ადამის ვაშლი
ადამის ვაშლი
ორი პროვინციული სოფლის გოგონა ერთმანეთს დედაქალაქის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში შეხვდა.
ლოლა თხელი ტანის სქელ სათვალიანი, წითური გოგო იყო ხმელი მკერდით, რომელსაც თმა არასოდეს შეუღებავს და უფრო მეტიც, არც კი ახსოვდა ბოლოს როდის შეიჭრა. მისგან რადიკალურად განსხვავებული აღნაგობის იყო ნათია, რომელსაც მოკლედ შეჭრილი ვარდისფერი თმა სავსე მკერდი და მამაკაცურად ძლიერი მხარ-ბეჭი ჰქონდა. ლოლასაგან განსხვავებით მას მრავალი ექსპერიმენტი ჰქონდა საკუთარ თმაზე (და არა მხოლოდ თმაზე) ჩატარებული.
ლოლა ზედმეტად გულჩათხრობილი, სევდიანი და უკონტაქტო იყო. წიგნის ჭია, რომლის ერთადერთი მეგობარიც მოხუცი ბიბლიოთეკარი იყო.
ინერტული აირი.
ნათია კი ჟანგბადი იყო, კომუნიკაბელური და მხიარული, უამრავი მეგობრით. ის ლოლასაგან განსხვავებით რომელსაც სიგარეტიც კი არასოდეს მოეწია, მარიხუანაზეც არასდროს ამბობდა უარს.
მათი პირველი დიალოგი იმ დღეს შედგა, როდესაც ვარდისფერთმიანმა გოგონამ პირველსავე დღეს შვიდ კვადრატულ ოთახში სიგარეტის ღერს გაუკიდა და ნაცრისფერი ნისლით გაავსო ოთახი. ლოლას ისტერიული ხველა აუტყდა:
-შენ რა სიგარეტის სუნს ვერ იტან?
-ასთმა მაქვს... – მორცხვად უპასუხა წითურმა და თავი ფანჯარაში გადაყო, ისე რომ ხველა არ შეუწყვეტია.
-ჯანდაბა, ავადმყოფი ოთახის მეზობელიღა მაკლდა,- თქვა ნათიამ, უხალისოდ გადაატრიალა თვალები და სახელდახელოდ შექმნილ კონუსის ფორმის ქაღალდის საფერფლეში თამბაქოს ღერი ჩააქრო.
მათი დიალოგი ასე მატივად დასრულდა.
ვარდისფერთმიანს მას შემდეგ ოთახში აღარ მოუწევია.
მათი მეორე დიალოგი გამოცდის ღამეს შედგა, როდესაც ლოლა შუაღამემდე მეცადინეობდა და როგორც ჩანს, არ აპირებდა სინათლის გათიშვას...
-სერიოზულად? დილამდე არ აპირებ ძილს?
-ბოდიში...-მორცხვად ჩაქინდრა თავი წითურმა და შუქი ჩააქრო, მობილურის პატარა ფარანი აანთო და ისე განაგრძო სქელტანიანი წიგნის კითხვა.
-ავადმყოფი...-თქვა ნათიამ და თავი საბნის ქვეშ ჩარგო. სცადა დაძინება, მაგრამ ამისთვის ზედმეტად ნერვებმოშლილი იყო. საწოლიდან უხალისოდ ადგა, პიჟამოებზე ქურთუკი მოიცვა სანთებელა აიღო და ოთახი დატოვა.
***
გამოცდის პასუხები რომ გაიგეს ლოლამ იტირა, რადგან უმაღლეს შეფასებამდე 3 ქულა დააკლდა. ნათია კი იმითაც ბედნიერი იყო, რომ საერთოდ შეძლო ბარიერის „ვაივაგლახით“ გადალახვა.
-რა გატირებს!-წამოადგა თავზე ვარდისფერთმიანი გოგონა წითურს.
-ჩავფლავდი...
-სერიოზულად? - გადაიხარხარა მან,- 97 ქულა მიიღე.
-ჰო, მეც ამას ვამბობდი... 97 და არა 100... უკეთ უნდა მემეცადინა...
-რობოტი ხომ არ ხარ, 80იც კი არავის მიუღია...-თავისი საგამოცდო ფურცელი ლოლას ფურცელს ზემოდან გადააფარა,-ხედავ? 51! არ ჩავფლავდი... ეს კი უნდა აღვნიშნოთ! მორჩი ზლუქუნს და წამოდი...
-რა... სად?-გაოცდა ლოლა.
-ვერ გაიგე? უნდა აღვნიშნოთ-მეთქი! მეგობრები... დალევა...-თან ხელებით უცნაურ ცეკვას იმიტირებდა.
-მე ... მეგობრები არ მყავს და არც ვსვამ...
-მეღადავები? რამდენი წლის ხარ? ადექი...- ტაში დაუკრა მკაცრად და იღლიაში ხელკავი ისე ძლიერად გამოსდო, რომ სათუთი ლოლას წინააღმდეგობის გაწევას აზრი დაეკარგა... -გართობის შესახებ საერთოდ გსმენია რამე?
***
უნივერსიტეტის ახლოს პატარა პაბი იყო, მორყეული ბილიარდის მაგიდით და დაბზარული კიებით, თუმცა სტუდენტებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მათთვის საკმაოდ დამაკმაყოფილებელი და უფრო მეტიც, თითქმის იდეალურიც კი იყო. აქ ხშირად იკრიბებოდნენ და აღნიშნავდნენ ბარიერის გადალახვას, ან განიცდიდნენ „ჩაფლავებას“.
სულ ერთი იყო, ორივე შემთხვევაში სვამდნენ.
ნათიამ ამაყად შეაღო პაბის კარი და ააფრიალა საგამოცდო ფურცელი.
იქ უკვე მოგროვილიყვნენ სხვა სტუდენტები, რომლებიც ოვაციებით შეხვდნენ ვარდისფერთმიანს და მიულოცეს ცოფიან ლექტორზე „გამარჯვება“.
გოგონა ბართან მივიდა და ტატუებიან ბარმენს ორი კათხა ლუდი სთხოვა.
თავისი ერთი მოყუდებით ჩაცალა, ბარზე დაახეთქა პირი ირლანდიელი წვეროსანივით მოიწმინდა და ისევ ტატუებიანს მიუბრუნდა:
-გაამეორე!
ტატუებიანმა არ დააყოვნა. როდესაც საკუთარი ხელახლა შევსებული კათხის ასაღებად გოგონამ უკან მიიხედა, დაინახა რომ იქ კვლავ ორი სავსე კათხა იდო:
-ჯანდაბა! შენ რა, არ სვამ?
-არა...
-რატომ დედა გეჩხუბება?-გადაიხარხარა.
-დედა არ მყავს...
-ჯანდაბა...
მცირე ხნიანი, უხერხული დუმილის შემდეგ კვლავ თვითონ ალაპარაკდა:
-მომისმინე, ბოდიში... დედა არც მე მყავს... ლუდი დალიე, მოგეწონება და იმ შენს სევდას, დაკლებული სამი ქულის გამო რომ გღრღნის, მოკლავს...
-ალკოჰოლი არასოდეს გამისინჯავს,-თქვა გოგონამ მორცხვად...
-სერიოზულად?-გაოცდა ვარდისფერთმიანი,-არანაირი? არც ერთი ყლუპი?
წითურმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
-კარგი, ეს უნდა გამოვასწოროთ, -ლოლას კათხა უკვე ხელში ეჭირა და კანკალით მიჰქონდა პირისაკენ, როდესაც ვარდისფერთმიანმა გამოსტაცა და ბარზე დადო,-ეს არ გინდა.
მერე ბარმენს მიუბრუნდა და რაღაც განსაკუთრებული ლუდი მოსთხოვა ყვავილების არომატით. ტატუებიანმა მაცივრიდან ლამაზ ბოთლში ჩამოსხმული სითხე ბარზე გადმოდო და გოგონას ჰკითხა:
-გავხსნა?
გოგონამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია:
-მე თვითონ...
ვარდისფერთმიანმა ბოთლს ისე შეხედა როგორც ძველ მეგობარს, გაუღიმა. აშკარა იყო, რომ ნოსტალგიური ფიქრებიც შემოაწვა, თუმცა მალევე მოიშორა თავიდან და ლოლას მიუბრუნდა, ბოთლი ბარზე ჩამოჰკრა და გოგონას გაუწოდა:
-აი, ამით დაიწყე...
წითურთმიანს ალკოჰოლისაკენ რატომღაც არასოდეს გაუხედავს. ალბათ უფრო მეტად იმიტომ, რომ ბავშვობიდანვე სძულდა ის „ტკბილსურნელება“ რასაც თრობა იწვევდა, რადგან, ამ არომატით გაჟღენთილი მამა ზედმეტი სიყვარულით ხშირად აწვალებდა პატარა ლოლას.
ამ ლუდს კი მართლაც გაზაფხულის სურნელი ჰქონდა. და გემო?
გოგონამ ერთი ყლუპი თვალდახუჭულმა ცახცახით მოსვა.
...და ჰოი საოცრებავ!
გემო კიდევ უკეთესი.
-ამ ლუდს გაზაფხულის გაზაფხულის გემო აქვს... გაზაფხულის გულის... ან ... არ ვიცი, ის საოცარია... დედის რძესავით ნაზი, თუმცა მე ის არასოდეს გამისინჯავს, მჯერა რომ მას ასეთი გემო აქვს....-თან თვალები აუწყლიანდა. ეს ნათიას არ გამორჩენია და სიტუაციის განსამუხტად იყვირა:
-ვის გაუსინჯავს დედის რძე?
„მეე, მეე,“ ცხვრებივით აყვირდნენ სტუდენტები.
-და ეს ლუდი?
„მეეე, მეე...“ ისევ ახორხოცდნენ.
-მერე , რას იტყვით ჰგავს?
-ლუდი ჯობია! -დაიყვირა ვიღაცამ, სხვებიც დაეთანხმნენ. ლოლას გაეცინა, ბოთლი პირთან ისე მიიტანა თითქოს კოცნას უპირებდა, მერე კი ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა.
-მიყვარს!
ნათიას გაეღიმა.
-ნუ გაუთამამდები, ლიმონათი არ გეგონოს, თრობა იცის....
-კიდევ მინდა!
ვარდისფერთმიანმა ბარმენს გახედა და ანიშნა გოგონასთვის კიდევ ერთი ლუდი მოეწოდებინა. ამჯერად ბარმენმა კითხვის გარეშე გახსნა და ბარზე დადო.
-ეს ლუდი რა ღირს?-იკითხა მორცხვად ლოლამ და საფულის ძებნა დაიწყო.
-დღეს უფასოა,-თვალი ჩაუკრა ბარმენმა თან ნათიას გახედა და რაღაც ანიშნა.
-კიდევ რომ მომინდეს?
-კიდევ უფასო იქნება...
-ეგრე შემრცხვება და აღარ დავლევ...-მოიწყინა გოგონამ.
-დამიჯერე საყვარელო, მაგ ბოთლს რომ დალევ აღარაფრის შეგრცხვება...
-აუფ.. არ მჯერა,-თქვა გოგონამ და ბოთლი ისევ ერთი მოყუდებით ჩაცალა. ბოთლი ზუსტად ისევე დაახეთქა მაგიდაზე როგორც ნათიამ კათხა და ზუსტად იგივე ინტონაციით უთხრა ბარმენს გაამეორეო.
ყველას გაეცინა.
ვინ იცის რამდენჯერ „გაამეორა“ ლოლამ, ბარმენსაც კი აერია სათვალავი.
იმ დღეს ბევრი იმხიარულეს, იცეკვეს, ბილიარდის თამაშიც კი ასწავლეს ლოლას. ყოველ შემთხვევაში - სცადეს მაინც. საბოლოოდ კი - წითური გაითიშა.
ერთ-ერთმა ახლადშეძენილმა ჯენტლმენმა მეგობარმა, ლოლა ხელში აყვანილი მიაცილა ოთახამდე. ნათიამ კარი გააღო და მეგობარს თითით პირდაპირ ლოლას საწოლისკენ მიანიშნა.
თავად ნათია და კეთილშობილი ყმაწვილი შენობის წინ ბაღის სკამზე ჩამოსხდნენ და სიგარეტებს გაუკიდეს, ვაჟმა გოგონას მზრუნველი თვალები მიაპყრო:
-ყვავილების არომატით არა?- თან ეშმაკურად ჩაიღიმა.
-რა მოხდა მერე, კარგი ლუდია...
-ჰო, უბრალოდ ცოტა ძვირია, თან არცისე ცოტა დალია...
-ვიცი, მაგრამ ალკოჰოლი პირველად გასინჯა,წარმოგიდგენია?-გაიცინა გოგონამ,-ჩვეულებრივ ლუდს გადმოაფურთხებდა, ამან კი ხომ ნახე, გააბედნიერა.
-ჰო, ვიცი... ცოტა გულჩათხრობილი ჩანს, ეგ შენი მეზობელი...
-კი. მაგიტომ შემეცოდა და დავპატიჟე ჩვენთან, 100 ქულა ვერ მივიღეო და მაგაზე ტიროდა. ვიფიქრე, „აფერისტობს“ რაღაცას წავალ ჩავარტყამ „წავეკაიფები-მეთქი“, მაგრამ რომ მივუახლოვდი ისეთი ხბოს თვალებით ამომხედა კინაღამ დავდნი. ეგრევე დასალევად დანპატიჟე. არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია რომ მეგობრები სჭირდება. ხალხთან ურთიერთობა. მარტო იმ ბებრუხანა ბიბლიოთეკარს ელაპარაკება ხოლმე,-ჩაიხითხითა გოგონამ,-გარეკავს ეგრე, ცოდოა...
-საყვარელია...
-ვიცი...
***
დილა, ლოლასთვის არ ყოფილა სასიამოვნო.
თუმცა, ნათიასთვის სახლში დაბრუნების შემდგომი საღამოც არ იყო იდეალური.
მას ხომ ყველაფრის დასუფთავება და გაწმენდა მოუხდა, რაც ლოლამ ჭამა და დალია?
მეგობარს რომ დაემშვიდობა და შინ დაბრუნდა არასასიამოვნო, ნაცნობი სუნი ეცა...
-ჯანდაბა!-თვალები უხალისოდ გადაატრიალა, ოთახში სინათლე აანთო,-კარგი რა ლოლა...
დაინახა ახალბედა ალკოჰოლიკი ოთახის მეგობარი, როგორ გადმოვარდნილიყო საწოლიდან და საკუთარ „ნარწყევში ჩავარდნილიყო“.
ნათიამ გოგონა წამოაჯინა და საწოლს მიაყრდნო ზურგით. მიხვდა რომ სქელი ქურთუკი ხელს უშლიდა. გაიხადა.საკუთარ საწოლზე მოისროლა და ლოლას ბინძური ტანისამოსის გახდა დაუწყო.
როდესაც შარვალი და მაისური გახადა , შეამჩნია რომ საცვალიც სველი ჰქონდა:
-შენ რა, ჩაიფსი? კარგი რა ლოლა...
წუწუნებდა, მაგრამ არ ემჩნეოდა რომ ეს პროცესი მისთვის გულისამრევი იყო, პირიქით, სასიამოვნო, მოხუცი ძიძასავით იქცეოდა, რომელიც ჩვილ ბავშვს პამპერსს უცვლის.
როდესაც გოგონა ბოლომდე გააშიშვლა, ერთი ციცქნა კარადიდან საკუთარი აბანოს ხალათი გამოიღო და შემოახვია:
-ლოლა, უნდა დაგბანო... წამოხვალ?
წითურმა რაღაც ჩაიბურდღუნა. ნათიამ თანხმობად მიიღო და ეცადა მის წამოყენებას, თუმცა ამაოდ. ბევრი მცდელობის შემდეგ, დერეფანი დაზვერა. როდესაც დარწმუნდა, რომ იქ არავინ იყო, გოგონა ზურგზე ისე მოიგდო, როგორც კრილოვის იგავში მგელმა „ბეკეკო“ და საერთო საცხოვრებლის საერთო აბაზანისკენ „წააცუნცულა“, დერეფნის ბოლოში .
ლოლას თბილი წყალი ესიამოვნა და თვალები გაახილა.
-შენ ხარ?
-სხვას ელოდი?- გაეცინა ნათიას და განაგრძო ლოლას დაბანა.
-არა...
-ხომ გეუბნებოდი დაგათრობს-მეთქი.
-არ ვარ მთვრალი, ძალიან ფხიზელი ვარ,- ამტკიცებდა ლოლა ენის ბოძიკით.
-ჰო, აბა რა...
-შენ კარგი გოგო ხარ, ბიჭი რომ ვიყო ცოლად მოგიყვანდი.
-მნეჰ... არაა... ცუდი ცოლი ვიქნებოდი, მეგობარი უფრო კარგი ვარ!
-როგორ არა, შენ კარგი ადამიანი ხარ... გამომყვებოდი ცოლად?-თვალებდახუჭული საუბრობდა ლოლა, ნათია კი საკვების ნარჩენებს ჰბანდა უგრძესი თმებიდან.
უეცრად, წითურმა დააჭყიტა დიდი წყლიანი ცისფერი თვალები და ნათიას მიაშტერდა:
-გამომყევი ცოლად!
გოგონას ისევ გაეცინა.
-ბიჭი რომ არ ხარ?
-მერე რა, მაინც გამომყევი!
ნათიას სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ სწრაფადვე მოიშორა თავიდან ავი ფიქრები და უკვე გასუფთავებულ ლოლას სხეულზე პირსახოცი შემოახვია. ისევ მოიგდო ზურგზე და ოთახში დააბრუნა. საწოლზე დასვა. გაამშრალა. შეეცადა მისთვის საღამურის ჩაცმას, მაგრამ ამაოდ. ბოლოს დანებდა და დედიშობილა დატოვა, საბანი კოხტად ამოუკეცა და მწოლიარეს სველი თმა საშრობით გაუშრო.
საშრობის ხმამ ლოლას ისევ დააჭყეტინა თვალები:
-მაკოცე, შენ ხომ გოგოები მოგწონს!
-ეგ ვინ გითხრა?
-მითხრეს....
-ახლა არა, მთვრალი ხარ... თუ ხვალ, ფხიზელიც იმავეს მთხოვ გაკოცებ... დაიძინე...
ნათიამ ოთახში სინათლე გათიშა და ისევ გარეთ გავიდა.
ეს ოთახი მისთვის ზედმეტად პატარა და უჰაერო იყო.
პაბში დაბრუნდა. იმდენხანს სვამდა სანამ ლივლივით არ დაიწყო მოძრაობა. შემდეგ ოთახში დაბრუნდა და ტანსაცმლიანად დაეხეთქა საწოლზე. პირქვე ჩაეძინა.
ლოლას დილა ტკივილითა და სირცხვილით დაიწყო. სტკიოდა თავი და სცხვენოდა საკუთარი სიშიშვლის, რადგან არ იცოდა მიზეზი, არ ახსოვდა არაფერი. ფეხაკრეფით ჩაიცვა სამოსი და საკუთარ საწოლზე მიიყუჟა.
ვერ მოისვენა და დროზე ადრე წავიდა უნივერსიტეტში. იჯდა ბიბლიოთეკაში და ამაოდ ცდილობდა ნაწყვეტი ფიქრების შეერთებას.
საღამოს, როდესაც ლექციებიც დასრულდა და ბიბლიოთეკაც იხხურებოდა არ იცოდა სად წასულიყო. ოთახში დაბრუნება არ სურდა, რადგან ფიქრობდა რომ რაღაც ცუდი ჩაიდინა. უპატიებელი. სასირცხვილო. პირში ისეთი გემო ჰქონდა, გრძნობდა რომ გული აერია. მაგრამ საინტერესო იყო სად? პაბში? მაშინ იქ დაბრუნებას ვეღარასდეს შეძლებდა, არადა მოეწონა... ოთახში? ოთახი სუფთა იყო... იმედოვნებდა რომ სახალხოდ არ შერცხვა და მოახერხა რომელიმე საპირფარეშოში შესწრება.
საბოლოოდ, თავს დააჯერა, რომ არაფერი მომხდარა საგანგაშო და ფეხის თრევით დაბრუნდა ოთახში, იმ იმედით, რომ ნათია სადმე მეგობრებთან ერთად იქნებოდა და მის მოსვლამდე დაიძინებდა.
ასეც მოხდა.
როდესაც ვარდისფერთმიანი დაბრუნდა ლოლა კედლისკენ იყო გადაბრუნებული და ცახცახებდა, ფიქრობდა ნეტავ ვერ მიხვდეს რომ არ მძინავსო...
რამდენიმე დღე იგივე განმეორდა.
იმ დღეს კი, როდესაც ლოლა უნივერსიტეტიდან გვიან დაბრუნდა ნათია კვლავ ოთახში დახვდა. საკუთარ საწოლზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა... თუმცა ამ სიგარეტს სხვებისაგან განსხვავებული სურნელი ჰქონდა და ლოლას არ დაუხველებია:
-საღამომშვიდობის,-უწერხულად მიესალმა წითური ოთახის მეზობელს..
-ჰაი...
ლოლამ სამოსი გამოიცვალა და სამეცადინო მაგიდას მიუჯდა.
-შენ რა, არ მელაპარაკები?
ლოლა დაიბნა.
-როგორ არა...
-აბა, რატომ მეჩვენება რომ გამირბიხარ, რამე დავაშავე და არ ვიცი?
-არა, რას ამბობ, არ გაგირბივარ.. მე უბრალოდ.. მე..
-ბოდიში, რომ გაგაშიშვლე იმ დღეს... თუ ამაზე ბრაზობ.
-რა? შენ გამაშიშვლე? მე კიდევ ისე მრცხვენოდა, ვერაფრით გავიხსენე რა მოხდა...-შვებით ამოისუნთქა ლოლამ, - და რატომ გამაშიშვლე?
-როდესაც ოთახში დავბრუნდი შენ იატაკზე საკუთარ ნარწყევსა და შარდში ტივტივებდი, იქ ხომ არ დაგტოვებდი?-გაეცინა გოგონას.
-ღმერთო რა სირცხვილია... ყველაფერი შენ დაალაგე?
-შენ რა, მართლა არაფერი გახსოვს?
-არა...
-საერთოდ?
-არა, შეგიძლია მომიყვე?
-ბოლოს რა გახსოვს?
-ბარმენს ვუთხარი, რომ უფასოდ ლუდის გამორთმევა შემრცხვებოდა...
-ჰოოო....-გადაიხარხარა გოგონამ,-არ შეგრცხვა...
-ბევრი დავლიე?
-ახალბედისთვის გასაოცრად ბევრი... პაბის სავარძელზე ჩამოგეძინა, აქ ჩემმა ძმამ ამოგიყვანა. მე კი გაგაპატიოსნე...
-მანაც ნახა რომ გული ამერია და ის?-გაწითლდა გოგონა.
-არა, მხოლოდ ის ნახა რომ პაბში ჩაგეძინა... ნუ ღელავ...
-აღარასოდეს დავლევ...
-ყველა ეგრე ამბობს, შემდეგ დალევამდე... თავი არ გტკიოდა?
-ძალიან, შენ რა იცი?
-ეგაა ალკოჰოლის ერთადერთი მინუსი,-გაეცინა ვარდისფერთმიანს,- მანდ ჩემს უჯრაში შუშხუნა ტაბლეტებია, თუ სხვა დროსაც იგივე დაგემართება და კვლავ ჩემგან გაქცევას შეეცდები ჭიქაში გახსენი და დალიე.
-არ გავრბოდი...
-ან ლუდი დალიე, ვიცი ახლა საზიზღრობად გეჩვენება მაგრამ შველის...
-გმადლობ...
-ხომ არ ბრაზობ ოთახში რომ მოვწიე?
-არა, მაგას კარგი სუნი აქვს...
-იმიტომ რომ სიგარეტი არაა...
-მართლა? ნატკოტიკია?-გაუფართოვდა გოგონას თვალები.
-არა, ეს უბრალოდ მცენარეა, თუ გინდა გაგასინჯებ...
-სხვა დროს..
-ფხიზელი მოსაწყენი ხარ!
ნათიამ ქურთუკი აიღო და ოთახი დატოვა.
***
მოსაწყენმა უხერხულობამ რამდენიმე დრეს გასტანა. ბოლოს ისევ ნათიამ სცადა სიტუაციის გამოსწორება და უქმეებზე ლოლა ძმის დაბადებისდღეზე საკუთარ სოფელში დაპატიჟა.
ლოლა თავადაც სოფელში იყო გაზრდილი ამიტომ ეგონა, რომ ყველა ტავისი სოფელივით მიყრუებული და მოსაწყენი იქნებოდა. ნათიასა და მის ძმასთან სტუმრობის შემდეგ კი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა. მეგობრების სოფელი საკუთარ ცოფელთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქზე უფრო ცოცხალი და დიდი აღმოჩნდა, უამრავი მაღაზიით, ადამიანებით, მოქმედი ეკლესიით და ლუდის ბარითაც კი. მართალია ლუდის ბარი ხმამარალი ნათქვამი იყო იმ ღია სივრცისთვის, სადაც მხოლოდ მამაკაცები დაინახა, მაგრამ ფაქტია რომ არსებობდა. გოგონამ რამდენიმე კორპუსსაც მოჰკრა თვალი და დაინტერესდა მათი ისტორიით, როგორც წესი სოფლებში მსგავსი ტიპის საცხოვრებლები არ იყო. როგორც აუხსნეს, ოდესღაც სოფელში ჩაის პლანტაციები არსებობდა, ამჟამად გაველურებული, და ეს კორპუსები მისი თანამშრომლების საცხოვრებლად აიგო. იქვე ახლოს მოსასვენებელი პატარა სკვერიც იყო, სკოლისა და ბაღის შენობის წინ.
-ჩემი სოფელი კლდის წვერზეა,-უთხრა ლოლამ ნათიას და მის ძმას.
-მერე მაგას რა სჯობს, სუფთა ჰაერი მაინც გექნებათ...-თქვა ვაჟმა.
-კი, მაგრამ მაღაზია შვიდი კილომეტრის დაშორებითაა და ამდენი დამსვენებელიც არ გვყავს, მხოლოდ ადგილობრივები და იშვიათად მათი სტუმრები...
-წყნარი ადგილი იქნება,-ჩაერთო ნათია.
-კი, წაგიყვანთ ერთხელ...
-ვიმახსოვრებთ იცოდე...-გაიცინა და-ძმამ.
გოგონა ყველაფრით გაოცებული და გაბედნიერებული იყო.
უყვარდა თავისი სოფლის ჭის წყალი, შინ დაბრუნებული სახლში შესვლამდე სწორედ ჭასთან გაივლიდა და სულ ახლად ამოღებულ წყალს პირდაპირ სათლიდან სვამდა. მხოლოდ ამის შემდეგ გრძნობდა ხოლმე თავს სახლში.
თუმცა, ონკანი და ბუნებრივი აირი სოფლის სახლში ძალიან მოეწონა.
„არ გაიჭვარტლები მაინცო“ - გაიფიქრა.
ნათიას ძმას ალექსანდრე ერქვა. ლოლა კი რატომღაც ერთადერთი იყო ვინც საშას ეძახდა. ამ „საყვარლობა“ მიმართვის გამო ბევრმა მეგობარმა ჩათვალა, რომ ლოლას ოთახის მეზობლის ძმა მოსწონდა, ამიტომაც დაუღალავად ხუმრობდნენ და „ღლიცინებდნენ“ ამაზე.
ნათიას და საშას მხოლოდ მამა ჰყავდათ, ის აქ მარტო ცხოვრობდა, სანამ და-ძმა დედაქალაქში განათლებას იღებდა.
ეტყობოდა რომ, ცხოვრებაში ბევრი ტანჯვა გამოევლო, ომშიც კი ებრძოლა. ლოლას ძალიან აინტერესებდა სად იყო მეგობრების დედა, მაგრამ მოერიდა მსგავსი უტაქტო შეკითხვის დასმა.
მშვენიერი უქმეების შემდეგ ცხოვრება დედაქალაქში ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.
როგორც წესი ქალთა საერთო საცხოვრებელში ვაჟები არ დაიშვებოდნენ, მაგრამ საშა ზედმეტად უნწიკლო რეპუტაციით სარგებლობდა და მას რატომღაც ყოველთვის უპრობლემოდ ატარებდნენ.
იმ დღესაც ასე მოხდა, როდესაც ლოლას დაუახლოვდა. ჩაბნელებულ ოთახში შეაბიჯა სადაც და ეგულებოდა, მაგრამ იქ ნხოლოდ დადეპრესიებული წითური გოგო შერჩა ხელთ, რომელიც საწოლის ფეხებთან მოკუნტულიყო, მიყუჟულიყო და ზლუქუნებდა. საშამ ოთახში სინათლე აანთო და გოგონას ეხუმრა:
-ახლა რაღა მოხდა, ანთროპოლოგიურ ფილოსოფიაში 2 ქულა დაგაკლდა უმაღლესამდე?
გოგონამ თავი ასწია, გაწითლებულ ქუთუთოებში არანაკლებ ჩაწითლებულ-ჩასისხლიანებული თვალები მოუჩანდა, ეტყობოდა დიდი ხანია ტიროდა. ხმა არ ამოუღია ისე დაუბრუნა თავი საწყის პოზიციას და ტირილი განაგრძო.
საშა მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა, ვერ წარმოედგინა რომ მართლა ნიშნის გამო იყო ამ მდგომარეობაში.
-ნათიას ვეძებ...
-აქ არაა... - უპასუხა გოგონამ თავის აწევის გარეშე.
-ჰო, ტელეფონსაც არ პასუხობს...
- არ ვიცი სადაა, ბოდიში...
-და შენ? შენ დიდი ხანია ტირი?
-არ ვიცი...
-მეტყვი რა მოხდა?
-მე დედა არ მყავს...
-ჰო, ვიცი არც ჩვენ გვყავს, მეგონა ამ ფაქტს დიდი ხნის შეგუებული იყავი...
- არასოდეს მყოლია...
-ვწუხვარ...
-იქ, სადაც მე დავიბადე საავადმყოფო არაა, მხოლოდ ტყის პირას მცხოვრები საშიში გარეგნობის ბებრუხანა ექიმბაშია, რომელიც ყველა სხვა ექიმის მაგივრობას სწევს, ბავშვობაში მისი ძალიან მეშინოდა, ტელევიზორში რომ საშიშ ფილმებს აჩვენებენ, ცოცხზე შემომჯდარ ჯადოქრებზე, ყოველთვის მაგ ასოციაციას მიჩენდა.... მამიდა მეუბნებოდა ნუ გეშინიაო, კეთილია, უბრალოდ მარტო ყოფნა შეიყვარა, სულ ასეთი არ ყოფილაო. არ ვუჯერებდი... მაინც მეშინოდა. როდესაც ხიდან ჩამოვვარდი და თავი გავიტეხე, ის ქალი მოიყვანეს და ყოველგვარი ნაკერის გარეშე მხოლოდ რაღაც ბალახით შემიჩერა სისხლდენა და მომიშუშა იარა. სხვა დროსაც ბევრჯერ გადავურჩენივარ, მაგრამ მაინც არ ვენდობოდი, რადგან დედახემი ვერ გადაარჩინა, მის ყველა ნაყენს, ბალახსა თუ შელოცვას ეჭვის თვალით ვუყურებდი და მისდამი მხოლოდ ზიზღს ვგრძნობდი, არავითარ მადლიერებას, მხოლოდ ზიზღს! მაშინ, როცა დავიბადე, ჩემს სოფელში მანქანა დიდ ფუფუნების საგნად ითვლებოდა, მთელ სოფელსა და მის შემოგარენში მხოლოდ მამას ჰყავდა, ამიტომ თანასოფლელები ხშირად სთხოვდნენ გვათხოვეო და ისიც უპრობლემოდ თანხმდებოდა. ამბობდა მანქანაც ისეთივე ნივთია, როგორც სხვა ყველაფერი და თუ არ მოიხმარე, რად მინდა "სერვანდში" გამოვდო ნორას ჭურჭელთანო? - გოგონამ ნერწყვი გადაყლაპა და ამოიოხრა, მერე ლაპარაკი განაგრძო, ბიჭს არ უყურებდა თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა,- ნორა,მამიდაჩემია. დედა რვა თვის ორსული იყო და არაავის უფიქრია რომ დაბადებას ვიჩქარებდი, ამიტომ მამამ თავის ნივთი სხვას დაუთმო... როცა ნაადრევი მშობიარობა დაეწყო რა თქმა უნდა ის ალქაჯი მოუყვანეს და ამბობენ, რომ სწორედ მან გადამარჩინა, ისევე როგორც მრავალჯერ ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ის ყველასი და ყველაფრის ექიმი იყო, სოფლელებისაც და მათი შინაური ცხოველებისაც. მამას საჯიშე ცხენები ჰყავს და არ მახსოვს რომელიმე ავად გახდომოდეს და ტყის ალქაჯს არ ემკურნალოს... როცა დავიბადე რაღაც აირია, მგონი უკუღმა ვიყავი შიგნით ან რაღაც მსგავსი არ ვიცი. დედამ მხოლოდ ერთხელ შეძლო ჩემი ჩახუტება და იმავე დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა. მე კი დედის ერთადერთი ჩახუტება არც მახსოვს...
საშა საკმაოდ გულჩვილი იყო, განსხვავებით სხვა თანატოლი ბიჭებისაგან და ისე შეუხმატკბილა ლოლას ტირილს საკუთარი, რომ ვერცკი გაიაზრა. იმ დღის მერე მამას მანქანა არავის უთხოვებია...
-ძნელია უდედობა, ვიცი... მეც ბუნდოვნად მახსოვს დედაჩემი, მხოლოდ მისი წითური, შენი მსგავსი თმა, გრძელი, კოხტა, სოფლისთვის შეუფერებელი ლაქწასმული ფრჩხილები და ნაზი ხელის გულები მახსოვს, რომელსაც თავზე მისვამდა ხოლმე, როდესაც მისი სახის ნაკვთების აღდგენას ვცდილობ გონებაში არ გამონდის, ყველაფერი ბუნდოვანი და დაჩრდილულია...
-დედის ფოტოც არ გაქვს? - გაოცდა გოგონა და გახსნა გულზე დაკიდებული ძველებური მედალიონი, სადაც პატარა შავთეთრი სურათი ჩაეკრათ, ეს დედაა,-თქვა და უნებლიედ ჩაეღიმა...
-არა, მამაჩემმა ყველა ფოტო სადაც დედა ჩანდა და ნივთი რასაც დედის სუნი უდიოდა თონეში ჩაყარა და ცეცხლი წაუკიდა. მაშინ ბევრი ვიტირე, ნათია კი გულში მიკრავდა და მაწყნარებდა არაუშავსო. ღამით ჩემს ოთახში შემოიპარა, ნამდვილი, უფროსი დასავით გამოიყურებოდა, თუმცა მხოლოდ ერთი წლითაა დიდი. დედას ღამის პერანგის გადამალვა მოესწრო, ხელებში მომაჩეჩა და, მითხრა ჩაეხუტე და ისე დაიძინე ვითომ დედააო.
-რატომ მოიქცა მამაშენი ასე?
-იმიტომ რომ გაიგო, დედას ყოველთვის სხვა უყვარდა და მისი ქორწინება, ოჯახი .... ფარსი იყო. დედა გააგდო და ჩვენი ნახვაც აუკრძალა. ჩვენ კი მასზე ფიქრიც კი აგვიკრძალა.
-ვწუხვარ...
ლოლამ მედალიონი მოიხსნა და საშას ჩამოჰკიდა.
-ეს დედაა, დიდხანს იყო დედაჩემი ახლა შენი იყოს...
-ამას ვერ ავიღებ...
-როგორ არა! მოვითხოვ საჩუქარს კბილი არ გაუსინჯო...
საშა გოგონას მოეხვია. გულზე მიიკრა. დიდხანს იყვნენ ასე. მთელ საუკუნედაც კი ეჩვენა ლოლას. თავი ვაჟის მკერდზე ჰქონდა მიკრული, ამიტომ მარტივად გრძნობდა საშას გულის თითოეულ ფეთქვას. ეს მოსწონდა კიდეც...
-საშა,
-ჰო...
-მამასთან კარგი ურთიერთობა გაქვს?
-არ ვიცი რას ნიშნავს კარგი...
-მეგობრობ მასთან? უყვები საიდუმლოებებს? სამუშაოდ თუ დაჰყვები ხოლმე? ერთად ნადირობთ?
-ხუმრობ? მამაჩემი და ნადირობა? ქათამსაც ვერ კლავს...
-ნაზი სულის ადამიანი ყოფილა, არადა არ ეტყობა, როგორც ჩანს უბრალოდ გულგატეხილია, უნდა გაუგო...
-არ ვიცი...
ცოტა ხნით დუმილი ჩამოვარდა, მერე ვაჟმა დაიწყო საუბარი:
-საშას რატომ მეძახი?
-არ მოგწონს?
-არა, მომწონს, უბრალოდ უცნაურია, ასე შენს გარდა არავინ მეძახის.
-უბრალოდ როცა გხედავ, ვერ ვხედავ ვერც ლექსოს და ვერც ალექსანდრეს...
-საშას ხედავ?
-საშას კი, მაგრამ თუ არ მოგწონს...
-ძალიან მომწონს...
-იცი მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს მამასთან, მისთვის ის ვაჟი ვარ რომელიც არასდროს ჰყოლია, ცხენები რომ ჰყავს ხომ გითხარი? პირველად ხუთი წლისა შემსვა პატარა პონიზე, ფეიაზე... მას შემდეგ ერთად ბევრს დავდიოდით ცხენებით, სანადიროდაც თან დავყვებოდი, სხვათაშორის, მამაშენისგან განსხვავებით მე არ მაქვს სათუთი სული და თითქმის ყველაფერი მომიკლავს რაც ჩვენს ტყეებში ბინადრობს...
-ვაუ! ამას ვერ წარმოვიდგენდი...
-ჰო, ძალიან კარგი მეგობრები ვართ, არასოდეს არაფერი დამიმალავს...
-კარგი რა, შენ რა უნდა დაგემალა, წმინდანი ხარ!
-სხვათაშორის ყოველთვის ასე არ იყო, ცელქი ვიყავი ერთხელ ორიანიც მივიღე, მამამ ისე განიცადა, რომ ამას ვეღარ გადავიტანდი და მას შემდეგ გავხდი კარგი მოსწავლე.
-საყვარელი ხარ...
-გმადლობ, შენც არაგიშავს...-გაიცინა გოგონამ.
-არ მეტყვი რაზე ტიროდი?
-კი... როგორც გითხარი, მამა ზედმეტად რბილი იყო ჩემ მიმართ, მაგრამ მაინც მკაცრი აღზრდა გავიარე. ცუდი და კარგი პოლიციელის ამბავი ხომ იცი, ჩემი ცუდი პოლიციელი გაუთხოვარი მამიდა იყო. სისხლს,მიშრობდა. კარაქის დანით პური რომ გამეჭრა ამის გამოც კი მსჯიდა...
-გცემდა?- გაოცდა ვაჟი.
-სამწუხაროდ არა, ბევრად უარესი სადამსჯელო მოქმედებები ჰქონდა, ცხენის ფუნის გატანა, კლასგარეშე ლიტერატურის აკრძალვა, ტელევიზორის ყურების უფლების ჩამორთმევა და სხვა სოფლის საქმეები. მოკლედ, იმ მიყრუებულ ადგილას იმ მცირეოდენ გასართობსაც მისპობდა რაც მქონდა.
-მართლაც მკაცრი ყოფილა.
-ჰო, იყო... დღეს მითხრა მამამ მამიდა მოკვდაო, მაგაზე ვტიროდი. მართალია, მკაცრი იყო, მაგრამ ის ჩემთვის დედა იყო. დედა, რომელიც არასდროს მყოლია.
-ლოლა... ძალიან ვწუხვარ, რა დაემართა?
-რაღაც საშინელი დაავადება ჰქონია, სახელი არ მახსოვს მამამ მითხრა კიბოზე უარესიაო, ნელ-ნელა ჩაკლა შიგნიდან და ჩვენ კი, ხალხი ვინც თავს ოჯახს ვუწოდებდით წლობით ვერაფერს ვამჩნევდით... მხოლოდ ახლა გავიგეთ, როდესაც აღარაფერს აქვს აზრი...
-რატომ არ მკურნალობდა?
-იმიტომ რომ აზრი არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ არ გვიჭირს, საკუთარ ჯანმრთელობაზე მაინც დაზოგა თანხები, ასე უთქვამს ლოლას ფულს წყალს ვერ გავატანდიო... გესმის? ეს ყველაფერი თავს დამნაშავედ მაგრძნობინებს და შიგნიდან მჭამს!
-შენ არ ხარ დამნაშავე...
გოგონამ ვაჟს ახედა და დაინახა მისი ქვედა ტუჩი, რომელიც თითქოს ამბორისთვის იყო გამზადებული და ლოლას ხელს უქნევდა მოდიო, მისკენ გაიწია, ის ის იყო კოცნას აპირებდა (და არც საშა ჩანდა წინააღმდეგი) კარი გაჩხაკუნდა და ოთახში ნათია შემოვიდა. მთელი რომანტიკა ჩაკლა. საშა თავს უხერხულად გრძნობდა და ეცადა დისტანცია გაეზარდა გოგონასთან. ნათიამ წელზე დოინჯი შემოირტყა:
-აბა აბა, აქ რა ხდება რა ზლუქუნი მომიწყეთ, -მერე ეშმაკურად ხაიცინა,-წაბილწეთ უკვე ლოლას ქალწული საწოლი?
-რას ბოდავ! - შეუღრინა ძმამ.
ნათია ახლაც მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის.
-ანა რა სახეები ჩამოგტირით, მოკვდა ვინმე?
-ლოლას გამზრდელი მამიდა...-უპასუხ<