აუსრულებელი ოცნება
აუსრულებელი ოცნება
აუსრულებელი ოცნება
ეს ამბავი რომ მოხდა, მაშინვე გადავწყვიტე დამეწერა, იმ საღამოსვე, როგორც კი მიმოწერას მოვრჩი. ჯერ ვიფიქრე, მოდი მივწერ ნანიკოს, ავიღე მობილური დავიწყე ტექსტის აკრეფა, მეცინებოდა, ძალიან მომინდა ყველაფრის მოყოლა, მაგრამ ჩატში ყველაფერს მაინც ვერ მოყვები… თან როცა უფროს მეგობარს სწერ, ტაქტის დაცვა გიწევს… არა, ტაქტი ყოველთვის უნდა დაიცვა, ყველაზე ახლო მეგობართანაც კი და საერთოდ ყველა ადამიანთან, რაც არ უნდა ახლობლად მიიჩნევდე, ბოლომდე თავისუფლება შენს თავთანაც კი არ ხდება ხანდახან და მით უმეტეს სხვასთან… მერე ვიფიქრე მოდი, მოკლედ მიწერას, დავწერ პატარა ისტორიას, დიალოგებს ზუსტად აღვწერ პირველ პირში და პირდაპირ ჩავრთავ მოვლენებში, სიტუაციას ვაგრძნობინებ, მკითხველს ჩემს ფიქრებში შემოვუშვებ, სრულ თავისუფლებას მივცემ საკუთარ თავს… ახლა ლეპტოპი ავიღე, გავხსენი ვორდი და დავიწყე… სიტყვების ძებნა არ მჭირდებოდა, თავისით მოდიოდნენ, ისეთი ემოციები მქონდა, მაგრამ ამ აღტყინებამ მალევე გადამიარა, დავხურე და დავიძინე. ახლა სადღაც ერთი თვე გავიდა და ისევ მომინდა წერა, რაც მაშინ დავწერე, დაახლოებით ერთი გვერდი, აღარ მომეწონა წავშალე, თავიდან ვიწყებ! აი, რა მოხდა…
ავტორი is typing…
- ნანიკო როგორ ხარ? ძველ ბლოკნოტებს, რვეულებს ვალაგებდი და ნახე რა ვიპოვე…
ნანიკო ბიცოლაჩემია, სხვაობა ასაკში ათი წელია და უფრო მეგობრები ვართ. მე თორმეტი წლის ვიყავი როცა ბიძაჩემმა ცოლი მოიყვანა. სულმოუთქმელად ველოდი ქორწილის დღეს, ბიძაჩემმა საგანგებოდ ამ დღისთვის კაბა მიყიდა, მომიტანა და მითხრა: “ეს ჩემს ქორწილში ჩაიცვიო”. ღია მწვანე ფერის, ლამაზი კაბა იყო, გულმკერდზე თეთრი ნაჭერი ჰქონდა ჩაყენებული და ზედ ფერადი ყვავილები იყო ამოქარგული. ისე მომწონდა, ისე მიხაროდა, ერთი სული მქონდა ქორწილის დღე მალე დამდგარიყო. მამაჩემი ძმებში და ბიძაშვილებში უფროსია, მე სიყრმის შვილი, საბიძაშვილოში სადაც უმეტესი კაცია, რა თქმა უნდა გამანებივრეს. ქორწილამდე მთელი ამ ფაცაფუცის შუაგულში ვიყავი, გამუდმებით მესმოდა: “ახალი რძალი მოდისო”, ჩემთვის ვფიქრობდი: “ნეტა, როგორი ქალი მოვიდოდა?” ცოტა მეშინოდა კიდეც, იქნებ მკაცრი იყოს? ან იქნებ არ მოვეწონო? ან რა ვიცი, “იქნებ” არ ილეოდა, მაგრამ მოვიდა ოცდაორი წლის, ლამაზი, მხიარული, ლაღი გოგო, რომელიც ძალიან მომეწონა და ის შიშები, რაც მოლოდინისას მქონდა საერთოდ გაქრნენ. სულ კუდში დავყვებოდი, ყველაფერში ვაკვირდებოდი, ყველაფერი მაინტერესებდა, უცხო, ახალი ადამიანი შემოგვემატა… ნანიკო გიტარაზე უკრავდა და მღეროდა, დავსხდებოდით ხოლმე საღამოს სოფელში და ვუსმენდი, მე სიმღერის ნიჭი დიდად არ მაქვს, მიუხედავად მისი მცდელობისა ჩემთვის ესწავლებინა გიტარაზე დაკვრა, დიდი ვერაფერი გამომივიდა, ვცდილობდი, რამდენიმე სიმღერის დაკვრაც კი ვისწავლე, მაგრამ მერე დროთა განმავლობაში დამავიწყდა. რვეული ჰქონდა სადაც ნოტები ეწერა, სულ ამ რვეულის თვალიერებაში ვიყავი, როგორ მომწონდა ეს ზაფხულის თბილი საღამოები სოფლის ეზოში…
ჩემი პირველი წიგნი, ბიცოლაჩემმა წამაკითხა, ისე საინტერესოდ მიყვებოდა ხოლმე ისტორიებს, მეც მომინდა ამ თავგადასავლებში მოგზაურობა... პირველი წიგნი მირჩია “საიდუმლო კუნძული” თან წინასწარ მიყვებოდა საინტერესო მომენტებს, თან ბოლომდე არა, რომ ინტერესი არ გაექრო, მერე მეკითხებოდა მივედი თუ არა იმ ადგილამდე, მეც ერთი სული მქონდა მალე წამეკითხა და მომეყოლა… ერთი რვეული ჰქონდა, სადაც ამოეწერა ლექსები და ფრაზები სხვადასხვა წიგნებიდან, ზოგი ლექსი სასაცილოდ ჰქონდა გადაკეთებული თავის მეგობრებზე. ეს რვეული ძალიან მომწონდა და მაჩუქა, ისეთი გახარებული ვიყავი სულ მას ჩავცქეროდი. მეც გადავწყვიტე ჩემი რვეული შემექმნა, რასაც წავიკითხავდი, იქიდან ამომეწერა საინტერესო პასაჟები… ეს ბავშვობის ნანიკოს რვეული და ასევე ჩემ მიერ შემქნილიც, როცა გავიზარდე სადღაც შევინახე და წლების მერე დამავიწყდა. ახლა 36 წლის ასაკში ვალაგებდი კარადას, სადაც ძველი დღიურები და მსგავსი რაღაცები მქონდა შენახული და გადავიწყებული ნანიკოს რვეული აღმოვაჩინე, გადავათვალიერე ისევ იმ ბავშვური აღტაცებით, სურათები გადავუღე საინტერესო ადგილებს და ჩავუყარე ჩატში, თან სურათებს კომენტარებიც დავურთე. ერთ გადაკეთებულ ლექსში რაღაცა ციფრი ეწერა, რომელიც მე არაფერს მეუბნებოდა, აი, მას კიდევ გაახსენდებოდა თავისი ბავშვობის დაშიფრული კოდი…
ნანიკო is typing…
- ჰაჰაჰაჰა ვაიმე, რამდენი ვიცინე, როგორ გამახალისე... ეს რვეული აღარც მახსოვდა, ბევრი მქონდა ეგეთი, ზოგი ვის ვაჩუქე, ზოგი ვის. ერთი დღემდე მაქვს შემორჩენილი და რა მაგარია წლების მერე, რომ გადახედავ და ისევ იმ სითბოს იგრძნობ, რაც ბავშვობაში გქონდა… 💙💜
ავტორი is typing…
- ამ რვეულს გამოგიტან როდისმე, ან თიკუნა რომ გამომივლის, გამოვატან. მაშინ მიხაროდა პატარა ვიყავი, დიდი გოგოს ჩანაწერები მაინტერესებდა და ახლა ეს შენთვის უფრო ძვირფასია, ჩემთვის უბრალოდ რვეულია და შენთვის ბავშვობის მოგონებები… ასე რომ, დაგიბრუნებ ჩემი ბავშვობის ნანატრ, საინტერესო რვეულს. ისე მეც მქონდა მსგავსი რვეული, მერე გავაკეთე, რასაც ვკითხულობდი საინტერესო ადგილებს ვიწერდი ხოლმე, ბევრი სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც არ ვიცოდი ვეძებდი ლექსიკონებში, მაშინ გუგლი არ მქონდა, ასე მარტივად არ ხდებოდა უცხო სიტყვების გაგება და ის წვალებით მოპოვებული უცხო სიტყვებიც, იმ რვეულებში მაქვს ამოწერილი. რა ვიცოდი, გუგლი ასე თუ გამიუფასურებდა ჩემს ნაშრომს… 😄😄
ნანიკო is typing…
- რა მაგარია, რომ კითხულობ, მე კიდევ ვეღარ ვახერხებ იმდენი საქმეა ოჯახში. ისე მომინდება ხოლმე კითხვა, მაგრამ რთულია დაღლილი დღის ბოლოს არაფრის თავი აღარ გაქვს… თიკუნას ვერ ავაღებინე წიგნი ხელში, ხან თბილად მივუდექი, ხან მკაცრად, ფულსაც კი დავპირდი, რომ ეს ახალი მატერიალისტი თაობა, იქნებ ეგრე მაინც დავაინტერესო-მეთქი, მაგრამ არა, არაფერი ამათ არ აინტერესებთ…
ავტორი is typing…
- სამაგიეროდ ახლა ინტერნეტია და იმდენ ინფორმაციას იგებენ 🤯 კლასიკას იმდენად არ კითხულობენ, მაგრამ რაც მათ სჭირდებათ იმის შესახებ ინფორმაციას მოიძიებენ და ერკვევიან. შეიცვალა ყველაფერი, წიგნი აღარაა განვითარების მთავარი წყარო, ინტერნეტში სხვადასხვა დოკუმენტური ვიდეოებია, სტატიებია, “ვიკიპედია” აქვთ… მე რომ ერთი უცხო სიტყვის მნიშვნელობა მეპოვა, უამრავ დროს ვკარგავდი და ახლა ერთი ღილაკის დაჭერა და იმ სიტყვის მნიშვნელობას ხომ იპოვი, რასაც ეძებ და თან ასევე ახსნისას სხვა სიტყვებიც თუ ვერ გაიგე, იქვეა ბმული იმის განსამარტავადაც. გაადვილდა, აჩქარდა ინფორმაციის მიღება და შესაბამისად ცხოვრებაც…
ნანიკო is typing…
- შენი თავგადასავალი რომ დაგეწერა, არ გიფიქრია? საინტერესოდ წერ, ან დღიური გააკეთე ყოველდღიური მოვლენები, რომ აღწერო... რა იცი რა ხდება, მერე ნათესავები ვიამაყებთ შენი ნაწერებით… 🥰❤️
ავტორი is typing…
- დღიური არა, მაგრამ პატარა წიგნი დავწერე 😄 ნათესავების რა გითხრა, არ მოეწონებათ… ისე ვერც ვერავინ ნახავს, არ მიბეჭდავენ…
ნანიკო is typing…
- მე მომეწონება! 🥰
ავტორი is typing…
- ერთი წლის წინ დავწერე, თავიდან ისეთი აღტყინებული ვიყავი, თან ცოტა შეშინებული, საერთოდ ოცნება რომ გავბედე ასეთ რაღაცაზე… დავაგზავნე გამომცემლობებში, ისეთი შიშით და ემოციებით სავსემ დავაჭირე თითი გაგზავნის ღილაკს… მეგონა ეგრევე მომწერდნენ, ეს რა ვნახეთო და მეორე დღესვე დამიბეჭდავდნენ, მაგრამ სიჩუმე… გრძელი სიჩუმე… ჩემი აღტყინებაც ნელ-ნელა ჩაცხრა, ემოციებიც გამინელდა… სადღაც ორ თვეში ისევ შინაგანმა ხმამ მითხრა: “მიდი, კიდევ სცადე, იქნებ ამდენ მეილში გამორჩათ”. კიდევ დავაგზავნე, ერთ-ერთმა გამომცემლობამ ერთ კვირაში მომწერა საპასუხო წერილი. შეტყობინებებში რომ წავიკითხე ვისგან იყო, ხელები ამიკანკალდა, კინაღამ მობილური გამივარდა, გავხსენი სასწრაფოდ, მადლობას მიხდიდნენ და მპირდებოდნენ, რომ გადასცემდნენ რედაქტორების ჯგუფს, შემდგომი განხილვისთვის. ისეთი ემოციები განვიცადე, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ისეთი იმედი მომეცა… და ისევ, დიდხნიანი სიჩუმე… სხვა გამომცემლობებისგან მეორედაც სრული იგნორი მივიღე, არადა ერთ-ერთ გამომცემლობას ეწერა, რომ ექვსი კვირის განმავლობაში მოხდებოდა დაკავშირება, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში და ეს პასუხის არ მიღება, უაზრო იმედს მაძლევდა, თან ვხვდებოდი, რომ ეს ფუჭი იმედი იყო, მაგრამ სადღაც გულში არ ცხრებოდი ეს პატარა იმედის ნაპერწკალი… სხვათა შორის ამ გამომცემლობის გვერდი დავათვალიერე ამას წინათ და ახლა დაუწერიათ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში… გავიდა კიდევ ორი თუ სამი თვე და ისევ შინაგანი ხმა ამეტყველდა: “მიდი, კიდევ სცადე მესამედაც, რაც იქნება, იქნება… ხომ არ დაგიჭერენ?” მესამედაც დავაჭირე თითი გაგზავნის ღილაკს, ამჯერად სრულიად უემოციოდ, უბრალოდ მოვალეობას ვიხდიდი ჩემი თავის წინაშე, თუ ხალხში დამკვიდრებული აზრის, რომ ღმერთი სამობითაა… მეორე დღესვე მივიღე მეილი, იმ გამომცემლობისგან, რომელმაც პირველ ჯერზე დამაიგნორა, მოერე ჯერზე ერთ კვირაში იმედი მომცა… მათი ეს ჟესტი, პასუხის გამოგზავნა, დიპლომატიური უარი იყო, მაგრამ მე ძლიერი სურვილით შეპყრობილს, რა თქმა უნდა იმედი მომეცა… მესამედ წერილის მიღებაზე იფიქრეს, ეტყობა მიუხვედრელიაო და მეორე დღესვე, როგორც კი ნახეს, არც არაფერს წაიკითხავდნენ, ალბათ სათაურზე იცნეს უკვე იმდენჯერ მიუვიდათ… დიდი ალბათობით გაიცინეს, თვალებიც გადაატრიალეს გულშეღონებულებმა “კიდევ ესო” და ეგრევე, ამჯერად გასაგები უარი მომწერეს, სამომავლოდ წარმატებებიც მისურვეს, არ დაივიწყეს, მაინც ოფიციალური წერილი იყო… თავისთვის ერთი-ორ მისალანძღ სიტყვასაც მიაყოლებდნენ და იტყოდნენ: “იმედია ახლა მაინც გაიგებ და მეტს აღარ გამოგვიგზავნიო”... ასე და ამგვარად, არავის არაფერი ვუთხარი და მე თვითონ გადავიტანე, ეს მთელი რიგი ემოციებისა, ჯერ აღტყინება, მერე იმედის გაცრუება და მერე საბოლოოდ დავიწყება, ამ ჩემი გამბედავი მცდელობისა…
ნანიკო is typing…
- რატომ დაიწუნეს ნეტა? 🤔 შენით რომ გამოსცე?
ავტორი is typing…
- არ ვიცი, ალბათ არაა საკმარისად კარგი… არადა, მე მომწონს 😁 ჩემით აბა როგორ? წიგნის გამოცემას დიდი ამბავი სჭირდება, მარტო დაბეჭდვა არაა, ჯერ დასარედაქტირებელია, უამრავი შეცდომა მექნება, მერე დაბეჭდვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვთქვათ ფულიც რომ იყოს, მაინც კავშირებია საჭირო ამ სფეროში, ასე წიგნი დავბეჭდე-მეთქი წიგნის მაღაზიაში, რომ მივიდე, არ დადებენ და არ გაყიდიან… ასევე რეკლამაა საჭირო, ხალხმა რომ გაიგოს და იყიდოს... და ამ ყველაფრის ორგანიზებას, გამომცემლობა უზრუნველყოფს. ასე რომ, ძალიან ბევრ მუშაობას და ხლაფორთს მოითხოვს… ჩემთვის მაინც გავერთე, წერისას ვისიამოვნე, მერეც წლები რომ გავა და წავიკითხავ, კიდევ გავერთობი…
ნანიკო is typing…
- მე რომ გამომიგზავნო, არ გინდა? წავიკითხავ…(ბიცოლამ სიფრთხილით მთხოვა, იფიქრა არ დავძაბოო…)
ავტორი is typing…
- კი გამოგიგზავნი, პირიქით გამიხარდება ჩემს ნაწერს ვინმე თუ წაიკითხავს, მაგრამ +18-ია 😁 ღიად ვლაპარაკობ ისეთ თემებზე, რაზეც ძველი თაობა გახსნილად ვერ საუბრობს და შეიძლება ისეთი მოსაწონი არ იყოს… ბმულს ჩაგიგდებ, ჩემს გუგლ დრაივზე მაქვს ატვირთული, ნახვის რეჟიმს ჩაგირთავ - წაკითხვა შეგეძლება, რედაქტირება არა. ჩემს ერთ მეგობარს წავაკითხე ორი თვის წინ, როცა უკვე გადამიარა იმ აღტყინებულმა ემოციებმა, რაც თავიდან მქონდა, სხვა არავისთვის მითქვამს, რომ დავწერე და დავაგზავნე… მისი დიპლომატიური შეფასება სტანდარტული ფრაზებით იყო გაჯერებული, რომლებიც ასე თუ ისე ყველაფერს მოერგება… თანამედროვეობაში ადამიანებმა ისწავლეს შაბლონურად, სწორი ლაპარაკი და ყველა მეტყველებს ერთნაირად რობოტებივით, ემოცია და სიცოცხლე აღარ იგრძნობა ადამიანთან საუბრისას… ჯერ სანამ გაიაზრებდა, რომ უკვე დაწერილია, დასრულებული და დაგზავნილიც, სანამ შოკში იყო ჩემი ხმამაღალი მიწერილისგან “წიგნი დავწერე”, პირველი რეაქცია ასეთი ჰქონდა: “რაა? წიგნი დაწერე? შენ რა ჩუმჩუმელა ყოფილხარ…” მერე უცებ იფიქრა უტაქტოდ ხომ არ გამომივიდაო და მომწერა, რომ “ჩუმჩუმელობა”, კარგი გაგებით იგულისმა… მერე დამიწყო უფროსული, დამრიგებლური საუბარი, ვარიანტების შემოთავაზება რა თემაზე მეწერა, ახალგაზრდების რომელ კატეგორიაზე, ვინ უნდა დამეინტერესებინა… მოუნდა წვლილი შეეტანა ჯერ მხოლოდ ოცნების დონეზე მყოფი, წიგნის შექმნაში… უნდოდა თავად ყოფილიყო ამ გამბედავი იდეის შთამაგონებელი… მისი მეშვეობით მომხდარიყო ჯერ კიდევ საეჭვო, მაგრამ მაინც, გამბედავი მცდელობის განხორცილება… როგორც იქნა მიხვდა, რომ უკვე დაწერილი, დასრულებული და დაგზავნილიც იყო გამომცემლობებში, მაინც კიდევ პატარა შოკში რჩებოდა: “ასე ხდება? ასე უნდა? ფეისბუქზე რამე ჯგუფებში, რომ გაწევრიანდე? წიგნის მოყვარულების, მწერლების…რჩევები რომ ჰკითხო?” თითქოს გეხმარება, თითქოს გზას განახვებს, მაგრამ ადამიანს გააჩნია… ერთი და იგივე ნათქვამი სხვადასხვა ადამიანისგან, სხვადასხვანაირად აღიქმება. ეს დამოკიდებულია წარსულში, ამ მომენტამდე, ამ ადამიანისგან მიღებულ შთაბეჭდილებებზე… როცა ეს მეგობარი აქამდე გექცეოდა როგორც შტერს, ზემოდან გიყურებდა, მიაჩნდი არც ისე განვითარებულად, ოღონდ ამ აზრის ჩამოყალიბება, არაფერზე დაყრდნობით არ მომხდარა, უბრალოდ არ დაინტერესდა უფრო კარგად გაცნობით, თავისი თავი მიაჩნდა ყველაზე ჭკვიანად, ყველაზე განვითარებულად… ზედაპირული მეგობრობა აკმაყოფილებდა… ასეთი ადამიანისგან ასეთ დარიგებებს სხვა კონტექსტით იგებ… არსებობს ორნაირი დახმარება: გულწრფელი, როცა სხვისი წარმატება უბრალოდ გიხარია და არაფრის გამორჩენას არ ცდილობ და არაგულწრფელი, მაგრამ სტრატეგიულ-დიპლომატიურად გათვლილი იმ იმედით, რომ მომავალში გამოგადგება, ასეთ შემთხვევაში ცდილობ წვლილი შეიტანო, ინვესტიცია განახორციელო, რომ მერე პრეტენზია გქონდეს, საეჭვო, მაგრამ მაინც “რახან გაბედა, ვინ იცის?..” წარმატების გაზიარებაში… ასე რომ ერთი და იგივე, პირველი შეხედვით მეგობრული დარიგება, სხვადასხვა ადამიანისგან, სხვადასხვა შინაარს ატარებს ხოლმე… ბოლოს როგორც იქნა მიხვდა, რომ მის დახმარებას დიდად არ ვსაჭიროებდი, რომ მისთვის რჩევის საკითხავად არ მიმიმართავს, უბრალოდ მოვუყევი, საქმე უკვე დასრულებული იყო და ახლა გადაწყვიტა, არც ისე კომპეტენტური, კრიტიკოსობა… ჯერ დაიწყო შექებით, ჩემში აგრესია რომ არ გამოეწვია და ეგრევე განვეიარაღებინე… მითხრა რომ მოსწონს თანამედროვე სტილი, მოქმედება სოციალურ ქსელში, რომ ხდება. უცებ გადაავლო თვალი, მერე სავარაუდოდ ბოლომდე წაიკითხავდა, რამე მაკოპრომეტირებელი რომ ეპოვა, გოგოებს სჩვევიათ ხალხში ერთმანეთის “წაკბენები” და რაც მეტი ინფორმაცია გექნება, მით უკეთესი… 😜 შემდეგ მომწერა, რომ სუბიექტური ვარ! ასე მითხრა: “აი, რა არის ახლა ეს?” ეკრანს მიღმა ვერ ვხედავდი, მაგრამ როცა ადამიანს იცნობ, მისი ნაწერის კითხვისას, თვალწინ მისი მიმიკა წარმოგიდგება ხოლმე, ამ მოწერილზე წარმომიდგა ტუჩები როგორ მოკუმა, თვალები როგორ გადაატრიალა და თან თავიც გადააქნია, დამცინავი სახის გამომეტყველებით… უფროსი, ბავშვს რომ გამოიჭერს, რაღაც ცუდ საქციელში და თან არც ძალიან სიმკაცრის გამოჩენა სურს და თან შენიშვნას აძლევს, უფრო ამ ბავშვის დასჯა კი არ უნდა, თავადვე უნდა, რომ მიახვედროს მისი საქციელის უკუღმართობაში, აი ეგრე… ეს მომწერა ადამიანმა, რომელიც სულ თავის თავს იქებს… ადამიანები სხვებზე, ძირითადად თავისი თავიდან გამომდინარე მსჯელობენ, ყველაზე მეტად სხვებში სწორედ ის თვისებები აღიზიანებთ, რაც თვითონ აქვთ! ობიექტურობა ცოტას თუ შეუძლია… იფიქრა, რომ მთელი ნაწერი იქნებოდა ჩემი თავის ქება, თვითონ სულ ამით იყო ხოლმე დაკავებული, თავის თავში სულ დადებითს ხედავდა და მოურიდებლად უსვამდა ამას ხაზს, როცა უარყოფითი საკმარისად ჰქონდა და სხვებში კიდევ უფრო მეტად უარყოფითს, როცა დადებითიც მრავლად იყო, მაგრამ ერჩივნა ამის არ შემჩნევა, არ წარმოჩენა, ასეთი მიდგომით თავისი თავის ამაღლება, სხვებზე წინ დაყენება, უფრო მარტივი ხდებოდა… ყველაზე ძლიერი მაშინ ხარ, როცა შეგიძლია გულწრფელი იყო, მიუხედავად შიშისა, რომ საზოგადოება გაგრიყავს ამ გულწრფელობის გამო! მე მივწერე: “რა, სუბიექტურობა ცუდია-მეთქი?” ირონია იგრძნო და დიპლომატიურად აირიდა, გააგრძელა შენიშვნები: “ალბათ პირადულიაო, ქეთიზე ძალიან ბევრს წერო, სხვებზე ცოტასო, მოკლედ წერეო” დამარიგა! არ მოეწონა მისი მთავარი პერსონაჟობა, მე მიმამსგავსა… (მერე ვნახავთ, რომ პაატაც (გავიცნობთ ცოტა ხანში), მსგავს რაღაცას მეტყვის, მაგრამ ამ თითქოს ერთი შეხედვით, ერთნაირ ფრაზაში განსხვავებაა. პაატა მეტყვის რომ “სახელი “ქეთი” ხშირად გაქვს გამოყენებულიო და ნაცვალსახელებით ჩაანაცვლეო.” ამ მეგობარს კიდევ, საერთოდ ქეთის ისტორია, რომ იყო, მასზე ამდენი რომ ეწერა, ეგ არ მოეწონა…) ალბათ ეგონა მასზე დავწერდი, ეგონა ეგ იქნებოდა მთავარი პერსონაჟი… არ ვაწყენინებ და შემდეგში მასზეც დავწერ… მთავარ პერსონაჟობას ვერ შევპირდები, მაგრამ საინტერესო პერსონაჟი კი გამოვა: ჭკვიანი, პატივმოყვარე, ეგოცენტრული… მე მოვუსმინე, უფრო სწორად წავიკითხე მისი კრიტიკა, რაც არც ისე სასიამოვნო იყო, მაგრამ გავუძელი… მადლობა გადავუხადე, ვერ მოვითმინე ცოტა წავკბინე 😄 ვუთხარი რომ კომპეტენტური შეფასება იყო-მეთქი. ეს ესიამოვნა, შეიფერა და დამპირდა: “ეს უბრალოდ თვალი გადავავლეო და დანარჩენს მერე გეტყვიო…” “კომპეტენტური”, რაც სარკაზმით იყო ნათქვამი, არ ვიცი ვერ მიხვდა, თუ ისეთი ეგოცენტრულია, არც კი დაუშვა სარკაზმის ვარაუდი… გავიდა დაახლოებით ერთი თვე და მასთან შეხვედრა მომიწია, ვეღარც კრიტიკა მივიღე, ვეღარც ქება, მხოლოდ ის მკითხა: “წიგნზე რამე სიახლე ხომ არ არისო?” მე ვუთხარი რომ არა, ყველამ დამაიგნორა-მეთქი… მე არ ვკითხე, წაიკითხა ბოლომდე თუ არა, არ ვკითხე, ახალი აზრი ხომ არ გაუჩნდა… თუ უნდოდა თვითონვე მეტყოდა, თუ არა და მე არავის ვაძალებ… მაგრამ ასეთმა ტიპაჟმა, რომელიც მომენტს განზრახ ქმის, რომ რამე წაგკბინოს, კრიტიკის შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდა… აქედან გამომდინარე გამიჩნდა აზრი, (შეიძლება ამჯერად, უკვე მართლა სუბიექტური ვარ 😁) მოეწონა და ქება ვერ გაიმეტა… ან მოეწონა, მაგრამ ეს არავის მიერ აღიარებული, გამოუქვეყნებელი ნაწერი, საზოგადოებაზე მორგებული, შაბლონურად მოაზროვნე ადამიანის ქებას, ვერ დაიმსახურებდა… ხშირად როცა რაღაც არ ვარგა და ახლობლები ამას ხვდებიან, უნდათ რომ შეაქონ… “ამას მაინც არავინ აღიარებსო და ჩვენ მაინც გავუმაგროთ გულიო… გავა დრო თავისით გადაუვლისო, ეს გიჟური ახირებაო” ფიქრობენ… და აი, როცა რაღაც კარგია, მაშინ ახლობლებსაც კი შიში იპყრობთ ხოლმე, “მართლა რომ გამოუვიდესო?” ვაჟამ გვითხრა: “ცუდას რად უნდა მტერობაო, კარგია მუდამ მტრიანიო…” ეს ალბათ, ჩემი შინაგანი მებრძოლი იმედი არ ისვენებს და გასამართლებელ არგუმენტებს ეძებს, მამშვიდებს, უაზრო იმედს მაძლევს… ვცდილობ გავშიფრო ადამიანების რეაქცია, ვცდილობ გავერკვე კარგია თუ არა რაც დავწერე, მინდა რომ კარგი იყოს, მაგრამ არის? ეს იმედი, რომელიც წარუმატებლობის მიუხედავად ვერ ჩაკვდა, ან გამაფრენინებს, ან წარმატებას მომიტანს! 😄 შენ შემიფასე რა, შენგან არ მეწყინება! იქნებ დაინახო რამე, რაც გამოსასწორებელი მაქვს…