ლორა
ლორა
დაწყება ყველაზე რთულია, იმიტომ რომ არ ვიცი, ვერ ვახერხებ ან უბრალოდ ვერ ვპოულობ იმ ყველაზე მნიშვნელოვან, მძაფრ სიტყვას, ფრაზას, რაც აგრძნობინებს სხვას, მსმენელს, მკითხველს ან არ ვიცი მაყურებელს, ვინმეს, ჩემი განცდების, ჩემი შეგრძნებების რეალობას.
ამბავი რომლიც მინდა მოვყვე, ორმოცდაექვსი დღის წინ დაიწყო. ორმოცდაექვსი დღე ჩემს ახალ სახლში. ჰო, მთავარი გამომრჩა, არა, ჯერ პრინციპში არაფერი გამომრჩენია, რადგან არც მოყოლა დამიწყია. ორმოცდაექვსი დღის წინ გადმოვედი ახალ სახლში, ახალ ქალაქში.
ადრე ბაზელში ვცხოვრობდი, რვა წელიწადზე მეტი გავატარე ამ შესანიშნავ ქალაქში. ქალაქმა რომელმაც მომცა და შემაყვარა ბევრი რამ. ყველაზე მთავარი, მაჩუქა მეგობრები.
2021 წლის 14 აგვისტოს, ოფიციალუარად დავკეტე ჩემი სახლის კარი, მეპატრონეს ჩავაბარე გასაღები და გადმოვედი ახალ ქალაქში, სადღაც ოცდაათი კილომეტრის დაშორებით. ქალაქი რაინახი, ეს ქალაქი იმითაა გამორჩეული რომ ორ ენაზე ლაპარაკობენ ფრანგულად და გერმანულად.
14 აგვისტო, დილა.
რამდენიმე მეგობარი მოვიდა, გადაბარგება-გადაზიდვისთვის. გავნაწილდით სხვადასხვა მანქანებში და სატვირთო მანქანებში, ჩემი ყუთებით. ყუთები სადაც თითქოს არაფერია, მაგრამ მაინც მთელი ჩემი ცხოვრების სურათია. თითქოს არც არაფერი მჭირდება, მაგრამ მაინც ამ ყუთებით უნდა გადავბარგდე. ყუთებში შეიძლება იყოს, კედლის რაღაც უცნაური საკიდი, რომელიც არასდროს გამოგიყენებია, მაგრამ არც გადააგდე, ძველი სათამაშო კარტები, რამდენიმე კარტი რომ აკლია და თან არეულია. იცი რომ შეიძლება არასდროს გამოიყენო მაგრამ მაინც არ აგდებ, ჯერჯერობით. რა იცი რა ხდება? ათასი წვრილმანი თუ მსხვილმანია კიდევ ამ ყუთებში. ეს ყუთებიც საგანგებოდ მაქვს შეძენილი ამ დღისთვის, მერე აწყობილი და ყველაფერი სათუთად და სათითაოდ ჩალაგებული.
მივუახლოვდით ქალაქ რაინახს. ახალი სახლი სამ სართულიანია, 1870 წელს აშენებული, ძალიან მაღალი ჭერით და თავისებური საუკუნოვანი იდუმალი ხიბლით.
როგორც ახალ სახლში გადასვლას ახლავს წესი და ტრადიცია, ლუდის დალევა( ოღონდ მე ლუდის ბავშობიდან ვერ ვიტან ) სიცილი, ასვლა-ჩასვლის დროს უაზრო რეპლიკები და გამამხნევებელი სულელური შეძახილები, დაახლოებით ასეთია ჩვენი გადმოსვლაც. არაფერი განსაკუთრებული. თითქმის ყველაფერი ამოვიტანეთ. დავალაგეთ. ყველგან ყუთებია. წარმოვიდგენ, რომ ხვალიდან ეს ყველაფერი უნდა დავახარისხო და ნელნელა დავალაგო. წარმოდგენაც არ მინდა. წინ კიდევ დიდი შრომაა. ალბათ ორმოცდაათჯერ ავედით და ჩავედით ახალი სახლის კიბეზე. ყველა ყუთი მეზიზღება. ცოტახანში, აივანზე დავსხედით, ყველა დაღლილია, ბუნებრივია. ამდენი ნივთი თუ ყუთი აწიე, აიტანე, უკან ჩამოდი, ისევ აიტანე, ისევ ჩადი. და იგივე, და იგივე, იგივე და იგივე ბევრჯერ. ყველა დაღლილია, მაგრამ კმაყოფილი. გადასვლა შედგა. ახალ სახლში გადმოვედით.
მზეა, შაბათი, 14 აგვისტო.
დღეიდან ახალი მისამართი მაქვს. პრინციპში არც არაფერს ცვლის ახალი მისამართი, მაგრამ ხანდახან არაფერი და საერთოდ უმნიშვნელო დეტალიც კი ცვლის მთელ ცხოვრებას ან შეიძლება არ ცვლის, მაგრამ წარმოდგენას გიქმნის რომ ცვლის ანუ საბოლოოდ მაინც ცვლის.
აივანზე ლუდის სმის სცენას გავაგრძელებ, ყველა ნივთის ამოტანის შემდეგ, რომ დავსხედით ცოტა განსატვირთად, დასასვენებლად. ალბათ საათი ან ორი საათი დავყავით ერთად, ზოგმა დიდი ხნის და ზოგმაც არც ისე დიდი ხნის უნახავმა მეგობარმა. სახლს ერთი აივანი აქვს, ეს მეორე კი საერთო დიდი აივანია და ასევე კარის მეზობელს ეკუთვნის. აივნის წინ დიდი დალუქული კარია, რომელიც წესით ძველ კინოა. Cinéma “Rex”, დღეს აღარ ფუნქციონირებს. კარიც დალუქულია. რამდენიმე მეგობარი ადრე დაგვემშვიდობა, დანარჩენები ისევ აივანზე დავრჩით. ყველაფერს ვაკვირდებით ირგვლივ, საბედნიეროდ კარგი ამინდია. წარმოვიდგენ, წვიმაში გადაბარგება როგორი შემაწუხებელი იქნებოდა. ამინდში გაგვიმართლა. ვუყურებთ ღრუბლებს, სახლის სახურავებს, ყვავებს, ჰო, მართლა, ამ ქალაქში ბევრი ყვავია. იქვე, პატარა მანია თამაშობს ბურთს, ცდილობს ჩვენც გამოგვიწვიოს სათამაშოდ, ჩვენ რა თქმა უნდა გვეზარება. დიდებს ეზარებათ ხოლმე პატარებთან თამაში. ხანდახან გვავიწყდება რომ ჩვენც იგივე გავიარეთ, ჩვენც ვეხვეწებოდით დიდებს ჩვენთან ერთად ეთამაშათ ჩვენივე მოგონილი ,იდიოტური თამაშები.
მანია ჯიუტად, მარტო მაგრამ მაინც აგრძელებს ბურთის თამაშს.
მანია ჩემი შვილია, შვიდი წლის. არც ისე დამჯერი, ვიტყოდი ცელქიც, მაგრამ მაინც ძალიან ჭკვიანი გოგო.
ამ დროს, ჩვენს საუბრებში, ლუდის სმასა და სიგარეტის მოწევაში, ცის და სახურავების თვალიერებისას, რაღაც უცნაირი ხმა შემოგვესმა.
ქალის ყვირილი.
უფრო კივილი.
ვიტყოდი, გაბრაზებული ქალის კივილი. კი, აშკარად ძალიან გაბრაზებულის. ხმა საკმაოდ ახლოდან, ეს იგი ჩვენი სახლიდან. ალბათ პირველი სართულიდან ან მესამედან. ჩვენ მეორეზე ვართ. სახლი სამ სართულიანია. ცხადია ახლოდან.
მაშინ ამ ხმაზე, მგონი არავის გაუმახვილებია ყურადღება. რა მოხდა მერე? ყვირილის ხმა ყველას გაუგია ხანდახან. ვის არ ყოლია მეზობელი გაბრაზებული? ყველას აქვს უფლება განრისხდეს და იღრიალოს ცხოვრებაში ერთხელ და თუ გინდა ბევრჯერ.
დიახ , ნამდვილად გავიგეთ ყვირილის ხმა, ყველამ ერთმანეთს შევხედეთ და თითქოს მდუმარედ შევთანხმდით, რომ „რა მოხდა მერე?” „ხდება!“
არაფერი განსაკუთრებული.
საღამოს, როცა ყველა მეგობარი წავიდა, უკვე ჩვენი სახლის აივანზე გადმოვინაცვლეთ ბრაიმ და მე.
ბრაი ჩემი დიდი სიყვარულია, ჩემი შეყვარებული. ორი წელია ერთად ვცხოვრობთ და იმედი გვაქვს მთელი ცხოვრება, ყოველ შემთხვევაში დღეს ასე მინდა, გვინდა.
პირველი საღამოა ახალ სახლში. გარშემო ყუთები, ყუთები, ყუთები. ხვალიდან დალაგებას დავიწყებთ. ახლა ვისვენებთ, მაგრამ ვერც ვისვენებთ. რთულია არეულ სახლში დასვენება. ისე თუ შეყვარებული ხარ, ბევრ ყუთშიც შეძლებ დასვენებას ან თავის მოტყუებას, რომ კარგად ხარ, ხარობ და ისვენებ.
ვგრძნობ, რომ გვიხარია. საბოლოოდ გადმოვედით. კულმინაცია იმ რთული პროცესის რასაც ქვია „déménagement”, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, წარმატებით დასრულდა.
მოულოდნელად, აივანზე კიდევ ერთხელ შემომესმა უცნაირი ხმები, ხმა უფრო სწორად. უკმაყოფილო ქალის
ბუზღუნი თუ წუწუნი, რაღაც მსგავსი. სიმართლე რომ ვთქვა, იმდენი ემოცია და ენერგიაა ამ დიდი დღის ბოლოს, ცოტა უცნაური იქნება, დავაკვირდე და გავარჩიო, ვინ რას ლაპარაკობს და რომელი აივნიდან. არ მივაქციე ყურადღება.
დაღამდა. ვითომ არაფერი, მაგრამ ძალის წინ მაინც გამახსენდა გაბრაზებული ქალის ყვირილი, ცოტა მოგვიანებით კი, ისევ გაბრაზებული ქალის რეპლიკები, რომლის შინაარსიც მართალია ვერ გავიგე, მაგრამ არც არანაირი მნიშვნელობა ქონდა. მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს რომ ეს ყველაფერი რაღაც არასასიამოვნოს უკავშირდება. არასასიამოვნოა გაბრაზებული და უკმაყოფილო ადამიანი. არა? ამაზე მგონი ყველა შევთანხმდებით.
პირველად ვიძინებ ახალ სახლში. ძილის წინ მინიმუმ ერთი ან ორი წუთი, ყველას გვემართება გაფიქრების თუ ჩაფიქრების მომენტი.
ძილის წინ გავიფიქრე. გავიფიქრე ქალის ყვირილზე და მერე უფრო გვიან, უკმაყოფილო ქალის წუწუნზე, არა უფრო ჯაჯღანზე. ეს ორი ხმა ერთმანეთთან არ დამიკავშირებია. ეს ორი ხმა ერთი და იგივე ქალი არ მგონებია.
უბრალოდ ვფიქრობდი. ვფიქრობდი გაბრაზებულ და უკმაყოფილო ქალებზე. ძილის წინ ყველა ვფიქრობთ. უბრალოდ რაღაცაზე.
დილით თვალს რომ გაახელ და ისევ ყუთებში გძინავს, ხვდები რომ ისევ დაღლილი აგრძელებ ამ მარადიულ დღე - ღამის ყოფას, რომელ სისტემაშიც გავჩნდი და ვარსებობ.
შემიძლია არც დავალაგო. რა მეჩქარება? არა, მაინც მეჩქარება. ვეძებ ყუთებს, სად რა დევს, რომელი ოთახიდან ვიწყებ. ვეძებ აბაზანის ყუთს. ვპოულობ საძინებლის. ვალაგებ წიგნებს, ვხვდები რომ აზრი არ აქვს. ჯერ თაროებიც არ დაგვილაგებია, ვანებებ თავს და მოულოდნელად შემდეგ ყუთში ნახატს ვპოულობ, ვიღებ ნახატს, მაგრამ აზრი არ აქვს. ჯერ ლურსმნების და ჩაქუჩის ყუთიც არ ვიცი სად არის. ჩაქუჩის ყუთი რთული მოსაძებნია. როცა ვიპოვი, ვიპოვი. არ ვჩქარობ. სჯობს ეს ნახატიც ყუთში ჩავდო, იმიტომ რომ ასე ძირს დადებული ხელს შემიშლის. რომელ ყუთში იყო რა თქმა უნდა დამავიწყდა. იქვე ნებისმიერ ყუთში ვდებ. უი, აბაზანის ყუთი ვიპოვე ამასობაში. ვიწყებ ამოლაგებას, ვხედავ, რომ ეს ძირს დადებული ნახატი ფეხებში მებლანდება, თავისი ადგილის მიჩენა დამავიწყდა და ისევ ნებისმიერ ყუთში ვდებ, უბრალოდ თავიდან მოსაშორებლად, ამ ყუთში ლურსმანი და ჩაქუჩია მგონი, ბარემ სადმე კედელზე დავკიდებ ნახატს და მერე გავაგრძელებ აბაზანის ყუთს. ლურსმებიც ვიპოვე, მაგრამ ეს ლურსმნები არ მიდის ამ სახლის კედელზე. სადღაც სხვა ლურსმნებიც მაქვს, ჯობია ის მოვძებნო, სადღაც უნდა იყოს აქვე. კარგი, ცოტახანი ისევ აბაზანის ყუთს გავაგრძელებ, ნახატი მოიცდის. ნახატს ყუთში აღარ ვდებ, იქვე კართან მივაყუდებ, იმ იმედით რომ მეორე ლურსმნებს მალე ვიპოვი. ვიპოვი არა, უფრო დაველოდები როდის გამოჩნდება თავისით. აბა როგორ უნდა ვიპოვო თითის მეოთხედი ლურსმანი ოცდათხუთმეტ ყუთში? აბაზანის ყუთიდან გადმოლაგებულ ნივთებს ვერაფერს ვუხერხებ და რადგან არც აბაზანის თაროები გვაქვს მზად, ვფიქრობ იყოს ცოტახანი ისევ ასე. ამ ყველაფერს ისევ ყუთში ვაბრუნებ და რა თქმა უნდა ყუთები ერთმაენთში მერევა და მეშლება, იმიტომ რომ ყველა ყუთი ერთმანეთს გავს. საბოლოოდ აბაზანის ნივთებს, სამზარეულოს ყუთში ვალაგებ შემთხვევით. ამ უკანასკნელში უცებ ნემსს და ძაფს ვხედავ, სწრაფად ვიღებ, მახსენდება რომ სულ ათი წუთის წინ რაღაცისთვის ვეძებდი. მაგრამ რისთვის? ეს აღარ მახსოვს. არაუშავს გავიხსენებ. ნემსს და ძაფს იქვე ვდებ მაგიდაზე. არა, ეს არც ისე კარგი იდეაა, მაგიდას შემოსასვლელი ჯობია, ისე გულმოდგინედ ვეძებ ადგილს, თითქოს მართლა მნიშვნელოვანი იყოს ახლა ეს ნემსი და ძაფი, რომელიც რაში მჭირდება ისიც კი აღარც მახსოვს, სამაგიეროდ ვიცი რომ ადგილი აუცილებლად უნდა მოვუძებნო. სანამ ძაფს მოვუძებნი თავის ადგილს, წარმოვიდგენ რამდენ ნივთს ჭირდება ადგილის მოძებნა. ამასობაში ის სხვა ლურსმანებსაც ვპოულობ და დროც ვიხელთე ნახატის დასაკიდად. აააააჰ, ჩაქუჩი დამავიწყდა სად დავდე. აბაზანის ყუთში ხომ არ ჩავდე? აბაზანის ყუთი შესასვლელშია. ახლა მართლა გავგიჟდები! აბაზანის ყუთი სამზარეულოს ყუთში ავურიე, საძინებლის ყუთში ვერაფერს ვპოულობ, ალბათ ყველა ნივთი სხვაგან გადავალაგე, რაღაცის ძებნაში, მაგრამ რის, ეს არ მახსოვს.
შუადღის თორმეტი საათია. ანუ ოთხი საათია ვალაგებ.
რას ვაკეთებდი? ნახატის დაკიდვას ვცდილობდი, ახლა ვეღარც ნახატს ვპოულობ და ის ლურსმნებიც დავკარგე. ალბათ ისევ რომელიმე ყუთში ჩავდე, მხოლოდ პირველად ნაპოვნ ლურსმენს ვხედავ ჩემს წინ. ეს მაინც არ გამომადგება.
გაცეცხლებული ვდგავარ ოცდათხუთმეტი ყუთის წინ. პობლემა ისაა, რომ უბრალოდ ყუთებიდან ყველაფერი ამოვალაგე და ისე ავურიე ერთმანეთში, არაფრის პოვნის შანსი აღარ მაქვს. ოთხი საათი! ოთხი საათი დალაგების მაგივრად უბრალოდ უმოწყალოდ ავურიე, ისე რომ მარტო ღმერთის იმედი მაქვს, არ ვიცი რაღაც სასწაული ხელის, რომელიც მოვა და დაალაგებს აქაურობას.
მთელი ჩემი შეგნებული ყურადღებით ვდგავარ ყუთებთან და თითქმის ვლოცულობ. ვცდილობ ღრმად ვისუნთქო რომ მშვიდად მივყვე თითოეულ ყუთს. მეშინია კიდევ უფრო არ ავურიო. მშვიდად ჩავისუნთქო და ამოვისუნთქო, სხვათაშორის, სუნთქვა დღემდე ვერ ვისწავლე, ალბათ ამიტომაც არ ვიცი ცურვა. ხანდახან ჩასუნთქვას და ამოსუნთვასაც ვერ ვარჩევ. ვიცი დაუჯერებელია, როგორ შეძლება ადამიანმა ეს ორი რამ ვერ გაარჩიოს. არადა ნამდვილად ვერ ვარჩევ.
ამ დროს კარზე ზარია. ცოტა გაბრაზებული ზარი. ცხადია არავის ველოდები. ვის უნდა ველოდებოდე, ჯერ გუშინ გადმოვედი. ჩემი მობილური კონცენტრაცია ყუთების წინ, არაფრის დიდებით არ მინდა დაირღვეს და მანიას ვთხოვ კართან მისვლას. ისე, მანია ყოველთვის თანახმაა კარის გაღებაზე, ბავშვებს მგონი ძალიან უყვართ კარის გაღება. გონიათ რომ დიდ საქმეს აკეთებენ და უხარიათ. ერთი პერიოდი მანიასთან ერთად კარის გაღებობანასაც ვთამაშობდი, ის ზარს რეკავდა და მე ვუღებდი. შეეძლო სამოცდაათჯერ დაერეკა და შემოსულიყო. ბოლოს რა თქმა უნდა მე ვიღლებოდი და თამაშს ვწყვეტდი.
მანიამ ამჟამადაც სიხარულით გააღო კარი. კარის უკანა მხრიდან გაბრაზებული ქალის ხმა. კიდევ გაბრაზებული ადამიანი? კი ნამდვილად გაბრაზებული ქალის ხმა მანიას სთხოვს დარაბების დახურვას.
—დავიღალე და შევწუხდია ხმაურით. ორჯერ, დამარცვლით და გარკვევით გაიმეორა ქალმა.
მგონი მანიას კარის გაღება აღარ უხარია. უცებ მოვშორდი ჩემს არეულ-დარეულ ოცდათხუთმეტ ყუთს და დარაბები შევამოწმე. ყველა დარაბა დახურულია, ჩვენ არ ვხმაურობთ. კიდევ უფრო დამაბნია სავარაუდო მეზობელი ქალის სიბრაზემ. რას გულისხმობდა დახურული დარაბების კიდევ დახურვის თხოვნით? იქნებ კარი აერია? შეუძლებელია! ნამდვილად ჩვენ გვთხოვდა დარაბების დახურვას? და რატომ? იქნებ მოიგონა? მაგრამ რატომ მაინცდამაინც ეს მიზეზი? ბევრი რამ ვიფიქრე იმ ერთ პატარა წუთში.
მანია უკმაყოფილოა, მეზობელი გაბრაზებული და მე დაბნეული ყუთების წინ.
უკვე მეორე დღეა იძულებული ვარ მხოლოდ გაბრაზებულ და უკმაყოფილო ადამიანებზე ვიფიქრო. მათ ყოფას და გაღიზიანების მიზეზებს ჩავუღრმავდე. არადა ნამდვილად არ იყო ეს ჩემი არც არჩევანი და არც გადაწყვეტილება. ამ სრულიად ქაოსურ მდგომარეობაში, პარალელურად ჩემი ფიქრები გარშემო უცხო ადამიანების ფსიქოლოგიურ ანალიზს ცდილობდეს.
რა ვიზამთ? ხანდახან ასეც ხდება. ჩვენ არაფერს ვწყვეტთ, არაფერს ვგეგმავთ, მაგრამ გარემო პირობები, ჩვენი რეალობა გვიბიძგებს ან გვაიძულებს ფიქრს და ანალიზს.
რატომ?
რატომ არის ჩემი მეზობელი ქალი გაბრაზებული?
არ ვიცი, მაგრამ უცებ მივხვდი, რომ გუშინდელი ქალის ყვირილი, დღის მეორე ნახევარში რომ შემოგვესმა დიდ აივანზე, შემდეგ უკვე, საღამოს, აივანზე გაგებული ქალის უკმაყოფილო ქირქილი და დღევანდელი გაღიზიანებული ქალის ვიზიტი, სრულიად შესაძლებელია რომ ერთ ადამიანს უკავშირდებოდეს. ეს იგი, ეს სამი ისტორია, არა, უფრო სწორად ეს სამი შემთხვევა ალბათ ერთი და იგივე ქალია.
შეიძლება არა! ახლა უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ეს ერთი ქალია. ჩვენი მეზობელი, პირველ სართულზე.
ამ ქალზე ფიქრს შევყევი.
არა. კარგი რა!
რა დროს მეზობლის ქალებზე ფიქრია. ამდენი ყუთი მაქვს დასალაგებელი. ისე წარმოიდგინეთ, რა არასასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ასეთი არასტუმართმოყვარე გარემო გხვდება ახალ სახლში.
თითქოს მეშინია. დალაგების სურვილიც აღარ მაქვს. მართლა უსასრულოდ იწელება სათითაო ყუთის თვალიერება და თითოეული ნივთის ძებნა. ლაგება ისედაც მომაბეზრებელი პროცესია და ასმაგად მოსაბეზრებელი ხდება თუ შიში და გაურკვევლობა ახლავს თან. უცნაური ინერციით გაგრძელდა ახალ სახლში დაბარგება-დამკვიდრება. არაფერი აღარ მომწონს, არც ჩემი აივანი, რომელზეც პირველი ვიზიტის შემდეგ ამ სახლში, თითქოს შეყვარებულიც კი ვიყავი და აღარც ეს ქალაქი.
ჩვენი სახლის წინ ერთი შავი უფორმო და უცნაური შენობაა, რომ ვერ გაიგებ რატომ არის აშენებული. სულ დაკეტილია. ეს შავი სახლ-ნაგებობა ყველაზე მეტად მაღიზიანებს ამ ქალაქში. რა უნდოდა ამის პატრონს? ალბათ საქმე არ ქონდა, მაგრამ ქონდა ფული და სადღაც რაღაცის დახარჯვა მოინდომა. ასე გაჩნდა, საკმაოდ უხერხულ გზაჯვარედინზე, ქალაქის გულში ეს შეუხედავი, უფორმო შენობა. დღეს დილით ამ სახლის მეპატრონე გავიცანი, ეზოში იდგა, კვირაში ერთხელ მოდის, მტვერსასრუტს ჩართავს, ეზოს დაალაგებს და მიდის. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, Monsieur ლუი. შიგნით შემახედა, დამათვალიერებინა თავის სახლ-დარბაზი. რაღაც დარბაზს გავდა მართლა. თათბირების და კონფერენციებისთვის ნდომებია ეს შენობა, მერე Covid19 დაემთხვა და დარჩა ეს შავი მახიჯი შენობა, ასე უბრალოდ, კვირაში ერთხელ მტვერსასრუტის სტუმრობის და “იქნებ რამე იყოს მომავალში”-ს იმედზე. ყოველ საღამოს ყვავების ჯგუფი გადაუფრენს ხოლმე ამ მახინჯი სახლის სახურავს. ვუყურებ და ვხვდები, რომ ეს სცენაც ნერვებს მიშლის და დიახ! ყვავებიც! არ ვიცი რა, მაგრამ თითქოს რაღაც შეცვალა ჩემში, იმ პირველ დღეს გაგებულმა გაბრაზებული ქალის ყვირილმა, იმავე დღეს ამ ქალის უკმაყოფილო გაუჩერებელმა ჯაჯღანმა და მეორე დღეს, ტყუილით და აგრესიით სახლში მოვარდნამ.
რა შეიცვალა? რთულია დეტალურად ახსნა, კონკრეტულად რა. მგონი შიში. კი, შიში გამიჩნდა. შიში! უკმაყოფილო, ჩემით, თუ ჩვენით, თუ რაღაცით, შეწუხებული ადამიანის, ქალის რომელიც ერთი სართულით ქვევით ცხოვრობს.
14 აგვისტოდან, ლორა თითქმის ყოველდღე აწყობს მინიმუმ ერთ დასამახსოვრებელ და უფრო მეტიც საშიშ სცენას. სახელი უკვე ვიცი. ლორა. პირველ დღეს მისი ვიზიტის შემდეგ, სპეციალურად შევხედე მის საფოსტო ყუთს. Laura Zimmer
ლორას ყველაზე მეტად უყვარს აივნიდან მუქარა და განსაკუთრებით გულს ფხანს ჩემი შეურაცხყოფა. არა მუქარის მართლა არ მეშინია. უბრალოდ თავის დაღწევა მიჭირს ფიქრისგან, თუ რატომ? რატომ აკეთებს ლორა ამას? განუწყვეტლივ ვფიქრობ. რატომ, რატომ ჭირდება მეზობელ ქალს ჩემი დამცირება, გაუთავებელი მუქარა და საბოლოოდ ალბათ ჩემი შეშინება? ვფიქრობ და ვხვდები, რომ რეალურად ეს ფიქრი უბრალოდ ფიქრად რჩება და არც არანაირი აზრი აქვს ამ ვითომ ანალიზს. ვფიქრობ რომ არ მინდა, არ მჭირდება ეს ტვინის ჭყლეტა, მაგრამ მაინც ვაგრძელებ ფიქრს, ქალზე რომელიც ერთი სართულით ქვევით, ჩემზე ხმამაღლა ლაპარაკობს.
პასუხს არ ვცემ. აზრი არ აქვს, არ ვიცი რატომ მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვიმეორებ “აზრი არ აქვს”-ს. ზუსტად ეს მაშინებს, ეს პასუხგაუცემლობა, ეს მდგომარეობა რომ “აზრი არ აქვს”.
შეუძლებელია! დაიძინო, გაიღვიძო, ათასი საქმე აკეთო ერთდროულად, ბავშვებზე იზრუნო, უბრალოდ იცხოვრო და შენი ფიქრი მარტო ერთ ქალთან ტრიალებდეს.
მე ორი შვილი მყავს, მანია შვიდი წლის და მისი უფროსი და ანია. ანია ცხრა წლისაა. არ ვიცი რა ვთქვა ანიაზე. ცოტა ბრძენი ბავშვია. წყნარი, მათემატიკა უყვარს ძალიან.
მოკლედ რას ვამბობდი, იმას რომ შეუძლებელია უკვე ამ პირობებში ცხოვრება. შეუძლებელია ის შიში, რომელიც დამებადა ამ სახლში და ამ სახლშიც წარმოუდგენელი ხდება გაჩერება. ერთადერთი იდეა, რაც მაქვს, ისევ უნდა გადავიდეთ. აუცილებლად უნდა მოვძებნოთ სხვა სახლი და ისევ შევიცვალო მისამართი. კარგი. გადავალთ. ისიც ნათელია, რომ ძალიან ადვილია ასე უცებ გადაწყვეტილების მიღება, ჩემი გადასვლა კი მინიმუმ რაღაც გარკვეული დრო, ისევ ამ სახლში ყოფნას ნიშნავს. ხვალ, ზეგ და შემდეგ კვირას ვერსად გადავალ. ზუსტად, ეს ხვალ და ზეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დღეს მეშინია და დღეს დავდივარ რაღაც უცნაური ფორმის თითისწვერებზე სახლში. ვითომ ბალერინა ვარ. სხვათშორის ძალიან მომწონს ეს თამაში, როგორ მინდა ხედავდეს ლორა ჩემი ბალეტის სავარჯიშოებს. ასე სიარული სპეციალურად მოვიგონე, რომ ლორა არ შევაწუხო. ორი დღის წინ სახლში კიბეზე ამოსვლისას, ხელი ისე მძიმედ დაარტყა თავის სახლის კარს, მეგონა გული ჯერ ამომივარდა და მერე ყელში გამეჩხირა უკან რომ ვყლაპავდი ჩემივე გულს. არ ვიცი რატომ მოიფიქრა კარზე მუშტების დარტყმა ჩემს შესაშინებლად. ამ დღის მერე, კიბეზე ასვლის ან ჩასვლისას გული მიჩქარდება, იმ წამს განსაკუთრებით, როცა მის კარს ვუსწორდები .არანაირი სიხარული არ ახლავს ჩემს ახალ სახლს და ახალ ქალაქს. რაინახიც ნელ ნელა შევიძულე, ყველაფერს ვაკრიტიკებ. არაფერი მომწონს.
გუშინ ლორა მთელი დღე ჩხუბობდა, მინიმუმ, ვერ დავითვალე რამდენჯერ გაიმეორა სიტყვა დეზერტირი, უქნარა, უმაქნისი და ქუჩის ქალი. მგონი უქნარა და უმაქნისი ერთი და იგივე სიტყვაა, მართლა ვერ ვხვდები რატომ გონია ლორას რომ უმაქნისი ვარ ან დეზერტირში რას გულსხმობს? ქუჩის ქალი ვითომ არ გამიგია. მაინც არაფერს ნიშნავს.
როცა საფოსტო ყუთი მაქვს შესამოწმებელი, მთლი დღე ფეხს ვითრევ, არ მინდა ლორა შემხვდეს შემოსასვლელში. დღეს გიჟივით ამოვირბინე სახლში და აივანს შევაფარე თავი, ჩემი ყველაზე იდიოტური ჩვევის, სრულიად უაზროდ, სოციალურ ქსელების თვალიერების დრო მქონდა. მოულოდნელად მომდის ენით აუღწერლად საშიში ან მე მომეჩვენა ასე, ანონუმური შეტყობინება.
“უღირსო, ყველაფერს დაკარგავ, ინანებ და გვიან იქნება.“
მოგონილი, ერთი წუთის წინ შექმნილი პროფილით.