ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სხვადროის ამბავი

სხვადროის ამბავი

სხვადროის ამბავი

ანუ ბრწყინვალე დრო გარდაცვალებისთვის

 

ამ ბოლო დროს, რაღაც საქმე არ მაქვს და ხელებიც მექავება, ამიტომ გადავწყვიტე, იმას, რასაც გულში ამდენი ხანია ვინახავ, მატერიალური სახე მივცე. სიტყვის თავისუფლების ხანაა და საგიჟეთში ამის გამო მაინც არავინ გამომამწყვდევს. თანაც, სამყარომ სპეციალურად მომაშორა საქმეები, ცოტა გამოცდილების გაზიარებაზეც იზრუნეო.

ეს ამბავი, ცხოვრების მოსისინებულ გზაზე ბრწყინვალედ დარჭობილი ჭიკარტივით დამხვდა და სათადარიგო ბორბალიც კი ჩამიფუშა. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც კი ჟრუანტელი მივლის ამის გახსენებაზე! ნაფლეთებად ქცეული კადრები ჰაერში ალაგ-ალაგ იფანტებიან, მე მათ ვკრებ, რომ ერთი, ჩამოყალიბებული სცენა განვავითარო, ხოლო შემდეგ ისინი დროის ტალღის ძალით, ქვიშაზე მოხატული ფიგურებივითა და წარწერებივით ირეცხებიან. განა, ეს საქმეა? მაგრამ სანამ ჯერ კიდევ შემიძლია მათი გარჩევა, სასწრაფოდ, ყველაფრის ფურცლებზე გადატანას შევეცდები, რომ ეს მონათხრობი ახსოვდეს ციფრულ სამყაროს მაშინ, როცა მე უკვე სრულებით დამავიწყდება. და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველასა და ყველაფერს მე თვითონ დავავიწყდები.

ეს მოვლენა რამდენიმე წლის წინ მოხდა. სიტყვა „რამდენიმე“ აქ ცოტა აბსტრაქტულად არის გამოყენებული, რადგან მისი მოხდენის შემდეგ, დროის აღქმა, ცოტა არ იყოს, დამიქვეითდა. თუმცა, ამას მაინც და მაინც ,დაქვეითებას ვერ დავარქმევდი, რადგან ეს სიტყვა ცოტა უარყოფითად მხვდება გულშიც, ყურშიც და თვალშიც. უფრო ასე ვიტყოდი - დროის აღქმა შემეცვალა და იგი თითქოს ჩემთვის აღარც არსებობს. რიგ შემთხვევებში, ეს არც ისე სასურველია, მესმის. მაგრამ, მერწმუნეთ, არსად ვაგვიანებ. ნამდვილი დაქვეითება სწორედ ასე გამოიყურება, მე კი მხოლოდ მისი ხედვა გამოვცვალე - შედეგად კი ძალიან, ძალიან დიდი ხანია ვცხოვრობ და კიდევ ბევრჯერ ვიცხოვრებ. უსასრულობად ვარ ქცეული, რომელიც პატარა სახის სასრულებისგან შედგება. ამიტომ, ბაჭიებო, ჯერ ნუ გამექცევით.

 

სიმართლე რომ ვთქვა, ყველა წარსული მოგონებსავით, დღემდე ვერც ვხვდები, ეს რეალობა იყო თუ სიზმარი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეზონანსი, რომლითაც იგი ჩემს ცხოვრებას მოედო, დამანგრეველი აღმოჩნდა. თუმცა, ეს სწორედ იმ სახის დანგრევა იყო, რომელსაც ძველ ჭრილობებზე თურმანიძის მალამოს გადასმა და იდენტობის გასუფთავება დაესახა მიზნად. პატარა დიდი აფეთქება მიკროსამყაროში, ყოველი ჩვეგნგანი რომ წარმოადგენს თავისთავად, სწორედ ისეთში. ბევრი რამ ამოუხსნელი დარჩა და დღესაც, დღესაც როცა ვიხსენებ სიზმრისეულ კადრებად მიმავალ ფაქტებს, მათ რეალურობაში ვეჭვდები. იქნებ, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემმა გონებამ მოიფიქრა? მაგრამ, რისთვის დამჭირებოდა ამ სახის ნარატივი ტვინში? კაცმა არ იცის, ქალმა არ იცის, მე ხომ არ ვიცი და არც ვიცი, მაგრამ იქნებ! იქნებ თქვენ მაინც გაიგოთ..

იქამდე კი, კითხვა: რა არის რეალობა, გარდა იმისა, რასაც ვხედავთ? რამდენ რამეს ვხედავთ, მაგრამ, რამდენს ვერ ვამჩნევთ? რა არის რეალობა იმის გარდა, რასაც ვამჩნევთ? ყველანი ხომ, მხოლოდ იმას ვამჩნევთ, რაც ვიცით, თუ როგორ შევამჩნიოთ. არა იმას, რისი შემჩნევის უნარიც სინამდვილეში გვაქვს.

არ გაჭედოთ, უფრო მარტივია ვიდრე ჟღერს. ის, რასაც ვერ ვხედავთ, თუმცა ვამჩნევთ, თვითონ გვეძახის, ან გველაპარაკება თავისებური ენით, რომელიც სწორად უნდა გავიგოთ. ის, იმას ვგულისხმობ, რაც უნდა შევამჩნიოთ. სწორედ ის ცდილობს გვესაუბროს სხვადასხვა ენაზე. ყველას ინდივიდუალურად, ყველას თავისი მიდგომით..

ხოდა ახლა, ამბავი არ დამავიწყდეს, თორემ ამ აზრთა წყებას თუ გავყევი, უსასრულოდ ვიბოდიალებ კიდეც.  ამიტომ აქვე დავიწყებ და ბევრს აღარ ვიტრიალებ შესავლის კარებთან, რომ ახალ ამბებს, სოციალურ მედიასა და ყოველდღიურ „თასქებს“ დიდხანს არ მოგწყვიტოთ.

ეს მოვლენა 1978 წლის შემოდგომაზე მოხდა, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ პატარა ადამიანი ვიყავი. სტუდენტის სტატუსი მქონდა, არსაიდან მოვექანებოდი და დიახ, არსაითკენ მივექანებოდი. მხოლოდ და მხოლოდ, ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლა და დიადი სისტემის გაუცნობიერებელი სიყვარულით განმსჭვალული, გულით წარმოდგენილი მომავალი მაღელვებდა. ის ბუნდოვანი იყო, მაგრამ თითქოს, მაინც უზრუნველყოფილი და სავსე, საჭირო რაოდენობის შრომის ჩადების შემთხვევაში სრულიად გარანტირებული, სიმშვიდით მოცული. მენტალური მუშაკის ბედისწერა, კომფორტსა და სტაბილურობაში დღეების გალევა და სტანდარტული წრის გამეორება მსურდა. ალბათ მკითხავთ რატომო? რატომო? იმის იქით არაფერი ვიცოდი და ჰა, რასაც ვერ ამჩნევ, ვერც ხედავ კიდეც. მაგრამ ის, რასაც ვერ ხედავ, უნდა შეამჩნიო, ხომ გესმით?

გავაგრძელოთ : დღეები მძინარე დრამატიზმით ჭამდნენ საკუთარ თავებს, ამქვეყნიური საფიქრალის გვირგვინებს ჩემი მექანიკა რუდუნებით წნავდა. ეს ძალიან, ძალიან კომფორტული იყო. ბევრი რამ გათვალისწინებული, დაგეგმილი, განსაზღვრული და უკვე წარმოდგენილიც კი მქონდა - ვაპირებდი სწავლას, შე-სწავლას, და-სწავლას (რაღა თქმა უნდა, ჩემი ცოდნა არაფერში გამომადგებოდა, როგორც პლანეტის მოსახლეობის 80%-ს) და შესაბამის ორგანოში დასაქმებას. მოგვიანებით, ალბათ, ცხრიდან ხუთამდე, ან ათიდან ექვსამდე, ან ათიდან შვიდამდე ვიჯდებოდი ერთსა და იმავე ადგილზე, გავაკეთებდი იმას, რასაც გუშინ და რასაც ხვალ, რასაც ორშაბათს და შემდეგ ორშაბათს. სინამდვილეში, რასაც გავაკეთებდი, არავის უშველიდა, არც ვინმეს დაეხმარებოდა, მდგომარეობას შეუმსუბუქებდა თუ დადებითი ცვლილებისკენ უბიძგებდა. დღის ბოლოს, ალბათ შევეკითხებოდი თავს, ვაკეთებ თუ არა იმას, რაც მსურს რომ გავაკეთო? და როდესაც პასუხად უარყოფა გამოფრინდებოდა, თავს იმით „დავიმშვიდებდი“, რომ „აბა სხვა რა უნდა მექნა?“.. ან „გარანტიები უპირველე ყოვლისა“. თუმცა ეს ის სცენარია, რომლის არსებობის შესახებ ჯერ წარმოდგენაც არ მქონდა, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, როდესაც რაღაცას გაუცნობიერებლად აკეთებ, უბრალოდ გაუცნობიერებლად აკეთებ და ეგ არის.

 

 მსგავსი მშვიდი გარკვეულობის ფონზე, ნებისმიერი სახის უცხო ინფორმაცია საშიშ, მტარვალ მხეცად მეჩვენებოდა, რომლის ერთადერთ მიზანს ჩემი კომფორტიდან გამოგდება წარმოადგენდა. მთლიანობაში კი, უბრალოდ არც ვიცოდი, თუ არსებობდა რამე, ამ მყუდრო ყოველდღიურობის მიღმა. ჩვენთვის, საკუთარი სამყაროს გარდა მაინც არაფერი არსებობს, ამიტომ მარტივია ვიფიქროთ, რომ სამყარო ისეთია, როგორადაც მას ჩვენ აღვიქვამთ. არცოდნა კი სიმშვიდეს და უფრო ღრმად ჩაძინების საშუალებას მომცემდა.

თუმცა, ოცდარაღაც წლის განმავლობაში რუდუნებით ნაშენები მდგომარეობიდან გამოგდება უბრალოდ ერთი დღის ამბავმა შეძლო. ო, ფორტუნა! ეს მოხდა მოულოდნელად და საკმაოდ მძაფრად. როგორც ეს ფილმებში, პიესებში, ახალ ამბებში და ლიტერატურულ ნაწარმოებში ხდება ხოლმე.(რადგან ტექსტი ამ უკანასკნელს წარმოადგენს, სხვა რას უნდა ველოდოთ). ერთ მშვენიერ დღეს, იღვიძებ და რაღაც ჩვეული რუტინიდან გაგდებს. იგივე არ უნდა გააკეთო, იმავე ხალხში არ უნდა იტრიალო, იმავე ადგილას არ უნდა იყო, არც იგივე დროის მონაკვეთებში უნდა იცხოვრო, და ასე... არსებობს ამდენი რამ, რასაც ცხოვრების მიმდინარეობის, არსებობის, გეგმების, ურთიერთობების, თუნდაც წარსულის შემუსვრა შეუძლია. და შემდეგ გვსტუმრობს ეს მეგობარი, რომელსაც ადამიანი შიშს არქმევს. შიში იმის მიმართ, რაც ჯერ კიდევ უცხო, გაუგებარია. რატომ? იმიტომ, რომ შეჩვეული ჭირი ჩვენთვის ნაცნობია,  

ახლა კი განვაგრძობ: იმ დღეს, როდესაც ყველაფერი თავდაყირა გადამიტრიალდა, დილით ჩვეულ დროს გამეღვიძა, რა თქმა უნდა, მაღვიძარის თანხლებით. ორი წუთით დავასწარი კიდეც. დაპროგრამებული რობოტივით წამოვხტი და მძიმედ წამოვიწიე. თავი წინა ღამის უსარგებლო ფიქრებისგან გასიებული მქონდა. აღარც მახსოვს რას, სავარაუდოდ, მომავალზე ვიფიქრებდი, შედეგ წარსულზე, შემდეგ ისევ მომავალზე, შემდეგ მომავალში ჩავრთავდი წარსულს და მათგან შუალედურ, ძილისპირულ კოქტეილს გავაკეთებდი. ასე, სანამ დაღლილობაც არ დამეღლებოდა და ძილი არ წამართმევდა თავს.

ჩქარა წამოვდექი, რადგან ყოველი წუთი გათვლილი მქონდა - ავტობუსს ჩემი გაღვიძებიდან 40 წუთში უნდა გამოევლო გაჩერებაზე, რომელთან მისასვლელადაც 4 წუთი მაინც მესაჭიროებოდა. იქამდე დილის რიტუალები უნდა მომესწრო, ჩამეცვა და გავსულიყავი. ხელები თავისით მიდიოდნენ საჭირო ნივთების ასაღებად, ფეხები თავისით ადგამდნენ ნაბიჯებს. ასე ხდება როცა სხეული კარგად გყავს გამოწვრთნილი. პრაქტიკით, როგორღაც მოავხერხე და მას ყველა ეს ქმედება დავასწავლე. მართალია, თავს მაინც მუდამ უჭირს და ეზარება ამ დროს ფხიზლად, ყოჩაღად ყოფნა. ამის მიუხედავად, რაღაც უცნობი მექანიკა მას ჯერ კიდევ მიათრევს წინ, მომავალი, დაზეპირებული მოქმედების შესასრულებლად. ისინი ჯაჭვივით ეწყობიან ერთმანეთზე აკიდულები და ამდენჯერ შესრულების შედეგად, მეტად ამჭიდროვებენ ერთმანეთში ისედაც მძლავრად ჩაწნულ კავშირებს.

მთავარი წყვეტა, რომელმაც ეს ბოროტი წრე გაარღვია, სადღაც საწოლიდან წამოდგომის შემდეგ, სულ რამდენიმე ნაბიჯში მოხდა. აი, მივდიოდი აბაზანისკენ რომ სახე, გამოფხიზლების იმედად, ცივი წყლით სავსე ნიჟარაში ჩამერგო, მაგრამ... რაღაც ვერ წავიდა ისე, როგორ უნდა წასულიყო. რაღაც განსხვავებული მოხდა. ფეხებმა აბაზანისკენ ვერ წამიყვანეს. ეცადნენ, მაგრამ სადღაც შუა გზაზე, მუცლის არეში ისეთი საზარელი ტკივილი ვიგრძენი, მეგონა შიგნით ოცდაათი გაბრაზებული ბრიტვა ცეკვავდა. ტკივილმა მოულოდნელად დამიარა და მისმა სიმძაფრემ მომცელა, ანუ, ძირს დამაგდო. გავაცნობიერესავით, რომ გეგმები ცოტათი შემეცვალა. სასაცილოა ის, რომ იმ წამის მეასედში, ამაზე უკვე ვღელავდი. გონება ნელ-ნელა დამეკარგა. იმ ტკივილს ისევ ვგრძნობდი, ცივი ოფლი მასხამდა და სუნთქვა მიჭირდა. ნელა, ნელა გავდიოდი, სანამ ტელეფონამდე მიღოღება მოვასწარი. ისიც კი მახსენდებოდა, რომ იქამდე გონების დაკარგვა ჩემთვის რატომღაც წარმოუდგენელი იყო.  ასეთი ყოფილა, აი ასეთი.. - დავუმარცვლე საკუთარ თავს. ჟანგბადს ფილტვებიდან გზა აერია და ტვინამდე მისი მიწოდება ოდნავ შეფერხდა.

ეს საცოდავი პროცესი ალბათ რამდენიმე წუთის განმავლობაში მიზოზინობდა. რაღაც ეტაპამდე, ჩემი ტანჯვა  უხარისხო სერიალების სცენასავით გაიწელა . ერთ წამში კი ყველაფერი გაბუნდოვანდა და გაქრა. მადლობა, როგორც იქნა.

 

ჰოი ამაობავ, ყურებში წუილი ჩემი ცხოვრების ტიტრებზე უნიჭოდ გადებული საუნდტრეკივით ჩამესმოდა. სადღაც მაინც ვდარდობდი, თუ რა ფარღალალა ცხოვრებით ვიცხოვრე, არაფრისგამცემი, მომავალზე მორგებული, წარსულით დატბორილი და გახარჯული.. ამას, ცნობიერების ფონზე, მის ღრმა ფენებში ვფიქრობდი, სანამ, ალბათ, სამედიცინო პერსონალი ჩემს სხეულს შესაბამის ადგილას მიაგორებდა, პარალელურად კი სასწრაფოს მანქანა ქუჩას გამაყრუებელი წუილით უვლიდა წრეებს. დრამა მორჩა, სინათლეებიც ჩაქრა. შემდეგი, რაც აღვიქვი, დედაჩემი სახეს ჰგავდა.

თვალები თითქოს იმავე ინსტინქტით გავახილე, რომ მაღვიძარა გამომერთო და იგივე ქმედებები შემესრულებინა. ჩემი სხეულის ნაწილს არ ახსოვდა რა მოხდა, ამიტომ ისევ ძველ წრეზე გავყავდი. თუმცა, რადგან სხვა დეკორაციები დამხვდა, კითხვები თავისთავად დაიბადნენ და სხვა გზაც არ იყო -  ჩვევები გვერდზე გადავდე. გულზე გათიშულობის სიმსუბუქეს ვგრძნობდი. ეს განცდა შვებას, რაღაც, ვალდებულებისგან გათავისუფლებას ჰგავდა. „რა არის ეს, რაც ეს არის?“ - ვფიქრობდი ფსევდოფრანგულად.

ძილი იმდენად მშვიდი და ღრმა იყო, იმდენად უცხოდ მდუმარე, რომ გამიკვირდა, იქამდე ცხოვრებაში საერთოდ რას ვაკეთებდი, როგორ მეძინა, ან როგორ არ მეძინა ასე მშვიდად და მსუბუქად. გადაწყვეტილი მქონდა, სხვა თუ არაფერი, ძილზე მაინც მეექსპერიმენტა მომავალში. თვალები ნელ-ნელა გავახილე. პალატა უაზროდ ღია იყო, წამლის სუნით ჩაჟღენთილი და მედიკამენტური აურით გაჯერებული. მარჯვნივ გავიხედე, დედაჩემი იჯდა, ზურგიან სკამზე მიწოლილი, დაღლილი სახით. მზერა ოთახის მეორე მხარეს გადავაპარე, რომ უკეთესად აღმექვა, სხვას რას მთავაზობდა ეს დეკორაცია. მარცხნივ, უფრო მოშორებით, ექთანი იდგა. მკაცრი სახით ჩაფიქრებულიყო, ალბათ იმაზე მსჯელობდა რომელი ქიმიური ნაერთი შეეყვანა შემს საწყალ, დაძარღვულ მკლავებში. ჯერ, რომელი.

მე რომ დამინახა, ის სახე კიდევ უფრო გაუმკაცრდა. ამასობაში, დედაჩემის გაურკვეველ შფოთნარევ რეაქციაზე გადაიტანა ყურადღება და მთავარი ექიმის მოსაყვანად პალატა დატოვა.

•         გაიღვიძა, ვაიმე, გაიღვიძა! უკაცრავად! - აყვირდა ნაკი. - ექიმს დაუძახეთ თუ შეიძლება. შემდეგ ჩემკენ შემობრუნდა და კონტრასტული სიმშვიდით მითხრა. - აბა, როგორ ხარ დედიკო? ძალიან შემაშინე, რომ იცოდე.

პასუხის გაცემა ვცადე, მაგრამ მხოლოდ აღმოჩინე, რომ მხოლოდ ლუღლუღი შემეძლო - რა დამემართა? - თითქოს სიტყვებს დავდევდი, სათქმელს თავს ვერ ვაბამდი, ან რა მინდოდა მეთქვა იმის გარდა, რაც უკვე ვიკითხე? ალბათ, არც არაფერი. მხოლოდ ის მსურდა, ჩემში ლაპარაკის უნარი მეგრძნო. სანამ შენელებული რეაქციით რამის გამოთქმას კიდევ მოვახერხებდი, მთავარმა ექიმმა შემოაბიჯა და კეთილი მზერით დამხედა. მაღალი კაცი იყო და მოკლე, ოდნავ ჭაღარა თმით. ზუსტად ისეთი ტიპაჟი, როგორიც მთავარი ექიმი უნდა ყოფილიყო ჩემ წარმოდგენებში. ყურადღებაც მასზე გადავიტანე, ლაპარაკის უნარს მოევლებოდა.

•         ოჰ, გაუღვიძია ქალბატონს. აბა ვნახოთ რა ხდებაა.. - ექიმი მეცა, ამხედა, დამხედა, თვალებში ჩამხედა, და ჩამანათა. ეს ყველაფერი ელვის სისწრაფით გააკეთა, თან შორისდებულებს ისროდა ჰაერში. მე და ნაკი განაბულები ვუსმენდით. მე სხვა გზა არ მქონდა, ნაკის კი, ალბათ უბრალოდ ხელის შეშლა არ სურდა მისთვის.

•         რამდენიმე საათში უკვე შევძლებთ ყველაფერზე დეტალურად პასუხის გაცემას. - ათწამიანი პაუზის შემდეგ დაიგრუხუნა მისმა დასკვნამ.

•         კი ბატონო - მშვიდად დაეთანხმა დედაჩემი და ოდნავ გაუღიმა. რადგან დაინდო და ჩამჭრელი კითხვების დასმა არ მოისურვა, ესე იგი ამ კაცის ძალიან მადლიერი იყო.

•         იქამდე კი - მომიბრუნდა ექიმი - დაისვენეთ. მისი მსუბუქი სიდინჯე სანდო ატმოსფეროს ქმნიდა, ასე რომ, მეც, ჩემდაუნებურად გამეღიმა.

ექიმი გაბრუნდა და მძიმე ნაბიჯებით დაგვტოვა. ექთანიც, თავისი ბასრი მზერით და მორჩილი სიარულის მანერით, მას უკან გაჰყვა.