შლამენფობოპათი
შლამენფობოპათი
დ ი ლ ი ს ტ კ ი ვ ი ლ ი
ერთ დღეს უჩას ისეთი საშინელი ეიფორიით გაეღვიძა, თავს ვერაფერი მოუხერხა და პირდაპირ ფანჯრიდან გადახტომა დააპირა, მაგრამ ფანჯრის გაღებისთანავე სუსხმა ძვლების ჭმა დაუწყო. ცხადია, მან კარგად იცოდა მსგავსი ეიფორია რითიც იყო გამოწვეული, თუმცა ამის აღიარებას საკუთარ თავთანაც ჯერ ნამდვილად არ აპირებდა.
ამას ისიც ემატებოდა, რომ ტკვილს უკვე უკანასკნელ საფეხურამდეც მიეღწია. ვერაფრით წარმოიდგენდა, თუ საქმე აქამდე მივიდოდა. მან სასწრაფო დახმარების ნომერი მხოლოდ მაშინ აკრიბა, როდესაც რამდენიმე წამით სუნთქვა გადაეკეტა.
ყველა და ყველაფერი მშვიდად მანამ იყო, სანამ ბიჭს ვიღაცის გამაყრუებელი ტირილის ხმა არ გამოაფხიზლებდა და შფოთისაგან თავდაღწეულს, მისი მეშვიდე სართულის ფანჯარაზეც კაკუნის ხმა არ მოესმებოდა. ამაზე ის ჩვეულებრივ ყოველთვის ცოფდებოდა და ამის გამო მთელს დღეს იმაზე ფიქრში ატარებდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის უსაქმური, რომელიც მას ფიქრსა და მშვიდად, მყუდროდ ყოფნაში ხელს უშლიდა. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ტირილსა და ფანჯარაზე კაკუნს, შემდეგ მკერდის ტკივილიც თან ახლდა.
მიუხედავად ამისა, ასეთ დროს მას ყურადღება ყოველთვის სხვა რაიმეზე გადაჰქონდა, მაგალითად, ოთახში დაყრილ, უამრავ ხარახურაზე, რომლის მილაგებისთვის მას ნაკლებად ეცალა. თითქმის არც არასოდეს ჰქონდა დრო.
იქაურობა მხოლოდ მაშინ თავისუფლდებოდა (და ისიც სანახევროდ), როდესაც საუკეთესო მეგობარი მას სახლში აკითხავდა ხოლმე. შემდეგ, იქაურობას მიალაგ-მოალაგებდნენ, რათა ახალი ხარახურისათვის ადგილი კვლავ დარჩენოდათ.
მთლად ასეთი საშინელებაც არ ხდებოდა, როდესაც ის კარგ ხასიათზე იყო. ხანდახან, უცნაურ გუნებაზე გაღვიძებული, ფეხზე წამოიჭრებოდა, ლოგინზე ხტუნვას დაიწყებდა და მეშვიდე სართულის ფანჯრიდან გასძახებდა: “დღეს მთელი სახლი უნდა გადავატრიალოო!”.
შესაძლოა, ყეყეჩ მეზობლებს მართლაც ეგონათ, რომ ის მთელი სახლის გადატრიალებას აპირებდა, თუმცა კი საქმე მხოლოდ მთელი სახლის წესრიგში მოყვანას ეხებოდა.
და ალბათ სწორედ, ამგვარმა აჟიტირებულმა ქმედებამ მისი ორგანიზმი საგულდაგულოდ შეარყია. ვერ იტყოდა, რომ იმ წამსვე რაიმე უცნაური იგრძნო სხეულში. შესაძლოა იგრძნო კიდეც, თუმცა ვერაფერს მიხვდა. ტკივილმა მატება უწყო. აქამდეც შეუწუხებია ის ასეთ ტკივილს დილით ადრე, არითმიის გამო, მაგრამ დღეს - განსაკუთრებულად უჩვეულოდ.
ბარბაცებდა კიდეც. ამის მიუხედავად, რეპეტიცია მაინც არ გადაუფიქრებია, პრინციპულად ორმაგი დატვირთვით განაგრძო კიდეც, რამაც ბოლოს შედეგიც კი გამოიღო.
პირველად იფიქრა, ალბათ ზედმეტი კოფეინის ბრალიაო, თუმცა შუა დღემდე ისედაც მიირთმევდა ხოლმე სამ ფინჯან ყავას, რაც აქამდე მისთვის პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენდა.
მალევე ხველაც აუტყდა, რასაც მაშინვე ცხელი სითხე დაატაკა, “რავიცი და იქნებ, ვცივდები კიდეცო?”. გულის ტკივილი კი უმატებდა და უმატებდა. მკერდის ფხანვამ რომ ვერაფერი შედეგი გამოიღო, გადაწყვიტა, მცირე ხნით გაშიშვლებულიყო, ფანჯარა გამოეღო და სუფთა ჰაერი ჩაესუნთქა.
საიდანღაც ახსოვდა, რომ პარალელურად პოზიტიურ ამბებზე ფიქრიც კარგის ნიშანი იყო, რათა გულიდან დარდი და წუხილი ამოეგლიჯა.
არაფერმა გამოიღო შედეგი. ბოლოს პულსაციაც მოუჩქარდა და მარჯვენა მხარეს ნემსივით უწყო რაღაცამ ჩხვლეტა.
ხელს განზრახ მარცხენა მხარეს იკიდებდა, რათა ტკივილს იქამდე მაინც არ გადაეღწია. მართლაც და ჭიანჭველებივით ედებოდნენ მის გულ-მკერდს. კბენდნენ. დასავსასვებდნენ. იჩხვლიტებოდნენ.
აღარ ახსოვდა სასწრაფო დახმარების ნომერი. საუკეთესო მეგობართანაც შეეძლო დარეკვა, თუმცა შეწუხებად არ უღირდა ჭიანჭველები.
სასწრაფო დახმარების ნომერი ინტერნეტში სწრაფად მოიძია. შემდეგ, თავში ხელი შემოირტყა: “ეს როგორ უნდა დამვიწყებოდაო”, ნომერი სმარტფონში ჩაინიშნა, შემდეგ, ისევ წაშალა: “არაფერშიც არ დამჭირდება, ადგილს რატომ უნდა იკავებდესო” და ბოლოს, როგორც იქნა, ზარი გაუშვა.
ხუთი წუთის მანძილზე კვლავ ოპერატორის გამაღიზიანებელი ხმა ირთვებოდა. ტკივილი ხან იკლებდა, ხან კი ერთბაშად მთელ ტანში აჟრჟოლებდა პარალელურად.
ასე საშინლად, ბოლოს, მხოლოდ ბავშვობაში იგრძნო თავი და ისიც მხოლოდ 5 წუთით. მას შემდეგ პატარ-პატარა ტკივილები ჰქონდა და დროდადრო რეაგირებას ახდენდა. ვერ წარმოიდგინდა, რომ შესაძლოა ასეთი გართულებაც კი მოჰყოლოდა უყურადღებობას.
სმარტფონის მინარცხებამდე არაფერი უკლდა. ამჯერად გულ-მკერდში ტკივილი კი არა - ქავილი შემოსჩენოდა. სხეულს ხელის ფრჩხილებით იკოტავდა, წრიულად, ოთხკუთხედად, ხუთკუთხედად, შემდეგ ცალ-ცალი თითით, მაგრამ ალბათ სჯობდა, საქმე პროფესიონალებისთვის მიენდო. პროფესიონალები კი ყურმილს არ იღებდნენ. ალბათ ხაზები საკმაოდ გადატვირთული უნდა ყოფილიყო.
ინანა, რომ დარეკა კიდეც. ალბათ უფრო იმიტომ, რომ სასწრაფოში არ-დარეკვის საკუთარ თავთან არ-დადებული აღთქმა დაარღვია. თითქოს სიცოცხლოს ბოლომდე სურდა ეტრაბახა იმ ფაქტით, რომ საკუთარი ხელით სასწრაფო დახმარებას არასოდეს გამოიძახებდა. არც კი იცოდა, რაში სჭირდებოდა ამ უკანასკნელის შესახებ ტრაბახი, მაგრამ იქნებ სიცოცხლის ბოლოც უკვე მოახლოებულიყო და ამის შესახებ მთელი გულ-მკერდი აუწყებდა.
“რაღაც ვერ ვარ კარგად, გული მტკივა და იქნებ მოხვიდე?”
ხმოვანი შეტყობინება მაინც გაუგზავნა საუკეთესო მეგობარს. იმედი ჰქონდა, რომ მანამდე საკუთარ თავს მარტო გაუმკლავდებოდა.
ამასობაში თავში იდეამაც გაუელვა. ის, შიშველი, ლოგინზე გულაღმა წამოწვა, გონება გათიშა, ჭერს მიაშტერდა და დაიწყო. ლოდინი.
ს ტ უ მ ა რ ი
ნაიას სულ რაღაც 10 წუთი დასჭირდა მოსასვლელად. კარზე კაკუნი არ ყოფილა. გოგონამ გაუფრთხილებლად შემოაღო კარი და პირდაპირ მისაღებში შეიჭრა. თვალწინ ჩვეულებრივ არეულობას შეეჩეხა, თუმცა წინანდელთან შედარებით, ამ არეულობის მასშტაბები გაცილებით უარესი იყო.
გოგონას მეგობრის ძებნა არ დუწყია, რადგან კარგად იცოდა, სად უნდა ეპოვა ის.
ის თავის ოთახში კვლავ გულაღმა იწვა, შიშველი და თვალებით ჭერს მისშტერებოდა.
- ვაიმე, უჩა, - შეშფოთებულმა, თვალებზე ხელები აიფარა. - რა ჯანდაბაა?! - უჩა მყისიერად გამოცოცხლდა. დამფრთხალი, თვალებს სულელივით აცეცებდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ნაია მისმა სიშიშვლემ შეაკრთო.
- არ მეგონა, თუ შიშველი ვიყავი!
- ხუმრობ, არა? - გოგონა მას ნახევრად ღია კარიდან ესაუბრებოდა და ამასთანავე სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდა.
- არ ვხუმრობ, ნაია! აღარც კი მახსოვდა, რომ ტანზე საცვალიც კი შემოვიძვრე!
- შეშლილი ხარ! სწრაფად, ჩაიცვი და შემომიშვი!
ბიჭმა არეულ კარადაში ვერაფერი იპოვა. სუფთა საცვლები სავარაუდოდ სარეცხ მანქანაში ეყარა გასაშრობად გამზადებული, ხოლო წეღანდელი - მეორე ოთახში ეგდო. რადგანაც სააბაზანომდე მხოლოდ ერთი კედელი აშორებდა, სასწრაფოდ რაღაც უნდა ეღონა, რადგან ნაიას ვერაფრით გაუმხელდა, რომ საცვლები ოთახში აღარ ჰქონდა.
უჩამ გადაწყვიტა ეს ფაქტი დაეიგნორებინა, თანაც ახლა საცვლების რჩევის დრო ნამდვილად არ ჰქონდა. მან შიშველ ტანზე პირდაპირ გაურეცხავი შარვალი ამოიცვა და გოგონას ნება დართო ოთახში შესულიყო.
ნაია სახეზე ხურდა, ცოტათი ლოყებიც შესწითლებოდა. გოგონას თაგუნია მიკის ნახატიანი ჰუდი ეცვა და თმა აქეთ-იქით, ორ ბურთად, შეეკრა.
- რა მოხდა, კარგად ხარ? ტელეფონში ისეთი ხმა გქონდა, სიმართლე გითხრა, შემეშინდა...
- კარგად არ ვარ! ნამდვილად არა! - ბიჭმა ოთახში ბოლთის ცემა და კარადასთან ტრიალი დაიწყო, იმ იმედით, რომ შარვალს რაიმე წესიერს შეუხამებდა. - ვერაფერს ვაკეთებ, ვერაფერს ვაკეთებ! ყველა და ყველაფერი დამცინის!
- რას გულისხმობ? ამჯერად რა მოხდა?
- გეხვეწები, იქით ოთახში გავიდეთ, აქ სული შემეხუთა, სუნთქვაც კი მიჭირს! - ამის თქმაზე, ბიჭმა სინათლის გამომრთველს ხელი ჩამოჰკრა და ოთახი დააბნელა. გოგონა მას დამორჩილდა. ისინი მისაღებში გავიდნენ.
ნაიამ იატაკზე დაყრილი ჩანთები, ძველი, მტვრიანი ყუთები და ფეხსაცმელებს ამოძრობილი თასმები, მარცხენა ფეხით გვერდით გასწია.
მისაღებამდე მისასვლელი პატარა დერეფანი სავსე იყო გაუხსნელი პაკეტებითა და ქაღალდებით. გოგონას კი წარმოდგენა არ ჰქონდა, როდის მიასუფთავებდა მეგობარი არეულობას. კიდევ კარგი, საძინებელში მხოლოდ რამდენიმე წამი დაჰყო და წესიერად არ შეუმჩნევია იქაური ქაოსი.
უჩამ ფარდები გადასწია, წაქცეული სკამი კვლავ კომპიუტერის მაგიდასთან მიადგა და მადუღარის ღილაკს მექანიკურად თითი დააჭირა.
- ყავა გინდა?
- არ მითხრა, რომ საქმე როლიკებს ეხება! - პირდაპირ მიახალა გოგონამ მას სიტყვები.
- არ მაქვს!
- რა არ გაქვს? - შეცბა ნაია.
- ყავაზე ვამბობ... არ მაქვს-მეთქი... გათავებულა...
- არ მინდა ყავა, სხვა რამეს დავლევ! მითხარი, რომ საქმე როლიკებს არ ეხება და ყველაფერი რიგზეა!
- არა, არ არის ყველაფერი რიგზე და ყველაზე უარესი, - ირონიულად ჩაეცინა მას, - საქმე სწორედაც რომ როლიკებს ეხება!
- რას ნიშნავს...
- გაგიჟებული ვარ! - უჩა ლეპტოპის მაგიდასთან მივარდა და კლავიატურაზე თითების ტკაპუნს მოჰყვა.
- აუ, ყავა მართლა არ გაქვს? - მიუახლოვდა მას გოგონა.
- წარმოუდგენელია! მთელი ორი კვირის შემდეგ მეუბნებიან, რომ გადახდა წარმატებით ვერ განხორციელდა და საქონელს ჯერ ვერ გამომიგზავნიან.
- დარეკე?
- სად უნდა დამერეკა, ნაია? ბანკს მივწერე და თანხა უკვე დიდი ხნის ჩამოჭრილიაო. წესით პროდუქტი უკვე გზაში უნდა იყოს...
- იქნებ, პრობლემა თავდაპირველად შეიქმნა, შემდეგ კი გადახდა უპრობლემოდ განხორციელდა და ახლა ყველაფერი რიგზეა?
- ასეთ შემთხვევაში, ამ ყველაფერს ხომ ამ დილით არ უნდა ვიგებდე?
- უსამართლობაა... ხომ გეუბნებოდი, არა, ონლაინ მაღაზია არც თუ ისე სანდოა-მეთქი?
- ჰო, მაგრამ, ასეთ როლიკებს რომელიმე აქაურ მაღაზიაში იპოვიდი? - წამიერად ორივე დადუმდა - თორემ მეც ვიცი, რომ ონლაინში ყველაფერი არეულ-დარეულია, - პარალელურად ბიჭმა მთელ ოთახს მოავლო მზერა. - მაგრამ მიღირს... მასში ფულის გადახდა და ლოდინი მიღირს, თუმცა მეჩქარება! როლიკები ამ კვირაში მჭირდება! დაუყონებლივ!
- რომელი ფოსტით იგზავნება?
- წარმოდგენაც არ მაქვს!
- გადავამოწმოთ! - გოგონამ უჩა სკამიდან ააყენა, ეკრანის წინ თავად დაჯდა და გახსნილ პროგრამაში ხეტიალი დაიწყო. - აქ ჯერჯერობით არაფერი ჩანს!
- მეც ეგ გითხარი... თანხის დასრულების შემდეგ, ავტომატურად ანიჭებს სისტემა გზავნილს კონკრეტულ ფოსტას... მე კი მხოლოდ დღეს შევიტყვე, რომ თანხის შეტანა წარუმატებელი აღმოჩნდა.
- ხელახლა გადარიცხე?
- არა, რა თქმა უნდა! რამდენიმე დღე უნდა მოვიცადო, რადგან შესაძლოა, თანხის დასმა ჯერჯერობით ვერ ხორციელდება, თუმცა აუცილებლად დაჯდება...
- გამოდის, რომ კიდევ რამდენიმე დღე გადაიწევს ეგ ამბები...
- ჰოო... მე კი მინდა, რომ ასეთი უაზრობისა და უყურადღებობის გამო ყველას საკადრისი მივუზღვა!
- დამშვიდდი!
- უნდა ვუჩივლო!
- ვის უნდა უჩივლო, - ნაია სკამიდან წამოდგა, - არც კი იცი, ვინ არის დამნაშავე... დაელოდე...
- სხვა გზა არც მაქვს...
- რატომღაც მგონია, რომ ყურმილში გულის ტკივილიც ახსენე... - ამის გაგონებაზე ბიჭს გააფართხალა.
- ჰოო, მართლაც, - წამოიყვირა და თავში ხელი შემოირტყა - ეგ ვის გაახსენდა? ძლივს მიმავიწყდა... მთელი მკერდი საშინლად მტკიოდა, მეჩხვლიტებოდა... კინაღამ მოვკვდი!
- რას ამბობ? კიდევ?
- ჰო, კიდევ... არითმიის ბრალია, მაგრამ დღეს მაინც უფრო უჩვეულოდ ვგრძნობდი თავს, ვიდრე აქამდე...
- წამლები?
- წამლებს ვსვამ, ნაია, მაგრამ არ ვიცი, რისი ბრალი უნდა ყოფილიყო დღევანდელი ტკივილი... თანაც არ მახსოვს, ამდენი ხანი გამგრძელებოდა...
- ახლა როგორ ხარ?
- შენს მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გადამიარა.
- კი მაგრამ, უჩა, არსად დაგირეკავს?
- ვრეკავდი, თუმცა ავტომოპასუხე ირთვებოდა...
- შენ, ხომ არ გააფრინე? - გოგონამ ჯიბიდან სმარტფონი ამოიღო, - როგორ შეიძლება მაგ ყველაფრის უყურადღებოდ დატოვება?
- არაფერია, ნაია, მართლა... - ბიჭმა სწორედ იმ წამს მოჰკრა თვალი მის წითელ ტრუსს, რომელზეც ნაიას მარჯვენა ფეხი დაეგდა. კიდევ კარგი ირგვლივ არეულობა იყო და საცვალი ამ ქაოსშიც ნაკლებად იპყრობდა ყურადღებას. - სად რეკავ? სასწრაფოში? - გოგონას არაფერი უპასუხია.
- დახმარება აუცილებლად გჭირდება! სახუმარო ნამდვილად არ არის ცუდად ყოფნა, მითუმეტეს გულის ტკივილი...
- ისიც არ ვიცი, გული რომელ მხარეს მაქვს... შენ საიდან ადასტურებ, რომ მართლაც გული მტკიოდა და მაგალითად, არა - ფილტვი?
- უჩა! - ნაიამ თვალები დაქაჩა და პარალელურად სახე ღიმილით შეეცვალა. - ჰოო, დენი, მე ვარ! შეგიძლია, მეგობრული დახმარება გამიწიო?! - გოგონა სმარტფონში ვიღაცას ესაუბრებოდა, უჩა კი თავდაპირველად დაბნეული მისჩერებოდა ნაიას. - იქნებ, შემდეგ მისამართზე მოხვიდე? შეტყობინებაში ჩაგიგდებ კორპუსსა და ბინის ნომერს... გასაგებია... ჰო, ჰო... არ იქნება პრობლემა! შეგიძლია, წინასწარ დამირეკო... ოქეი... შეხვედრამდე! - შვებით ამოისუნთქა გოგონამ.
- ვინ ჯანდაბას ეპატიჟები? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? კარგად ვარ-მეთქი, ნაია! - აწუწუნდა ბიჭი.
- უჩა, გთხოვ... არავის ვეპატიჟები! ჩემი მეგობარია, ჩვენი თანატოლი... უფრო სწორად, მგონი, ერთი წლით ჩვენზე უფროსი... დედაჩემის მოსწავლე იყო... საზღვარგარეთიდან ახლახან დაბრუნდა, იქ სწავლობს... თუ არ ვცდები, მეოთხე კურსზეა... ამჟამად ბებიის მოსანახულებლად ჩამოვიდა...
- და შენც ფიქრობ, რომ შესაძლოა მე მისი ბებია ვიყო?
- რა თქმა უნდა! - ირონიულად გაიღიმა ნაიამ, - არაფერს დაგიშავებს! იქნებ, დახმარება შეძლოს... სამედიცინო სფეროში კარგად ერკვევა, მითუმეტეს, რომ სწავლას კარდიოლოგიის კუთხით განაგრძობს. აქ მოსვლამდე ვეტყვი, რომ რაიმე სასმელიც წამოიღოს... გავერთობით კიდეც...
- არ ვარ გართობის ხასიათზე, - შეიშმუშნა ბიჭი და მხრები ჩამოუშვა, - თუ უნდა, მოვიდეს... უფრო სწორად, მოვიდეს, დავლიოთ და გავერთოთ! ჩემი გასინჯვის კი სასტიკად წინააღმდეგი ვარ!
- ოოჰ, ახლა უკვე ამეტებ! მაინც მგონია, რომ უყურადღებოდ არ უნდა დატოვო!
- როლიკებზე ვდარდობ...
- დაიკიდე, მოგვარდება!
- უცნაურია, - წამიერად ბიჭი გაჩუმდა და ხელი ნიკაპზე მოისვა, - ბოლოს დროს მუდამ მესმის ვიღაცის გამაყრუებელი ტირილის ხმა და შემდეგ ფანჯარაზე ბრახუნი...
- დარწმუნებული ხარ?
- სავსებით!
- რას უნდა ნიშნავდეს?
- როდესაც ასე ხდება, მაშინვე მეღვიძება და სწორედ მაშინ მეწყება ასეთი შეტევა...
- აზვიადებ...
- არ ვაზვიადებ, ნაია!
- სისულელეა! უბრალო დამთხვევაა! ვინმეს ტირილის ხმა... გაიხედ-გამოიხედე, მეზობლები გაიცანი, რამდენი ვინმე შეიძლება, რომ ტიროდეს?
- და პარალელურად ფანჯარაზე აბრახუნებდეს? - ჩაურთო უჩამ.
- ჰოო... რას დააყოლებ?
- და ამის შემდეგ, მე გულის ტკივილი მეწყებოდეს?
- ააჰ, ნახე, დენიელი მწერს, რომ შამპანურისთვის შოკოლადი ვერ შეარჩია... რომელს ურჩევდი?
- შოკოლადი? მხოლოდ ბანანი... შოკოლადი არ მინდა!
- როგორც გინდა! შეკვეთა მიღებულია! - გაეღიმა გოგონას. - მანამდე აქაურობა ცოტათი მოვაწესრიგოთ, რას იტყვი?
- საშინელი იდეაა, თუმცა სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ! - დაეთანხმა ბიჭი ნაიას ღიმილით.
პირველი, რასაც გოგონა დაეტაკა, მობნეული ყუთები იყო. ამასთანავე უჩამ სწრაფად წაავლო ხელი იატაკზე დაგდებულ წითელ ტრუსს, თუმცა ვერსად შეგდება ვერ მოასწრო. ნაია ამასობაში მისკენ მოტრიალდა და ბიჭმაც საცვალი გაუაზრებლად შარვლის ჯიბეში მყისიერად ჩაიტენა, დამნაშავე ბავშვივით.
ნაიამ მტვერსასრუტიც მოითხოვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უჩას დამაგრძელებელი არსად მოეპოვებოდა. მხოლოდ შემოსასვლელის დასუფთავება იყო შესაძლებელი, რადგან დენცქვიტა იქვე ახლოდან იჭყიტებოდა.
მთელ სახლში ბდღვერი დადგა. მტვერსასრუტი ღმუილით აგემოვნებდა ყოველგვარ სიბინძურეს. ნაია ამაოდ ცდილობდა მავთულის მოქაჩვას, იმ იმედით, რომ სხვა ოთახებსაც გადასწვდებოდა, მაგრამ თითქოს უჩას ყველაფერი წინასწარ გაეთვალა - დენცქვიტაც კი სპეციალურად მოშორებით გაეკეთებინა, რათა დასუფთავების პროცესი ბოლომდე არასოდეს მისულიყო. გოგონამ კი შემოსასველის საქმე მაინც ბოლომდე მიიყვანა. იქაურობა რამდენიმე წუთში მართლაც დაემსგავსა საცხოვრებელს.
პარალელურად უჩა მისაღებში დივანს აწესრიგებდა. რამდენიმე დღის წინ ნაიამ დივნის ქვეშ თავისი ძველი სმარტფონი იპოვა, რომელსაც თითქმის ორი წელი ეძებდა, და ისიც იმიტომ წააწყდა, რომ ვისკისაგან შემთვრალს, დივნის ქვეშეთში ხელების ცეცება მონდომებოდა.
გოგონამ მტვერსასრუტი გამორთო და სმარტფონი კვლავ გადაამოწმა. ეკრანზე შეტყობინება ციმციმებდა. დენიელი იუწყებოდა, რომ ოთხ წუთში დანიშნულების ადგილს მოადგებოდა.
უჩა ჯერ კიდევ ვერ წყვეტდა იმაზე ფიქრს, რომ მისი შეკვეთა რამდენიმე დღე, კვლავ სადღაც გაჭედილი იქნებოდა. ყველაზე მეტად საქმის გადადებას ვერ იტანდა, თანაც მის საქმეში უკვე კონკურენტებიც გასჩენოდნენ, ამიტომ ნებისმიერი შეფერხება არანაირად არ აწყობდა.
ნაიამ მეორე ოთახიდან ნაგვის ნახევრად სავსე პარკი გამოიტანა, უჩას თავისი ნადავლი დაანახა და პარკები კვლავ უკან წაიღო, შემოსასვლელში, კართან.
- იმედი მაქვს, ტყუილუბრალოდ არ გავისარჯეთ!
- არა, მგონია, რადგან დენი უკვე აქ არის!
გოგონას თვალები გაუნათდა, როდესაც შეტყობინების ხმამ მისი უკანასკნელი სიტყვები ერთბაშად დაადასტურა.
- სჯობს, ქვემოთ ჩავიდე! რამდენიმე წუთში დავბრუნდები!
უჩა კვლავ მარტო დარჩა. საშინლად არ უნდოდა ნაიას მეგობრის სტუმრობა, თუმცა გოგონას უარს ვერაფრით ეტყოდა. თანაც იქნებ სტუმარი ჯანმრთელობის საკითხში მართლაც დახმარებოდა. ნაია მართალი იყო - გულის ტკივილები მას უკვე ბოლო დროს საგრძნობლად დასჩემოდა, რის შესახებაც თითქმის არავისთან არ საუბრობდა ბიჭი.
უჩამ თითქმის ვერც კი გაიგო ნაიას სტუმართან ერთად უკან დაბრუნება, რადგან ვიღაცასთან მიმოწერით ძლიერ გართულიყო.
ნაიამ ოფიციალურად წარუდგინა მას თავისი მეგობარი - დენიელი, რომელიც ერთი შეხედვით, არც თუ ისე ცუდი ყმაწვილი ჩანდა. ერთი ის იყო, რომ რაღაცნაირი სუნი ჰქონდა, თითქოს შემწვარი კარტოფილი-ფრის, რომელიც შემოსვლისთანავე მთელ სახლში დაატრიალა.
დენისაც ესიამოვნა უჩას გაცნობა. ბიჭმა სტუმარს ხელბარგი მეგობრულად გამოართვა და მისაღებში გაიტანა. ამასობაში ისინიც მოშინაურდნენ.
- უ., დროზე გამოდი, შენი ტელეფონი წრიპინს არ წყვეტს! ისევ აგიოს წერ?
- არა, დაიკიდე, აგიოს უკვე მივწერე... ეგ ვიღაც დამწყები სკეიტერი იქნება, ალბათ, ჩემგან რჩევები სჭირდება... - გასძახა ბიჭმა მეგობარს, - შეგიძლია, ტელეფონი ვიბრაციაზე გადაიყვანო?
- კეთილი! - მიუგო გოგონამ მას და შესაბამისად მოიქცა. დენიელი ჯერ კიდევ ვერ გათამამებულიყო, ამიტომ დივანზე სანახევროდ იჯდა.
- ნაია, აგიო ვინ არის? - ჰკითხა დენიმ გოგონას, რომელიც ვიბრაციის რეჟიმის ჩართვას არ დასჯერებოდა და ეკრანზე გაშლილ ტექსტებს უკითხავად ათვალიერებდა.
- აგიო? აგიო უჩას შეყვარებულია...
- დაქორწინებულები არიან?
- არა, არა, დენი... ჯერ, არა... მათ ერთმანეთი უყვართ, თუმცა როგორც ვიცი, ქორწინება ჯერ გეგმაში არ უნდა ჰქონდეთ... - ამასობაში ბიჭი მისაღებში დაბრუნდა ხილით სავსე ვაზით, - დენის ახლა ვუყვებოდი შენსა და აგიოს შესახებ! ფიქრობს, რომ ქორწინება ცუდი არ იქნებოდა... - ამის გაგონებაზე დენიელი შეკრთა და დაბნეულობისგან ენა გადაეყლაპა.
- მართლა, დენიელ? მთელი სიამოვნება ხომ წინაა, საქმე დასასრულამდე ასე უცებ რატომ უნდა მივიყვანო?
- იცი... მე... - ამოღერღა დენიელმა, - მე, საერთოდაც არ...
- ანუ შენ გგონია, რომ ქორწინება დასასრულია? - საუბარში შეეჭრა მათ ნაია და პარალელურად დენის თვალი ჩაუკრა.
- სწორედაც ეგრე მგონია!
- დენიელ! - გოგონამ ირონიულად დენიელს მიმართა, რეალურად კი სათქმელი მხოლოდ უჩას ეკუთვნოდა. - იცი, რომ უჩას შემოკლებით უ.-ს ვეძახით, თუმცა ყოველთვის ვცდილობდი თავიდან ამერიდებინა იმაზე ფიქრი, რომ ამ უ.-ს, შესაძლოა, გრძნობები, ემოციები და ტვინის უჯრედები სწორედ ისეთივე მოკლე ჰქონდეს როგორც - თავად სახელი?
- არ ვიცოდი! - ამოიკნავლა დენიელმა. - მაპატიეთ... არ ვიცოდი ის, რომ უჩას შემოკლებით უ.-ს ეძახდით!
- არაუშავს... - გაეცინა უჩას, - ნაიას სახელს შემოკლებაც არ სჭირდება, რადგან ის უკვე თავისთავადვე მოკლეა! - სამივეს გაეცინა. - ახლა იმაზე საუბარი ნამდვილად არ მსურს, ქორწილი მექნება თუ არა...
- მართალი ხარ! მგონი, სჯობს, დენის შენი დღევანდელი გულის ტკივილის შესახებ მოახსენო, იქნებ დახმარება შეძლოს?
- დენი ხომ ექიმი არ არის?! - გამომცდელად იკითხა ბიჭმა. თითქოს დენისგან დასტურს ელოდა, რომ ის მართლაც არ იყო ექიმი.
- არა, ექიმი არ ვარ, თუმცა იქნებ რაიმე გირჩიო? - გაიღიმა დენიელმა. - არითმიაზე მკურნალობ?
- სიმართლე გითხრა, დღევანდელმა უსიამოვნო ამბავმა უფრო მეტად იმოქმედა, ვიდრე არითმიამ... ეს ნაიასაც ვუთხარი, დილით...
- არ ვიცოდი, არითმიაზე თუ მკურნალობდი... ასეთ შემთხვევაში, ალკოჰოლს არ წამოვიღებდი.
- ალკოჰოლი ცუდად მოქმედებს? - იკითხა ნაიამ, რაზეც ბიჭმა თავი დაუქნია.
- და ასევე ბევრი კოფეინიც!
- უუუფ! - სიმწრისაგან გაეცინა უჩას, - სულ ერთია... ყველაფერი მაინც როლიკების ბრალია...
- როლიკების? - გაუკვირდა დენიელს.
- უჩამ ონლაინში ორი კვირის წინ როლიკები შეუკვეთა, - ახსნა-განმარტებად მოჰყვა ნაია, - აღმოჩნდა, რომ თანხის გადარიცხვა წარმატებით ვერ მოხერხდა და პროდუქტის გამოწერა ძალიან აგვიანდება...
- ვერც კი წარმოიდგენთ, რა საოცარი როლიკებია?! - თვალები აუბრიალდა უჩას, - აი, ნახე, - თქვა მან და დენიელს სმარტფონი გაუწოდა. თითქოს ამ მომენტს დიდი ხანი ელოდაო.
- მართლაც საოცარი როლიკებია! სრიალის მოყვარული ხარ?
- მოყვარული? - წამოიყვირასავით გოგონამ, პარალელურად შამპანურის ბოთლის გახსნას შეუდგა, - ის ხომ პროფესიონალია? უ, შანპანურის ჭიქები გაურეცხავია და გთხოვ, ვისკის მოიტანე! - შემდეგ, გოგონა კვალვ დენიელს მიუბრუნდა. - ეს მისთვის გატაცება სულაც არ არის! ეს მისი პროფესია, მისი მომავალია!
- პირველად მესმის ასეთი რამ, ნამდვილად აღტაცებული ვარ! - დაადასტურა დენიელმა. - ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი პროფესიით შესაძლოა წარმატება მოგეპოვებინა?!
- რას გულისხმობ? როლელ-სკეიტერობ