ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სიკვდილმისჯილი წერილები

სიკვდილმისჯილი წერილები

შესავალი

ისტორია მოგვითხრობს სიკვდილმისჯილის ბედზე, ამბავი ვითარდება ძველ დროში, კონკრეტულად წლები არ არის აღნიშნული, რადგან ეს დღევანდელი დროა, რომელიც, უბრალოდ, სამწუხარო, მკაცრი რეალობით არის გადმოცემული. ამბავს თვით სიკვდილმისჯილი ჰყვება და მან არ ისურვა არც წლების დასახელება, არც ადგილების დასახელება და არც სახელების. ალბათ იმიტომ არ ისურვა ამ ყველაფრისთვის ყურადღების გამახვილება, რომ ის სიკვდილმისჯილია და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ამ წვრილმანებს, ამბავს ჰყვება სიკვდილმისჯილი, რომელმაც დაკარგა ადამიანების რწმენა, დანარჩენს კი ის თავად მოგვიყვება, თუ რატომ და როგორ.

***

სამი დღე გავიდა რაც აქ ვარ და ასე მგონია სამი წელი გასულიყოს. საბედნიეროდ, ამ ოთხ კედელს მიღმა ერთი ნორმალური ადამიანი გამოერია. მან მომცა მე ეს ფურცლები და კალამი, რადგან წერაზე ვარ დამოკიდებული, არ შემიძლია დღე ისე გავიყვანო, რომ არ დავწერო რაიმე, ამ შემთხვევაში კი მხოლოდ იმის დაწერა შემიძლია რაც აქ ხდება, ამ ოთხ კედელს შორის და ისიც მხოლოდ დღისით, როდესაც პატარა ოთხკუთხედ ჭრილს მზე მიადგება და რამდენიმე საათით შევძლებ ფურცლების და კალმით მოხატული სიტყვების დანახვას, თუმცა აქ წყვდიადი იმდენად არის, რომ თითქოს გონებაშიც გიძვრება და ფიქრის საშუალებასაც არ გაძლევს... იცით, დიდხანს ვიფიქრე, თუ რა უნდა დამეწერა, სანამ მზის სხივები შემოანათებდა ამ პატარა გალიაში, ან რატომ უნდა დამეწერა... განა აქვს აზრი ამ ნაწერებს? მე ხომ ისედაც განწირული ვარ... მაგრამ ამის მიუხედავად და იმის მიუხედავად, რომ აღარაფერი მაქვს დასაკარგი და ჩემზე აღარაფერია დამოკიდებული, შემიძლია ეს დარჩენილი 27 დღე წერაში გავიყვანო, რადგან წერა სიმშვიდეს მანიჭებს, ეს ნაწერები კი ალბათ ჩემთან ერთად განადგურდება, როცა დრო მოვა.

სამი დღეა რაც აქ ვარ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ არის ყველაფერი მოწყობილი ამქვეყნად და ამ დროში... ყველაფერი კი ძალზედ სასაცილოდ მეჩვენება, რადგან ეს კითხვა არ მასვენებს: ნუთუ ეს ყველაფერი ნორმალურია? ხანდახან სიცილი წამსკდება ხოლმე და გისოსებს მიღმა ჯალათი თუ ახლოს არის, გაბრაზებული ხმით მიყვირის ხოლმე: „სიკვდილმისჯილისთვის, რომელიც ოცდაათ დღეში უნდა ჩამოგახრჩო, ზედმეტად კარგ ხასიათზე ხარ!“ მე კი, მისი გაღიზიანების გამო, მას ისევ სიცილით ვპასუხობ: „ოცდაათი არა, ოცდაშვიდი დღე დარჩა, ასე რომ ჩაიცვი შენი საცირკო კოსტუმი და სცენაზე გამოდი!“ ის კიდევ ძალიან ბრაზდება ხოლმე, თუმცა ვერაფერს აკეთებს ჯერჯერობით, რადგან ყველაფერი ის სიბრაზე, რასაც ამ დროში დააგროვებს, შეეძლება ამოიღოს როცა ამის დრო მოვა, მანამდე კი მეფისგან ნაბრძანებია, რომ არ შემეხნონ, თორემ შოუ ვეღარ დაიდგმება და ხალხი ვეღარ გახალისდება ცემაში ნახევრადმკვდარის ჩამოხრჩობით. მართლაც რომ სასაცილოა, ხალხს რატომ უნდა ახარებდეს ადამიანის სიკვდილი? ეს ხომ ამორალურია, ხალხი ამ ყველაფერს როგორც შოუს ისე აღიქვამს, რომელშიც მოქმედი პერსონაჟები არიან თავიანთი კოსტუმებით და როლებით, თუმცა ეს შოუ დადგმული არაა, ეს რეალობაა... წვრილმანი დანაშაულები მიზეზია უბრალოდ იმისა, რომ შოუ დადგან და ამით ხალხი გაახალისონ, ასევე იშოვონ ფული ამ საინტერესო ფაქტის ჩვენებით, იშოვონ ფული იმის დანახვით, თუ როგორ კვდება ადამიანი თოკზე ჩამოკიდების შემდეგ... როგორ ფართხალებს იგი რამდენიმე წამის განმავლობაში, ხანდახან კი ჩამოვარდნისთანავე როგორ კვდება, თუკი სუსტი კისერი აქვს... მე ბევრჯერ მინახავს ეს და სწორედ ამიტომ ვარ აქ... მე გამოვხატე პროტესტი ჩემი ნაწერებით, ამ ყველაფერ სიბინძურესთან დაკავშირებით და ხალხს ეს ყველაფერი სასაცილოდაც არ ეყო, შემდგომ კი, გავლენიანი ხალხის სიტყვებით, მათი ნება-სურვილით შემდეგი მე გავხდებოდი... რატომ მაჩუქეს 30 დღე? ეს საჩუქარი არ ყოფილა, ეს უბრალოდ დრო არის, რომელშიც მე აზრი უნდა შევიცალო ამ ყველაფერთან დაკავშირებით, და როდესაც ეს დღეები გავა და ხალხის წინაშე წარვსდგები, ორი არჩევანი მექნება: მოვიხადო ბოდიში ჩემი ნაწერების გამო და ვთქვა, რომ შოუ გაგრძელდეს, რომელსაც მე გავაგრძელებ იმით, რომ ერთ-ერთ სიკვდილიმისჯილ ადამიანს, რომელსაც ყელზე თოკი ექნება მობმული, მას გამოვაცლი მის ფეხქვეშ არსებულ საყრდენს და ამით დავასრულებ მის სიცოცხლეს და გავახალისებ ხალხს, ამასთან ერთად კი გადავირჩენ ჩემს სიცოცხლეს... მეორე არჩევანი კი მოკლე აღსაწერია, - უბრალოდ არ მივიღო პირველი არჩევანი და დანარჩენს ჯალათი თავად გააკეთებს... ამოიღებს იმ დაგროვილ ბრაზს, რომელიც ასე აწუხებდა ეს დღეები... საინტერესო დღე იქნება დიდი ალბათობით, რადგან არ ვიცი რა მოხდება, საკმაოდ არაადამიანური საქციელია ალბათ, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად სხვისის გაწირვა, თუმცაღა, ადამიანი ხომ, სიკვდილის პირას მყოფი, მხოლოდ საკუთარ ტყავზე ფიქრობს და ავიწყდება სხვა ყველაფერი, მე კი ამიტომ არ ვიცი წინასწარ, რა მოხდება... ბევრი ადამიანი მინახავს, რომლებიც საკმაოდ კარგი ადამიანები მეგონნენ, თუმცა ამდაგვარი არჩევნის წინაშე როდესაც დამდგარან, - საკუთარი თავი აურჩევიათ და ამის მერე უკვე ეჭვი მეპარება წინასწარ ნათქვამი რაიმე სიტყვებისა, რადგან საქმე საქმეზე როდესაც მიდგება, ვინ როგორ მოიქცევა, არავინ იცის... ჩემს გვერდით საკნებში არავინაა, ალბათ ჯერ არ აურჩევიათ ის „იღბლიანი“, ვისი სიცოცხლეც ჩემს, მაგ მომენტში გამომჟღავნებულ, ადამიანობაზე იქნება დამოკიდებული...

აქ ძალიან ცივა, თითქოს კედლებიდან ყველა იმ ადამიანის დარდი, სიბრაზე, იმედგაცრუება მოდის, ვინც აქ ყოფილა და ეს სულისშემძვრელია, თითქოს გაშიშვლებს ყველანაირი დადებითი გრძნობებისგან და ცდილობს უარყოფითი გრძნობებით აგავსოს, რადგან აქ სხვას არაფერს აქვს აზრი... ვზივარ და ვცდილობ მოვარგო მზის სხივების ტრაექტორიას ფურცელი, რადგან, თუ არ დავწერ, ფიქრები, ჩემში გამოკეტილი, გამაგიჟებს. მინდა ეს ფიქრები ფურცლებზე გადავიტანო და გონებიდან გამოვუშვა, აქ დრო ძალიან ნელა გადის, სიკვდილმისჯილისთვის წესით ეს კარგი უნდა იყოს, როდესაც დრო ნელა გადის, თუმცა როდესაც ხვდები, რომ რამდენიმე დღეში შენი ხორცი ლეშად იქცევა ან შენი სული შენ მიგატოვებს და ივლი მოსიარულე, უგრძნობი, სულ დაკარგული ლეში, უკვე ვეღარ იტან დროს, რაოდენ ცოტაც არ უნდა იყოს, რადგან ხვდები იმას, რომ ორივე არჩევანი სიკვდილს ნიშნავს... შენ უბრალოდ უნდა გადაწყვიტო, მოკლა შენი ხორცი, თუ შენი სული...

აი, მზეც შორდება უკვე ამ პატარა ჭრილს და მტოვებს იგი...

დღე მეოთხე...

გუშინ, ღამე, იმ ბედნიერ მოგონებებზე ვფიქრობდი, რომელიც იმ ერთადერთმა ადამიანმა მაჩუქა, რომელსაც ყველაზე მეტად ესმოდა ჩემი და ჩემს, თუნდაც დაბალი დონის, საქციელებს ყოველთვის იგებდა, თუ რატომ გავაკეთე ესა თუ ის, მისი თვალები მელანდებოდა ამ წყვდიადში და წამიერად მეგონა, რომ ამ ოთახს კედლები არ ჰქონდა... წამიერად მეგონა, რომ ყველგან წავიდოდი, სადაც კი მომინდებოდა, შემდეგ კი თვალები დავხუჭე, თუმცა არაფერი შეცვლილა და ფიქრი დავიწყე ჩვენს ოცნებაზე, თუ როგორ ვსხედვართ ტბის პირას, მე, შენ და ბავშვი... უკან კი ჩვენი პატარა ხის სახლია, რომელიც სითბოთია სავსე. ვუყურებთ ტბას, შენ მეხუტები და თან ბავშვს ვუყურებთ ორივე, რომ რაიმე არ მოიწიოს, ჩვენ ბედნიერები ვართ მისი ხალისის ყურებით, ის ყველაფერს განცვიფრებული თვალებით უყურებს და ვერ ხვდება, რა, რა არის, მე კი ამ დროს შენ შემოგხედავ, შენს მოყავისფრო თვალებს ჩავხედავ და ამ დროს უსაზღვრო ბედნიერებით ვივსები, რომელიც ცხოვრების ხალისს მაძლევს, როგორც ყოველთვის... ხელით ლოყაზე ნაზად გეფერები და შენ მიყურებ თვალებში, ნელ-ნელა გეღიმება და შენს თვალებში ის გრძნობა ჩანს, რაც მე გამაჩნია შენს მიმართ, შენი ღიმილი ჩემს ხელებზე იგრძნობა და ჩემი თითები შენს ლოყებზე წარმოქმნილ ნაჩხვლეტებზე გადადის, შემდეგ კი ჩვენ ერთმანეთს ვუახლოვდებით, როგორც მაგნიტები, ამ დროს კი მზე ჩადის... იგი ტბაში ეშვება, მის ანარეკლში იძირება...

რაღაც ხმა მესმის, თითქოს ჯალათებს ვიღაც მოჰყავთ და ის ვიღაც ძალიან გაბრაზებულია და მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებს:“ის ღორი მეტის ღირსი იყო! სიკვდილი მისთვის საჩუქარია, წამებით უნდა მომეკლა!“

ხმით თუ ვიმსჯელებთ, ის ახალგაზრდა ბიჭი იქნებოდა, დაახლოებით ოცდაოთხი წლის ალბათ. ისე ვლაპარაკობ თითქოს ორმოცდაათი წლის ვიყო, არადა ოცდაათი წლის ვარ, თუმცა აქ გატარებული რამდენიმე დღე თითქოს წლებს გმატებს და გაბერებს, რადგან აქ რახან მოხვდი, ესე იგი აღარ აქვს შენს ასაკს მნიშვნელობა, უკვე აღარაფერს აქვს მნიშვნელობა...

ის ძლივს მოათრიეს საკნამდე და შემდგომ, შემოაგდეს საკანში. სანამ შემოაგდებდნენ კი ერთ-ერთ ჯალათს ცხვირი გაუტეხა, სიმართლე ვთქვა, მესიამოვნა ამის გაგება. როდესაც უცნობის საკანი დაიკეტა, მესმოდა როგორ დადიოდა აქეთ-იქით და მრისხანე ტონით ლაპარაკობდა ათას რაღაცას, თუმცაღა, მისი მრისხანების გამო, კარგად არ ისმოდა რას ამბობდა, თან კედლებს ურტყამდა მუშტებს, რამდენიმე წუთში კი ის უბრალოდ გაჩუმდა და მწარე ქვითინი ამოუშვა. მის ტირილში რაღაც შემზარავი იგრძნობოდა, რადგან, კაცი, ჯერ ასეთი განრისხებული არასდროს მინახავს და, შემდგომ, ასე მწარედ ექვითინოს, -ამდაგვარი არაფერი მინახავს. მისი ძლიერ მერიდებოდა, რომ ყველაფერს ვისმენდი, თუმცა დღეს ხმა არ გამიცია მისთვის, რადგან სჯობს თავი მარტო ეგონოს ერთი დღე და ამოუშვას თავისი გრძნობები, შემდგომ კი, როდესაც ცოტა დამშვიდდება, მე მას გამოველაპარაკები და გავიგებ ამ მრისხანების და ქვითინის მიზეზს, იქნებ შევძლო და რამით დავეხმარო, თუნდაც ამ ბოლო დღეებში, რომელიც ორივეს დაგვრჩა... დიდი ალბათობით ეს არის ის იღბლიანი, რომლის სიცოცხლეც ჩემს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, იქნებ ის ცუდი ადამიანია და იმსახურებდეს სიკვდილს?... არ ვიცი...

რამდენიმე წუთი ჩავფიქრდი ბოლოს დაწერილ წინადადებაზე და ჩემი თავის შემრცხვა, განა მე უნდა ვწყვეტდე, ვინ იმსახურებს სიკვდილს და ვინ არა?... ეს წყვდიადი და მისგან წამოსული ეს არასასიამოვნო შეგრძნება გაწყებინებს ფიქრს როგორც ჯალათი და იწყებ სხვების განკითხვას, იმ ადამიანების განკითხვას, რომელთა ასავალ-დასავალიც კი არ იცი და არასდროს გაგივლია მათი ქურთუკით, არ იცი სიცივის დროს როგორ ქურთუკს იცვამენ, ან ჰყავთ კი ისეთი ადამიანი, ვინც სიცივეში მართლაც რომ ქურთუკივით გაათბობთ... არ იცი წვიმის დროს როგორ უმკლავდებიან უამრავ წვიმის წვეთს, რომლებიც მის დასველებას ცდილობენ, არ იცი და ამიტომაც სჯობს მხოლოდ შენი თავი განკითხო, რადგან როდესაც წახვალ იმქვეყნად, შენივე თავს შენითვე განიკითხავ, ოღონდ იქ ვერ დამალავ ვერაფერს, რადგან იქ შენი ენა კი არ ისაუბრებს, არამედ შენი გული მოყვება ყველაფერს ისე, როგორც იყო ყველაფერი...

ბოლო აბზაცი გადავიკითხე და გავიაზრე, რამდენადაც შემეძლო... გვერდით საკანში მყოფი ბიჭი კი ქვითინში თავის მრისხანებას ურევდა. ვცდილობ მოვუსმინო, რას იძახის ასე განრისხებული, მაგრამ მხოლოდ ეს წინადადება გამოვარჩიე მისი განრისხებული საუბრისგან:“ის ხომ ანგელოზი იყო... ის არ იმსახურებდა ამას...“

ეს შემზარავი სიტყვები იყო მოსასმენად, რადგან მისი მნიშვნელობა ძლიერ მაშინებდა, პირველად ვნახე ადამიანი ასე მრისხანედ ქვითინებდეს და ამ მრისხანებაში ძალიან დიდი დარდი იგრძნობოდა, თითქოს სული წაართვესო, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, მაგრამ მასთან კონტაქტში შესვლა ჯერ ადრე არის, ჯობს ცოტა დამშვიდდეს, არ მინდა გავაუარესო მისი ტკივილი.

ვუყურებ მზის სხივებს და მსურს ფრთები მქონდეს, გავფრინდე შორს, ადამიანებისგან შორს და არასდროს შევხვდე მათ... მხოლოდ ერთი ადამიანი მინდა წავიყვანო და მეტი არავინ, თუმცაღა ადამიანები ხომ ბევრჯერ გვიცრუებენ იმედებს... რატომ უნდა ვიყო დარწმუნებული იმ ერთი ადამიანის წაყვანით, ის ფიქრი არ გამიჩნდება, რომ ყველაზე უარესი წამიყვანია თურმე? როდესაც დროდადრო თავის ნამდვილ სახეს გამოამჟღავნებს, იქნებ ის ადამიანი, რომელსაც მე ვიცნობ, მხოლოდ ნიღაბია... ერთ-ერთი ნიღაბი, საიდან ვიცი, რომ ახლა არ ხალისობს და სულაც ფიქრობს ჩემზე? იქნებ მიხვდა, რომ განწირული ვარ და ლოდინს აზრი აღარ აქვს და სხვა ნახა? იქნებ, არც აქამდე ვყვარებივარ და უბრალოდ უკეთესი არავინ გამოჩენილა და ამიტომ იყო ჩემთან... არ ვიცი, არ ვიცი... ძალიან დავიღალე, - ეს წყვდიადი, ეს კედლები ჩემში ეჭვებს აღვიძებენ და ადამიანების მიმართ ყველანაირ დადებით გრძნობებს მიკლავენ, მაკარგვინებენ ადამიანების მიმართ ნდობას, თუმცაღა ადამიანს ხომ ვერ გაიცნობ ბოლომდე ვერასდროს, ყოველი ახალი ურთიერთობა ეს რისკია, რომელიც ან გაამართლებს, ან არა... ჩვენ კი უბრალოდ ან ვრისკავთ, ან არა... ხან გვიმართლდება იმედები და ჩვენს ფიქრებში დახატული ის ადამიანი, ხანაც კი არა... იქნებ მეც გავუცრუე ბევრს იმედები, ძალით თუ არა, იქნებ ძალაუნებურად დავკარგე ბევრი ადამიანის ნდობა ისე, რომ ვერც გავიგე რა ჩავიდინე... ნეტავ, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ რა იქნება? როგორები იქნებიან ადამიანები? ისევ ასე გაახალისებთ სხვა ადამიანების სიკვდილი? თუ რაიმე სხვა გასართობს მოძებნიან, რომელშიც ვიღაც ადამიანი ტკივილს გრძნობს...

ო, არა... ცა იღრუბლება და ღრუბლები მზეს ეფარება... რატომ მაინც და მაინც ახლა, მე ხომ ისედაც რამდენიმე საათი მაქვს საწერად...

დღე მეხუთე...

გუშინდელი ღამე თეთრად გავათენე, რადგან ჩემს მეზობელ საკნად მყოფ ადამიანს არ სძინებია, მთელი ღამე რაღაცას ჩურჩულებდა, ხან ქვითინებდა, ხანაც ილანძღებოდა, ხანაც უბრალოდ დუმდა, თუმცა ეს დუმილი ბევრად უფრო ხმამაღალი იყო, ვიდრე მისი ყვირილი, მე კი როდესაც ამას ვგრძნობდი, ვერ ვხუჭავდი თვალს, თითქოს ჩვენს შორის არსებული კედელი უბრალოდ ფიზიკურად დანახვაში გვიშლის ხელს, თუმცა ჩვენს შორის არსებული კედლის მიღმა მე ვხედავ ადამიანს, რომელსაც ცხოვრება მკაცრად მოექცა, რომელსაც წაართვეს ყველაფერი, რის გამოც ცხოვრება უღირდა და მას არ უნდა შეეგუოს ამ ყველაფერს, თითქოს მას ვერ გაუაზრებია რა მოხდა, თითქოს ჰგონია რომ ეს სიზმარია, უბრალო კოშმარი და რამდენიმე წამში გაეღვიძება, წყალს შეისხამს და ისევ იმავე ცხოვრებას განაგრძობს... მე ამ კედლის მიღმა ვხედავ ურჩხულს, რომელიც ასეთი არ დაბადებულა, ის ასეთად აქციეს...

ღამით ვიხსენებდი ბავშვობის მოგონებებს, ჩემი საყვარელი ადგილი გამახსენდა, სოფლიდან მოშორებით, სადაც მხოლოდ გორები, ყვავილები იყო და ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა. ავდიოდი ყველაზე მაღალ გორაზე, რომელზეც შემეძლო ასვლა და ვუყურებდი ზემოდან ყველაფერს, მომწონდა იქაური ხედი, რაღაცნაირად სიმშვიდე მოჰქონდა ამ ხედს ჩემთვის და მავიწყებდა ყველა იმ პრობლემას რაც სახლში იყო, ჩემი იმ ადგილას მისვლის უმეტესი მიზეზი ის იყო, რომ მთვრალი მამაჩემისთვის თავი ამერიდებინა, რომელიც ძალიან შარიანი და უხეში იყო როდესაც დალევდა, თუმცა არც სიფხიზლეში გამოირჩეოდა დიდად სიკეთით, რამდენიმე „სიკეთის“ შრამი დამიტოვა სხეულზე, სანამ სიკვდილით დასჯას მიუსჯიდნენ... ისე, რა ირონიაა, შესაძლოა ამ საკანში იჯდა მამაჩემი, როდესაც თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა... ნეტავ, რაზე ფიქრობდა აქ მჯდომიარე, ამ წყვდიადში? ის ყველას აღიზიანებდა და როდესაც ყველას ყელში ამოუვიდა მისი შარიანობა და სიმთვრალე, გადაწყვიტეს რაიმეში მაინც ეხეირათ მისგან. ასე რომ, როდესაც ერთ დღეს გავლენიან ხალხს აუშარდა და მათი დამცირება გადაწყვიტა, მას ეს არ გამოუვიდა, ის ჩასვეს აქედან რომელიღაც საკანში და მიუსაჯეს ათ დღეში ჩამოხრჩობა, ათი დღე კი რატომ მისცეს, რისთვის საფიქრელად, არ ვიცი, ალბათ მასაც რაიმე ჩემდაგვარი არჩევნის გასაკეთებლად და დასაფიქრებლად მისცეს ეგ ათი დღე და, რაღა თქმა უნდა, შოუს გამო, რადგან მოლოდინი შოუს უფრო საინტერესოს ხდის. თუმცა მამაჩემი ხალისს არავის შეარგებდა, თუნდაც ამ საკანში გამომწყვდეული ყოფილიყო... მან ბასრი რაღაც იპოვნა ამ წყვდიადში, არ ვიცი კედლებს ჩამოატეხა ნატეხი თუ საიდან რა მოიტანა, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა რომ მეათე დღეს, როდესაც ჯალათებმა სიცილ-ხარხარით მოაკითხეს რათა ეხარებინათ თუ დღეს რა დღე იყო, მათ ის მკვდარი დახვდა... ხალხს კი იმედი გაუცრუვდა, რადგან სანახაობა ვერ ნახეს და ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ საკნის კედლებმა და მასში არსებულმა წყვდიადმა დაინახა.

ჩემ საყვარელ ადგილზე დავიწყე წერა და მას გადავუხვიე, არადა ყველაზე საინტერესო ჩემთვის ეგ ადგილი იყო, სადაც შემეძლო სიმშვიდეში ყოფნა, ოცნება და მომავალზე ფიქრი, მომავალზე, სადაც ნაცრისფერი არაფერი იყო... იქ ყველაფერს თავისი ფერი ჰქონდა, იქ ბალახი მწვანე იყო, ყაყაჩოები წითელი, შავი გულებით, მზე თვალს მჭრიდა, ჩიტების ჭიკჭიკი სასიამოვნო მოსასმენი იყო და მე ამ ყველაფერს ვგრძნობდი, მომწონდა მზის ჩასვლის დროს მისვლა იმ ადგილზე, ამ საოცარი მომენტის ყურება, მომწონდა და მინდოდა ეს მომენტი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო... ერთხელ, როდესაც ჩამოვდიოდი გორიდან, ერთი მოხუცი კაცი ამოდიოდა. მას სიარული უჭირდა, წელში მოხრილი იყო, გამიკვირდა, რადგან აქ არასდროს არავინ მინახავს. როდესაც მივუახლოვდით ერთმანეთს, მან ამომხედა და თითქოს ცოტა შეეშინდა კიდევაც, რადგან არ ელოდა აქ ვინმეს დანახვას. როდესაც ამომხედა, მისი ნაცრისფერი თვალები დავინახე და გავშეშდი, თითქოს ყველა ის სიმწარე ვიგრძენი, რაც მან გამოიარა, მის თვალებში ჩანდა ეს ყველაფერი და ამის მიუხედავად, მას ძალიან კეთილი თვალები ჰქონდა, ხელში ფურცლებისგან შეკრული წიგნი ეჭირა, ეტყობოდა რომ თავისი ხელით ჰქონდა შეკრული, ბევრი წვალების მიუხედავად ძალიან კარგი შესახედი იყო, თუმცა მაშინ არ ვიცოდი წიგნი რა იყო, არც კითხვა ვიცოდი დიდად. როდესაც ერთმანეთს შევეჩეხეთ მე და მოხუცი კაცი, გავჩერდით და ერთმანეთი კარგად შევათვალიერეთ. მე მის წიგნს მივაცქერდი ინტერესით სავსე თვალებით, მან ეს დაინახა და მკითხა: „გინდა გადახედო?“ მე არც მიფიქრია და მაშინვე დავთანხმდი, მოხუც კაცს გაეცინა, მკითხა, აქ რას ვაკეთებდი და ყველაფერი კარგად მქონდა თუ არა, მე მას ვუთხარი რომ უბრალოდ აქაურობა მომწონდა, ის თითქოს ჩემი სიტყვების მიღმა აღბეჭდილ გრძნობებს ჩაწვდა, -ისეთი მზერით და ღიმილით შემომხედა. იქვე არსებულ ქვაზე ჩამოჯდა და წიგნი გამომიწოდა, მე კი ხელის კანკალით გამოვართვი ის, რადგან იქამდე არასდროს მენახა წიგნი, თუმცაღა ის მაგ დროისთვის ჩემთვის შეუცნობელი იყო, მაგრამ როდესაც გადავშალე და მასში ამდენი სიტყვა ვნახე ერთად თავმოყრილი, ვხვდებოდი, რომ ეს უბრალო რამ არ იყო და მაშინვე გამიჩნდა სურვილი კითხვა მცოდნოდა, რათა ამომეკითხა თითოეული მასში არსებული სიტყვა. მოხუცმა კაცმა რამდენიმე წუთის შემდეგ ხმა ამოიღო და მკითხა: „კითხვა იცი?“ მე ვუპასუხე რომ არ ვიცოდი, თუმცა ძალიან მინდოდა მცოდნოდა. მას გაუხარდა რომ სურვილი გამოვთქვი და შემომთავაზა რომ თუკი დრო მექნებოდა, ის მე მასწავლიდა კითხვას, მასწავლიდა წიგნის მნიშვნელობას ადამიანებისთვის, მასწავლიდა იმ საოცარი გრძნობით ტკბობას, რასაც წიგნის კითხვა ჰქვია. მან მითხრა რომ ხვალ დილით, როდესაც მზე ამოვიდოდა, აქ მოვსულიყავი, მე კი რა თქმა უნდა დავთანხმდი. როდესაც წიგნი დავუბრუნე და უნდა წამოვსულიყავი, მე მას ვკითხე თუ რატომ ამოვიდა აქ და მანაც იგივე მიპასუხა მომღიმარი, კეთილი სახით: „უბრალოდ აქაურობა მეც მომწონს“ და დაამატა -„თუმცა მოხუცისთვის ხშირი აქ ამოსვლა ცოტა რთულია“. მე მას დავემშვიდობე და შევპირდი, რომ ხვალ მოვიდოდი აუცილებლად. როდესაც სახლისკენ მივდიოდი, მთელი გზა იმ წიგნზე ვფიქრობდი, მაინტერესებდა რა ეწერა შიგნით, ან როგორ, მაინტერესებდა ეს შეგრძნება, რადგან ჩემთვის უცხო იყო, თითქოს ის წიგნი მიზიდავდა თავისკენ, თითქოს ის სხვა სამყარო იყო, რომელიც რეალობისგან მომწყვეტდა და იქ წამიყვანდა, სადაც მას მოესურვებოდა, მე კი აქაურობას ყველგან ყოფნა მერჩივნა... რვა წლის ასაკში პირველად დავინახე წიგნი და მასში ჩახედვა მომინდა, ის ღამე ფაქტიურად არ მეძინა, სულ იმ სიტყვებზე ვფიქრობდი რაც წიგნში დავინახე, თუმცა მათ ვერ ვკითხულობდი და მათი მნიშვნელობა არ მესმოდა. როდესაც თენდებოდა მაშინვე გამოვედი და გავეშურე ჩემი ადგილისკენ, ცოტა სუსტად ვიყავი, მახსოვს როგორ მაბარბაცებდა ცუდი გზა, როდესაც ვუახლოვდებოდი გორას, დავინახე მოხუცი, რომელსაც ქვა შეერჩია დასაჯდომად და ტკბებოდა მზის ამოსვლით. როდესაც მივედი, მან შემამჩნია, თუმცა რამდენიმე წუთი არც გამომხედა, ის ისე საინტერესოდ და ჩაფიქრებულად უყურებდა ამ სილამაზეს, რომ არ მინდოდა ეს სიტუაცია ხმაურით დამერღვია, თუნდაც მოსალმებით, ამიტომ, უბრალოდ, გვერდით ჩამოვუჯექი და მეც ვუცქერდი მზის ამოსვლას. რაღაცნაირი უცნობი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სამყაროს უფრო სერიოზულად შევხედე, ვიდრე აქამდე ვუყურებდი, ჩემმა ბავშურმა მიზნებმა კი ინტერესი დაკარგეს. რამდენიმე წუთის შემდგომ გამომხედა მოხუცმა და მომიკითხა, მეც სიხარულით ვუპასუხე, რომ კარგად ვიყავი და მზად ვიყავი კითხვა მესწავლა. მოხუცმა ამოიღო ფურცლები და დაიწყო ჩემი სწავლებაც, ეს ის წიგნი არ ყოფილა, რომლის შინაარსიც ძლიერ მაინტერესებდა, თუმცა ამ ფურცლებზე იყო ჩემთვის მარტივად გასაგები სიტყვები, რომლიდანაც უნდა დამეწყო სწავლა და ნელ-ნელა გამერთულებინა. მე მოხუცს ყველაფერში ვუჯერებდი, ვუსმენდი მას გულისყურით, თუ რაიმე დამეზარებოდა, ის წიგნი წარმომიდგებოდა თვალწინ და მაშინვე ვინდომებდი სასწრაფოდ მესწავლა კითხვა. პირველი სამი დღის განმავლობაში მხოლოდ სიტყვებს ვსწავლობდი, როგორ იკითხებოდა და იწერებოდა. მე არამხოლოდ კითხვას, არამედ წერასაც ვსწავლობდი, ვიგებდი ბევრ ახალ სიტყვას, მათ მნიშვნელობას და ჩემი აზრები იცვლებოდა ყველაფერთან დაკავშირებით, აქამდე თუკი რაიმეს ვერ აღვწერდი ჩემი ლექსიკონის მცირე მარაგით, ახლა უკვე შემეძლო ყველაფრის აღწერა შესაბამისი სიტყვებით. მოხუცი სახლშიც მატანდა ამ ფურცლებს და მე სახლში მთელი დრო ამ ფურცლებს ვუყურებდი, ვცდილობდი ყველაფერი კარგად გამეაზრებინა. როდესაც გარეთ ვიყურებოდი, ვხედავდი ჩემ ტოლა ბავშვებს, ისინი ერთობოდნენ სხვადასხვა თამაშებით, მე კი მაგ თამაშებში საინტერესოს ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ სიტყვები მადარდებდა და მაინტერესებდა, ყველაფერს დავეძებდი რაზეც სიტყვები იყო დაწერილი, რათა წამეკითხა და მათი მნიშვნელობა გამეგო, თუმცა ასეთ რამეს იშვიათად თუ ნახავდი. იმ სიტყვებით, რისი დაწერაც შემეძლო, ჩემით ვკრავდი წინადადებებს და გადმომქონდა იმ ფურცლებზე, სადაც ეს სიტყვები ეწერა, მათ გვერდით თავისუფალ ადგილზე ვწერდი, რადგან სხვა ახალი ფურცლები არ მქონდა. მახსოვს როგორ მიხაროდა, როდესაც რაიმე წინადადებას დავწერდი, შემდგომ კი ხმამაღლა ვკითხულობდი. სამი დღის შემდგომ მოხუცს უკვე საინტერესო მოთხრობები მოჰქონდა ჩემთვის, რომლებსაც ვერ ვიტყვი, რომ თავისუფლად ვკითხულობდი და ვიგებდი, თუმცაღა მე არ ვჩერდებოდი, უფრო და უფრო მეტი მინდოდა მეკითხა, რადგან ეს მსიამოვნებდა, რადგან თითქოს ჩემს ცხოვრებას ავსებდა ეს. მაშინ ვერ ვხვდებოდი კარგად მაგ შეგრძნებებს, თუმცა ახლა ვხვდები, თითქოს ისევ ის რვა წლის ბავშვი ვარ და პირველად ვწერ, პირველად ვკითხულობ. მოხუცი დიდად მოლაპარაკე არ იყო, როდესაც მას სახელი ვკითხე, მიპასუხა რომ არ იყო საჭირო ერთმანეთის სახელები გვცოდნოდა. მითხრა რომ „მე უბრალოდ მოხუცი ვარ, შენ კი ბიჭუნა, სახელებით მიმართვა არაა საჭირო, შვილო, შეგიძლია ბაბუ ან მოხუცი დამიძახო“. მეც ვცდილობდი თავი არ მომებეზრებინა მისთვის ზედმეტი კითხვებით, თუმცა რამდენიმე კითხვა მაინც მქონდა, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა, მაინტერესებდა რა ეწერა იმ წიგნში, რომელიც ჩვენი პირველი შეხვედრისას ეჭირა ხელში, რაზე იყო წიგნი და ვინ დაწერა, - ეს კითხვები რამდენიმე დღის განმავლობაში მოსვენებას არ მაძლევდა, შემდეგ კი როდესაც ცნობისმოყვარეობამ მძლია, მაინც ვკითხე...

აი მზის სხივებმაც მიმატოვეს და უკვე ვეღარაფერს ვხედავ, ჯობს ხვალ გავაგრძელო წერა, თან ჩემ მარჯვნივ მყოფი მესაკნე მიხვდა რომ მარტო არ იყო აქ და შესაბამისი კითხვაც დასვა: „ვინ არის აქ?!“

დღე მეექვსე...

გუშინ საღამოს ჩემს მესაკნეს ვესაუბრებოდი, ის ძალიან დარდიანი იყო და დიდად არაფერი მითხრა იმაზე, თუ რა მიზეზით აღმოჩნდა აქ და არც ჩავეძიე, არ მინდოდა მისი განრისხება, მივხვდი რომ მას არ სურდა ამაზე ლაპარაკი ჯერ-ჯერობით. ჩვენ იმ ხალხზე ვლაპარაკობდით ვისაც, ეს, ეგრედ წოდებული „შოუ“ ახალისებთ, ისიც ჩემს აზრზე იყო და არ მოსწონდა ეს, თუმცა როდესაც თავად ხარ სახრჩობელაზე ასვლის კანდიდატი, ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივია, რა თქმა უნდა. ის ძალიან იმედგაცრუებული იყო, თითქოს ვიღაცამ ცხოვრება წაართვა და მისთვის აღარაფერს აღარ ჰქონდა აზრი. როგორც წესი, ასეთი შემთხვევა დამოკიდებულია ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებზე და არა ჩვენზე, მეც ხომ წერა ამიტომ დავიწყე...მოდით, ბავშვობაში დავბრუნდეთ, როდესაც წერა-კითხვას ვსწავლობდი.

როდესაც ვკითხე მოხუცს, თუ რა ეწერა წიგნში და რას ნიშნავს საერთოდ წიგნის წერა, მან საკმაოდ საინტერესო პასუხი გამცა, რომლის არსს მაშინვე ვერ ჩავწვდი, თუმცა რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო ვხვდებოდი მისი სიტყვების მნიშვნელობას. მან მითხრა: „ბევრ მწერალს ვიცნობდი და ყველას დავუსვი ეგ ორი შეკითხვა, მათაც იგივე პასუხი ჰქონდათ შენს შეკითხვაზე რაც მე. ადამიანების უმეტესობას იშვიათად თუ ეყოლებათ ისეთი ადამიანები, რომლებსაც რეალურად აინტერესებთ მათი ცხოვრება. ადამიანების უმეტესობას ეტყობა კითხვის დასმისთანავე, მაგ კითხვაზე პასუხი აინტერესებს, თუ უბრალოდ ზრდილობის ან დიალოგის მხარდაჭერის ხათრით დასვა, ზოგი ადამიანი კი მათ ასეთ დასმულ კითხვებს მაშინვე ხვდებიან და შესაბამისად ეკარგებათ სურვილი უპასუხონ გულწრფელად მათ კითხვაზე, განა უნდა მოუყვე შენი ისტორია, შენი ფიქრი, ან გაუზიარო აზრი იმის შესახებ, რაც არ აინტერესებს და ამ კითხვას უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გისვამს?

დღევანდელი დრო...

დღესდღეისობით ადამიანები ძალიან ბევრ წიგნს ვკითხულობთ, სხვადასხვა ადამიანების ისტორიებს, მათი პრობლემებით და თავგადასავლებით სავსე ისტორიებს, რომლებიც რეალურად მართლაც გვაინტერესებს და ვდარდობთ ამა თუ იმ წიგნის პერსონაჟებზე, რომლებიც არც კი ვიცით რეალური იყო თუ არა, მაგრამ მაინც ვდარდობთ, ამ დროს კი გვერდზე გვყავს ისეთი ადამიანები, ვისზეც უნდა ვიდარდოთ რეალურად და მთელი ინტერესით და პასუხის მოლოდინში მყოფები უნდა ვეკითხებოდეთ ყველაფერს, დაწყებული იქიდან თუ როგორი დღე ჰქონდათ, რა აწუხებთ და დამთავრებული ძილის წინ ნასურვი ტკბილი ძილით. სამწუხაროა როდესაც გვერდით გყავს ის ადამიანი, ვისზეც უნდა დარდობდე და გული შეგტკიოდეს და შენ ამ დროს რომელიღაც წიგნის პერსონაჟზე უფრო მეტს დარდობ, ვიდრე მასზე...

როდესაც მოხუცს ვკითხე თუ რაზე იყო წიგნი, მან მიპასუხა:“ეს წიგნი მე დავწერე. რაზეა წიგნი? წიგნი ყველა იმ მოვალეობით დასმულ კითხვაზეა, რომელზეც პასუხის გაცემის სურვილი არ მქონდა ადამიანებთან... ამიტომაც ავირჩიე ფურცლები, ისინი ხომ ცარიელნი არიან, მათ მხოლოდ ის სურთ, ვინმემ რაიმე დაწეროს და მოუყვეს, რათა ის შეინახონ მანამ, სანამ ეს შესაძლებელი იქნება, შეინახონ და მოუსმინონ, - ეს ორი თვისებაა, რომელიც ბევრ ადამიანს არ გააჩნია და, ჩემ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არავის... შესაძლოა, უბრალოდ, მე ვერ ვუგებდი ყველას ან ისინი ვერ მიგებდნენ მე, ეს ხომ ჩვეულებივი მოვლენაა, როდესაც ვიღაც ვიღაცას ვერ უგებს და ამიტომაც ვარჩიე ფურცლები... ცარიელი ფურცლები, რომლებიც ყოველთვის მოგისმენენ და შენი ინტერესი ექნებათ და როდესაც ვწერდი, მე შვებას ვგრძნობდი, რადგან ვთავისუფლდებოდი იმისგან, რაც მაწუხებდა და ვერავის ვუზიარებდი, რადგან არ დადიოდა ადამიანი მიწაზე, ვინც გამიგებდა, არ დადიოდა ადამიანი, ვის თვალებშიც ჩემს პასუხებზე ინტერესს დავინახავდი...“ მე იმ დროს მაინც ვერ გავიგე, წიგნი რაზე იყო და ვერც მისი ნათქვამი სიტყვები გავიგე, თუმცა რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვხვდებოდი მათ აზრს...

ჩემი მესაკნე მეტად საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა, საინტერესოში იმას არ ვგულიხმობ, რომ რაიმე შემეცნებითზე ან ცხოვრებისეულზე ვილაპარაკეთ, არა, უბრალოდ მისი ლაპარაკის სტილი და სწორად შერჩეული სიტყვა-პასუხი მომეწონა, მისი სიდინჯე, მისი სიტყვების დროისა და ადგილის შესაბამისობამ მომხიბლა, იცოდა ყოველი სიტყვის დრო, ადგილი და ასევე დუმილიც, იქ, სადაც საჭიროა. მანაც არაფერი მკითხა იმის შესახებ, თუ რატომ ვარ აქ, რა დავაშავე ასეთი, თუმცა,