ამბავი - მაგიური კალენდრის ისტორია
ამბავი - მაგიური კალენდრის ისტორია
პროლოგი
თითოეული ჩვენგანის ცხოვრება და სიცოცხლის არსი ერთი პატარა მტვრის ნაწილაკია, დაუსრულებლად მოძრავი ბუნების მარადისობაში და დასაბამი სახეცვლილი მომავლისა. იგია მშობელი მილიარდობით ახალი მტვრის ნაწილაკისა.
ნაწილი I
„ცხოვრება ღრმა მორევია. ის ზოგს ბოლომდე ჩაითრევს, ზოგს კი ხანდახან მოულოდნელად ზევით ამოაგდებს.“
თავი I
„ამბავი“
- კარგი ხართ, მაგრამ არასაკმარისად...
- კარგი ხართ, მაგრამ არასაკმარისად...
- კარგი ხართ, მაგრამ არასაკმარისად კარგი!
ყოველი გასაუბრება საბოლოოდ ერთი და იმავე სიტყვებით სრულდება. კარგი ვარ, მაგრამ არასაკმარისად. ყოველდღე ვეძებ სამსახურს, მაგრამ ვერა და ვერ ვიპოვე, რადგან, სამწუხაროდ, ვერ ვაკმაყოფილებ ერთ კრიტერიუმს, ვიყო საკმარისად კარგი. საკუთარ თავს ვეკითხები, თუ რა არის იყო საკმარისად კარგი. ნუთუ თეთრი კბილები, რომლებიც, რატომღაც, დიდად აღარ გამაჩნია? ან მომრგვალებული ცხვირი, რომელიც ჩემს წაგრძელებულ ფეხსაცმელს არ ახასიათებს? შეიძლება ეს საკმარისი ფანტასტიკურად დაუთოებული პიჯაკია, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, სიჩქარეში ზედმიწევნით ვერ დავაუთოვე. გასაუბრებიდან გამოვდივარ და ვეძებ კითხვაზე პასუხს, რა არის იყო საკმარისად კარგი? შემდეგ ვფიქრდები და პასუხს საკუთარ თავშივე ვპოულობ, იყო საკმარისად კარგი, ნიშნავს იყო წარმატებული, რადგან ხშირ შემთხვევაში წარმატების გასაღებიც სწორედ ეს არის. სამწუხაროდ, ამას ჩემთვის მეტი მნიშვნელობა არ გააჩნია.
სახლის კარს ვაღებ და ვხვდები, რომ შინ დაბრუნებაც უკვე მომწყინდა. ყოველი დღის შემდეგ სახლში იმედგაცრუებული მოვდივარ, ვჯდები სავარძელში და ვიაზრებ, რომ არასაკმარისად კარგი ვარ. ჩემს ბაქსის ვუყურებ და ვხვდები, რომ ეს ენაგადმოგდებული ძაღლიც კი ჩემზე უკეთესია, იგი საკმარისად კარგია იმისთვის, რომ ჩუსტები მომიტანოს. ფიქრებში გართული თავს უსარგებლოდ ვგრძნობ და საკუთარ თავს ისევ ვეკითხები, თუ რა არის იყო საკმარისად კარგი? ან საერთოდ, რას ნიშნავს ეს კითხვა?
ჩამძინებია. ძილი მობილურზე მოსულმა მონაწერებმა დამიფრთხო. თვალებს ვახელ, ეკრანს ვუყურებ და ვკითხულობ, რომ ჩემი საყვარელი გაზისა და დენის კომპანია მადლობას მიხდის უმუშევრობისთვის და გადაუხდელობის შემთხვევაში ქვის ხანაში დაბრუნებით მაჯილდოებს. მშვენიერია! უბრალოდ, ფანტასტიკურია! ვტრიალდები და ვიძინებ.
ძაღლი მიყეფს. შია. უკვე მოსაღამოვდა. ნუთუ ძაღლების დასაქმება არ შეიძლება განიხილონ? ვდგები და საჭმლის ძებნას ვიწყებ. ჩემი ბიჭი ისეთი ღონიერია, თუ უნდა ორ ძვალს ერთად ხრავს, ახლა კი ვხვდები, რომ ამ ღორმუცელა ძაღლის საკვებად თითქმის არაფერი მაქვს. ჯანდაბა! ჯიბეში ვიქექები და ჩემი სამყოფი ფული ძლივს დამრჩა, აღარ ვიცი რა ვქნა. მაინც მივდივარ მაღაზიაში და ვყიდულობ ორივესათვის საჭმელს, თან გამყიდველს ისევ ვპირდები, რომ ვალს აუცილებლად მალე დავუბრუნებ. დღეს, ალბათ, მე და ბაქსი ძვლებს ერთად დავხრავთ.
საღამოს ცხრისკენ ტელევიზორს ვრთავ. როცა ვმუშაობდი, საერთოდ არ ვეწეოდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს ჯანმრთელობისთვის ცუდი იყო, არ ვეკარებოდი და არც ვფიქრობდი, გამესინჯა. დასვენების დღეებში ხშირად ვვარჯიშობდი და ვცდილობდი, ჯანსაღად მეცხოვრა. მაგრამ, ალბათ, ცხოვრებისეული ირონიიდან გამომდინარე, სწორედ მაშინ დავიწყე ჩემი ცხოვრების შემოკლებისათვის ფულის გადახდა, როცა უკვე ცხოვრების გაგრძელებისათვის აღარ გამაჩნდა სახსრები. ღმერთო ჩემო, რა მშვენიერია ეს ცხოვრება და რა დიდებული!
კვამლში ვეხვევი. წამები უკვე ძალიან იწელებიან, ვგრძნობ, რომ აღარ შემიძლია. ყოველი მომენტი უკვე გამეორებაა მომხდარის და მთელი დროის დინება ერთ მძვინვარე მორევს ემსგავსება, რომელიც არ ჩერდება და თავბრუს მახვევს მასში მოყოლილს. ფსკერისკენ მივექანებით მეც და ჩემი ძაღლიც, მაგრამ მას ეს საერთოდ არ აინტერესებს. მას მხოლოდ ჭამა და ხშირად ლოკვა სჭირდება, მეტი არაფერი. ზოგადად, რომ ვფიქრდები, ვერ ვხვდები, თუ რით განვსხვავდებით მე და ჩემი ძაღლი ერთმანეთისგან. ადამიანის მანკიერი ოცნებაც ხომ ეს არის, იყოს მაძღარი ყველაფრით, რითაც სურს და მისთვის მნიშვნელობას დაკარგავს, ვინ იქნება მისი პატრონი, შენ მხოლოდ ლუკმა მიეცი დამშეულს და ისიც სამუდამოდ შენთან ერთად იქნება, ისტორიაც ამას გვასწავლის. მე და ძაღლი, ორივე ცხოვრებისეულ მორევში ვართ ჩათრეული, რომელიც მიგვაქანებს იქით, საითაც არაფერი არ გველოდება და, ალბათ, არც დაგველოდება.
„შეიძინეთ ჩვენი ავეჯი და მოიწყვეთ კომფორტი სახლში!“ , „ჩვენი საბურავები ყველაზე გამძლეა, ნუ დააგვიანებ, იყავი პირველი!“ „მე ვცხოვრობ ულამაზეს კომპლექსში, შემოგვიერთდი შენც!“. - ვუყურებ რეკლამებს. ნაგავი! ნაგავი! ნაგავი! ყველგან ნაგავია. მწარმოებლები - იდიოტები. ისინი გვტენიან იმას, რაც საერთოდ არავის სჭირდება. აი, ლატარიის გათამაშებაც დაიწყო. „- დღევანდელი რიცხვებია: 5, 16, 24, 31, 7, 28 და 1. გილოცავთ გამარჯვებულებს! ვინც ვერ მოიგეთ კი, კვლავ სცადეთ ბედი!“ როგორც ყოველთვის, არასდროს მიმართლებს. ბოლოს ერთი რიცხვიც როდის დავსვი, ეგეც აღარ მახსოვს. ჩემს სიმწრით შეკოწიწებულ ბილეთს ვკუჭავ და ოთახის ბოლოში ვაგდებ. ბაქსი ყურებს ცქვეტს, მაგრამ ისიც უკვე შეეჩვია და მსგავს მომენტებზე რეაგირება აღარ აქვს. ნუთუ ჩემი ბილეთიც ჩემსავით არასაკმარისად კარგი იყო? ნუთუ კარგი იყო, მაგრამ არა ისეთი კარგი, რომ მომეგო? ამ კითხვას ძალიან ჩავაცივდი, რადგან პასუხი, უბრალოდ, თეორიულადაც არ ვიცი, აზრადაც არ მომდის, რას ნიშნავს, იყო საკმარისად კარგი.
თავი II
„მაგიური კალენდრის ისტორია“
დილით გვიან გამეღვიძა. გასაუბრებაზე დავაგვიანე. მოსული შეტყობინებით ელექტროენერგია შუადღეს უნდა გაეთიშათ, მაგრამ, რატომღაც, ვერ მოითმინეს და დილით, ათ საათამდე ჩამიჭრეს დენი. ჩემს ელექტრომაღვიძარას ზუსტად ათ საათზე უნდა დაერეკა.
- არაჩვეულებრივია! შემზარავია! - გავიფიქრე და გამზადება დავიწყე.
საწოლიდან წამოვხტი, ხელში რაც პირველი მხვდებოდა, იმას ვიცვამდი. იმედი მქონდა, რომ, როცა ვიტყოდი, თუ რა მოხდა, გამიგებდნენ და გასაუბრებაზე ასეთ დაგვიანებას მინუსად არ ჩამითვლიდნენ. ეს ვაკანსია უკანასკნელი იყო ჩემი დასაქმების წარუმატებელი პერსპექტივების სიაში. ბაქსი ჩაცმისას თვალს არ მაშორებდა და, როგორც გიჟს, ისე მიყურებდა.
- შენ რა განაღვლებს, ძაღლებს არასდროს არსად გაგვიანდებათ! - ამ გამოძახილზე გვერდულად შემომხედა, თითქოს ჩემი სიტყვები გაიგო, მაგრამ უცებ თავი გადაატრიალა და გადაკოტრიალდა, ადრე გამოღვიძებული კვლავ ძილს მიეცა.
წამში უკვე სახლში აღარ ვიყავი.
ქუჩაში მთელი სისწრაფით გავვარდი. სადარბაზოს შესასვლელ კიბეებზე თავქუდმოგლეჯილმა ჩავირბინე და შემთხვევით კინაღამ ქალი გავიტანე, რომელიც ეტლით ბავშვს მიასეირნებდა. ვჩქარობდი, გზის პირზე ვიდექი და ჯიბეში ხელით ფულს ვეძებდი ტაქსისთვის. მსგავს მომენტებში, ჩვეულებრივ, არასდროს მიმართლებდა ხოლმე, მაგრამ საჭირო დროს, საბედნიეროდ, უკეთესი იღბალი აღმომაჩნდა. გამართლებით თავდაჯერებულმა, რომ ის ჩემი დღე იყო, პირველივე ტაქსი გავაჩერე და სამსახურის მაძიებელი მის მოსაძებნად გავეშურე. მანქანა დაიძრა.
- უკაცრავად, შეგიძლიათ ცოტა ჩქარა იაროთ? - ვთხოვე მძღოლს.
- მაინც საით მიგეჩქარებათ?
- სამსახურისკენ, ბატონო, გასაუბრებაზე მაგვიანდება.
- კარგით, ვეცდები შეძლებისდაგვარად! - გამიღიმა მძღოლმა.
ტაქსი რამდენიმე წუთში უკვე დანიშნულების ადგილზე იყო. მძღოლს დიდი მადლობა გადავუხადე და ფული მივეცი. მანაც წარმატებები მისურვა. შენობაში გიჟივით შევვარდი. მისაღებში კარი შევაღე.
- უკაცრავად საით მიიჩქარით? - მკითხა იქ მჯდომმა თანამშრომელმა.
- სამსახურის გასაუბრებაზე. - სწრაფად ვუპასუხე და პირი ისევ დერეფნისკენ ვიბრუნე...
- დიდი ბოდიში, მაგრამ გასაუბრებები, სამწუხაროდ, უკვე ნახევარი საათია დამთავრდა, ამ ვაკანსიაზე მიღება დასრულდა... - ბოლო სიტყვები, როგორც სასიკვდილო განაჩენი, ისე ჩამესმა ყურებში. ადგილზე გავქვავდი. ცოცხლად ვიგრძენი საბოლოო შინაგანი გახრწნა. იმ მომენტში ჩემს თვალებში მხოლოდ უკიდეგანო სასოწარკვეთა იკითხებოდა. ვხვდებოდი, რომ ყველაფერი დასრულდა, რომ უკანასკნელი შანსიც დავკარგე. ვხედავდი, როგორ ეშვებოდა ჩემი ცხოვრების სცენაზე მდუმარებით მოცული მძიმე ფარდა.
მომაწვა ძალა, როგორც სასიკვდილოდ განწირულ მტაცებელს, რომელსაც აღარაფერი დარჩენია, გარდა საკუთარი თავის ტანჯვისგან ხსნისა. შინაგანად ავენთე, ქუჩაში გავვარდი და სწრაფი ნაბიჯებით გავემართე გაურკვეველი მიმართულებით.
რამდენიმესაათიანი უგზო-უკვლო ხეტიალის შემდეგ შემთხვევით ჩემს სახლთან აღმოვჩნდი. მოსაღამოებულიყო. ნელ-ნელა წვიმას იწყებდა, მე კი ქვეითთა გადასასვლელზე ვიდექი, სევდიანი, ფიქრებით აღსავსე და ველოდებოდი ავტომობილთა ნაკადის შემცირებას. მანქანები უბრალოდ მოძრაობდნენ გზაზე. მგრგვინავი, ხმაურით მოცული გარემო, შავ-თეთრში შემოსილიყო და მხოლოდ ორთვალა მცირე გამონათებები იძლეოდა იმედის ნაპერწკალს ამქვეყნიური სიკეთისას.
უცებ ცაზე გაიელვა. იფეთქა დედაბუნებამ დედამიწის შუაგულში. ხასიათი უფრო გამიმძაფრდა. კიდევ ერთი ავდრის მოლოდინში ვიყავი. აღარაფერი მახსოვდა, აღარაფერზე ვფიქრობდი. მეორედ გაიელვა. ცა რომ განათდა, სინათლის კვალს თვალი გავაყოლე და ქუჩის გადაღმა შავგვრემანი გოგონა დავინახე, ლურჯი ქოლგით ხელში. რომ შევხედე, თითქოს იგრძნო და მანაც შემომხედა. თვალი თვალში გამიყარა. დავიბენი და მზერა სხვა მხარეს გადავიტანე, მაგრამ ცალი თვალი მასთან დავტოვე. შეამჩნია. გამიღიმა. მეც ამაზე ჩამეცინა. უცბად ტუჩებით მითხრა: „კიდევ გაიღიმე“, „გაიღიმე“ - გაიმეორა. მეც კიდევ უფრო გამეღიმა. „კარგია“ - მითხრა, ხელი დამიქნია და უეცრად ადგილიდან დაიძრა. „ერთი წუთი! ერთი წუთი! დამელოდე!“ შუქნიშანზე კვლავ მწვანე ენთო. წვიმა უფრო და უფრო იმატებდა. გზაზე გადავირბინე, არ შევუშინდი მკვლელ მოსიარულე მანქანებს. ლურჯქოლგიან გოგონას დავედევნე. „დამელოდე!“ - ვეძახდი და მივსდევდი. ათიოდე მეტრი მაშორებდა მას. ორი ქუჩის გადაკვეთის შემდეგ მარცხნივ ჩიხისკენ გადაუხვია. მეც მის გზას გავყევი. როგორც კი ჩიხში შევედი, დავინახე, რომ შენობის უკანა კარს აღებდა. უცებ თითქოს მიგრძნო და შემოტრიალდა. „ნახვამდის, უცნობო!“ - მომაძახა, კიდევ ერთხელ გაიღიმა. შიგნით შევიდა. კარი მიიხურა. მე ადგილზე გავშეშდი. შესასვლელს რამდენიმე წამს თვალს ვერ ვაცილებდი. ვუყურებდი და თავს უცნაურად ვგრძნობდი. ვიაზრებდი, რომ ბოლომდე ვსდიე ადამიანს, რომელიც ცხოვრებაში პირველად ვნახე. მას არც კი ვიცნობდი. მაშინ მან შინაგანად რაღაც განსაკუთრებულის შეგრძნება დამიტოვა, ამავსო ენერგიით, რომელიც იმ დღეს ძალიან მაკლდა. ამ მცირედითაც კი მომცა ძალა, რომ ჩემს მდგომარეობაზე სხვაგვარად შემეხედა. ჩამეცინა. ჩამეცინა და სიცილი ამიტყდა. ვიცინოდი და ვერ ვიაზრებდი რატომ. უბრალოდ ვიდექი და გიჟივით ვიცინოდი. თითქოს უებარი წამლით დარდი წამიერად შემიმსუბუქდა. რამდენიმე ხანს ასე ვიცინე...
სახლში ერთ საათში მივედი. თავიდან ბოლომდე სველი ვიყავი. შემოსასვლელი კარი რომ დავკეტე, ჩავიმუხლე და ავტირდი. ავტირდი არა დარდისგან, ცრემლები ბედნიერებით იყო გაჯერებული. ჩემი ცხოვრება იმ დღეს ფსკერზე დაეშვა, გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი, აღარ ვიცოდი რა მექნა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა დასასრულს. მე მიხაროდა, ვტიროდი, რომ კვლავ ცოცხალი ვიყავი, რომ კვლავ მქონდა შანსი გამოსწორებისა. სიცოცხლე, ეს ხომ ბუნების ყველაზე დიდი საჩუქარია. ცხოვრება, ეს ხომ მშვენებაა არსებობისა. სიცოცხლე, ეს ხომ შანსია შეცვალო დღევანდელი დღე და მიიღო რადიკალურად განსხვავებული მომავალი. სანამ ცოცხალი ხარ, ცხოვრება არასდროს დამთავრდება. ის შეიცვლება თანდათანობით და გაივლის ნაკვალევს, რომელსაც შემდეგ გავივლით მარადიული სიცოცხლის გზაზე.
თავი III
საბოლოო იმედგაცრუებიდან რამდენიმე დღეში ჩემმა მეზობელმა მითხრა, რომ მისი სამსახურის გვერდით საწყობში გადამზიდი ესაჭიროებოდათ. ამ ვაკანსიით მაშინვე დავინტერესდი.
- მოსწიეთ! მოსწიეთ! - საწყობის გამგე მითითებებს იძლეოდა და თან ფურცელზე ანტიკვარების მდებარეობებს ინიშნავდა. - დღეს კარგად იმუშავეთ! საკმარისია! - დაიძახა, როცა უკანასკნელ მოტანილ ნივთსაც მივუჩინეთ თავისი ადგილი. - ყველამ მომისმინეთ! ხვალ ახალი საქონელი აღარ შემოვა, შეგიძლიათ სახლებში დარჩეთ. უქმე დღე იქნება! - ხმამაღალი ტონით მთელი საწყობის გასაგონად გვაუწყა ეს სასიამოვნო სიახლე გამგემ. დაგვემშვიდობა და ჩვენც სახლებისკენ გავემართეთ.
ძალაგამოცლილს და უძინარს ავტობუსში ორჯერ წამთვლიმა. თვალდახუჭული მზერით კინაღამ გავცდი ჩემს კორპუსს. ტრანსპორტი რომ გაჩერდა, გახარებული სწრაფი ნაბიჯებით ჩამოვედი, სადარბაზოს შესასვლელისკენ დავიძარი. კორპუსში რომ შევედი, კიბეებით ასვლას მოვერიდე. ლიფტით ავედი. კარი რომ გაიღო, ხელმარჯვნივ გავემართე და მეზობლის კარზე დავაკაკუნე. ბაქსი დერეფანში იჯდა, მელოდებოდა. როგორც კი კარი გაიღო და დამინახა, მაშინვე ხტუნვა დაიწყო. დიდი ხანი იყო გასული, რაც მარტო აღარ დამეტოვებინა მეზობელთან, რადგან გასაუბრებები, როგორც ყოველთვის, ძალიან მალე, უარით სრულდებოდა. იმ დღეს განსაკუთრებულად მიმიღო.
- ბაქსი, ჩემო ბიჭო, როგორ ხარ? - დავიხარე, მოვეხვიე. - წამოდი სახლში, გაჭამო! - მეზობელს მადლობა გადავუხადე, ბინის კარი გავაღე და შიგნით შევედით.
ფეხსაცმელი გავიხადე, ქურთუკი შემოსასვლელში ჩამოვკიდე. სამზარეულოსკენ გავემართე. ბაქსი ფეხდაფეხ დამყვებოდა. თაროდან საჭმელი ჩამოვუღე და ჯამში ჩავუყარე. სანამ ის ჭამდა, სავარძელში ჩავეშვი, სამუშაოსგან გადაჩვეულს დასვენება მჭირდებოდა. ვგრძნობდი, რომ უკვე ყველაფერი ძველებურად, კარგად იქნებოდა. კმაყოფილებისგან გამეღიმა.
თანდათანობით ფიქრებში გადავეშვი და სავარძლის ზურგს მიყრდნობილმა თვალები დავხუჭე. თავდაპირველად გარშემო ყველაფერი შავი იყო, მაგრამ შემდეგ მშვენიერებამ გამოანათა. ტბაზე ნავში მჯდომი ვირწეოდი. ირგვლივ ჰორიზონტზე გარშემო მხოლოდ ნაძვები იყო. ნიავი მცირედ უბერავდა. ყველაფერი წარმოუდგენლად მშვენიერი იყო. სამწუხაროდ, გარემოთი ტკბობა არც ისე დიდხანს გაგრძელდა. ბაქსიმ გამომაფხიზლა, რომელიც სავარძელთან იჯდა და ენაგადმოგდებული თათებს ფეხებზე მიხახუნებდა.
- მოდი ჩემთან! - ხელში ავიყვანე და კალთაში ჩავისვი. ოდნავ მძიმე იყო, მაგრამ თბილი. ხელი მუქ ყავისფერ ბეწვზე მაგრად მოვხვიე, ძლიერად მივიხუტე. - ნეტავ რამდენი ხანი მელოდებოდი, შე სულელო ძაღლო. - კიდევ უფრო მივიზიდე. ამომხედა. გამეღიმა. - კარგი, მოდი, აბა ვნახოთ, რას აჩვენებენ დღეს. - დისტანციური ავიღე და ტელევიზორი ჩავრთე. ისევ რეკლამები გადიოდა. არასდროს მიყვარდა რეკლამები. ყველა ერთმანეთს ჰგავს, უბრალოდ, სხვადასხვა ნაგავს გტენიან. შემდეგი არხი, იქაც იგივე. შემდეგი, შემდეგი. ნელ-ნელა თვალები ამიჭრელდა. კიდევ რამდენიმე გადართვის შემდეგ მშვიდ მუსიკალურ არხს მივადექი. ორკესტრი დიად სიმფონიას ნაზად უკრავდა. მთლიანი მელოდია, თითოეული ნოტი, ისე ტკბილად ჩამესმოდა ყურებში, დისტანციური გადავდე, სავარძელში მოვკალათდი და სმენად ვიქეცი. თანდათან თვალებიც დავხუჭე.
იგივე ხედი წარმომიდგა თვალწინ, რაც რამდენიმე წუთის წინ. ისევ ტბაზე, ვიჯექი ნავში და იმ ბუნების ნაწილი ვიყავი, რომლის სიდიადესაც ბოლომდე შევიგრძნობდი. მაგრამ მარტო აღარ ვიყავი, ჩემთან ერთად ნავში უკვე ბაქსიც ირწეოდა. ყოფნა დიად ბუნებაში, მზის ქვეშ, რომლის სხივებსაც ტბა თვალწარმტაცად ირეკლავდა. ტბა, რომელშიც, აქა-იქ პატარა თევზებიც მოჩანდნენ და ეს ყველაფერი ადამიანის მანკიერი ხელების გარეშე. განა ამაზე მეტი სილამაზე რა უნდა ინატროს კაცმა? ეს გარემო დედაბუნების ნამდვილი საჩუქარი იყო.
ცოტა ხანში სამოთხიდან შიშინმა გამომაღვიძა. ჩამძინებია. როგორც მივხვდი, ის სიმფონია პროგრამით უკანასკნელი იყო და არხიც გაითიშა. ბაქსის უკვე ღრმად ეძინა. ხმადაბლა ხვრინავდა. საათს რომ გავხედე, ჯერ თერთმეტი სრულდებოდა, მაგრამ რატომღაც ქუთუთოები უკვე მიმძიმდებოდა. ძაღლი ფრთხილად გადავაწვინე თავის ლოგინში. მეც დასაძინებლად მომზადება დავიწყე. რადგან მეორე დღეს არ ვმუშაობდი, მაღვიძარაზე აღარც მიფიქრია და პირდაპირ გავემართე საძინებლისკენ. მუშაობის ძიებაში მყოფი, ძირითადად, ყოველთვის სასტუმრო ოთახში დივანზე ან სავარძელში ვიძინებდი, წინ კი სხვადასხვა სამსახურის განცხადება და ფურცლები მეყარა, რომელთა კითხვა-ძიებაში მთელი საღამო გადიოდა ხოლმე, მაგრამ მაშინდელი სიტუაცია შეცვლილიყო და უკვე შემეძლო მშვიდად, ყველანაირი მძიმე ფიქრის გარეშე ტკბილად შევსულიყავი საძინებელში და საწოლში დამეძინა. როცა დავწექი, დიდი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი თავი კომფორტულად ძილის წინ. ვუყურებდი ჭერს, რომლის თეთრი ფერიც ნელ-ნელა ტბის გამოსახულებით შეიცვალა და რამდენიმე წამში ძილმა შორს, ისევ იმ დიად ბუნებაში გამიტაცა. ნავში ვიჯექი. ვტკბებოდი გარემოთი, რომელიც სიმშვიდის მაძიებელი ადამიანისათვის ნამდვილი მიწიერი სამოთხეა. მარტო ვიყავი. ჩემი ხმა ყველასათვის მიუწვდომელი იყო. ჩიტებიც არსად ჩანდნენ. უბრალოდ აყოლილი ვიყავი ტბის რხევებს. შემდეგ ნიჩბებს ხელი მოვკიდე და ნაპირისკენ დავიძარი. ნაპირს რომ მივუახლოვდი, ოდნავ მოშორებით ფიგურა დავლანდე...
თავი IV
დილით მზის სხივებთან ერთად გამეღვიძა. საძინებელში ფარდები ბაქსის გამო აღარ მქონდა და ფანჯრებიდან სინათლემ პირდაპირ თვალებში შემომანათა. ფარდების ყიდვა კი უმუშევრობისას ვეღარ მოვახერხე. ზოგადად, ჩემი ძაღლის გმირობები სახლში მრავლად შეინიშნებოდა. მახსოვს, ადრე ბაქსის სახლში მოყვანის საწყის ხანებში, როცა პირველად მომიწია მისი შინ მარტო დატოვება, უკან მოსულს დივნის ორი ბალიში შუაზე გაგლეჯილი დამხვდა, თავად ძაღლი კი ძირს იწვა, ზურგზე ამოტრიალებული. ახლა მეღიმება, მაგრამ მაშინ ის დივანი სულ ახალი იყო. დროსთან ერთად თანდათანობით, საბედნიეროდ, ხასიათი შეიცვალა, უფრო დინჯი გახდა.
თვალები ბოლომდე რომ გავახილე, საძინებლიდან სასტუმრო ოთახში გავიხედე. ძაღლს ხალიჩაზე გართხმულს ეძინა. - ბაქსი! ბაქსი! - დავუძახე. მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. - ბაქსი! - ხმას ავუწიე. მან მხოლოდ ცალი თვალი გაახილა. შემომხედა. ისევ დახუჭა. ყურადღების ღირსად არ ჩამთვალა. ორჯერ კიდევ ვსცადე გაღვიძება, მაგრამ არაფერი რომ აღარ გამომივიდა, შევეშვი და მზერა ფანჯრებს მიღმა შეფერადებულ ლურჯ ცაზე გადავიტანე, ალაგ-ალაგ ღრუბლები რომ ირეოდა ერთმანეთში. შუადღის მზე კაშკაშებდა, სძენდა სინათლეს ყველაფერს. მანქანის ხმაური ოდნავ ისმოდა დახურული ფანჯრებიდან. სიცოცხლე ჩქეფდა ქალაქში.
მოულოდნელად ნიავმა დაუბერა. ჩემი ფანჯრის წინ მდგარი ნაძვის პატარა ტოტები შეირხნენ. წამით აცეკვდნენ პატარა წიწვები. მათმა სიმწვანემ თვალი მომჭრა. ამან კი ღამით ნანახი სიზმარი გამახსენა. სიზმარში ნავში მჯდომი ნაპირისკენ მივიწევდი, როცა იქ ადამიანის ფიგურა დავლანდე. მიახლოებისას კი ვიცანი. ეს ის გოგონა იყო, რომელიც ერთი კვირის წინ ქუჩაში შემხვდა. სიზმარშიც ლურჯი ქოლგა ეჭირა და თითქოს თავისკენ მიხმობდა. თითქოს მელოდებოდა. მეც ნიჩბებს მთელი ძალით ვუსვამდი. ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა მალე მივახლოვებოდი მას. მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდებოდი, გოგონა უფრო და უფრო უკან, ტყისკენ დგამდა ნაბიჯებს. რაც უფრო შიგნით იწევდა, მეც მეტი ძალით ვცდილობდი ნიჩბები მომესვა. არ მინდოდა ტყის სიმწვანეში გამქრალიყო და დამეკარგა ისევ, მაგრამ, როცა ნაპირს მივუახლოვდი, გარშემო აღარავინ შეინიშნებოდა...
გაღვიძებიდან მხოლოდ ორ საათში ავდექი საწოლიდან. საუზმედ კვერცხი შევიწვი და ზემოდან მწვანილი მოვიყარე. საჭმელი ბაქსისაც დავუდე თავის ჯამში. შემდეგ სასტუმრო ოთახში მაგიდასთან დავჯექი და ტელევიზორი ჩავრთე. დღის ახალი ამბები გადიოდა.
- რამდენიმე დღის წინ გათამაშდა ლატარიის ჯეკპოტი! - გაისმა ტელევიზორში. - იღბლიანი გამარჯვებული დიდხნიანი ძებნის შემდეგ თავად გამოცხადდა ოფისში საკუთარი ჩეკის ასაღებად. ის ჩვეულებრივად ცხოვრობდა, დღეს კი ოფიციალურად მილიონერი გახდა!..“ ტელევიზორში დიდი ჩეკის გადაცემას აჩვენებდნენ. ჩემდა გასაკვირად, გამარჯვებული მეცნო. ის აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი იყო საწყობიდან. ლატარია რვა დღის წინ გაეთამაშებინათ, ის კი გამარჯვების შემდეგ დღეებში კვლავ სამსახურში დადიოდა. ვინ მივიდოდა ასე სამსახურში მოგების შემდეგ? - გამიელვა თავში. ამან ჩამაფიქრა. პასუხი ვერ ვიპოვე.
უეცრად ძაღლმა ყეფა დაიწყო. ოთახის ბოლოში ღიად დარჩენილი ფანჯრის რაფაზე, გარედან შემოსკუპებულ მტრედს უყეფდა. პატარა რომ იყო ბაქსი, ქათამმა დაკბინა და მას შემდეგ ფრინველები აღარ უყვარდა. მტრედმა კი არც შეიმჩნია ვეებერთელა, გაავებული ძაღლი, გაიარ-გამოიარა და გაფრინდა. მეც თვალი გავაყოლე. მისი წმინდა თეთრი ფრთები ირეკლავდა მთელს მშვენიერებას ბუნებისას. მიფარფატებდა და თითქოსდა ყოველი ფრთის გაქნევა დამატკბობელ ბგერას გამოსცემდა. მტრედის გაფრენამ, რომელმაც მთელი ბუნების კომპოზიციით არაჩვეულებრივი ხედი შექმნა, ძალიან მომანდომა გასეირნება.
- ბაქსი, მოემზადე! გარეთ მივდივართ! - დავუძახე ძაღლს. სწრაფად ჩავიცვი, ბაქსისაც თოკი მოვარგე და ქუჩაში გავედით. გარეთ ცოტა ხალხი იყო, სეირნობა - კომფორტული. შემოდგომაზე გაყვითლებული ხეები განსაკუთრებულ სილამაზეს ქმნიდნენ. ყველაფერი უბრალოდ მშვენიერი იყო. სეირნობა მსგავს ამინდში, ნამდვილი მშვენიერებაა. დიდხნიანი სიარულის შემდეგ გზად კაფე შეგვხვდა. დასაჯდომი მაგიდები გარეთაც ედგათ. ადრე ხშირად დავდიოდი იქ. - გავჩერდეთ, მეგობარო? - ვკითხე ბაქსის. - იცი, სუსტი ნიავისას, ასეთ მომნუსხველ ამინდში სკამზე ჩამოჯდომა და ჩაის დალევა ძალიან მომინდა. შენ, რას ფიქრობ? - ჩემი კითხვის შემდეგ ბაქსი დაჯდა. ეს დადებით პასუხად მივიჩნიე. იქ გავჩერდით.
- ერთი ცხელი ჩაი და ორი კრუასანი. - ოფიციანტს ჩავაწერინე და მოცდა დავიწყე.
როცა შეკვეთას ველოდებოდი, ხელში მაგიდიდან აღებულ კბილის ჩხირს ვათამაშებდი. უეცრად ჩხირი ძირს დამივარდა და რომ ამოვიხედე, ის გოგონა დავინახე, ამჯერად ლურჯი ქოლგის გარეშე. ადგილზე გავქვავდი, თვალს ვერ ვაშორებდი. იგი ჩემგან უკვე აღარ მიდიოდა. პირიქით, უფრო და უფრო მიახლოვდებოდა. ავნერვიულდი. ხელის გულები გამიოფლიანდა, თითქოს მეშინოდა მისი მოახლოებისა. დაძაბულობა თანდათან ჭარბად მემატებოდა. ის ძალიან ახლოს იყო. მოდიოდა და მთელ სიმძაფრეს აღძრავდა ჩემში. ვფიქრობდი, რომ, როცა ჩამივლიდა, გული ვერ გაუძლებდა და რაიმე დამემართებოდა. სისხლის ყოველი მოძრაობა ჩამესმოდა უკვე ყურებში. გოგონამ ვერც შემამჩნია. თავაწეულმა გვერდით გამიარა, მე კი თითქმის მაგიდიდან აღებული ჩხირი შევჭამე, თითქოს შიში გამიჩნდა, შემეხედა თვალებში. ნანახმა იმდენად იმოქმედა, რომ ჩაის ნახევარიც აღარ დამილევია, კრუასანსაც პირი არ დავაკარე. ოფიციანტს მალე დავუძახე, ანგარიში მოვითხოვე და აჩქარებულმა თანხა შემთხვევით იმდენი დავტოვე, რომ, ალბათ, იმ იღბლიან ოფიციანტს დღემდე ვახსოვარ მსგავსი გულუხვი „ჩაისთვის“.
იქიდან მაშინვე სახლისკენ დავიძარით. ბაქსი ჩემს ნაბიჯებს ვეღარ უწყობდა ფეხს. გიჟივით მივდიოდი. არანაირ დაბრკოლებას არ ვიმჩნევდი გზად და შეუპოვრად მივიწევდი. როცა ორსაათიანი ხეტიალის შემდეგ სახლში მივედი, მომხდარს კვლავ ვერ ვაანალიზებდი. გასაღებები გადავდე, სავარძელში ჩავეშვი, ბოლომდე ჩავფიქრდი. ბაქსი ახლოს დამიჯდა. ისე დამიწყო ცქერა, როგორც ფსიქოლოგი უმზერს ხოლმე თავის პაციენტს.
თავი V
სამსახურში მეორე დღეს რომ მივედი, ყველა იღბლიანი თანამშრომლის გარშემო შეკრებილიყო. ეს კაცი ოცდაათწლიანი მუშაობის შემდეგ ტოვებდა საწყობს. ცხოვრებამ კარგი საჩუქარი გაუკეთა მას, დაუღალავი შრომის შემდეგ ტკბილი პენსია ოჯახთან ერთად. მაშინ მისმა შემხედვარემ თვალები დავხუჭე და წამით ვისურვე, მეც იგივე საჩუქარი მქონოდა პენსიაზე გასვლისას, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ მე ოჯახშიც არ მიმართლებდა, მისგან მხოლოდ ბაქსიღა დამრჩენოდა და განქორწინების საბუთი, კარადაზე შემოდებული.
მე და საწყობის გამგე ვიდექით განზე, შევყურებდით როგორ დაჰყვებოდა ყველა ჩვენს იღბლიან თანამშრომელს კუდში. ზოგი სიყვარულით ეხვეოდა, ზოგიც - ანგარებით. ისე ესეოდნენ, როგორც აბეზარი შვილები სახლში დაბრუნებულ მშობელ მამას, ხელფასის დღეს. თითქოს, გულმხურვალე სიტყვების ნაცვლად რაიმე გასამრჯელოს ელოდნენ. მათი შემყურე მივხვდი, რომ დრო შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ადამიანის პიროვნება თავისი ინსტინქტური ქცევებით უცვლელია.
- შეხედე, ყველა როგორ ესევა. - მითხრა გვერდით მდგომმა საწყობის გამგემ. - თითქოს საქათმეში შესულა სიმინდით ხელში ქათმების დასაპურებლად. ხედავ, ულვაშიან კაცს, გვერდით რომ დაჰყვება. ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენს იღბლიანზე იძახდა, აქამდე კიდევ როგორ აჩერებენ მაგ ბებერსო. ახლა კი ხელი რომ ჩაჰკიდა, აღარც გაუშვია. როგორ მეზიზღებიან ეს ფულზე გაყიდული მეძავები. სწორედ მსგავსი პიროვნებები ზრდიან უკვე საუკუნეებია ბრბოში გარეულ მეძავთა თაობას. დრომ ბევრი რამე შეცვალა, მრავალი გააჩინა, მრავალი დაასვენა, მაგრამ აი, მსგავს სულით მეძავებს ვერაფერი დააკლო. მათ უნაკლო ადაპტაციისის უნარი აქვთ. ისინი შენგან ათას ხმარებას, შეფურთხებას, ღირსების წართმევას აიტანენ, თუ შენგან სარგებელს ნახავენ. მეძავი არაფერს გეტყვის შეურაცხყოფაზე, მაგრამ საკმარისია მის ქონებას შეეხო, რომ ის მაშინვე აყეფდება, ყელში გეცემა, როგორც ცოფიანი ძაღლი და ყველანაირად ეცდება, ბოლო მოგიღოს. აი, ჩვენს იღბლიანს შეხედე. მას ახლა შეუძლია თითოეული შეურაცხყოს, დაამციროს, ისინი კი მხოლოდ გაუცინებენ და თავს დაუქნევენ.
- სამწუხაროდ, მართალი ხარ. - მისმა სიტყვებმა დამაფიქრა.
ჩვენ ვისხედით და შევყურებდით სანახაობას. ვუმზერდით ამ, მართლაც, სულით მყრალ მეძავთა შთამომავლებს, რომლებიც საკუთარ სტატუსს პირნათლად ამართლებდნენ და მხოლოდ სიბრალულს აღძრავდნენ ჩვენში. ზოგჯერ ადამიანის სულის ნამდვილი სახე იმაზე ბევრად მწარეა, ვიდრე გვინდა, რომ იყოს.
სანახაობა ნახევარ საათში დასრულდა. სამუშაო დღე დაიწყო. ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. მუშაობის დაწყებიდან ცოტა ხანში ელექტროენერგიის ნათურებზე მიწოდების შესამოწმებლად გასვლა დამჭირდა. საწყ&l