს. ვასილის აზრით, დანაშაული იყო გეცხოვრა ბათუმში ისე, რომ ფანჯრიდან ზღვა ვერ დაგენახა.

ბრძენი იყავ, მამაჩემო!

ახლაც დაწვრილებით აღვწერდი სამზარეულოს მაგიდაზე მდგარ ლურჯ, მაღალყელიან ლარნაკს. ყოველდღე მიმქონდა სახლში მინდვრის ყვავილები. დედას ისინი ძალიან უყვარდა და მეც ჩემს მონატრებას ასე გამოვხატავდი. მონატრებას? არა, ალბათ უფრო დანაკლისს. ვაღებდი ფანჯარას და ვაკვირდებოდი, როგორ არხევდა ყვავილებს ზღვის მხრიდან მომავალი ქარი.

ზღვაზე გამახსენდა; ერთი საიდუმლოც მქონდა, რომელსაც არავის ვუმხელდი.

„თითქმის არავის”.

რა მნიშვნელობა აქვს?

უნებურად ხმამაღლა ვიძახი;

გარშემო ვიყურები - არავინაა.

ზედმეტად დაძაბული ხარ, ელია.

ჩემს საიდუმლოს დავუბრუნდეთ - სირინოზების არსებობის მჯეროდა. ეჰ, რა სულელი ვიყავი! ხანდახან, იმასაც ვფიქრობდი, რომ დედაც სირინოზად იქცა და წყალს გაჰყვა. შორს, ამოუცნობისკენ. ღრმად, შავ ზღვაში. იქ, სადაც მთვარე ჩადის და საიდანაც მზე ცაში ადის. ფარჯარაში ვიყურები - ამაღამ ყველაფერი სქელ ღრუბლებშია გაფანტული. ნეტა სად არიან მზე და მთვარე?  

მნიშვნელოვანი მიზანიც დავისახე - სირინოზები უნდა მეპოვნა! ვასილი სამსახურში წავიდოდა თუ არა, მაშინვე სანაპიროზე ვიპარებოდი. მამას ჩემი მარტო დატოვება არ აშინებდა. მერე რა რომ პატარა ვიყავი; ბაღში მე არ დავდიოდი და მთელი დღე დრო თავზე საყრელად მქონდა; ჰოდა, მეც ვცურავდი და ვოცნებობდი ან ვოცნებობდი და ვცურავდი. 

ისევ ტელეფონს ვრთავ. ამჯერად შეტყობინებას ვაგზავნი :

„სად ხარ, ლენა? ვნერვიულობ. მიპასუხე!“

წყალს ნელ-ნელა გავუთამამდი, მაგრამ სიღრმე მაინც მაშინებდა. ვასილის ბევრი მეზღვაური მეგობარი ჰყავდა. კაი, ერთი - ბათუმში ვცხოვრობდით : ერთი მეზღვაური ახლობელი ვის არ ჰყავს; ისინიც მიყვებოდნენ და მიყვებოდნენ საშინელ ამბებს ბათუმის იდუმალ ზღვებზე. ხან ზვიგენი შემომივარდებოდა სახლში, მამას თუ გავაბრაზებდი, ხანაც თავად კრაკენი გამომეცხადებოდა. ვერ დავუკარგავ და მაგათმა შთამაგონეს ისიც, რომ სირინოზზე მშვენიერი ქვეყნად არაფერი არსებულა, რამაც კინაღამ შემიწირა.

მოჩქარეს მოუგვიანდესო; რამდენიმე კვირაში შიში დავივიწყე. ასე მარტივად - ერთ დღეს გავიღვიძე და თავში დამარტყა მზად ვარ - მეთქი. გავვარდი სანაპიროზე და ჩვეულზე ღრმად შევცურე. გული ისეთი სისწრაფით მიცემდა, მეგონა სადაც იყო დავიხრჩობოდი. ტივტივამდე შეუსვენებლად მივცურე და მოვეჭიდე. სამოცამდე დავთვალე. ღრმად ჩავისუნთქე და ქვევით დავეშვი. ერთადერთი სურვილი მქონდა - წყალში უკეთ დამენახა. რა მოხდებოდა ჩემს გვერდით სირინოზს რომ გაეცურა, მე კი ვერ შემენიშნა? აი, ასეთი სისულელეებით მქონდა თავი დამძიმებული და რაღა გასაკვირია, რომ ზედმეტად ღრმად ჩავყვინთე. კიდევ კარგი, ვარჯიშს შედეგი გამოეღო, თორემ თევზის საკვებად ვიქცეოდი. რაც არც ისე ურიგო იქნებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ თავიდან არაერთ სადარდებელს ავირიდებდი. 

არ ვიცი როგორ, მაგრამ ამოვყვინთე. ისევ ტივტივას ჩავეჭიდე. ნაპირამდე გასასვლელად ძალა აღარ მყოფნიდა. ყვირილი დავიწყე. უკვე გონების დაკარგვის პირას ვიყავი, როდესაც დავლანდე რამდენიმე სილუეტი, რომელიც ჩემკენ მოცურავდა.

თვალები რომ გავახილე, ნაპირზე ვიყავი. ხალხი მეხვეოდა. მამა ვერ დავინახე. მაშველებს ვთხოვე მისთვის არაფერი ეთქვათ. დასაფასებელია - პირობა შეასრულეს ან არ შეასრულეს და ვასილმაც არაფერი შეიმჩნია. მოკლედ რომ ვთქვათ, სანაპიროზე ვეგდე დაღლილი და შეშინებული - ასე ჩაიარა სირინოზების პოვნის პირველმა მცდელობამ.

ამ დღიდან ორი რამ დამრჩა სამუდამოდ სამახსოვროდ : ნაიარევი ხელზე, რომელიც ღმერთმა იცის საიდან გაჩნდა და... არ ვიცი ხედვა დავუძახო? არა, ალბათ, უფრო სიზმარი. სიზმარში დრო ხო სწრაფად გადის ან ნელა გადის ან საერთოდ არ გადის.

სად ხარ ხმავ, როდესაც შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ?!

კეთილი, აღარ დაგეკითხები.

მაშ ასე, სიზმარი ასეთი იყო :

ფსკერისაკენ თავით ვეშვებოდი. სისველეს ვეღარ ვგრძნობდი, აღარც უჰაერობა მაწუხებდა, პირიქით, ჩვეულზე გაწონასწორებულად ვსუნთქავდი. მარილი თვალებს მიწვავდა, მაგრამ არ ვხუჭავდი; ვცდილობდი სურათი გამერჩია და მეც გავარჩიე ლურჯ-მწვანე ნათება, რომელიც ქვევით მიხმობდა. არ მეშინოდა. რთულია იმის გადმოცემა, რას ვგრძნობდი, თუმცა ის ისეთი სასიამოვნო იყო, ისეთი შინაურული…

თავიდან თავს უეჭველად მახეში გაბმულს შემადარებდით. არამც და არამც, ტალღა მეხუტებოდა. ალბათ, დედის ალერსის გემო რომ მცოდნოდა, ამ შეგრძნებას მივამსგავსებდი. მე მისი ნაწილი ვხდებოდი. ზღვა იღვრებოდა ჩემში და ,პირიქით, მე ვიღვრებოდი მასში. 

„თვალები დახუჭე“ - წყალი ჩურჩულებდა. დავუჯერე. ვცადე საკუთარი თავი წარმომედგინა. სილურჯეში გახვეული. ახლა ძალიან თამამი მეჩვენება ეს სიტყვები, მაგრამ ჯანდაბას ჩემი ხომ არავის ესმის - ძალიან ბედნიერი ვიყავი.

ხელი წინ წავწიე და ის ის იყო ნათება თითებს შორის უნდა მომემწყვდია, რომ ტკივილი ვიგრძენი. თვალები დავჭყიტე, თუმცა მუქი ფარფლისა და ზღვისფერს გარეული საკუთარი სისხლის მეტი ვერაფერი გავარჩიე. 

არ შემშინებია.

რა თქმა უნდა, ეს სიზმარიც არავისთვის მომიყოლია.

...

ხმა ჩუმადაა.

ესე იგი, მართლა არავისთვის. 

***

საათს ვამოწმებ. ოცი წუთი გასულა. მე კი თითქოს ცხოვრების რამდენიმე წელი თავიდან გავიარე.

ალბათ, ღამის წყვდიადი რომ არა, ფანჯრიდან ყურებით გავერთობოდი. მაგიტომაც ჯობია დღისით მგზავრობა - მატარებელი მიქრის, ფანჯარას მიშტერებიხარ, ხეები უკან რჩებიან, ერთფრად იტალღებიან. მწვანე, მწვანე; თითქმის ყველაზე ცოცხალი ფერი. თითქმის იმიტომ, რომ მწვანესაც თავისი სევდა აქვს. მე მაგიტომ მიყვარს - ცოცხალი იყო და სევდას არ ატარებდე? ეგეთი არაფერი გამიგია.

ტელეფონის ხმა მაფხიზლებს. ხელიდან მივარდება. კი, ლენაა. ლენა დიდხანს ვერ მიბრაზდება. შეტყობინება გამოუგზავნია - „არ ინერვიულო, დედასთან ვარ. “ წარმომიდგენია, რამდენ ხანს იფიქრა რა მოეწერა ან საერთოდ მოეწერა თუ არა. ო, ამაში მე მგავს. ყოველ სიტყვასა და მოქმედებას წონის. ვმშვიდდები. პასუხის გაცემას საჭიროდ აღარ ვთვლი.

ცხოვრებაში ყველაფერს ვერ დაგეგმავ. კარგი იქნებოდა მომესწრო და ეს ლენასთვის მეთქვა. ამასაც ხო არ მივწერ? მაგრად დამცინებს.

მომავალს აღარ ვუყურებ. ახლა წარსულს ვუბრუნდები. ერთი სული მაქვს ბათუმში ჩავიდე და ვნახო ჩემი სახლი; მისი გაყიდვა აზრად არასდროს მომსვლია, თუმცა ვასილის სიკვდილის შემდეგ იქ აღარც ერთხელ ვყოფილვარ. ახლა სავსე იქნება სიჩუმედ გარდაქმნილი ბგერითა და ხავსად ქცეული სინანულით. არ ვიცი ჩასვლის შემდეგ ღამეს სახლში გავათევ თუ არა, მაგრამ მონახულებით კი მოვინახულებ. ეჰ, ამჯერად ვერც სიცილ-კისკისის ხმებს გავიგონებ და არც მამაჩემის ნაქები ლობიანის სურნელი შემომეგებება. ვასილის უყვარდა სტუმრები; ძალიან უყვარდა და ალბათ, სტუმრებმა და მეგობრებმა მისცეს ძალა მეუღლის დაკარგვა გადაეტანა.

ალბათ არა, ეგრე იყო. ერთხელ; დაიცა, რამდენის ვიქნებოდი? ხუთის ან ექვსის. ვასილმა მიხმო. თვალი ამარიდა. ასე იქცეოდა ყოველთვის, როდესაც საყვედური უნდა ეთქვა ან ჭკუა დაერიგებინა. ახლაც, როდესაც მამაზე ვფიქრობ, პირველი ეგ დღე მახსენდება - ხშირი, შავი, ჭაღარანარევი თმა, უსწორმასწოროდ გაზრდილი წვერი. რამდენი წლისაც არ უნდა ყოფილიყო ვასილი, მისი თვალები არ იცვლებოდნენ. ეს სხივი ბოლომდე გაჰყვა. მენატრები მამი.

გრძელ მონოლოგს მოჰყვა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრობა.  ნერვიულობდა: ბაღში მე არ დავდიოდი, არც სხვა ბავშვებთან ურთიერთობით ვიკლავდი თავს და არც მის ახლობლებს ჰყავდათ ჩემი ასაკის შვილები. ერთი სიტყვით, ჩემს სოციალურ ცხოვრებაზე ღელავდა. ყურადღებით კი ვუსმენდი, მაგრამ მისი სიტყვები არ მანაღვლებდა. თვალს ვარიდებდი; მაშინ ჩემთვის ერთადერთი რამ იყო მნიშვნელოვანი - სირინოზების პოვნა. მაგრამ ,როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ მათი ძებნისას შევიძინე ჩემი პირველი მეგობარი: 

გადახდენილის შემდეგ ზღვას მეტი სიფრთხილით ვეკიდებოდი. ძირითად ყურადღებას სუნთქვას ვუთმობდი. ერთხელ გადავრჩი. მეორედ იგივე შეცდომა აღარ უნდა დამეშვა. ჰოდა, ერთ დღესაც, როდესაც დაღლილი ნაპირს გამოვედი, ჩემზე დაბალმა, ქერა ბიჭმა დამიძახა; შემაქო - კარგად ცურავო. მეც შევიფერე და ჩემი ცურვის განრიგი გავანდე. დავიკვეხნე ცურვა ჩემით ვისწავლე - მეთქი, თუმცა ბათუმში ეს არავის უკვირდა. აი, მაგას წყლის ეშინოდა. ეს უფრო იშვიათია. ასე გავიცანი ბატონი ლევანი.

რა თქმა უნდა, მისთვის არც მაშინ მომიყოლია ჩემი დიადი მიზნის შესახებ და ეს არც შემდეგ გამიკეთებია. შეიძლება არც დაიჯერა, როდესაც ვუპასუხე, განძს ვეძებ-მეთქი. ლევანს შემთხვევით რამდენიმე თვის წინ შევხვდი. თბილისი ეჯავრება. ქვეყანა თუ არ დაიქცა, ვერ ჩამოიყვან. მოვყევით იქეთურსა და აქეთურს. ბავშვობის მეგობარს რომ ხვდები, ტყუილია, ისე ვერ გამოძვრები ბავშვობა არ გაგახსენოს. ასე ლაპარაკ-ლაპარაკში მაჯახა სულ ყვინთვაზე რატო ფიქრობდი ახლაც ვერაფრით გამიგიაო. მეც ვაჯახე, რომ ისევ გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია.

მაშინ პატარები ვიყავით - სადარდებელი გვაკლდა. ლევანმაც პირობა ჩამომართვა : ოქროს თუ მიაგენი, გამიყავი და მე ყურადღებას მოგაქცევ, რომ ივარჯიშოო. ხელი ჩამოვართვი. რასაკვირველია,  დავთანხმდი - ეს ერთი ტყუილი იყო. უწყინარი ტყუილი; თან მარტო სანაპიროზე ბოდიალი და ყვინთვა მთლად სახალისო საქმეე არაა. ერთი ხმის გამცემი არასდროსაა ზედმეტი.

საბოლოო ჯამში, ვერც განძს მივაგენი და ვერც სირინოზებს, სამაგიეროდ ვიპოვე მეგობარი, რომელიც ბათუმიდან წამოსვლისას სხვა გამოუსადეგარ ნივთებთან ერთად დავტოვე.

ვისი ბრალია?

არც ვიცი.

არც ხმამ იცის.