ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

,,ასტრალში"

,,ასტრალში"

კვადრატული განზომილება

 

ჩვენი ამ სამყაროში მოვლენა ჩაის ჭიქაში დალექილი შაქარივითაა, რაც მეტად მოძრავი და თბილი გრძნობებითაა გაჟღენთილი, მით მეტად ტკბილი და საინტერესოა. ხოლო გაციებული ემოციებითა და უმოძრაოდ ყოფნაში, უფრო გვიან ტკბება და უინტერესო დასალევიც კია...       

 

თუ გგონია, რომ შენზე ვწერ, ალბათ, შენზე ვწერ.

 

 

რომელი ქმედებით ვპასუხობთ ცხოვრებას საუკეთესოდ?

 

 

 

 

აპირებს შუქის ჩაქრობას...

ღრმა ძილში მიდის...

გაიღვიძებს მაშინ, როცა პასუხს იხილავს...

 

 

 

პირველი განზომილება

თავი პირველი

 

რას წარმოვადგენთ სამყაროში, რისთვის მოვევლინეთ და გვაკისრია თუ არა, რაიმე მისია?! იქნებ, უბრალოდ იმისთვის ვართ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი ისტორიები ვთხზათ?! ან იმისთვის, რომ ცარიელი სამყარო უბრალოდ ხმაურიანი გავხადოთ?! იქნებდა, როცა ვინმეს ვხვდებით, ეს ასე უბრალოდ არ ხდება, არამედ ნიშანია იმის, რომ ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ისევ გადავეყრებით, სხვა დროს, ან თუნდაც, სხვა ადგილას.

არავისგან ვარ გამორჩეული, ცხოვრებაც ისეთივე ერთფეროვნად მეჩვენება, როგორც ყოველდღიური საკვები, მხოლოდ რამდენჯერმე რომ შეცვლი მას, მაგრამ მაინც, ისევ იმავეს უბრუნდები. ბავშვობაში მრავალ პროფესიაზე მიფიქრია. იშვიათად, მაგრამ ხანდახან გამიელვებდა თავში, იქნებ პიანისტი ვყოფილიყავი, რადგან სწორედ ეს მიმაჩნდა ჩემი შინაგანი სამყაროს უახლოეს საკურნებელ საქმედ. ემოციები, რომელსაც კლავიშებში აცოცხლებ... თუმცა ცხოვრება ისე არ წარიმართა, როგორც მსურდა. მე უბრალოდ ხელოსანი ვარ, პიანინოს შემკეთებელი.

ბანაობის დროს, მუსიკის მოსმენისას, უბრალოდ მარტო ყოფნისას, როცა გარემოს არა ადამიანების, არამედ უბრალოდ რაღაც ხმაური მართავს, ჩამესმის ხოლმე ხმები. თითქოს ვიღაც მეძახის, ეს ძახილი კივილს ჰგავს, ხანდახან ჩურჩულსაც. ზოგჯერ, როცა ტელევიზორს მიჩერებული რაღაცაზე ჩავფიქრდები, ამ დროს გონებაში არსებული ხმა იღვიძებს და სადღაც შორიდან მეძახის. ის ჩემს სახელს იმეორებს რამდენჯერმე...

სარკესთან დგომის დროს ხანდახან ვაკვირდები საკუთარ თავს, არა ზედაპირულად, არამედ თვალებში ვუყურებ და ვფიქრობ, ნეტავ ეს მართლა მე ვარ?! ვფიქრობ იმასაც, რომ იქიდან თითქოს ვიღაც სხვა მიყურებს. ჩემს ქმედებებს იმეორებს, პირსაც აყოლებს, როცა ვსაუბრობ, თუმცა მაინც სხვაა, თითქოს სხვა სამყაროა იქით, რასაც ვერ ვხედავ.

სიზმრებშიც სხვანაირად ვნახულობ საკუთარ თავს, ხან სულ სხვა პიროვნება ვარ. საყვარელ ადამიანებთან ერთად მოგონებებს ვიხსნებ, ან სრულიად ახალს ვქმნი. ის, რაც განმიცდია, ან ის, რაც მსურს, რომ გამოვცადო.

სიზმრად ნანახი მანქანის საჭის მართვა ისეთივე რთულია, როგორც საყვარელი ადამიანის შენარჩუნება. ერთ წამს ხელში ძლიერ გიჭირავს, ერთად ხართ. შემდეგ საჭე ქრება და შენ ვეღარ მართავ, ან ის უკვე სხვის ხელშია. ხანდახან კი უკანა სავარძელზე აღმოჩნდები, საიდანაც წინ მყოფს სავალი გზა თავად გაჰყავს, შენ კი მხოლოდ მაყურებელი ხარ.

ძველ უბანში ვცხოვრობ, მტვრითა და ხმაურით სავსე გადატვირთულ ქალაქში. ჩემს სახეზე უფრო მეტი ნაოჭია შიგნიდან, ვიდრე გარედან, რადგან ყოველთვის, ცუდი ფაქტის შემსწრე, შიგნიდან ვნადგურდები. ხმის ამოღების მეშინია და ეს წუხილი ისე ჭმუჭნის შიგნიდან სხეულს, რომ ვცდილობ ნელი, აუჩქარებელი სიარულით დავფარო ეს ყველაფერი, გაქცევის დროს, რომ არ ჩამომძვრეს ზედაპირის კანი.

სეირნობის დროს ბევრ რამეს ვაკვირდებოდი, ახლა ეგეც მომბეზრდა. რაც მეტს ვიგებ, მით მეტი მაინტერესებს, თუმცა ხანდახან ისეა, რომ იმის იქით ახსნა შეუძლებელი ხდება და მგონია, ეს ჩაძიებები მაინც იმედგაცრუებამდე მიმიყვანს.

ცხოვრებისეული ტრავმები მაქვს, თუმცა მაინც ვარსებობ, ვიტყოდი, ვცოცხლობ მეთქი, თუმცა იმდენად უღიმღამოა ეს ყველაფერი, რომ ცხოვრებას ვერ შევადარებ. გაუბრალოებული და დინების მიმართულებით მიმავალი. თუმცა ხანდახან ხდება ისე, რომ გასაოცარ რამეს წავაწყდები და შემდეგ თითქოს ეს ყველაფერი სხვაგვარად გადამაქცევს.

 

 

თავი მეორე

 

დილის 7 საათია.

სახლში ვარ, ლოგინზე ვწევარ, მარჯვენა მხარი ლამისაა დამიბუჟდეს და ოთახში მოსიარულე თაგვს ვუყურებ. არ ვკლავ და გულაღმა ვწვები, ჭერზე უმოძრაოდ მყოფ ნათურას ვუყურებ, რომელსაც რაღაც მწერი დატრიალებს და ძლიერ ეჯახება. სამზარეულოს ონკანიდან წყალი წვეთავს და არ მაძლევს დაძინების საშუალებას. ვდგები და ვუახლოვდები, მაგიდის ტილოს ზედ ვახვევ და ისევ დასაწოლად მივემართები. გარედან ხმა შემომესმა.

მეზობლის ბავშვები მეძახიან. მათი ბურთი ჩემს ეზოში გადმოვარდნილა. გავედი და უკან გადავუგდე. სახლში შესულმა ფეხსაცმელი ამოვიცვი, თეთრ მაისურზე წითელი კუბოკრული პერანგი მოვიცვი და ქუჩაში გავედი.

ხანდახან სასაცილოდ მეჩვენება იმაზე ფიქრი, როცა წარმოვიდგენ, რომ ამ ცხოვრებაში დროებით ვართ მოსულები. ზოგისთვის მოსაწყენი მეზობელი, მიმტანისთვის მოუთმენელი კლიენტი, მასწავლებლისთვის მოსწავლე, რომელიც თვლის, რომ უფრო მეტი შეუძლია. თუმცა სამყაროსთვის საკმაოდ უმნიშვნელო არსებები, რომლებიც თვალის დახამხამებაში უცბად გაჩნდნენ და მალევე გაქრებიან. მაგრამ მთავარი ალბათ, ისაა, როგორმე ამ უბრალო ადამიანებში დავტოვოთ მოგონებები, რათა გახსენებისას მათ გულში პატარა ნაპერწყალმა გაიაროს.

ახლა სკვერში ვზივარ, ბევრი ხალხია. მზე იმდენად აცხუნებს, რომ კანის ქავილი დამეწყო. შადრევანთან მისულმა ხელები დავისველე, კეფაზე გადავისვი, მტრედს ჩავუარე, რომელმაც ფრთები ააშრიალა და მომაჩერდა. გამახსენდა, რომ ჯიბეში რამდენიმე დღის წინანდელი მზესუმზირის მარცვალები მიყრია, ამოვიღე და დავუყარე.

შავ პიჯაკში გამოწყობილი უცხო მამაკაცი საათს მეკითხება. მძაფრი სუნამო ასხია, რომელიც შესაძლოა იაფასიანი ან ვადაგასული იყოს, რადგან ძმრის სუნი დაჰკრავს. ჩემოდნის მსგავსი ჩანთიდან პარფიუმი ამოიღო, რამდენჯერმე მიიპკურა და პასუხს ელის ჩემგან. მაჯაზე დახედვისას თეთრ სარაფანში გამოწყობილმა ახალგაზრდა მანდილოსანმა ჩამიარა, სახე არ დამინახავს, მხოლოდ მის თეძოებს ვაკვირდებოდი. ნელა მოძრაობდა, მზის სხივები მოღეღილ მკლავებზე უნათებდა, ფეხები სწორი, ლამაზი ჰქონდა, ჩამიარა და ისე დაჯდა სკამზე, რომ ვერ დავინახე სახის ნაკვთები. კი, მართლაც, ვადაგასული იქნებოდა, რადგან ოთხკუთხედი ფორმის შუშაში მუქი ფერის სითხე, რომელსაც ყავისფერი ფერი გადაჰკრავდა, ზედმეტად შესქელებული იყო სუნამოსთვის.

მისვლა გადავწყვიტე, თუმცა მობილურზე ზარის ხმა გაისმა, პიანინოს შესაკეთებლად გამომიძახეს და არ დავაყოვნე, ავტობუსის გაჩერებისკენ წავედი. რამდენიმე კვირაა არ მიმუშავია და თანხა ძალიან მჭირდება. მივდივარ, თუმცა ვფიქრობ იმაზე, ნეტავ ისევ აქ დამხვდება თუ არა ეს ლამაზმანი უკან დაბრუნებისას. ავტობუსის გაჩერებას მივუახლოვდი და უკან გამოვიხედე, ის ვერსად შევნიშნე და თვალებით დავიწყე ძებნა. ის ისევ არ ჩანდა...

ჩემ წინ გაჩერებულ ავტობუსში პირველი ნაბიჯი ავდგი და ამ დროს ქალის კივილის ხმა მომესმა, შველას ითხოვდა, უკან გამოვიხედე და ვერავინ დავინახე. მძღოლმა მითხრა, რომ მალე ავსულიყავი და მეც ავედი, თუმცა ისევ სკვერისკენ მქონდა ყურადღება გადატანილი. ვფიქრობდი და ვნატრობდი, რომ ეს მისი ხმა არ ყოფილიყო. თუმცა ჩემ გარდა იქ ხალხიც იყო და იმედია, ყველაფერი მოგვარდებოდა.

პიანინო ბინის მეექვსე სართულზე მდებარეობდა, რომელშიც ლიფტი არ მუშაობდა. სადარბაზოში შარდისა და თამბაქოს სუნი ტრიალებდა, სიგარეტის ნამწვავები ყოველ კუთხეში ეყარა. ნაცრისფერ კედლებს შუა ნახევრად ჩამოშლილ კიბეებს ავუყევი. ქოშინით იქ ასულმა კი საყვედური მოვისმინე იმაზე, თუ როგორ დავაგვიანე მისვლა. რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც თანხის გამორთმევის დრო დადგა, მფლობელმა იმაზე ნაკლები გადამიხადა, ვიდრე მეკუთვნოდა. პრეტენზია გამოვთქვი და მითხრა, რომ თუ ამას არ ავიღებდი, მაშინ საერთოდაც არ გადამიხდიდა.

სახლში დაბრუნებულს ეზოს ბავშვები კართან დამხვდნენ, როგორც ჩანს, ისევ ბურთს ელოდებიან. შევედი და ღობის მეორე მხრიდან გადავუგდე. ხმა შემომესმა ქუჩიდან. პატარა სკამზე შევდექი და გადავიხედე. როგორც ჩანს, ახალი მეზობლები გადმოდიან, რადგან უცხო ქალი უზარმაზარ ბარგს მიათრევს ჩემ წინ მდებარე სახლისკენ. შესვლისას კი ჩხუბი დაიწყო. სავარაუდოდ, შვილს მიმართავდა, მაგრამ ასე უხეშად რატომ, ვერ ვხვდები.

 

 

თავი მესამე

ისევ დილის 7 საათი.

ლოგინში ვწევარ, თუმცა ერთ ადგილას ვერ ვისვენებ, ასე მგონია ჭიანჭველები დამდიან ზემოდან. ავდექი და შხაპი მივიღე. წყალი გრილია, კანი თითქოს ხაოიანი გახდა, გამაჟრიალა და პირსახოცი სწრაფადვე მოვიფარე მხრებზე, ტელევიზორთან ჩამოვჯექი და შეღებულ ფანჯარას ვუყურებ, რომლიდანაც მზის პატარა სხივი ნელ-ნელა შემოდის.

არის დღეები როდესაც საკუთარ თავს შორიდან ვუყურებ და შემდეგ აღმოვაჩენ, რომ ჩემ ირგვლივ მრავალმა ადამიანმა დამტოვა. ასობით ღამე გავატარე საკუთარ თავთან ბრძოლაში, ისე, რომ მათ ამის შესახებ არც კი სცოდნიათ. ტკივილისგან მოყენებულ იარებს ნაკერებს ვადებდი, როცა ზოგიერთი მათგანი ზემოდან ნამსხვრევებს მაყრიდა. დღეების მანძილზე გასამხნევებელი სიტყვებისგან დამშრალს ისევ მე მთხოვდნენ ყურადღებას. სწორედ ასეთ დროს დავწვი ის ხიდი, რომელიც მათთან მაახლოვებდა, რადგან ზოგჯერ სჯობს, რომ გაუშვა, რათა განსაკურნებელ გზას მარტო დაადგე. ღამით მოდიან ფიქრები, იციან, რა დროსაა გონება დამშვიდებული, რათა შიგნიდან ღრღნა დაგიწყონ.

საღამომდე სახლში ვიყავი, შემდეგ კი მეგობრები მესტუმრნენ. ერთ-ერთს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, მოყოლილ ისტორიაზე მეტად, მისი სიცილი უფრო სახალისოა. მეორეს კი წინა კბილი ჩამოტეხილი აქვს, ღიმილის დროს ტუჩებს ერთმანეთს უჭერს, თუმცა თავს ვერ იკავებს და მაინც ფართოდ იღიმის, ტანზე კი რატომღაც, ყოველთვის ნაფტალინის სუნი ასდის, თუმცა მისი სამოსი მაინც დაძენძილია ჩრჩილების გამო. მესამეს მუდამ სევდიანი თვალები აქვს, ფეხსაცმლის მკერავია და წებოს სუნით გაჟღენთილ ოთახიდან იშვიათად გამოდის გარეთ და როცა კი მზის სხივს ენახება, ყოველთვის ეცრემლება. ჭაღარა აქვს შეპარული წვერში და ხშირი ხველების დროს უფილტრო სიგარის კვამლით გაჟღენთილი ფილტვებიდან სტვენით ამოსდის ჰაერი. ლუდი მოიტანეს და დილამდე ჩემთან დარჩნენ, ყველას ცოლს ვპასუხობდი, რადგან ყველაზე ფხიზელი ვიყავი. დილით ალკოჰოლის სიმყრალის სუნმა გამაღვიძა, ვის სად ეძინა ვერც ვხედავდი, თამბაქოს კვამლი ტრიალებდა ოთახში.

შეღებულ ფანჯარაში მტვრის ნაწილაკები, კვამლი და ეზოში მდგარი ნაგვის ურნის სუნი ერთმანეთში შეზავებულიყო. ფარდა ჩამოვაფარე და შემოსასვლელი კარისკენ ფეხაკრეფით გავედი.

დილის 8 საათი შესრულდა.

ეზოში ვდგავარ და უმისამართოდ, თვალების ფშვნეტით ვიყურები. ვამთქნარებ და პირის ნელ-ნელა დახურვისას ყურთან უფრო და უფრო მიახლოვდება მელოდიის ხმა.

ეს პიანინოს ხმაა.

როგორც ჩანს, ახალი მეზობელი კარგად უკრავს.

სახლში შევედი, ტანზე გამოვიცვალე და ტელევიზორთან დადებული გაცვეთილი საფულე ავიღე, რომელსაც შესაკრავი არ აქვს. გამოვედი ეზოში, გადაშლილ საფულეში შუაზე ოდნავ გახეულ ხუთ ლარიანს ჩავხედე და მაღაზიისკენ გავემართე. ოდნავ კოჟრიანი მარცხენა ხელით მივაწოდე გამყიდველს უკანასკნელი თანხა და მეზობლის სახლისკენ წავედი. გამყიდველის გამოყოლილმა მზერამ ზურგის ქავილი დამაწყებინა. ალბათ, ვყარვარ, გუშინდელი დღის მერე, მიმართულება შევცვალე და სახლში შევედი. აღარც მახსოვს, როდის ვიყიდე ბოლოს სუნამო, მაგრამ არ დამვიწყებია, რომ შესასვლელში, ტანსაცმლის საკიდის ზემო თაროზე მიდევს ხოლმე. დავისხი და ისევ ხელახლა გავუყევი მეზობლისკენ მიმავალ გზას.

თეთრ კარს მივუახლოვდი და დავაკაკუნე. პირველ ჯერზე არავინ გააღო, ისევ დავაკაკუნე და მუსიკის ხმა შეწყდა. კართან ფეხის ხმა გავიგონე და გაღებისთანავე ქალი დავინახე, გრძელ შავ კაბაში, ფერხორციანი, მოკლე შავი თმით. გამიღიმა, დამათვალიერა, ოდნავ შეჭმუხნული სახით შინ შემიპატიჟა.

მისაღები ოთახი იმდენად ნათელია, რომ ასეთი სიკაშკაშე მხოლოდ ქუჩაში თუ მინახავს. ყველაფერი თეთრსა და სალათისფერშია გაფორმებული, ოთახის კუთხეში, აღმოსავლეთით, საიდანაც მზე ყველაზე მეტად შემოდის, პიანინო დგას. ერთადერთი მუქი ფერი მთელს ოთახში. ტახტზე ჩამოვჯექი და მანდილოსანმა ორცხობილებით სავსე გამჭვირვალე თასი ჩემ წინ შუშის მაგიდაზე დადო. სავარძელზე ჩამოჯდა და მიყურებს. მე კი ვგრძნობ თითები როგორ მეყინება ნაყინის ჭერისგან და მაგიდაზე ვდებ. ქალი იღიმის და საუბარს იწყებს.

-თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში.

-მადლობა. შესაძლოა, გამიჭირდეს, თუმცა ვეცდები.

ჩავიცინე და თავი ძირს დავხარე. შემდეგ მას შევხედე. იგი ძალდატანებითი ღიმილით ტანსაცმელზე მაკვირდებოდა.

-რას საქმიანობთ? სადმე მუშაობთ?

-პიანინოს ხელოსანი ვარ.

-რა კარგია, ანუ თუ რამე მოხდა, თქვენ დაგიძახებთ. მიხარია, რომ გაგიცანით.

ოდნავ წინ წამოიწია და ხელი გამომიწოდა. მეც გავიშვირე მორიდებით და ჩამოვართვი. ვიგრძენი, რომ შეხება არ ესიამოვნა და სწრაფად უკან გამოვწიე.

-რა თქმა უნდა, როცა გენებოთ დამიძახეთ, აქვე ვცხოვრობ, თქვენს მეზობლად. ნაცრისფერი სახლი, რომ დგას, ისაა ჩემი, ბავშვები ხშირად თამაშობენ ჩემი სახლის წინ ბურთით.

-კიდევ რას საქმიანობთ? მხოლოდ და მხოლოდ ხელოსანი ხართ?

-პიანინოს ხელოსანი.

ვეცადე სევდიანი ღიმილი დამეფარა.

-მხოლოდ და მხოლოდ პიანინოს ხელოსანი.

-განათლება?

-დედაჩემი ჩემი დაბადებიდან 13 წლის შემდეგ გარდაიცვალა, დაავადების გამო და მამა მზრდიდა, რომელმაც სიცოცხლის ბოლო წლები ლოგინად ჩავარდნილმა გაატარა. 15 წლიდან პიანინოს შეკეთებას მასწავლიდა, რადგან ძველ სახლში, სადაც ადრე ვიყავით, იქ გვედგა, დედას ეკუთვნოდა. ყოველთვის მინდოდა მესწავლა დაკვრა, თუმცა მას, როგორც უბრალო დეკორაციას, ისე ვუყურებდი. მამამ დაკვრა არ იცოდა, ფულიც არ გვქონდა იმისთვის, რომ მასწავლებელი ამეყვანა. მხოლოდ დედა მომიჯდებოდა ხოლმე გვერდით და დაკვრას მასწავლიდა, თავისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე. 16 წლიდან თავად გამოვიმუშავებდი ფულს, თუმცა მამას გამოსაჯანმრთელებლად დახარჯული თანხა ვერ დამეხმარა უნივერსიტეტზე მეფიქრა. ვალებში ვიყავით და საბოლოოდ, ბანკში ჩადებული ბინიდანაც გამოგვყარეს. პიანინოც ბინის გაყიდვას გადაყვა, ერთადერთი, რაც ძველი სახლიდან დამრჩა, არის ნოტების ფურცლები. ამიტომაც, ჩემი განათლება მხოლოდ ამით შემოიფარგლება.

-ბოდიში, ჩემო კარგო, მე არ მითხოვია შენი ცხოვრების ისტორიის მოყოლა. უბრალოდ კონკრეტული კითხვა დაგისვი, რაზეც კონკრეტული პასუხი მჭირდებოდა.

-განათლებით გამოიხატება ადამიანობა, ქალბატონო?

-რაღაც მხრივ კი, რადგან დახვეწილი საუბარი ჯენტლმენობაზე მეტყველებს.

-არც მე მაკლია ჯენტლმენობა, უბრალოდ ეს ისაა, რამაც აქამდე მომიყვანა. იქნებ ქედმალობით მეტისთვის მიმეღწია ცხოვრებაში.

-კარგი, საყვარელო, ნუ ნერვიულობ, ვიხუმრე.

გადმოიწია ისევ და მუხლზე ხელი დამადო. გაკვირვებულმა გაცვეთილ შარვალს დავხედე და შემდეგ მის მარგალიტებით შემკულ ყელსაბამს, რომელიც დიდ, თეთრ და პრიალა გულმკერდს უმშვენებდა. ის გასწორდა, შეისწორა და ფეხზე წამოდგა. ოთახში მდგარ შუშებიან კარადას მიუახლოვდა და ჩარჩოში ჩასმულ სურათებს დაუწყო თვალიერება. თითები ზემოდან გადაუსვა და ზურგშექცევით დადგა.

-დაოჯახებული ბრძანდებით?

-არა, სამწუხაროდ, ან საბედნიეროდ.

ქალს ჩაეცინა და შემობრუნდა ჩემკენ, ყელსაბამი თითებს შორის აასრიალა და თვალებში შემომხედა.

-რატომ ,,საბედნიეროდ“?

-რადგან ვფიქრობ, რომ იმ პირობებს ვერ შევუქმნი იმ ადამიანს, ვისაც ჩემთან ერთად ცხოვრება სურს.

-საწყენია, მაგრამ გვიანი არასდროსაა, რომ საკუთარი ცხოვრება შეცვალოთ.

-როგორ არა, ხანდახან იმდენად გვიანია, რომ აზრი არ აქვს თავიდან დაწყებას, რადგან მაინც ვერ მოასწრებ.

-როგორ პესიმისტურად ჟღერს.

მხარზე კაბის ზონარი ჩამოუვარდა, იღლიასთან კი მკვეთრი, შავი ხალი გამოუჩნდა. ნელი მოძრაობით შეისწორა და ისევ შებრუნდა სურათებისკენ.

-გყვარებია ოდესმე?

-სიყვარული? ალბათ, არასდროს. ბავშვობაში ლამაზი ქერა გოგონა ცხოვრობდა მეზობლად, მაშინ 12 წლის ვიყავი და როცა მას ვუყურებდი, ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. თუმცა ამას სიყვარულს ვერ დავარქმევთ, ხომ?

-არა, ეგ სიყვარული არაა. სიყვარული სულ სხვა რამეა.

-თქვენ გყვარებიათ?

-მე შვილი მყავს.

-შვილი გყავთ? მეუღლე?

-მეუღლე არა, შვილი მყავს, ისაა ჩემი ერთადერთი სიყვარული.

-კი, მაგრამ, მეუღ...

-არ აქვს მნიშვნელობა. შვილია, ჩემი სიყვარული.

-კარგით, გოგო გყავთ თუ ბიჭი?

-ქალიშვილი.

-ძალიან კარგი, მასსაც გავიცნობდი, დიდი სიამოვნებით. რამდენი წლისაა?

-22 წლისაა, კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობს, ახლაც იქაა. დღეს გვიან დაბრუნდება სახლში.

-მგონი დასველდა.

ქალი სწრაფად შემობრუნდა, გაკვირვებული სახით მიყურებს.

-ბატონო?

-მგონი დასველდა.

-რაზე მეუბნებით?

-ნაყინი. მე რომ მოგიტანეთ, მაგიდა დასველდა, მგონი დნება.

-აჰ, უკაცრავად.

ქალი სამზარეულოსკენ გაიქცა, მაგიდის ტილო მოიტანა, ნაყინის ყუთი ხელში დაიჭირა, გადაწმინდა და სამზარეულოში გაიტანა ყველაფერი. უკან დაბრუნებულს ორი ჭიქა ეჭირა, მარწყვის ნაყინით სავსე, რომლის ზემოდან მიწისთხილი მოუყრია. მომაწოდა და გვერდით მომიჯდა.

-თქვენს სახლში როდის დამპატიჟებთ?

-ჩემი სახლი ისეთი არაა, როგორიც თქვენი. უმჯობესია, თავად გესტუმროთ.

-რა თქმა უნდა, ჩემი სახლის კარი თქვენთვის მუდამ ღიაა.

კაბა ოდნავ აიწია, მარცხენა ფეხი მოკეცა, ზემოდან ჩამოჯდა და ჩემკენ შემობრუნდა. კოვზს ათამაშებს ჭიქაში და ნელი მოძრაობით ენას უსვამს ნაყინს. მიყურებს, თუმცა თვალს ვერ ვუსწორებ და ჩემს ნაყინს ვაკვირდები, კოვზით ვურევ, რომ უფრო მალე დადნეს. შინაგანად სიმხურვალეს ვგრძნობ და საუბრის დაწყების მეშინია.

-როგორი დაკოჟრილი ხელები გაქვს, რაიმეს არ ისვამ?

-არა, არ ვისვამ. მე მხოლოდ ვმუშაობ.

-გასწავლი რომელი კრემი უნდა იხმარო, რომ ასეთი უხეში ხელები ისევ რბილი გაგიხდეს.

-იცით, მე... მგონი დროა, წავიდე.

წამოვდექი და შეუჭმელი, გამლღვალი ნაყინი მაგიდაზე დავდე. კარისკენ გავემართე და ვუსმენდი ჩემს ნაბიჯებთან სინქრონულად აყოლილ მის მოახლოებულ სხეულს. კართან რომ მივედი, შემოვბრუნდი და თვალებში შევხედე, ის იღიმოდა და ნაყინის ჭიქა ისევ ხელში ეჭირა.

-ქალბატონო, მეჩქარება და ბოდიშს გიხდით. მეგობრები მარტონი არიან სახლში და მგონი დროა დავბრუნდე.

-რა თქმა უნდა, როცა გენებოს მაშინ შემომიარე.

კარი დახურა. სახლისკენ გავემართე. გული ამოვარდნას მქონდა, ასე მეგონა, ის მანდილოსანი ფილტვებიდან ჰაერს მაცლიდა და სუნთქვა მიძნელდებოდა, ამიტომაც მოვიმიზეზე გარეთ გასვლა.

მატერიალური კეთილდღეობით შექმნილი ყოფა - ნუთუ ეს იმაზე მეტად ძვირფასია, ვიდრე ჩემი იაფასიანი ფიქრები, რომელსაც არც წონა და არც ზომა გააჩნია?!

შესაძლოა, ფიქრით ყველა ფიქრობდეს, თუმცა ამ ნაფიქრალთა ,,შეკვრა“ რამდენად შესაძლებელია?!

საღამოა.

გარედან რაღაც ხმაური შემომესმა. ეზოში გავიხედე. უპატრონო ძაღლი ჩემს ნაგვის ურნაში ჩამძვრალიყო. სამზარეულოს მაგიდაზე პურის ნამცეცები ხელის გულში გადმოვიყარე და შემოსასვლელი კარი შევაღე, ჩავიმუხლე და ძაღლს ჩემკენ მოსვლა ვთხოვე. იღრინებოდა, თუმცა როდესაც ნელ-ნელა მისკენ წავედი, კუდი და ცხვირი ქვემოთ დაწია და მომიახლოვდა, ხელის გული ამილოკა და ნამცეცები მთლიანად შეჭამა, ისევ ეძებდა საჭმელს და მსუნავდა, თუმცა მეტი არაფერი მქონდა. ამ დროს ქუჩიდან რაღაც ხმაური გაისმა და ყეფით იქით გაიქცა.

სახლში შემოვედი, ლოგინზე წამოვწექი და სიმწრის ცრემლები წამომცვივდა. რა უბედური ვარ და როგორ არაფერი შემიძლია, რომ ეს ყოველივე შევცვალო. რამდენჯერღა მივიდე დასაქმების სააგენტოში, რამდენი ფული ვიხადო, იმისთვის, რომ სხვა სამსახური მომიძებნონ და რამდენჯერღა დავბრუნდე ისევ ცარიელი ჯიბით შინ.

 

თავი მეოთხე

 

დილის 9 საათზე მობილურის ზარის ხმა გაისმა. ოდნავ ნერვიული ხმით ქალი მეუბნება, რომ პიანინოს შეკეთება სურს. ჩემი ადგილმდებარეობა მკითხა და პასუხის შემდგომ ბოდიშის მოხდა დაიწყო, იმეორებდა იმას, რომ საკმაოდ შორს მდებარეობდა მისი სახლი, სადაც უნდა მივსულიყავი. დაბნეული ჩანდა და სიტყვებს ძლივს ალაგებდა.

ცხელა. სამარშრუტო ტრანსპორტის გაჩერებასთან ვდგავარ. ჩემ გვერდით გოგონა დგას, ყვავილებიანი სარაფანი აცვია და ნიავის ამოვარდნისას ხელით იჭერს, რომ არ აუფრიალდეს. გაკვირვებული სახით მიყურებს და ზურგს მაქცევს. ლურჯი ფერის ტრანსპორტს ხელი დავუქნიე გასაჩერებლად, იქ ასული სწრაფადვე დავჯექი უახლოეს ფანჯარასთან.

ოდნავ შევაღე ფანჯარა და უკნიდან ქალის ხმა შემომესმა.

-იქნებ დახუროთ ფანჯარა, ვერ ხედავთ, ბავშვს უბერავს და გამიცივდება.

უკან მივიხედე. ახალგაზრდა ქალბატონს კალთაში დაახლოებით 2-3 წლის გოგონა ეჯდა. თმაზე ვარდისფერი თმის სამაგრი ეკეთა და დაბღვერილი მიყურებდა.

შუშა გვერდით გავაცურე და დავკეტე. თავი უკან გადავწიე და საზურგეს მივაყრდენი. ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ, როდესაც ტრანსპორტში მხოლოდ მე დავრჩი, მძღოლმა ჩასვლა მთხოვა, რადგან ბოლო გაჩერება იყო და თუკი რაიმე ადგილას მსურდა მისვლა, ფეხით უნდა წავსულიყავი.

ჩამოვედი ტრანსპორტიდან და ბოლოს დარეკილ ნომერთან ვცადე დაკავშირება, თუმცა ანგარიშზე არ მქონია და მალევე გაითიშა. დამკვეთმა გადმორეკა და მისამართი დამიზუსტა.

იმისთვის, რომ შენს ცხოვრებაში გამოიდაროს, წვიმის შეყვარება მოგიწევს, იმ იმედად, რომ ტირილის შემდეგ შენთანაც გაჩნდება ცისარტყელა.

თუმცა ვერ ვხვდები, რატომაა მუდამ თბილი წვიმა, როცა მცივა და ცივი, როცა ცხელა... ტკივილს ჰგავს, რომლის დროსაც გეღიმება?! თუ სიხარულს ჰგავს, რომლის უკანაც ყვირილს მალავ?!

დაახლოებით 10 წუთი ვიარე და კერძო სახლს მივადექი.

კარი გოგონამ გამიღო, სკოლის მოსწავლე იქნებოდა, დაახლოებით 8 წლის, გრძელი, ჟღალი კულულები ჰქონდა. შემიპატიჟა და მისაღებში მდგარი პიანინოსკენ გაიქცა.

-აი, აქეთ, აქეთ მობრძანდით. ესაა ჩემი ძმის პიანინო და იქნებ შეაკეთოთ, თორემ მთელი დღეა იმის გამო ჩხუბობს, რომ ვეღარ უკრავს.

ოთახში დედამისი შემოდის, ფქვილიან ხელებს ყავისფერ წინსაფარზე იწმენდს და ხელს მართმევს.

-მობრძანდით, დაღლილი იქნებით. ახლავე მოვალ.

ხის სკამისკენ ხელი გაიშვირა და იქ დაბრუნდა, საიდანაც შემოვიდა. მთელ სახლში ხის სუნი დგას. ნაწვიმარზე რომ ტრიალებს ხოლმე ჰაერში. არამხოლოდ იატაკზე, რომელზე სიარულისას უცნაური ხმები გაისმის, არამედ ჭერზეც კი ხის ფიცრებია. მხოლოდ შელესილი კედლები გამოიყურება მყარად. არათანაბრად დაშვებული ორი სხვადასხვა ფერის ფარდა ეფარება ერთადერთ ფანჯარას. თითქმის ცარიელია აქაურობა, არანაირი დეკორაცია და სურათი...

ჩანთიდან საჭირო ხელსაწყოებს ვიღებ და პიანინოს ვუახლოვდები, პატარა გოგონა თავთან დამტრიალებს.

-მეც მიყვარს მუსიკა, მაგრამ დაკვრა არ ვიცი. ჩემი ძმა კარგად უკრავს, ჭკვიანია. მეუბნებიან პრანჭია ხარო, მაგრამ რა ვქნა აბა, თუ ასეთი ლამაზი ვარ, რა ჩემი ბრალია?

გავუღიმე და პიანინოს ზედა ნაწილი ავხადე. მხარზე გადაკიდული პერანგი სკამზე გადავფინე.

-თქვენ რამდენი წლის ხართ? დაკვრა იცით?

ოთახში დედამისი შემოდის.

-დაანებე ბიძიას თავი. მოდი და სამზარეულოში დამეხმარე. სანამ მამა მოვა, იქნებ მოვასწროთ საჭმლის გამზადება.

-მამაჩემი ვენახში მუშაობს, იცოდით? და სულ ილანძღება, სამსახური ვერ ვიშოვეო, რა კარგია, რომ თქვენ მუშაობთ.

-გოგო მეთქი! სამზარეულოში გადი.

ოჯახის დედას გავხედე, ცალ ხელში თეფზე მოთავსებული ხაჭაპური ეჭირა, რომელსაც ჯერ კიდევ ცხელი ორთქლი ასდიოდა, გამდნარი ყველის სუნი დადგა მთელს ოთახში. ქალმა შვილს კაბის სამხრეზე ხელი მოქაჩა და სამზარეულოსკენ შეაბრუნა. თეფში ჩემკენ გამოიშვირა.

-ინებეთ. სანამ დაიწყებთ, იქნებ მიირთვათ.

-არა, მადლობა. შევაკეთებ და წავალ, არ შეწუხდეთ.

-ძალიან გთხოვთ, მეუხერხულება.

-თქვენი ხათრით ერთ ნაჭერს შევჭამ.

გავუღიმე და ერთი ნაჭერი ავიღე. ისეთი ცხელი იყო, თითების ბალიშები მეწვოდა და ვეცადე სწრაფად მეჭამა. ცალკე პირი გამოვიფუფქე და ცალკე ხელები, თუმცა ქალს არ ვაგრძნობინე.

პიანინო შევაკეთე. გადასახდელი თანხა ქალმა მისაღებში მდგარი პატარა ზომის კარადის უჯრიდან ამოიღო. ხელები წინსაფარზე გადაისვა და დათვლა დაიწყო.

-მგონი ზუსტი თანხაა. ინებეთ.

გამომიწოდა. ჩემს ჩანთაში ნივთებს ვალაგებდი, როდესაც სხვა ოთახიდან უცნაური ხმა შემომესმა. მისაღებში ეტლით მოსიარულე ახალგაზრდა ვაჟი შემოვიდა. უცნაური სახით შემომხედა და შემდეგ პიანინოსკენ დაიძრა. ფული გამოვართვი დედამისს და რამდენიმე კუპიურა ისევ უკან დავუბრუნე.

-არა, ეს ბევრია. ამდენი არ მეკუთვნის.

-კი, მაგრამ თქვენ, ხომ...

-საკმარისია ის თანხა, რაც ავიღე.

კარისკენ წავედი და ქალმა შემაჩერა.

-ესეც წაიღეთ, ძალიან გთხოვთ. ჩემი შვილების ხათრით.

ქალმა პარკი გამომიწოდა, რომელშიც ხაჭაპური და რამდენიმე ნაჭერი ყველი იდო. შემდეგ კი ჩემი პერანგიც მომაწოდა, რომელიც სკამზე გადაფენილი დამრჩენია.

თავი დავუქნიე მადლობის ნიშნად და წამოვედი.

ისევ ფეხით მომიწია იმ ადგილამდე მისვლა, სადაც მძღოლმა დამტოვა.

გზად ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ჭიშკარზე წავიკითხე სიტყვა: - ,,იკიგაი“.

რა არის იკიგაი?

არ ვიცი.

უკვე ნახევარი საათია აქ ვდგავარ და არც ერთ ტრანსპორტს გამოუვლია. საიდანღაც მოხუცი მამაკაცის ხმა შემომესმა.

-შვილო, ტყუილად ელოდები, აქ ამ დროს ვერც ერთ ტრანსპორტს ვერ ნახავ, ცენტრში უნდა ჩახვიდე და იქ დაელოდო.

-ბაბუ, ცენტრამდე დიდი მანძილია?

-ცოტა დიდხანს მოუნდები სიარულს, მაგრამ ჯანმრთელობაა, იარე ფეხით და ხომ მიხვალ, არა?

-მადლობა, გაიხარე.

დავადექი გზას, კიდევ კარგი, მზე ოდნავ გადასულია, რადგან სიცხეში ბევრად გამირთულდებოდა შინ დაბრუნება.

არ ვიცი, რამდენ ხანს მოვუნდი სიარულს, თუმცა ვგრძნობდი ფეხის ცერა თითთან ტკივილს. მიჭირდა ნაბიჯის გადადგმა, თუმცა ცენტრთან ახლოს ვიყავი. იქიდან მივხვდი, რომ ხალხმრავალი ადგილი იყო და რამდენიმე სახის ტრანსპორტი ერთად გაჩერებულიყო.

ალბათ ჩემში ერთადერთი სინათლე ყოველთვის ის იყო, რომ არასდროს ვნებდებოდი. რადგან ვფიქრობდი, რომ ყველაზე დიდი იმედგაცრუება სწორედ ეგაა. იქნებ, ზუსტად იმ წამის შემდეგ, როცა კი საბოლოოდ ხელს ჩაიქნევ, &