ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ქალი უცხო სანაპიროსთან

ქალი უცხო სანაპიროსთან

„ყველაზე დიდი მოგზაურობა ხომ ერთი თამამი ნაბიჯით იწყება“.

გელა ჩარკვიანი

                                                                                                                                                      

თბილისის აეროპორტში გრძელ რიგში ჩამდგარი მგზავრები რეგისტრაცისთვის ემზადებოდნენ. ახაგაზრდა ქალს სამი მოზარდი და ხანში შესული ქალი აცილებდა. ამაღელვებელი დამშვიდობების წუთებიც დამდგარიყო შვილები დედას ეკვროდნენ, ეფერებოდნენ, სახეს უკოცნიდნენ... ლილეც ეხვეოდა და მაგრად იკრავდა ბავშვებს გულში. მეორე სართულზე კი მესაზღვრე ოფიცრები რეგისტრაციის ბოლო ეტაპს ასრულებდნენ თბილისი-ნიუ-იორკისკენ მიმავალ მგზავრებთან. განშორების ბოლო წამები დედა-შვილებისთვის ყველაზე მძიმე იყო. საერთოდ, დამშვიდობების მომენტი ხომ იმავდროულად უსაშველო მონატრების დასაწყისია!..

ესკალატორს ზემოთ აჰყავდა ლილე. სულ ცოტა იყო დარჩენილი, რომ ისევ მოტრიალდა და თვალებით დედა მოძებნა. სანამ თვალს მიეფარებოდა, უნდოდა ქვემოთ დარჩენილებისთვის თავი ისე მხნედ მოეჩვენებინა, რომ მათთვის სევდა გაექარწყლებინა, მაგრამ სწორედ ამ დროს დედის დარდიან სახეს და ცრემლჩამდგარ თვალებს შეეჩეხა. სალომე, თეო და თორნიკე უკვე იმ მხარეს გაქცეულიყვნენ, საიდანაც უკეთ დაინახავდნენ დედას. ლილემ ტელეფონი ამოიღო და სამივეს ფოტო გადაუღო – ბავშვები შოშიის ბარტყებივით მისჩერებოდნენ დედას და ხელს უქნევნენ.

– მიყვარხართ, დეეეე! – ჩაიჩურჩულა. ხმას მაინც ვერ მიაწვდენდა და თან მესაზღვრე უკვე ანიშნებდა, დროზე მიახლოებოდა.

თვითმფრინავში შესულმა ბილეთის მიხედვით თავისი ადგილი მოძებნა. სალონი თანდათან ივსებოდა მგზავრებით და 10-15 წუთში უკვე თითქმის ყველა კუთვნილ ადგილას იჯდა. ილუმინატორებიდან სექტემბრის მზე ანათებდა სალონს. ლილემ ტელეფონი ამოიღო _ თეოს მესიჯი მიიღო: „ძალიან გვიყვარხარ, დედა, უკვე ძალიან გვენატრები. მშვიდობიანი მგზავრობა, გკოცნით ბევრს“. ამ ტექსტს, წითელი გულისა და კოცნის „სმაილებს“ ერთხანს დააშტერდა. გული მოეწურა. პასუხი ვეღარ დააბრუნა, უფრო სწორად, პასუხის გაგზავნა ვეღარ მოასწრო, რადგან ამ დროს დაგუდული ხმით გაისმა მოწოდება: „გთხოვთ შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები. „ბოინგი ტუ 777“ ასაფრენად ემზადება თბილისი-ნიუ-იორკის მიმართულებით. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!“ თვითმფრინავი ჯერ ნელა, მერე კი მთელი სიჩქარით დაიძრა. ბოინგის ჰაერში აწევისას კი ქალს ლამის გული ამოუვარდა. უცხო შეგრძნებებმა სული გაუყინა.

თეთრი და უჩევულო იყო ცისფერი სივრცე. თვითმფრინავმა ერთი წრეც დაარტყა თბილისის თავზე და უსასრულობას შეუერთდა. ღრუბლის ნაფლეთებით მოფენილი ცა საბანივით გადაჰფარებოდა ჭრელ დედამიწას. ლილეს ერთბაშად დარია ხელი მონატრების განცდამ და სული აუფორიაქა. ტირილი მოუნდა. ილუმინატორი, რომელზეც თავი მიედო, მაგარი ბალიშივით მოუხერხებელი იყო, მაგრამ მაინც ეკვროდა – საყრდენად ისღა დარჩენოდა გულამომჯდარს. თვალების გახელა აღარ უნდოდა.

ღრუბლების ქარაფი თოვლივით თეთრი იყო. ასე ეგონა, ხელი რომ გაეყო, მუჭით დაიჭერდა. მართლაც საოცრებააო, გაიფიქრა და რა ბედნიერება იქნებოდა ეს ყველაფერი საყვარელ ადამიანებთან ერთად რომ განეცადა?! რომ არა ეს იძულებითი დაშორება?.. რომ არა პრობლემები?.. „ცაში თუ ამდენი და ასეთი სისპეტაკეა, ნეტავ მიწას რაღა აუწმინდურებს?“ – გაიფიქრა თვითმფრინავის ნებასა და ბედს მინდობილმა. მგზავრებს გადახედა. ზოგს უკვე დასძინებოდა და ამ მდგომარეობაში რა დამაძინებსო, გაუკვირდა. ის ხომ პირველად და თან გაურკვეველი დროით მიფრინავდა სრულიად უცხო ქვეყანაში. თავი ფიქრებით ჰქონდა გამოტენილი, იცოდა, ყველაზე შორი გზა ამოერჩია, მაგრამ რისკებს ბოლომდე ვერ იაზრებდა. ფიქრებში ორნი მოდიოდნენ ლილესთან: ერთი თვითონ იყო, მეორე _ ვიღაც და ეს ორნი ისე კამათობდნენ, ზოგჯერ გამშველებელი სჭირდებოდათ. ახლა რომელი ტიროდა? ალბათ ორივე და თვითონვე ამშვიდებდა ორივეს.

თორმეტსაათიანმა მგზავრობამ დაღალა.

კენედის აეროპორტის გამოსასვლელში სათვალიანი მამაკაცი ელოდებოდა. საშა პროფესიით ექიმი იყო. ის საქართველოში გაიზარდა და ლილეს ოჯახს ენათესავებოდა. უცხოეთში მრავალწლიან ცხოვრებას თითქოს მისი სახისთვის გამომეტყველებაც კი შეეცვალა. ლილეს ბლანჟეიანი საშა ისევე უცხოდ მოეჩვენა, როგორც ის ქვეყანა, სადაც ჩავიდა. ერთმანეთის ფორმალური მოკითხვის შემდეგ სასწრაფოდ გაემართნენ მანქანისკენ, რომელიც აეროპორტის პარკინგზე იდგა. ეს საშა ცოტა დაბნეული ტიპი იყო _ ვეღარ მიაგნო მანქანას. კარგა ხანს ეძება და მასთან ერთად ლილე და მისი ჩემოდანიც აქეთ-იქით დაბორიალებდნენ. დაღლილ ქალს მკლავზე გადაკიდებული ჩანთა კიდევ უფრო ამძიმებდა. მგზავრობის შემდეგ დასვენების მეტი არაფერი უნდოდა, მაგრამ, როგორც ჩანდა, მოსვენებამდე ჯერ შორი იყო _ საშას შინ მისვლმდე რაღაც-რაღაცები ჰქონია გასაკეთებელი.

_ ჯერ ბრუკლინში, `ნეტკოსტში~ გავიაროთ პროდუქტების საყოდლად, ნატაშამ რაღაცები დამავალა.

_ კარგი, _ უპასუხა ლილემ და, თანაგრძნობის ნიშნად, დახმარებაც შესთავაზა.

`ნეტკოსტი~ რუსული სუპერმარკეტი იყო. საშამ რკინის დიდი ურიკა დაითრია, სახელურს ხელი ჩაავლო და გორაობა-გორაობით საყიდლებზე გასწიეს.

`ყველა განყოფილებაში საქმე როგორ ჰქონია?~ _ გაიფიქრა ლილემ. ფეხსაცმელმა მოუჭირა, ლამის ორი დღე ფეხიდან არ გაუხდია, მაგრამ რას იზამდა, თავს ძალას ატანდა და კაცს მიჰყვებოდა. საშამ ურიკა ხორცეულით, ბოსტნეულით, თევზეულით, ტკბილეულითა და ხილით აავსო, არადა, ქალს ეგონა ამხელა ურიკას ვერაფერით გაავსებდა. ის კი არა, პროდუქტი ურიკაში რომ ვეღარ ჩაეტია, რამდენიმე პოლიეთილენის შეკვრა ხელით მიჰქონდა. მოკლედ, საშამ `ნადავლი~ სალაროსთან მიაგორა. სანამ ფულს გადაიხდიდა, ლილე იქვე გასავათებული ელოდა. უცებ ჯიბეში რაღაც ქაღალდი იპოვა, დახედა _ თბილისის პურის მაღაზიის ჩეკი იყო. მაშინვე საფულეში საიმედო ადგილას გადაიტანა. ამ პაწია ქაღალდის ნაჭერს ჯერ კიდევ საქართველოს სუნი ჰქონდა. იგრძნო, რომ უკვე ქართული წარწერაც კი მონატრებოდა.

პროდუქტებით საბარგულგადატენილი მანქანით საათნახევრიანი მგზავრობის მერე სახლს მიადგნენ. სახლი, არც მეტი, არც ნაკლები, ტყეში იდგა. ლილეს თვალწინ ერთბაშად ზღაპრული ბუნება გადაიშალა. 

ერთსართულიანი მოგრძო შენობის გარშემო ჩამწკრივებული მაღალი ხეები ერთმანეთში გადახლართულიყვნენ. დიდ ნაძვებს ლაღად გაეშალათ ტოტები და ტანადები გაზრდილიყვნენ. უკვე შებინდებული იყო. სახლის კართან დიასახლისი შემოეგებათ. ცისფერთვალა ნატაშამ თბილად გაუღიმა სტუმარს და გაუძღვა სასტუმრო ოთახისკენ, რომელიც მისთვის გაემზადებინა. ლილემ ბარგი ოთახში შეიტანა, შემდეგ სააბაზონოში შევიდა. შხაპი მიიღო და საწოლზე უღონოდ მიეგდო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ვიღაცამ მაგრად მიბეგვა.

დილის 7 საათზე გამოეღვიძა. ფარდა ოდნავ გადასწია და ტყეს გახედა. წვიმდა. გარედან შემოსული წვეთების ხმა ოთახის სიჩუმეს არღვევდა. ფოთლებზე დაცემული წვეთები თითქოს სიმფონიური მუსიკის ხმებს გამოსცემდა.

`სად ვარ? ღმერთო, აქ რა მინდა? გუშინ ჩემს სახლში რა კარგი იყო, ახლა კი ისე შორს ვარ სახლიდან... ყველასგან... ეს არის ამერიკა? შვილები…გაიღვიძებენ და დედა შინ არ დახვდებათ... ნეტავ ახლა რას აკეთებენ? მათ ვინ ასაუზმებს? ან ვინ გაუშვებს სკოლასა და უნივერსიტეტში? დედაჩემი თავის სახლში წავიდოდა. უდედო სახლი…ხომ ცარიელია,…როგორც მიტოვებული ბუდე ჩიტის ბარტყებით. მივატოვე... იქნებ ჩუმად ტირიან, ერთმანეთს ნამტირალევ სახეს უმალავენ?~ _ ამის გაფიქრებაზე ლილეს რაღაც უცხო, ჯერარგანცდილი სევდა შემოაწვა. თავის სახლში ფუსფუსი მოუნდა, იქაური რუტინა, შვილების სახეების დანახვა და მათი სურნელნის შეგრძნება.... ხელჩანთიდან ფოტო ამოიღო, საიდანაც ბედნიერი სახეები უღიმოდნენ. `დავტოვე ნაქირავებ ბინაში, ერთმანეთის იმედად და ჩემკენ ჩასახუტებლად გამოწვდილ ხელებში მხოლოდ მონატრება ჩავუდე ტკბილი ნუგბარივით... ალბათ გულში მეძახიან, ალბათ აეროპორტიდან სულცარიელები გაბრუნდნენ უდედო სახლში...~

გული მოეწურა. ფანჯრის მინებს კი წვიმის წვეთები ენერგიულად ეცემოდა. ოთახიდან გასვლა არ უნდოდა, არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ახალ რეალობაში გაიღვიძა.

`სიზმარია და უბრალოდ წვიმს... დედას უკვე მოვენატრებოდი~. დედის თვალებში ის გამკრთალი წყენა და საყვედური გაახსენდა, იქ, აეროპორტში რომ შენიშნა. ყელში გაჩხერილი ფხასავით ტანჯავდა დედის უსიტყვოდ ნათქვამი: როგორ მტოვებ ბავშვებს მოხუცებულს, შვილო... შენს გზას ფიქრებით უნდა ვდიო? როდის დაბრუნდები, ნეტავ?

დედის მომზადებული საუზმე - ყიყლიყო და პიტნის ჩაი მოუნდა. დილაობით უყვარდა.

მანპინძლის სახლში სიჩუმე იდგა. ეგონათ, ხანგრძლივი მგზავრობით დაღლილ ლილეს ისევ ეძინა და მის გაღვიძებას არ ცდილობდნენ. ლილე კი იდგა ფანჯარასთან გარინდული. შუადღემდე ბურუსი გაიფანტა, ღრუბლებმაც შეწყვიტეს ბურტყუნი და ინათა. მზემ ნაძვისა და ვერხვის ტოტებში ჩამოუშვა სხივები და ფოთლებზე დარჩენილი წვიმის წვეთები ააბრჭყვიალა, მერე კი ერთიანად ალიცლიცდა შემოდგომის მწვანე-ნარინჯისფერ-ყვითელ-მეწამული ფერები. სისველემ უფრო მკვეთრად გამოკვეთა სექტემბრის პალიტრა. მიწა დარბილებულ წიწვებს ტანზე იტკეპნიდა.

ლილემ ათი დღე გაატარა ამ საოცარ ადგილას, მაგრამ ახლა დრო იყო, იმ საქმისთვის მიეხედა, რისთვისაც აქ ჩამოვიდა. მასპინძელს მისი გაშვება არ უნდოდა.

_ იყავი, რა გეჩქარება, _ ეღიმებოდა მასპინძელს. საშა ყოველდღე ეკითხებოდა სტუმარს საქართველოში მიმდინარე ამბებს და ასე იკლავდა ცნობისმოყვარეობას.

_ საშა, ხომ იცით, ამხელა გზას რისთვის დავადექი... თქვენთან ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, მადლობელი ვარ, რომ დამხვდით და მიმასპინძლეთ, _ იღიმოდა ლილეც და იმაზე ფიქრობდა, აქედან რაც შეიძლება მალე წასულიყო, _ აქ როგორი სიწყნარე... არადა, მეგონა, ამერიკაში ყველგან ცათამბჯენები იყო.

_ ჰა-ჰა, _ გაეცინა საშას, _ მაგას მანჰეტენზე ნახავ. აი, ნამდვილი ორსართულიანი ამერიკა ასეთია, ლილე. ახლა პუკიპსში ვართ, ეს აფსტეიტ ნიუ-იორკია, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი. აქ ლამის 22 წელია ვცხოვრობ და სულაც არ ვნანობ ამას. ჯერ ერთი, სიმშვიდე და სიმყუდროვეა და მეორე, სახლის `ბილი~ (გადასახადი) ძვირი არაა (ამერიკელები იმ მიწის გადასახადსაც იხდიან, რომელზეც მათი სახლი დგას). უბრალოდ, აქ უმანქანოდ ვერ იცხოვრებ, ყველაფერი შორია. მანქანაც ძვირი სიამოვნებაა, დაზღვევა გინდა, ათასი ფორმალობები, მაგრამ გჭირდება და...

_ ჰო, `სახლი ტყეში და ჩემი პირველი მასპინძლები~ _ ასე გამახსენდებით, _ გაეცინა ლილეს.

_ შენ ის უნდა ნახო, როცა ნატაშა ფანჯრიდან ირმებს საზამთროს ქერქებს აწვდის.

_ ჰო, გარშემო ზოოპარკი გვაქვს, _ ჩაერთო ცოლიც.

_ ნატაშა, იმ დღეს მელიებიც რომ ვნახეთ, გახსოვს?

_ ამ დილით დაინახე, შვლის ნუკრები რომ შემოლაგდნენ? სამნი იყვნენ.

_ ჰო, ეგენი და ციყვები გვერდით დაგვყვებიან.

_ აქედან ბრუკლინში როგორ უნდა წავიდე, მასწავლით? _ იკითხა ლილემ, რითაც მასპინძლებს დელიკატურად მიანიშნა, რომ უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი ჰქონდა, ვიდრე ცხოველბზე საუბარი იყო.

_ სადგურიდან მატარებელი მიდის მანჰეტენამდე, ის გრანდ-ცენტრალზე მიგიყვანს, იქიდან კი მეტროთი გადახვალ ბრუკლინში, მაგრამ... ცოტა გაგიჭირდება. ჯერ ენაც არ იცი. მოდი, დღესაც დარჩი. დილას სამსახურში მივდივარ, მორიგე ვარ, მონიტორინგი მაქვს, რამდენიმე პაციენტი უნდა ვნახო და რომ დავბრუნდები, მანქანით წაგიყვან. საღამომდე ჩაგიყვან, ხო კარგი აზრია? უბრალოდ, ლოკაცია მითხარი, რომ ვიცოდე, რა მისამართზე უნდა მიგიყვანო.

_ კი, მისამართი უკვე მაქვს, ნაცნობმა მიშოვა ადგილი და იქ გავჩერდები.

_ ძალიან კარგი. იცი რა, მოდი, ლექსიკონი ვიყიდოთ, რომ ენის შესწავლაში დაიხმარო.

_ კი, ვიყიდოთ, `ჰაი~ და `ბაიც~ კი არ ვიცი.

_ ინგლისურის გარეშე გაგიჭირდება, თან სიტყვებს ისწავლი, პრაქტიკაც გექნება, გუგლის თარგმანიც დაიხმარე, გადმოწერე აპლიკაცია და ასე ნელ-ნელა გაამერიკელდები, _ საშამ ისე გაიცინა, რომ ლამის ყველა კბილი გამოუჩნდა.

_ მე ისე გავამერიკელდები, როგორც თქვენ არ გახდებით აბორიგენები.

_ და რა იქნება ცუდი იმაში, ამერიკაში თუ დარჩები? იქნებ შემდეგ შენი შვილებიც ჩამოიყვანო?! აგერ, ჩვენ დავრჩით, შვილებიც აქ გავზარდეთ. ახლა სვეტა ფილადელფიაში ცხოვრობს და დენტისტად მუშაობს, ვლადი კი ჰოლივუდში გაემგზავრა და იქ დარჩა, დოკუმენტური ფილმების რეჟისორია. ადაპტაციის პერიოდს გაივლი და მერე ამერიკა ისე შეგაყვარებს თავს, რომ...

_ მე? ამერიკაში? ჩემი სიკვდილი გინდათ? ოღონდ ეგ არა!.. _ მწარედ გაეცინა ლილეს. _ ხომ იცით, აქ რისთვის ჩამოვედი!.. მანამ დავრჩები, სანამ ბავშვებს ვასწავლი და ფეხზე დავაყენებ.

_ ეჰ, ჩემო კარგო, მაგასაც იზამ, კიდევ სხვა საქმეებსაც მოაგვარებ, მერე კიდევ გამოხტება ათასი საჭიროება. აქ ჭაობია, მაგრამ კარგი გაგებით: თუ ერთი ფეხი ჩადგი, ისე ჩაგითრევს, შენ აღარაფერს შეგეკითხება. მოკლედ, ყველაფერს მიეჩვევი. მთავარია, არ დაისტრესო. მარტო არ ხარ, რამე რომ გაგიჭირდეს, დაგვირეკე.

_ გმადლობ, საშა. მე ეგრე არ დამემართება, არ ჩავყვები ჭაობს. იმედია, მივხვდები, როდის დადგება წასვლის დრო, _ მტკიცედ გამოაცხადა ლილემ, _ აუცილებლად დავბრუნდები! ჩემი ცხოვრება იქ დავტოვე, ჩემი ფესვები იქ არის. რაც არ უნდა მომცეს ამ ქვეყანამ, როგორც არ უნდა აღმაფრთოვანოს, მაინც ვერასოდეს ვამჯობინებ ჩემს საქართველოს. მაინც დავტოვებ, მაგრამ მადლიერი წავალ. ასე მაქვს დაგეგმილი.

ლილეს ემოცია მოეძალა, მწვავე დისკუსიაში რომ არ შეეტოპა, ღრმად ჩაისუნთქა და ყელში მომდგარი ნაღველი ძლივს გადაყლაპა. მერე კი მობოდიშებასავით დააყოლა:

_ კარგი, საშა, ხვალისთვის გადავდოთ.

საშამ და ნატაშამ ერთმანეთს შეხედეს.

_ ახალჩამოსულებს ყველას ერთი და იგივე ტექსტი აქვთ, ხომ იცი, საშა...

_ აი ნოუ, ნო პრობლემ, _ დააყოლა კაცმა, პულტი მოიმარჯვა და ტელევიზორი რუსულ არხზე გადართო.

***

საღამოს `ჰადსონის დედოფლად~ წოდებული ქალაქი პუკიპსი დატოვეს. საშას `ლექსუსი~ გზატკეცილზე მისრიალებდა.

_ ეს მანქანა წელს შევიძინე, სულ ახალია. ასი ათასი დოლარი დამიჯდა, მაგრამ ბანკის სესხით ვიყიდე, _ უთხრა საშამ და მერე იმაზეც მოუყვა, თუ რა გზა გაიარა საქართველოდან ჩამოსულმა დღემდე. სამშობლოში ქირურგად ნამუშევარ ექიმს ამერიკაში თავიდან პროფესიით მუშაობის უფლება არ მისცეს და სანიტრობით დაუწყია, შემდეგ თავიდან ჩაუბარებია გამოცდები და დღეს ის ვარ, ვინც მინდოდა ყოფილიყავიო. აი, ასე აუხდენია 20 წლის წინ ჩამოსულ ემიგრანტს ამერიკული ოცნება.

ლილე მანქანის ფანჯრიდან საოცრად მოწესრიგებულ გზატკეცილებს აკვირდებოდა, მოღრუბლული ცა კიდევ უფრო ამუქებდა შემოდგომის საღამოს ბინდს.

ბრუკლინის წითელი აგურით ნაშენებმა, უმეტესად ერთნაირი არქიტექტურული სტილის სახლებმა ლილეს საპატიმროს ასოციაცია აღუძრა. აშკარად არ მოეწონა ეს ქალაქი, ამას ხომ საქართველოს ნებისმიერი ქალაქი სჯობიაო, გაიფიქრა. მანქანიდან გადმოვიდა და საშას გულთბილი მადლობით დაემშვიდობა.

_ აბა, წარმატებები! გახსოვდეს, რომ ჩემს სახლში ყოველთვის გელოდებიან! _ ხელი დაუქნია კაცმა და მანქანა დაძრა. ლილე სადარბაზოში შევიდა და ლიფტი გამოიძახა, კაბინაში შესულმა კი მეორე სართულის ღილაკს დააჭირა. ვიწრო დერეფანში გასულმა ბინაBმოძებნა და კარზე მორიდებულად დააკაკუნა. კარი ხანში შესულმა ქალმა გაუღო.

_ ლილე ხართ, ხო? მოდი, დედა, მოდი, საყვარელო! გელოდებოდი, დამირეკეს უკვე, რომ აქ იცხოვრებდი, _ ქალმა თბილად გაუღიმა და ბინაში შეიყვანა.

პატარა შესასვლელის გვერდით მდებარე ოთახის კარს ფარდა ეკიდა. ამ ოთახში შეუძღვა მასპინძელი. იქ ლილეს ერთი ორსაწოლიანი და კუთხეში მიდგმული დაბალი, დასაკეცი საწოლი დახვდა.

_ აი, აქ დაალაგე შენი ნივთები და მოთავსდი, დედა... ეს კარადა შენია, ტანსაცმლის შესანახად გამოგითავისუფლეთ.

ლოგინზე მორიდებულად ჩამოჯდა.

_ შვილო, დეიდა ნანა დამიძახე. აქ კიდევ მანანა ცხოვრობს, სამივე ერთად ვიქნებით. მანანა ახლა შინ არ არის, მაგრამ მალე დაბრუნდება... პროდუქტებს ამოიტანს.

ამ პატარა ოთახში სამნი ვიცხოვრებთო, მიხვდა ქალი.

დეიდა ნანა 35 წლის წინ ჩამოსულა ამერიკაში და უსაბუთობის გამო საქართველოში ჯერ ვერ დაბრუნებულიყო. ასე 82 წლის იქნებოდა. თითქოს ადამიანთან ლაპარაკს მოწყურებულმა, გაუჩერებლად დაიწყო თავისი ამბების მოყოლა.

_ ალბათ, როგორ გენატრებათ შვილები... _ უთხრა ლილემ და გაიფიქრა: `საწყალი ქალი, ამდენი წელი აქ როგორ გაძლო? ღმერთო, აქ დიდხანს არ დამტოვო!~

_ კი, დედა, შვილთაშვილებიც მყავს, უბრალოდ, ჯერ არცერთი არ მინახავს. აი, ცოტას კიდევ ვიმუშავებ, მერე წავალ და დანაზოგს წავიღებ, იქ სხვებს ხომ არ მივაჩერდები ხელებში. მადლობა უფალს, აღარაფერი უჭირთ ჩემს შვილებს. ორი ვაჟკაცი მყავს და ქალიშვილი, ბინები ვუყიდე ყველას, სამსახურებიც კარგი აქვთ, იმისთანა ცოლ-შვილი ჰყავთ, იმათ ვენაცვალე, მაგრამ ხომ იცი, მაინც ვერ ვთხოვ ვერავის, დედიკო, თავისი ოჯახები ჰყავთ შესანახი და...…

დეიდა ნანა კეთილი, მორწმუნე, მორჩილი და მეტად თავმდაბალი ქალი აღმოჩნდა. ერთ კედელზე ხატების კუთხე ჰქონდა მოწყობილი, ყველა წმინდანის ხატი ეკიდა, კანდელი მუდმივად ენთო. ილია მეორის ფოტო ყველაზე მაღლა მიეკრა ჭიკარტებით. ღმერთის ხსენებაზე უმალ პირჯვარს გადაიწერდა და თავს მოწიწებით ხრიდა.

ლილეს მისვლიდან მალევე მანანაც დაბრუნდა და ქაქანით შემოვიდა ოთახში:

_ მიჭირს უკვე ამ პარკების თრევა, ჩემი თავი ძლივს დამყავს. გამარჯობა, შვილო, _ სტუმარი შენიშნა მანანამ.

_ გამარჯობა, მანანა დეიდა, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა.

_ ახალი ჩამოსული ხარ? აბა, მომიყევი საქართველოს ამბები. უჰ, ახლა იქ ისეთი შემრეშილი პამიდორი იქნება, ტკბილი რქაწითელი... თუ მეღირსა და წავედი შვილებთან, უნდა ავინაზღაურო, რაც მენატრება.

მანანაც 80 წელს მიღწეული ქალი აღმოჩნდა. კოჭლობდა, სათვალის მინებზე დამატებითი გამადიდებლები ეკეთა, ნაოჭები ტომრებად ეკიდა თვალის უპეებში, სრულიც იყო.

ის იყო ჩამოჯდა, რომ მანანას ლეპტოპიდან სკაიპის გაბმულო ზარი გაისმა.

_ ენაცვალოს დედა, თამუნა იქნება! რაო, დედიკო, როგორ მოგერგო ჩემი გამოგზავნილი ფეხსაცმელი?

_ არა უშავს რა, ჩემი ზომაა, მომწონს. შენ რას შვრები, დე?

_ არაფერს. ახლა ამოვედი სახლში, ძლივს მოვათრიე პარკები, დედიკო. დღეს სამსახურზეც ვიყავი სადღაც, „ინტერვიუ“ მქონდა, 75 წლის ქალს უნდოდა დახმარება, დამიბარეს, მაგრამ არ ამიყვანეს.

_ უი, რა ცუდია, რატომ?

მანანამ ჯერ გადაიხარხარა, მერე კი დაწვრილებით მოუყვა, რაც გასაუბრებაზე მოხდა.

_ მე რას ამიყვანდენენ, დედიკო, ჩემზე ახალგაზრდა ქალი იყო მოსავლელი და მითხრეს, შენ შენს თავს მოუარე და ამას როგორმე მივხედავთო, ასე გამოუვიდათ რა...

ლილეს გაეცინა და სამზარეულოში გავიდა, არ უნდოდა დედა-შვილის საუბრის დეტალები მოესმინა, მაგრამ ბინის თხელი კედლები და ნაჭრის ფარდა ყველა ბგერას ატარებდა.

_ აბა, რა უნდა ქნა, დედა? რატომ ვერ შოულობ, არ არის სამსახურები?

_ შვილო, სამსახურები კია, მარა მე დავბერდი ამისთვის, ვერ მიყურებ? ასაწყობი ვარ, ძლივს ვჯდები, მერე ძლივს ვდგები. ნანა თუ არ დამეჭიდა, ვერ ვიმართები, ყურზე მოსასმენი აპარატი მიკეთია, მუხლი არ მივარგა და გული, დიაბეტს რომ თავი დავანებოთ. სხვა გამოსავალი არაა, 8 თვეა უმუშევარი ვზივარ, ცოტა დანაზოგი კი მაქვს ბანკში, ავდგები, ავიღებ ბილეთს და წამოვალ.

_ სად წამოხვალ, ქალო?! _ გაისმა ქალის უკმაყოფილო ხმა. _ ეს ვალი რომ ავიღე ბანკიდან საცხობის გასახსნელად, გადახდა არ უნდა? თუ გგონია, რომ მაჩუქებენ? დაიცადე, იქნება რამე გამოჩნდეს, ვალი როგორმე გავისტუმროთ და...

მანანას შვილის შემოტევა არ ესიამოვნა _ მისი წყენა დუმილმა გაყიდა. კარგა ხანს არაფერი უთქვამს, ბოლოს მაინც ამოღერღა ორიოდე სიტყვა:

_ სიბერე შემარგე, დედიკო, ჩამახუტე შვილიშვილებს, აღარ შემიძლია...

_ ჰოდა, ჩემოდანი ჩალაგებული რომ გაქვს, ამიტომ ვერ პოულობ სამსახურს. 30 წელი მანდ ხარ და რამდენიმე თვე ვეღარ მოგითმენია? განა მე არ მინდა, რომ ჩამოხვიდე, მაგრამ დაგვახრჩობს ეს ბანკი, დედა!

_ კარგი ხო, ვეცდები რამეს. თამუ, პატარა დამიკოცნე.

მანანამ ლეპტოპი დახურა. ბინაში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. დეიდა ნანა უხერხულად ისრესდა თითებს და ვითომ რაღაცას ეძებდა. ლილე სამზარეულოში დარჩა, აღარ უნდოდა მანანას სახის დანახვა, სავარაუდოდ, ტიროდა ქალი.

ღამე ქალაქმა სამოსი გამოიცვალა და დაითალხა. ნამგალა მთვარე მოადგა ოთახის პატარა ფანჯარას, მაგრამ ლილეს უკვე თავის ახალ ლოგინზე მისძინებოდა და არც გაუგონია, გვერდითა საწოლზე საბნებში გახვეული ორი მოხუცი როგორ ხვრინავდა.

დილით დეიდა ნანამ ლილეს რუსული გაზეთი წინ დაუდო და თითი გააყოლა დაბეჭდილ განცხადებებს:

_ აი, ნახე, რუსი აგენტები სამსახურებს აცხადებენ, იქნებ რამეს მიაგნო, დედიკო. რუსული გეცოდინება. ან ბავშვი იქნება მოსავლელი ან მოხუცი, დაჯექი და დარეკე, რამე აუცილებლად გამოჩნდება, _ უცებ თაფლისფერი თვალები აუციმციმდა და სხვათა შორის თქვა: _ იცი, ამ საღამოს რა კარგი კონცერტია?! აქვე მესამე ბრაიტონზე რესტორანია `ნაციონალი~. იმისთანა კარგი ბიჭი გვყვავს, ჟურნალ `მამულის~ რედაქტორია. 10 წელია აქ გამოდის ეს ჟურნალი და საიუბილეო კონცერტს აწყობენ. არ გინდა წაგიყვანო?

ლილეს გულში ჩაეცინა. საკონცერტო განწყობა მართლა არ ჰქონდა. ჯერაც თვალწინ ედგა თბილსის აეროპორტის ფოიეში მდგარი შვილები, ქვემოდან რომ მისჩერებოდნენ და დედის საყვედურითა და ცრემლით სავსე თვალები. სამსახური არ ჰქონდა, მალე ამ ოთახში ქირაც გადასახდელი იქნებოდა, გოგონების სასწავლებლის თანხა იყო შესატანი და აბა, რა ერესტორნებოდა?!

_ დეიდა ნანა, სამსახურს მოვძებნი, კონცერტს სხვა დროს დავესწრები, დიდი მადლობა.

_ ახლა შენ არ დაიწყო სევდიანობა და ნოსტალგიები, დედიკო. წამოდი, იქ ქართველებსაც გაიცნობ, აქ ურთიერთობები და ნაცნობები გჭირდება. შეიძლება ისინიც მოგეხმარონ და დაგაწყებინონ რამე. ეს შენთვის მარტო კონცერტი კი არა, ახალი ცხოვრების დასაწყისია.

ლილე დაფიქრდა. ყოყმანის დროც არ იყო, ნანას აშკარად არ უნდოდა მარტო წახვლა, თვალებში უყურებდა ლილეს და მის თანხმობას ელოდა.

_ კარგი, წამოვალ, რომელზეა?

_ შვიდზე. გამოიპრანჭე და გვერდი დამიმშვენე. რა ლამაზი ხარ, გენაცვალოს ნანა დეიდა. არ იდარდო არაფერზე, ყველაფერი კარგად იქნება. ჩემს ნაცნობებს ყველას გაგაცნობ. აი, მე კიდე იმდენს ვიცნობ... _ საყვარლად გაიცინა.

`ნაციონალის~ შესასვლელში დაცვამ მოსაწვევები შეამოწმა.

ლილეს ცოტა ეუცნაურა საღამოს კაბებში გამოწყობილი ქალების დანახვა, ყელმოღერებულებს დეკოლტეები ძვირფასი სამკაულებით რომ დაემშვენებინათ. ორიარუსიან დარბაზში სტუმრები პატარა მაგიდების გარშემო სხდებოდნენ. მაგიდები ტკბილეულით გაეწყოთ, სცენა ბრჭყვიალებდა, დიდ ეკრანზე კი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ლამაზი კადრები გადიოდა. დარბაზში სიმღერა გუგუნებდა: `საქართველოოო ლამაზოო~. თითოეულ მაგიდაზე ორად მოკეცილი ბარათები ელაგა, რომლებზეც საქართველოს ყველა კუთხის სახელი ეწერა. დეიდა ნანა და ლილე `იმერეთზე~ მოხვდნენ. დარბაზში გოგონა შემოვიდა და ცარიელი ადგილის მოძებნა დაიწყო. მალე ახალშემოსულმა გეზი მათკენ აიღო. მხრებამდე სიგრძის წითელი თმა საგულდაგულოდ ჩამოესწორებინა. მერცხლისთვალებას მკვრიცხლი გამომეტყველება ჰქონდა, წითელ ტუჩებზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა.

_ გამარჯობა, ანუ თქვენთან ერთად გავატარებ საღამოს? _ თქვა და ლილესა და ნანას გაუღიმა.

_ ლილე.

_ მე დეიდა ნანა ვარ.

_ კეთილი, მე ლიკა მქვია. ძლივს მოვასწარი, კინაღამ დამაგვიანდა, _ თქვა სხაპასხუპით და ლილეს გვერდით დაჯდა.

_ მოკლედ, ვმღერით და ვცეკვავთ ქართველები ამერიკაში, ხო? _ ისევ გაღიმებული ჟღურტულებდა ლიკა.

_ ჰო, ისე მშობლიური ჰანგების გაგონება უცხოეთში უფრო გიხარია, არა? _ მორიდებით თქვა ლილემ. ცდილობდა, ცუდი განწყობა დაემალა.

_ ლილე ახალი ჩამოსულია საქართველოდან, _ მიმართა ნანა დეიდამ ლიკას და თითქოს ამით მეტი ახლობლობა დაამოწმა მასთან.

_ მართლა? ისე, არც მე ვარ დიდი ხნის ჩამოსული, სულ რაღაც რვა თვეა, რაც აქ ვარ.

_ ანუ შენც ახალი ხარ, _ ლილემ თითქოს ბედის მოზიარე იპოვა, _ მე ერთ თვეც არაა, რაც აქეთ ვარ, ბრუკლინში კი გუშინ ჩამოვედი აპსტეიტ ნიუ-იორკიდან.

_ რას შვრები სამსახურზე, ეძებ ალბათ, ხო?

_ ისიც არ ვიცი, სად მოვძებნო და როგორ. არაფრის აზრზე არა ვარ, არც ენა ვიცი, _ ლილემ გოგონას სახეზე მოწყალებით შეხედა.

_ ყველაფერში გაერკვევი. ადვილი არაა, მაგრამ არც უსაშველო. აქ უმუშევარი არავინ დარჩება. მთავარია, გაგიმართლა და აქ ხარ!

კონცერტი დაიწყო. წამყვანი და მონაწილეები `მამულის~ ღირსებებზე მჭევრმეტყველებდნენ, მიკროფონიდან ისმოდა მადლობები და სადღეგრძელოები. საზეიმო განწყობას ამაღლებდა დეკლამატორი წამყვანიც. ეშხში შევიდა ქართული სული, ამღერდა დარბაზიც. ემიგრანტი ბავშვები ქართულ ცეკვებს ასრულებდნენ. ლილე სრულიად გადაერთო კონცერტზე, საერთო განწყობა მასაც გადაედო და სიამაყე დაეუფლა.

_ აქ პატარა საქართველო ყოფილა, ერტად ამდენი ქართველის ნახვასაც არ ველოდი...

_ ჰოო, ყველა ერთმანეთს იცნობს, გოგოებო, _ თქვა ნანამ დაბეჯითებით, _ ამათ ვენაცვალე.

ნანა და ლილე შინ თერთმეტ საათზე დაბრუნდნენ.

უმალ მიიღო ლილეს გულმა ლიკა, პირველივე შეხვედრაზე მათი მეგობრობის სიმები გაიბა.

ლიკა დღის განმავლობაში მუშაობდა _ მოხუცებულ კაცს უვლიდა, საღამოს კი სამსახურიდანვე ხშირად ლილეს აკითხავდა. 

ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე რეკავდა ლილე დასაქმების აგენტებთან და ინგლისურად გაზეპირებული ტექსტით სამსახურს სთხოვდა.

_ რადგან თავისუფალი ხარ, ვისარგებლოთ მომენტით, შაბათს არც მე ვმუშაობ, წავიდეთ მანჰეტენზე და ემპაიერი ვნახოთ, _ ერთ დღესაც ამ იდეით გამოეცხადა მეგობარი.

_ კარგი, წავიდეთ, მეც ძალიან მაინტერესებს.

მანჰეტენის მე-5 ავენიუ თითქმის თავიდან ბოლომდე ჩაიარეს, თითქმის ყველა ცნობილი ბრენდის მაღაზიაში შეიხედეს, გვერდიგვერდ მდგარ ულამაზეს ფეშენებელური მაღაზიების განათებულ ვიტრჟებში დიზაინერების მიერ საუცხოო გემოვნებითა და ოსტატობით შემოსილი მანეკენები გაშეშებულიყვნენ.

_ ფასებს არ ვიმჩნევთ, ხო? _ იცინოდა ლილე.

_ დაო, ნეტავ იმდენი ფული როდის გვექნება, აქ შესვლა რომ შევძლოთ და ყველაფერი გამოვზიდოთ, რაც მოგვინდება?

_ რა ძვირია ყველაფერი, გავგიჟდი. მაგ ბრენდების პატენტი რომ ჩავიცვათ, არა? მთავარია, მოგვიხდეს, _ ლილემ ბავშვივით ხელით მოქაჩა მეგობარი და ტროტუართან გაჩერებულ ნაყინის მანქანასთან მიიყვანა, _ შოკოლადისა და კარამელის ნაყინის გარეშე ფეხს არ ავდგამ ემპაიერზე! _ ორი კარამელი შოკოლადით, _ სთხოვა ხუჭუჭა მენაყინეს.

_ ამ სიცივეში რა დროს ნაყინია? არადა, მიყვარს, _ გაიცინა ლიკამ.

_ არაფერი მოგვივა, _ თქვა და შავ ხუჭუჭა ბიჭს მანქანიდან ნაყინები გამოართვა.

_ Thank you! _ მიაძახეს მენაყინეს და უგემრიელეს კარამელიან ნაყინს წვეტი გაულოკეს.

_ იცი რა, უნდა ვეცადოთ, თბილი და ტკბილი დღეები დავაგროვოთ და უბრალოდ, აი, ასე, ბედნიერები ვიყოთ. სტრესები და ნეგატივები არ მოვიზიდოთ.

_ ჰო, დაო, რა ადვილია?! _ გაეღიმა ლილეს.

ოქტომბრის პირველი კვირა იყო.

ემპაიერის შესასვლელში მაღალმა, ლათინონამერიკული გარეგნობის მამაკაცმა ჯერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები მოსთხოვა, შემდეგ კი პატარა კამერაში სახის დაფიქსირება, რადგან მნახველთა იდენტიფიცირება მიმდინარეობდა. მალე ლიფტი ცაში ასროლილი ქუდივით უსწრაფესად აიჭრა 86-ე სართულზე და კორპუსის წრიული ვერანდიდან გოგონებმა ქალაქს გადახედეს. აელვარებული ცათამბჯენები ციცინათელებივით ციმციმებდნენ, მანქანები კი სულ პაწაწინები ჩანდნენ ზემოდან. სარეკლამო ბანერებზე ვიდეორგოლები მეორდებოდა. ყრუდ გუგუნებდა ქალაქი და პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანების სირენების ხმაც ზემოთ გარკვევით ისმოდა.

_ ციცინათელები!

_ ფანტასტიკურია!

_ როგორი ხმაური ამოდის ამ სიმაღლეზეც კი!

_ ქალაქი, რომელსაც არასოდეს სძინავს და რომელიც მსოფლიოს ცენტრია! _ მაღალმხატვრული ინტონაციით წამოიძახა ლიკამ.

_ ქალაქი ცათამბჯენებით! რა სილამაზეა!

_ და ამ სამყაროს ცენტრშია ნიუ-იორკის სიმბოლო ემპაიერი!

_ და ყველაზე, ყველაზე ცენტრში ვართ ჩვეეეეენ! _ გოგოები მოეხვივნენ ერთმანეთს.