ერთი ნაბიჯი ჰორიზონტამდე
ერთი ნაბიჯი ჰორიზონტამდე
ლომს,
რომელიც დიდი კატა აღმოჩნდა…
1
2020 წელია და პატარა, ლამაზ ქვეყანაში ვართ, დიდი ისტორიით და ზოგჯერ ერთმანეთის მჭამელი, მაგრამ ძირითადად მაინც სტუმართმოყვარე და კეთილი ხალხით. სასწავლებლად დედაქალაქში გახიზნულს მოულოდნელად მშობლიურ, პატარა ზღვისპირა ქალაქში დაბრუნება მომიწია. ბოლო კურსის ბოლო სემესტრი იყო და წარმოდგენა არ მქონდა სწავლის დასრულების შემდეგ რა უნდა გამეკეთებინა, რომ ინფორმაცია გავრცელდა - მსოფლიოში ახალი ვირუსი გამოჩნდაო. ეპიდემია ჩვენგან საკმაოდ შორს, მაგრამ ნელ-ნელა ბევრ ქვეყანას მოედო. "ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენთანაც შემოაღწიოსო" - ამბობდა ზოგი და არ ვიცი ბუნებას რომ ვერ დავუპირისპირდებით იმის ბრალია და ხალხის ენის ყივილის თუ იმის, რომ მავანნი საზღვართან უპასუხისმგებლოდ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და ინფიცირებული ხალხი ქვეყანაში მაინც "ეპარებათ".
მოკლედ, პატარა ქვეყანა დიდმა ვირუსმა და კიდევ უფრო დიდმა პანიკამ მოიცვა უმსხვერპლოდ. ჰო, მსხვერპლი სხვა ქვეყნებთან შედარებით არ იყო და დიდი იმედი მქონდა მშვიდობიანადაც გადაივლიდა ყველაფერი. ჩემი ოპტიმისტი ბუნება, ყველანაირი გეგმის გარეშე, მკარნახობდა, რომ საუკეთესო წლების დასაწყისი წელი უნდა ყოფილიყო; ეს აზრი ახალი წლის დადგომამდე გამიჩნდა და კიდევ უფრო გამიმყარდა მაშინ, როდესაც 2020 დაიწყო და პირველი სიმღერა, რომელიც მოვისმინე ჩემთვის საყვარელი Queen-ის Radio Ga ga იყო. უმსხვერპლოდ-მეთქი რომ ვთქვი მართალია, დაუმსახურებლად (ბოლომდე) ვერ გავლანძღავ ქვეყანას, ყველაფერს კიდევ კარგად მომზადებული დახვდა და ორგანიზებაც სწრაფად გაუწია, თორემ გაცილებით ცუდი მდგომარეობა გვექნებოდა; უბრალოდ ის სულელი ხალხი მაღიზიანებს, ვინც არც საკუთარ თავს და არც სხვებს უფრთხილდება...
პირველ მარტს უნივერსიტეტისგან შეტყობინება მივიღე, ერთი კვირით ვისვენებთ და არ მობრძანდეთო. მსგავსი შეტყობინებები მიიღეს დანარჩენმა საშუალო თუ უმაღლესი სასწავლებლების მოსწავლეებმაც და "ბარემ" რახან "ამდენი დღით" სახლში უსაქმოდ და თანაც მარტო უნდა ვყოფილიყავი, ჩემმა ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ მოვენატრე. თავიდან, რაღა დავმალო და ცოტა არასერიოზულად მივიღე ეს ამბავი: კარგით რა, რაღაც 5-6 დღის გამო ნუ ჩამომიყვანთ, ისედაც ახლახან დამისრულდა ზამთრის არდადაგები, შინ ვიქნები და ხალხმრავალ ადგილებს მოვერიდები-თქო, მაგრამ მაინც წამოდიო; საერთოდ არ გინდა ჩვენთან ყოფნაო, რომ შემომჩივლეს, ცოტა ჩემი თავისაც შემრცხვა. რაც პირველი მომხვდა ხელში ჩავიცვი, ერთი ხელი ტანსაცმელიც ჩავილაგე, ამ მოკლე ხანში სადმე სეირნობით თავის მოკვლას არ ვაპირებდი და ჩავთვალე, რომ ბევრი არაფერი მჭირდებოდა, ჩემს პაწაწინა სახლს თვალი გადავავლე, ყველაფერი მშვიდობიანად დავტოვე და სადგურისკენ დავიძარი. მეტრო და ხალხმრავლობა როგორ გეკადრებათო და ნაკლები მგზავრების მოლოდინით სამარშრუტო ტაქსით წავედი. გამიმართლა და ბილეთები ჯერ კიდევ საკმარისი იყო; ვიყიდე, ჩავჯექი მატარებელში და წამოვედი. ზოგადად ასე არ ვიქცევი, წინასწარ შეძენილი ბილეთით დაზღვეული ველოდები ხოლმე როდის მოვა ჩემი გამგზავრების დღე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ათასჯერ ვამოწმებ ბილეთის რიცხვს და დროს, ვაგონის თუ სკამის ნომერს, მგონი ზოგჯერ ზედმეტად პერფექციონისტი ვარ. გამოცდებზეც ასე მჭირს, ჩემს ადგილზე მჯდომიც ბოლო წუთებამდე ვამოწმებ სწორ აუდიტორიაში, სწორ დროს და სწორ ადგილას თუ ვზივარ და ჯერ ისე არ მომხდარა, არც მატარებელში და არც გამოცდებზე, რომ რამე შემშლოდეს, მაგრამ ირგვლივ ხალხი ზოგჯერ ისე იქცევა, გეგონება სხვა პლანეტიდან ჩამოფრინდნენ და მეც ამიტომ შემაქვს ხოლმე საკუთარ თავში ეჭვი, ბოლოს და ბოლოს ხომ იდეალურიც არავინაა.
2
სახლში ჩამოსვლა საყვარელი ადამიანების ნახვის, ხმაურიანი ქალაქისგან დასვენების, მხატვრული ლიტერატურის კითხვის და ფილმების ყურების გამო მიხარია ხოლმე, მაგრამ არაოფიციალურად შიდა-პატიმრობის გამოცხადებით მაინცა და მაინც კარგად ვერ ვგრძნობ თავს. ჩემი მეგობრები დედაქალაქში დარჩნენ, მე კი ერთი კვირა არც ისე ბევრი მეჩვენა მონატრებული ხალხის სანახავად; ამ ბოლო დროს სენტიმენტალური გავხდი...
თავისუფლების თუ პატიმრობის ერთი კვირის თავზე მივიღე ახალი შეტყობინება, რომელშიც ეწერა, რომ კიდევ შვიდი დღით გრძელდებოდა ჩემი "დასვენება" და მე სწორედ აქ გავათვითცნობიერე რაოდენ სერიოზულად იყო ჩვენი საქმე.
ინტერნეტში ათას სულელურ ნიუსს ავრცელებენ და ახალ წლებზე ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი იყო ის, რომელშიც ამოვიკითხე: საოცარი წელია - 22.02.2020 - ხუთი ორიანი იყრის ერთად თავს და სამყარო 22 თებერვალს უნდა განადგურდესო. გამეცინა, მსგავსი სტატიებისთვის რომ გვეგდო ყური, ერთი ძველი ტომის აზრით 2012 წელსაც უნდა გავნადგურებულიყავით. ასეთ ამბებს ყურადღებას არასდროს ვაქცევდი, მაგრამ აქამდე მსოფლიოს ხალხები თუ ებრძოდნენ ერთმანეთს და იხოცებოდნენ, ახლა ზოგადად პლანეტა იბრძოდა გადარჩენისთვის და ეს ამბავი უკვე აღარ მომწონდა...
3
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩემს ქალაქში დაბრუნება მიხაროდა, იყო ჩემი მეგობარი ბიჭი, რომელიც რამდენიმე წლის წინ შემიყვარდა და დროთა განმავლობაში მისი სრულიად გაცნობაც მოვახერხე. პირველი დანახვისას მახსოვს გავიფიქრე , რომ უკვე ვიცნობდი ან უბრალოდ ვიღაცას მაგონებდა. ახლა კი ვხვდები, რომ ის ალბათ სწორედ ის ადამიანი იყო, ვისზეც ჩემი ქვეცნობიერი ფიქრობდა. და მაშინ, როცა სულელური გატაცებებით დაღლილმა გადავწყვიტე პირადი ცხოვრება კულისებში გადამეტანა, ის პარტერში ჯდომასაც არ დასჯერდა და ფისტომინათებული პირდაპირ სცენაზე გამომეცხადა. ასეა, საუკეთესო რაღაცები ძირითადად დაუგეგმავად გვატყდება ხოლმე თავს.
არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რამდენ დარტყმას გაუძლო ჩვენმა გრძნობებმა დღევანდელ დღემდე რომ მოეღწია. ჩვენი საოცარი სიყვარულის ისტორია მოიცავს: ბევრ მზიან თუ წვიმიან, მაგრამ ფერად დღეს; ათასობით გავლილ, მაგრამ ჯერ კიდევ დაუღლელ ნაბიჯს; ბევრ პიცას და ყავას, უამრავ ფოტოს ჩვენს დამალულ ფოლდერში, რომლებსაც სოციალურ ქსელში არ ვაქვეყნებთ და ჩვენი სახლის მოსართავად ვინახავთ; ერთმანეთისთვის გაზიარებულ ძალიან კარგ სიმღერებსა და ფილმებს, ათასობით ნიჟარას, რომლებსაც ზღვაზე ყოველი სტუმრობისას ვაგროვებდით და არც ერთ ჩხუბსა თუ კინკლაობით სულელურ დაშორებას. ყოველთვის ჯანსაღად ვკამათობდით ამა თუ იმ თემაზე და ერთმანეთის აზრს პატივს ვცემდით; მე მიმაჩნდა, რომ ის ჩემზე ჭკვიანი და მშვიდი იყო, ის კი ამბობდა, რომ მე განსხვავებული და უცნაურად გამორჩეული ადამიანი ვარ და რომ ჩემთან ურთიერთობამ კარგის მეტი არაფერი შეჰმატა... სასაცილოდ საყვარლები ვიყავით ერთად: ის - მაღალი და გამხდარი, მე - მინიატურული და მოკლე თმით. პატარა ლეონი და მატილდა ვიყავით, ოღონდ მზის არა, ახლომხედველის სათვალით და იმასაც ვცდილობდი, რაც შეიძლება ნაკლებად გამომეყენებინა მასთან; "კი, მართალია ხელოვნების ნიმუშია, მაგრამ ეს დამცავი ჩარჩოები ჩემთან არ სჭირდებაო" - მის საყვარელ თაფლიან თვალებზე ამბობდა, სათვალეებს მხსნიდა, თვალებზე მკოცნიდა და ასე ვაგრძელებდით ერთმანეთისთვის თავის მობეზრებას. ამის შემდეგ შორს კარგად ვერ ვხედავდი, მაგრამ ვინც მჭირდებოდა გვერდით მყავდა და სხვა ყველაფერი უკვე მნიშვნელობას კარგავდა. ამ შემთხვევაში მე ვამართლებდი იმ "სიბრძნეს", რომლის მიხედვითაც სიყვარული ბრმაა...
ერთხელ როცა ვკითხე, რომელი სეზონები ვართ-თქო, აზრები ისე გადანაწილდა, რომ ის ზამთარი გამოდიოდა, მე კი - გაზაფხული. ის ლამაზად დათოვლილი ზამთარი იყო, ყველაფერი ცუდისგან დამალული უნაკლო სამყარო და შინ დამხვდარი კომფორტული სითბო, სხვაგან წასვლას რომ არ მოგანდომებს. შემოდგომა ორივეს გვიყვარდა, მაგრამ ისეთი, ფოტოებში რომ უფრო ხშირად გვინახავს, ვიდრე ცხოვრებაში. ზაფხულში ყველაზე მრავალფეროვნად და მხიარულად ვგრძნობ ხოლმე თავს, მაგრამ ზედმეტი სიცხისაგან პირდაპირი მნიშვნელობით ცუდად ვხდები, ამიტომაც დანარჩენ სეზონებს ყოველთვის ზამთარი მერჩივნა.
ზოგჯერ მგონია, რომ პარადოქსი ადამიანი ვარ; მაგალითად ვერაფერს ვუხერხებდი იმას, რომ ჩემი საყვარელი ნახატი სანდრო ბოტიჩელის "La Primavera" (გაზაფხული), საყვარელი კლასიკური ნაწარმოები კი ანტონიო ვივალდის "Winter" (ზამთარი) იყო. შემოდგომა რომანტიკის სეზონია, ზაფხული სიჭრელის და გართობის, ზამთარი ჩემი სიყვარულია, გაზაფხულზე კი დავიბადე მე , ვარდობისთვის გოგონა, რომელიც ვერასდროს იტანდა ვარდებს. საბოლოოდ ბევრ სხვა მიზეზთა გამო მე მის გაზაფხულად ვიქეცი.
ეს ჩამოსვლაც, იმის მიუხედავად, რომ პოზიტიური მიზნით არ იყო, ჩემს რაღაც ნაწილს მაინც უხაროდა, იმიტომ რომ სიყვარულს ნახავდა; მაგრამ ისე მოხდა, რომ თავისუფლების ერთ პაწაწინა კვირაში შეხვედრა ვერ მოვახერხეთ, ამასობაში კი ქვეყანაში მდგომარეობა დაიძაბა; მარტის შუა რიცხვებისთვის სახელმწიფო სამსახურებმა ოფიციალურად შეწყვიტეს მუშაობა და კარანტინი გამოაცხადეს. ჩემი მშობლები, დეიდები თუ ბიძები, მეგობრები და მათ შორის ჩემი სიყვარულიც, ორ კვირიან შვებულებაში გაუშვეს, თვითიზოლაციაში ბრძანდებოდეთ და გარეთ, თუ მაინცა და მაინც აუცილებლობამ არ მოითხოვა, ნუ გამოხვალთო. აქ კიდევ ერთხელ მომეცა ოფიციალურად პანიკაში ჩავარდნის საფუძველი, მაგრამ სოციალურ ქსელში ნეგატიურ ამბებთან ერთად ამ თემაზე გავრცელებული ხუმრობები ბოლომდე შიშში ყოფნის საშუალებას არ მაძლევდა. თან მე არ ვიყავი ის ადამიანი, რომელსაც ხვალინდელი დღის ისე ეშინია, რომ დღევანდელი დღით ვერ ტკბება და უაზროდ ფლანგავს დროს. ბედნიერი რომ იყო, აუცილებლად ოდნავ სულელიც უნდა იყოო, მაგრამ სრულიად სულელიც ვერ აღმოვჩნდი და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე თვალი ვერ დავხუჭე...
4
მოკლედ, საზოგადოება ვირტუალურ ცხოვრებაზე გადავიდა. თუ რაიმეს ვუჩიოდით ან ვირუსის სიმპტომები გვქონდა, დაუყოვნებლივ უნდა გვეცნობებინა ექიმებისთვის და პასუხისმგებლობით მოვკიდებოდით საკუთარ თუ სხვის ჯანმრთელობას. კიმაგრამ, ასე ხომ ისედაც უნდა ვიქცეოდეთ? სასაცილოდაც კი არ მეჩვენებოდა ტელევიზიით რომ გამოდიოდნენ და ხელების სწორი დაბანის მეთოდებს გვასწავლიდნენ. ცნობილი მსახიობები, მომღერლები თუ ტელეწამყვანები ავრცელებდნენ ვიდეოებს, რომლებითაც სახლში დარჩენას მოგვიწოდებდნენ. ეს რაღაც ახალი და სწორი კამპანია იყო, მაგრამ ზოგი ამ წესებს არ ემორჩილებოდა და მათ უკვე სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მიაბრძანებდნენ იძულებით კარანტინში. არ მინდა ასეთი ხალხის თავში ჩავიხედო, მინიმალიზმი დიახ, მაგრამ არაფრისმომცემი სიცარიელე არ მხიბლავს.
ნელ-ნელა სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ და სავარაუდოდ უნივერსიტეტებიც იმავეს გააკეთებდნენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი ისმოდა. ეს არ იყო დიდი პრობლემა, ნერვებს მიშლიდა უფრო ის პანიკიორი ხალხი, რომელიც სუპერმარკეტში ფართოდ-დახუჭული თვალებით ზომბივით დაიარებოდა და პროდუქტების მარაგს იკეთებდა... ამით რაღაც არაამქვეყნიურ ღორობას ავლენდნენ და ცოტა ბრაზსაც იმსახურებდნენ ჩემგან. არ მიყვარს, როცა ხალხი ბოროტდება, ცხოველს ემსგავსება და თვითგადარჩენის ინსტიქტგააქტიურებული მზადაა გადაგთელოს ან ბოლო ლუკმაც კი წაგართვას... პრინციპში, ცხოველებს რას ვერჩი, ზოგი მათგანი ბევრ ადამიანსაც კი სჯობს. როცა გარეთ ჯერ კიდევ თავისუფლად დავდიოდი და ვირუსი ახალი შემოსული იყო, ავტობუსში ბავშვის დაცემინებაზე მარტო მე რომ ჩავიბურტყუნე "ჯანმრთელობა" და დანარჩენმა "ზრდილობიანმა" უფროსებმა სახის მანჭვით რომ გადაინაცვლეს მოშორებით, მანდ მივხვდი, რომ ყველა ადამიანთა თავყრილობას საზოგადოება არ უნდა ეწოდოს…
5
ოფიციალურად პირველ აპრილამდე სახლში დარჩენილმა ოჯახმა: ვუყურეთ ბევრ ფილმს, არანაკლებ გასართობ თუ მუსიკალურ გადაცემას და ზოგ ყურზესპილოდაბიჯებულთან ერთად ჩვენც ცოტა ვიხალისეთ. ყველაფერში შეიძლება დადებითის აღმოჩენაო და ამასობაში დღის რეჟიმი დავალაგე; მე და ჩემმა სიყვარულმა, აქამდე რაც ვირტუალურად არ გვისაუბრია, ახლაღა დავაფასეთ ჩვენი პატარა შავი ყუთები, ამ ეტაპზე ხომ მხოლოდ მათ შეეძლოთ ჩვენი ერთმანეთთან დაკავშირება. ხან საწოლზე წამოწოლილი, ხანაც შეშის ღუმელთან მოკალათებული ტელეფონით ვსაუბრობდით. ჰო, ზაფხულივით თბილი ზამთრის შემდეგ სუსხიანი გაზაფხულის ჯერიც დადგა. ზემოთ აშკარად რაღაც მწყობრში ვერ იყო...
ნელ-ნელა დრო გადიოდა და გასული ზაფხულის შემდეგ უკვე ექვსი თვის უნახავი სულის სარკე მენატრებოდა. დიახ, ის ჩემი სარკე იყო, მე კი - მისი და ეს იმას კი არ ნიშნავდა, რომ ჩვენ იდენტურები ვიყავით ან რეალურზე გაცილებით ლამაზად აღვიქვამდით ერთმანეთს, თურმე სარკეში საკუთარი თავები იმაზე უკეთესი გვეჩვენება ვიდრე ვართ; არა, უბრალოდ რაც უფრო ვუახლოვდებოდით, მით უკეთ ვხედავდით ერთმანეთის მინუსებსა და პლუსებს და ვაფასებდით საკუთარ თავებსაც და ჩვენს არჩევანსაც. უდაოა, ორივეს კარგი გემოვნება გვქონდა.
მარტის არეულ დღეს სახლში გამოკეტილს მინდოდა, ისევ ჩვეულებრივ ვმსხდარიყავით რომელიმე პარკში; როცა გვერდით მეჯდა, თავი ჩემს მხარზე ედო ან მის გრძელ თითებს ჩემს წითლად შეღებილ თმაში ათამაშებდა. ვერ ვიტან როდესაც თმას ვიღაც მიწეწავს, მაგრამ ის არ მიწეწავდა... ან იქნებ ის ის იყო და სწორედ ამიტომ არ მაწუხებდა. თხელი და ყოველთვის გრილი თითები ჰქონდა; შენი თმა მომწონსო, იღებდა და ყნოსავდა, მე კი ვერ ვხვდებოდი ამაში განსაკუთრებული რა იყო. ხანდახან მინდოდა უფრო გრძელი თმა მქონოდა, მაგრამ მისი აზრით ასე სჯობდა; ზოგჯერ მქაჩავდა და იძულებული ვიყავი თავი მისკენ გამეწია, მერე კი მკოცნიდა ყელზე, საფეთქელზე, თვალებზე, ტუჩებზე... სხვანაირი კოცნა იცოდა, მთელი თავისი ლამაზი და დიდი ტუჩებით, ცდილობდა რაც შეიძლება დიდხან გაჩერებულიყო ჩემთან. მინდოდა, უბრალოდ ვმსხდარიყავით და მას ბევრი მოეწია, მე კი მის მხარზე ჩამოყრდნობილს წიგნი მეკითხა. მინდოდა, თავიდან მოსულიყო და ეთქვა, ერთხელაც ნავს ვიშოვი და ზღვაში გავიდეთო და როცა ეს დღე დადგებოდა, ნავით კი არა გემით გავეყვანე ზღვაში, რომელიც მე ლურჯი ნამდვილად არა, მაგრამ მწვანე მომეჩვენებოდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ზღვის მიმართ შიშს და სიყვარულს ერთდროულად განვიცდიდი და თუ ოდესმე შუა ზღვაში აღმოვჩნდებოდი ცურვის არ მცოდნეს(უცოდინარი ნეგატიური სიტყვაა) გული გამისკდებოდა, მაგრამ როცა ეს რეალურად მოხდა, მე მხოლოდ და მხოლოდ დიდ ბედნიერებას ვგრძნობდი და სხვას ვერაფერს.
გაზაფხულის პირველი თვე ნელ-ნელა სრულდებოდა და ხშირი ვიდეოზარების გამო ეკრანზე ორივეს გვერდი-გვერდ გამოჩენით მე შევამჩნიე, რომ ჩვენ როგორც შინაგანად ისე ფიზიკურადაც ვუხდებოდით და ვავსებდით ერთმანეთს და სევდიან ამინდში გაღიმების მიზეზიც ვიპოვე.