ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სიკვდილი მხოლოდ დასაწყისია

სიკვდილი მხოლოდ დასაწყისია

Fiat Justitia et,pereat mundus-დაე აღსრულდეს სამართალი,თუნდ დაიქცეს სამყარო        

                                                  პროლოგი

    Sic transit Gloria mundi-ასე წარმავალია მიწიერი დიდება

      ზაფხულის მზიანი დილა იყო, ზღვა ლურჯად ლივლივებდა, ნაზი სიო პალმებს ეთამაშებოდა,ჩიტები ტკბილად ჭიკჭიკებდნენ,მაგრამ მათ ხმას ლანდორებში* ატეხილი სამგლოვიარო ზარების რეკვა ახშობდა. ქვეყანა მეფეს გლოვობდა.მილენიის ორმოცდამერვე მმართველი დღეს უნდა მიებარებინათ ზღვისთვის. შავით მოსილი ამალა სანაპიროსკენ მიდიოდა.ტრადიციის თანახმად მეფის ცხედარი 8 მთავარს უნდა წაებრძანებინა,მაგრამ ორი მათგანი ამ საპატიო მისიას ვერ ასრულებდა, ერთი წლების სიმრავლის, მეორე კი, პირიქით-სიმცირის გამო,მათ მაგივრად მეფე გიდეონს დანარჩენ 6 მთავართან ერთად საკუთარი ძე-იაგელი და ძმიშვილი-ჯეისონი მიასვენებდნენ. მთავრების შემდეგ სამეფო ოჯახის წევრები მობრძანდებოდნენ. დედოფალი თოვლივით თეთრ ცხენზე ამხედრებულიყო, ოქროსფერი თმა მზეზე უბრჭყვიალებდა, მწვანე თვალებიდან ცრემლები ჩამოსდიოდა. მწუხარება უფრო ალამაზებდა ისედაც ღვთაებრივად მშვენიერ ნიკოლინას. იგი ყინვაში ამოსულ ყვავილს მოგაგონებდათ,სიცივით დაღლილსა და გაწამებულს,მაგრამ მაინც ნაზსა და მომხიბვლელს. დედოფალს პრინცესა მოჰყვებოდა. კატარინა არნატოდს, ყორნისფერ თმას სიო ურხევდა, შუბლს შავი ბრილიანტებით მოოჭვილი დიადემა უმკობდა,უმთვარეო ცასავით მუქ თვალებში მწუხარება ეხატა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის მზერაში იყო რაღაც იდუმალი, ძლიერი და საშიში.კატარინას ბოლდუირის ქალბატონი დეირა და ბიძაშვილი-პრინცესა ადრიანა მოჰყვებოდნენ. მათვე ახლდათ მეფის მამიდა-ბისკინის მოხუცი ქალბატონი ლეა კარენი. მიუხედავად ნაოჭებით დაღარული სახისა, ეტყობოდა რომ ქალიშვილობაში ძალიან ლამაზი იყო,ცისფერ,ჭკვიან თვალებში ახლაც უგიზგიზებდა ახალგაზრდული ცეცხლი. სამეფო ოჯახს მთავართა ცოლ-შვილი და ნათესავები,არქილანდი**,გრანდიერი*** და უხუცესები მიჰყვებოდნენ, მათ უკან დიდებული ლორდები,ლედები და რაინდები მიდიოდნენ, ხოლო სულ ბოლოს უბრალო ხალხი მიაბიჯებდა. მეფე ზღვის პირას დაასვენეს, მისი ძმა-ორლანდ არნატოდი სხვა მთავრებს გამოეყო და ხალხს სიტყვით მიმართა:

 -მილენიელებო,დღეს თითოეული ჩვენგანისთვის უმძიმესი დღეა,უკანასკნელ გზაზე უნდა გავაცილოთ ჩვენი მეფე და მბრძანებელი-გიდეონ მესამე არნატოდი. მან ღირსეულად განვლო თავისი ცხოვრების 45 წელიწადი. ახლა კი სამუდამოდ უნდა დაიძინოს, წავიდეს იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან,მაგრამ როგორც აპიონში იტყვიან ,,სიკვდილი მხოლოდ დასაწყისია". ჩვენ არ ვიცით რა გველოდება ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ, არც ის ვიცით შევხვდებით თუ არა ოდესმე ჩვენ საყვარელ ადამიანებს, ოჯახს,მეგობრებს, მაგრამ ამის არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან რა აზრი აქვს წუხილს იმაზე რაც გარდაუვალია და აუცილებლად მოხდება? ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ და ვიდარდოთ, თუ რას ვტოვებთ აქ, ამ ქვეყანაში, მე გულით მებრალება ყველა ის ადამიანი ვინც წუთისოფელს ისე გამოესალმა რომ ვერაფერი დატოვა, ვერც სახელი, ვერც შთამომავლობა, ვერც რაიმე ღირებული, საბედნეიროდ, ჩემი ძმა მათ რიცხვის არ განეკუთვნება,სანამ ერთი მილენიელის გული მაინც ძგერს, მისი სახელიც იარსებებს, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს მოვუყვებით თუ როგორი ბრძენი ხელმწიფე,მოსიყვარულე მეუღლე, მზრუნველი მამა და სამართლიანი მსაჯული იყო გიდეონი. მან საპატიო ადგილი დაიმკვიდრა მილენიის ისტორიასა და ჩვენს გულებში .ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემი ძმა სიკვდილმა ვერ დაამარცხა,რადგან ადამიანის აღსასრული მაშინ დგება,როდესაც მისი სახელი კვდება, როდესაც აღარავინ რჩება ისეთი,ვინც მას მოიგონებს. გიდეონს ეს არ ემუქრება,მას უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ,მაგრამ მისი ხსოვნა სამუდამოდ ჩვენთან დარჩება. ორლანდის შემდეგ დედოფალმა მიმართა ხალხს, მაგრამ რამდენიმე წინადადების შემდეგ ტირილი აუვარდა და მისი დაწყებული სიტყვა პრინცესა კატარინამ გააგრძელა. ხალხი სულგანაბული უსმენდა მის საამო, ანკარა ხმას. მეფის ასული ქალღმერთს ჰგავდა, ამაყს, მშვენიერსა და მომაჯადოებელს, მასში სილამაზე და დიდებულება ჰარმონიულად შერწყმოდა ერთმანეთს, ყველა სულგანაბული უსმენდა, თითქოს სიზმარში არიანო. მილენიელები ამაყობდნენ, რომ ეს მშვენიერი ყვავილი მათ მიწაზე გაიშალა. პრინცესას მომაჯადოებელი ხმის შემდეგ მოხუცი არქილანდის მოსაწყენი საუბრის მოსმენა ჩიტების გალობიდან ბაყაყის ყიყინზე გადასვლას ჰგავდა, ხალხი უსიამოვნოდ შეიშმუშნა.არქილანდმა აზღვის ღმერთ ულანდორს**** შეავედრა მეფის სული და ხმამაღლა შესძახა-ულანდორმა შეუნდოს ჩვენს ხელმიწფეს ცოდვები და სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს!

 -ულანდორმა შეუნდოს!- ერთხმად გაიმეორა ხალხმაც.

    შემდეგ მეფეს წმინდა წყალი აპკურეს და მთავრება მდიდრულად მორთული ტივი ზღვაში შეაცურეს. ხალხი მწუხარე სახით გასცქეროდა,როგორ მიჰყავდათ ლურჯ ტალღებს მათი მბრძანებელი. როდესაც ტივი სიღრმეში შეცურდა,კრონპრინცმა იაგელმა მშვილდი მოზიდა და აალებული ისარი ესროლა. ზუსტად მოარტყა. ცეცხლი აგიზგიზდა,მალე ტივისაგან და მასზე დასვენებულიხელმწიფისაგან აღარაფერი დარჩა, სამუდამოდ გაქრა და გაცამტვერდა. როდესაც უკანასკნელი ალიც ჩაქრა, პრინცმა ორლანდმა ხმალი აიღო, იაგელს ფერხთით დაუდო,დაუჩოქა და შესძახა:  

-მეფე მოკვდა !გაუმარჯოს მეფეს!

სხვა მთავრებმაც მას მიბაძეს,მერე კი მთელი ამალა,დედოფლით დაწყებული,უბრალო ხალხით დამთავრებული მუხლებზე დაეშვა. ყველამ პატივი მიაგო ახალ ხელმწიფეს,ახალგაზრდას,ძლიერსა და დიდებულს, მაგრამ ვაი რომ იაგელ არნატოდს დიდხანს არ ეწერა მილენიის ოქროს ტახტზე ჯდომა.

  • *ლანდორები-ტაძრები მილენიაში
  • **არქილანდი-ზღვის ღმერთის(ულანდორის)უზენაესი ქურუმი(ლანდი)
  • ***გრანდიერი- მარჯვენა ხელი.მის შემდეგ პირველი კაცი მილენიაში.ქვეყანას რვა უხუცესთან ერთად განაგებს.თითო უხუცესი თითო სამთავროს წარმოადგენს.
  • ****ულანდორი-ზღვის ღმერთი

                                                  თავი 1- საბჭოს სხდომა

                         Hoc volo,sic jubeo(sit pro ratione voluntas)-ეს მსურს და აგრე ვბრძანებ(დაე,ამის საფუძვლად ჩემი ნება-სურვილი იყოს) (იუვენ.)

      სხდომათა დარბაზში სასიამოვნოდ გრილოდა,გაღებული სარკმლებიდან მთის სუფთა, ანკარა ჰაერი შემოდიოდა. საბჭოს გრანდიერი, რვავე უხუცესი და შვიდი მთავარი ესწრებოდა, მერვე-ხუთი  წლის ამგლავერ ლომველი კი ეზოში თამაშობდა, მის მაგივრად დარბაზში დედამისი-აპიონის რეგენტი-ისტელი იმყოფებოდა. იგი სარკმელთან იდგა, მოლივლივე ზღვას გასცქეროდა და უკან მჯდომ მამამკაცთა საუბარს უგდებდა ყურს. ეს მისი ჩვევა იყო. ბევრს ისმენდა და ცოტას ლაპარაკობდა, ამიტომ, ყოველთვის საჭიროზე მეტი იცოდა .უბრალო ხალხს სჯეროდა, რომ ისტელი გრძნეული იყო, მორიელად ან გველად გადაქცევა შეეძლო და მაგიის საშუალებით ყველაფერს ხედავდა და ყველაფერი ესმოდა. მისი ძალიან ეშინოდათ და აუგად არასოდეს იხსენიებდნენ. ისტელს ეს ამბავი ახალისებდა და ხშირად ამბობდა,თუ ხალხს შენი ეშინია, ზედმეტს ვერაფერს გიბედავს და უსიტყვოდ გემორჩილება, მმართველისთვის კი ამაზე ხელსაყრელი რა უნდა იყოსო. ახალგაზრდა ქალს ყურის გდება,მსახურის ხმამაღალმა შეძახილმა შეაწყვეტინა.

-მეფე მობრძანდება!

     მამაკაცები ფეხზე წამოდგნენ და ახალგაზრდა ხელმწიფეს თავის დაკვრით მიესალმნენ, ისტელმა რევერანსი გაუკეთა, იაგელმა კი, როგორც ამას წესი მოითხოვდა, ხელები მაღლა აღაყპრო და წარმოთქვა:

-ულანდორი შეგვეწიოს და გაგვინათოს გონება, რათა ჩვენს ქვეყანაზე ვიზრუნოთ.

-შეგვეწიოს ულანდორი-გაიმეორა ყველამ ერთხმად.

-სხდომას დაწყებულად ვაცხადებ. - მეფე ვერცხლის სკამზე დაბრძანდა და ხანმოკლე დუმილის შემდეგ საუბარი დაიწყო:

-პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთ მძიმე წუთებში გვერდზე დგომისა და გამხნევებისათვის! მერწმუნეთ,მამაჩემთან სამუდამო განშორების მეორე დღეს ძალიან მიჭირს სახელმწიფო საკითხებზე საუბარი, მაგრამ ასეთი საქმეების გადადება არ შეიძლება. გადავწყვიტე ორი რეფორმა გავატარო.

დარბაზში მსხდომებმა სუნთქვა შეიკრეს.

-პირველი, ამიერიდან სამეფო ხაზინისთვის განკუთვნილ გადასახადებს უშუალოდ ჩემი ხალხი აკრეფს, ამ საქმეს თვალყურს გრანდიერი ადევნებს და მეორე ,,დიდი საბჭო“ წელიწადში მხოლოდ ერთხელ გაიმართება. იმედია, საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ.

        გაოცებისგან ყველას ენა ჩაუვარდა. წინადღეს გამეფებული 15 წლის ყმაწვილისგან ასეთი თამამი ნაბიჯების გადადგმას არავინ ელოდა. საქმე ის იყო, რომ წლების მანძილზე სამეფო ხაზინას გადასახადებს მთავრები უგზავნიდნენ და ეს მათ ხელს აძლევდა, რადგან ნაწილს იპარავდნენ, ხოლო თუ იაგელი ამ წესს შეცვლიდა და ფულს თავის ხალხს ააკრეფინებდა, მათი ჯიბე საკმაოდ შეთხელდებოდა, რაც შეეხება მეორე გადაწყვეტილებას, მათთვის ესეც საზიანო იყო. მილენიის მონარქი წელიწადში სამჯერ მთავრებს დედაქალქში ან სადმე სხვა ადგილას იწვევდა რათა ქვეყნის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთად ესმჯელათ, ამას ეწოდებოდა ,,დიდი საბჭო’’. სხდომების შემცირება კი მთავრებს სახელმწიფო საქმეებს ჩამოაშორებდა და მათ გავლენას საგრძნობლად შეასუსტებდა, ამიტომ იყო, რომ გაოცებისგან ხმას ვერ იღებდნენ, ბოლოს დუმილი ჰაროლდ დეისმა, მერედორის მთავარმა დაარღვია და მეფეს განაწყენებული ტონით მიმართა:

-თქვენო სამეფო უდიდებულესობავ, გინდათ თქვათ, რომ მოვალეობას ვერ ვასრულებთ ?

-რას ბრძანებთ, ეს აზრადაც არ მომსვლია, უბრალოდ ვიფიქრე,რომ უმჯობესი იქნებოდა მთელი თქვენი ყურადღება საკუთარი სამთავროებისთვის დაგეთმოთ, სამთავრო გადასახადებს თქვენი ხალხი აკრეფს, სამეფო ხაზინისას-ჩემი და წელიწადში სამჯერ აღარ მოგიწევთ საკუთარი საბრძანებლების დატოვება. ასე,თქვენც უფრო მშვიდად იქნებით და მეც. - გაიღიმა მეფემ, გულში კი გაიფიქრა ‘’ასე ხაზინის ფულს ვეღარ მოიპარავთ და ვერც თქვენ გავლენას გაზრდით’’. იაგელი ყოველთვის ხვდებოდა, რომ ბიძამისის-ორნლად არნატოდის გარდა ყველა მთავარი იპარავდა ფულს და ძალაუფლების გაზრდისკენ ისწრაფვოდა, ამიტომ ქვეყნის სათავეში მოსვლისთნავე გადაწყვიტა მათი შემზღუდველი რეფორმების გატარება.

-თქვენო სამეფო უდიდებულესობავ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და აჩქარება არ ივარგებს, იქნებ თავიდან განგვეხილა ყველას ერთად?- ფრთხილად წამოიწყო საპიენტ ნატომერმა, ეგონასის მთავარმა, მაგრამ იაგელმა არ დააცადა:

-მე უკვე გადავწყვიტე.

-ასე არ შეიძლება, თქვენო სამეფო უდიდებულესობავ, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას ჩვენი აზრიც უნდა გაითვალისწინოთ. - თვალები მოწკურა ისტელ ლომველმა და თავდასხმისთვის მომზადებულ გველს დაემსგავსა.

-თუ სხვა სათქმელი აღარაფერი გაქვთ, სხდომას დასრულებულად ვაცხადებ. - მეფის ახლადდაბოხებულ ხმაში ფოლადმა გაიჟღერა.

-მაგრამ… - სცადა შეკამათება არტურ ბეთიენმა, პელერიელის მთავარმა, თუმცა უშედეგოდ.

-მემგონი, გარკვევით ვთქვი, სხდომას დასრულებულად ვაცხადებ-მეთქი. - -იაგელი წამოდგა, ტრადიციისამებრ ულანდორს მადლობა შესწირა და დარბაზიდან მტკიცე ნაიჯებით გავიდა, ისე, რომ მის უკან მსხდომთა თვალებში გამკრთალი ბოროტი ცეცხლი არ შეუნიშნავს.

                                       თავი 2- განზრახვა

                Cogita et visa-ჩანაფიქრნი და განზრახვანი

                                       

  საპიენტ ნატომერი ტერასაზე იჯდა, ჩამავალ მზეს გასცქეროდა, მწვანე ჩაის სვამდა და ძმას ელოდებოდა. თომას ნატომერი აქოშინებული მოვიდა, მძიმედ სუნთქავდა.

-დასწყევლოს ულანდორმა, ნუთუ არ შეიძლებოდა, სადმე სხვაგან გვესაუბრა, ამ კიბეებზე ამოსვლამ ძალა გამომაცალა.

-დაჯექი, თომას, შენთნ მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.

   კაცი მძიმედ დაჯდა და მოოქრულ ჭიქაში წყალი დაისხა, ჯერ ისევ ქოშინებდა. ცოტა სული რომ მოითქვა, საპიენტს ჰკითხა:

-აბა, გისმენ, რა ხდება?

-ახალგაზრდა მეფის თავნებობაზე უკვე გითხარი, გახსოვს რა რეფორმებიც გაატარა?

-ცხადია, მახსოვს. ეგ ცხვირმოუხოცავი ღლაპი ზედმეტს ბედავს, ჭკუის სწავლება არ აწყენდა.

-ჭკუის სწავლებისა რა მოგახსენო, მაგრამ მისი ტახტზე დატოვება რომ არ შეიძლება, ეს ნამდვილად ვიცი.

-რას გულისხმობ?

-მემგონი, გარკვევით, ვთქვი. იაგელ არნატოდი ტახტზე არ დარჩება.

-შეთქმულება? - თვალები გაუბრწყინდა თომასს. - მშვენიერი აზრია, ძმაო, მაგ ლაწირაკს ძალიან ადვილად დავამხობთ, რვა მთავრის წინააღმდეგ ვერაფერს გახდება.

-რვა მთავრის არა, თომას, ოთხის.

-ოთხის? კი მაგრამ, რატომ?

-ბოლდუირი, ბისკინი, აპიონი და დარდანტი არ აჯანყდებიან.

-ვითომ რატომ? დავიჯერო, მოსწონთ  ჩვენი ღლაპი მეფის გატარებული რეფორმები?

-ორლანდ არნატოდი საკუთარი ძმიშვილის წინააღმდეგ არასოდეს გაილაშქრებს, ის ყველაზე ღირსეული ადამიანია მთელ მილენიაში ,გარდა ამისა, ძმა ყოველთვის საკუთარ თავზე მეტად უყვარდა და მისი ოჯახისთვის სიკვდილზეც არ დაიხევს უკან.

-კარგი, ორლანდი გასაგებია, მაგრამ დანარჩენები?

-როდისლავ კარენის ცოლი განსვენებული მეფის მამიდა და სამეფო ოჯახის წევრია, მოხუც მთავარს იაგელი ლამის შვილიშვილად ერგება, მის წინააღმდეგ არ წავა.

-ასე ძალიან უყვარს? - ირონიულად გაიღიმა თომასმა.

-სიყვარული არაფერ შუაშია, უბრალოდ, ბისკინში ოჯახის წევრის წინააღმდეგ წასვლას ძალიან ცუდად უყურებენ და აჯანყების შემთხევევაში მოხუც მთავარს სახელი გაუტყდება და შეიძლება სამთავროს მართვასაც დაემშვიდობოს.

-ეგ ბებრუხანა ლამის ოთხმოც წელს უკაკუნებს, მე მგონი, უკვე დროა მართვის სადავეები შვილს გადასცეს.

-სიბერეში ყველაფერი უფრო ტკბილია, თომას, განსკაუთრებით ისეთი რამ, რასაც ახალგაზრდული ღონე და შემართება სჭირდება, ასეთი მაგალითი ბევრი ვიცი და მერწმუნე, სანამ როდისლავ კარენი ცოცხალია ძალაუფლებას არ დათმობს.

-კარგი, ბოლდუირი და ბისკინი გამოირიცხა, მაგრამ აპიონი და დარდანტი რატომ არ აჯანყდება ?

-ისტელ ლომველს გარშემო არც ისე ერთგული ხალხი ჰყავს, აპიონის ლორდები ვერ ეგუებიან, რომ მთელი ძალაუფლება მის ხელშია და როგორ გგონია აჯანყების შემთხვევაში გვერდით დაუდგებიან და თავს ასეთ ხიფათში ჩაიგდებენ?! რაც შეეხება დარდანტს, აქ სულ უბრალო მიზეზია, აჯანყებისთვის არც შემართება აქვთ და არც სურვილი. წყნარი, მშვიდი ხალხია, ყოველგვარი ომი და გადატრიალება სძულთ.

-აჯანყებას ოთხი სამთავროც ეყოფა, საპიენტ.

-არა, თომას ეგ საქმე არ გამოვა, რადგან შენ კიდევ ერთი რამ დაგავიწყდა,დედოფალი ნიკოლინა ტიბერანის* პრინცესაა,მამამისი თავის შვილიშვილს დაეხამრება, ჯარით, ფულით, იარაღით,მოკლედ ყველაფროთ. ასე რომ იაგელის წინააღმდეგ აჯანყება გამორიცხულია.

-აბა, რა უნა ვქნათ?

-მემგონი ადვილი მისახვედრია, გავგზავნოთ იქ საიდანაც ვეღარ დაბრუნდება.

-გადავასახლოთ?

   საპიენტმა ღრმად ამოიოხრა.

-მოვკლათ, თომას, მოვკლათ.

-მოვკლათ?ეს არც ისე იოლი იქნება, მაგრამ...-უეცრად კაცს  სახე მოეღრუბლა-იცი, ძმაო მემგონი, ერთი რამ ვერ გავითვალისწინეთ.

-კერძოდ, რა?

-იაგელის სიკვდილის თუ დამხობის შემდეგ, ტახტი ორლანდ არნატოდს დარჩება და ასე მგონია, ძმიშვილზე უკეთეს დღეს არც ის დაგვაყრის, ძალიან ძლიერი კაცია და ჩვენს უფლებებს ისიც მაქსიმალურად შეზღუდავს.

-ორლანდ არნატოდის ტახტზე აყვანას არც ვაპირებ.

-მაგრამ მეფის უახლოესი ნათესავი ისაა და...

-ძმა შვილზე ახლობელი როდის აქეთ გახდა?

-შვილზე?! მეფე გიდეონს იაგელის გარდა სხვა ძე არასოდეს ჰყოლია, არც კანონიერი და არც უკანონო.

-მართალია, ძე არ ჰყოლია.

-საპიენტ, ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ.

-მე კი ვერ ვხვდები,რატომ გავიწყდება მეფის მეორე შვილის არსებობა.

-პრინცესა კატარინას გულისხმობ?-გაოცდა თომასი.

-დიახ, სწორედ მას.

-ის ხომ ქალია?

-ჰო,ქალია და სწორედ ამიტომ უნდა ავიყვანოთ ტახტზე.

-საპიენტ, რას ამბობ?მილენიას ქალი მმართველი არასოდეს ჰყოლია.

-ახლა ეყოლება.

-ვინ უნდა დაემორჩილოს ახალგაზრდა, გამოუცდელ გოგოს?

-ზუსტად მაგიტომ უნდა ავიყვანოთ ტახტზე, რომ ახალგაზრდა და გამოუცდელია, დაფიქრდი,მას ქვეყნის მართვის არც ძალა შესწევს და არც გამოცდილება. მას საყრდენი დასჭირდება-ჭკვიანი და გამოცდილი ხალხი,ვისი იმედიც ექნება,აბა დაფიქრდი, ვინ იქნება ის?

-ჩვენ, ფეოდალები-თვალები გაუბრწყინდა თომასს, მაგრამ აღტაცების ცეცხლი მალევე ჩაუქრა - უბრალო ხალხი? არამგონია, ქალი მმართველის წინაშე ქედი მოიხარონ.

-მათი მართვისა და დამორჩილების საუკეთესო გზა რელიგიაა. არქილანდს მოვისყიდით და იაგელის კორონაცისაას გვირგვინს დააგდებს,ვითომ გაუვარდა, ხალხი ამას ცუდ ნიშნად მიიღებს, მერე კი ჩვენი ბებერი სულიერი ლიდერი იტყვის, რომ ხილვა ნახა,რომელშიც ულანდორმა უთხრა, თუ ტახტზე პრინცესა კატარინა არ ავიდოდა, მილენია დაიღუპებოდა.

-შესანიშნავი აზრია, საპიენტ! - აღფრთოვანდა თომასი.

-გარდა ამისა, არ დაგავიწყდეს,რომ კატარინა არნატოდი ათ  მაისს დაიბადა. ამ დღეს კი მზე და მთვარე ერთად არიან ცაზე, ეს მოვლენა ორმოცდაათ წელიწადში ერთხელ ხდება, თანაც მილენიისთვის იგი ორმოცდამეათე მმართველი იქნება, ხალხი ამასაც სასწაულად და ულანდორის მიერ გამოგზავნილ ნიშნად მიიჩნევს, არც ის გამოგრჩეს მხედველობიდან, რომ პრინცესა ღვთაებრივად ლამაზია და მომაჯადოებელი ხმა აქვს. მის რჩეულობას ესეც გაუსვამს ხაზს.

-არც კი ვიცი, რა ვთქვა, საპიენტ, ყველაფერი იდეალურად გაქვს მოფიქრებული. მხოლოდ ეს მითხარი, ჩვენი ლაწირაკი მეფე როგორ უნდა მოვკლათ?

-არსებობს საშუალება, მაგრამ არც ისე იოლი იქნება.

-მაინც რა?  

     საპინეტმა ჯიბიდან შავი სითხით სავსე, პატარა ბოთლი ამოიღო და მაგიდაზე დადო.

 -შავი ცოფი.

  • *-ტიბერანი-სახელმწიფო-მილენიის საზღვაო მეზობელი.