ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

თმაზე დაბნეული ამეთვისტო

თმაზე დაბნეული ამეთვისტო

პროლოგი

 

 

ღიმილის უკან იმალება ყველა ის ტკივილი რასაც ვაგროვებთ. ჩვენ ნიჟარებს ვგავართ, უფრო კი კოლექციონერის ქვებს, ყოველ სეზონზე ახალ-ახალი და ერთმანეთისგან განსხვავებული. ზოგი ბრწყინავს, ზოგი დაბუნდილია, ზოგი დიდია და ზოგიც პატარა, მაგრამ ყველას თავისი განსაკუთრებული ადგილი უკავია. სამყარო კოლექციონერია, ჩვენ კი მისი უნიკალური ქვები ვართ, მაგრამ მათგან განსხვავებით მარტოს არ შეგვიძლია არსებობა. თუ კი გვინდა რომ გადავრჩეთ, უნდა ვიპოვოთ ის ადამიანი თუ ადამიანები, რომლებიც ჩვენს სულს მისცემენ სიცოცხლის უფლებასა და სურვილს. თქვენ გყავთ ასეთი ადამიანები?! არ მგონია მათ ჩვენ ვირჩევდეთ. უბრალოდ ყველაფერი დროსა და გარემოებაზეა დამოკიდებული, მაგრამ როცა კი იპოვით ამას აუცილებლად მიხვდებით და დაიჯერეთ, ისე მაგრად ჩაეჭიდებით, რომ სიცოცხლის ბოლომდე აღარ გაუშვებთ ხელს ნაპოვნ ბედნიერებას. ბედიერება არც ფულია და არც უფულობა. არც მატერია და არც მატერიის გარეშე ყოფნა. ბედნიერება თითოეულ ჩვენგანშია და თავად თითოეული ჩვენგანია. ჩვენ ვქმნით და ჩვენვე ვაზიარებთ. ეძებეთ, იპოვეთ და გაეცით. ადამიანები იმისათვის არ დავბადებულვართ, რომ იდეალურობა ვითამაშოთ. ვიბადებით იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები და ვიპოვოთ ის მდგომარეობა, რომელშიც თავისუფლად ვიგრძნობთ თავს. სრულყოფილება არ არსებობს, მაგრამ ბედნიერება მისი ილუზიაა.

                                                                                

                                                                         

 

 

 

***

 

 

- მარი, ყავა გაცივდება, მალე ჩამოდი და დალიე!

- მოვდივარ დეე. - კიბეები ჩავირბინე და დაგვიანებული ყავის დალევას შევუდექი.

- დღეს გვიან მოვალ და არ დამელოდო, საჭმლის გაკეთებასაც ვერ ვასწრებ, ასე რომ თვითონ უნდა მოუარო თავს.

- კარგი რა დედა, როდის არ ვუვლი ხოლმე, ისე ნუ მექცევი როგორც პატარა ბავშვს. - ცხვირი უკმაყოფილოდ ავჭმუხნე და გვერდით გავიხედე.

- კარგი, კარგი, ასეთი უჟმური ნუ ხარ თორემ მალე ვეღარავინ აგიტანს. - ღიმილით ამიჩეჩა ჩალისფერი თმა.

- შენ ხომ ამიტან. სხვა გზა მაინც არ გაქვს.

- მაგვიანდება, თავს მიხედე და არ დაგავიწყდეს მამას შეუარო, დღეს დამირეკა და კიდევ შემახსენა რომ შენი ნახვა უნდა. სახელოსნოში იქნება.

- კარგი, გავიგე, მახსოვს და არც დავივიწყებ. - მივაძახე ზღურბლს უკვე გადაცილებულ დედას.

დედა გაუჩინარდა. სახლში მარტო ვარ. მამაჩემთან წასვლა არ მინდა და საერთოდაც დღეს ვისვენებ და რატომ უნდა გავიდე სახლიდან. თუმცა ჩემი ფიქრები და ვალდებულება, რომელიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე კონკრეტული ადამიანების მიმართ მაინც გვეკისრება ხოლმე, აბსოლიტურად განსხვავდებოდნენ და გამორიცხავენ ერთმანეთს, მაგრამ ვალდებულებას იმიტომ ჰქვია ვალდებულება, რომ მისი თავიდან აცილება შეუძლებელი ხდება, ყოველ შემთხვევაში რაღაც დროის მანძილზე მაინც. ამით დამძიმებული მივუტრიალდი ჭურჭლით სავსე ნიჟარას და რეცხვა დავიწყე. შემდეგ, ცოტა დავალაგე , შევჭამე და მოსამზადებლად ჩემს პატარა ბაკანში დავბრუნდი. მუხლამდე შეხსნილი ჭრელი კაბა და თეთრი ტოპი ჩავიცვი. სარკის წინ ერთი-ორჯერ დავტრიალდი და კიბეებზე კაბის ფრიალით დავეშვი.

მამა სახელოსნოში მუშაობს. ლითონის (არა მხოლოდ) ლამაზ და განსხვავებულ ნივთებს აკეთებს. ჩემს მე-17-ე დაბადების დღეზე საკუთარი ხელით გაკეთებული გულსაბნევი და ულამაზესი კალამი მაჩუქა. რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ და მიხარია, რომ მისი ნახელავით შემიძლია გავნებივრდე, თუმცა ჩვენ არც თუ ისე კარგი ურთიერთობა გვაქვს (ალბათ, სამწუხაროდ). დედას არასოდეს უცდია ჩვენი დაპირისპირება, პირიქით, თუმცა მე მას შემდეგ, რაც ერთმანეთს დაშორდნენ, მასთან საკმაოდ ცუდი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. მამას სხვა ქალი შეუყვარდა უფრო სწორად რომ ვთქვა ის ისევ შეხვდა ქალს, რომელიც წლების წინ უყვარდა და როგორც შემდგოში აღმოჩნდა მისგან შვილიც კი ჰყავდა. მალე მასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად, მე და დედა კი სრულიად მარტო დავრჩით ცხოვრების წინაშე. მაშინ 11-ის ვიყავი. წესით უკვე უკეთ უნდა ვიყო და ისიც უნდა მესმოდეს, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ცხოვრება აქვს, თუმცა სიბრაზე ისე არის გამომწყვდეული ჩემში, რომ ამის დავიწყება ზოგჯერ შეუძლებლადაც კი მიმაჩნია. ახლა მამას ორი შვილი ჰყავს, ჩემს გარდა და თავსაც კარგად გრძნობს. ვფიქრობ ამას მართლა ვერ ვაპატიებ. ჩემს ნახევარძმებთან შეხება არ მაქვს და არც მინდა, მამა ამის გამო ხშირად მაკრიტიკებს, თუმცა ყოველი ასეთი შემთხვევა ჩვენი ჩხუბით სრულდება და მე, როგორც მისი ყველაზე დიდი მტერი, ამ შანსს ხელიდან არასოდეს ვუშვებ, რომ ვუსაყვედურო და გავკიცხო იმის გამო რაც ჩაიდინა. ახლაც, ალბათ, იგივე მოხდება. სინამდვილეში ის უფრო გასაკვირი იქნება თუ ასე არ დასრულდება ყველაფერი, ასე რომ მე უკვე შემზადებული მივდივარ და წინასწარ გამზადებულ გულსატკენ სიტყვებსაც გემრიელი ლუკმებივთ წინ ვილაგებ.

  სახელოსნოს კარი ღია დამხვდა. მამა იმდენად ჩაფლული იყო თავის საქმიანობაში, რომ ვერც კი შემამჩნია (ეს ყოველთვის მომწონდა, მაგრამ არასოდეს გამოვხატავდი. მგონი მამას ვგავარ).

- ოჰო! მემგონი ვიღაც შვილს ვეღარ ცნობს იმდენი ხანი გავიდა, თუ თავს მარიდებ.

- ღმერთო ჩემო, მარი. შემაშინე. ჯერ არ გელოდი და თან მუშაობას შევყევი. გინდა შეხედო?

- იყოს, დასრულებულის ნახვა მირჩევნია ( არადა ამაზე მეტად არაფერი მინდოდა).

- კი მაგრამ ვინ იცის კიდევ როდის მოხვალ.

- რა მნიშვნელობა აქვს, გადაგდებას ხომ არ უპირებ.

- გადაგდებას არა, უბრალოდ სპეციალური შეკვეთაა, პირველად ვაკეთებ და როგორც კი დავასრულებ უნდა წაიღონ.

- კარგი მაშინ შევხედავ. - მამას სახე გაუნათდა-მე გული. ინტერესით დავაკვირდი მაგიდაზე წამოწვენილ ნივთს. თვალები გამიფართოვდა.

- იცი, ამას იშვიათად გეუბნები, მაგრამ მართლა ულამაზესია. ასეთი მე არსად შემხვედრია. - ჩინური სტილის ლითონის თმისსამაგრზე იეროგლიფები იყო ამოტვიფრული. ბოლოში კი სამი მოზრდილი თვალი ჰქონდა ჩამოკიდებული. სამაგრი მთელს სიგრძეზე თითქოს ამოუცნობი ფორმით იყო მოხატული. თვლები საკმაოდ ძვირფასს ჰგავდა.

- როგორც ვხედავ მართლა მოგეწონა. როცა დავამთავრებ მსგავსს შენც გაგიკეთებ, თუმცა ზუსტად ასეთს ვერა, რადგან დავპირდი, ხომ გესმის.

- არა, საერთოდაც საჭირო არაა, უბრალოდ ჩათვალე რომ როგორც ნამუშევარი მომეწონა და არა როგორც ნივთი რომელიც მექნებოდა. ეს რა ქვებია?

- ეს ვარდისფერი კვარცია, ის სიყვარულთან ასოცირდება და მის პოვნაშიც გეხმარება. შემდეგი აკვამარინია. ამბობენ, რომ აკვამარინს ოკეანის ენერგია აქვს და ადამიანს ბუნებასთან დაახლოებაში ეხმარება. ეს კი ამეთვისტოა. მას უძველესი ხანიდან მაგიურ ქვად მოიხსენიებენ. სიწმინდის, ერთგულების და უდანაშაულობის ქვად ითვლება. ძველად მაღალი ფენის წარმომადგენლები მუდამ თან დაატარებდნენ ხოლმე. ყველაფერთან ერთად საკმაოდ იშვიათი იყო.

- ყველა ულამაზესია და მნიშვნელობითაც საინტერესო, როგორც ჩანს ვინმე განსაკუთრებულისთვის შეუკვეთეს.

- მეც ასე ვფიქრობ, თუმცა ჩემი საქმე არაა. ასეთი საინტერესო იდეით და არჩევანით ჯერ არავინ მოსულა.

- ქართველია?

- არა, ქართველი არაა. ზუსტად ქვეყანა, რა თქმა უნდა, არ ვიცი, მაგრამ წესით აზიიდან უნდა იყოს.

- დარწმუნებული ვარ საინტერესო ადამიანი იქნება. ისე შენი მშურს იცი.

- ჩემი? - გაიკვირვა მამამ - ჩემი რატომ გშურს?

- ამდენ ადამიანთან გაქვს შეხება.

- მერე, შენც ხომ უამრავ ადამიანს ხვდები!

- კი მეც ვხვდები, მაგრამ ეს სულ სხვა რამაა. აქ ისეთი ადამიანები მოდიან ვისთან საუბარიც ვფიქრობ ძალიან საინტერესო უნდა იყოს. ისეთები, ყოველდღე ქუჩაში რომ ვერ შეხვდები და რომც შეხვდე ვერაფერს გაიგებ, რადგან ძალიან უბრალოები არიან. დარწმუნებული ვარ ამას შენც ხვდები და დიდ სიამოვნებასაც იღებ.

- ყველა ასეთი არაა, მაგრამ უნდა დაგეთანხმო. უმეტესობა მართლაც რომ საინტერესოა და ამასთან იდუმალიც.

- ხომ გეუბნები, გაგიმართლა მეთქი.

- შეგეძლო შენც გესწავლა და დამხმარებოდი, მაგრამ უარი თქვი.

- სამაგიეროდ გყავს ადამიანები, ვინც სიამოვნებით ისწავლიან და შენც ასევე სიამოვნებით ასწავლი.

- მოდი ისევ ნუ დავიწყებთ იმის განხილვას ვინ მყავს მე, კარგი? შენც ჩემი შვილი ხარ, ისევე როგორც ისინი.

- მართლა? როგორც ჩანს ბედნიერი უნდა ვიყო იმით რომ ჩემზე უფროსი შვილი გყავს და ეს წლების შემდეგ გავიგე არა?

- დღეს შენთან კამათს არ ვაპირებ. უკვე მილიონჯერ აგიხსენი, რომ ამის შესახებ მეც არაფერი ვიცოდი და ეს ყველაფერი უბრალოდ შემთხვევითობა იყო.

- და ასე უბრალო შემთხვევითობით 13 წლის შემდეგ კვლავ გიბრუნდება ბედნიერება, რომელიც დედამ და მე წაგართვით ხომ?

- მე ეს არასოდეს მითქვამს მარი და ნუ გავიწყდება რომ მამაშენი ვარ და მე თუ შეცდომა დავუშვი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსად ლაპარაკის უფლება გაქვს.

- შეცდომა? ნეტავ რას იტყვი მეც იგივე შეცდომა რომ დავუშვა?

 - მოდი მოვრჩეთ ამაზე. სულ სხვა რამისთვის მინდოდა შენი ნახვა. თუ შეიძლება დაჯექი და მომისმინე და გთხოვ სანამ არ დავასრულებ ნუ შემაწყვეტინებ. ოღონდ ცოტახნით დავიცადოთ.

- და რას დაველოდოთ?

- დათა უნდა მოვიდეს. - დარცხვენილად გამომხედა. არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ მომენტში გული მეტკინა მამას გამო. იქნებ მას უფრო მეტად უჭირს, მაგრამ არა. ჩემი ტკივილი ბევრად ძლიერია და ამას ყოველთვის ვაგრძნობინებ და არ მივცემ უფლებას დაივიწყოს.

- რა თქმა უნდა, ისევ აპირებ რომ და-ძმური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბო ხო? გაიგე რომ არცერთს არ გვინდა ეს აფსურდული ნათესაური კავშირი.

- ვიცი და ორივესი მესმის, უბრალოდ ცოტახნით დავუცადოთ და ორივეს ერთად გეტყვით ჩემს სათქმელს. - ჩამეღიმა, ჩემზე მეტად ირონიულია ეს სამყარო და მამაჩემი კიდევ საცოდავი.

- კარგი, ცოტახნით დავიცდი და თუ არ მოვა წავალ. ბევრი დრო არ მაქვს. - არადა დროზე ჭარბად დღეს არაფერი მაქვს.

სახელოსნოში აუტანლად ცხელა და არც ნიავი უბერავს. კონდინციონერი გაფუჭებულა და ჯერ არც ხელოსანი ჩანს. ნელ-ნელა ჰაერივით მეწურება მოთმინებაც. ოფლის წვეთები კისერზე მიყოლებით ცურდებიან და მთელს ტანს ეკვრიან. დათა ჯერ ისევ არ ჩანს. უხეშად გამოვწიე სკამი და დემონსტრაციულად დავეშვი. როგორც იქნა ზურგიდან ნაბიჯების ხმა შემომესმა. გაუაზრებლად შევტრიალდი. დათა გამოჩნდა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. ის შეცვლილია. გაზრდილა და უფრო სიმპათიურია ვიდრე აქამდე და ვფიქრობ ცოტათი მგავს. როგორც მჩვევია მის დანახვაზე ცხვირი ავჭმუხნე და პირვანდელ მდგომარეობას დავუბრუნდი. ის ჩემზე უარესად დაიპრანჭა და უკმაყოფილოდ ჩამოჯდა თეთრად შეღებილ ხის სკამზე.

- რა ხდება, ორივე ერთად აქ რატომ ვართ? - ბრაზიანი და შურისმაძებელი სახით ეკითხება ავთოს დათა. როგორც ჩანს ჩემზე მეტად არ სიამოვნებდა ამ გარემოცვაში ყოფნა.

- ყველაფერს გეტყვით თუ დამაცდით და არ გამაწყვეტინებთ. - ორივემ თანხმობის ნიშნად დუმილი ვარჩიეთ და ავთომაც დაიწყო - მოკლედ ასე! ვიცი, რომ შენ და დათას კარგი ურთიერთობა არ გაქვთ და ფაქტობრივად არ იცნობთ ერთმანეთს. - სათვალეებს ქვეშიდან შეშინებული თვალებით მომაჩერდა - მანაც საკმაოდ განიცადა ეს ყველაფერი და შენსავით დღემდე გაბრაზებულია ჩემზე. მე მესმის ყველაფერი რასაც გრძნობთ და თავს არ ვიმართლებ. მეც მტკივა გული, რომ ცამეტი წლის მანძილზე დათა მარტო იზრდებოდა, შენ კიდევ თერთმეტი წლიდან ჩემს ნახვაზე, თითქმის ყოველთვის უარს აცხადებ, მაგრამ თქვენ ჩემი შვილები ხართ და მიუხედავად შეცდომებისა ამას ვერც თქვენ და ვერც მე ვერსად წავიღებთ. როგორც არ უნდა ვეცადო და მოვინდომო დრო უკან არ ბრუნდება და უფრო ჩქარა გადის, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია შევამჩნიოთ, ამიტომ ყველაფერ ამასთან უძლური ვარ. - რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ მამამ ხელის აწევით მანიშნა რომ ლაპარაკი დასრულებული არ იყო და შესაბამისად შეპასუხებისგან ცოტახნით თავი უნდა შემეკავებინა. - თქვენ,ორივე, იმაზე კარგი შვილები ხართ, ვიდრე ვიმსახურებ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ და-ძმა ხართ, ერთმანეთს საერთოდ არ იცნობთ. მოკლედ! ორივე თქვენგანს გადაწყვეტილი გაქვთ, რომ საზღვარგარეთ წახვიდეთ სწავლის გასაგრძელებლად და სხვათაშორის ეს იდეა მე საერთოდ არ მომწონს, მაგრამ თქვენ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. - მე და დათამ გაოცებულებმა შევხედეთ ერთმანეთს - მე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ მოახერხოთ წასვლა და სწავლა. იცით, ალბათ, რომ ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი სახსრები სჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ მუშაობთ, ეს თანხა საკმარისი არ იქნება და ჩვენი დახმარებაც დაგჭირდებათ. მე თქვენთვის შემოთავაზება მაქვს - თითქოს ოთახში გონგის ხმა გაისმა. დავიძაბეთ. სკამმა ნერვიული ჭრიალი ატეხა. - ჩვენ, ყველა ერთად დაგაფინანსებთ იმ შემთხვევაში, თუ გამონახავთ საერთო ენას, დამეგობრდებით, მიიღებთ ერთმანეთს როგორც დას და ძმას და რაც მთავარია, ერთად წახვალთ სასწავლებლად. - მამამ მონოლოგი დაასრულა, მაგრამ ხმის ამოღებასაც კი ვერ ვახერხებდი გაოცებისგან, როგორც ჩანს ვერც ჩემი ,,ძმა“.

- ავთო საერთოდ რაებს იძახი? - ნერვიული სიცილით იკითხა დათამ.- მე და ეს ერთად?

- მართლაც, საერთოდ რაზე ლაპარაკობ? - გაოცებული ვუყურებ მამას პასუხის მოლოდინში, რომლის მოსმენაც არ მინდა.

- მგონი ყველაფერი გითხარით უკვე, ასე რომ რას გადაწყვეტთ უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

- ავთო მისმინე, შენ თქვი, რომ ნანობ იმ შეცდომებს რაც დაუშვი და უბრალოდ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, მაგრამ მართლა მაინტერესებს, დავიჯერო ვერ ხვდები რომ ახალ შეცდომას უშვებ? შენთვის თუ სათამაშოები ვართ, ბოდიში, მაგრამ მე არ ვთვლი თავს შენს ნივთად რომ რაც გინდა ის გამიკეთო.

- მე თქვენ არჩევანის საშუალება მოგეცით.

- ეს არჩევანი კი არა და შანტაჟია და ამდენს თუ ვერ ხვდები რა ვილაპარაო საერთოდ. - დათა იცინის - ზოგჯერ მართლა მინდა რომ გაქრე და მახსენდება დრო როცა შენს გარეშე ვცხოვრობდი და ვგრძნობ რომ ბევრად ბედნიერი ვიყავი. ახლა შენ უბრალოდ ყველაფერს აფუჭებ. მაგრამ იცი რა, მოიქეცი როგორც გინდა. ამ სისულელეში ჩართვას არ ვაპირებ და მითუმეტეს მასთან ერთად წასვლას. შეიძლება შენი შვილია, მაგრამ ჩემი და ნამდვილად არა. - სიძულვილით სავსე თვალებით მომაჩერდა.

- მშვენიერია დათა, მამა, მგონი აქ ზედმეტი ვარ. შეგიძლიათ გააგრძელოთ საუბარი. მე წავალ და რაც გინდათ ის უქენით თქვენს მომავალს, სწავლას, ოჯახს, მოგონებებს და საერთოდაც ყველაფერს. მამა, მეტად ამ თემაზე სჯობს ხმა აღარ ამოიღო. და ხო, დამავიწყდა, ერთადერთი არ ხარ ვინც დად არ აღმიქვამს, არც ჩემთვის ხარ ძმა და არც არასოდეს იქნები, ასე რომ გააგრძელე შენი ცხოვრება დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად და იმედია აღარასოდეს მომიწევს თქვენს საქმეებში ჩარევა. რაც შეეხება საზღვარგარეთ სწავლას, საკუთარ თავზე როგორმე ვიზრუნებ, როგორც აქამდე და არ არის საჭირო აფორიაქებული და შეწუხებული მამის ნიღბის მორგება. მოკლედ, კარგად. - ირონიული ღიმილით დავტოვე ორივე მათგანი, ხელი დავუქნიე და სწრაფი ნაბიჯით წამოვედი. მინდოდა რაც შეიძლება მალე გავცლოდი იქაურობას. გარემოც კი გულს მირევდა.

 ქუჩა გადავკვეთე და სწრაფი ნაბიჯით სიარული განვაგრძე გზაჯვარედინამდე, შუქნიშანზე გადავედი და იქვე ახლოს პატარა კაფე ,,იოლიტში’’ შევედი. სახელს ნამდვილად ამართლებს, ყველაფერი ლურჯად ელვარებს. დაჯდომას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე. ორმაგი ამერიკანო წასაღებ ჭიქაში ჩავასხმევინე ყინულთან ერთად და კვლავ სწრაფად გავუყევი ჩემს მიმართულებას. სახლში შესვლისას კარი ჩამოგდებამდე მივაჯახუნე. ოთახში ავედი, ჩამკეტი გადავწიე და იატაკზე მოკალათებულმა დავიწყე ყავის სმა - გემო თითქმის დაჰკარგვია. ჩემი ქმედებები ნელ-ნელა გაუაზრებელს ემსგავსება და ვხვდები, რომ მიუხედავად საკუთარი თავისთვის მიცემული პირობისა, თავზე კონტროლს მაინც ვკარგავ და როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ვბრაზდები. ამდენი წლის შემდეგ ისევ გაბრაზებულ მეს და გატეხილ პირობას ვუყურებ სარკეში და გული მერევა. ღმერთო ჩემო, ნუთუ დედაჩემიც დათანხმდა ამ აფსურდს. ჯანდაბა მარი. ცოტა მშვიდად. ესეც ისეთივე დღეა როგორიც სხვა დანარჩენი. მათ გამო საკუთარი თავის დასჯა საერთოდაც არ ღირს ასე რომ უბრალოდ გაიღიმე და დაიკიდე, გაიღიმე და დაიკიდე, გაიღიმე და დაიკიდე. შენ შენი ცხოვრება გაქვს, დღეიდან ორმაგად შეეცდები და როდისმე აუცილებლად გამოგივა ფეხზე დადგომა, ყველაფერი აუცილებლად გამოგივა გასაგებია? მე მეთანხმება. დღე ისევ გრძელდება და ისევ წამსაც ვერ მოჰპარავ.

ფანჯრიდან გავიხედე. მანქანების გამონაბოლქვი და სიცხისგან ჩამოწოლილი უცნაური ბინდი ერთნაირად მამძიმებდა. ფარდა გადავწიე და ცივი შხაპის მისაღებად წავედი. არაფერი მშველის, მაინც აუტანლად ცხელა. მოწყენილობისგან ლამის დეპრესია დამეწყო და უცებ ტელეფონი რეკავს.


- ალიო!

- მარი, რას შვრები?

- დაჩი, არ მჯერა რომ მირეკავ. კიდევ გახსოვს ჩემი არსებობა?

- ეეე, კარგი რა. უბრალოდ ცოტახნით დავიკარგე, ისევე როგორც შენ.

- რავიცი აბა, ნოამ მითხრა ქალაქშიც არააო და ვერც ვუკავშირდებითო და აღარ შეგეხმიანე იქნებ გამოჩნდესთქო და აი შენც, მაგრამ ათწლეულების შემდეგ.

- კარგი ახლა მთლად ტრაგედიას ნუ მათამაშებ. - ორივეს გვეცინება. დაჩიმ ისე გულიანად იცის ჩახითხითება, სულ რომ არაფერი იყოს სასაცილო მისი შემხედვარე თავს ვერ შეიკავებ. - მისმინე მარო, წეღან კატოს ველაპარაკე და მითხრა დღეს ისვენებსო და გეცლება რომ სადმე გავიდეთ?

- სერიოზულად?

- კი, ხომ არ მოგატყუებ.

- ისე მცხელა მოვკვდები მგონია და თუ სადმე ბუნებაში გასვლას გეგმავ, რა თქმა უნდა, მინდა წამოსვლა, ოღონდ გააჩნია ვინ იქნება.

- აბა ამ სიცხეში შუა ქალაქში დასასმელად ხო არ გაგიმეტებ, რა თქმა უნდა ბუნებაში. მოკლედ ნოა, მე, კატო, შენ და ერთი ჩემი მეგობარი კიდევ. შენ არ იცნობ, მაგრამ კაი ტიპია ძაან.

- მაშინ ოკეი. გავიდეთ. რომელზე გამომივლი, თუ მე გამოვიდე სადმე? თან ხო იცი, თუ გავალთ რაღაცეების ყიდვაც დაგვჭირდება.

- კი როგორ არ ვიცი. მიდი შენ გაემზადე, ნახევარ საათში შენთან ვიქნები. ჩვენ გავიდეთ, რაც საჭიროა ვიყიდოთ და მერე დანარჩენებს გავუაროთ რა. მგონი ასე სჯობს.

- მიდი მაშინ და გელოდები.

დაჩიმ ტელეფონი გათიშა და მე სირბილი დავიწყე ოთახში. მართლა არ ვიცი რა ჩავიცვა ან რა წავიღო. ისიც არ ვიცი ზუსტად სად მივდივართ. მოკლედ ასე, იმედია დედა ამ არეულობისთვის არ მომკლავს, თითქმის ყველაფერი გადმოვყარე კარადის უჯრიდან. გადაწყდა. ღია ფერის ნაჭრის შორტს ვიცვამ, თეთრ ფართე მაისურს, შავ კედებს და კრემისფერ ცილინდრისებრ ქუდს ვიფარებ თავზე. ყველაფერი სწრაფად გაჩნდა ჩემს ტანზე. ჩანთაში ყოველი შემთხვევისთვის მოყავისფრო პერანგი ჩავიგდე და ღია ჯინსის შარვალი. სიფრთხილეს თავი არ სტკივა ხომ იცით. სახეზე სულ ცოტა ტონალური კრემი და თვალზე ფანქარი. დროში ჩავეტიე და სიგნალის ხმაც შემომესმა. დედას შეტყობინება დავუტოვე რომ არ ენერვიულა, ბრაგაბრუგით ჩავიარე მორყეული კიბეები და მწველ მზეში გაგიჟებით გავედი. დაჩის ჩავეხუტე და კიდევ დიდხანს დავრჩებოდით ასე რომ არა ჩვენს შორის ჩამდგარი მზე. სასწრაფოდ მანქანაში ჩავსხედით და ოდნავი სიგრილით მოვითქვით სული.

დაჩი

თმა ქერა, მოკლედ შეჭრილი და სახე თეთრი. ლოყაზე და ცხვირზე წვრილი ჭორფლები. ცხვირი ქართული. თვალები ჭაობისფერი. ტუჩი ოდნავ თხელი და კბილები ცოტა მეჩხერი. საშუალოზე მაღალი. წყალბურთელია, თუმცა ცოტა ზარმაცი და წესების ნაკლებად დამცველი. დალევას თავს არ არიდებს, თუმცა წრეს ყოველთვის არჩევს. მშობლები საზღვარგარეთ არიან და ძირითადად თავისუფლებით სარგებლობს. ძალიან დიდი სამეგობრო ჰყავს, მაგრამ ვერ გაიგებ ვის აღიქვამს ნამდვილ მეგობრად და ვის არა. ხშირად ქრება და არავინ იცის სად - მწვრთნელმაც კი. ამბობენ შავ სამყაროსთან აქვს კავშირიო (მე არ მჯერა). სერიოზული და ჭკვიანია. უცნაური სიცილი აქვს და ამ სიცილით აღწევს ყველას გულამდე. საინტერესო მოსაუბრე. IQ 120. ხასიათი არც კი ვიცი. ზოგჯერ მკაცრი, ზოგჯერ ზედმეტად რბილი, ხშირად ხისტი, მეგობრული და ალბათ საყვარელი. გართობა უყვარს და სიახლეების აღმოჩენა. ხო, კინაღამ დამავიწყდა - გამოუსწორებელი მექალთანეა.

 

როგორც ვთქვი ჩვენ მანქანაში ჩავსხედით. ჩანთის დასადებად უკანა სავარძლისკენ გადავიწიე და უცებ გავშეშდი. როგორც ჩანს მარტოები არ ვაპირებთ პროდუქტის ყიდვას და როგორც ვხვდები ეს დაჩის უცნობი მეგობარი უნდა იყოს.

- გაიცანი მარი ეს აკიოა, ის მეგობარი შენ რომ არ იცნობ. აკიო ეს კიდევ მარია, უკვე მოგიყევი მასზე რაღაცეები.

- სასიამოვნოა! - ოდნავი ღიმილით დავუკარი თავი.

- ჩემთვ საც სასიამო ვ ნოა - მშვენიერი ქართულით მომესალმა თვითონაც.

- მარი ლიზა ხომ გახსოვს-დედაჩემის მეგობარი? თუ არ ვცდები ორი წლის წინ გაგაცანი. - მე თავი დავუქნიე - ეს მისი შვილია.

 

 

აკიო იოშიდა

 გვარი იოშიდა. სახელი აკიო - თუ არ ვცდები ბრწყინვალე მამაკაცს უნდა ნიშნავდეს. განსხვავებული გარეგნობით გამოირჩევა და ხშირად იღიმის, მე თუ მკითხავთ ცოტა სევდიანადაც კი. თვალები სულ უბრწყინავს. შავი, გრძელი თმა აქვს და ორივე ლოყა საყვარლად ეჩხვლიტება. ისიც დაჩიც მსგავსად მაღალია. წარბები თხელი და ჩაცმის სტილი სპორტული.

ლიზა (აკიოს დედა) იაპონიაში საცხოვრებლად თითქმის 22 წლის წინ წავიდა. დაჩის დედა ნანა და ლიზა განუყრელი მეგობრები იყვნენ და ვერც საზღვრები უშლიდათ ურთიერთობაში ხელს, თუმცა ეს იმ დროისთვის ძალიან რთული იყო. საერთოდაც იშვიათი თუ ახერხებდა ვინმე საზღვარგარეთ წასვლას და მით უმეტეს მსგავსი ტიპის ქვეყნებში. თანაც იმ დროისათვის იაპონია არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო, ისევე როგორც მსოფლიო.

ზუსტად მაშინ, როდესაც მსოფლიო ცდილობდა ახალი სირთულეების დაძლევას, საქართველო კი ისევ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რღვევას განაგრძობდა, ლიზამ გადაწყვიტა ნებისმიერი ხერხით მოეხერხებიდა და წასულიყო ქვეყანაში რომელზეც ოცნებობდა წლების მანძილზე, ისიც კი არ ვიცი რატომ გაუჩნდა ფაქტობრივად ყველაზე უცნობ ქვეყანაში წასვლის სურვილი. მაშინ 21-ის იყო. მშობლებისგან კატეგორიული უარის მიღებისა და იმის მიუხედავად, რომ არ არსებობდა შემოსავალი რომელიც მას დააფინანსებდა და არ არსებობდა რეალური შანსი სადმე გასვლის, მან დღემდე უცნობი გზებით მაინც მოახერხა საზღვრის გადაკვეთა და იაპონიაში ჩასვლა. ეს ყველაფერი ოჯახმა და ყველა დანარჩენმა მხოლოდ თვეების შემდეგ გაიგეს, მანამდე კი ქვეყნის მასშტაბით მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. მშობლებს მისი ცოცხლად პოვნის იმედიც კი აღარ ჰქონდათ, რომ მიიღეს წერილი:

 ,, დედა, მამა! ცოტა დაგვიანებით გწერთ, უბრალოდ, დრო მჭირდებოდა. ვიცი რომ გაბრაზებული ხართ და ალბათ ინერვიულეთ, მაგრამ მე კარგად ვარ. როგორც იქნა იაპონიაში ჩამოვედი. აქაც არაა მარტივი ცხოვრება, მაგრამ ბედნიერი ვარ. იმედია მალე გნახავთ. რომ ჩამოვალ ჩხირებით ჭამას გასწავლით.“

ატყდა ერთი ამბავი, ვანო იგინება, მზია თავში ხელებს ირტყამს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დალაგდა. რამოდენიმე წლის შემდეგ ლიზა ქმართან, იუტო იოშიდასთან, ერთად ჩამოვიდა და წასვლის სიბრაზე მშობლებმა ახლა უცხო ადამიანის შემოყვანის სიბრაზით ჩაანაცვლეს, მაგრამ ქართველები სტუმართან არაფერს ვიმჩნევთ, ამიტომაც სუფრაზე მომღიმარი დედ-მამა დღეს კუთხეში მიყენებული ლიზას ლანძღვით ამთავრებდნენ, თუმცა დრო გავიდა და ყველაფერი შეიცვალა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აკიო დაიბადა. ყველა ერთნაირად აავსო სიხარულით და სიბრაზის ადგილი აღარავის დაუტოვა. მოკლედ ასე გამოვიდა რომ აკიოს ქართველი დედა და იაოპონელი მამა ჰყავს. ქართველს არ ჰგავს ფიზიკურად, თუმცა, თუ დაჩის დავუჯერებთ, ჩვენსავით ჯიუტი და ხისტია. ამას დრო გვიჩვენებს. ხოო კიდევ, ჩემზე ორი წლით დიდია.

 

ჩვენი ქართულ-იაპონური მისალმება მალე დამთავრდა და ცოტახნით ჩუმად მივცოცავდით ქალაქის გადაჭედილ გზებზე.

- როგორ გაჩუმდით რა ხდება, არადა უკვე ბედნიერები უნდა იყოთ, რომ სულ მალე გავეცლებით აქაურობას ცოტახნით მაინც. - გადმომხედა თითქოს განაწყენებულმა დაჩიმ და ისევ გზას გახედა ჩაფიქრებით.

- იმდენი ხანია არ მინახავხარ უკვე ისიც არ ვიცი რაზე გელაპარაკო, ან რა გკითხო საერთოდ. არ მეტყვი სად იყავი დაკარგული?

- მოდი ამაზე არ გვინდა. სჯობს ის მითხრა უკვე იცი თუ არა რა უნდა ვიყიდოთ. რაც შეიძლება მალე მოვამთავროთ რომ მალევე წავიდეთ.

- კიი ფაქტობრივად ვიცი რაც დაგვჭირდება. შევალთ და ვნახავთ. რომ ვხედავ თან მერე მახსენდება ხოლმე ხომ იცი. ისე სად მივდივართ?

- უი, არ მითქვამს? მაშინ არც გეტყვი და თვითონვე ნახავ. - ეშმაკურად ჩამიცინა, მეც თავი ვერ შევიკავე. ზოგჯერ უსაყვარლესია. - კარვები მომაქვს და დღეს იქ დავრჩებით, ხვალ დილით კიდევ სანამ დაცხება წამოვალთ.

- იქ ვრჩებით? რას ამბობ, აქამდე რატომ არ მითხარი? მე ასე ვერ წამოვალ, თან დედამაც არაფერი იცის და მარტო შეტყობინება დავუტოვე. ნამდვილად არ მინდა მთელი ღამე ჩემს გამო ათიოს.

- კაი რა შენ კიდევ სულ როგორ გაქვს რაღაც მიზეზი. ამ ჯერად მართლა მკიდია და რომც მოინდომო უკან არ დაგაბრუნებ.

- არა დაჩი სერიოზულად. თუ იმდენად შორს მივდივართ რომ უკან ვერ მოვალთ სჯობს დავრჩე. თან ხვალ ვმუშაობ.

- ეგ უკვე მოგვარებულია. ხვალ არსად მუშაობ.

- შენ რა ჩემს უკითხავად დამითხოვე?

- რა თქმა უნდა, გიცნობ და ყველა გზა ვეცადე მომეჭრა.

- რაც არ უნდა იყოს დედას ვერ დავტოვებ.

- ღმერთო რა აუტანელი ხარ. - თვალები აატრიალა. უკანა სავარძლიდან მოგუდული სიცილი ისმის. ჩემი ტუჩის კუთხეც ზევით იწევს. - ასე კარგად როგორ გიცნობ მეც არ მჯერა. დედაშენსაც ველაპარაკე და უნდა რომ ცოტახნით მაინც მოგაშოროთ და დავასვენოთ, იქნებ მაგისი უჟმური სახე თქვენს გამო მაინც შეიცვალოსო, ასე რომ პანიკის გარეშე პატარავ.

- ესე იგი მე ვარ აუტანელი? და თქვენზე რაღას იტყვით? - გაბუტულად მოვიღუშე და ტუჩები ცოტა წინ გამოვბურცე, რომ პროტესტი უფრო შესამჩნევი ყოფილიყო, მაგრამ ორივე მათგანი მგონი კარგად გავახალისე, ასე რომ ტრაგედიის დადგმა სხვა დროისთვის გადავდე და ჩვეულ ფორმას წამიერად დავუბრუნდი.

კარფურის ქსელის მაღაზიაში შევედით და მგონი ჩემი წამოყვანა საერთოდაც არ ღირდა. ეკონომია მიყვარს და ყოველთვის ვფიქრობ საჭიროზე მეტი არ ვიყიდო, ან ისე არ გამოვიდეს რომ ტყუილად წავიღოთ რამე, ამიტომაც რაც ბავშვებმა აიღეს თითქმის ყველაფერი უკან დავადებინე, მათ შორიც ალკოჰოლური სასმელიც, თუმცა საღამო მეგობრებთან ერთად ვის წარმოუდგენია სასმლის გარეშე. ზოგჯერ ჩემი თავის მეც არ მესმის. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მე ერთი პარკით ხელში გამომიშვეს თვითონ კიდევ გააგრძელეს ყიდვა. მათ მოსვლამდე ფრჩხილებს ვიჭამდი და უკვე ხარჯის დათვლისთვისაც ვემზადებოდი, თუმცა დათამ შემაჩერა და მგონი კარგიც ქნა. უკვე დატვირთულები და შემზედებულები წავედით კატოსთან, რომელიც ავლაბრის მეტროსთან ოფლდაღვრილი და გატანჯული სახით გველოდებოდა.

 

კატო

კატო ჟვანია. 18 წლის. მაღალი, ქერა თმით და ულამაზესი ლურჯი თვალებით. ხშირად დაინახავთ კაბის ფრიალით და ეშხიანი მზერით. სახე გრძელი აქვს. ცხვირი არც ვიცი როგორი, თუმცა მის სახეს ისე ეხამება ვერაფერს იტყვი. მე და კატოს ერთმანეთი ნოამ გაგვაცნო, კატომ კი ყველას დაჩი. ასე შევიკრიბეთ ერთად. კატოს დედა-ნანა მკერავია. დედა-შვილი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. მათ გვერდით ასე მგონია ადამიანი წლების მატებასაც კი ვერასდროს იგრძნობს, არა თუ პრობლემების სიმძიმეს. ყოველთვის მიყვარდა მათ ჰარმონიულ ოჯახში თავის შეყოფა და იმ სითბოს განაწილება რაც იქ ტრიალებდა და რაც მე ასე ძალიან მაკლდა. მამამისი იურისტია. მთელი დღეები გასულია. თავდაუზოგავად შრომობს რომ კატოს ყველაფერი ჰქონდეს და იქ სწავლა მოახერხოს სადაც უნდა. აი კატოს კიდევ სულ არ ადარდებს სწავლა და არც ის უნდა რომ რაიმე საქმე იპოვოს, ანდაც პროფესიად გაიხადოს. მოგზაურობა უყვარს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გარშემო. ჰიპერაქტიულობით ყველა ჩვენგანს გადაწონის და რაც მთავარია ძალიან მეგობრული და მხიარულია. მისი კისკისი ანათებს ხოლმე ჩვენს გარემოცვას.

 

მანქანაში როგორც კი ჩახტა და სიცხის ტრაგიკულობაზე წუწუნს მორჩა მაშინვე დაიწყო ადამიანების შემჩნევა და მოჰყვა შეუჩერებელ ტიტინს. ზოგჯერ პატარ