სიცოცხლით თამაში
სიცოცხლით თამაში
თავი 1
სამსახურიდან როგორც იქნა სახლში დავბრუნდი, დედაჩემმა, ალბათ როგორც ყველა ოჯახში ხდება, მკითხა - მოხვედი? დიახ, ამ კითხვას ხშირად სვამენ ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი მშვენივრად იციან. უნდა ვაღიარო, ხანდახან უნებლიეთ მეც ვსვამ იმავე კითხვას, მერე კი ვფიქრობ, ამას რატომ ვკითხულობ-მეთქი.
მოკლედ, სახლში ყოფნას არაფერი მირჩევნია, დედა, როგორც ყოველთვის, თავისი მომზადებული ვახშმით გამიმასპინძლდა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენს ვჭამ, მაინც ყოველთვის ფიქრობს, რომ მშიერი ვარ. დღესაც კვლავ შემომთავაზა, სხვა რამესაც მოგიმზადებო, მადლობა გადავუხადე და ვუპასუხე, რომ უბრალოდ დასვენება მინდოდა. თანაც მალე მივემგზავრებოდი და წინ ბევრი რამ მელოდა.
გამგზავრებამდე ჩემს შესახებ მოგიყვებით. მე ელისაბედი ვარ, ჩემს მშობლებს ყოველთვის უცხო და ლამაზი სახელები მოსწონდათ, ამიტომ ეს სახელი შეარჩიეს. ძალიან მომწონს, როდესაც ელის მეძახიან, ძირითადად ყველა, როგორც ელისს, ისე მომმართავს. 22 წლის ვარ და უნივერსიტეტი ახლახან დავამთავრე. ბავშვობიდან ხატვა და დიზაინი მიტაცებდა, შესაბამისად დიზაინის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ჩემს წარსულს არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ აღვნიშნავ ფაქტს, რომ ჩემი სკოლის პერიოდი საშინელება იყო, თუმცა ახლა უარესად მაქვს ცხოვრება აწყობილი და ვნატრობ, რომ კვლავ პატარა გოგო ვიყო. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, თუ რამდენი რამ მელოდა წინ. უნდა ვაღიარო, მშურს პატარა ბავშვების, რადგან მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ როგორი რთულია ცხოვრება და წინ რამდენი პრობლემის გადალახვა მოუწევთ. მათ ცხოვრება უხარიათ, ყველაფერს ცისარტყელას ფერებში ხედავენ, მათ თვალში ყველა ბედნიერია, ვერ ხვდებიან თუ რამდენი ადამიანი ატარებს ნიღაბს და ზოგის ღიმილი როგორი ყალბია. ვერ ხედავენ მათ სულში, სინათლეს რომ სიბნელე ფარავს. მათ არ იციან თავიანთი ვალდებულებების და მოვალეობების შესახებ, ვერც იმას აცნობიერებენ, რომ თავისუფალი ცხოვრება აქვთ, რომელიც წლებთან ერთად იცვლება და მათი ფერადი სამყარო შავ-თეთრი ხდება.
არასდროს მიფიქრია ბავშვობაში ჩემს მომავალზე, მაშინ არაფერი მაწუხებდა, ჩემი ერთადერთი სატკივარი სწავლა და სკოლა იყო, თუმცა მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ცხოვრებაში უფრო რთული რაღაცებიც არსებობდა. რა კარგი იყო, როდესაც მხოლოდ სწავლა მევალებოდა. არც მუშაობა მიწევდა, არც სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება, არც გადასახადების გადახდა და პრობლემებზე ფიქრი. ბევრი ბავშვი ოცნებობს, რომ მალე გაიზარდოს, მე კიდევ ვფიქრობ ნეტავ არასდროს გავზრდილიყავი-მეთქი.
როგორც უკვე ვახსენე დიზაინერი ვარ, უფრო სწორად მინდოდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ვხატავდი და ეს მე სიამოვნებას მანიჭებდა. მართალია ჩემი ოჯახის წევრებს სურდათ ექიმი, ბიზნესმენი ან მასწავლებელი გამოვსულიყავი, ყველა თავის აზრს მახვევდა თავს, თითქოს მე საკუთარი არ გამაჩნდა. არ შემეძლო ის გამეკეთებია, რაც სხვებს სურდათ და მე ჩემი ოცნებებისთვის უარი მეთქვა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც მთელი გულით სურს და სხვის ჭკუაზე არ უნდა იაროს-მეთქი.
ადამიანმა თავისი ოცნების ახდენისთვის უნდა იბრძოლოს, უნდა სცადოს, პირველივე ცდით სასურველ მიზანს შეიძლება ვერ მივაღწიოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დავნებდეთ, პირველ რიგში საკუთარი თავის და შესაძლებლობების უნდა გვჯეროდეს და ჩვენს თავს დავუმტკიცოთ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, ადრე თუ გვიან სასურველ მიზანს მაინც მივაღწევთ, მთავარია არ დავნებდეთ. მეც ასე მოვიქეცი, თუ დიზაინერობაზე არ ჩავაბარებდი, ვიცოდი მთელი ცხოვრება ვინანებდი და თავს დავიტანჯავდი, მე ჩემი გზა ავირჩიე და ამ გზის გადახვევას არ ვაპირებდი, მსურდა ბოლომდე გავყოლოდი და იმედი მქონდა, რომ სასურველ შედეგს მივაღწევდი. ზოგადად იშვიათად მაქვს რამის იმედი, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვსურს, ამიტომ თავი რომ არ დავიტანჯო, იმედებით არ ვცხოვრობ. ხშირად მეუბნებიან იმედი არ დაკარგოო, თუმცა იმას ვერ დაკარგავ, რაც არ გაქვს.
უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე, ჩემი ნახატებით ყოველთვის ვამაყობდი, ბავშვობაში ყოველთვის მიყვარდა ტანსაცმლის ხატვა, ახლა კი ჩემი ესკიზები ჩემთვის განძივით ძვირფასია. მიხაროდა, რომ ბავშვობის ოცნება ამიხდა და როგორც იქნა დიზაინერი გავხდები-მეთქი, თუმცა თურმე ტყუილად მიხაროდა. საქართველოში სასურველი სამსახურის პოვნა ძალიან ძნელია, დაკარგვა კი ადვილი. თვეების წინ გადავწყვიტე უნივერსიტეტთან ერთად მუშაობაც დამეწყო. დიდხანს ვეძებდი სამსახურს, ჯერ ერთ სამოდელო სააგენტოში მივედი, სადაც დიზაინერს ეძებდნენ, მათ ჩემი ესკიზები ვაჩვენე და ჩემს შესაძლებლობებზეც მოვუყევი, თუმცა რა თქმა უნდა გამოცდილების არ ჰქონის გამო არ მიმიღეს. მეორე სააგენტოში კი ჩემი ესკიზები იმდენად სრულყოფილ და შესანიშნავ ნამუშევრად ჩათვალეს, არ დაიჯერეს, რომ ჩემი დახატული იყო, ფიქრობდნენ, რომ ესკიზები პროფესიონალ დიზაინერს მოვპარე. მაშინვე უარვყავი და ვუთხარი, თუ ხატვა და ტანსაცმლის შექმნა არ შემიძლია, რატომ მომინდებოდა დიზაინერად მუშაობა, როდესაც ამდენი პროფესია და სხვადასხვა ვაკანსია არსებობს-მეთქი, მზად ვიყავი მათ თვალწინ დამეხატა, თუმცა მითხრეს, რომ ამისთვის დრო არ ჰქონდათ. მხოლოდ სიტყვიერად ვცადე ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა, თუმცა ამაოდ.
სწორედ მაშინ გამახსენდა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერლის - პატრიკ როტფუსის სიტყვები: "სამყაროში არაფერია იმაზე რთული, ვიდრე ადამიანის მისთვის უცხო ჭეშმარიტების დარწმუნებაა." დიახ, ეს სრულიად მართალია, ზოგჯერ როგორც არ უნდა ეცადო, ადამიანს შენს სიმართლეში ვერ დაარწმუნებ, ძალიან რთულია სხვისი აზრის შეცვლა, თუ რა თქმა უნდა სათანადო მტკიცებულებებს არ წარუდგენ, მაგრამ ზოგი ამის საშუალებასაც არ გაძლევს, თავიანთ აზრს არ ღალატობენ, შენ რაც არ უნდა მართალი იყო. ადამიანის სიტყვას უკვე ფასიც აღარ აქვს.
შემდეგ მოდის ჟურნალში მივედი, იქაც მიმახვედრეს, რომ გამოცდილი ადამიანი სჭირდებოდათ. სხვა ადგილებშიც მივედი, ბოლოს თეატრში აღმოვჩნდი, სადაც დამხმარე სტილისტის ვაკანსია იყო. აღმოჩნდა, რომ მინიმუმ 5-6 წლიანი მუშაობის გამოცდილება უნდა მქონოდა. ნერვებმა მიმტყუნა და ვკითხე, როგორ შეიძლება დაიწყოს ადამიანმა მუშაობა და მიიღოს სერიოზული გამოცდილება, თუ არც ერთი დამსაქმებელი მას სამსახურში არ აიყვანს, რადგან ეს მისი პირველი მცდელობაა და ჯერ ამ საქმეში გამოუცდელია? ვიღაც ხომ უნდა გახდეს შენი მენტორი და მოგცეს საშუალება გამოცდილება მიიღო, ყველა სწავლული და გამოცდილი ხომ არ იბადება? შეუძლებელია იყო 22 წლის, ეძებდე სამსახურს და გთხოვდნენ 30 წლიან გამოცდილებას... ეს ხომ დიდი აბსურდია? ადამიანს ყოველთვის უნდა მისცე შანსი, რომ დაამტკიცოს მისი შესაძლებლობები.
ამ ყველაფრის საუბრის შემდეგ გამომაგდეს, მითხრეს, რომ ძალიან გრძელი ენა მაქვს, უბრალოდ სიმართლის თქმა ყველას აღიზიანებს, აი ესაა მთავარი პრობლემა.
შესაბამისად სამუშაოს ძებნამ ჩემი ნერვები მთლიანად შეიწირა. მივდიოდი ქუჩაში და ვხედავდი ადამიანების სახეებს, უმრავლესობას ისეთი სახე ჰქონდა, გეგონებოდათ დაკრძალვიდან მოდიოდნენ, ვხედავდი მათ დასევდიანებულ თვალებს, რობოტებივით მოძრაობდნენ, თითქოს ვიღაცამ მათ სული ამოაცალა და მხოლოდ სხეული დარჩა, მათ სახეებზე ვერანაირ ემოციებს ვერ ამოიკითხავდით. ცოტა ხნით გადავწყვიტე ბაღში დაჯდომა და გარემოთი ტკბობა, თუმცა წინ ისეთი ხედი გადამეშალა, ნამდვილად ვერ დავტკბებოდი.
ჩემ წინ სამი პატარა ბიჭი იჯდა, დაახლოებით 12-13 წლის იქნებოდნენ, გვერდით გავიხედე, დიდი ფეხბურთის მოედანი და სხვადასხვა გასართობები იყო, ავდექი და იმ სამ ბავშვს გვერდით ჩავუარე, რომლებიც ტელეფონში იცქირებოდნენ, ერთმანეთს არც ელაპარაკებოდნენ და ჩემი არსებობის შესახებ არც არაფერი გაუგიათ, გავხედე და დავინახე, რომ სამივე ფეხბურთს თამაშობდნენ, ოღონდ რა თქმა უნდა ტელეფონში, თანაც სტადიონის გვერდით, სადაც რეალური ბურთიც იყო და მოედანიც. მადლობელი ვიყავი, რომ ჩემს დროს ასეთი თანამედროვე ტექნოლოგია არ იყო და ბავშვები ერთმანეთს ველაპარაკებოდით, სხვადასხვა თამაშებს ვთამაშობდით, რაღაცებს ვიგონებდით და დროს ბედნიერად ვატარებდით, არ ვჭორაობდით იმაზე, თუ რა ხდებოდა სოციალურ ქსელებში, ეს ჩვენთვის მაშინ არაფერს წარმოადგენდა, ახლა კი ხალხს მხოლოდ ეგ აინტერესებს. სამწუხაროა, ხომ ხედავთ, სტადიონის გვერდით მჯდომი ბავშვები ფეხბურთს ტელეფონში თამაშობენ, უფრო სამწუხარო ის იყო, რომ მე არაფრის შეცვლა არ შემეძლო.
სამსახურის ძებნის შემდეგ, ძლივს ერთი ვიპოვე, უბრალოდ ფულის დაგროვება მსურდა, რათა ჩემი მთავარი ოცნება ამეხდინა - იაპონიაში წასვლა. იაპონია დედამიწაზე ჩემთვის სამოთხე იყო, იქ ერთი დღით ყოფნის გამოც კი თავს გავწირავდი, ცოტა იაპონურიც ვისწავლე, უცხო ენებს ადვილად ვითვისებ, თუმცა რეალობასაც კარგად ვხედავდი და ჩემი იაპონიაში წასვლის გეგმები ნელ-ნელა იფერფლებოდა. თანაც იმ ხელფასით, რასაც მიხდიდნენ, მაქსიმუმ ზღვაზე თუ დავისვენებდი, ისიც 1 კვირით. ნახევარ განაკვეთიანი სამუშაოს მოძებნა არც ისე რთული იყო, თუმცა როდესაც ხვდები, რომ მოლარეც შენ უნდა იყო, კონსულტანტიც, დამლაგებელიც და ხელოსანიც, შემდეგ ამ ყველაფერთან ერთად გახარებენ, რომ ისეთი ხელფასი გექნება, ქუჩის მათხოვრებსაც კი არ შეშურდებათ შენი, გინდება, რომ იმ ჯოჯოხეთიდან რაც შეიძლება სწრაფად დააღწიო თავი.
ბოლოს ტანსაცმლის დიდ მაღაზიაში ამოვყავი თავი, იმედია არ გგონიათ, რომ როგორც დიზაინერი ისე ვმუშაობდი, რა თქმა უნდა არა. უბრალოდ კონსულტანტი ვიყავი, ნუ მონად უფრო ვითვლებოდი, მაგრამ არა... მონას უფრო დიდი ხელფასი ექნებოდა.
სამუშაოს პოვნის შესახებ პირველს ჩემს ერთადერთ და განუმეორებელ მეგობარს ანას ვახარე. ის ჩემზე 3 წლით უფროსი იყო, თუმცა სულ ვთვლიდი, რომ ტყუპი დები ვიყავით. ის ჩემ მეზობლად ცხოვრობდა და თითქმის მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ, თუმცა 5 წლის წინ ის სამხრეთ კორეაში გადავიდა სასწავლებლად, შემდეგ საკმაოდ კარგი სამსახურიც იპოვა და საქართველოში ჩამოსასვლელად თავს აღარ იწუხებს. ის, ჩემგან განსხვავებით, ყოველთვის აქტიური და მხიარული იყო, მე ზოგჯერ სუნთქვაც კი მეზარებოდა, ის კი ყოველთვის ენერგიული იყო და დღემდე ასეა, მიკვირს კორეიდან რომ არ გამოაგდეს. სიმართლე რომ ვთქვა, კორეა არასდროს მომწონდა და ერთადერთი ადამიანი ვიყავი ვისაც ანასი არ შურდა, მაგრამ ის იმდენს მელაპარაკებოდა სამხრეთ კორეაზე, ალბათ იქაურობას მალე მეც შემაყვარებდა, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი ასე არ მომხდარიყო. ანა ყოველთვის მხარში მედგა და ჩემს გადაწყვეტილებებს პატივს სცემდა, და რომ მყოლოდა ალბათ ვიმედოვნებდი, მისნაირი ყოფილიყო.
მუშაობა საერთოდ არ იყო ადვილი, მითუმეტეს, როდესაც არასდროს გიმუშავია. ნახევარ განაკვეთზე მუშაობის დროს დიდად არ ვიღლებოდი, ნელ-ნელა ყველაფერს მივეჩვიე, თუმცა შაბათ-კვირას 10 საათის განმავლობაში ფეხზე უნდა ვმდგარიყავი, 2 საათიანი შესვენება მქონდა, უფრო სწორად წესით უნდა მქონოდა, მაგრამ ვინ მაცლიდა. კონსულტანტობა ძალიან მოსაწყენი იყო, თუმცა კარგი წარმოსახვითი უნარი მქონდა და თავს ჩემით ვირთობდი ხოლმე. ალბათ ამ წარმოსახვის გარეშე ჩემი ცხოვრება მართლა შავ-თეთრ ფერებში იქნებოდა გახვეული, ზოგჯერ საჭიროა რეალობას გავექცეთ და წარმოსახვით შექმნილ სამყაროში ვიმოგზაუროთ, სადაც ყველაფერი ისე იქნება, როგორც მოვისურვებთ, ამით ცოტა ხნით მაინც დავაღწევთ თავს პრობლემებზე ფიქრს და სტრესს.
დაღლილ-დაქანცული ხშირად ვოცნებობდი სახლში მისვლაზე და ჩემს რბილ საწოლში ჩაწოლაზე, სამსახურში თავი რობოტივით მეგონა, ერთ ადგილას ვიდექი, თუ ხალხი ბევრი იყო, რა თქმა უნდა დახმარებას ვთავაზობდი და ვაკეთებდი იმას, რაც მევალებოდა, თუმცა მომხმარებელთა უმეტესობის საყვარელი სიტყვა "ვათვალიერებ" იყო. ზოგჯერ მიკვირდა ტანსაცმლის მაღაზიაში ვმუშაობდი თუ მუზეუმში, სადაც ძვირფასი ექსპონატები იყო გამოფენილი. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ჩვენთან ორი წესი იყო: 1) მომხმარებელი ყოველთვის მართალია და მათ არ უნდა შევეპასუხოთ. 2) ყველას მოღიმარი სახით უნდა შევხვედროდით.
ძველი ჩინელების ანდაზის მიხედვით მაღაზია არ უნდა გახსნას მან, ვისაც ღიმილი არ აქვს სახეზე. ყოველთვის ვეთანხმებოდი ამას, რადგან არასდროს ვისურვებდი ისეთ მაღაზიაში შესვლას, სადაც უჟმური და უხეში გამყიდველი ან კონსულტანტი დამხვდებოდა. დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ხასიათს და ქცევას, კლიენტს ზრდილობიანი საუბრით და ღიმილით თუ მოიზიდავ, თორემ სხვა შემთხვევაში ყველას დააფრთხობ და სხვა, კონკურენტი მაღაზიისკენ გაიქცევიან, სადაც უკეთეს მომსახურებას ელიან.
კვირა დღე იყო, თვალები გავახილე თუ არა, მზის სხივები მაშინვე თვალებში შემომენათა და ჩემს სახეს მიელამუნა. სამსახურის გამო დილით ადრე გაღვიძებას მივეჩვიე, ძილი ყოველთვის მიყვარდა, დილით ძილი კი საუკეთესო იყო. გარეთ მზიანი ამინდი იყო, საწოლიდან ავდექი, ხალათი მოვიხურე და ფანჯარა გავაღე, ჩემი ოთახის სიჩუმე ჩიტების გალობამ გადაფარა.
ოთახიდან გასვლას ვაპირებდი, კარისკენ გავემართე, როდესაც უეცრად ტელეფონის ხმა მომესმა, ჩემი საწოლისკენ გავიხედე და მართლაც ჩემი ტელეფონის ზარის ხმა იყო, საწოლზე დავჯექი და ძალზედ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ტელეფონზე ანას სახელი და ფოტო დავინახე, ზუსტად დილის 10 საათი იყო, ამ დროს კი მას ჩემსავით გაგუდული ძინავს, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ კორეული დროით იქ შუადღის 3 საათი იყო. ტელეფონს ვუპასუხე, პირდაპირ ვუთხარი, რომ მისმა ზარმა ძალიან გამაკვირვა. სხვა რამის თქმა ვერც მოვასწარი, მან უეცრად ძალიან სწრაფად დაიწყო საუბარი:
- ელ, ვიცი, რომ შენი იდეები და ნახატები საუკეთესოა, ზედმეტად ნიჭიერი ხარ, საცოდაობა იქნება შენი ნიჭი ისეთ ქვეყანაში რომ დაიკარგოს, სადაც შესაძლებლობებს და ნიჭს არ აფასებენ და გზას არ გიფართოებენ, პირიქით, ამ გზას გიკეტავენ და წინ სვლის საშუალებას არ გაძლევენ. შენს ნიჭს გაფართოება სჭირდება. მე ვიცი გზა, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურ შედეგს მიაღწევ, დროა ეკლების მაგივრად ვარდის ფურცლებზე იარო. გზის გაკვლევაში კი მე დაგეხმარები.
- არაფერი მესმის რაზე ლაპარაკობ. თუ შეიძლება ნელა და წესიერად ამიხსენი, - ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვიყავი, ეს მართლა ხდებოდა თუ კვლავ მეძინა და უბრალოდ სიზმარი იყო.
- მე რაღაც გავაკეთე და საერთოდ არ ვნანობ ამას! - ამაყად თქვა ანამ, - პირიქით, დარწმუნებული ვარ მადლობასაც მალე გადამიხდი, - ზუსტად ვიცოდი, რომ ამ მომენტში სულელივით იკრიჭებოდა, - მოკლედ, ხომ იცი სადაც ვმუშაობ, სააგენტოში ახალი ბიჭების ჯგუფი იქმნება, ისინი უნიჭიერესები არიან, დირექტორის მოადგილე მათთვის შესაფერის სტილისტს ეძებს, ვინც მათ კოსტუმებზე და ჩაცმულობაზე იზრუნებს, შენ კოსტუმებს დახატავ და ისინი ამ ესკიზებს რეალობად აქცევენ. ვიცი, კორეული არაფერი გაინტერესებს, თუმცა დამიჯერე, ეს ყველაფერს შეცვლის. მე დირექტორს შენი ესკიზები ვანახე, ის მოხიბლული იყო შენი ორიგინალური იდეებით, წამითაც არ უფიქრია, რომ ეს სხვისი ნამუშევრები იყო და შენს შესაძლებლობებში ეჭვი არ შეუტანია, სხვა ადამიანებისგან განსხვავებით. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ჯგუფის მენეჯერსაც და კომპანიის დირექტორსაც შენი ესკიზები მოეწონათ, შენს შესაძლებლობებზე ყველაფერი მოვუყევი, როგორ მუშაობ, როგორი ნიჭიერი ხარ და ა.შ. მათ სამსახური შემოგთავაზეს, დამიჯერე მილიონობით ადამიანი იოცნებებს შენს ადგილას ყოფნაზე. თუ დათანხმდები მე და შენ ერთ სააგენტოში ვიმუშავებთ და დაკარგულ წლებს ავინაზღაურებთ, - თქვა აღტაცებით, - თანაც, ვერც კი წარმოიდგენ, თვეში რამდენ დოლარს გადაგიხდიან.
ანა სააგენტოში მუშაობდა, სადაც ყველაფერია, რაც კი მუსიკალურ სამყაროს შეეხება. ისინი ქმნიან ახალ ჯგუფებს და ცდილობენ ყველას, ვისაც სიმღერის და ცეკვის ნიჭი აქვს სცენისკენ მიმავალი გზა გაუკვალოს. ანა უკვე 2 წელია გოგონების ჯგუფის მენეჯერია. თავისი საქმის ოსტატია, ერთხელაც არ უცდია სამსახურის შეცვლა, იქ ბედნიერია და პატივსაც სცემენ, მიუხედავად იმისა, რომ აზიელი სულაც არ არის. მეც სწორედ ეს მინდოდა, მაგრამ ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამსახურში საერთოდ არ მცემდნენ პატივს, თითქოს რობოტებთან ერთად ვმუშაობდი, არც რაიმე საინტერესო ხდებოდა, რაც იქ დარჩენას მაიძულებდა, სწორედ ამიტომ, ერთი სული მქონდა იქიდან როდის გამოვიქცეოდი.
უნდა ვაღიარო, რომ ოდნავი ინტერესიც არ მქონდა კორეაზე რამე გამეგო და მითუმეტეს ერთ-ერთი ურთულესი ენა მესწავლა, მიუხედავად იმისა, რომ ანა შემპირდა შენთვის საუკეთესო მასწავლებელი ვიქნები და ყველაფერს გასწავლი რაც საჭიროაო.
- თუ უარს იტყვი დამიჯერე ძალიან ინანებ, - მთელი სერიოზულობით თქვა მან, - ბიჭების ჯგუფის დებიუტი 7 თვეში იგეგმება, ეს დიდი დროა, ამ დროის განმავლობაში ყველაფერს გასწავლი რაც საჭიროა, ენისა და მათი ტრადიციების ჩათვლით. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა. გახსოვს შენი ოცნების შესახებ სულ როგორ მიყვებოდი? - ამოიხვნეშა ანამ, - პატარა იყავი, როდესაც თოჯინებს ტანსაცმელს უკერავდი და აცმევდი, იმ იმედით, რომ ოდესმე რეალურ ადამიანებზეც გამოცდიდი იგივეს, გსურდა მოდის სამყაროში რაღაც ახალი შეგექმნა, გინდოდა შენი შექმნილი სამოსით გეამაყა და ადამიანებს გალამაზებაში დახმარებოდი, დავიჯერო მზად ხარ შენ ოცნებას უარი უთხრა? წარმოიდგინე, მილიონობით ადამიანი ნახავს და შეაფასებს შენს სამოსს და იდეებს, განა სულ ამაზე არ ოცნებობდი? ოცნებას ზურგი არასდროს არ უნდა აქციო, პირიქით მისი ასრულებისთვის სულ წინ უნდა იარო და უკან არც უნდა გაიხედო! "არასოდეს არ შეიძლება ოცნებაზე უარის თქმა! ოცნებები კვებავენ ჩვენს სულს ისე, როგორც საკვები ჩვენს სხეულს. რამდენჯერაც არ უნდა მოგვიწიოს ცხოვრებაში ჩაძირვა და იმის დანახვა თუ როგორ იმსხვრევა ჩვენი იმედები, ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ ოცნება." ამ სიტყვებს წერდა შენი საყვარელი პაოლო კოელიო, მე თუ არა, მას მაინც დაუჯერე. გინდა კვლავ ნორმალური სამსახურის ძიებაში იყო და იაპონიაში წასვლაზე იოცნებო? სჯობს ოცნების ასრულებას შეუდგე! ამ ნაბიჯს თუ გადადგამ, კარს გააღებ და უკეთეს მომავალში შეაბიჯებ. წარმოიდგინე, რომ შენი ცხოვრება ერთი დიდი წიგნია, იმის მაგივრად, რომ წიგნში ახალი ფურცელი გადაშალო, შენ ისევ იგივე ფურცლის კითხვას იწყებ და ერთ ადგილას ჩერდები. მოსაფიქრებლად 24 საათს გაძლევ. მალე სააგენტო ოფიციალურად დაიწყებს დიზაინერის ძებნას და აი მაშინ მიხვდები თუ რა შეცდომა დაუშვი, როდესაც ამ შემოთავაზებაზე უარი თქვი. ამიტომ, სანამ 100%-ით არ იქნები დარწმუნებული შენს გადაწყვეტილებაში, მანამდე არ დამელაპარაკო, ყოველთვის ზუსტად უნდა იცოდე რა გინდა. ჯობს საზღვრები გააფართოვო, შენს ნიჭს გზა სჭირდება, რომელიც დიდებამდე მიგიყვანს, თანაც ჯერ შენი მომავალი ხელფასი არ მითქვამს.
სიტყვის თქმაც არ მაცალა, მაგრამ როდესაც ხელფასის შესახებ მითხრა, ცოტაც და შოკისგან ტელეფონი გამივარდებოდა, იქაური ერთი თვის ხელფასი ჩემი ერთი წლის ხელფასს აღემატებოდა, ყოველთვის ვფიქრობდი, რატომ გარბოდნენ ადამიანები საკუთარი სამშობლოდან, ახლა კი მივხვდი - უფრო მეტი ფულის შოვნის შესაძლებლობა იყო, რითაც გაღატაკებულ ცხოვრებას დაემშვიდობებოდნენ.
რა თქმა უნდა მხოლოდ იდიოტი იტყოდა უარს ამდენ ფულზე. ალბათ ფიქრობთ, განა რას წარმოადგენს ფულიო, მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში სწორედ ფული ბრძანებლობს, განა ფულით არ ყიდულობ წამლებს, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნო? განა ფულით არ ყიდულობ საჭმელს, რათა შიმშილით არ მოკვდე? ფულით არ ყიდულობ ტანსაცმელს, რომ სიცივისგან არ გაიყინო? ნუთუ ყველაფერს ფული არ წყვეტს? ფულით ბედნიერებას ვერ იყიდიო, ნათქვამია, თუმცა შეგიძლია იყიდო ის, რაც ბედნიერებას განიჭებს.
ანას ვუთხარი, რომ დასაფიქრებლად დრო მჭირდებოდა და ეს მანაც მშვენივრად იცოდა. მან გამითიშა და საწოლზე დავწექი, ჭერს მთელი ინტერესით შევყურებდი, თითქოს ცა ყოფილიყოს და მასზე ვარსკვლავები ანათებდეს.
ვისაუზმე და ოთახში დავბრუნდი, გადავწყვიტე წიგნი წამეკითხა, რათა ცოტა ხნით ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. პაოლო კოელიოს "ალქიმიკოსს" მეორედ ვკითხულობდი, ერთ მომენტში ანას ნათქვამი გამახსენდა, მან ზუსტად იცოდა ჩემი ოცნების შესახებ. პაოლო კოელიო წერდა: "ადამიანები ოცნებობენ და ისწრაფვიან იმისკენ, რისი გაკეთებაც სურთ. მაგრამ დროთა განმავლობაში იდუმალი ძალა არწმუნებთ, რომ ოცნების ასრულება შეუძლებელია. როცა გულით გწადია რაღაც, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში". ნუთუ ახლა მართლა მეხმარებოდა სამყარო, რომ ოცნება ამეხდინა?
შეიძლება ეს ერთადერთი შანსი იყო, რომელიც ხელიდან არ უნდა გამეშვა, განა ყოველთვის იღებს ადამიანი მეორე შანსს? თანაც თუ დავთანხმდებოდი, ერთი გასროლით ორ კურდღელს მოვკლავდი, ამდენი წლის შრომის და სწავლის შემდეგ ძლივს დიზაინერი გავხდებოდი და იაპონიაში წასვლის შანსიც მომეცემოდა.
წიგნი გვერდით გადავდე და ვფიქრობდი, იმაზე, თუ რა მელოდა წინ თუ დავთანხმდებოდი. ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე, მე კი ორივეზე დეტალურად ვფიქრობდი, ზოგჯერ ზედმეტი ფიქრი გონებას ძალიან ღლის და გადაწყვეტილების მიღება უფრო გვიჭირს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემი გონება ფიქრებით არ გადამეტვირთა. ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მიზნის მისაღწევად, რაც არ უნდა რთული იყოს ეს. ცხოვრება ფილმივითაა, რომლის სცენარიც შენ უნდა დაწერო და ყველაფერი შენით უნდა წარმართო.
ვიცოდი, კორეაში ჩემი წასვლით მომავლის სურვილებს ავისრულებდი, განსაკუთრებით ენის სწავლა მერთულებოდა, განსხვავებული იეროგლიფები, ლაპარაკის მანერა... მაგრამ ადამიანი ყველაფერის გაკეთებას შეძლებს, რაც გულით სწადია, თუ მოინდომებს და სიზარმაცეს ყუთში გამოკეტავს და მის გასაღებს სამუდამოდ მოისროლის. გადავწყვიტე ძალები მომეკრიფა, 3 თვეში უნივერსიტეტს ვამთავრებდი, მაგისტრატურაზე ჩაბარებას ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ რა იქნებოდა? ისევ სამსახურის ძებნაში უნდა დამეხარჯა საათები? სხვისი დავალებები შემესრულებინა, მაშინ, როდესაც ახლა შემეძლო ყველაფერი ჩემი ნება-სურვილით გამეკეთებინა?
მე იმ ადამიანების რიცხვს არ მივეკუთვნებოდი, ვინც რეალობას და სამყაროს ისეთს ხედავს, როგორც თვითონ უნდა რომ იყოს. მე ზუსტად ვიცი, როგორი სიურპრიზებით აღსავსეა ცხოვრება, თუ რა პრობლემები შეიძლებოდა შემხვედროდა მომავალში, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლიდი. რეალობას კარგად ვაანალიზებდი. რა თქმა უნდა მეშინოდა უცხო ქვეყანაში წასვლა, სადაც ყველანაირად განსხვავებული ადამიანები არიან და უამრავი წესი აქვთ, რომელსაც მუდამ იცავენ, არ ვიცოდი შევეგუებოდი თუ არა იქაურ ცხოვრებას. ბევრი რამე მაშინებდა, ერთ-ერთი მათგანი ის იყო, თუ როგორ მომექცეოდნენ სააგენტოში ქართველ გოგონას, რომელიც კორეელებით არის სავსე, თანაც მე ხომ კორეული მუსიკით არასდროს დავინტერებულვარ, არც კი ვიცი რა სახის ტანისამოსი უნდა შემექმნა იქაური მომღერლებისთვის. რთულია შეიყვარო ის, რაც არასდროს მოგწონებია.
ალბათ ანა იქაურ მუსიკის შესახებაც გამანათლებდა, რაც დიდად ნამდვილად არ მაინტერესებდა. ალბათ რთულია კორეული მუსიკა შეიყვარო, როდესაც წლებია როკის გარდა არაფერი მოგისმენია. ეს ყველაფერი უკვე თავს მტკენდა. თუმცაღა, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, ალბათ მეც მივეჩვეოდი იქაურობას და იქაურ მუსიკას.
მოკლედ, გადავწყვიტე ჩემი ოცნებებისთვის უარი არ მეთქვა. ჩემი თავი დავარწმუნე, რომ ყველაფერს გავუმკლავდებოდი, პირველ რიგში ჩემი თავის მჯეროდა, რადგან მე თუ არ მექნებოდა ჩემი თავის იმედი, მაშინ სხვას ვის ექნებოდა?
გადავწყვიტე ჩემი ახლანდელი სამუშაო ადგილიდან წამოვსულიყავი, ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. ზუსტად ვიცოდი, რომ ამას არ ვინანებდი. დროს კორეულის სწავლისთვის გავანაწილებდი, გეგმები დავაწყვე, თუ რას როგორ გავაკეთებდი. ამასობაში დაღამდა კიდეც, ჩემი მშობლები მისაღებ ოთახში ტელევიზორს უყურებდნენ, საიდანაც კარგი ამბავის გაგონებას ალბათ ყველა ნატრულობდა, ჩემი მშობლების ჩათვლით. არასდროს ვუყურებდი საინფორმაციო გადაცემებს, დრამა ჩემს ცხოვრებაშიც მეყოფოდა და ნამდვილად არ მინდოდა ტელევიზორში უარესი დრამა მენახა.
მშობლებს გვერდით მივუჯექი, ხმა არ ამომიღია, ტელევიზორს მივაშტერდი, ვერც კი ვხედავდი იქ რა ხდებოდა და არც ხმა მესმოდა, თუმცა ისე ვუყურებდი, ადამიანი იფიქრებდა ტელევიზორს პირველად ხედავსო. მამაჩემმა შენიშნა ჩემი უჩვეულო ქცევა, ტელევიზორი გამორთო, თუმცა შავი ეკრანისთვის თვალი მაინც არ მომიშორებია, რადგან ფიქრებში გადაკარგული ვიყავი. დედაჩემის შეხებამ უეცრად გამომაფხიზლა, მკითხა ხომ არაფერი მჭირდა, ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, ამიტომაც პირდაპირ სათქმელზე გადავედი, ანას შემოთავაზებაზე და ჩემს გადაწყვეტილებაზე ვუთხარი.
- საწყალი კორეელები, არც კი იციან როგორ გიჟთან ექნებათ საქმე, მაგრამ ძალიანაც კარგი, წადი, მე პირადად დავისვენებ, - მითხრა მამაჩემმა და გაიცინა, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელი მზერა ვტყორცნე.
დედაჩემი შოკში იყო, ყველა დედას უნდა თავისი შვილი მუდამ გვერდით ჰყავდეს და არასდროს გაუშვას, დედაჩემიც სწორედ ასე იყო, იმაზე ფიქრიც კი არ უნდოდა, რომ ოდესმე სახლს დავტოვებდი, მისთვის ყოველთვის პატარა გოგო ვიყავი და ალბათ მუდამ ასე დავრჩებოდი.
მას არ სჯეროდა, რომ ყველაფერს ჩემით გავუმკლავდებოდი, ამიხსნა, უფრო სწორად ლექცია ჩამიტარა, თუ რამდენი რამის გადატანა მომიწევდა და ეჭვი ეპარებოდა, რომ ყველაფერს მარტო გავართმევდი თავს.
რა თქმა უნდა მესმოდა მისი, მე რომ შვილი მყავდეს, ალბათ იგივეს გავაკეთებდი, გამიჭირდებოდა მასთან განშორება, თუმცა ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მალე ეს განშორებაც წარსულს ჩაბარდებოდა. ყველაფერი ერთ დიდ მოგონებად გადაიქცეოდა, რომელიც ადამიანის გონებაში დაიდებდა ბინას და მუდამ იქ დარჩებოდა. ადამიანი მიდის, თუმცა მასზე მოგონებები სამუდამოდ რჩება.
ბოლოს და ბოლოს ოჯახის წევრები დავამშვიდე და დავარწმუნე, რომ ყველაფერს შევძლებდი და თავს მივხედავდი.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, კორეული ანბანი ანუ ჰანგული ნახევარ საათში ვისწავლე, კარგი მეხსიერება მქონდა და ნიჭიერი ვიყავი, გულის სიღრმეში ყოველთვის ვამაყობდი ამით, თუმცა ხმამაღლა ამას არასდროს ვამბობდი. ზარმაცი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ ახლა მინიმუმ 5 ენა მეცოდინებოდა.
ანა ყოველ დღე ახალ გაკვეთილებს მიგზავნიდა და მასწავლიდა, თუმცა ისიც ძალიან დაკავებული იყო, ამიტომაც გადავწყვიტე ყველაფერი ჩემით მეპოვა და მესწავლა. ბევრი წვალების შემდეგ ენა კარგად შევისწავლე.
თვეები გავიდა, უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე, გასული 4 წელი ისე გაფრინდა, ჯერ კიდევ არ მჯეროდა, რომ ეს დღე დადგა და უკვე სტუდენტი აღარ ვიყავი.
კორეაში წასვლამდე 1 კვირა რჩებოდა, უკვე ბარგს ვალაგებდი, სია ჩამოვწერე, რომ რამე მნიშვნელოვანი და საჭირო ნივთი არ დამვიწყებოდა. ყველაზე მეტად ჩემი განძის დატოვება მიჭირდა, ანუ წიგნების, რომელსაც წლების განმავლობაში ვაგროვებდი და მათ სხვა სამყაროში გადავყავდი, წიგნი საუკეთესო საშუალება იყო, ცოტა ხნით მაინც დამევიწყებინა ყველაფერი, რაც კი ჩემს თავს ხდებოდა. წიგნის გადაშლა და მის სამყაროში შესვლა ერთი იყო. აგათა კრისტის წიგნების კოლექციას ლეკვის თვალებით ვუცქერდი, მათი წაღება რომ შემძლებოდა, წუთითაც კი არ დავფიქრდებოდი, ისე დავავლებდი ხელს და ნაზად ჩავდებდი ჩანთაში, ისე, რომ ცივი ნიავიც არ მიჰკარებოდა. ყოველთვის მიტაცებდა დეტექტივი და თრილერი, ხშირად წარმომიდგენია ჩემი თავი დეტექტივის როლში, მიყვარდა გონებრივი თამაშები, თითქოს ადრენალინით აღმავსებდა.
მე ჩემთვის ვიყავი, ჩემი სამყარო მქონდა, ხალხს ჩემს თავში ჩაკეტილი ვეგონე, შეიძლება ასეცაა, მაგრამ მე ასეთი ცხოვრება მომწონდა, წიგნები კი ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, რომლებიც მარტო არასდროს მტოვებდნენ.
კორეაში წასვლამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა, ყველაფერი მოვაწესრიგე, რამდენიმე ადამიანს დავემშვიდობე, მათ, ვისაც ახლობლად ვთვლიდი. დედაჩემი ყოველ დღე ლექციებს მიტარებდა, მამაჩემი კი მეუბნებოდა:
- ადამიანი ერთხელ ცხოვრობს, აკეთე ის რაც გინდა და გსიამოვნებს, შენს ჭკუაზე იარე, სხვას ნუ გადაყვები, მაინც ბოლოს მადლობელი არავინაა. და კიდევ, თუ ვინმე ძალიან ლამაზ ქალ