შუშის სასახლე
შუშის სასახლე
ვლადიმერ პუტინი, 2015 წლის 28 სექტემბერს, „РИА Новости“-სთან მიცემულ ინტერვიუში დაეთანხმა განაცხადს, რომ „კაგებეს“ ყოფილი თანამშრომლები არ არსებობენ.
„მასე ამბობდნენ, ბევრი ტირილი მკვდარს ვერ გააცოცხლებსო“ − მიუგებდა იესო ნაზარეველი „კაგებეს“ თანამშრომელი რომ ყოფილიყო.
იყო და არა იყო რა. ჩვენს თბილის ქალაქზე უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ხელმწიფე. ზოგჯერ იყო, ზოგჯერ არც იყო და იყო ერთი პრინცი, უფლისწული, ეგეც ხან იყო, ხან არ იყო და, მოკლედ, როგორც იყო და რაც იყო და კაცმა არ იცის სინამდვილეში რა იყო და როგორ იყო, რაც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენს თბილის ქალაქზე უკეთესი რა იქნებოდა, ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, მზე რომ ჩავიდა და მთვარე ამოვიდა, ამ ჩვენი საუკეთესო თბილის ქალაქის თავზე ცა მოიქუფრა. ჩამუქებულ სივრცედ მორკალულ თაღოვან კამარაზე, თეთრი ქუნქულა ღრუბლების სიფაფუკეში, მოულოდნელად შერჭობილი, კუპრივით შავი ღრუბელი საცვალჩახდილი ადამიანის სილუეტს წააგავდა. აპოფენია, თუ რაცაა ეძახეთ და ელვის გაკრთობაზე, ძალიან უცნაურად და ცოტა სასაცილოდ, ტრაკსაც კი ათამაშებდა.
ოთახში სამარისებული სიჩუმე იდგა. მაღალ ვიტრაჟებზე გრძელი ხაკისფერი ფარდები იატაკამდე ჩამოეფარებინათ. ჭირდა რაიმეს კონკრეტული მოყვანილობისა, თუ ზომის, ფერისა, თუ კონტურების გარჩევა. მხოლოდ მუქი რუხი სილუეტები იდღაბნებოდა ერთმანეთში, მომრგვალებული, გლუვი, ზოგან, წაწვეტებული კიდეებით, შეიძლებოდა მაგიდის, ან კარადის, სულაც, ჭერიდან ჩამოზრდილი დეკორაციების. მიუხედავად იმისა, რომ ოთახი და მთლიანად შუშის სასახლეც ვენტილაციის თანამედროვე კონსტრუქციებით კარგად ნიავდებოდა, ჰაერი, სურნელოვანი ჯოხების, გვიმრისა და ტყავის დგამების სუნით მაინც გაჟღენთილიყო. კარგა მოზრდილი ღია ფერის ტყავის დივნის მოპირდაპირე მხარეს, რომელიც ორ დიდ გვიმრას შორის იყო განთავსებული, გიგანტური პლაზმური ტელევიზორი იდგა. ჩართული იყო, თუმცა უხმოდ, რაზეც ეკრანის მარცხენა დაბალ კუთხეში გამოსახული მომცრო ზომის ხმის გამაძლიერებლის სიმბოლო მეტყველებდა, რომელსაც წითელი ფერის იქსისებრი ნიშანი გადაჰფარვოდა. ეს ბაცად განათებული ეკრანი იყო სწორედ, საგნებს მის ირგვლივ, მკრთალ შუქს რომ ჰფენდა და ძლივსშესამჩნევ სხვადასხვაობად აჩენდა.
ეკრანზე, თეთრ პერანგში გამოწყობილი შუა ხანს გადაცილებული მამაკაცი ჩანდა, რომელსაც ცალ ხელში მიკროფონი ეჭირა, ხოლო მეორეს აქეთ-იქით იქნევდა. საჩვენებელი თითიც გაეშვირა მართალია, მაგრამ ამაოდ, მის მიხვრა-მოხვრასა და სხეულის ენას ეშმაკიც ვერ შეატყობდა ორატორობის, ან არტისტიზმის რაიმე ნიშანწყალს.
დივანი ცარიელი იყო, სამაგიეროდ მის გვერდით, ასე, ერთ მეტრში, იატაკზე დაფენილ მაღალბეწვიან ნაცრისფერ ხალიჩაზე ვიღაც იჯდა. ფეხები გადაეჯვარედინებინა და ხელები მუხლებზე დაეწყო. თვალები დახუჭული ჰქონდა. თანაბრად და მშვიდად სუნთქავდა.
უცებ, თვალები გაახილა და ეკრანს შეხედა.
− ეკა, ეკა! − წამოიყვირა კაცმა მოულოდნელად და ტელევიზორის პულტს დასწვდა, რომელიც იქვე, ჟურნალების დაბალ მაგიდაზე იდო, − ეკა, ნახე რა!
დაძახილზე, ოთახში, ლამაზი პირისახის შუა ხნის ქალი შემოვიდა. მოკლე ნაბიჯებს დგამდა და კაცზე გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურებოდა; − სუსტი, საშუალო სიმაღლის, ყავისფრად შეღებილი თმით, რომელსაც ოდნავ ჟღალის ელფერი დაკრავდა. ქალს შინდისფერი ხალათი და ასევე შინდისფერი ფლოსტები ეცვა. შემოსვლისთანავე ტაში შემოჰკრა ორჯერ „და იქმნა ნათელი“, ოთახი უამრავმა ნეონის ნათურამ გაანათა, ოღონდ არა ერთბაშად, არამედ ნელ-ნელა, თანდათანობით, ვითარცა კრეშენდო. ასე იმისათვის იყო მოწყობილი, რომ უეცარი ნათელისგან ბნელში მჯდომ, საქართველოს სახელმწიფოს მომავალ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს თვალი არ მოჭროდა.
− რა იყო ბიძო, როგორ შემაშინე, − ნაზი, თუმცა შეწუხებული ხმით უთხრა ეკამ ბიძინას და დივანზე ჩამოჯდა.
− ბოდიში, არ მინდოდა, − გაუღიმა ბიძინამ და ხელზე ხელი დაადო, − ნახე რა, ნახე რა მომაფიქრდა, რა მაგარი რაღაც ვთქვი, უცებ, არც მიფიქრია საერთოდ მიკროფონთან რომ მივედი, პირდაპირ რაც მომადგა პირზე ვთქვი, − მძიმე რუსული, უფრო კი გაურკვეველი აქცენტით ქართულად წარმოთქვა მან და ტელევიზორს ხმა აუწია.
ტელევიზორიდან გაისმა:
− „თქვენ მიიღებთ გრძელვადიან, უფასო ფულს, უფასო ფულს, უპროცენტო კრედიტები იქნება, ათწლიანი და ოცწლიანი, ძალიან ხანგრძლივი“.
ბიძინამ სანდომიანი თვალებით შეხედა ეკას, მისგან თანხმობის მოლოდინში, რომ მართლაც გენიალური რამ თქვა. ასეთ დროს ეკას ან უნდა გაეღიმა, ან თავი უნდა დაექნია, ან კიდევ ლოყაზე ეკოცნა ხოლმე, თუმცა ამჯერად, არც ერთი მოხდა, არც მეორე და არც მესამე.
ნამდვილ ბიძინას ეკას ხელი ეჭირა და განაგრძობდა ლოდინს, ვირტუალური კი, − დაპირებების გაცემას ეკრანიდან.
თეთრ პერანგში გამოწყობილი, ვირტუალური ბიძინა ივანიშვილი, უჩვეულოდ აქტიურობდა. მართალია სცენაზე დგომისა და მიკროფონის ჭერის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში ისეთის, თეატრალურობა დატყობოდა, თუმცა მხნედ გამოიყურებოდა და სავსე იყო ენთუზიაზმით. ის უამრავ დაპირებას გასცემდა წინასაარჩევნოდ მის გარშემო მოგროვილი ხალხის წინაშე და არანაირ ყურადღებას არ აქცევდა საკუთარი სხეულის ენას, განსხვავებით, მაგალითად, ჰიტლერისგან, რომელიც, თურმე, საათობით იდგა ხოლმე სარკის წინ და აუდიტორიის წინაშე წარმოსათქმელ სიტყვას, მენტორული მიხვრა-მოხვრით ამდიდრებდა. ფიურერს აინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა ხოლმე სიტყვით გამოსვლისას, თვლიდა, რომ ქარიზმას, მჭექარე ხმასთან და მჭერმეტყველებასთან ერთად სხეულის ენაც ქმნიდა. მოგვიანებით მისი მეგობარი და ფოტოგრაფი, ჰაინრიხ ჰოფმანი იხსენებდა, როგორ უღებდა ჰიტლერს ფოტოებს თავის სტუდიაში, სიტყვით გამოსვლის რეპეტიციის დროს. შემდგომში, წესისამებრ, მას უნდა გაენადგურებინა ფოტოები, თუმცა ოცდაათი წლის შემდეგ, მან გაასაჯაროვა მის მიერ შედგენილი ფოტო-კატალოგი. ბელადი, ხარბად ისრუტავდა ხოლმე ვაგნერის ოპერებზე მის მიერ ნანახი მსახიობების ჟესტიკულაციებს და შემდგომ დიდი მონდომებით ცდილობდა გაემეორებინა ჰოფმანის ფოტოსტუდიაში, სარკის წინ. მართალია, თავიდან კოშმარი იყო და სასაცილოდაც კი გამოსდიოდა ხელის და თავის მოძრაობები, თუმცა იმდენი იმუშავა საკუთარ თავზე, რომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, მსოფლიოს უდიდესი და უსაშინლესი ორატორი.
ამასობაში კი, ტელევიზორის ეკრანზე, ვირტუალურ ბიძინას, უამრავი ხალხი ეხვია გარს და აღტაცებულები ხმამაღალი შეძახილებით ეთანხმებოდნენ მის დაპირებებს და აქებდნენ მას. სულ არ ანაღვლებდათ მისი მიხვრა-მოხვრა, ყველასთვის ერთი რამ იყო ნათელი, რომ ეს კაცი, რომელიც მათ წინაშე გამოცხადდა, მილიარდერი იყო და ხალხის ქვეცნობიერზე სწორედ ეს დეტალი ახდენდა პოზიტიურ გავლენას, ფიქრობდნენ, ა, კაცი, მთელი ამ ხნის განმავლობაში არ ჩანდა, ისე, ჩუმად ეხმარებოდა უამრავ ადამიანსო, ჭორვილა, მისი სოფელი, ააყვავა, ნამდვილ ედემის ბაღს დაამგვანა, ეს რო მთავრობაში მოვა, ხო წარმოგიდგენიათ რას უზამს საქართველოსო? მიშას ყაჩაღებს კი არ ჰგავს, რო შესევიან ქვეყანას და პირწმინდად ძარცვავენ, ატყავებენ და კაცებს აუპატიურებენ ციხეებშიო. ხალხი იმედიანი თვალებით შეჰყურებდა ახალ კაცს, რომელსაც ძველი კაცის ტირანიისგან უნდა გაეთავისუფლებინა საქართველო. ხალხმა არ იცოდა, რომ ახალი კაციც, ძველის მსგავსად უზურპატორი აღმოჩნდებოდა და ხელისუფლებაში მოსვლიდან რვა წლის თავზე ჩრდილოეთ კორეას დაამგვანებდა საქართველოს პარლამენტს.
ნამდვილი ბიძინა ივანიშვილი კი, ქალაქ თბილისში, სოლოლაკის ხეივნის პირველ ნომერში, შუშის სასახლეში, თავის მეუღლესთან ერთად საძინებელი ოთახის იატაკზე იჯდა და უკვე ეჭვებს შეეპყრო, ვერა და ვერ გრძნობდა ეკასგან ჩვეული ემპათიას.
− ეკა, რა მოგივიდა? − ჰკითხა მან მეუღლეს და წამოიწია ისე, რომ ხელი არ გაუშვია ეკასთვის, წამოდგა, ეკაც წამოაყენა და ფაფუკ ტყავის მდივანში ნაზად ჩაეშვნენ.
ბიძინა აშკარად ატყობდა ეკას უხასიათობას და მიზეზის გამორკვევას ცდილობდა. ოცდაერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ასეთი რამ შეუძლებელია გამოგეპაროს კაცს. ნუთუ მიზეზი ისევ ის იყო, რაზეც უკვე უამრავჯერ უკამათიათ და უსიამოვნებაც კი მოსვლიათ? ბიძინა საგონებელში იყო ჩავარდნილი და შეუმჩნევლად, სულ ოდნავ, ქვედა ტუჩსაც კი იკვნეტდა.
ბოლო დროს ურთიერთობა დაეძაბათ ბიძინას გადაწყვეტილების გამო, რომელიც მის საჯარო პოლიტიკაში მოსვლას უკავშირდებოდა, თანაც მოსვლაცაა და მოსვლაც, ეკასთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ მისი მეუღლე ქვეყნის მართვის სადავეების ხელში აღებას აპირებდა და მიუხედავად მისი მცდელობისა გადაერწმუნებინა, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო, სამ დღეში, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, ბიძინას ახლად დაარსებული პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნება − დემოკრატიული საქართველო“, მასთან კოალიციაში მყოფ სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, უმოწყალოდ დაუპირისპირდებოდა ქვეყნის მტრად გამოცხადებულ „ნაციონალურ მოძრაობას“.
ბიძინას პოლიტიკური პარტიის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ტრიალებდა მედიასა და სოციალურ ქსელებში. ამბობდნენ 21 აპრილს, 21 მაისს, ხოლო თავად პარტიის ვებ-გვერდზე კი ეწერა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება − დემოკრატიული საქართველო“ ქართველმა ბიზნესმენმა და მეცენატმა, ბიძინა ივანიშვილმა, ოფიციალურად, 2012 წლის თებერვალში დააარსა. სინამდვილეში მან ეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მიიღო ვიდრე ამას რომელიმე წყარო იუწყებოდა და მის მიღებაში გადამწყვეტი როლი მისმა უფროსმა ვაჟმა, უტამ შეასრულა; როგორც მოგვიანებით ივანიშვილი თავადვე ამბობდა მედიასთან მიცემულ ინტერვიუში, უტამ მას, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა და უთხრა, თუ პოლიტიკაში არ მოვიდოდა, მის მაგივრად ის გააკეთებდა ამას. სხვათაშორის, ივანიშვილი ამაყობდა კიდეც მისი შვილის ასეთი რადიკალური მოთხოვნით და ამბობდა, ნახეთ, რა თაობა მოდის, რა შვილი გავზარდე, რომ ჩემს თაობაზე მეტად ზრუნავს და ანაღვლებს ქვეყნის ბედიო. უტა მაშინ ოცი წლის იყო.
საერთოდ, ბიძინა ივანიშვილის შესახებ, ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი მანამ, სანამ ის პოლიტიკაში მოვიდოდა. ფოტოც კანტი-კუნტად თუ დაიბეჭდებოდა პრესაში, ისიც შავთეთრი და გაზეთისათვის დამახასიათებელი უხარისხო გამოსახულებით, რომლიდანაც ის ჰალსტუხით, პიჯაკში გამოწკეპილი, მხიარული ღიმილით შესცქეროდა მკითხველს.
ცნობილი იყო რომ საჩხერის რაიონის, სოფელ ჭორვილადან იყო წარმოშობით და რომ, ადრეული პერიოდიდანვე მოსკოვში მოღვაწეობდა. იქ დაამთავრა უმაღლესი და იმ დროს უკვე ყოფილი საბჭოთა კავშირის რუსეთში, პოლიტიკურად და სოციალურად არეული 90-იანებში დაიწყო კიდეც ბიზნესის კეთება, ისევე როგორც მრავალმა სხვამ მის მსგავსად.
გარეგნულად ვერ იტყოდით ვარსკვლავებს წყვეტსო, თუმცა სიმპათიური, მოვლილი და მოწესრიგებული კაცის შთაბეჭდილებას უტოვებდა მნახველს, მითუმეტეს ღიმილი და სიცილი უყვარდა, ხშირად იცინოდა და პოზიტიურ შარმს იქმნიდა, მაგრამ არავინ უწყოდა რა იმალებოდა ამ სიცილის მიღმა მისი უახლოესი გარემოცვის კიდევ უფრო ვიწრო წრის გარდა, ან შესაძლოა არც მათ უწყოდნენ.
ის იყო ტანმორჩილი შავგვრემანი კაცი; − არც ზედმეტად ვიწრო და არც განიერი, ნორმალური ზომის მხრებით. წვრილ და ფოსოებში ღრმად ჩამჯდარ ჭაობისფერ თვალებს, წყვილი მოკლე, თუმცა ოდნავ განიერი წარბი გადმოფარვოდა. ვიწრო და სულ ოდნავ კეხიანი ცხვირი, ისე, რომ არც კი ემჩნეოდა ეს კეხი, სახეზე, ლამაზად იჯდა და უფრო მეტ მასკულინურობასაც კი სძენდა მის გამომეტყველებას. საკმაოდ ფართო პირის ჭრილი, თხელი ტუჩებით, განსაკუთრებით მაშინ იყო შესამჩნევი, როცა იცინოდა, ამას კი, ხშირად აკეთებდა. თმები უკან ჰქონდა ხოლმე კოხტად გადავარცხნილი და გაუმართლა, რომ ასაკშიც არ გასცვივდა და მხოლოდ გაუჭაღარავდა. ალბათ გენეტიკაში ჰქონდა წინაპრებისგან და ვინ იცის უმადლოდა კიდეც მათ ამისთვის. არაა თმის გაცვენა მთლად სახარბიელო ამბავი კაცის ცხოვრებაში და ვინც რა უნდა ის თქვას, ფაქტი ფაქტად რჩება. არსებობს ორი ტრაგედია სამყაროში, როდესაც ნამძინარევ ჯულიეტას უკვდება რომეო და როდესაც ეს ტრაგედია სხვანაირად რომ დაესრულებინა შექსპირს, რომეოს რომ გასცვივდებოდა თმები ეგ, თუმცა, როგორც ჩანდა, ბიძინა ივანიშვილს, ტრაგედიის ეს მეორე, ჰიპოთეტური ნაწილი, სრულიადაც არ ანაღვლებდა, მითუმეტეს, არც პირველი, ნამდვილი ტრაგედია ჰქონდა წაკითხული თავად, არამედ მხოლოდ ეკასგან მონაყოლი, ნახვით კი, ნანახი ექნებოდა თეატრში.
თეატრი უყვარდა და ამ სიყვარულით, რაღა დაგიმალოთ და ადოლფ ჰიტლერსაც კი ჩამოჰგავდა მცირედ. რამე წიგნსაც თუ გამოაგორებდა ჰიტლერის „Mein Kampf“-ვით და ეგ იყო, ტირაჟიც არ გაუჭირდებოდა იგივე, თუმცა ნუ ვიჩქარებთ და ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, ჰიტლერმა წიგნი ციხის საკანში დაწერა და თანაც მანამ, სანამ ძალაუფლებას ჩაიგდებდა ხელში, ბიძინას კი, ჯერ ეს ერთი ციხის ისტერიულად ეშინოდა და მეორეც − აგერ, სულ რაღაც სამ დღეში, ძალიან დიდი ალბათობით, ხელისუფლებაში მოვიდოდა და ჯადოქარი ეგ არ იყო სამ დღეში წიგნი გამოეცხო, დიდი-დიდი საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის „ფიქრები წარსულსა და მომავალზესნაირ“ მემუარებს თუ დაგვიტოვებდა, მერე, მერე, ბოლოს, რაიმე უფრო, გროტესკული სათაურით და უფრო დამწყები ეკონომისტებისთვის, მაგალითად, „როგორ ვიშოვე უფასო ფული“, − რამე ეგეთს.
ბიძინა უწიგნური კაცი იყო, კითხვა არ უყვარდა. მისი მეუღლე, ეკა უკითხავდა ხოლმე წიგნებს ხმამაღლა, ისიც ათასში ერთხელ და ისეთებს, რომლებზეც რამოდენიმეჯერ უთხრეს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, სირცხვილია ამის წაუკითხავობაო, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი იშვიათი წიგნი, რომელიც მას ეკამ წაუკითხა, გახლდათ ჯორჯ ორუელის „1984“. ხშირად ახსენებდა ხოლმე ამ წიგნს სხვადასხვა კონტექსტებში მისი საჯარო მოღვაწეობის განმავლობაში, თუმცა უწიგნურობას სულაც არ შეუშლია მისთვის ხელი, ალბათ, უფრო პირიქით, წაეხმარა კიდეც, მილიარდერი გამხდარიყო. ის თვლიდა, იმპროვიზაციისა და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების საოცარი უნარი ჰქონდა, შეეძლო ადამიანების სწრაფად ამოცნობა და სწორედ ამ თვისებებში იმალებოდა მისი წარმატების საიდუმლო. ბევრი ცდილობდა გაერკვია, როგორ შეძლო ერთმა სოფლელმა კაცმა ამხელა ქონების დაგროვება, მაგრამ სიმართლე, ყოველ შემთხვევაში დეტალები, ზუსტად არავინ უწყოდა, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ საჯარო, ან ნახევრად საჯარო ინფორმაციას, რომლებიც დროდადრო ამოტივტივდებოდა ხოლმე ზედაპირზე, ან ჟურნალისტების გაცხოველებული გამოძიებით გახდებოდა ხოლმე ცნობილი. თავის მხრივ, ვინ იცის გულში ფიქრობდა, ე.წ. წიგნიერები, თორე, უმეტესობა მათგანი სულს არ ღაფავდეს რა სიღარიბეში, ბრიყვები, მე კი, აგერ, ჰენრი მურის მილიონიანი ბრინჯაოს ქალის ქანდაკება მიდგას შემოსასვლელში და აუზ-აკვარიუმი მაქვს ზვიგენებით სავსეო. რა გასაკვირი იქნებოდა ასე ეფიქრა? საერთოდ, ცნობილია მდიდრებს რომ თავიანთი ახირებები აქვთ და ვინ იცის მართლა ჰქონდა იმპროვიზაციის უნარი, თუ, უბრალოდ, თავის ხუშტურებს ისრულებდა ბევრი ფულის გამო?! ყველას თავისი ჩონჩხები ჰყავს კარადაში და არავინ იცის გამდიდრების შემთხვევაში რა გამოხტება მტვრიანი და აბლაბუდებიანი კარადიდან, და, მაინც, რაც არ უნდა იყოს, არ დაიმალება და თავის გზას იპოვის. დიოგენე ამბობდა ხოლმე, ხმა ამოიღე, დაგინახოო. ასეა. ყველა და ყველაფერი მეტყველებს და ამჟღავნებს თავს, ხალხიც ხედავს და საერთოდაც, ასე გვექმნება ხოლმე წარმოდგენები ამა თუ იმ ადამიანზე და ასე იქმნება მსოფლიო ისტორიაც, რომელიც ნაკლებადაა ხალხზე, ცალკე აღებულად მილიარდობით უცნობ პიროვნებაზე, არამედ სწორედ ბიძინასნაირ ცნობილ პერსონებზე. ადრე ისტორია მეფეებზე იყო, ახლა იმაზეა, რაც მათგან დარჩა.
ზოგი რამ მის წარსულზე, რაც ჟურნალისტებმა ამოქექეს, მის მიერ ბანკის დაფუძნებას უკავშირდებოდა მოსკოვში. 1991 წელს, რუს პოლიტიკოს, ვიტალი მალკინთან ერთად, ივანიშვილმა დააარსა „Банк Российский Кредит“. ეს ის პერიოდია, როდესაც სხვადასხვა ბიზნესმენი, ასევე, მოსკოვში, იწყებს ფინანსურ ბიზნესს, მათ შორის ერთ-ერთი ცნობილი ფიგურა გახლდათ, ბორის ბერეზოვსკი და მოსკოვში იქმნება შვიდი გრანდიოზული ფინანსური ორგანიზაცია, რომელთა სიმბოლურ გაერთიანებას ერქმევა „Семибанки́рщина“.
სხვათაშორის, მალკინისა და ბიძინას ურთიერთობა ამ ბანკით არ დაწყებულა, ისინი ადრეულ ხანებშიც მეგობრობდნენ და მეტიც, საქმეებსაც კი ერთად ჩარხავდნენ. ერთ-ერთი ასეთი „საქმე“, სინამდვილეში კი „Мелкое жульничество“-დ ცნობილი ქმედება თაღლითების სამყაროში, სასწავლებლებს უკავშირდებოდა. სქემა მარტივი იყო, კოდური სახელწოდებით, „ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა“, ანუ, ეგ და მალკინი, აბიტურიენტებს ფულს ართმევდნენ და სანაცვლოდ სასწავლებელში მოწყობას და დახმარებას ჰპირდებოდნენ. შეარჩევდნენ თუ არა სამიზნე აუდიტორიას, რომლსაც მისაღები კომისიის წინ უშველებელ რიგში საათობით მდგარ ახალგაზრდებში ადვილად პოულობდნენ, ივანიშვილი მივიდოდა მათთან, გაეცნობოდა როგორც ამ უმაღლესის ასპირანტი, ხოლო მალკინს მისაღები კომისიის წევრად გააცნობდა. მეტი დამაჯერებლობისათვის ახალგაზრდებს საგამოცდო ბილეთებს აძლევდნენ, ოღონდ ეს ბილეთები იყო ძველი, წინა წლის, უკვე გადაყრილი და შემდეგ მალკინი იწყებდა მათ მომზადებას ბილეთების მიხედვით. თუ აბიტურიენტი ჩააბარებდა ხომ კარგი და თუ არა და ასპირანტი და მიმღები კომისიის წევრი მიიმალებოდნენ და გეყარა კაკალი. თავად ის ფაქტიც, ბიძინამ ასპირანტურა რომ მოსკოვში დაამთავრა, მეტად საეჭვო იყო, რადგან, მოგეხსენებათ, გამოცდების რუსულ ენაზე ჩაბარება ქართველი კაცისთვის არ გახლდათ მარტივი ამბავი, რომელი აკაკი ჩხენკელი, ან ტიციან ტაბიძე ეგ იყო, თუმცა ბიძინას მარტივი რამეები არ იზიდავდა, ის თავად ამარტივებდა რთულ საქმეებს. ასე მოხდა მაშინაც, როდესაც, წლების შემდეგ, მისგან და მალკინისგან „მომზადებულმა“ აბიტურიენტებმა ჭორვილაში ჩააკითხეს და მასთან შეხვედრა და თანხის უკან დაბრუნება მოითხოვეს, ცხადია არ შეხვდა მათ და არც არავინ იცის, როგორ დასრულდა ეს სევდიანი ისტორია, არადა, ბიძინა, ის ბიძინა კი აღარ იყო ორი კაპიკის საშოვნელად მისაღები კომისიის წინ აბიტურიენტებს რომ უსაფრდებოდა, უკვე უზარმაზარი ქონების პატრონი და მილიარდერი გახლდათ. მისთვის ზღვაში წვეთი იქნებოდა ის თეთრები, რომელსაც ისინი მოსთხოვდნენ, მაგრამ აქ საქმე ფულში აღარ იყო, არამედ, თუ ამას გააკეთებდა და თანხას უკან დაუბრუნებდა, ამით აღიარებდა თაღლითობას.
იქნებ სხვანაირადაც მოთაფლა ისინი, ვინ იცის? ფაქტია, სასამართლომდე საქმე არ მისულა.
ასე იყო თუ ისე, მოთელვითი სამუშაოები დაწყებული ჰქონდა და ნელ-ნელა გამოცდილებასაც იძენდა, მაგრამ ჟურნალისტები რისი ჟურნალისტები არიან, თუ არ ჩაძვრნენ ფურცლებში და არ ამოქექეს ყველაფერი. მაგ სატყუარას არავინ წამოეგებოდა, რომ რაღაც პატარა აფერისტობით მილიარდებს ვინმე იშოვნიდა. ყველასთვის ნათელი იყო, რომ გაცილებით უფრო დიდი და მასშტაბური ამბების დატრიალებასთან უნდა გვქონოდა საქმე და, როგორც ღვთის გრგვინვა ისე უნდა დატყდომოდა თავს საზოგადოებას და, აი, ამოატივტივეს კიდეც ცნობილი სკანდალი, რომელიც 90-იანი წლების საფრანგეთში მოხდა და, რომელიც „Mitterrand–Pasqua affair“, იგივე „Angolagate„-ის სახელითაა ცნობილი. ეს იყო საერთაშორისო პოლიტიკური სკანდალი, რომელიც ცენტრალური ევროპიდან ანგოლაში იარაღის საიდუმლო მიწოდებას ეხებოდა. ჩარეული იყო საფრანგეთის მაშინდელი მთავრობა და რამოდენიმე ცნობილი პოლიტიკური ფიგურაც, ასევე, როგორღაც მიეწერებოდა ეს სკანდალი ივანიშვილის სახელსაც.
გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან 90-იანების დასაწყისამდე სამოქალაქო ომი მძვინვარებდა ანგოლაში. 1991 წლის 31 მაისს, პორტუგალიის მთავრობის შუამდგომლობით, ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას და, თითქოს ამით უნდა დასრულებულიყო ეს ოცდაშვიდწლიანი სასტიკი სისხლისღვრა, რომელსაც მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ სამწუხაროდ შეიარაღებული შეტაკებები მალევე განახლდა მომდევნო წელს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლით დაიწყო.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს, ემბარგო ჰქონდა დაწესებული ანგოლასთვის იარაღის მიწოდებაზე. რომელიმე ქვეყნისგან ანგოლასთვის იარაღის ოფიციალურად მიყიდვა გამორიცხული იყო, ამიტომ იარაღით ვაჭრობით ხელის მოთბობა, შემოვლითი გზებით უნდა მომხდარიყო. ეკრძალებოდა ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასაც, რადგან თავად იყო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, თუმცა ამ საქმიანობაში დახელოვნებულ აწ უკვე ყოფილი საბჭოთა კავშირის ცენტრს, რომელიც ცხადია მოსკოვის კრემლიდან იმართებოდა, მაინც ხელები ექავებოდა. მათ არსენალში ხომ საბჭოთა კავშირის მდიდარი მარაგები, „Неприкосновенный запас“, იგივე „НЗ“ იყო, რომელიც მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში უნდა გამოეყენებინათ. გამომდინარე იქიდან, რომ ცივი ომი უკვე დასრულებული იყო და საფრთხეც განეიტრალებული დასავლეთიდან, ასეთი აუცილებლობა არ უნდა დამდგარიყო უახლოეს მომავალში, ამიტომ სასწრაფოდ ამ მარაგების სარფიანი გამოყენების გეგმაზე უნდა დაწყებულიყო მუშაობა. „НЗ“-ში შედიოდა მედიკამენტები, სურსათ-სანოვაგე, საწვავი და რაღა თქმა უნდა შეიარაღება. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ზღვა იარაღი ინახებოდა „НЗ“-ს საწყობებში.
დაიწყო საქონლის გატანა გემებით. ოფიციალურად გადიოდა, როგორც ჯართი და ამას კურირებდნენ რუსეთის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და სხვა მათი ნდობით აღჭურვილი პირები, მათ შორის ფინანსური რევიზია ებარა ბიძინა ივანიშვილს.
გამოჩნდებოდა თუ არა ანგოლას ნავსადგომებთან „მეტალის ჯართით“ დატვირთული გემი, დაუყოვნებლივ იწყებოდა საფასურის გადახდა ნედლი ნავთობითა და ალმასებით. მოგეხსენებათ ანგოლა ალმასებით მდიდარი ქვეყნების რიგს განეკუთვნება. ნედლეული, საფრანგეთის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებში იგზავნებოდა, ფული კი ირიცხებოდა „ჯართის“ გამგზავნებთან. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც „ჯართს“ ოქროს ფასი ედება.
გასკდა ეს ამბავი მალევე და დამნაშავეებიც გამოვლინდნენ, თუმცა, რატომღაც ბიძინას, ჩაუარეს ქორივით, გამოეპარათ როგორღაც. ყველაზე მეტად როგორც შეძლეს მიახლოება იყო, როდესაც 2009 წელს, საფრანგეთის სასამართლომ, მისი ჰოლდინგის მფლობელს, არკადი გაიდამაკს, ექვსი წელი მიუსაჯა დაუსწრებლად, ეგ იყო და ეგ.
ჰოდა, არ დააყოვნა მისი ბიზნესის აღზევების ხანამაც. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, სად ეჩქარებოდა? ჯერ გახდა მძიმე მეტალების გადამამუშავებელი ქარხნის, „Металлоинвест“-ის უმსხვილესი აქციონერი, შემდეგ − გაზპრომის ყველაზე დიდი ინვესტორი, როგორც ფიზიკური პირი, შემდეგ, ზემოდან მოევლინა, მოეფერა და მოეთათუნა, აფთიაქების ქსელს, „Доктор Столетов“, აგროკონსორციუმს, „Стойленская Нива“, სასტუმროებს მოსკოვში, „Минск“ და „Центральная“ და კიდევ რაღაცებს, რაც მოდი, შევთანხმდეთ, მოვილაპარაკოთ და არ ვთქვათ; და რატომაც არა, მდიდრდებოდა და მდიდრდებოდა ბიძინა დროის მდინარებაში, ისევე, როგორც „Семибанки́рщина“ მთლიანად. გროვდებოდა და გროვდებოდა მისი კაპიტალი ოფშორებში. გახდა ისიც იმ დროის უნიკალური და საზარელი ადამიანებით სავსე პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და საზარელი ადამიანი, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, − ჩრდილოვანი ოლიგარქი. ჰქონდა სახლები პარიზში, მოსკოვში, ბანგკოკში, მოკლედ, სად აღარ, ცხადია, ჭორვილაშიც და ბოლოს, როგორც ყოველთვის ბოლოში, დადგა თბილისის ჯერიც. როგორც გალაკტიონი იტყოდა, თბილისი ჩემთვის არის მაღალი გილიოტინა და ეშაფოტიო.
ბევრი რამის თქმა შეიძლება თბილისზე, ბევრი კარგის და კიდევ უფრო ბევრი ცუდის ალბათ, თუმცა ერთ რამეს წყალი არ გაუვა, რომ თბილისი სიყალბეს ვერ იტანს, კი ეგუება, დროით, საქართველოს ნაწილი რომაა და სტუმართმოყვარეობით გამორჩეული მაგიტომ, მაგრამ ორგანულად რადგან ვერ იტანს, ადრე თუ გვიან, ამოიკვეთს ხოლმე საკუთარი ტანიდან ძირმაგარასა და აკნეს. გნებავთ გაფრთხილება დაარქვით, გნებავთ წინათგრძნობა და გნებავთ წინასწარმეტყველება, თავად განსაჯეთ, წაეკითხა გალაკტიონი, არ ინანებდა, არ წაიკითხა და ვნახოთ. თუკი ცეცხლიან აზარფეშებით მზის სადღეგრძელოს მსმელი გალაკტიონი, ასეთი სიტყვების, ამნაირად მთქმელი კაცი, შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო, სულო, ჭაობზე უნოტიესოო, თუკი ასეთი სახიფათო კაციც კი უფრთხოდა თბილისს, მგონი ღირდა დაფიქრებად, არა?! ხომ გესმით?
ამ შუშის სასახლის იდეა, სადაც ახლა ცხოვრობდა, კაი ხნის წინ მოუვიდა თავში და დაიწყო კიდეც განხორციელება ორიათასიანების შუა ხანებში.
თავიდან, ვითომ, ბიზნესცენტრი უნდა ყოფილიყო, თუმცა ისე გახდა ეგ სასახლე ბიზნესცენტრი, როგორც კუპონი იყო მყარი ვალუტა 90-იანებში.
ისეთი წუნია იყო, გაგიჟებულები ჰყავდა არქიტექტორები, თვითონ არ ახსოვს გუშინ რა დაიწუნა, ან რა მოეწონაო. სხვათაშორის, ეს უაზრო წუნიაობა, როგორც ვირუსი, ისე მოედო მის გუნდს და პირველ ყოვლისა მისი პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს. განსაკუთრებით თბილისის მერი რომ გახდა წლების მერე, მაშინ დაეწყო ისტერიული კაპრიზები და თავის ბოსსაც კი გადაუსწრო წუნიაობაში. ხან ნაგვის ურნებს უკვეთავდა იტალიაში და ცალში ოცდაათი ათას დოლარს იხდიდა, რომელსაც უნდა დაეხარისხებინა პოლიეთილენის, ქაღალდისა და შუშის ნარჩენები, თუმცა მთელი ეს ნაგავი, დაუხარისხებლად, ისე მიჰქონდა დასუფთავების მანქანას და ისე ყრიდა ყველაფერს ერთ დიდ სანაგვეზე, მამა ზეციერი ვეღარ გაარჩევდა იქ ბოთლს, პარკს, საჭმლის ნარჩენს, თუ თამბაქოს ნამწვს. ხან ნაძვის ხეებში იხდიდა მილიონებს და ნეტა გენახათ რა შესახედავი იყო ყოველი მორიგი საახალწლო ნაძვი, გადამწვარ ტყეში რო შემთხვევით გადარჩება ერთი ხე, გაძვალტყავებული, გაქუცული, ორი დღის პარასკევი როღა აქვს დარჩენილი და მერე, მომავალ წელს ცალკე ასიათასობით ლარს იხდიდა შეკეთებასა და გადაკეთებაში. ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სიღარიბის ნიშნული პიკს აღწევდა და შუა ქალაქში, რომლის ცენტრშიც კომუნისტური სლოგანების მსგავსად ბანერი წამოჭიმა წარწერით, „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, ხალხი ნაგვის ურნებში იქექებოდა ნარჩენების შესაგროვებლად. ნორმალური დამკვირვებლის თვალში სულ მცირე ინერციულ პარანოიას ჰგავდა მისი ყოველი მომდევნო ინიციატივა, თუმცა ბიძინას უკმევდა გუნდრუკს და ისიც, წამხედურა მერს, ყველაფერზე კვერს უკრავდა. სულ თუ არაფერი, უნიკალური ქართული ფოლკლორის პოლიფონიურობა მაინც გამოსდიოდათ თავისებურად უნიკალურად, ვერ დაუკარგავდაით, ორ ხმაში მღეროდნენ და მთელი „ქართული ოცნება“ ბანს აძლევდა.
ბიძინას ფეხით სიარული უყვარდა, ოღონდ შემოსაზღვრულ და კონტროლირებად ტერიტორიებზე, ცხადია მისი დაცვის მიერ. ჩამოუვლიდა ხოლმე მშენებლობას კაი „პრარაბივით“ და დაიწყებდა შენიშვნების მიცემას, აქ ეს არ მომწონს, იქ ეს შეცვალეთ, აქ ფერი არ ზის, კიბეები გააფართოვეთო, მოკლედ მუშებს მოსვენება არ ჰქონდათ. ხუმრობდა კიდეც, მთლად მკაცრიც არ იყო, ვიღაცებს დააწინაურებდა ხოლმე ხანდახან, ზოგს ზედმეტს გადაუხდიდა, ზოგს რამეს აჩუქებდა და ასე. მისთვის რომ გეკითხათ, გეტყოდათ, რომ ეს მისი სტრატეგიის და ტაქტიკის ნაწილი იყო, ასე მართავდა ის ადამინების ფსიქიკას. მას ჰქონდა პრეტენზია, რომ წამებში შეეძლო ადამიანებში მთავარი შტრიხების გამოვლენა და შემდეგ მათზე მანიპულირება, ცხადია მის სასარგებლოდ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთმანეთთან მოქიშპე, მაგალითად, პოლიტიკური მხარეები, ერთდროუ&