თავხედი პოლიციელი
თავხედი პოლიციელი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამომძიებლო სამმართველოს თანამშრომლად დამაწინაურეს. რაიონიდან დედაქალაქში ჩამომიყვანეს ოცდაოთხი წლის იურისტი. არ მოველოდი ასე მალე დაწინაურებას . მეგობრებთან რესტორანში აღვნიშნე სასიხარულო მოვლენა . ბევრი ვიხუმრეთ და საკმაოდ დავლიეთ.
მეორე დილაა. თავი გასკდომაზე მაქვს. საკუთარი მანქანით არ წავედი სამუშაოზე. უპატივცემლობა იქნება პატრულისადმი სამინისტროს ახლადგამოჩეკილმა მუშაკმა ნასვამმა ვმართო საჭე.
მიკრო ავტობუსიდან ერთი თუ ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედი . ფეხით გავუყევი გზას . ნაცემივით მივტოპავ . გარკვეული მანძილის გავლა , სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა ჩემთვის სასარგებლოა . გარკვეული მანძილი, რომ გავიარე, შარდის ბუშტმა შემაწუხა. აქეთ - იქეთ მიმოვიხედე . ხელმარცხნივ, დაბალი, მოძველებული შენობა შევნიშნე. გზიდან გადავუხვიე. ბალახებით ამწვანებული საცალფეხო ბილიკი გავიარე. ჩანს ამ დილით ჯერ არავის გადაუთელავს, რადგან ცვარი ზედვე ეტყობა . მზის ელვარეებისაგან ბზინავს .
ძველ კედელს, რომ მივატანე ,კიდევ ერთხელ მიმოვიხედე ირგვლივ . შენობიდან ფაჩუნი მომესმა. დავინტერესდი ხმაურით. მიტოვებულ ადგილებში ხშირად უდედმამო ბავშვები ან უსახლკარონი აფარებენ თავს ,გავიფიქრე ჩემთვის და სვლა უსახური შენობისკენ განვაგრძე .უკვე მაინტერესებს რა ხდება, ვინ არის ?. ეს პოლიციელის პროფესიული ჩვევაა, რომელიც მუდამ თან სდევს . ფსიქიკა ასეა მოწყობილი : ეჭვები, ვარაუდები ,ალბათობა, ვერსიები. ზოგჯერ არარსებულის წარმოსახვით გამძაფრება.
არ ვიცი, რატომ წარმოვიდგინე მოხეტიალე ბავშვები და უსახლკარო ადამიანები. შენობას მივუახლოვდი. ვხედავ, უკარო შესასვლელს საიდანაც მესმის მოძრაობის ხმა , სავარაუდოდ, ერთი ადამიანი უნდა იყოს. შევჩერდი, მივაყურადე . დავრწმუნდი ,რომ იქ მყოფი არსება შველას არ ითხოვს. ესე იგი , არაფერი სჭირს და შესაბამისად აქ არც არაფერი მესაქმება.
თუმცა , ცნობისწადილმა მძლია.
უკარო ჭრილში შევიხედე. მკრთალად განათებულ. მომცრო ოთახის მარჯვენა კუთხეში , ნარზე შუა ხნის მამაკაცი ზის. სახეზე წვერმოძალებულია და მშვიდად იცვამს ზოლიან პერანგს.
მაინტერესებს მარტოა თუ ვინმე ახლავს, მისნაირი. მიტოვებული შენობა ბუნაგს უფრო ჰგავს , რასაც ხშირად იყენებენ ,, ბომჟები“. ჩემი მიახლოება და ფეხის ხმა თითქოს არც გაუგია. იქნებ ,არც აინტერესებს. დამნაშავე და მამაძაღლი რომ იყოს, ყურები დაცქვეტილი ექნება, თვალები გაფაციცებული და მოლოდინით დაზაფრული .
რადგან შენობაში ერთი ნაბიჯით ვარ შესული . უკან გამოსვლას ისე ვერ მოვახერხებ არ შემამჩნიოს. დაუპატიჟებელ დილის ,, სტუმარს “ თვალი არ შემავლოს და არ მკითხოს „ რას მოთრეულხარ ? იქნებ ჩემი გამოცხადება ეამოს კიდეც ? - ამგვარი გაორებული აზრები მომეჯარა გონებაში.
მშვიდად იცვამს . ღილებს იკრავს. ნესტოებში მიღიტინებს მყრალი სუნი და უკვე მსურს აქაურობას გავეცალო. თუმცა, ორი სიტყვით უნდა გამოვუსაუბრო . ასე აჯობებს.
- დილა მშვიდობისა ! - შევეხმიანე ნამთვრალევი ხმით. კარის ჭრილისკენ ზანტად გამოიხედა, შემამჩნია .ჯიუტი თვალები მომაბჯინა .
- რა გინდა ?- მკითხა ოლიმპიური სიმშვიდით.
დაასრულა ღილების შეკვრა და წამოდგა. ხელი მშვიდად დაავლო ნაცრისფერ ჩანთას. ვერ ვიტყვი ხელჩანთა ჭუჭყიანია. ეტყობა, თან დააქვს და საკმაოდ უფრთხილდება .მოდის ჩემკენ და მიყურებს მოჭუტული, ცინიკური თვალებით, რომელშიც სჭარბობს ცნობისწადილი ,, ვინ ოხერი ხარ, რას მოეთრიე ? “ .
ჩემმა გარეგნობამ და ჩაცმულობამ უნდა მიახვედროს, რომ მისნაირი არა ვარ. ამიტომ, თავაზიანობა უნდა გამოიჩინოს მთლად ბოლომდე სულელი და უბირი თუ არ არის. რამდენიმე შეკითხვაზე მაინც გამცეს პასუხი. საკუთარ საქმიანობას ვერ გავუმხელ, რომ ამ ბუნაგის მობინადრეზე შთაბეჭდილება მოვახდინო . ან რა საჭიროა ,იმის დემონსტრირება ვინა ვარ, რა ვარ.?
უჩარჩოო ფანჯრიდან შემოფრქვეული მადლიანი დღის სხივი მაძლევს საშუალებას ხედვა ბუნაგში მიმოვატარო . რაიმე ისეთი ვნახო, რომელიც გარკვეულ შთაბეჭდილებას შემიქმნის , მაგრამ აქ შთაბეჭდილების შესაქმნელი ნამდვილად არაფერია . მხოლოდ ფიცრის ნარია მოწყობილი, ზედ ძონძები ყრია . ირგვლივ სრული უსუფთაობაა . იდიოტურ სიტუაციაში, რომ არ აღმოვჩნდე, ჩავახველე და ორი ნაბიჯი უკან გადავდგი.
ამასობაში ჩანთიანმა გვერდით ჩამიარა, ზერელედ შემომხედა , გამოცნაურების ღირსადაც არ ჩამთვალა . ცხოვრების ამ ჩრდილმა ტუჩები გამობუშტა , გარეთ გასულმა ბალახებში გადააპურჭყა და წავიდა. შევხედე მის მკვრივ ზურგს. მიდის, მსუბუქად მილაჯუნებს .
- ეე ! - მივადევნე ხმა .
- ეე და, ბეე ! - მიპასუხა შემოუბრუნებლად და სვლა გააგრძელა. იქნებ ენაც გამომიყო.
- რამეს არ მეტყვი ?
ინება გაჩერება და გამოხედვა. დღის ნათელზე ვიხილე ორმოციოდე წლის მამაკაცის სახე. სრულებით არ ჩანს ,, ბომჟი “ და შარახვეტია. უფრო იმ კაცს ჰგავს, ვისაც ამგვარი მდგომარეობის რცხვენია. საშუალო სიმაღლის, სასიამოვნო გარეგნობის პიროვნებაა. ხელჩანთაც არაა მათხოვრის ძონძების სატარებელი. ,, მაშ, რა ხდება? “ - მიკარნახა გონებამ :,, თუ სოფლიდან ჩამოვიდა და არა აქვს საცხოვრებელი და დროებით აქ შეაფარა თავი, მისაღებია, მაგრამ მოხერხებული მამაკაცი მუდამ პოულობს შესაფერის ფართს, ან თავისუფალ ქალს და მასთან ცხოვრობს .
- ხომ მიაფსი, წადი რაა ! - მომიგდო ერთი შეურაცხმყოფელი წინადადება და წავიდა
მისი კილო მოკლებულია სირბილესა და სითბოს . შესაძლოა ეს ბევრი რამით არის განპირობებული: აღზრდით, საქმიანობით, გარემოს ზემოქმედებით. ამ ,, სოროს “ მცხოვრებს ვერ მოვთხოვ დახვეწილობას . ადამიანის ცხოვრება ხშირად საბედისწერო ზღვარზე გადის. მისმა ირონიულმა შენიშვნამ მაიძულა ამეხსნა რატომ მოვიქეცი ასე.
- წუხელ ცოტაზე მეტი მომივიდა , ნაბახუსევი ვარ და თავი ვეღარ შევიკავე ...ბოდიში.
ახლა ვხვდები ,, რომ ჩვენი ცხოვრება გველზე უფრო ჭრელია ვიდრე წარმოგვიდგენია. ბავშვობიდან ფერად სასახლეებს ვაგებთ ,მაგრამ ზღაპრული წარმოსახვა გარკვეულ ეტაპზე ქვიშასავით იფშვნება. მწარე სინამდვილის არტახები გვბოჭავს . როგორც ამ ხელჩანთიანს. “ ასე შევკარი მოულოდნელი შეხვედრის დეტალები .
-მანქანა გყავს?- უნებლიედ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა . მიხვდა რატომ მოვშარდე მისი სამყოფის სიახლოვეს.
,, რა შუაშია მანქანა? ნუთუ გაბედავს მთხოვოს სადმე წამიყვანეო ? “ მიუხედავად ჩემი უარყოფითი რეაქციისა , სიმართლე გავამხილე..
- მყავს, ოღონდაც აქ არა, ნასვამი ვარ და დღეს თავი შევიკავე ,, ძაღლების „ ხელში მტერი ჩავარდა, შარის თავი არ მაქვს, ხომ იცი რა დრო მოვიდა ?.
წამიერი დუმილი . ვერ მივხდი ,ჩემი ცრუ აღიარება დაიჯერა თუ არა.
- მანქანის ხელოსანი ვარ, თუ რაიმე დაგჭირდა მომიყვანე და მოგემსახურები....
ამასობაში მოსაუბრისკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი . მივუახლოვდი.
- კარგი ხელოსანი ხარ და ამგვარ პიროებში ცხოვრობ?.. -მარჯვენა ბუნაგისკენ გავიშვირე . მივახვედრე ,რომ მისი მდგომარეობა არ მაძლევს სერიოზული ოსტატის შთაბეჭდილების საფუძველი მქონდეს.
სახის არცერთი ნაკვთი არ გატოკებია . დგას და შტერივით მიყურებს. შემდეგ მითხრა.
- მანქანის მუხლქვემოთ , რაც დაგჭირდება , ატვეჩაი ვარ, მომიყვანე და თავად ნახავ რა შემიძლია.
თითქოს ვერ გავიგე !... რას ნიშნავს „ მაქანის მუხლსქვემოთ “ ?-აყლაყუდასავით გაშტერებული ვდგავარ .
- ეე !, რაა აქვს მაშინას მუხლქვემოთ, სავალი ნაწილები , ხომ ? ...
ხელი უნებლიეთ აიქნია, თავი აქეთ- იქეთ გადააქანა და წავიდა...
ნასვამობით დაბნეულმა მივუგე.
- გავიგე , გავიგე , ეს ღვინოს ბრალია, გამომაშტერა!
ხელჩანთა ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა . კიდევ ერთხელ შეჩერდა და შემობრუნებულმა ამიხსნა .
- ვაჟას ბოლოში სახელოსნოა, იქა ვარ .!
- მერედა , ვინ ვიკითხო ?
- ,,ცხვირა“.. ასე მიკითხე ,იმ უბანში ყველა მიცნობს !...
საკუთარ თავს ვუსაყვედურე, რომ აქამდე, ვერ შევნიშნე ,, ბუნაგის “ ბინადარს გამოკვეთილი კეხიანი ცხვირი , რომ აქვს. სხვა შეკითხვის დასმის საშუალება არ მომეცა .წავიდა, გამეცალა.
არ აღმძვრია რაიმე სურვილი ,, სორო “ დამეთვალიერებინა. მეძებნა კვალი, რომელიც ამხელდა უნებლიედ გადაყრილი ადამიანის დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელს. ,, სოროს მობინადრე “ თვალს ,რომ მიეფარა, მერე გავიფიქრე. ,, იქნებ იცრუა, მაჭამა , სატყუარით მომადუნა, მომიშორა ? “.
მთავარ გზაზე გამოვტოპე. იმ მიმართულებით გავიხედე ,სავარაუდოდ საითკენაც უნდა წასულიყო ,, ცხვირა “ . შემდგომ, იმით დავიმშვიდე თავი რომ, ზედმეტ სახელი გათქვა, ეტყობა ბოლომდე არ ჩამთვალა უბირად, არამკითხედ .
გზად, რომ მივტოპავდი უნებლიედ გამახსენდა სამეგრელოში გამომძიებლად მუშაობისას მოსმენილი ამბავი ,ვინმე დურუ ხურცილავას ცხოვრების შესახებ. მის ირგვლივ შექმნილი მითი თუ რეალობა ერთმანეთში ტალახივით, რომ იყო აზელილი. ის არ ყოფილა ,, რამკიანი ქურდი “ და მაინც, შიშის ზარს სცემდა მაშინდელ მილიციას. მის ფიზიკურ შესაძლებლობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ. იყო გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების ყველაზე ,, სახელოვანი “ და ,, ავტორიტეტული “ ფიგურა დამნაშავეთა შორის. დაიბადა სოხუმთან ახლოს, მრავალშვილიან ოჯახში. დედ-მამა ხშირად ჩხუბობდნენ ,რაც იმით დასრულდა, რომ დედა სახლიდან გაიქცა და უქნარა ,ლოთმა მამამ ვერ შეძლო ოჯახის რჩენა. ამან უბიძგა დურუს, წვრილმანი ქურდობისკენ. თოთხმეტი წლის ასაკში გაასამართლეს და სამი წელი მიუსაჯეს. მიზეზი გახდა ის, რომ დურუმ მდიდარ მეზობელს ყანა გაუთოხნა ყველის საფასურად, მაგრამ ყანის მეპატრონემ პირობა არ შეასრულა. ზიზღი და შურისძიების ალი მოედო მის არსებას . დურუმ, იმავე ღამეს გატეხა სამზადი და ცხრამეტი წველა ყველი მოიპარა ,რის გამოც მოხვდა ავჭალის შრომა - გასწორების ბავშვთა კოლონიაში. იქ დურუმ მხოლოდ ერთი წელი დაჰყო. გამოვიდა, მაგრამ საშინელება დახვდა სახლში. და - ძმები კვლავ შიმშილობენ. მამა ისევ ლოთობს . იძულებულია გროშების საშოვნელად მოიპაროს 40 ძირ დაფნისა და 19 ძირ მსხლის ნერგი, რომ ბაზარში გაყიდოს და ამით ოჯახს დაეხმაროს. ამ დანაშაულისათვის დურუს უკანონოდ რვა წელი მიუსაჯეს. მართალია, ცოტა მოგვიანებით სასჯელი შეუმცირეს , მაგრამ იგი ციხიდან გამოდის საოცრად შეცვლილი, ფიზიკურად დავაჟკაცებული , მკვრივი , ათლეტური და აგრესიული. ცხოვრებაზე გულგატეხილი .მას სკოლაში არ უსწავლია. ოჯახში აღზრდა არ მიუღია. 14 წლიდან ციხეში აღმოჩნა . მიუხედავად ამისა, ბრწყინვალედ ფლობდა სალაპარაკო ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ , აფხაზურ ენებს, მეგრულის ჩათვლით. ბევრი ადვოკატი, მოსამართლე და გამომძიებელი ხშირად ყოფილან განცვიფრებული მისი აზროვნების ლოგიკით, ვერსიების სიმტკიცით. ,, დურუში ერთდროულად იჯდა რამდენიმე ადამიანი- ამბობდნენ თურმე რესპუბლიკური პროკურატურის გამომძიებლები - მას ერთნაირი წარმატებით შეეძლო წარმოედგინა და საჭიროების მიხედვით ეთამაშა დამნაშავის ,მინისტრის, ტლუ გლეხის, პროფესორის, დახვეწილ ინტელიგენტისა და თუ აუცილებელი იყო გიჟის როლი . რაც ყველაზე მთავარია, არც ერთ შემთხვევაში პატარა ნიუანსშიც არ ჩაიჭრებოდა ...
იგი მესამე პატიმრობიდან, 21 წლისა გაიქცა . მაშინ, მას მისჯილი ჰქონდა ათი წელი. იგი საპატიმროში მხოლოდ ერთი წელი დარჩა. გაქცევა დაუჯერებელ ,განსაცვიფრებელ და გაუგებარ ვითარებაში მოხდა . სწორედ აქედან იღებს სათავეს ლეგენდა დურუ ხურცილავას უძლეველობაზე... მას სანამ სული უდგას : იბრძვის, ქედს არასდროს იხრის, კიდევ მეტი ,ცდილობს სამაგიერო გადაუხადოს არა მხოლოდ მის დამსჯელებს, არამედ საუბედუროდ ყველას . მისთვის არ არსებობს მცნება მასზე ძლიერი. მისთვის არსებობს მხოლოდ ერთი აზრი, სამაგიეროს გადახდა . იგი ბრუნდება საკუთარი ნებით საპატიმროში. როცა გულს მოიჯერებს , მაგრამ ამჯერადაც დაუნდობლად ებრძვის ციხის ადმინისტრაციას . დურუზე ადგენენ ცნობებს, რომ იგი გიჟია , ფსიქოპატია, ისტერიულად ნერვიული. მაგრამ, არავინ ბედავს დაუსვას დიაგნოზი ,, ,,შეურაცხადი “. ძალიან მალე წაუყენებენ მძიმე ბრალდებას, რომ თითქოს ბათუმში სამხედრო ნაწილში შეიძინა იარაღი და ძმასთან ერთად მოკლა ვინმე მინასიანი. ძმები სასამართლოზე აცხადებენ , რომ ,, ჩვენ, ძმები, უარს ვაცხადებთ საბჭოთა კავშირის მოქალაქეობაზე, რაზეც წარვადგინეთ წერილობითი განცხადება “ . ისინი პროტესტს უცხადებენ საბჭოთა კანონიერებას და ითხოვენ ,რომ არ დასდონ ბრალი მათთვის უცნობი ადამიანის მკვლელობაზე. დურუ, დანაშაულს არ აღიარებს და ამგვარ განცხადებას აკეთებს : ,, ნათქვამია მიბარებული მგელმაც შეინახაო . მე ციხეში ვზივარ , ისეთ საკანში, რომელსაც სქელი რკინის კარები აქვს და ექვს კილოგრამიანი ბოქლომი ადევს. ციხეში ვარ წესიერად და ველოდები, რომ ჩემს სიმართლეს დამიბრუნებთ. თორემ, აქედან კი არა, უშიშროების ციხიდან მოვახერხებ გამოსვლას და ორ საათში აქაურობას გადავბუგავ . ვიცი, მეც მომკლავენ, მაგრამ ეგ არაფერი- მე ერთი მუწუკი ვარ ამ ცხოვრებაში, გინდ ვყოფილვარ ამ ქვეყანაზე და გინდ არა “... ამ სიტყვებში აშკარად ჩანს ხურცილავას სითამამე, გულადობა და ფიზიკური შესაძლებლობა .იგი სიმართლეს ვერ პოულობს და სასამართლოს დაწყებამდე გაიქცევა ფოთის საგამოძიებო იზოლატორიდან .ამის შემდეგ იწყება მისადმი ახალ დანაშაულობათა სერიის წაყენება. პოლიცია აგროვებს მასალას სოხუმში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებაზე. შემდეგ ნასამართლევი პირის მკვლელობასა და კვალის დაფარვის მიზნით მის დაწვაზე. დურუ დაჰქრის აფხაზეთისა და სამეგრელოს ტერიტორიებზე. შეიარაღებული ყუმბარით, ავტომატითა და პისტოლეტებით . პოლიციის მაღალჩინოსნები მასთან ორჯერ აწარმოებენ მოლაპარაკებას და ცდილობენ დაარწმუნონ , რომ არ მიუსჯიან დიდ სასჯელს თუ მართლმსაჯულებას დანებდება . დურუმ არ იცის უკვე შედგენილია მის მიმართ მკვლელობისა და გაუპატიურების ორი საქმე. იგი აცხადებს, რომ კი იწვა ერთ ახალგაზრდა ქალთან, მაგრამ მისივე სურვილით . პატიების იმედით იგი დასთანხმდება თავად გამოცხადდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში , მაგრამ შეთანხმების არცერთ პირობას არ უსრულებენ , პირიქით, მას ფარულად უმზადებენ დახვრეტის მუხლს . დურუ თავს აძალებს ,, კარგად “ მოიქცეს, ჰგონია სამშვიდობოს გავა .ერთხელ თბილისის N 1 იზოლატორის უფროსის კაბინეტში შედის და ზურგს უკან ხელშემოდებული ითხოვს , მაჯები გაუკრან. იძახის: ისეთ ხასიათზე ვარ, აქაურობა მინდა დავლეწოო ...
ვიდრე სიკვდილის განაჩენს გამოუცხადებენ ნახევრად მიწაში ჩამონტაჟებულ საკანში ჩაამწყვდიეს . როცა საკანში, სასჯელის უმაღლესი ზომის, სიკვდილის გამოსაცხადებლად ციხის უფროსი შევიდა. დათვივით ეძგერა და ფეხსაცმლის ლანჩით მოკლა. მერე რკინის მძიმე კარი ჩამოიღო და დალეწა . ბადრაგი გადაუდგა, მაგრამ გაკოჭვა და საკნიდან მისი გამოიყვანა ვერ შესძლეს .იძულებული გახდნენ ძაღლები მიესიათ. დურუმ, სათითაოდ დაახრჩო ისინი ... ბოლოს ,სახანძრო ჭავლი მიუშვეს და ასე გამოასალმეს სიცოცხლეს.
რატომ მომაგონდა ეს გარდასული მტკივნეული შემთხვევა საბჭოთა პერიოდისა.? იმიტომ ხომ არა , რომ თავად არ ვიყო უსამართლო და ადამიანის უფლებების დამრღვევი, კანონის სახელით ძალაუფლებამ არ გამათამამოს.
ის იყო სამუშაო კაბინეტს ვუახლოვდებოდი, რომ მობილურმა დარეკა. ტელეფონი გავხსენი, ნომერს დავაკვირდი, სამეგრელოდან ჩემი ყოფილი კოლეგა, ემზარი მირეკავს
-გისმენ ჩემო მეგობარო ! ...როგორ ხარ, ხომ ჯგირო ?
რამდენიმე მეგრული წინადადების შესწავლა მოვახერხე სამეგრელოში. უფრო მეტიც , საყვარელი მეუღლე მყავს იმ კუთხიდან. ვცდილობ სიტყვები დავიმახსოვრო.
- გმადლობ დათო!... ხომ დაიწყე მუშაობა ძმაო, ხომ ხარ ტანკივით ?
- დავიწყე, ჰო, დავიწყე . მეხუთე დღე მაქვს.
- იცი რა, დათო! სამმართველოდან ვიღაცას დაურეკავს , ძარცვის საქმე ჩამოიტანოს და თბილისში ჩამოვიდესო. ძმაო, ახლა ისეთი ოჯახური მდგომარეობა მაქვს , ვერ ჩამოვალ ნამდვილად , ჩამიწყვე რაა, ... იმ კვირისთვის ,... კარგი?.
- ემზარ. გავარკვევ რა ხდება და დაგირეკავ მეგობარო !.
- ჰო, ძმა, აბა, შენ იცი.
# # #
მერვე დღეა. საღამო.
თბილისის საქალაქო პოლიციის მთავარ სამმართველოდან დარეკეს, რომ ნუცუბიძის პლატოს პირველ მიკრო რაიონში, მკვლელობაა . განგაშის ზარს საგანგებოდ იმიტომ ჩამოკრეს , რომ ეს უკვე მესამე მკვლელობაა ერთნაირი ხელწერით.
იქნებ ახლაა დრო და ჟამი თავი გამოვიჩინო? თავისთავად არაფერი მოვა. გონების შორეულ კუნჭულში მოკალათებულმა გრძნობამ ერთბაშად გაიღვიძა . თამამმა , თავხედურმა სურვილმა მძლია.
- მე წავალ ნუცუბიძის პლატოზე !... ძველი საქმეების ქექვას, ცოცხალი პრაქტიკა მირჩევნია. - განვაცხადე და სხარტად წამოვდექი.
კოლეგებმა სხვათა შორის შემომხედეს, იქნებ გაიფიქრეს: ,, ახალბედაა, გამოუცდელი, ვერ ითვალისწინებს , რომ პასუხისგებლობა მოჰყვება ამგვარ რთულ საქმეებში თავის გაყოფას “
სხვების აზრი ახლა ნაკლებად მაინტერესებს. ამჩატებული ვარ. მართალი ვთქვა არც კი ვიცი რა მარყუჟში ვყოფ კისერს. ოქრო, ტალახში ჩავარდნილი მაინც ოქროა. მიმაჩნია , რომ ჩემი ახალგაზრდული ენერგია და სურვილი ოქროს მსგავსია.
ახლა გაზაფხულის ცისარტყელა მინათებს სულს. მისი გაქრობა არ შემიძლია.
რადგან გადაწყვეტილება მივიღე და შინაგანმა იმპულსმა მიკარნახა, ჩემი პირველი ,,ნათლობა “ დედაქალაქში რთული საქმით უნდა დავიწყო. მორჩა და გათავდა. უკან არ დავიხევ.
სამმართველოს უფროსთან მივედი და რიხიანად განვუცხადე.
- თუ ნებას დამრთავთ , ნუცუბიძეზე წავალ!
- მანქანა გყავს ?
- დიახ. ძველი , მაგრამ მყავს .
- საქმის წარმოება ქალაქის მთავარ სამმართველოს ევალება, მაგრამ მიდი ნახე და მომახსენე რა ხდება იქ ?... სამწუხაროდ, ეს მესამე მკვლელობაა დედაქალაქში. მინისტრი აღშფოთებულია , ქვეყნის პრეზიდენტისგან მკაცრი დავალება მიუღია.
- დიახ, მესმის, - თავი დავუხარე.- წავალ, მდგომარეობაში გავერკვევი და მოგახსენებთ.
არ ვიცი მიხაროდეს თუ არა. ნებაყოფლობით გაურკვევლობის აბლაბუდაში , რომ ვეხვევი . ეს ალბათ ახალგაზრდული სიშტერის ბრალია . დარწმუნებული ვარ ,თუ სირთულეს თავიდანვე არ გამოვცდი, დონდლო , მაჩანჩალა დავრჩები.
ლიფტში შევედი, პირველ სართულზე დავეშვი . მანქანა დავქოქე და ნუცუბიძისკენ გავესწრაფე. ისეთი ენთუზიაზმით, რომ თითქოს გორდიას კვანძის გამხსნელი ვიყო.
მხატვართა დასახლების გასწვრივ , სამსართულიანი კერძო სახლის მიმდებარე ტერიტორიას პოლიციელთა კორდონი იცავს .მოვახერხე საკუთარი ოპელის გაჩერება და ფეხით გავუყევი გზას ეზოსკენ , რომელიც რკინის მაღალი გალავნითაა დაცული. როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიციელმა გამაჩერა, რადგან არ მიცნობდა. სენსაციების მოყვარული ჟურნალისტების ჯგუფი ირევა და ყველაფერი აინტერესებთ. ჟურნალისტები ,რომ მიხვდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენელი ვიყავი, ყოველი მხრიდან ალყაში მომაქციეს და ზაფხულის წვიმასავით კითხვები დამაყარეს. ბრიყვივით ვდგავარ . ისინი კი არ ცხრებიან ,წვრილმანი დეტალიც კი აინტერესებთ .
- ჯერ ვერაფერს გეტყვით, გთხოვთ, გამატაროთ ! - წამოვიძახე და ის არის რკალი გავარღვიე, რომ მომესმა.
- ვაა , დათო !
ხელმარცხნივ მივიხედე, მიღიმის თამუნა . იგი სამეგრელოში ნამყოფია როცა იქ ვმუშაობდი .მისი ძალიან , ძალიან მადლიერი ვარ ,რადგან სწორედ მან გამოაქვეყნა გაზეთში წერილი ჩემი სურათით ,როცა რთული საქმე გამოვიძიე .ამან გარკვეული , როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლაში.
თამუ , პრივეტ !-ხელის აქნევით მივესალმე და გავუღიმე.
- რაიმე მითხარი რაა , დათო, ინფორმაციის სრული ვაკუუმია, აქ !
ჟურნალისტი წისქვილის ბორბალივით ატრიალებს თვალებს. ერთი სული აქვს რაიმე სიახლით ,,დავასაჩუქრო “ მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ვერ დავაკმაყოფილებ მის სურვილს. მივეახლე და ყურში ვუჩურჩულე .
- როგორც კი რაიმეს საშენოს დავადგენ , დაგირეკავ , შევთანხმდით?
- ჰოკეი. ჯიგარი ხარ !
ჩემდა სამწუხაროდ, ქალაქის პოლიციის სამმართველოს მუშაკებს თითქმის არ ვიცნობ .რამდენიმე ხელმძღვანელის სახელი და გვარი გამიგია მხოლოდ. მოუთმენლობისაგან წინასწარ ვცქმუტავ , რადგან ამ საღამოს მათთან ერთდ უნდა გავიცნო სამინისტროსა და სამმართველოს მაღალჩინოსნები . ეს არის უნებლიე ფიქრი, რომელიც თან მდევს .
ცხედარი უკვე პროზექტურაშია გადასვენებული ,რადგან სასახლის შესასვლელთან ის ადგილი ცარცითაა მონიშნული, სადაც მსხვერპლი ესვენა .თუ თავად არ ვიაქტიურე ჩემკენ არავინ გამოიხედავს , ამიტომ ახალგაზრდა ზორბა მამაკაცთან მივედი ,რომელსაც ფურცლების გროვა უპყრია ხელთ და რაღაცას გამალებით ინიშნავს. ეტყობა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ადგენს . მივუახლოვდი და დაბალ ხმაზე ,ზრდილობიანად მივმართე:
- საღამო მშვიდობისა, მე სამინისტროს ახალი თანამშრომელი ვარ, რით შემიძლია დაგეხმაროთ ?
ხმას სირბილე არ მოვაკელი, რომ არ იფიქროს ეს ტუტუცი საიდან გამომეცხადაო. ცალი თვალით შემომხედა. როგორც საქმით გართულ ადამიანებს სჩვევიათ და უხმოდ გააგრძელა წერა.
რამდენიმე წუთი მხრებაწურული შტერივით ვდგავარ და ჩემთვის ვსჯი ,, მართლაც წარმატებული და ცნობილი ადამიანი ყოფილა მოკლული, დიდებული სასახლე ჰქონია, ამდენ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს მოუყრია ერთბაშად თავი .“
ტყუილად რომ არ ვიდგე, სასახლის ჭიშკარში შევედი , სამების ეკლესიასავით განათებულ სასახლეს თვალი შევავლე და გარს შემოვუარე . განსაკუთრებული პროექტით ნაგებ შენობას საკმაო ვრცელი ტერიტორია აქვს დაკავებული. თვალს წყალი დავალევინე, ცნობის წადილის ჭია, რომ გავახარო ,შენობის პირველ სართულში შევედი. ამგვარი შენობა თბილისში ალბათ რამდენიმე თუა. ოქროსფერ ვესტიბიულში აღმოვჩნდი . საიდანაც მეორე და მესამე სართულისაკენ ლიფტი მოძრაობს. კედლებზე გამოფენილია უცხოელი მხატვრების ორიგინალები და ასლები. გამახსენდა ლეონარდო და ვინჩის შედევრი ,, მონა ლიზა “ ოთხი წელი ეკიდა ნაპოლეონის საძინებელ ოთახში. აქ , და ვინჩის ნახელავის მსგავსი არაფერია , მიუხედავად ამისა ძვირად ღირებული ნამუშევრები ნამდვილად არის. აქვე დგას მოდური კუთხოვანი ავეჯი . მათ წინ სიურეალისტური ქანდაკებები იწონებენ თავს ...
გამოვბრუნდი . კვლავ ეზოში გამოვედი. ფიქრმა რამდენიმე დღის წინათ ნანახი ,, სორო “ გამახსენა , იქ მობინადრე ,, ცხვირა “ .უნებლიედ ერთმანეთს შევადარე ორი სამყარო, ორი განსხვავებული ყოფა. ორი გამოკვეთილი და დაპირისპირებული ,,პოლუსი“ დედაქალაქში.
ადამიანების ყოფისა და არსებობისა ორი დაპირისპირებული მხარე.
ნუცუბიძის პლატოდან დედაქალაქის ღამეული ხედი სჩანს. რა სიმშვენიერეა! რა წარმტაცია !... დატკბობა შეიძლება .
მობილურის ზარმა გამაწყვეტინა ფიქრი. ტელეფონი გავხსენი . ნათია მირეკავს, ჩემი ორსული და ძვირფასი მეუღლე. ჩემი ნატვრის თვალი .
- დიახ ... საყვარელო !
- დაგაგვიანდება?...
- ალბათ კი, ახლა ნუცუბიძეზე ვარ, მკვლელობაა .
- ტელევიზორში გამოაცხადეს, ალბათ, ისაა ,ხომ ?
- დიახ, დიახ !...
- ბლიაძეა... მგონი, კოტე ქვია, სოკოების ბიზნესი ჰქონია, გარეუბანსა და რუსთავში.
ის იყო მობილური ჯიბეში დავაბრუნე , რომ ვიღაცამ წამოიძახა ,, მალე მინისტრი მოვა ! „ გავფაციცდი. ძალიან მაინტერესებს რა მითითებებს გასცემს, რა დავალებები ექნება პირველ პოლიციელს საგამოძიებო და ოპერატიულ მუშაკებისადმი .
მალე მობრძანდა სამოქალაქო ფორმაში მყოფი მინისტრი. მაღალი, ძვალმსხვილი .
მინისტრის ირგვლივ წრე მალე შეიკრა. მეც ჩავდექი მათ რიგებში ისე , რომ სამოქალაქო ფორმაში, უჰალსტუხოდ მობრძანებული მაღალჩინოსანის პირისპირ აღმოვჩნდი .
მომხდარით კოპებშეკრულმა მარცხენა ხელი შარვლის ჯიბეში ჩაიყო და მიმინოსავით დაბრიალა მსხვილ თვალები.
- ქალაქის მთავარი სამმართველოდან, ვინ მეტყვის , როგორ მოხდა თავდასხმა ?.- იკითხა .
- აქ ვარ , სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბატონო მინისტრო .
- დიახ, გისმენთ , მითხარით !...
პოლკოვნიკმა ორი ნაბიჯი წინ წადგა და დაიწყო.
- ბლიაძე სამუშაოდან ბრუნდებოდა შინ. მანქანა გაჩერდა ,ჩამოვიდა, მძღოლს უთხრა დილამდე თავისუფალი ხარო და როცა ეზოში შედიოდა, ჩასაფრებულმა ორჯერ ესროლა . ეტყობა, ბოლო საკონტროლო იყო.
ეს მშრალი ინფორმაციაა. ახალბედას მსურს მეტის გაგება, წვრილმანი დეტალების მოსმენა ... მაგრამ ქუჩის პირობებში ეს შეუძლებელია .
- ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი მოქმედებს? ! - დაბალ ხმაზე თქვა მინისტრმა . ქვაფენილს ჩააშტერდა.
- დიახ .ხელწერა ერთია... ამჯერად აუცილებლად ავიყვანთ, გპირდებით .
- ცხედრების ზვინი დაგვიდგეს.,... გვამების ბარიკადია ეს., ... ისინი გვიტევენ,... ჩვენ კი ?- მინისტრის ხმა მკაცრი და კატეგორიულია.
მენიშნა მინისტრის ხატოვანი გამოთქმა ,, ცხედრების ზვინი “ , ,, გვამების ბარიკადი “ ეტყობა დეტექტური რომანების