ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი #1
30 წლის ვარ. ჩემი ბავშვობის სახლში მივდივარ. სახლისთქო ვამბობ, სინამდვილეში 6 სადარბაზოიანი, სტანდარტული ქალაქის - სტანდარტული კორპუსის, მანქანებით გაძეძგილი ეზოა, ისეთი - პირველი სართულებიდან გამოღწეული გემრიელი საჭმელებისა და ეზოში მდგარი ნაგვის ურნებიდან გამოჟონილი არასასიამოვნო სუნი ერთმანეთში რომ ირევა, სადარბაზოების წინ, 3-4 კაცი რომ გადი-გამოდის და 3-4 ქალიც ამავე სადარბაზოების აყოლებაზე, აივნებზე რომ ჩამომდგარან. ბავშვები დარბიან - უფროსებს ფეხებში ედებიან.
ეზოში შევდივარ, არასასიამოვნო შეგრძნებები იწყება. მინდა კი ეზოში შესვლა?! მინდა რომ გავიარო მთელი ეს გზა სახლამე, მთელი 5 სადარბაზო, ცხვირწინ ჩავუარო ქვემოთ, ეზოში -კაცებს და ზემოთ-აივნებზე- ქალებს?! იქნებ ჯობია თავი ავარიდო ამ გზის გავლას, სადაც მითამაშია, წავქცეულვარ, მუხლები გადამყვლეფია, ხმამაღლა მიცინია, მწყენია, მიყვირია, მირბენია, სადაც დედას აივნიდან უამრავჯერ გადმოუძაახია რომ სახლში დროულად ავსულიყავი და მეც უამრავჯერ შევვედრებივარ რომ ცატა დრო კიდევ მოეცა... თუ ამდენი მიცხოვრია, ამ ერთი ზედმეტად ჩვეულებრივი ქალაქის, ზედმეტად ჩვეულებრივ ეზოში, მაშინ რატომ მრჩება ფეხები უკან? რატომ მირჩევნია შემოვლითი გზით მივიდე შინ, ოღონდ ამ გზაზე არ გავიარო. ამაზე აქამდე არ მიფიქრია, ზოგჯერ არ მეცალა და იმიტომ, ზოგჯერ ჩემს გრძნობებს ვუყრუებდი და იმიტომ, ზოგჯერ მეზარებოდა და იმიტომ....
ერთ ძალიან ჩვეულებრივ დღეს კი, 30 წლის რომ ვიყავი და სახლისკენ მიმავალი გზა თან რომ მახარებდა და თან - მაფრთხობდა, დავფიქრდი.
5-6 წლის ვარ. ჩემი აივნის წინ ქვიშაში ვთამაშობ. დედა აივნიდან იყურება. 90-იანებია, ის დრო, უფროესებისთვის ერთ-ერთი თავშსაქცევი, აივანზე დგომა და მეზობლებთან გადაძახილ-გადმოძახილი რომ არის. თავს კარგად ვგრძნობ, ვერთობი. დროდადრო დედას ვუყურებ. დედა ლაპარაკობს. ჩვენი კარის მეზობლის ქალს ესაუბრება. აივნიდან-აივანზე.
სახლში გვიან ავდივარ, დედა გაბრაზებული მხვდება. მახსოვს რომ ასეთი არ დამიტოვებია. ყურადღებას არ ვაქცევ, ასე ხშირად ხდება, უმეტესად მამას გამო.
მაგრამ არა, ვგრძნობ რომ ახლა სხვა რამეშია საქმე, ვგრძნობ რომ დედას რაღაც აწუხებს, რაღაც, რაც ჩემთანაა დაკავშირებული... მაგრამ რა?!
ცივად მელაპარაკება, ყურადღებას არ მაქცევს. ვხვდები რომ გამოვიცანი, კი, დედა ჩემზე ბრაზობს. მიწყებს ჩხობს, ვერაფერს ვხვდები, მოგვიანებით პირდაპირ მეუბნება. მეუბნება რომ დღეის ამას იქით, ეზოში დახეული კაბით აღარ ჩავალ.
მე მიკვირს, გულწრფელად და ბავშვურად, რადგან კაბა რომლის ჩაცმაც რამდენიმე წამის წინ ამიკრძალეს, ჩემთვის განსაკუთრებულია. რამდენიმე ადგილას დაკემსილი და კიდევ მაინც ალაგ-ალაგ თვალგაქცეული, შეკოწიწებული მწვანე კაბა - რომლის ჩაცმაც მაშინ 5-6 წლის ასაკში მთელი ერთი დღის ბედნიერებად მიღირად და რომელსაც ახლა ჩემი ბავშვური სამყაროს მთავარი ადამინი ხელიდან მგლეჯს.
მწყინს და ვფიქრობ, აქამდე რატომ არ დამიშალეს?! აქამდე რატომ არ ამიკრძალა?!... ახლა რა მოხდა, რა შეიცვალა?!
მიზეზს მოგვიანებით ვიგებ. ჩვენი კარის მეზობელი ქალი. აი ის - ამ საღამოს აივნიდან-აივანზე დედას რომ ელაპარაკებოდა. დიხ, თურმე სალაპარაკო თემა მე ვყოფილვარ. მე და ჩემი კაბა, მე და ჩემი „საცოდავი იერი“ ამ კაბაში. თურმე ჩვენს მეზობელს დედასთვის დახმარება შეუუთავაზებია, თუ საშუალება არ გაქვთ, მე ვუყიდი ტანსაცმელსო. დედას რა თქმა უნდა შეუცხადებია, უუკადრისია, რას ამბობ, ეგ რამ გაფიქრებინა - უბრალოდ ამ კაბაში უყვარს გამოწყობაო. მეზობლის ქალს კი ჩაულაპარაკებია რა უცნაური და თავისებური ბავშვიაო
ეს იყო ჩემი პირველი ზედსართავი სახელი - უცნაური !
ზედსართავი სახელი #2
გეგრაფიის გაკვეთილია. ფანჯარასთან ახლოს მესამე მერხზე ვზივარ. კლასში უცხო ქალი და კაცი შემოდის. გვესალმებიან. გვთხოვენ რომ მხოლოდ გოგონები ავდგეთ ფეხზე. ვდგებით. გვათვალიერებენ. რამდენიმე წამის შემდეგ, ერთი ჩემი კლასელისკენ იშვერენ თითს, მერე მეორესკენ, ბლოს-ჩემსკენ.
-დანარჩენები დასხდედით!
სხდებიან, ჩვენ დარბაზში გავყავართ. გზაში ჩვენ სამი წათამაშებას ვასწრებთ. დარბაზში შევდივართ. 10-15 გოგო ადგილზე გვხვდება. გგვამწკრივებენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ ლამაზები ვართ, რომ სილამაზე ძალიან კარგი რამეა, რომ სილამაზით შეიძლება ბევრს მივაღწიოთ - სხვებზე ბევრს. აგვიხსნენს რომ ახლა ფოტოებს გადაგვიღბდნენ და შემდეგ რომელიღაც გაზეთში დაბეჭდავენ, რომ ძალიან გაგვიმართლა და ძალიან უნდა გვიხაროდეს. არ მახსოვს იმ წუთას რას ვფიქრობდი, ალბათ მიხაროდა... გაკვეთილს რომ ვაცდენდი...
გოგოებს, ის კაცი, წეღან გაკვეთილზე რომ შემოგვეჭრა სათითაოდ ეძახის, სცენის გავლით ფარდით გამოყოფილ კულისებში გაჰყავს, დაახლოებით 10 წუთში უკან აბრუნებს, მერე შემდეგი და ასე... ჩემი ჯერიც მოვიდა. ფარდას გულმოდგინედ ამოვეფარეთ, შეტრიალდიო მითხრა. შევტრიალდი, ახლა განახებ როგორ უნდა დადგე რომ კარგი ფოტო გამოგვივიდესო. წელზე მხვევს ხელს, მერე მთელი ძალით მებჯენს სხეულს. თავს უცნაურად ვგრძნობ, აქამდე ასე ახლოს ჩემთან არავინ ყოფილა. მხარს მიშიშვლებს, გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობ...ახლა კარგად დგახარო მეუბნება, რამდენიმე ფოტოს მიღებს.
ავილეწე, ბრაზი, შიში გაურკვევლობა ერთმანეთში იხარშება. ყველაზე მეტად ჩემს უსუსურობაზე ვბრაზობ. უსუსურობაზე, რომელმაც გამაჩუმა, რომელმაც აჯობა ბრაზსს რომელმაც ჩაახშო ჩემში ხმა და არ მომცა საშუალება თუ არ ვიყვირებდი, ამომეღერღა მაინც რას აკეთებ?! არმინდა! არ მომწონს! არ მაინტერესებს შენი ფოტოები და მითუმეტეს შენი სხეული!
უსუსურობა ყველაზე საშიში მტერია ადამიანის, უსუსურობა გვაიძულებს საკუთარ თავთან ვითვალთმაქცოთ, თავი მოვიტყუოთ, თვალები დავხუჭოთ და სმენა დავიხშოთ. დროებით გვაცილებს რეალობას და მერე, ყველაზე მძაფრ მომენტში გვახსენებს, რომ დროა დაუბრუნდე რეალობას.
ჩემთვის არავის უთქვამს როგორ უნდა მოვიქცე მაშინ, როცა უცხო ადამიანი ჩემით ერთობა, ამიტომ მე უსუსური ვიყავი!
ჩემთვის არავის უთქვამს რა უნდა მეთქვა უცხო ადამიანისთვის, რომელიც იმ სხეულზე მეხება, რომელიც ბოლომდე ჯერ მე თავადაც არ შემისწავლია.
ჩემთვის არავის უთქვამს რომ ჩემი ემოციები სხვების, მითუმეტეს კი უცხო ადამიანების სურვილებზე წინ უნდა დამეყენებინა და დიახ მე ვიყავი უსუსური!...
უსუსური მაგრამ დამჯერი, დამჯერი დედის, დამჯერი მამის, დამჯერი მასწავლებლის, დამჯერი მეზობლის და აგერ უკვე ვიღაც უცხო კაცის, რომელმაც რამდენიმე წამის წინ ხელეფის ფათურით, შუა სკოლაში, ზედ სცენაზე, ჩემივე ნებით, ჩემი სხეული დააგემოვნა... მადლობა ამისთვის იმ საზოგადოებას რომელიც მუდამ მიმეორებდა რომ უფროს არ უნდა შეეპასუხო...
ამ ამბის შემდეგ, ჩემი მისამართით, ახალი ზედსართავი სახელი მწიფდებოდა და იკრებდა ძალებს... და ეს გახლდათ -ლამაზი, რომელმაც მოახერხა და ყველააზე მეტად შემისისხლხორცა.
მოზრდილობისას აღმოვაჩინე რომ არც ისე ლამაზი ვიყავი, უფრო მეტიც შეიძლება ითქვას რომ საერთოდ არ ვიყავი ლამაზი... მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა სად წამეღო ეს ჩემი ზედსარავისახელი, რომელიც უნდა გამოვტყდე და მეც მომწონდა. მომწონდა, მაგრამ ფაქტია ჩემს ბარგად იქცა, ტვირთად, რომლის ზიდვაც მიჭირდა. ახალი სიტუაციები, ახალი გარემო, ახალი ადამიანები.... და მე და ჩემი ზედსართავი სახელი-ლამაზი.
თითქოს უფლება აღარ მქონდა ლამაზი არ ვყოფილიყავი, თითქოს ჩამომართვეს შესაძლებლობა, ზოგჯერ ვყოფილიყავი ისეთი, თვალში რომ არავის მოხვდება. თუ კი შესაბამისად არ გამოვიყურებოდი, იწყებოდა კითხვბი - „რა გჭირს?“ „წუხელ არ გეძინა?“ შენ რაღაც ამ ბოლო დროს აღარ უვლი თავს“ და ასე დაუსრულებლად... მეც მეგონა რომ უბრალოდ არ მქონდა უფლება ხალხისთვის იმედი გამეცრუებინა, იმ ხალხისთვის, რომლებმაც ასეთი ძვირფასი ზედსართავი სახელი გამოიმეტეს ჩემთვის. მე კი რას ვაკეთებ?! ჩემი ხელით ვაცამტვერებ ამ დიდებას, ჩემი სურვილით ვთმობ ამ ტიტულს, ჩემივე ნებით უკან ვუბრუნებ ხალხს ამ დიდებლ შეფასბას?!
არა ვიტოვებ! მომწონს, მინდა, მადლობა!
ბოდიში - უკან მიმაქვს ყველა ჩემი სიტყვა...კი, კი, ლამაზი ვარ. გუშინ არ მოგეწონეთ? გუშინ უბრალოდ ავად ვიყავი.
უი, დღესაც არ მოგწონვართ? ხო დღესაც ვერ ვარ ფორმაში...
აი ხვალ აუცილებლად მოგეწონებით, გპირდებით. ოღონდ არ წამართვათ ჩემი ზედსართავი, უკან არ წაიღოთ, სხვას არ მსცეთ, ხვალ ყველაფერს გავაკეთებ რომ მოგეწონოთ, მაპატიეთ ეს ერთხელ მაპატიეთ...
ხოდა მეც ვაკეთებდი ყველაფერს, ყველაფერს ჩემი „ტიტულის“ შესანარჩუნებლად. მოვუხშირე ტანსაცმლის ყიდვას, მაკიაჟის გაკეთებას, ვარცხნილობის შერჩევას, საათობით სარკის წინ ტრიალს, ნაკლის აღმოჩენს და მერე ამ ნაკლის საგულდაგულოდ დამალვას ... სხვათაშორის შრომატევადი საქმეა, ზოგჯერ სულაც არ გინდა, ზოგჯერ ძალიან გეზარება, მაგრამ მთავარია ინარჩუნებ შენს ზედსართავს, აბა ეგ რომ არა, რა იქნებოდი?!
შევეჩვიე საქმის ნაკლები პასუხისმგებლობით კეთებას და ამის საზოგადოების მხრიდან „შენდობას“ - რატომ? იმიტომ რომ ლამაზი ვიყავი...