ოდა
ოდა
ჩემს სოფელს ბალახის სუნი ასდის. თივის ზვინებით დაბურცული ტანი და თმებად ჩამოშლილი მდინარე აქვს...
ბავშვობის სარკმლიდან გულუხვად მოსჩანს მისი მდორედ მომდინარე დალალები, მაგრამ დრო-ჟამმა იმდენად შთანთქა იგი ჭაღარებიანად, რომ მდ. სკურდუმისგან თითქმის ნამდინარალიღა შემორჩა...
რამდენ ისტორიას ჰყვება მისი დაკლაკნილი სხეული ვინ მოთვლის, თუმცა ისტორია, რომელიც უნდა გიამბოთ, ვფიქრობ უსაფუძვლოდ არ დაიმსახურებს თქვენს ყურადღებას და თუ ცოტათი მაინც მოახდენს შთაბეჭდილებას ენდორფინებზე ჩავთვლი, რომ ჩემს სწრაფვას, მკითხველამდე მომეტანა მისი სული, უნაყოფოდ არ ჩაუვლია...
„სახლი მინდოდა მქონოდა
უბრალო ხის და ისლის
სასთუმლად ნუშის ბაღნარი
საბნად თიბათვის ნისლი“
(გიორგი შალამბერიძე)
...
18 მარტი. საღამო.
არჩილი როგორც ყოველთვის ჩქარობდა. პირველად ჩადიოდა მას შემდეგ, რაც სოფელში სახლის რემონტი დასრულდა და მშობლები საცხოვრებლად გადასულიყვნენ. მეორე დღესვე უნდა დაბრუნებულიყო ბათუმში. საქმეები არ იცდიდა და არც ტელეფონს გააჩნდა მოთმინება. საბედნიეროდ ბატარეა უჯდებოდა და სმარტფონიც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გამოირთვებოდა.
ისე სწრაფად მიდიოდა, გზაზე გადამკვეთ ნახირს სულზე მიუსწრო დატაკებას.
საღამოვდებოდა... დღეს ბინდი შეერია. ცა ისე მოიქუფრა ამინდის გაფუჭებას სინოპტიკოსობა ნამდვილად აღარ სჭირდებოდა. საქარე მინაზე თანდათან გამოჩნდნენ წვრილი შხეფები.
ციხისფერდის შესახვევს გადაუხვია თუ არა სისწრაფის გამო საჭე ორმოს ვერ ასცდა, რომელსაც სიგანეზე გზის მეორედი მოეცვა. ძლიერი ჩარტყმის შედეგად საბურავმა ხმა გამოსცა. არ ესიამოვნა. დარწმუნებული იყო, რომ რაღაც დაუზიანდა. სვლა შეანელა და 200 მეტრის დაშორებით ელექტროსადენების ჯიხურთან შეაჩერა. ფეხის ტორმუზი ჩასწია. მანქანიდან გადმოვიდა და საბურავებს თვალიერება დაუწყო.
- ჯანდაბა! - წამოსცდა გაღიზიანებულს.
წინ მარჯვენა საბურავი დაშვებული აღმოჩნდა. შეცვლას საჭიროებდა. გზას გახედა.
ვერავის მოკრა თვალი. მანქანებიც არსად ჩანდნენ.
ახლომახლო არავინ იყო, რომ დაეძახა. საბარგული გააღო და ხელსაწყოებს დაუწყო ძებნა. სათადარიგო საბურავი, ე.წ დანგრატი და სპეციალური ბრტყელტუჩა ამოიღო. ბამპერთან დაალაგა. ჩაიმუხლა. მანქანის ქვემოთ ამწე შეაცურა და ნელ-ნელა აწევას შეუდგა.
მიწას ასცდა თუ არა საბურავი, ბრტყელტუჩით სამაგრეების მოხსნა დაიწყო. მოხსნის შემდეგ სათადარიგო საბურავი დააფიქსირა და საცობები ბოლომდე დაუჭირა. ამწე ჩამოსწია. ადგა და ფეხით შეამოწმა სიმკვრივე. იმედი მიეცა თუ არა საქმეს თავი გავართვიო, ხელსაწყოები ისევ საბარგულში შეინახა.
წვიმა თანდათან გაძლიერდა. წვეთები სახეზე ღარად ჩამოუდიოდნენ. მანქანაში დაბრუნდა და ძრავის ჩამრთველ ღილაკს მოუსინჯა თითი. მანქანა არ ირთვებოდა. ფეხი ტორმუზს მაგრად მიაჭირა და პარარელურად ისევ სცადა დაქოქვა. ძრავა გაჯიუტდა. არც განმეორებით ცდაზე ჩაირთო.
-კარგი რაა. ესღა მაკლდა. ამისთვის ვიწვალე?
სახლამდე 3,5 კილომეტრი მაინც იყო დარჩენილი. ესეც რომ არ იყოს წვიმდა. ტელეფონს დაავლო ხელი. გათიშული დახვდა. ე.ი დარეკვას და დახმარების თხოვნას ვერავისთან შეძლებდა. უკაბელო დამტენის ძებნა დაიწყო, თუმცა დიდი იმედი არ ჰქონდა, რომ წამოღებული ექნებოდა.
ასეც აღმოჩნდა ვარაუდი გაუმარათლდა.
სახე უიღბლობისგან გამოწვეულმა ბრაზმა მოიცვა.
მანქანები ისევ არსად ჩანდნენ. არც არავინ ჩამოიარა.
- ეს რა ირონიაა. ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ ხომ ვერ იქნება? - ნერვები მოეშალა. მანქანიდან გადმოვიდა. ფარები ანთებული დატოვა. ტელეფონის ჩართვა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. გამოსავლის ძიებაში ბოლთის ცემას მოჰყვა.
,,რამდენ ხანს უნდა ვიცადო, ღამეს აქ ხომ არ გავათევ?“ - გაიფიქრა თუ არა მანქანას ფარები გამოურთო. კარები ჩამკეტი პულტით დააფიქსირა და ის იყო გზას უნდა გასდგომოდა, რომ ცხენის ხმა შემოესმა.
გზაჯვარედინისკენ, გამყოფი ზოლიდან, ვიღაც ცხენით მოაჭენებდა. სცადა გაერჩია ვინ იყო. თუმცა რა აზრი ჰქონდა? აქ დიდად მაინც არავის იცნობდა. წვიმის ნაკადს კი ცნობიერად მისცემოდა გასაქანი.
- ჰეი! უკაცრავად!- დაუძახა შორიდან. მხედარი შედგა, აღვირს ხელი მოუჭირა და ნელი ჭენებით მგზავრისკენ გამოემართა. რაც უფრო უახლოვდებოდა ცხენი, მით უფრო გაოცებით ეცვლებოდა არჩილს სახე.
,,გოგოა?“ - ნაქვთებით, გრძელი თმებითა და ჯდომის მანერით ივარაუდა, რომ ბიჭის აღნაგობა არ უნდა ყოფილიყო.
მხედარი მიუახლოვდა. ცხენზე საწვიმარ ლაბადაში გახვეული ახალგაზრდა იჯდა, რომელსაც უკვე შეეცნო ქვეითის გასაჭირი და ინტერესით შესცქეროდა იმის გასაგებად, შეეძლო თუ არა დახმარება.
- გამარჯობათ! - მიეგება მხედრის სალამი - არჩილის ორჭოფობა გოგო იყო თუ არა, საბოლოოდ დასრულდა ხმის გაგონებისთანავე.
- გამარჯობათ! - დაუბრუნდა მისალმება - ბოდიში, ტელეფონი დამიჯდა, იქნებ დამარეკინოთ?
- სამწუხაროდ თან არ მაქვს!
არჩილმა მანქანას გახედა. მის უკმაყოფილო სახეს იმედგაცრუება უფრო მეტად დაეტყო. მერე ისევ გოგოს მიაპყრო მზერა. თითქოს თვალებით მიანიშნა სათქმელი.
- შემიძლია სახლამდე მიგიყვანოთ - მიუხვდა მხედარი - ოღონდ დაუჩქარეთ! წვიმა ძლიერდება.
- სხვა გზა არ მაქვს. თქვენი დახმარებით უნდა ვისარგებლო. თუ რა თქმა უნდა გზას არ გაგიმრუდებთ?!
გოგომ პასუხი არ გასცა. ხელი გაუწოდა და ცხენზე ამხედრებაში დაეხმარა.
ისიც მარდად მოთავსდა ცხენის ზურგზე. უნდოდა ხელები უნაგირისთვის მოეჭიდა, მაგრამ ვერ მოიხერხა. უცნობმაც მიახვედრა, რომ მის წელს მინდობოდა და მანაც ხელები მორიდებით შემოაჭდო.
უცხომ ცხენს სადავეები მოქაჩა თუ არა გზას ჭენებით გაუყვნენ.
წვიმის მელოდიას თანდათან ერეოდა ფლოქვების ხმაური.
გოგო ისე მიაპობდა შარას ძნელი მისახვედრი არ იყო გამოცდილი მხედარი, რომ იქნებოდა.
ახლად შემოგაზაფხულებული წვიმის მარაგი ხარბად ელამუნებოდა სახეს. ჩამოწუწული თმების სველი ბოლოები ლაბადას ეტმასვნოდა.
- და სად მივდივართ? - თუმცა გურმანით ისედაც ხვდებოდა დანიშნულების ადგილს, მაინც იკითხა დასაზუსტებლად.
- ჯერ პირდაპირ უნდა იაროთ. ახალ მოსახლეებთან - პასუხის დროს ტონს აუწია, რადგან წვიმა და ფლოქვების ხმაური ახშობდა სიტყვებს.
მამაკაცი გაბრუებული იყო ამ ნაუცბათევად შემოჭრილი თავგადასავლით.
ცხენმა სისწრაფეს უმატა. უკან რჩებოდნენ თხემლის, აკაციის და ცაცხვის ზორბა ხეები, ეზოებს მწკრივებად ჩაყოლებული თხილის ბუჩქები, კრამიტით და თუნუქის ფილებით გადახურული ოდები, ორსართულიანი სახლები, საიდანაც მკრთალი შუქები გამოკრთოდნენ. ძაღლების ყეფა ჯაჭვურად ეხმიანებოდა მათ სრბოლას. ჭორიკანა მეზობლებივით მოსდგომოდნენ ჭიშკრებს და დუჟმომდგარი სიფიცხით უფრო მეტად ახელებდნენ ცნობისმოყვარეობას.
შორიდან მანქანის ფარნები გაკრთა. ცხენმა იფრთხილა. ჭენება შეანელეს. დაუცადეს ავტომობილის გავლას, რომლის მძღოლიც დაღმართში ჩასვლის წინ სწორ ტრაექტორიას ეძებდა გუბეზე გვერდის ასაქცევად.
მიადგნენ გზის მარცხენა მხარის ასახვევს. ფერდობზე აღმართული წითელი აგურის ქვებით მოპირკეთებული გალავანი მთავარი გზიდანვე მოსჩანდა, რომლებიც ამავე ქვებით ნაშენებ სახლს მჭიდროდ შემორტყმოდა.
მთელს გალავანს ორიოდე მეტრის დაშორებით ბოძები ჰქონდა ჩადგმული. ბოძების თავზე ნათურები დაემაგრებინათ, რომელიც თეთრ ბურთებად ენთო. სინათლის რკალი ნამგალა მთვარის შუქურასავით მოსჩანდა სოფელში და გამორჩეულად იპყრობდა გამვლელის ყურადღებას.
მეპატრონეებს რემონტი ერთი თვე გახდა, რაც დაესრულებინათ. საცხოვრებლად მხოლოდ უფროსი თავართქილაძეები გადმოსახლებულიყვნენ. ამბობდნენ ხმაურიან ქალაქს გამოექცნენ და მშვიდ ცხოვრებას დანატრებულებმა ბინა ძველთაძველ სახლში დაიდვესო.
ცხენმა სვლა შეანელა. უცნობმა აღვირს ხელი მაგრად მოუჭირა. შეჩერდა და მგზავრს ჩამოქვეითებაში დაეხმარა.
არჩილი შეფარვით ცდილობდა უცნობის სახე გაერჩია. უკვე საკმაოდ ბნელოდა, გოგოსაც თავი დაეხარა. ნათურების შუქზე სახე თოვლისფრად აღვივებოდა. წვიმა ღაწვებზე ხარბად ჩამოღვენთოდა და მისი გადაკალმული წარბები მეტი სიმკვეთრით წარმოეჩინა.
- იქნებ შემობრძა... - უნდოდა მადლობის ნიშნად დასვენება შეეთავაზებინა მხედრისთვის, მაგრამ მაშინვე შეაწყვეტინეს,
- გმადლობთ, ძალიან მეჩქარება, ნახვამდის - თქვა, შებრუნდა და ცხენის ყურთან დაიხარა. კისერზე ხელის მოფერებით რაღაც ანიშნა ოთხფეხა მეგობარს, დეზი ჰკრა და მთავარ გზას ისევ ჭენებით ჩაუყვა.
წვიმის მიუხედავად არჩილი გაუნძრევლად იდგა.
მხედარი თვალს მიეფარა თუ არა ჭიშკარი გააღო და ეზო ჩქარი ნაბიჯებით გაირბინა.
- შვილო სად ხარ ძალიან მანერვიულე - შეეგება შესასვლელთან შალმოფუთნული დედა. გადაკოცნა და ოთახში აგიზგიზებულ ბუხართან შეუძღვა.
- სული მოვითქვა და მოგიყვები - შეაგება პასუხი ბიჭმა.
ოთახში საამოდ თბილოდა. შვილმა სველი ტანსაცმელი გაიხადა და დედას მიაწოდა.
- ახლავე მამაშენის რაიმე მოსაცმელს მოგიტან. შენი ხელჩანთა სად არის?
- მანქანაშია, მანქანა გამიფუჭდა. გზაზე დავტოვე. ტელეფონი დამიჯდა. საშინლად გაწვიმდა. მოკლედ ყველაფერი ერთად აეწყო - პაუზებით ეუბნებოდა დედას.
- მიდი, მიდი ბუხართან, ახლავე მოვალ - ოთახიდან ფუსფუსით გავიდა
- მამა სადაა? - გასძახა, მაგრამ პასუხი არ გაუგია. შუახნის სასიამოვნო აღნაგობის ქალბატონი ოთახში თბილი ხალათით ხელში დაბრუნდა. პირსახოციც მიაწოდა თმების გასამშრალებლად.
- ეს ჩაიცვი, - ფულეს მუქი ლურჯი ხალათი გაუშალა - როგორ დასველებულხარ, არ გამიცივდე.
- მამა სადაა? - შეკითხვა გაუმეორა და ჩაცმას შეუდგა. სარტყელი მჭიდროდ შემოიჭირა. ჩათბა. ბუხარს ზურგით დაუდგა. მწველი ცეცხლის სიამოვნება იგრძნო.
- დილიდან გასულია. ქალაქის მერი უნდა ვნახოო, მერე რაღაც შეხვედრა გვაქვსო, შენ გელოდებოდა, არჩილიც ჩამოგვისწრებსო, როგორც დავასკვენი ტრადიციული ქართულით აგრძელებენ - ირონიით უპასუხა შვილს - ბოლოს რომ ვესაუბრე შეძენილი მეგობრების სადღეგრძელოზე იყვნენ - არჩილს ტუჩის კუთხესთან ღიმილი გაუკრთა.
- იმედია მიხვდება და ტაქსით დაბრუნდება. ჩემი მანქანა გაფუჭდა. არადა ხვალ ბათუმში უნდა დავბრუნდე.
- ასე მალე?
- ხო ვერ მოვახერხე უფრო ადრე ჩამოსვლა. დილიდან მოვდივარ მაგრამ ...
- კარგი! კარგი! შენი საქმის შენ იცი - შვილს თბილად მოეფერა ლოყაზე - ლიზი რას შვება? ერთს რომ არ დამირეკავს - დანანებით ჩაილაპარაკა ქალმა
- არ ვიცი, შენი შვილი არ არის? დაურეკე და გაიგე! - შემდეგ დედის ტელეფონი აიღო და ნომერი აკრიფა.
- გურამ რა შვები? - ტელეფონიდან მოქეიფეთა ყაყანი ისმოდა
- ტაქსით დაბრუნდი გესმის?
-კარგი - ტელეფონი გათიშა - ვიშლებით უკვეო - მაშინვე უპასუხა დედის ინტერესიან თვალებს.
- კარგი. მართლა და აქამდე ფეხით მოხვედი?
- მომიწევდა, მაგრამ შენ წარმოიდგინე ცხენზე ამხედრებული ნიმფი გამომეცხადა და სახლამდე მომიყვანა - სიზმრის ბურანიდან ახალგამოსულივით წარმოთქვა არჩილმა და სავარძელზე ჩამოჯდა - კიდევ რა მისტიურ სულიერებს მალავს ეს იდუმალი სოფელი? - იკითხა მუხლებზე იდაყვებდაყრდნობილმა, რომელსაც თავი ძირს დაეხარა და მეტლახზე გამოსახული ფიგურისთვის მიეჩეჩებინა თვალი.
- ერთი ორჯერ მეც მომიკრავს თვალი მოჯირითე გოგოსთვის. ჯერ ვერ გავშინაურდი, მაგრამ წინაა ყველაფერი. ყველა ყურადღებიანია. გვეკითხებიან, რაიმე ხომ არ გჭირდებათო. მიხარია რომ აქ ვართ. ბაბუაშენს ძალიან უნდოდა ჩვენი აქ ცხოვრება. ნეტავ ხედავდეს რა კარგად გააკეთე ყველაფერი.
- დედა მაინც არ მესმის აქ როგორ უნდა იცხოვროთ. რატომ ირთულებთ ყველაფერს? რამე რომ დაგჭირდეთ ასე შორს როგორ მოგხედავთ?
- მამაშენთან ეგ შეკითხვა არ დასვა გთხოვ! ეს მისი სურვილია და მეც მის გვერდით ვიქნები ყოველთვის.
არჩილმა ტუჩები უკმაყოფილოდ მოკუმა. დიდი ხანია ამ თემაზე კამათობდნენ, მაგრამ გადაწყვეტილება მშობლებს მაინც ვერ შეაცვლევინა. წლეებია აქ წამოსვლას გეგმავდნენ და ახლა როცა ყველაფერი საბოლოო სახეს იღებდა მათი გადაბირება რა თქმა უნდა შეუძლებელი იყო.
თავისი რუტინიდან გამომდინარე წარმოუდგენლად მიაჩნდა აქ ცხოვრება. სოფელში გადმოსახლება, სადაც არაფერი არ ხდება. ირგვლივ მხოლოდ მთვლემარე სიჩუმე, გამეფებული ერთფეროვნება, ფართო მინდვრები და ორსართულიანი სახლებია. სადაც გზებზე ნახირის და თხების არვე ჩაგივლის, ნეხვს დაგიტოვებს და სურნელით შეგკაზმავს. სადაც საღამოობით მხოლოდ საინფორმაციოს ან სერიალის ყურებით შემოგემთქნარება. ღმერთო, რა მოსაწყენია - ფიქრებშიც ვერ იჯერებდა იგი.
- მესმის რომ შენთვის რთული წარმოსადგენია, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება! მამაშენმა მთავარია საქმე გამონახოს და ყველაფერს გავუმკლავდებით.
- გამონახვით გამონახავს დედა. ინვესტიცია ისეთ საქმეში მაინც მინდა ჩაიდოს რასაც აზრი ექნება და შემოსავალსაც ადეკვატურად გაზრდის. თუ იცი აგრონომი ნახა? - საუბარს მოაყოლა თემა.
- აქაურ გამგებელს ესაუბრა, უთხრა შეგახვედრებთ რამდენიმესო. ვნახოთ.
ოთახში ჩამოცხა. სადა, სივრცით თავისუფალი და კომფორტული ავეჯით განებივრებული სასტუმრო ოთახი მყუდრო ელფერს ქმნიდა.
ოჯახს ყველაზე მეტად სიმყუდროვე უხდება და ყოველ მათგანს, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სუნი და ფერი აქვს. არჩილისთვის რომ გეკითხათ მშობლების სახლს ვანილის სუნი და კარალიოკისმაგვარი ფერი ჰქონდა...
- მე ბევრი დრო არ მაქვს, საჭირო დოკუმენტაცია ჩამოვიტანე. ხვალ აუცილებლად უნდა დავბრუნდე. მშენებლობის გახსნაზე პოლონელი პარტნიორები ჩამოდიან, უნდა დავხვდე და დავაბინავო. ზეგ მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიალია. ეს კვირა იქნებ დავიცადოთ, პარასკევს ისევ ჩამოვალ და ადგილობრივებს გავეცნობით. აგრონომსაც ვნახავთ, კონსულტაციას გავივლით. მანამდე მამამ დეტალები მოაგვაროს. მე წავალ დავიძინებ, დავიღალე - წამოდგა და დედას თავზე აკოცა. საძინებლისკენ გაემართა.
- შვილო გეჭამა რამე
- არ მშია - გამოსძახა შუა კიბიდან არჩილმა და ოთახში შესული საწოლზე გაუხდელად მიესვენა.
...
18 მარტი. დილა.
ციხისფერდი - სოფელ გურიანთის კალთას მიბერტყილ ფერდობზე გაშენებული დასახლებაა, იმდენად პატარაა, რომ რუკაზეც კი გამორჩათ, მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს მის არსებობას.
სოფელში სეზონის ამ დროს გაზაფხულის სურნელი ტრიალებს. ტყემლის და ატმის ყვავილებით მოსირმულია ორღობე. ბორცვები მაქმანებივით მოუქარგავს ფურუსულების, ენძელებისა და ყოჩივარდების უხვ თოვლს. ქორფა მინდვრებს კი ბაიებით და იებით შეფაკლული ტრფობა ატყვიათ. ეს სინატიფე მარტის გამოძახილია და ისე სწვდება გამვლელს გულში, თითქოს საცაა მზერით დაეწაფოსო საკოცნელად. ირგვლივ სიმწვანე ბარდღალებს და ჰაერში ახალგაღვივებული ბუნების სილუეტი იმღვრევა. ნისლი სადღაც შორს მთებში მოსჩანს და რძისფერი ოხშივარივით ეპარება თეთრიდან ცისფერ გამაში გარდამავალ სინთეზს.
ალინა, როგორც ყოველთვის მზეს ასწრებდა ადგომას. პარმაღზე ხალათშემოცმული გამოვიდოდა და ამომავალ სხივებს სახეს მიუშვერდა. ასე იწყებოდა ბაასი მზესა და მას შორის.
ფანჯრებს დააღებდა, ოთახში დილის საამო ნიავის შემოსაშვებად, რომელიც უჩუმრად მიეპარებოდა ფარდებს. ისიც ცელქი სირბილით დაუვლიდა კუთხე კუნჭულას. მაგიდაზე გადაფარებულ, ყაისნაღით მოწნულ ფოჩოებიან საფარს, სარწეველა დივანზე გადაკრულ შალს, წიგნებით სავსე თაროებს, დეკორაციულ ნივთებს, უზარმაზარ სარკეს ოქროსფრად მოვარაყებული პირით, რომელიც ბებიამ უსახსოვრა. კარადას, კომოდს, რომელიც თავისი ხელით შეეკეთებინა და თეთრად შეეღება. ვინტაჟურ სტილში შექმნილ თითოეულ დეტალს სიო სულს ჩაუდგამდა, გაეარშიყებოდა და ისევ არსაიდან მოსულივით მიჩუმათდებოდა.
მისაღებ ოთახში სალოცავი კუთხე კვადრატული ფორმის თაროებზე მოეწყო. თეთრ კონსტრუქციაში ხატების სიმეტრიული განლაგება ჰარმონიის სიტფოს აფრქვევდა. ტრადიციად ჰქონდა დილაობით, ლოცვის დროს სანთლის ანთებასთან ერთად საკმევლის კვამლითაც უნდა გაჟღენთილიყო ოდის კედლები. ლოცვას, რომელსაც შვიდ წუთს ანდომებდა ყოველთვის ღვთისმშობლის ხატთან აღავლენდა უსასრულობაში მიმართული მზერით.
ხვთისმშობლის ხატი განსაკუთრებულად იმიტომ უყვარდა, რომ როცა აკვირდებოდა, მასში დედის ალერსიანი თვალები მთელი სიღრმით მოსჩანდა.
შემდეგი გაჩერება სამზარეულო გახლდათ, ქურაზე ყავის მოსადუღებლად. ამ პროცესში ყოველთვის დღის გეგმებზე ფიქრობდა და ღიღინით იქმნიდა განწყობას.
ფიქრობდა რთულ, ერთმანეთის მიყოლებით შესასრულებელ ვალდებულებებზე.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს რუტინული ერთფეროვნება ყოველ ჯერზე ფერნაცვალი რჩებოდა. მიუხედავად ყოველი დღის მსგავსებისა, არასდროს მეორდებოდა ერთიდაიგივე. თავისი არჩეული გზა თუ დიდით არა, პატარა სიახლეებით მაინც იყო გაჯერებული.
სოფელი ჰაერივით მასულდგმულებელი იყო მისთვის, ფილტვებში ჟანგბადივით ეკვროდა და წყალივით სწყურდებოდა.
ბევრია სოფლის მოყვარული ადამინი, მაგრამ ძალიან ცოტაა ამ სიყვარულის აღმსრულებელი. იქ ცხოვრებას მინიმალური პირობების გარდა უზარმაზარი ენთუზიაზმი სჭირდება.
შეიძლება მწვანე ჰორიზონტის ფონზე გაღებული ფანჯარა სიმშვიდის მომგვრელია ან რაფაზე მდგარი ყავის სურათი, ცაში ატაცებული ორთქლის თანხლებით ბედნიერების აღქმას ამძაფრებს, მაგრამ სოფელი ამ კულისებს მიღმა, დიდ შრომაში დამალული ნახატია, რომლის მხატვარიც არასდროს მოსჩანს ტილოზე.
ალინას ყავა პარმაღზე გამოჰქონდა. ეს ჩვეულება უკეთ გამოფხიზლებაში ეხმარებოდა. სწრაფად დალევდა და საძინებელ ოთახში ჩასაცმელად შებრუნდებოდა.
ტანზე თავისუფალ სამოსს ატარებდა. მის მაღალ და გამხდარ სხეულს ყველაფერის დახვეწილად წარმოჩენა შეეძლო.
ბოტებს ამოიცმევდა და მარცვლეულით სავსე ჯამით ქათმებს ნახევარ წუთში აპურებდა. ფრინველი ოცდაათ სულამდე ჰყავდა, ოთხი ძროხა და სამიც თხა. მეურნეობას დიდი სიყვარულით უვლიდა. სწამდა მათი მნიშვნელობის. ადამიანს უნდა სწამდეს იმის, რასაც აკეთებს. თითოეულზე ამაგი ჰქონდა და დედობრივი მზრუნველობით ელოლიავებოდა. არასდროს იზარებდა, რომ საქათმე იქნებოდა თუ ბოსელი სუფთად და ესტეთიურად ყოფილიყო მოწესრიგებული.
ამ სიყვარულით ნაკეთები საქმის გამო იყო ირგვლივ სილაღესა და ჟრიამულს რომ დაევანებინა...
ადამიანებს მიწისა და ბუნების სიყვარული განსაკუთრებულად აახლოებთ შემოქმედთან. სწორედ ეს სიახლოვე იგრძნობოდა ეზოში.
ხეხილით მდიდარ ნაკვეთს, რომელიც ბაბუას მადლიან ხელებს გაეშენებინა, ახლა მოვარდისფრო, თეთრ და მოალუბლისფრო ყვავილებით ამოკვირტულ გრადაციაში გარდაექმნა სხეული. მაინც რას არ ნახავდი აქ: ალუბალი, ატამი, ნუში, ტყემალი, ალუჩა, თუთა, ბალი, ლეღვი, კარალიოკი, ფრანგულა მსხალი, ქლიავი, ვაშლი, ალიბუხარი, შინდი, რწყავი, კოწახური, ფორთოხლის, მანდარინის, ლიმონის თუ ვაშინგტონის ბაღები სხვის თუ არა ალინას თვალებს მაინც ახარებდა და ეს ისედაც ბევრს ნიშნავდა მისთვის. ღობეებს დაფნის გალავნები გასდევდა და დეკორატიულ დატვირთვასთან ერთად შიდა სივრცეს გარე თვალისგან მიჯნავდა.
ჭასთან ბილიკის გასწვრივ ვარდები და აზალიები ერგო. დანარჩენ ყვავილებს, უფრო სწორად ყვავილების მრავალრიცხოვან ჯარს აივნისა და ოდის პარმაღის ნახევარი ჰქონდა ათვისებული. იგი ნამდვილად წარმოადგენდა გამწვანების თვალსაჩინო ილუსტრაციას.
აივანზე ასასვლელ ბეტონის კიბეს სუროს ბადე გასდევდა, რომელიც სახლს მთელს სიგანეზე ერტყა და კრამიტის სახურავისკენ მიემართა პირი.
ყველა სახლში უნდა ენთოს შუქი. უსინათლო სახლი ობოლია. გაპარტახდება. სოფელს დაასევდიანებს. ნასახლარი დაერქმევა. რამდენი ასეთი ნასახლარი დარჩენილა ეულად ვინ მოთვლის. მაგრამ ნასოფლარობის ტკივილს, ისევ ნასახლარობით გამოწვეული ტკივილი სჯობია.
ალინა ყოველ ასეთ ადგილს სევდით მოავლებდა თვალს. ლოცულობდა ისევ აღდგენილიყო კერები. საქვაბედან კვამლი ამოსულიყო. ეზოებიდან ბავშვების ჟრიამულს გაერღვია ორღობე. გზებზე ხშირად შეხვედროდნენ ზურგჩანთიანი მოზრდილები, სკოლებიდან და მასწავლებლებიდან დაბრუნებულები. სჯეროდა ამ სურათის ხილვის. იგი ოცნებობდა ამაზე. ოცნებობდა სოფელში მეტ სიცოცხლისუნარიანობაზე.
მას ჰქონდა ერთი განსაკუთრებული თვისება, შეეძლო სიცოცხლე ყველაფრიდან შეეგრძნო ან ყველაფრისთვის სიცოცხლე შთაებერა. ამაში იყო მისი მამოძრავებელი ძალა. არ ვიცი ამ ხვრელს საიდუმლო გასაღები როგორ უპოვა, მაგრამ უშიშრად გადაატრიალა, შიგ თავაწეულმა შევიდა და (შინაგანი) ბრძოლის ველი სიმშვიდის ტაძრად აქცია. სხვაგვარად საკუთარი თავის პოვნას ვერ შეძლებდა.
არიან ადამიანები, რომლებიც იოლად აწრთობენ ასეთ ნაკეთობას. მერე, ნატიფი სულივით შთაჰბერენ ხოლმე სხვებსაც და ეს ენერგეტიკა შეჰქონდა ყველგან. განსაკუთრებით, 100-იოდე მეტრის დაშორებით მცხოვრები ბიძის, დავით კვაჭაძის ოჯახში.
- დილამშვიდობისა - შეურბინა სამზარეულოში მოფუსფუსე ბიცოლას, რომელიც თავშალწაკრული ქურასთან იდგა და ყველს იღებდა.
- ბიცოლა გენაცვალოს - გამოსცა პასუხი საყვარელ მაზლისშვილს თათული გობრონიძემ - რა ქენი?
- რა ვქენი და მე ყველი უკვე ამოვიღე, ჩვენი ძროხებიც გავუშვი საბალახოდ, შემოგირბინე რამე ხომ არ გინდა?
- ყავა დავლიოთ, ე, მაგი მინდა! შენ დალიე უკვე ხომ?
- კი აბა უმაგისობა როგორ იქნება?
- კიდევ დალიე, ჩემი ხათრით - ალინამ გაიღიმა. იცოდა კომპანიონობას ვერ ასცდებოდა და დანებდა.
- ბავშვებს ელაპარაკე? როგორ არიან?
- არა, ამ დილით არ დამირეკავს, ალბათ ლექციაზე იქნებიან. მოგვიანებით დავრეკავ.
- ბიძია წავიდა ხო? მანქანის ხმა გავიგე
- კი
- წუხელ შეკვეთა კიდევ მივიღეთ, ორი ოჯახიდან. დღეს დავარიგებ ყველს. ჯამში ხუთმა კლიენტმა მოიყარა თავი. დღევანდელიც მიემატება და 45 კილომდე ავალთ.
- ძალიან კარგი. ქალაქში უნდა ჩახვიდე?
- კი მომიწევს, ორი ქალაქში ცხოვრობს.
- გუშინ ვფიქრობდი... გეგმაზე, ხელი არ უნდა ჩაიქნიოსმეთქი. კიდევ შეიტანე განაცხადი. აუცილებლად დაგიფინანსებენ მაგ პროექტს - ხელსაქმიდან თავის აწევის გარეშე შეაგულიანა გოგო თათულიმ.
- არა, ხელს როგორ ჩავიქნევ, ჩემი ხასიათი ხომ იცი? არაფრის დიდებით არ დავთმობ. საშემოდგომოდ კიდევ იქნება განცხადებების მიღება და ახალ ბიზნეს პროექტს დავწერ. თან ისეთს, უარის მიზეზის საჩიჩქნად სისხლიც ვერ გამოიწოვონ თითიდან.
თათულიმ კარგად იცოდა მაზლისშვილის ხასიათი. მებრძოლი ხასიათი გამჭვირვალეს ხდიდა მის ბუნებას.
დიდი ხანია მარწყვის ბიზნესს გეგმავდა განსახორციელებლად. თუმცა თავისი დანაზოგი ამას ვერ გასწვდებოდა. წამოსაწყებად ფინანსების მოძიება იყო საჭირო. სახელმწიფოს პროგრამამ თანადაფინანსების იმედი მისცა იდეის აღსრულებაში, მაგრამ რატომღაც მაღალი კონკურენციის გამო პროექტი დაუწუნეს. პრიორიტეტებში სხვა ბიზნესგეგმები ჰქონდათ გათვალისწინებული.
ტელეფონმა დარეკა.
- ალო!
- გამარჯობა ფაცო!
- კარგი, ახლავე! - გაუთიშა ტელეფონი.
- ფაცო ბებოს წნევას გავუზომავ და მოვალ. შენ მანამდე ყავა დაადგი.
ალინა წამოდგა. გარეთ გადიოდა ჩიკო, რომ ფეხებთან მიეგება. ჩიკო ძალიან უყვარდა მოსიყვარულე თვალებისა და მსუნაგი კუჭის გამო. მართალია თათული ბიცოლა ღორმუცელობისთვის უჯიშოს ეძახდა, მაგრამ ძაღლის ერთგულებას ჯიშის არქონითაც მშვენივრად ამტკიცებდა.
ფაცო მარტოხელა მოხუცი იყო. შვილები და შვილიშვილები, როგორც სოფლის უმრავლესობას ქალაქში ჰყავდა. თვითონ თავის ნაოფლარს ვერ ელეოდა. ამიტომ სიბერეშიც აქ დარჩა. მეორე ნახევარი თითქმის სამი წელი იყო გასული რაც მიწას მიაბარა და იმის შემდეგ უფრო დანაღვლიანდა. ჩამოხმა. წელში მოიხარა. წნევებმაც თანდათან უმატა.
მისი მარჯვენა ხელი და როგორც თავად ეძახდა „სიბერის ნუგეში“ ალინა გახდა. ალინა უზომავდა წნევას. მიჰქონდა მისთვის პროდუქტები და წამლები. რამდენჯერმე ღამეც გაუთია, როცა შეუძლოდ იყო. ხელსაქმეშიაც ბევრჯერ წაეშველა. ამიტომ მზე იყო თუ მთვარე მასზე ამოსდიოდა და დღეში ერთხელ მაინც უნდა ენახა. უამისოდ ნაკლოვანებას განიცდიდა.
- მოვედი ჩემო ფაცუნა - ასე ეძახდა მოფერებით მოხუცს და იქვე მის საყვარელ სარწეველაზე ჩამოჯდა.
- შემოგევლოს ფაცო შენ, რაღაცა წნევამ შემაღონა.
- კარგი რა, მოიგონებ რაღაცას - სცადა გულშეწუხებული მოხუცის გამოცოცხლება. ადგა. წამლებისთვის განკუთვნილი კარადიდან წნევის საზომი აპარატი გადმოიღო და გვერდით მოუთავსთდა. როცა გაზომა ცოტა არ ესიამოვნა. მაღალი ჰქონდა, მაგრამ დაამშვიდა - წამალი დავლიოთ და წამოვწვეთო.
- მაინც რამდენია ეგ ეშმაკის მოგონილი?
- ბევრი არაფერი - სახეუცვლელად უპასუხა. მაშინ, როდესაც ბარომეტრი 190/100-ზე აჩვენებდა - მოდი ცხელ წყალს მოვიტან და ფეხები დაითბილე. წნევის წამალი გვიმთავრდება. დღეს ქალაქში მივდივარ და წამოგიღებ.
ფეხების დასათბობად ჭურჭელი, ცხელი წყალი და ძმარი მიუტანა. გვერიდიდან არ მოშორდა სანამ წნევამ დაწევა არ დაიწყო. შემდეგ ნაზად აკოცა და წამოვიდა.
სევდიანი სახლების გარეთ სიცოცხლე იბადებოდა, ყვავილდებოდა და ფეთქავდა. ჩიტების ჟღურტულა გადაძახილები ამხნევებდა მიძინებულ ხეებს. მთვარიანი ღამით ნაბახუსევი ჰაერი თითქოს მზის სურნელით აგრძელებდა თრობას...
ზამთრის საბურველიდან გაშიშვლებული მიწა თანდათან იმოსავდა მწვანეს. ტოტებს შეფოთვლა დაეწყო. ყვავილებს კვირტები გამოეწვერა. ფურუსულები და იები აქა-იქ შესეოდა ფერდობებს. ფერადდებოდა სამყარო და მასთან ერთად განწყობაც.
ალინამ ბიცოლასთან ერთად ყავა დალია, უსაყვარლეს ვაშლის ,,პეროგთან“ ერთად. თათულის წინა საღამოს გამოეცხო. ამაზე უარს ნამდვილად ვერ იტყოდა. მადიანად მირთმევის შემდეგ ყველის კონტეინერები მოიტანეს. წათხიდან ყველი გადმოალაგეს და მანქანაში ჩააწყვეს.
შეკვე