ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მიუწვდომელნი

მიუწვდომელნი

                                                               თავი 1

 

-მეოცნებე ხარ მართა. - მწარედ ჩაეღიმა ქეთინოს .

- ვიცი დეიდა, მაგრამ თუ შანსი არსებობს რატომ არ უნდა  სცადო? იქნებ მეც გამიმართლოს და შენ წამოგყვე.

- მართა, შენი აზრით რომელი მშობელი გაუშვებს თავის შვილს ოკუპირებულ ქვეყანაში? კარგი იქნება თუ ამას თავიდან ამოიგდებ!

- ხო მართალი ხარ, მაგრამ დედაც ხომ ისეთი სიყვარულით საუბრობდა მასზე...

- ხო მართა, მაგრამ ის უკვე აღარაა ისეთი როგორიც დედას ახსოვს და ის უკვე არც არის ჩვენი.

ქეთინოს ამჯერად ღრმა მწუხარება დააწვა გულზე, ამ ნაღველის გასაქარწყლებლად კი დაიწყო პიანინოზე დაკვრა. ის ცდილობდა თავისი მეგობრის შვილისთვის ესწავლებინა ნოტები ...

მუსიკის სიყვარული მართას პატარაობიდანვე ჰქონდა, მისმა მოთმინებამ კი იმდენ ხანს გასტანა , დაკვრაში თავის მასწავლებელსაც კი გაუტოლდა. პიანინოზე აღმართული ნოტები მედიდურად დასჩერებოდნენ მართას ხელებს,ხელებს , რომლებიც კლავიშებზე ისე დასრიალებდნენ, როგორც ქამელეონი მიწაზე. ნოტებს თითქოს შურდათ, რადგან მათ ხმის გაღების საშუალება არ ჰქონდათ, რადგან მათი ამოცნობა და ამღერება მხოლოდ იმ თითებს შეეძლოთ, რომელიც მართას ხელებს ამშვენებდა.

მართა გაიზარდა სოფელში, რომელსაც ირგვლივ ამწვანებული ტყე, ცამდე აღმართული მთები და მდინარის სურნელი, მემკვიდრეობით ებოძა. აქ წვიმაც კი მარგალიტებად ცვიოდა. მართა ხშირად სეირნობდა სოფლის ორღობეებში. მას ძაღლის ყეფა, წიწილების წკრიალი და ცხენის ჭიხვინი ესმოდა. მეზობლები არ არღვევდნენ სოფლის სიმშვიდეს, ზოგი აქა-იქიდან შემოსძახებდა ხოლმე; ჰაუ, ჰაუ- ს ისიც ყვავის დასაშინებლად, რომ თავინთი გაზრდილ-მოვლილი ქათმები უსინდისოდ არ წაერთმია.

გაიზარდა, თუ არა მართა იძულებული შეიქნა ცოტახნით გასცლოდა თავის მშობლიურ სამეგრელოს. ისიც იმიტომ რომ თავის ქვეყანას გამოსდგომოდა. ეგონა რამეს შეცვლიდა თუ ბეჯითად ისწავლიდა. მართას მშობლები იმედით შეჰყურებდნენ გასამგზავრებლად გამზადებულ მერცხალს, ფიქრობდნენ სწავლით გადაავიწყებდნენ იმ ოცნებას, რომელსაც გულში გაედგა ფესვები.

ავტობუსის ახმაურებული ძრავი, უკან მავალი ხეები და ცაზე მცოცავი ღრუბლები მართასთვის წამიერი გაელვება იყო. თუმცა თვალთაგან ძუნწად ჩამოვარდნილ წვეთებს, მზისებურად დაეწვა მისი ღაწვები და მოგონებაში მონატრების სახელით ინახავდა.

თბილისში ჩასული ნამდვილ დომხალს გადააწყდა. ირგვლივ არეული ხალხი, არეულად საუბრობდა და ასევე არეულად სწრაფ-სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს. ყველაფერი მოძრაობდა გარდა მართასი. დაიბნა სიმშვიდეს ნაჩვევი გოგო ასეთ ხმაურში. თვალით ეძებდა ნაცნობს და ნაცნობი მხოლოდ მზე დაინახა ცაზე.

შფოთვა მორეულმა ხმამაღლა დაიძახა - ტაქსი!- ჩაჯდა და მძღოლს მისამართი უთხრა, მისამართი სადაც მთელი წლების გატარება მოუწევდა.

ეს იყო დღე, რომელსაც მართა ხუმრობით კურსელებთან ერთად ხშირად იხსენებდა. ოთხი წლის თბილისში გატარებამ და უნივერსიტეტის საოცარმა განათლებამ, მართა მიაჩვია ხმაურს, მის ირგვლივ ყველაფერი ნაცნობი გახდა, თუმცა იყო რაღაც რაც ვერ დაივიწყა, რისკენაც თუ თვითონ არა მისი სული ჯიუტად მიიწევდა.

დაღლილი დღის შემდეგ მართამ გადაწყვიტა დასვენება, თუმცა სანამ ძილს მიეცემოდა, გადაწყვიტა საქმე არ გადაედო და კომპიუტერში მოეძებნა ლამაზი ადგილი, სადაც კურსელებთან ერთად შეძლებდა სამი დაუვიწყარი დღის გატარებას... დიდხნიანი ძებნის შემდეგ მან გადაწყვიტა ისეთ ადგილას წასვლა, სადაც ამქვეყნიურ სამყაროს დროებით მოწყდებოდა. ასეთი კი ტობავარჩხილი(ვერცხლის ტბა) აღმოჩნდა, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ამ აზრს ყველა დათანხმდა.

ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა) არის ადგილი სამეგრელოში, რომელიც ძალიან მიუალია და თუ მაინც გადაწყვეტთ წასვლას მზად იყავით დიდხნიანი ფეხით სიარულისთვის, რადგან მას ჯერ არცერთი მანქანა თუ თვითმფრინავი არ გაკარებია. როცა მთიან ადგილზე წასვლას გადაწყვეტთ, მითუმეტესს ისეთზე როგორიც არის ტობავარჩხილი , რა თქმა უნდა ყველა ისეთი საჭირო ნივთის წაღება დაგჭირდებათ როგორიცაა : კარავი, ზურგჩანთა, ფანარი, დანა, საჭმელი და თუ იმას გავითვალისწინებთ რომ მანდ ბევრი ადამიანი დაიკარგა კარგი იქნება თუ კომპასაც გაიყოლებთ.ეს ყველაფერი წინასწარ უკვე გაითვალისწინეს მე- 4 კურსელებმა და ვინაიდან ჟურნალისტიკაზე სწავლობდნენ მოუნდათ ამ ადგილის გადაღება, რათა ცნობილი გამხდარიყო ყველასთვის. საჭირო ნივთების შეძენის შემდეგ 10 კაციანი რაზმი უკვე მზად იყო სამგზავროდ, თუმცა არცერთმა მშობელმა არ იცოდა რომ ისინი ტობავარჩხილში მიდიოდნენ, არამედ ეგონათ რომ რომელიმე ზღვისპირა ქალაქში გადაწყვეტდნენ დასვენებას ისევე როგორც ყველა თინეიჯერი ბავშვები...

საღამო ხანი იყო, როცა სამგზავრო მანქანა თბილისს გასცდა. რამდენიმე საათიანმა დამღლელმა მგზავრობამ შედეგი გამოიღო, მზის გაღვიძებამდე ისინი უკვე სამეგრელოში იმყოფებოდნენ.

-მართა ნუთუ საერთოდ არ გეშინია უცხო ადგილას თან ასეთ მიუალ მთებში მგზავრობა?-ცოტათი შეშინებულმა ანამ მიუგო, თან ცდილობდა თავისი ემოციური განწყობა ხმაზე არ დატყობოდა.

-კი ანა, მაგრამ უკვე უკან ვერ დავბრუნდებით, რადგან თითქმის მივედით, თან არამგონია ასეთი საშიშიც იყოს, კომპიუტერში ვნახე და ულამაზესი ადგილია.

-გასაგებია, რომ ულამაზესია, მაგრამ უკვე ერთი საათი გავიდა რაც ირგვლივ ხალხის არსეობის კვალი არ დამინახავს. ძალიან მეშინია გულწრფელად თქვა ანამ და გონებაში მხოლოდ უკან დაბრუნებაზე ფიქრობდა.

- კარგი რა ნუ გეშინია თან მარტონიც ხომ არ ვართ არა? აგერ დაჩი, ლეო და ვლადი აქ არიან. თუ რამედა დაგვიცვავენ. ხო ბიჭებო?- იმედიანად გასძახა მართამ.

-აბა რა მიუგეს ბიჭებმა ცოტათი ირონიულად, რადგან გოგოებზე არანაკლებ უწევდათ შიშის დამალვა.

რამდენიმესაათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ ლეომ წამოიძახა

-აი მგონი აქ მოგვიწევს შეჩერება, რადგან საავტომობილო გზა უკვე აღარ ჩანს

- კარგი. სხვა რა გზაა დროა დავიწყოთ ლაშქრობა.

-კარგი. არაფერი დაგვრჩეს მოვრჩებით თუ არა გადაღებას ეგრევე დავბრუნდეთ. ვეჭვობ ხვალამდე შევძლოთ ჩამოსვლა, რადგან დაგვიღამდება ამიტომ კარვები და საჭირო ნივთები ჩააწყვეთ ზურგჩანთაში და გზას გავუდგეთ.

-მართა მართალი ხარ დრო არ უნდა დავკარგოთ აბა წავედით ბავშვებო წამოიძახა ლეომ

-რა საინტერესო ხეებია დაიწყო იუმორი ანამ .

-მერწმუნე როცა ავალთ მოგეწონება.

-მჯერა მართა, მაგრამ მგონი ჯობდა რაიმე ისეთი ადგილი აგვერჩია, სადაც სიცოცხლე გარანტირებული გვექნებოდა.

-ანა სიცოცხლე გარანტირებული არასოდეს გვექნება. ადამიანს თუ სიკვდილი ეწვია ის, მაინც მოკვდება თუნდაც ქვას წამოკრას ფეხი...

სიჩუმე ჩამოვარდა მზის სხივები უკვე მთის წვერებს ამკობდა და მომავალ ჟურნალისტებს კარგ დღეს უქადდა. ისინი ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ და აკვირდებოდნენ ბუნებას, რომლის მსგავსიც ჯერ არ ეხილათ. ხრიოკიანი გზაც კი ამ ბუნების ფონზე, ემსგავსებოდა სამოთხამდე მისასვლელ ხიდს, რომელიც ორ სრულიად განსხვავებულ სამყაროს აერთებს. საუბარში და თვალიერებაში ვერც კი შეამჩნიეს, თუ როგორ მიუახლოვდნენ ერთ-ერთ ტბას.

-         აი ტბა, ტბა წამოიყვირა ანამ

-ეს მართლაც გასაოცარია წამოიძახეს ერთხმად, მხოლოდ მართა იყო უკმაყოფილო მას კომპიუტერში ენახა ფოტო, სადაც მღვიმე ნახა და სურდა მის დეტალურად გამოკვლევა. თუმცა აქ მხოლოდ ლამაზი, პატარა ტბა იყო. ნისლი ხეებს ეალერსებოდა, ტბის თავზე ნელ-ნელა მიიზლაზნებოდა. ეს მშვენიერი კადრი კამერაში წამშივე აღბეჭდეს. მალე ერთ-ერთი მთის მწვერვალზე ავიდნენ და კარავი გაშალეს. დღე მალე გავიდა. მეორე დღის გეგმა კი ყველამ ჩამოწერა და სურდათ ყველაფერი კარგად გამოეკვლიათ, შემდეგ დღეს კი თბილისში დაბრუნება გადაწყვეტილი ჰქონდათ.

ღამე მშვიდად გადიოდა , კურსელებს არაფერი აწუხებდათ, მხოლოდ მართა ვერ ისვენებდა, მის სულს უფრო მეტი თავგადასავალი სწყუროდა, გარდა ამისა ის იმდენად მშიშარა და ფრთხილი იყო, რომ უცხო ადგილას მითუმეტეს ასეთ მიუალ ადგილას ძილი არ ეკარებოდა. ღამე სწრაფად გადიოდა და რადგანაც მართას ძილი არ მიკარებია, დილაუთენია უკვე მზის სხივს ეგებებოდა, მანამ სანამ მისი კურსელები ძილით ტკბებოდნენ. მართამ მთიდან გადაიხედა და ისეთი მშვენიერი ხმა მოესმა, რომელიც ჯერ არ სმენია. ეს იყოს ჩანჩქერი, რომელიც დაუბრკოლებლად გადმოდიოდა, ეს იყო ბუნებრივი ჯერ ადამიანის ხელს არ მიკარებული ჩანჩქერი, რომელსაც თავისუფლება ისე უყვარდა როგორც მართას. თითქოს მართამ მასში საკუთარი თავი დაინახა, საკუთარი წმინდა და სრულიად თავისუფალი სული, რომელიც ყოველთვის იბრძოლებს თავისუფლებისთვის და თავის დინებას მუდამ გაუყვება, თუნდაც არ იცოდეს თუ სად ჩაედინება მისი ყოველი წვეთი.

 -აი თურმე სად ხარ.

-გაიღვიძე ანა? აბა რას იტყვი ?მოგწონს?

-ძალიან ეს ხომ მეორე სამოთხეა გრილი ჰაერი, ზურმუხტისფერი ტბები და არაამქვეყნიური ხმები... ანა გაოცებას და აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

-ხო ლამაზია, თუმცა ვინ იცის იქნებ იყოს რამე მასში კიდევ საიდუმლო და ლამაზი

-რისი თქმა გინდა ?

-არვიცი როგორ გითხრა... ვარაუდის სტილში ვიცი რომ აქ სადღაც მღვიმეა

-მღვიმე? ჰაჰ და მერე ჩვენ რა გეოლოგები ვართ?

-არა მაგრამ ჩვენთვისაც არანაკლებ საინტერესო იქნება აქ რამის აღმოჩენა ისევე როგორც სხვებისთვის.

-კარგი რა მართა ჩვენ აქ დასასვენებლად ჩამოვედით და კარგი იქნება თუ რამე გასართობს მოვიფიქრებთ

-ოპ ეგ შენთვის მომინდია- ღიმილით მიუგო მართამ

-კარგი წამო, გელოდებიან ვჭამოთ.

დილა ხმაურით დაიწყო. სიმღერას სიმღერა მისდევდა, ცეკვას კი ცეკვა. ბიჭებს იუმორი არ დაკლებიათ და გოგოებს კარგად ამხიარულებდნენ. ზოგი რას ყვებოდა ზოგი რას, მათ შორის იყო საშიში ისტორიებიც, რომლებიც თავზარსცემდა მსმენელებს, თუმცა მართასთვის ორივე უინტერესო იყო, მას მხოლოდ ამ ადგილის გამოკვლევა სურდა. აინტერესებდა რა ბედს უმზადებდა ეს საოცარი ადგილი... რამდენიმე ხნიანი გართობის შემდეგ უეცრად მზიანი ამინდი წვიმად იქცა, მას თან ჭექა-ქუხილის გამაყრუებელი ხმა მოყვა. ვინაიდან ბანაკებიდან შორს იყვნენ ამიტომ იძულებულნი შეიქმნენ პატარა კლდეებისთვის შეეფარებინათ თავი. დრო გადიოდა მართა კი ვერ წყნარდებოდა, რადგან მისი სურვილი, ამ ადგილის გამოკვლევა ვერც კი იწყებოდა, თუმცა მან ისევე როგორც სხვებმა იხილეს კიდევ ერთი საიდუმლო ამ პატარა სამოთხისა, ეს იყო ამინდის უეცარი შემობრუნება. მზემ კვლავ დახედა მთის მწვერვალს და შავი ღრუბლები გაფანტა, სწორედ ამან შეუწყო ხელი ექსპედიციის დაწყებას.

-ეს აქეთ რა მოჩანს? წამოიყვირა ანამ

-თოვლი, თოვლი გაოცებით შეჰყვირა ლეომ

-ეს მართლაც გასაოცარია- თქვა მართამ, თან დაამატა- პირველად ვხედავ ადგილს, სადაც ყველა სეზონი ერთად, ერთ დღეს იყრის თავს, ეს მართლაც საოცარია.

-საოცარია, საოცარი, მაგრამ ვინ იტყვის აქედან როდის წავალთ?

-რაო სალო უკვე მოგბეზრდა? სიცილით უთხრა ლეომ

-არა უბრალოდ სახლში მინდა, ცოტა არ იყოს დავიღალე .

-კარგი თბილისში ხვალ დილით წავიდეთ, ამაღამ შეუძლებელია ვინაიდან გზა დიდია თან თუ ამ ადგილის ამინდს გავითვალისწინებთ, გზაში შესაძლებელია უდაბნოს ქვიშა დაგვატყდეს თავს- შეუჩერებლად იცინოდა ლეო.

-უდაბნოს ქვიშაზე რა გითხრა, მაგრამ აქ იმდენი უფსკრულია, რომ ვინმე თუ ჩავარდა არამგონია გადარჩეს, თან სულ მაღლა მივდივართ საინტერესოა სად ვაპირებთ ბოლობოლო მისვლას?

-არვიცი ეს მართას უნდა ვკითხოთ...

-მართა ბოლობოლო სად მივდივართ ? უთხრა აღშფოთებულმა სალომემ

-მგონი მალე მივალთ სალო, ნუ ბრაზობ, რადგან მიზანი სულ ახლოსაა

-და სად მართა?

-აი იქ. თითით უჩვენა ადგილი მართამ თან დაამატა - მეგობრებო ახლა მოკლედ გეტყვით რას ვეძებთ და სად ვართ, ეს ისტორია უკვე ვნახე კომპიუტერში, ამიტომაც დამაინტერესა, რადგან არ მეგონა საქართველოს ასეთი ადგილიც თუ ქონდა.. მოკლედ, დაიწყო მართამ- ტობავარჩხილი ანუ ქართულად ვერცხლის ტბა  ჩამქრალი ვულკანის კრატერშია , მისი ისტორია ძალიან ცოტამ იცის, ამიტომ გადავწყვიტე აქ თქვენი მოყვანა. სანამ თქვენი თვალით არ ნახავთ ვერ დაიჯერებთ. თქვენ უკვე ნახეთ თოვლის საფარი, პატარა ტბებიც და ჩანჩქერებიც და ფიქრობთ რომ ესეც საკმარისია, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა ჩვენ ჯერ თავად ვერცხლის ტბა და მისი მთავარი საგანძური- მღვიმე არ გვინახავს.

-ეს ძალიან საინტერესოდ და დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ უკვე 3 საათია, ვეჭვობ დაღამებამდე დავბრუნდეთ

-კარგით მაშინ კიდევ ერთი საათი განვაგრძოთ გზა და თუ ვერ მივაღწიეთ დავბრუნდეთ-თქვა მართამ

-შევთანხმდით!

15 წუთიანი დამღლელი სიარულის შემდეგ გამოჩნდა ამწვანებული ბუნება, თუმცა ყველა იმდენად გადაღლილი იყო, ვერც კი ამჩნევდნენ თუ როგორ მატულობდა ბუნება ყოველ ნაბიჯზე, ვერავინ იფიქრებდა თუ ამდენი თავგადასავლების შემდეგ ველურ ბუნებაშიც თუ აღმოჩნდებოდნენ.

-მეტი რაღა უნდა იყოს? კითხულობდნენ

-მართა კი პასუხობდა ტბა, ვერცხლის ტბა და მღვიმე...

-მართა მხოლოდ 30 წუთი დაგრჩა!

-ვიცი, სალო ვიცი !

-და აი ისიც, აი ტობავარჩხილის ტბა წამოიძახა მართამ და გულმაც სხვანაირად დაუწყო ძგერა, ისევე როგორც სხვებს.

- მართლაც ღირდა აქ წამოსვლა თქვა სალომემ, თუმცა ჯობია რამდენიმე ფოტო გადავიღოთ და დავბრუნდეთ, თორემ ღამის წყვდიადში გზას ვერ გავიგნებთ.

ყველანი დათანხმდნენ მხოლოდ მართას სულში ბორგავდა რაღაც, მას ხომ ასე ძლიერ უნდოდა მღვიმის დათალიერება. მას გულმა ვერ გაუძლო და წამოიძახა

-მე აქედან ისე ვერ დავბრუნდები რომ მღვიმე ვერ ვნახო.

-კარგი რა მართა. ხომ ხედავ ნისლი გვიახლოვდება და მალე ყველანი ნისლში აღმოვჩნდებით არ ჯობია წავიდეთ?

-ხო მართალია. ვნახეთ, დავტკბით და წავიდეთ... ყველა ამ აზრისანი იყვნენ

მართას გონება ბურუსმა მოიცვა ნუთუ ასე მარტივად უნდა დაბრუნებულიყო ? ნუთუ ამდენი გზა მხოლოდ ამისთვის გამოიარა? მას გულს უღრღნიდა მხოლოდ ეს ერთი საიდუმლო სხვა ყველაფერი მისთვის უკვე სასიამოვნოდ გაცხადებული იყო.

ამ ფიქრებში იყო მართა, როცა უეცრად ცაზე შავი ღრუბელი შენიშნა. მას უნდოდა ყველასთის ეთქვა, რომ ცუდი ამინდის გამო უნდა დამალულიყვნენ, თუმცა ამ ფაქტზე უფრო მეტად შეეშინდა ლეოსი, რომელიც გაგრილების გამო ტბაში შესულიყო. მართამ მორთო ყვირილი რომ ამოსულიყო, თუმცა ლეომ უთხრა:

-რამოხდა მართა ეს ხომ უბრალოდ ღრუბლებია, მე კი ამდენმა სიარულმა მომთენთა და ცოტას გამოვფხიზლდები.

-არა და არა! უძველესი ლეგენდის თანახმად ვინც ამ ტბის მყუდროებას დაარღვევს, ცუდი ამბავი დაატყდება თავს.

-მაინც რა? ჩაეღმა ლეოს და სანამ პასუხს გაიგებდა, უეცრად მოისმა შემზარავი ჭექა-ქუხილის ხმა. ,ირგვლივ მხოლოდ გრგვინვა ისმოდა და გარშმომყოფებს გაქცევისკენ მოუწოდებდა.

რამდენიმე წამში მართას ყვირილის ხმა, ჭექა-ქუხილსაც კი ახშობდა.

-ლეო, ლეო ...

ყველას პანიკური ყვირილი დაეწყო და ისღა დარჩენოდათ უკან სასწრაფოდ გაბრუნებულიყვნენ, რომ თავადაც არ გამხდარიყვნენ ჭექა-ქუხილის მსხვერპლნი. ზოგი სად მირბოდა თავშესაფრის მისაღებად, ზოგი კი სად. აი, მართამ ყველაზე რთული ადგილი მოძებნა, ეს იყო მღვიმე, რომლის გამოკვლევაც მას დარჩენოდა, თუმცა მან აქ სხვა მიზნით შემოაღწია, ეს იყო ჭექა-ქუხილისგან გადარჩენის სურვილი ან მისი საკუთარი სულის ჯიუტი გამოძახილი. მისთვის სწორედ ეს ადგილი აღმოჩნდა საბედისწერო, რადგან მღვიმე, რომელსაც მან ფეხი დაადგა, სლიპიანი აღმოჩნდა. ფეხი მიწას მოწყდა. თვალებმა უკანასკნელად იხილეს ტბაზე მოტივტივე ლეო. ტანმა ერთბაშად სიმძიმეც იგრძნო და სიცარიელეც. უკიდეგანო, დაუსრულებელ სიბნელეში ჩაიკარგა მართა.

ტობავარჩხილმა ლეო დასაჯა, ხოლო მღვიმემ მართა თავის საკუთრებად გაიხადა- აი ეს იყო ახლადჩასული კურსელების დევიზი...

 

 

 

                                                                        თავი მე-2

                                                                       

 

ორ დღიანი მძიმე ძილის შემდეგ მართა სხვისმა გულისცემამ გააღვიძა, ის ვიღაცის მკლავზე მყოფი ისმენდა ყოველი ნაბიჯის ხმას, რომელიც თითქოს ხრიოკიანი გზის შეგრძნებას ტოვებდა. ირგვლივ საშინელი ბურუსი და დახუთულობა აძნელებდა, როგორც სახის გარჩევას, ასევე სუნთქვას. ვინაიდან ლეო მკვდარი იყო მართამ იფიქრა, რომ ის ვინც მკლავშიდაც იმყოფებოდა ვლადი უნდა ყოფილიყო, რადგან ის ყოველთვის გრძნობდა მის დაჟინებულ სიახლოვეს. მას ვერ გაეგო და კარგად ვერ გაეხსენებინა თუ რა მოუვიდა, მხოლოდ თავის მძიმე დარტყმა ეგრძნო, ახლა კი როცა თავზე ხელი მოიკიდა, ის დამუშავებული და შეხვეული დახვდა. მისი ფიქრით მასზე სწორედ რომ ვლადის ეზრუნდა.

-ვლადი სად ვართ? ან სად მივდივართ?- უთხრა მისუსტებული ხმით, თუმცა ვინაიდან პასუხი ვერ მიიღო კვლავ გაიმეორა.

-ვლადი მითხარი რა მოხდა ? დამსვი.!.

რადგანაც მის სიტყვებსა არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია, ამიტომაც მართამ გადაწყვიტა განთავუსუფლებოდა და თვითონ წამოდგა, უცნობმა მას ხელი მარტივად გაუშვა, თუმცა მისი ნათქვამი ერთი სიტყვაც არ ესმოდა.

მართამ საკუთარ ჩანთას დაუწყო ძებნა და ის მარტივად უცნობის ზურგზე იპოვა. ჩანთის მიღებისთანავე ფანარი ამოიღო, რომლის ჩართვის შემდეგაც მართას აზრად არ მოსვლია ჯერ პიროვნება ენახა. მან ჯერ ადგილი გაანათა, ეს გვირაბს უფრო გავდა, გავდა კი არა იყო კიდეც, რომელსაც სინათლე არცერთი მხრიდან არ უდგებოდა. გზა კი ოდნავ ქვიანი და ნოტიო იყო. მართა სიბნელეში კარგადაც კი ვერ ამჩნევდა გვირაბის ყოველ კედელს. ეს სიბნელე მისთვის ცოტათი შიშის მომგვრელი, თუმცა უცნაურად გასაოცარი იყო.ყველაფრის დათვალიერებას რომ მორჩა, თავის წარმოდგენილ ვლადს მიანათა და შიშისგან ფანარი ძირს დაუვარდა. რამდენიმე წუთი ასე გაშეშებული და აკანკალებული იდგა, ვერაფრით ვერ ამოეხსნა აქ სხვა ადამიანის ყოფნა. ფანრის აღება და მასთან ახლოს მისვლა ვერ გაბედა, უცნობი მიხვდა, რომ ფანრის აღება საჭირო იყო. ის მისკენ წაიწია, რათა ფანარი აეღო და მისთვის მიეწოდებინა, თუმცა მართას მისი ყოველი ახლოს მოსული ნაბიჯი პულსს უფრო და უფრო უჩქარებდა. მისთვის თითქოს ჟანგბადი იწურებოდა და ბოლო წვეთი ჰაერის ჩასუნთქვა წყუროდა, ამიტომ ის გაიქცა, ფეხებს გვირაბის წვეტიან ქვებს აბიჯებდა, ხელებს კი სიბნელის გასაფანტად აქეთ-იქით აქნევდა, ვერაფერი გაეგო ან სად იყო ან სად მირბოდა? აბნეულ ფიქრებში მრბოლელი, ისევ იმ უცნობმა  მიიკრა. როცა მართა კვლავ გაქცევას ცდილობა, უცნობი უფრო და უფრო იკრავდა მკლავში და რაღაცას სხვა ენაზე ესაუბრებოდა. მისი არცერთი წარმოთქმული სიტყვა მართას არ ესმოდა, მხოლოდ უცნობის ქმედებას და ამჯერად თავის გულის ცემას გრძნობდა, რომელიც წამებსაც კი უსწრებდა.

მალე ეს სულთდამხუთავი სიჩუმე უცნობმა დაარღვია:

-საუბრობ ინგლისურად? - შეეკითხა უცნობი ინგლისურად. მის ხმაში გაკვირვება იგრძნობოდა. მასაც უჭირდა გაეგო აქ ადამიანის ხილვა.

-დიახ-უთხრა შეშინებულმა მართამ და მისი ხელიდან გათავისუფლდა. უცნობმა კი , რადგანაც მასთან სასაუბრო ენა გამონახა კითხვა დაუსვა, კითხვა, რომელიც მისი დანახვის დროიდან აწუხებდა.

-ნუ გეშინია, აქ საშიში არაფერია. უბრალოდ მაინტერესებს აქ როგორ აღმოჩნდი ან სადაური ხარ ?

- მართამ, როცა გაიგო რომ ის მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, უთხრა - ქართველი ვარ, მღვიმეში შევედი ფეხი დამიცდა და შემდეგ არაფერი მახსოვს. შენ სადაური ხარ ?

-ქართველი ? უცნობმა გაკვირვება და ზიზღი ვერ დაფარა, ეს სიტყვა თითქოს მისთვის, რაღაც დიდი ტკივილს უკავშირდებოდა.

-და შენ? შენ ვინ ხარ ?

-აფხაზი, მოკლედ უთხრა ბიჭმა და არც ეცადა საუბრის გაგრძელებას.

-აფხაზი? და აქ რას აკეთებ? რა საინტერესოა ... ემოციებს ვერ მალავდა მართა

-გეოლოგი ვარ ამ გვირაბს ვიკვლევ.. რა არის საინტერესო ?

-ჩემი ოცნება იყო აფხაზეთის ნახვა... გულდაწყვეტილად და ცოტათი შეშინებულად თქვა მართამ, რადგან ამჩნევდა ამ ბიჭის უსაზღვრო სიძულვილს და ეს უფრო ამძაფრებდა წუთებს.

-ჰაჰ უცნაურია, უცნაური- ჩაიღიმა უცნობმა

მართა ვინაიდან გრძნობდა უცნობის ცუდ დამოკიდებულებას, ამჯობინა ნაკლები კითხვები დაესვა მისთვის და გაჩუმდა.

-რა გქვია ?-დაარღვია სიჩუმე უცნობმა

-მართა

-და სულ ეს არის?

-ხო სულ ეს არის... სად მიგყავარ?

-იქ სადაც ოცნებობდი... აფხაზეთში

-ხო ვოცნებობდი, მაგრამ არა ასეთი გზით...

-აბა როგორ? ალბათ თვითმფრინავით-ირონიულად ჩაიღიმა უცნობმა

მართა დუმდა, რადგან სახალისოდ ნამდვილად არ მიაჩნდა ეს მდგომარეობა, გარდა ამისა თავისი საუკეთესო მეგობარიც არ დავიწყნია, ამიტომაც ღრმა ფიქრებში იყო, როცა უცნობმა კვლავ დაიწყო ლაპარაკი.

-და არ მკითხავ?

-რას ?

-სახელს, ნუთუ არ გაინტერესებს

-არა, მხოლოდ სახლში დაბრუნება მინდა.

-საჭმელი გველევა, ამიტომაც იძულებულნი ვართ აფხაზეთში დავბრუნდეთ, ნუ ღელავ იქ არავინ დაგტოვებს... ისევ ამ გზით დაგაბრუნებ უკან.

-და რა გქვია? - დააინტერესა მართას

-აგაპე - თავისი სახელი ძლივს გამოცრა კბილებიდან, რადგან მისთვის ეს სახელიც კი აღმოჩნდა სანანებელი.

-სიყვარული -ჩაიღიმა მართამ

-რა?

-აგაპე ბერძნულად სიყვარულს ნიშნავს.

-საიდან იცი?

-ერთი დეიდა ხშირად ამბობდა ამ სახელს...ეს გვირაბი სად იწყება ან სად მთავრდება?

-სად იწყება ამას მალე გაიგებ, სად მთავრდება არ ვიცი რადგან შენ შემიშალე ხელი და გზა ვერ განვაგრძე.. თუმცა აუცილებლად დავამთავრებ!

 -გვირაბი რომელიც საქართველოს ქვეშ გადის? - აღტაცებას ვერ მალავდა მართა-უცნაურია... რამდენი საიდუმლო იმალება საქართველოში ..

-ალბათ ძალიან გიყვარს შენი ქვეყანა ხო ?

-ხო !

-საინტერესოა ყველა საქართველოში რატომ გარბის- მის სიტყვებს ბრაზი შეერია.

-ალბათ არასოდეს გინახავს ის, თორემ ეს კითხვა არ შეგაწუხებდა -არ დააკლო ბრაზნარევი ირონია მართამ

ორივე გაჩუმდა წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ლაპარაკი კონფლიქტში გადაიზრდებოდა, რადგან ერთს საერთოდ არ მოსწონდა ის რაც მეორესთვის სიცოცხლის სადარი იყო...

8 დღიანი დამქანცველი სიარული ძლიერ დაეტყო მართას. ის მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად მიჰყვებოდა აგაპეს, თუმცა ეს სიარული კიდევ რომ გაგრძელებულიყო, მისი ისედაც გადაღლილი და ნაზი სხეული ამას ვერ გაუძლებდა.

-აი სინათლე, მოვედით- თქვა აგაპემ

მართას მხიარულება არ დატყობია ის უფრო შიშმა მოიცვა, ამიტომ ნაბიჯებს უკლო და უკან გაპარვასაც კი ლამობდა. ეს ასეც მოხდებოდა აგაპეს რომ არ შეემჩნია. მან ხელი ნაზად მოკიდა, აგრძნობინა, რომ საფრთხე არ ემუქრებოდა და გასასვლელისკენ გაუხსნა გზა.

მზის სინათლე მღვიმეს ლამაზად ეალერსებოდა, რაც უფრო მაღლა იწევდნენ მით უფრო ეფინებოდა სინათლე მას. თითქოს მზის სხივებსაც კი სურდათ შეჭრა ამ მღვიმის ყოველ კუთხეში. აქ გასაოცარი კიდევ სამი მღვიმის არსებობა იყო, რომელსაც სხვადასხვა გასასვლელი ჰქონდა.

-ანუ ამ მღვიმიდან იწყება გვირაბი? და დანარჩენ სამში რა არის?

-ჩვეულებრივი მღვიმეებია.

-საოცარია, როგორ მოგაფიქრდა ამ თითქოს ჭაში ჩასვლა? ნამდვილად გასაოცარია.. ნუთუ არავინ იცის ეს ადგილი?

-ადგილი კი, ამ გვირაბის არსებობა არა და სანამ ამ გვირაბის ბოლოს არ აღმოვაჩენ, ვერც გაიგებენ...

-ხო ეს კარგია ...

-როგორც ვატყობ შენც ხარ მღვიმეებით დაინტერესებული, შემიძლია მოკლედ გითხრა ამ მღვიმის შესახებ. ამ მღვიმეს კარსტულის მღვიმე ეწოდება და ის სოფელ გუმშია, სწორედ აქ ვიმყოფებით ჩვენ ახლა... მასში არის სამი მშრალი მღვიმე და დამატებული ჩემსმიერ აღმოჩენილი გვირაბი, რომლის გამოჩენასაც ჯერ არ ვაპირებ...

-ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ საქართველოში არ გამგზავნი ხო?

-ხო...

როდესაც მღვიმიდან ამოვიდნენ ორივეს სახეზე ამოუხსნელი გაკვირვება ეტყობოდა. მართას ეგონა,რომ თუ მრავალი ხალხი არა ნაწილს მაინც შეამჩნევდა ,თუმცა აქ ხალხის ნაფეხურებიც კი არ იყო, ეს ადგილი მიტოვებულ ნასახლარს უფრო წააგავდა,ვიდრე მის მიერ წარმოდგენილ პარკს. რაც შეეხება აგაპე მას ეს ყველაფერი უკვე ნანახი ჰქონდა, მას მხოლოდ არ ენახა ასეთი ლამაზი და საინტერესო ქალი. ის უყურებდა მის წინ ალვის ხესავით მდგარს, რომელსაც ხუჭუჭა, ოქროსფერი თმები წელამდე ისე ამშვენებდა, როგორც მზეს თავისი სხივები. მის სახე ნაღვლიანიც კი მშვენიერი იყო. მისი სწორი ცხვირი და ცისფერი თვალები, ციდან გადანახატს ჰგავდა. მართა დადარდიანებული გაჰყურებდა მის თვალსაწიერს, რადგან ის ამგვარ სანახაობას არ ელოდა. ამას აგაპეც მალე მიხვდა. გაუკვირდა, ნუთუ შესაძლებელი იყო, რომ უკვე, სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, ჰქონოდა ამხელა ტკივილი ამ ქვეყნისა...

მძიმე წუთები კვლავ აგაპემ გაქარწყლა- ახლა კი სოხუმში წავიდეთ, იქ ამაზე უკეთესი გარემოა… თქვა და მღვიმიდან ნელი ნაბიჯებით ჩამოვიდა, თან მართასკენ თვალს აპარებდა. ეშინოდა ჩამოსვლის დროს ფეხი არ დასცდომოდა,თუმცა დახმარებასაც ვერ შესთავაზებდა,რადგან მიხვდა რომ მისი სისუსტის მიღმა ნამდვილი ამაყი ქალი იმალებოდა, რომელიც ტკივილს სიჩუმეში დაახრჩობდა.

უხმოდ მიყვებოდა მართა. ამ წამს თავს უმწეოდ გრძნობდა , რადგან ის ამ უცხო ქვეყანაში მხოლოდ ერთ კაცზე, აგაპეზე იყო დამოკიდებული. ამას ემატებოდა ტობავარჩხილზე ფიქრებიც, აინტერესებდა იმ ღამეს რა მოხდა. გადარჩნენ კი სხვები? ეს კითხვა მის სულს ამძიმებდა და ადანაშაულებდა. დარწმუნებით ეგონა, რომ ეს ყველაფერი მის გამო მოხდა. მისი აკვიატების და რაღაც ახალის შეცნობის გამო, მისი საუკეთესო მეგობარი მოკვდა და არც თავისი თავის მომავალი იცოდა. მას უეცრად გული იმდენად დაუმძიმდა, რომ ფეხი ვერ გადადგა და ჩაიკეცა, ჩაიკეცა ისე თითქოს ქვეყანა ემხობოდა თავზე, ეტირებოდა, ცრემლი ყელში ეჩხირებოდა, თუმცა ტირილს ვერ ბედავდა. ეს მალე შეამჩნია აგაპემ მიუახლოვდა უნდოდა დახმარებოდა, თუმცა მართამ გაცლა მოსთხოვა.

-ცოტახნით მარტო ფიქრი მჭირდება, დრო მომეცი, რომ გავაანალზო ყველაფერი.

-კარგი, ცოტახნით წავალ, თუმცა ვხედავ, რომ ძალიან ცუდად ხარ, ეს გასაგებიცაა რატომ , მაგრამ თუ დამელაპარაკები უკეთ გახდები. მერწმუნე ჩემს გვერდით თავს დაცულად იგრძნობ.

-არც კი გიცნობ, როგორ უნდა ვიგრძნო შენს გვერდით დაცულად თავი? გარდა ამისა მე სხვა სადარდელიც მაწუხებს და რაც ყველაზე უარესია ეს ვითარება მხოლოდ ჩემი ბრალია. მხოლოდ ჩემი- წარმოთქვა ხმადაბლა, რადგან ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდა. მისი თვალებიდან, საკუთარ თავთან დიდი ბრძოლის მიუხედავად, ცრემლები მაინც წვიმის წვეთივით ჩამოვარდა. მისი ცრემლი აგაპემ შეამჩნია. მას ეს წვეთები მახვილივით ესობოდა გულზე, დამშვიდებაც ვერ შეჰბედა, ამიტომ ცოტახნით მარტო დატოვება არჩია,შეტრიალდა და სწორედ ამ დროს მართა უსულოდ დაეცა მიწაზე.

გამოღვიძებულმა შეამჩნია, რომ მეტად მშვიდ ოთახში იმყოფებოდა. მან ჯერ კედლებს შეხედა, გადაცრეცილი იისფერი საღებავი ალაგ-ალაგ ემჩნია კედელს, შემდეგ ჭაღს ახედა აშკარად სიძველე დაკრავდა, თუმცა მეტად მდიდრულად გამოიყურებოდა.მოვერცხლისფრო საბანი გვერდი გადადო და წამოდგა. ნელი ნაბიჯებით გავიდა მისაღებ ოთახში, სადაც ნახა აგაპე, რომელსაც კომპიუტერში ჩასძინებოდა. მისი ყურების შერცხვა მართას. ფანჯრისკენ ჩუმად წავიდა და თავის ოცნებას ისრულებდა. უყურებდა ფანჯრიდან იმ ადგილს, რომელიც ბავშვობაში დედამ შეაყვარა. მის ფეხის ხმაზე აგაპესაც გამოეღვიძა, ის უყურებდა საოცარ არსებას, რომელიც ფანჯრიდან ფაქიზად იყურებოდა, მან მასში ორი ქალი გააერთიანა, პირველი შველივით სათნო და კეთილი, მეორე -რკინასავით უტეხი და მტკიცე. მან პირველად ნახა ქალი, რომლის დასაცავად სიცოცხლესაც დაუფიქრებლად დათმობდა.

-მართა გავიგე ის, რაც შენს სულს ამძიმებს...

მართა ხმას არ იღებდა, აინტერესებდა, თუმცა სირცხვილის და შიშის გრძნობა არ აძლევდა სიტყვის თქმის საშუალებას.ის კი აგრძელებდა

-ქართულ ტელევიზიას გავეცანი. ყველა ლაპარაკობს ახალგაზრდა ბიჭზე, რომელიც დაიღუპა და გოგოზე, რომლის ცხედარიც დღემდე უცნობია... ყველას მკვდარი ჰგონიხარ.

-მისი სიკვდილი ჩემი ბრალია.მე შევთავაზე ყველას იქ წასვლა და მე დამავიწყდა გაფრთხილება ,რომ იმ ტბაში ჩასვლა აკრძალული იყო.

-კურსელები სხვაგვარად ლაპარაკობენ. ყვ