ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ოცნება: ავსტრალია

ოცნება: ავსტრალია

  მეორე შენობამდე უჩუმრად მივიპარე და ფანჯარასთან აღმოვჩნდი. მის გვერდით კარი მოჩანდა. შიგნით რაიმეს დანახვა, ბინძური სარკმლიდან ვცადე მაგრამ ამოქოლილი დამხვდა. კართან მივიპარე და სახელური მოვსინჯე. ღრმად ჩავისუნთქე და ჩემსკენ მოვქაჩე. არ გაიღო, ამიტომ შიგნითა მხარეს მივაწექი. ანჯამებმა დაიჭრიალეს და წამიერად ყველაფერი განათდა. აფეთქების ძალამ უკუმიმართულებით მომისროლა და მე, ტკივილის ნაცვლად, ვიგრძენი რომ უბრალოდ... გავქრი...



  


                                                              1.  ტყვეობა




  უსაშველოდ დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს ძლივს დავაშორე და დაბინდული მზერა ირგვლივ მოვატარე...

  ჩაბნელებული ოთახი, სავსე ტომრებითა და კასრებით, ჭერში მოკონწიალე, ერთადერთი მბჟუტავი ნათურით, რეალობად ვერ აღიქვა გონებამ. აშკარად სიზმარს ვხედავდი და სასწრაფოდ გამოღვიძება ვუბრძანე საკუთარ თავს. თვალები ჯიუტად დავხუჭე და ისევ გავახილე, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ხელის პირისკენ წაღება ვცადე, იქნებ კბენას მაინც გავეღვიძებინე, მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი. ტვინს განგაშის სიგნალი მისწვდა. მე ხელფეხშეკრული ხის იატაკზე გვერდულად ვეგდე... ძვლები ერთიანად მტეხდა და განძრევას ვერ ვახერხებდი. საშველად დავიყვირე მაგრამ გამშრალი პირიდან ხმაც კი არ ამომსვლია. ღმერთო, ოღონდ ახლა ამ სიზმრიდან გამომაღვიძე და ჩემს ოთახში, ჩემს საწოლზე დამაბრუნე, ჩუმად დავიწყე ლოცვა. წამოჯდომა ვცადე, იდაყვს დავეყრდენი, მთელი ძალით წამოვიწიე, გაბუჟებული მკლავი მყარად ვერ გავაჩერე და ისევ მოწყვეტით დავასკდი იატაკს. ჩუმი კვნესა აღმომხდა. შევისვენე, რამდენიმე წუთს ღრმად ვსუნთქავდი და ძალების მოკრებას ვცდილობდი. მეორე ცდა უკეთ გამომივიდა და ზურგით კედელს მივეყრდენი.

  ხის იატაკი და კედლები დაბალ ხმაზე ჭრიალებდა, ყურადღების დაძაბვის შემდეგ კი ჩემს სმენას ტალღების კედელზე მიხეთქების ხმა მოესმა.

  სად ვარ ღმერთო?!

  გემის ტრიუმი რომაა, ეს აშკარად ჩანდა მაგრამ ასე გაკოჭილი რატომ ვარ?! გონების კუნჭულები დავჩხრიკე და უკანასკნელი რაც გამახსენდა სამგზავრო გემბანი, ჩემს ირგვლივ მდგარი სხვადასხვა ეროვნების ტურისტი, უეცრად ჩაბნელებული ზეცა და აღელვებული ზღვა იყო. სად გაქრა ამდენი ადამიანი ან მე აქ როგორ მოვხვდი, ამას ვერანაირი მეხსიერების დაძაბვით პასუხი ვერ გავეცი.

  დაყვირება მეორედ ვცადე და ისევ ხროტინის მაგვარი ამომცდა პირიდან, ფეხებიც ისე მაგრად მქონდა შეკრული წამოდგომას ვერანაირად ვერ ვახერხებდი. არც ხოხვით გადაადგილება იქნებოდა რაიმეს მომცემი, რადგან ოთახის უკეთ შესწავლის შემდეგ ურთიერთსაპირისპირო მხარეს, ადამიანის სიმაღლეზე მხოლოდ ორი ფანჯარა შევნიშნე, ისინიც ნახევრად წყალს დაეფარა და მოძრაობისას ხან ივსებოდა და ხან ყრუ ზათქით ეხეთქებოდა გარეთა მხრიდან. 

  ჩახლეჩილი ხმით რაც შემეძლო ხმამაღლა დავიყვირე, ხის კედლებმა ჩემი ყვირილი თითქოს იქვე ჩაახშო. ჩავახველე და კიდევ ერთხელ დავიძახე, ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა, ტალღების ყრუ გუგუნის გარდა.

  ესაც ჩემი ოცნება?! მწარედ გავიფიქრე და თავი სიმწრით გავიქნიე.

  ყოველთვის ავსტრალიაში მოგზაურობაზე ვოცნებობდი. ახლა კი დავრწმუნდი, რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, მარტო მოგზაურობის გადაწყვეტილება იყო. იმას გარკვევით ვხვდებოდი რომ ჩვენი სამგზავრო გემი შტორმში მოხვდა, ამას მიდასტურებდა, ჩემს მეხსიერებას შემორჩენილი უკანასკნელი ფრაგმენტი, მაგრამ შემდეგ რა მოხდა, აბსოლუტურ სიბნელეში იყო ჩაძირული.

  ამასობაში საკმაო დრო გავიდა. საათს დავხედე, წყალგაუმტარი კორპუსი უტყუარად მუშაობდა, სამ საათს უჩვენებდა. კარგად მახსოვდა, კატასტროფა ავსტრალიის სიახლოვეს მოხდა და თუ გემი, სადაც ვიმყოფებოდი, კონტინენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიცურავდა, საღამოს ცხრა ან ათი საათი უნდა ყოფილიყო. ევროპასა და ავსტრალიას შორის, ექვსაათიანი დროის სხვაობის გათვალისწინებით. ყოველ შემთხვევაში, პატარა ილუმინატორებიდან მცირე სინათლე მაინც აღწევდა.

  ჩემი ყურთასმენა გასაღების ჩხრიალის ხმამ მიიპყრო, სამსაფეხურიანი კიბის თავზე გამოჭრილ კარს ვიღაც აღებდა. თვალებად და სმენად ვიქეცი, ადგილზე მივიკუნჭე. კარი გაიღო და მსხვილმა მამაკაცმა კიბეზე მძიმედ ჩამოაბიჯა, ისეთი მზერა მომაპყრო რომ ხერხემალზე ცივმა ნიავმა გამიარა. მაღალსა და ჩასხმულს, უტეხი და მძიმე გამომეტყველება უფრო მეტად საშიშ იერს აძლევდა. მკრთალად მოკიაფე სინათლეზე თვალები მოვჭუტე და უკეთ დავაკვირდი, მისი სახე თითქოს სიზმრად ნანახს მაგონებდა.    

  ნელა მომიახლოვდა და გამოფხიზლებული და წამომჯდარი რომ დამინახა რაღაც გაურკვევლად ჩაიბურტყუნა. მივხვდი ხმა უნდა ამომეღო და რაიმე გამერკვია ჩემს მდგომარეობაზე. გამშრალი ტუჩები ერთმანეთს დავაცილე და ინგლისურად „სად ვარ?“ ჩავილაპარაკე. შევეცადე მზერა მის სხეულს მიღმა მიმემართა, რადგან კუშტ სახეს თვალს შიშით ვერ ვუსწორებდი. პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა, ან ვერ გაიგო რა ვკითხე და ამჯერად რუსულად ვცადე. არც ამას მოჰყოლია რაიმე შედეგი. იდგა, ჯიუტად მათვალიერებდა და ჩემი თითქოს არც ესმოდა. იტალიურიც მოვსინჯე და რომ მივხვდი ჩემი ენების მარაგი ამოიწურა და ის პასუხის გაცემას არ აპირებდა, უმწეოდ მივაჩერდი და გავჩუმდი.

  უსიტყვოდ შეტრიალდა და კიბე უკან აიარა. კარი გაიხურა თუმცა, გასაღების ხმა აღარ გამიგია. ათიოდე წუთში დაბრუნდა და პატარა ლანგრით საჭმელი ჩამომიტანა. წინ დამიდგა და გატრიალება დააპირა რომ უცებ მობრუნდა, თითქოს რაღაც გაახსენდაო, ჩემს გვერდით ჩაიმუხლა და ზუსგსუკან მტკიცედ გაკრული ხელები შემიხსნა. ასევე ხმისამოუღებლად შებრუნდა და ამჯერად კარი გარედან ისევ ჩაკეტა. 

  მიუხედავად იმისა რომ, შიმშილით გული მიმდიოდა ორი ლუკმა მძლივს გავღეჭე და ლანგარი გვერდით მივაცურე, ყოველთვის ასე ვიცოდი როცა ვნერვიულობდი.

  უცებ მივხვდი, რომ ხელები გახსნილი მქონდა და ფეხზე წამოდგომას შეძლებდი, საყრდენად კასრი გამოვიყენე, ფანჯარასთან მისვლა და გარეთ გახედვა მინდოდა, იქნებ სანაპირო დამენახა, ან რაიმე, რაც ჩემს ადგილმდებარებას მიმახვედრებდა. დავიხარე და თოკს დავებღაუჭე, გახსნას შევეცადე მაგრამ კვანძი ისე იყო გამოკრული, თავი და ბოლო ვერ გავუგე. ისევ კასრები დავიხმარე და ფანჯარამდე სკუპებით მივაღწიე.

  არაფერი...

  სრულიად არაფერი ღია, უსასრულო ზღვის გარდა. ისეთმა შიშმა შემიპყრო ისტერიკამდე აღარაფერი მაკლდა, ერთიანად კანკალმა ამიტანა და ხელებით ფანჯარას ჩავეჭიდე რომ არ დავცემულიყავი, ფეხებში ძალა მთლიანად გამომეცალა. რამდენიმე წუთი დამჭირდა თავის ხელში ასაყვანად. ახლა ყველაზე ნაკლებად ისტერიკა მჭირდებოდა, საღი გონებით უნდა მეფიქრა ჩემს მდგომარეობაზე და აქედან თავის დაღწევის საშუალება მომეძებნა. ამ უკანასკნელის იმედი იმდენად მცირე იყო, რომ უსუსურობის განცდამ მახრჩობელასავით ყელში წამიჭირა.

  ცხადი მარტო ის იყო, რომ მე მხოლოდ გადარჩენილი არ ვიყავი, ტყვეობაში ვიმყოფებოდი... ვის მიერ ან რატომ, ეჭვადაც ვერ ვხვდებოდი. აქედან თავი რაღაც სასწაულით რომც დამეღწია, შუა ზღვაში თუ ოკეანეში სად უნდა გავქცეულიყავი, ბედს შევგუებოდი და მხოლოდ ღმერთმა იცოდა რას მიქადდა მომავალი.

  ცოტა ხანს მშვიდად მოცდა ვამჯობინე, შემორჩენილი მხნეობა უნდა მომეკრიბა, თუკი საერთოდ კიდევ მქონდა და როგორღაც გამეგო რაიმე, თუნდაც უმცირესი ინფორმაცია. ერთადერთი საშუალება ამისთვის ის იყო, დავბრუნებულიყავი კვლავ იატაკზე და მეთვალყურისთვის დამეცადა, ამჯერად იქნებ ეპასუხა ჩემს კითხვებზე. ისევ ასკინკილით დავბრუნდი უკან და ჩავჯექი. კედელს მივეყრდენი და თავი უსიამოვნო ფიქრებისგან მოსაშორებლად მკვეთრად გავიქნიე. ფეხები წინ გავშალე და ცდა დავიწყე..

  ლოდინში გვარიანად ჩამობნელდა. კიდევ ერთი ლუკმა გაჭირვებით გავღეჭე, გადავწყვიტე მეჭამა და ძალა მომეკრიბა, თუ რაიმე საშუალებას გამოვნახავდი გასაქცევად, ძალღონე დამჭირდებოდა. გემის რწევა, აკვანში დასაძინებლად ჩაკრულივით, მოქმედებდა ჩემზე და თვალებს იძულებით ვახელდი, არავინ ჩანდა..

  ის იყო ჩამთვლიმა რომ კარი გაიღო და ჩემი გამტაცებელი კვლავ გამოჩნდა. მძიმე ჩექმების ბრაგუნით ჩამოიარა კიბე, ჩემს ნახევრად შეჭმულ ვახშამს უტყვად დახედა და ისევ თოკი აიღო ხელში.

  -არა, გთხოვთ, ასე დამტოვეთ, გაქცევას ისედაც ცხადია, ვერ შევძლებ!- მუდარით შევხედე. ღმერთო, მგონი ყრუმუნჯია ეს კაცი, ისე იქცევა თითქოს არცკი ესმოდეს რომ ველაპარაკები. უხეშად მოქაჩა ჩემი მაჯები, თოკი მაგრად დამახვია და შეკრა. გატრიალდა, კარი ისევ გადაკეტა და დამტოვა კვლავ საწყის მდგომარეობაში.

  მივხვდი, დილამდე აღარავინ მომაკითხავდა და რამდენადაც სიტუაცია მაძლევდა საშუალებას, შევეცადე ცოტა უკეთ მოვთავსებულიყავი. ზურგსუკან შეკრული ხელები წელსქვემოთ გამოვიტარე, შემდეგ ფეხებიც გაჭირვებით მივაყოლე და წინ მოქცეული მკლავებით, ოდნავი შვება ვიგრძენი. უნდა გამომეძინა, სხვანაირად გადარჩენის მცირე შანსიც კი არ მქონდა, საღი გონება და ენერგიით სავსე სხეული მჭირდებოდა. კედელსა და კასრს შორის ზურგით მივეყრდენი და თვალები დავხუჭე, როდის ჩამეძინა ვერც კი მივხვდი.

  დახუჭულ გუგებში მოკაშკაშე სინათლემ ელვასავით შემოაღწია და დაფეთებულმა სასწრაფოდ გავახილე. გათენებულიყო და პატარა სარკმლიდან მზის სხივები, პირდაპირ სახეზე მეცემოდა. ჩემი სმენა გაურკვეველმა ხმაურმა მიიპყრო, წინ შეკრული ხელები დავიხმარე და ფანჯარასთან გადავინაცვლე. გემი ნავსადგურთან იდგა... მაგრამ იმდენად მოშორებით შეეჩერებინათ რომ რაც არ უნდა გამეკეთებინა, სანაპიროზე მყოფი ადამიანების ყურადღებას ვერანაირად ვერ მივიპყრობდი.

  ზუსტად ჩემს წინ, პატარა კატერი წყლის ზედაპირზე უეცრად დაენარცხა. გამოსავალზე ფიქრში გართულს, მოულოდნელობისგან იმდენად შემეშინდა რომ შევხტი, თავი ვეღარ შევიკავე და უკან გადავვარდი. ხმადაბლა შევიკურთხე და ისევ ავდექი.

  კატერში უკვე ორი ადამიანი იჯდა და ნაპირისკენ მიცურავდა. ერთერთი მაშინვე ვიცანი, ჩემთვის ნაცნობი გამტაცებელი იყო, მის კისერზე, ზუსტად ყურს ქვემოთ მორიელის ტატუ მხოლოდ ახლა, დღის სინათლეზე შევნიშნე. მეორე თავგადაპარსული და საყურიანი, შავგვრემანი მამაკაცი იყო.

  გადავწყვიტე ხელსაყრელი სიტუაციისთვის დამეცადა, ახლა რაიმე ხმაურის ატეხვა არაფრის მომცემი იქნებოდა და მხოლოდ გამტაცებლებს გავაღიზიანებდი. სავარაუდოდ გემბანზე ჩემს გარდა, სხვა ვინმეც დარჩებოდა.

  კატერი ნაპირს სწრაფად მიუახლოვდა და ორივე მამაკაცი მიწაზე გადავიდა. რამდენიმე წუთში, თვალთახედვის არედან, ორივე ხალხის მასაში დავკარგე.  ლოდინი საკმაოდ დიდხანს დამჭირდა, სანამ ისევ დაბრუნდებოდნენ. კიდურები თოკისგან იმდენად მქონდა გაბუჟებული, თავის ფეხზე შეკავებას გაჭირვებით ვახერხებდი.

  ამჯერად მესამეც ახლდათ, საკმაოდ მაღალი და ბრგე, ასე 35 წლამდე იქნებოდა. ნამდვილი სამხედროს მოძრაობა ჰქონდა, ფრთხილი და გამოზომილი. სამივე ისევ კატერში მოთავსდა და გემისკენ წამოვიდნენ.

  ძველ ადგილს დავუბრუნდი, ვგრძნობდი მალე მომაკითხავდნენ. ნავსადგურისა და ხალხის სიახლოვემ გამაღიზიანა, რაკი თავის გადასარჩენად ვერაფერს ვაკეთებდი. ერთადერთ გამოსავლად, შეძლებისდაგვარად მშვიდად ყოფნა და გასაქცევად შესაფერისი მომენტის ლოდინი იყო.

  დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ტრიუმის ლუკთან ინგლისური საუბარი გაისმა. მთელი ყურადღება დავძაბე და სმენად ვიქეცი.

  - მარკო!

  - ...

  - ლამაზია იცი?!

  - თვითონ შევაფასებ!

  კარი გაიღო და ახალმოსულმა ჩამოაბიჯა. მბჟუტავ სინათლესთან შესაჩვევად, ორივე თვალი მოწკურა და ისე შემომხედა, თავბრუსხვევა ვიგრძენი. მძიმედ მომიახლოვდა და როცა მივხვდი ჩემი კარგად გარჩევა შეძლო, ისეთი გამომეტყველება გაუხდა, თითქოს მოჩვენება დაენახოს, თვალები გაუფართოვდა და ყბა დაეძაბა. რამდენიმე წამს გაუნძრევლად მიყურებდა, მაგრამ მალე მის მზერაში ისეთი ტკივილი გაჩნდა, მომენტალურად სიბრალული ვიგრძენი. უცებ ჩემს წინ ჩაიმუხლა, მარჯვენა ხელი ნელნელა მაღლა ასწია და ჩემი სახისკენ წამოიღო, მაგრამ როგორც კი მომიახლოვდა, თითქოს ძილბურანიდან გამოერკვაო, თავი მკვეთრად გაიქნია, ფეხზე სწრაფად წამოდგა და კიბე უკანმოიხედავად აიარა.

  მისი საქციელი იმდენად მოულოდნელი და გაურკვეველი იყო ჩემთვის, დიდხანს გაუნძრევლად ვიჯექი და მიზეზზე ვფიქრობდი. ნამდვილად პირველად ვხედავდი, რასაც მისი საქციელიდან გამომდინარე, მასზე ვერ ვიტყოდი.

  მალე კარი ისევ გაიღო და ამჯერად მორიელის სვირინგიანმა ჩამოაბიჯა, ჩემთვის განკუთვნილი საკვებით ხელში. კვლავ უსიტყვოდ დამიდო წინ, ხელები გამიხსნა და გაბრუნდა.

  ახალმოსული მთელ დღეს აღარ გამოჩენილა, ცნობისმოყვარეობა მკლავდა, გამერკვია რას ნიშნავდა მისი საქციელი. რაღაც მომენტში საკუთარი თავი გამოვიჭირე რომ გაქცევის გეგმაზე მეტად, მისი უცნაური ქცევის ამოხსნაზე ვფიქრობდი. სწორედ ამ ცნობისმოყვარეობის დამსახურება იყო ჩემი პროფესიაც, მუდამ რაღაც ახლის აღმოჩენას ველტვოდი, მუდამ მაინტერესებდა ისეთ თემებზე მეფიქრა და შემდეგ მეწერა, რაც სხვას ალბათ თავში აზრადაც არ მოუვიდოდა.

   მოსაღამოვებულზე მორიელი ჩამოვიდა ჭურჭლის წასაღებად. ვინაიდან უკვე ვიცოდი რომ ინგლისურად საუბრობდნენ, როგორცკი მომიახლოვდა ხმადაბლა ვთხოვე ჰაერზე აყვანა. შეკრული შუბლით გამომხედა, მაგრამ რატომღაც დაიხარა და თოკის გახსნა დაიწყო. ხელი მომკიდა და ადგომაში დამეხმარა. ფეხები უმოძრაობისგან ისე მქონდა დაბუჟებული, რომ ჩვილი ხბოსავით წავიბორძიკე და მისი სწრაფი რეაქცია რომ არა, ისევ იატაკზე აღმოვჩნდებოდი. ხელით წინ, მსუბუქად მიბიძგა და მეც კიბეს მივუახლოვდი. ასე მეგონა ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი ღია სივრცეში.

  ჰაერი იმდენად ხარბად ჩავისუნთქე, რომ წამიერად თავბრუსხვევა ვიგრძენი. ირგვლივ მიმოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ სანაპიროს გასწვრივ მივცურავდით. შემდეგ გემბანი მოვათვალიერე და აფრების ძელთან ჩამუხლული ახალმოსული დავინახე. ძლიერი მკლავებით თოკს ღონივრად ახვევდა. ალბათ გვერდითი მხედველობით შეგვამჩნია და ამოიხედა. მზერა კვლავინდებურად ჩემზე გაეყინა, თითქოს თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალი დაუშრიტესო, ისე ჩაუქრა გამომეტყვლელება. რამდენიმე წამს მიყურა და კვლავ თავის საქმეს მიუბრუნდა. ხელი მოაჯირს გავაყოლე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. მორიელმა ალბათ იფიქრა აქედან ვერსად გაიქცევაო, იქვე გემბანის ლუკთან ჩამოჯდა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. ირგვლივ ვიყურებოდი იმ იმედით, რომ რაიმე უმცირესი მინიშნება მაინც მეპოვა, რომელიც ადგილმდებარეობის დადგენაში დამეხმარებოდა.

  სანაპიროს ხშირი ტყის მასივი გასდევდა, მაგრამ ჩემი ყურადღება ხეების უჩვეულო ჯიშმა მიიპყრო, რომელიც ლამიან ნიადაგზე იყო ამოზრდილი. ხეებს ძლიერი, დატოტვილი ფესვების ნახევარი, მუქი ლამის ქვეშ ჰქონდა გადგმული და ნახევარი წყლის ზედაპირზე ამოჩრილი, რითაც საკმარის ჟანგბადს იღებდა. ეს უჩვეულო ტყე საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული, მაგრამ მის ბოლოს ჩემმა მახვილმა თვალმა პალმების კორომიც შენიშნა.

  ევრიკა.. სიხარულისაგან ლამის ხმამაღლა წამოვიძახე.

  საკუთარმა არაბუნებრივმა დაინტერესებამ ავსტრალიის კონტინენტის მიმართ, საკმაოდ ბევრი ინფორმაცია დამიგროვა. კარგად ვიცნობდი მის ფლორასა და ფაუნას, მათმა თვისებებმა დაახლოებით მიმახვედრა ჩემი ამჟამინდელი მდებარეობა. ამ უცნაური ხეების მასივს "მანგროს ტყეებს" ეძახდნენ და ის ავსტრალიის უკიდურეს ჩრდილოეთში და ჩრდილო-დასავლეთში იყო გავრცელებული. სადაც ცხელა და თბილი ტენი, მათი არსებობისთვის საუკეთესო კლიმატური ზონაა. ანუ, მე კონტინენტის „ზევით“ ვიყავი. ეს ძალიან მწირი ინფორმაცია იყო, რაიმეში რომ გამომდგომოდა, მაგრამ სულ არაფერს ნამდვილად ჯობდა. მოაჯირს ორივე ხელით დავეყრდენი და ფეხების გავარჯიშება დავიწყე, დასუსტებული კიდურები კვლავ არ მემორჩილებოდა.

  მოულოდნელად გემბანს, ჩემი მხრიდან, უზარმაზარი ტალღა ძლიერად დაეჯახა. ძალაგამოცლილი ხელებით თავი ვერ შევიკავე და მოაჯირზე მალაყი გავაკეთე, შუბლში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და ყველაფერი წამიერად სიბნელეში გაუჩინარდა...






                                                          2.           გაქცევა


      


  მხედველობაზე სწრაფად გონება დამიბრუნდა. როგორღაც მაშინვე გამახსენდა მომხდარი, მაგრამ თვალები რამდენჯერაც დავხუჭე და გავახილე, იმდენჯერ ჩემს სახესთან დახრილი ჩრდილი და მხედველობაზე გადაფარებული ნისლის მეტი, ვერაფერი დავინახე. გამჭოლი ნიავი ქროდა და თავიდან ფეხამდე სველს ერთიანად მაკანკალებდა.

  - მარკო!

  - კარგადაა, თავი დაარტყა მხოლოდ..

  თავს ძალა დავატანე და წამოდგომა ვცადე მაგრამ არ დამანებეს, მხარზე ვიღაც ფრთხილად შემეხო და ადგომის საშუალება არ მომცა.

  - ნუ გეშინია, კარგად იქნები! - იმდენად მზრუნველი ხმის ტონი ჰქონდა, მთლიანად გაყინულს საოცარი სითბო ჩამეღვარა გულში.

  რამდენიმე წამში, მზერას გადაფარებულმა ბურუსმა უკან დაიხია და ახალმოსულის შეშფოთებული სახე, ზუსტად ჩემს თვალწინ გავარჩიე. სველი თმა შუბლზე მიწებებოდა და სახეზე შერჩენილი წყლის წვეთები, ჩამავალი მზის შუქზე ათასფრად უკიაფებდა. დაძაბული მზერით დამყურებდა და ცდილობდა გამოეცნო, ნამდვილად კარგად ვიყავი თუარა.

  - მადლობა! -დავიჩურჩულე.

  თითქოს ჩემი ხმის ამოღებას ელოდაო, ძლიერი მკლავები მომხვია და ხელში ბამბის ფთილასავით მსუბუქად ამიტაცა. ძვლებამდე გათოშილს მისი შეხება იმდენად მესიამოვნა, სხეულზე ბეღურასავით მივეკარი. მომეჩვენა რომ სუნთქვა მყისიერად გააჩერა და უკვე კიბეზე ჩამავალი ანაზდად შედგა. წარბშეკრულმა დამხედა, მისმა მზერამ ჩემი სახე წამში მოირბინა, ბოლოს თვალებზე შეაჩერა და იმდენად უცნაური გამომეტყველება გაუხდა, მეგონა რასაც გავიფიქრებდი უთუოდ გაიგებდა. ამის გააზრებისას უხერხულად შევიშმუშნე და თვალი ავარიდე. კვლავ ტრიუმში ჩამიყვანა და ძირს ფრთხილად დამიშვა. იატაკზე სირბილე შევიგრძენი და დაბლა დავიხედე, ერთერთ ფანჯარასთან რბილი ლეიბი მოეტანათ.

  სწორედ ამ დროს ლუკთან ძახილი გაისმა. მარკო კიბისკენ გაემართა, ვიღაცამ ზემოდან დიდი ზომის პლედი ჩამოაწოდა. გამოართვა, მომიახლოვდა და თავფეხიანად შიგნით გამახვია, სითბომ სასიამოვნოდ დამიარა სხეულში და მადლიერი თვალებით ავხედე. ცალ მუხლზე იყო დაშვებული და განზე იყურებოდა, რატომღაც ვიფიქრე რომ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ორჭოფობდა. შემდეგ მომიბრუნდა, სახეზე ჩამოშლილი სველი თმა პლედს ქვემოთ ფრთხილად ჩამიკეცა, ფეხზე სწრაფად წამოიწია და მარტო დამტოვა. თანდათან გავშრი და გავთბი, ცოტახანში კი ქუთუთოები დამიმძიმდა და ლეიბზე გვერდულად მივწექი.

  რამდენხანს მეძინა არ ვიცი, მაგრამ კატერის დაძვრის ხმამ ფეხზე წამომაგდო, მაშინვე ფანჯარას ვეცი და გემბანიდან წყლის ზედაპირზე დავარდნილ სინათლეზე, ნაპირისკენ მქროლავი კატერი დავინახე, მარკო მართავდა... ისეთი მარტოობა ვიგრძენი რომ ტირილი მომინდა, ცხვირის წვერი სიმწრით ამეწვა. მისმა მზრუნველმა ჟესტებმა, იმედის მცირე ნაპერწკალი გამიჩინა რომ აქედან თავს დავაღწევდი, ახლა კი ეს ნაპერწკალი ჩემს წინ თვალდათვალ პატარავდებოდა. დიდხანს ვიდექი ფეხზე და მხედველობას ვძაბავდი, იქნებ დაბრუნებულიყო, მაგრამ შორს მოციმციმე რამდენიმე მკრთალი სინათლის მეტს ვერაფერს ვხედავდი.

  ამასობაში გარეთ ისე ჩამობნელდა, თავი კოსმოსში გამოკიდებულ სადგურზე მეგონა. უმწეოდ ჩავჯექი და მიმოვიხედე, საკვები იქვე შორიახლოს დაეტოვათ. ცოტა შევჭამე, კვლავ პლედში გავეხვიე და გავიტრუნე. ისე დამათენდა ვერაფერი გავიგე, თითქმის ძილღვიძილში გავატარე მთელი ღამე. ქვეცნობიერმა მარკოს უკან დაბრუნების იმედი დაიმახსოვრა და დილამდე კატერის ხმა ჩამესმოდა, მაგრამ ამაოდ.. ის არ დაბრუნებულა...

  მოსაღამოვებულზე, გემბანზე ხმაურმა იმატა და როდესაც მორიელმა საკვები ჩამომიტანა, თან ალკოჰოლის სუნი მოიყოლა. შევშფოთდი, რადგან მისგან კეთილგანწყობას ნამდვილად არ ველოდი. გნიასი კარგახანს გრძელდებოდა, მე უბრალოდ ის მაკვირვებდა, ორი ადამიანი ასე როგორ ხმაურობდა.

  ხავსსჩაჭიდებულივით ფეხზე რამდენჯერმე წამოვდექი, იმ იმედით რომ უკან დაბრუნებულ კატერს დავინახავდი, მაგრამ ტყუილად. რაღაც მომენტში, ფანჯარას შემოხეთქებული ტალღის მიღმა გაელვებულ საგანს მოვკარი თვალი, მაგრამ ალბათ მომეჩვენა, რადგან წამში გაქრა.

  მალე ხმაური ჩემს კიბესთან გაისმა და შეშინებულმა ორივე ხელი ყურებზე ავიფარე, მეგონა ამით თავს დავიცავდი იმისგან, რასაც ჩემი მუდამ უტყუარი ინტუიციით ვგრძნობდი. შინაგანმა, ემოციურმა კანკალმა უსწრაფესად მომიცვა, თვალები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე და ქანდაკებასავით გავშეშდი.

  ლუკი გაიღო და სამმა გალეშილმა მამაკაცმა ერთიმეორეს მიყოლებით ჩამოაბიჯა. თვალები ოდნავ გავახილე, არ შევმცდარვარ, მესამეც ახლდათ, მაგრამ პირველად ვხედავდი. გაუცნობიერებლად ნელნელა დავიხიე უკან, მაგრამ მალე აღმოვჩნდი კედელთან მიმწყვდეული. ზომაზე მეტად გაფართოებული თვალებით ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი. შიშმა ისე დამიმონა, აზროვნების უნარი საერთოდ დავკარგე. ხელ-ფეხი შეკრული არ მქონდა მაგრამ ვიცოდი, სამ ახმახს ვერსად გავექცეოდი, მითუმეტეს გემიდან.

  - რბილი ლეიბია!.. გამოდგება! -საშინელი ტონით და ავხორცი ღიმილით გადაულაპარაკა საყურიანმა მეგობრებს.

  - მარკომ კი გაგვაფრთხილა, მაგრამ რას გაიგებს?! ძალიან ლამაზი ხარ! -მითხრა მესამემ და ჩემსკენ გამოიწია. ის იყო პირი საკივლელად გავაღე, რომ მათ ზურგსუკან ხმადაბალი მაგრამ ფოლადივით მტკიცე ხმა გაისმა.

  - ხელს ვერ ახლებთ!

  სამივე შეთანხმებულივით ერთდროულად შებრუნდა. კიბის ძირში, აკვალანგებსა და ზღვის სათვალეში გამოწყობილი მამაკაცი იდგა. მკლავები გულზე დაეკრიფა და გაუნძრევლად გვიყურებდა. მაშინვე ვიცანი, ის იყო.. მარკო. ხელში იარაღი ეკავა და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, ვერცერთი გატოკებას ვერ მოასწრებდა, ისე გამოასალმებდა სიცოცხლეს.

  - მე თქვენ გაგაფრთხილეთ! - ცივად და ავისმომასწავებლად ჩაილაპარაკა.

  - მარკო, რატომ ქმნი პრობლემას?! შენც ხომ მოგწონს, დაგინახე როგორ უყურებდი! -მორიელმა ხელები გაშალა და ნაძალადევი სიცილით სცადა სიტუაციის განმუხტვა.

  მისი ნათქვამისთვის ყურადღება არც მიუქცევია, სათვალე ზევით აიწია და იქვე მიგდებულ თოკზე მანიშნა.

  - აიღე და სამივე ერთმანეთზე მიაბი, სწრაფად!

  ფეხზე კი არ ავდექი, წამოვფრინდი. თოკს ხელი ვტაცე და მეგობრები მტკიცედ გადავაბი ერთმანეთს. ჩემდა გასაკვირად, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მაგრამ ამაზე ფიქრისთვის არ მეცალა, იმდენად მომიცვა მოსალოდნელი თავისუფლების სიხარულმა. საქმეს მოვრჩი და მარკოს გვერდით ამოვუდექი. უსიტყვოდ მანიშნა ზემოთ ავსულიყავი. მაღლა ასულმა, გემბანზე დატოვებული ჟანგბადის ბალონი აიღო, ზურგზე მოიკიდა და მოაჯირისკენ წამიყვანა.

  სწორედ იმ დროს, როცა წელზე ღონიერი მკლავი ვიგრძენი და გადასახტომად მოვემზადეთ, ზურგსუკან სროლის ხმა გაისმა. ხმამაღლა ვიკივლე და წყლის მკვეთრი ტემპერატურაც ტყვიასავით დამეჯახა. სიცივემ დამბლასავით იმოქმედა და მომენტალურად ფსკერისკენ წავედი. როგორც კი გავიაზრე რომ ვიხრჩობოდი, რაღაცამ ჰორიზონტალურად გამითრია და ზუსტად გემის კიჩოსთან აღმოვჩნდი. მარკომ ჟანგბადი მომაწოდა და მეც ხარბად შევისუნთქე.

  მაღლიდან გემის კორპუსის ჩრდილი გვფარავდა, მარკო მას ნელნელა მიჰყვებოდა და მარჯვენით ღონივრად ვეკავე. მონაცვლეობით ვსუნთქავდით. აქაიქ წყლის ზედაპირს დაშენილ ტყვიებსაც მოვკარი თვალი, წვიმასავით რომ ცვიოდნენ და შემდეგ სიჩქარეს თანდათან ანელებდნენ. უეცრად მისი მარცხენა მკლავიდან, ზემოთ ტაატით მჟონავ სისხლს მოვკარი თვალი, ტყვია მიზანს არ აცდენოდა... რანაირად გაითავისუფლეს ასე უცებ თავი?! საკუთარ უყურადღებობაზე ისე გავმწარდი, სული უარესად შემიგუბდა. გულში ღმერთს მადლობა შევწირე, იმისთვის რომ ღამე იყო და შეფერადებული წყალი მაღლიდან რთულად შესამჩნევი იქნებოდა.

  დაახლოებით თხუთმეტი წუთი დავყავით ასე და მაშინ როცა მარკომ შედარებით უსაფრთხოდ ჩათვალა სიტუაცია, კვლავ წყალქვეშ გავაგრძელეთ ცურვა, გემის კორპუსის მარჯვენა პერპენდიკულარულად. რაღაც მონაკვეთის შემდეგ, გემის სინათლე ოკეანის თავზე გაქრა და მხოლოდ მაშინ გავბედეთ ზედაპირისკენ ასვლა. კიდევ საკმაო მანძილი ვიცურეთ და შორიახლოს კატერის სილუეტი მოულოდნელად დავლანდე.

  მთელი სისწრაფით მივქროდით, ისეთი ქარი უბერავდა, ჩემი კბილების კაწკაწის ხმა, ყურში უკვე მონოტონურად ჩამესმოდა. დაახლოებით ნახევარი საათი სანაპიროს გასწვრივ ვიცურეთ და როცა მივხვდი, სიცივისგან ყინულის ლოდივით გავქვავდი, სწორედ მაშინ იკლო სვლამ. მარკო მუხლამდე წყალში სხარტად გადახტა და კატერი ნაპირისკენ გაათრია. ჟანგბადის ბალონი იქვე დატოვა, მხოლოდ ზურგჩანთას დაავლო ხელი, რომელიც მანამდე სიბნელის გამო არც შემიმჩნევია. გადასვლაში დამეხმარა და სანაპიროს სიღრმისკენ გამიძღვა.

  იმდენად მციოდა, მეგონა ტვინი სრულიად გამეყინა, გაუცნობიერებლად მივყვებოდი. ფიქრის უნარი საერთოდ დავკარგე, კანკალს ვერაფრით ვიჩერებდი. შემამჩნია, ჩანთიდან კაპიუშონიანი მოსაცმელი უსიტყვოდ ამოიღო და მომაწოდა. სველ მაისურზე გადაცმას აზრი არ ექნებოდა, ამიტომ მისი წინ ყოფნით ვისარგებლე, სწრაფად გადავიძვრე და მოსაცმელში გავეხვიე. სითბოს შეგრძნება ისეთი სასიამოვნო იყო, ნეტარებისგან ლამის ხმამაღლა დავიკვნესე.

  შეუჩერებლად მიდიოდა, მეც ანაზდად მივდევდი უკან. დროდადრო ზღვისკენ ვიყურებოდი, მაგრამ უსასრულო შავი სივრცის გარდა ვერაფერს ვამჩნევი, ამან ცოტა დამამშვიდა.

  ქვიშიანი სანაპირო სწრაფად დასრულდა, პალმების კორომი დაიწყო თუარა ერთერთთან შეჩერდა, ჩამოჯდომა მანიშნა. ზურგჩანთა მთლიანად მიწაზე წამოყარა და ტანსაცმელი გამოარჩია. მივხვდი უნდა გამოეცვალა და ოდნავ შევბრუნდი. გვერდითმა მხედველობამ, მთვარის მკრთალ სინათლეზე მისი ფოლადივით ჩამოსხმული სხეული, მაინც შეამჩნია. რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ სხეულში ერთაიანად დამიარა და გაურკვეველმა ემოციამ მომიცვა. შევნიშნე რომ, დაჭრილი მკლავიდან ჩამოდენილი სისხლი ნაკადულივით მიუყვებოდა მტევანს, დასახმარებლად წამოვიწიე, წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჭრილობა გამჭოლი აღმოჩნდა და მეც შვებით ამოვისუნთქე, მისთვის ტყვიის ამოღებას ნამდვილად ვერ შევძლებდი. ჩანთიდან წამოვარდნილ კიდევ ერთ მაისურს, საკმარისი ნაჭერი ჰორიზონტალურად ჩამოვახიე, წყლით სავსე ბოთლით ნატყვიარი მოვბანე და მკლავი მჭიდროდ გადავუხვიე. უსიტყვოდ მადევნებდა თვალს. თავი რომ ავწიე, მისი მზერა ელვასავით შემომეფეთა.

  - რატომ დაბრუნდი?

  - დახმარება გჭირდებოდა!.. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა.

  - რაღატომ დამტოვე?

  - მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი.. - თავი დამნაშავესავით დახარა.

  - ახლა რას ვაპირებთ?

  - ჯერჯერობით უნდა გავქრეთ, შემდეგ კი შენი აქედან უსაფრთხოდ გაყვანის გზა ვიპოვო. - მიწაზე გაშლილი ნივთები კვლავ ზურგჩანთაში ჩაყარა და ფეხზე წამოდგა. პალმის ხეს მოზრდილი ტოტი მოატეხა და ისევ სანაპიროსკენ წასვლა მანიშნა. გაოცეულმა გადავდგი ნაბიჯი, ვერაფრით მივხვდი უკან რატომ ვბრუნდებოდით. წინ გამიშვა, თავად კი, ჩვენს მიერ დატოვებული ნაფეხურების წაშლა, პალმის ტოტით დაიწყო. გონება მოულოდნელად გამინათდა, ის ჩვენს გამოვლილ ნაკვალევს შლიდა. კატერის პოვნის შემდეგ, მდევარს უნდა ჰგონებოდა რომ კუნძულის სიღრმეში შევედით.

  იმავე გზით დავბრუნდით ნაპირთან და გზა მის გასწვრივ წყალდაწყალ, ფეხით გავაგრძელეთ. თითქმის ორი საათი შეუჩერებლად ვიარეთ. მთელი ამ დროის მანძილზე, ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია. მარკო ჰორიზონტს მზერაგასწორებული ლაღად მიაბიჯებდა, მე დედას ადევნებული ხბოსავით უკან მივ<