ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მებადური

მებადური

იმ ფიროსმანის, ის მებადური

 

- მე ვიქნები პატარა ფარფატა დინოზავრი, შენ კი - დიდი როხროხა დინოზავრი.

- ჩვენ პატარა ჩიტუნები ვიქნებით. პატარა ბუდეს ავიშენებთ და იქ ვიქნებით.

- და პატარა ბარტყებიც გვეყოლება.

- ხო, პატარა ბარტყებიც გვეყოლება. დავეხმარებით რომ პატარა ჩიტუნები გახდნენ და ფრენა ისწავლონ.

- მერე ჩვენგან წავლენ, თავისთვის აიშენებენ ბუდეებს და იმათაც ეყოლებათ ბარტყები.

 

 

 

 

 

 

 

შესავალი უნდა იყოს წესით

მაშინ, როცა ბადე წყალში ვისროლე, იქვე ნაგვის ურნიდან ჩემმა სიყვარულმა ამომძახა, შენ სიმღერას მიაწექი და ყავის კეთებას შეეშვიო. მე კი ლუდით ხელში ვსვამდი სადღეგრძელოს იასონისა, რომელმაც ოქროს საწმისი მომპარა ჩემი სიყვარულის მარჯვენა ხელიდან. მებადურს კი თავისი ქვეცნობიერი ლექციას უკითხავს, თუ როგორ შეიმუშავოს თავდაცვის ინსტინქტი უაზრო და არაფრის მომცემი ფიქრებისგან. დროსაც შეუჭამია სიყვარულის ბოლო ნამცეცი ჩვენ კი მხოლოდ ერთმანეთის არსებობის ცნობით ვკმაყოფილდებით და ეს მაშინ, როცა ერთი ნაფაზი აღარ მაკმაყოფილებს და მეორეს ვითხოვ. მებადურმა თავისი ბადე სტყორცნა და დავიკარგე. შენ დამკარგე. არა, მაინც როგორ არ დაიჯერე ზამთარში ატმის ყვავილობა?! ატამი ახლა ყვავის, მაგრამ შენ ისევ ვაშლს ხატავ. მებადური კვლავ გაისვრის ბადეს. აი, წყლის ატანა კი ბავშვობიდან არ მაქვს.


 

მებადური გავხდი

მოგესალმებით, ქალბატონო, ფიროსმანის შედევრის ქვემოთ რომ დამჯდარხართ. თქვენთვის სულ ერთია ფიროსმანს შეაფასებთ, პიკასოს, დალის თუ მონეს. თქვენ მხოლოდ ფასადს უყურებთ და თან ისტორიას ეძებთ ნამუშევარის ავტორის შესახებ, რადგან დარწმუნდეთ ღირს თუ არა აღტაცების გამოხატვა. მაგრამ, თვითმფრინავში პარაშუტმობმულმა რა იცით, რას ნიშნავს სიყვარული?! თავისუფალი ვარდნის შიშით შეპყრობილს არც აძლევთ საკუთარ თავს იმის საშუალებას, სიყვარულის მორევში გადაეშვათ. მაგრამ, მე ზამთარში ციგურებით ხელში მოსიარულე ქალს გავყურებ და ვხვდები, რომ ციგურებს უდაბნოს ქვიშაში ვერ გამოიყენებ... მზე კი ანათებს მონეს ნახატიდან და მზესუმზირას შეჰყურებ. ნუთუ ამდენი ვჭამე მაშინ, როდესაც ფიროსმანი მებადურის მიერ დაჭერილ თევზს შეექცეოდა?!

ვა, მყვარებია.....

ღვინო ჩამოუწურავთ უკვე და ბადაგით თრობას მისცემიან მინდვრის გვირილები,რომლებიც გვირგვინად შემოგაწანი ერთხელ.

ვუყვარვარ? არ ვუყვარვარ? ვუყვარვარ? არ ვუყვარვარ?

გვირილასაც შემოეცალა თეთრი ფოთლები მაშინდელივით, როცა თეთრ პერანგს გხდიდი და შენს გაქვავებულ კერტებს სველი ატმით ვეფერებოდი. ატმის ხორკლიან კანზე დღემდე ვიცინით და ვხატავთ ვაშლს, რადგან ხორკლების ხატვა ვერა და ვერ ვისწავლეთ. რას იზამ, ხდება ხოლმე. ყველა ფიროსმანი ვერ იქნება. მაგრამ, ეს მეზურნეები რაღა შუაშია? ვისთვის უკრავენ? რას ჩასციებიან სუფრაზე მიგდებულ შოთს? მიმტანიც როგორ ფსიქიატრივით თეთრებში გამოწყობილა. ზუსტად იმას წააგავს, მე რომ მითხრა, შიზოფრენიას დაუბუდებია შენში შვილო ჩემოო. მღვდელივით პირჯვარი გადამსახა და ზარმაც დარეკა. ეპისკოპოსი მობრძანებულა ტაძარშიო .არადა ტელეფონის ზარი გამხდარა შემაწუხებელი. ვიღაც ლუსი როგორ დაფრინავს ცაში და თანაც ბრილიანტებით. არა დოქი მაინც რატომ დგას სუფრისგან 2 მეტრის მოშორებით? ტიკი უფრო ახლოს აგდია, ვიდრე დოქი. იმას ხომ არ უნდა ნიშნავდეს, ქართველნო, ღვინის სმას შეეშვით და ცოტა მეტი იფიქრეთო?! ხო და შეეშვი სმას, შე ოხერო, ჩემო თავო, მაგრამ მერე ვინღა დაწურავს ღვინოს? ნვიღა გასხლავს ვაზს? ვინღა აკოცებს ვაზის ფოთოლს ისე, როგორც პირველი ღამისას კოცნიან მხოლოდ?

მე კი ვერც გაკოცე და პირველი ღამეც წარსულს ჩაბარდა. ასე რომ ნახვამდის ქალბატონო, ფიროსმანის შედევრის ქვემოთ რომ დამჯდარხართ. თქვენ უკვე სხვა არჩევანი გააკეთეთ.

ფიროსმანი მხოლოდ მერისთვის წერდა ლექსებს. გალაკტიონი კი ვარდებისთვის ფულს აგროვებდა სადღაც მიყრუებულ მიწისქვეშეთში. მეფე კი სახლში იჯდა და მშვიდად მიცურავდა ზღვის ტალღებში ძაღლთან ერთად.

შენ კი გაიღიმე ქალბატონო, დღეს მენიუში კიევური კოტლეტი გაქვს. ბარისკენ აღარ გამოიხედო. იქ მხოლოდ ჩემი მოგონება დგას. მე კი ფიროსმანის მებადური გავხდი.

 


 

სულ სხვა ზღაპარი

- მოგესალმებით. გახსოვთ ის ზღაპარი, პრინცი შემთხვევით ულამაზეს ფერიას რომ ხვდება?

- დიახ, მახსოვს. რატომ მეკითხებით?

- და ისიც გახსოვთ სიყვარულს როგორ უხსნის?

- რა თქმა უნდა, მახსოვს. პრინცი ცხენიდან ხტება, წაქცეულ პრინცესას წამოდგომაში ეხმარება და შემდეგ კოცნიან ერთმანეთს.

- და აი, აქვე, სიყვარულს რა დროს უხსნის?

- ის უბრალოდ... მაშინ, როცა... რომწამოაყენებს და ... არ უხსნის.

- აი, თქვენ კი მითხარით რომ გახსოვდათ.

მოგესალმებით ტელევიზორიდან, რომელიც რეალობის ეკრანს არის ამოფარებული თუ შეფარებული ვერ გაგვირკვევია. ეს კი სულ სხვა ზღაპარია, ბატონო ჩემო. სმოკინგში გამოწყობილხართ ერთ ხელში ხელჯოხით, მეორეში - ჩიბუხით და გგონიათ, ფიქრის უნარი შეგწევთ. ეს ის ზღაპარია სიყვარულს რომ უხსნიან და შემდეგ ივიწყებენ. ეს ის ზღაპარია, აი, ამ მამაძაღლი სიყვარულის გამო, სიგიჟის გაკეთება რომ გინდა, მაგრამ რათ გინდა? აღარ უყვარხარ თურმე.

ეს ის ზღაპარია, რომელშიც უნდა გაჰყვე მდინარის იმ მიმართულებას, საიდანაც მხოლოდ მზის ჩასვლა ჩანს, ამოსვლა კი არა.

ეს ის ზღაპარია, რომელშიც სიყვარულს სიგიჟედ თვლიან, მრუშობას კი ნორმალურად.

ეს ის ზღაპარია, ღამე საკუთარ თავთან მარტო დარჩენის რომ გეშინია, შემთხვევით სამართებელი არ წაგიცდეს... წვერზე, რა თქმა უნდა.

ეს ის ზღაპარია, რომელშიც დილით იღვიძებ და ხვდები ადამიანი, რომელიც დაკარგე ახლა ყავას უნდა გიმზადებდეს საუზმისთვის. შენ კი გადატრიალდი და ფუმფულა სათამაშოს ჩაეხუტე ან ყველაზე კარგ შემთხვევაში ვინმეს, რომელიც ბანკომატის ფუნქციას ასრულებს მხოლოდ. უი, ეს წამომცდა, უკაცრავად.

- ისე, თქვენ ხომ არ მიირთმევთ ყავას? უგემრიელესს ვამზადებ.

- არა, მადლობა, უკვე გეახელით.

- ღმერთმანი, როგორი კეთილშობილი ადამიანი ბრძანდებით!

- მადლობა, მაგრამ თქვენ რა იცით?

- როგორ არ ვიცი. თქვენ არ იყავით გუშინ ქუჩაში მომღერალს რომ შემხვდით და გადმომიფურთხეთ, თფუი ეს მათხოვარიო? ისიც თქვენ იყავით, ამ ლოთმა რა გამიხურა საქმე, უკვე შემაწუხაო რომ თქვით. არადა, უბრალოდ საუბარი მინდოდა .თქვენ ხართ, ხო არ მეშლებით? ყოველდღე ჩამჩიჩინებთ და სულს მიწამლავთ ფული, ფული, ფულიო. დიახ, დიახ, თქვენ ბრძანდებით! ნუთუ აღარ გახსოვთ?! მიყვარხართ-მეთქი რომ გითხარით და მიმიფურთხებია თქვენი სიყვარულისთვის, სხვას უფრო მეტის მოცემა შეუძლიაო. თქვენ ის არ ხართ ყოველდღე უკბილო ხუმრობებით რომ მაკნინებთ და შემდეგ განზრახ ბოდიშს მიხდით? ზუსტად ის ბრძანდებით! არა, შეცდომა გამორიცხულია. თქვენნაირი ადამიანი სხვაში არ ამერეოდა! დიახ, თქვენ ის ხართ! ეს კი სულ სხვა ზღაპარია.


 

ატმისფერი ბაფთა

შენ ვერასოდეს მიხვდები იმას, თუ რატომ მათენდება ყოველი ღამე. ღამის გათენებისას ნატვრის ხეს გახმობისგან ვიხსნი. ზუსტად იმ სასწაულის ახდენის მჯერა, ნატვრის ხეს რომ ჩავუთქვი მუცლად ყოფნისას. კარგად მახსოვს ატმისფერი ნაჭერი როგორ შევაბი. ლამაზი ბანტი ვერ გავუკეთე, მაგრამ ყველანაირად ვეცადე. მახსოვს, როცა პირველად გითხარი „მე შენ მიყვარხარ“. შენ მორცხვად დახარე თავი და იგივე მიპასუხე. ღმერთმანი, როგორ ნათლად მახსოვს ეს მომენტი. რკინის მოაჯირზე შემოსკუპებული ლამაზმანი. მახსოვს როგორ დავიბენი და ჩახუტების მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. მახსოვს ჩემი გულის არაამქვეყნიური ფეთქვა, როცა გადავწყვიტე პირველად მეკოცნა. ეჰ, რას იზამ, ხდება ხოლმე. ერთად მაინც აღარ ვართ. ეს ალბათ იმ ბაფთის ბრალია. შემეკრა ლამაზად, იქნებ... მაგრამ მე ხომ ყოველთვის ვჩქარობ. სად მიმეჩქარება? სად გავრბივარ? გზაში ვარ, მუდამ გზაში.  ყოველ ღამე ვცდილობ, აი, ის ნატვრის ხე გახმობას გადავარჩინო და ბაფთის ლამაზად შეკვრა ვისწავლო. ღამე კი ვიცი, არ დამთავრდება. ვიცი, სიზმარი ცხადშიც ახდება და ერთად ვიქნებით. აბა ბაფთის შეკვრას ტყუილად ხომ არ ვსწავლობ? კვლავ გავაგრძელებ ალიონზე სიმღერას. ჩემი კატა კი ყოველთვის მომისმენს. მახსოვს გაზაფხულის ერთ ძალიან ჩვეულებრივ დღეს, პატარა ჩიტუნას როგორ ვთხოვდი ცოტა ხნით ფრთები მათხოვე-მეთქი. კიდევ კარგი, მარტო ვიყავი თორემ ვიღაცას გიჟი ვეგონებოდი. მაინც რას ფიქრობ, რას? მახსოვს ახალი წელი და ‘’ბედის ირონია’’. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი უკვე დიდი ხანია დაიშალა, ფილმი მაინც პოპულარულია, თითქოს რაღაც ტრადიციადაც იქცა. მახსოვს როგორ უყურებს ოჯახი. არა, მეც ვუყურებ განა გატყუებთ. დღეს გულწრფელი ვიქნები. საინტერესო ფილმია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სახელწოდება მხიბლავს. რა მომენტშიც ვფიქრობ რომ ბედს დავცინი, იმ წამსვე ერთვება ამ ოხერს ირონია და ჩემზე ხარხარებს. ისევ გთხოვ, კიდევ ერთხელ გაკოცებ. მაგრამ, არა! იქნებ ეგ ბოლო კოცნა იყო, ბაფთის ლამაზად შეკვრა რომ უნდა ესწავლებინა. გიტარა მომენატრა. ისე როგორი დამთხვევაა. ჩემს ბავშვობაში თითქმის ყველა ოჯახში იყო ბაფთიანი კლასიკური გიტარა. ჩემს ოჯახში კი არ აღმოჩნდა. გიტარა მომენატრა. ეჰ, იყო დრო, როცა მხოლოდ შენ იყავი მიზეზი სიმღერის. მაგრამ, ახლა მხოლოდ სიმთვრალეა. ახლაც გიყურებ თვალებში და ვგრძნობ ნატვრის ხე როგორ ხმება. მე კი ყოველ ღამე ვათენებ იქნებ გადავარჩინო.

„მესაფლავე შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?“

თუ ღმერთი გწამს, როცა ნატვრის ხეს მოგიტანენ არ დამარხო. წყალი დაუსხი, გაახარე და ატმისფერი ბაფთა შეაბი. ოღონდ ლამაზად, ისე ნატვრას კარგად არ ასრულებს.

„მესაფლავე შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?“

თუ ღმერთი გწამს, როცა ჩემს ცხედარს მოასვენებენ შენთან, პირდაპირ მიწას ნუ მომაყრი, ჯერ ერთი მამღერე, იქნებ არ ვარ სასიკვდილო კაცი.

„მესაფლავე შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისიჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება“

თუ ღმერთი გწამს, რა ნამუსით მიაყარე ღმერთს მიწა?

„მესაფლავე შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?“

ნუთუ სიყვარულიც შენ მიაბარე სამუდამოდ სამარეს? მაგრამ, არა. შენ ამას არ იზამდი, რადგან შენ ყოველ ღამე სატრფოს საფლავთან ამოსულ ნატვრის ხეს უსხამ წყალს, გახმობისგან რომ გადაარჩინო. ბაფთის ლამაზად შეკვრა კი ვერ ისწავლე.

„მესაფლავე შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?“

თუ ღმერთი გწამს, ავიწყდება? ავიწყდება? მავიწყდება... დამავიწყდა...


 

კარუსელი

ტრიალებს ბრუნავს, ტრიალებს ბრუნავს.

ამას სიფხიზლე არ ჰქვია.

წვიმის სუნით გაჟღენთილა სოფლის ქუჩები. ისევ მერანის გაკვალულ გზაზე მივდივარ და ვხვდები, რომ სულ სხვა მიმართულებით. იასამანის აყვავებას ველოდები. იქნებ თამბაქოს არომატის გარდა სხვა სასიამოვნო სუნით გავიჟღინთო ფილტვები. „ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის, ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ“ - ამას ვეძახით ხელოვნებას. ხალხი ეჭვიანობით კვდება ვნებაზე და თურმე ქარი ქრის. ვარდები სად არიან, მაგრამ რა მევარდება. მე ხომ ბავშვობიდან ვერ ვიტან ვარდებს. არც მესმის,როდესაც იასამანი არსებობს ვარდი როგორ უნდა გიყვარდეს?

ჭაობისფერ თვალებს ატმისფერი სული ამშვენებს. არომატი, ღმერთო. იმედია იგივეა სამოთხეშიც, თორემ ჭიშკარს რომ გამოაღებ, ვფიცავ, ერთ ნაბიჯსაც არ გადმოვადგამ შემოსასვლელად. თან ცურვაც არ ვიცი. ეს რა შუაში იყო? რავიცი, რაღაც ხომ უნდა მეთქვა? სამოთხის ჭიშკართან მდგომმა სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ღმერთი სულ არ ყოფილა ისეთი, როგორსაც ამბობდნენ და გვასწავლიდნენ. ძალიან საყვარელი კაცი იყო. შემომხედა, ამათალიერ-ჩამათვალიერა, სიმპატიური ვაჟი ყოფილხარ და რამ გაგაგიჟაო, რით ვერ ისწავლე ჭკუაო, ხომ იცი ცურვას კოჭებამდე წყალში ვერ ისწავლიო. ეჰ, ღმერთო ეგ ფრაზები უკვე მოსმენილი მაქვს და მაგას პლაგიატობა ჰქვია-მეთქი. არ გადაიხარხარა ამ სიყვარულით აღსავსემ? შენ, ჩემო შვილო, როგორ ფიქრობ იმას, ვისგანაც მოსმენილი გაქვს ეგ, ვინ დააწერინაო? აბა მე რა ვიცი ღმერთო, ჩემი გზა-კვალი ვერ მიპოვია, ეგ საიდან უნდა ვიცოდე-მეთქი. ეჰ, შენგან არაფერი გამოვა, რაც იქ იყავი აქაც ის ხარო. ისე კიდევ გიყვარს, კიდევ იტანჯავ თავსო? ეე, ღმერთო ცოტახნით წამოდი რა ქვემოთ, კაცი არ ხარ-მეთქი? ჩაეცინა. მოდი დაჯექი დავილაპარაკოთო. ’’pink floyd’’ -ის ‘’High Hopes’’ ჩართო, კონიაკი ჩამოასხა. თქმა არც ვაცადე, ღმერთო, როკ მუსიკა ხომ სატანიზმია, რატომ უსმენ-მეთქი რომ ვკითხე. გადაიხარხარა. ასეთი საყვარელი ღმერთი ჯერ არ მენახა. ნუ, არც ისე მენახა აქამდე, მაგრამ მაინც.

- შენ, ჩემო შვილო, ახლა კარგად მომისმინე. შენი გზა დიდი ხანია რაც ნაპოვნი გაქვს. არ მისცე არავის საშუალება გზიდან აგაცდინოს.

- ღმერთო, ასე მითხრეს შენ გჟიი ხარ და არაფერი აღარ გეშველებაო.

- შვილო, შენ ხო იცი მე ვინ ვარ?

- კი ღმერთო, როგორ არ ვიცი.

- ხოდა, იმ სამყაროს დედა ვატირე, სადაც შენ გიჟი ხარ და დანარჩენები ნორმალურები. კარგად ვიცინეთ, „ვიჭუკჭუკეთ“ და ბოლო სიტყვა, რა თქმა უნდა, ისევ მისი იყო.

- წადი ახლა ქვემოთ, აქ დარჩენა ჯერ ადრეა და ნატვრის ხეს მიხედე. ჭიშკართან მისულს კი მომაძახა, აღიარე ხო ლამაზი თვალები გამომივიდაო. მეც დავეთანხმე, ულამაზესია, თან ხომ იცი, თვალების მანია მჭირს-მეთქი. ჩაეღიმა და კარი მომიხურა. ამასობაში იასამანიც აყვავებულა, მაგრამ რად გინდა? ნატვრის ხეს ლამაზ ბაფთას მაინც ვერ ვუკეთებ. ისე როგორ არ გამახსენდა ღმერთისთვის მეთხოვა და ესწავლებინა. თვალებიო და ვიღას ახსოვდა შენი ბაფთა.

ეჰ, ღმერთო, ღმერთო, ჯიგარი ხარ, მაგრამ, ნატვრის ხეს ჰგავხარ. ბაფთა თუ ლამაზად არ შეკარი, ბოლომდე ნატვრას არც შენ ასრულებ.


 

ამინდის პროგნოზი

ღამეა.

ამინდის პროგნოზს თუ დავუჯერებთ, -2 გრადუსია. ასტროლოგები კი ვარაუდობენ, რომ მთვარეს დაახლოებით ნახევარ საათში გილიოტინაზე გააბრძანებენ და გასიებულ ვითომ მანათობელა თავს ზედ კისერში მოაჭრიან. ახალ ამბებში კი ოპოზიციის წარმომადგენელი გავარვარებული უზარმაზარი მზე აცხადებს რომ ამ საკითხს ლიბელარულად უნდა მივუდგეთ და მიუხედავად მისი და მთვარის ურთიერთობისა, აუცილებელია, ადგილობრივმა მკვიდრმა პლანეტებმა საპროტესტო აქცია გამართონ ხელისუფალი, ირმის ნახტომის წინააღმდეგ და რომ თვით კოსმოსმა შეწყალების აქტს ხელი მოაწეროს, რათა საწყალ, ემოციურად განადგურებულ მთვარეს სიცოცხლე შეუნარჩუნონ. მადლობა ყურადღებისთვის!

მერე კიდევ ჩემზე იტყვიან გაგიჟდაო. ღმერთო, სამართალი არა გაქვს? ამათ შეხედე რა დღეში არიან და მერე კიდე შენ ხარ გიჟიო. არა, განა მჯერა! მანიით შეპყრობილს კი ვგავარ, მაგრამ...

ვწევარ გულაღმა და ვფიქრობ, რა მიმათრევს ქვესკნელისკენ. ალბათ თავად ეშმაკმა მოისურვა ჩემი ვიზიტი, მაგრამ არა, ვიცი უზარმაზარი ჭაობისფერი თვალები მუდამ მიცავს.


 

ისევ ღამეა

ისევ ღამეა და მზე ანათებს. ცაში ფარფლებგაშლილი თევზები დაფრინავენ, ზღვაში კი პატარა ჩიტები დაცურავენ. მე კიდევ, სიგარეტი კი არა კვამლი მაბოლებს და ცაში თევზებთან ერთად ვიშლები მედუზასავით. ხან ღმერთი ვარ და ხან თვით ღმერთს ვესაუბრები. ხან ეშმაკი ვარ ანგელოზის სახით, ხან თვით ეშმაკს ვთხოვ დახმარებას. გიტარას ვუკრავ და თურმე საერთოდ უაზროდაც. შევდივარ ოთახში, სადაც სიბნელე ანთია და ვხედავ კაცს, რომელიც გასუსული მაკვირდება. შეცბუნებულმა ვკითხე, თუ ვინ იყო და არ იცი, რას მპასუხობს? შენი სინდისი ვარო. ამ ჩემი ცოდვით სავსვემ, ის კი არ იცოდა, შოთა „ვეფხისტყაოსანს“ რომ წერდა. მებადური კი დგას და ემზადება ბადის სასროლად. ფრთიანი ჭაობისფერთვალება ანგელოზი კი ეშმაკთან გარიგებას დებს, სად გაუშვებენ ამ ცოდვით აღსავსე მებადურს, სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში. მე კი ისე გამომეღვიძა. ჩემი ბედი ვერ დავადგინე. ბალიში ხვეწნას დაუტანჯავს მაღვიძარა გამორთეთ და დამასვენეთო. ეჰ, წავედი ისევ ბადე ვისროლო. მითხრეს ცაში კარგი თევზის სეზონიაო.... ფისუნია კატა კი ამასობაში მაგიდაზე ახტა და დაწყვეტილ სიმებს ეთამაშება. ვერ გაუგია ეს მეტალის ნაგლეჯები ასეთ სასიყვარულო ჰანგებს როგორ გამოსცემს. დასალევად ვერავინ დავითანხმე, ვერც იასამანის ხე, ვერც ანტენა და ვერც წყლის ავზი. ’’ჯანმრთელი ცხოვრების წესს’’ აწვებიან ბიჭები. საკვამური კი ეშმაკივით შემომიჩნდა, ბოლი მაქვს კარგი, მეგრულიო. სხვა რა გზა მქონდა, უარს ხომ არ ვეტყოდი? აი მერე დაიწყო თავდავიწყება. მარცხნიდან მეფე მესაუბრება, თუ როგორ ვიცურო მშვიდად. მე კი მხოლოდ იმას ვუხსნი, რომ ცურვა არ ვიცი. მარჯვნიდან ტურა ამერიკულ ზღაპრებს მიყვება და ცდილობს როგორმე ჩამაძინოს. იქედან ფრედი მიჩიჩინებს, თუ როგორ ვიყიდო ბედნიერება 99 ფრანკად და მეორე მხრიდან მარკესი, რამდენად ნეტარია მარადისობის ასი წელიწადი. აი, უცბად კამათი შემომესმა. ეს ორი ინტელიგენტი ადამიანი, ბატონი ჰიუგო და ჰესე უმტკიცებენ ერთმანეთს ჩემზე, ვის უფრო ვგავარ. ჰესემ შეხედე ზედ გამოჭრილი კაცია, რომელიც სულ იცინისო. ამაზე ჰიუგომ შენ ხომ კარგად ხარ სუფთა ტრამალის მგელიო. კიდევ კარგი წვერებით შემოსილმა დოსტოევსკიმ ჩააგდო სიტყვა და დაამშვიდა - რა გჭირთ მეგობრებო, ის ხომ მარადი ქმარიაო. მერე ყველა ერთად შემომიბრუნდა და რას გწჩუმებულხარ თქვი რამეო. ღმერთთან ჭკუაზე არ იყავი და აქ რა დაგემართაო. დავფიქრდი. სიღრმისეულად ვეძებდი აზრების გახმოვანების გზებს, ბოლო-ბოლო ასეთ ხალხს შემადარეს. ვიფიქრე, ვიფიქრე და ისევ საკვამურის ბოლი ვარჩიე, იქნებ უფრო კარგი აზრები დამებადოს-მეთქი. ესენი სულ მთლად უჟმურები აღმოჩდნენ. მხოლოდ ჩემი ტერენტი მოვიდა. მომიჯდა და მითხრა, სიკვდილი გახსოვდეს ჩემო მეგობაროო, მერე კი საკვამურის ბოლს ჩაეხუტა. შემდეგ მომიყვა, როგორ ეჭვიანობდა ვნებაზე. ამასაც ვეხვეწე ბაბათის შეკვრა მასწავლე თქო, მაგრამ რათ გინდა? ამანც ზუსტად ისე არ შეკრა როგორც მე?!

ნატვრის ხე კი ხმებოდა. ეჰ, სპილო ყოფილიყავი რა ჟირაფთან ის მამაძაღლი ნატვრის ხე ხომ არ გახმებოდა? მერე კიდევ დგახარ და მასწავლი ჭკუას - იმ ჭაობისფერთვალება ანგელოზს რომ არ დაშორებოდი, ნატვრის ხე არ გახმებოდაო. ეჰჰ მესამეც გამოუშვი - ბუხარს შევეხვეწე, ჩავეხუტე და გამოვფხიზლდი კიდეც. რას ვხედავ! ატმის ხეზე შემოვმჯდარვარ და ტიბეტურ ფლოვს მივირთმევ. საკეც დავაყოლე და უცბად გადმოვვარდი. არადა სიმაღლის მეშინია თურმე. ძირს დაცემა კი მტკივნეული საერთოდ არ ყოფილა, მტკივნეული უფრო წამოდგომა იყო - როგორი სიბრძნე ვთქვი, ღმერთმანი. აქ შეგიძლიათ გაიცინოთ. მართლა კი არა, გეხუმრეთ. აი, ახლა ნამდვილად შეგიძლიათ იცინოთ.


 

ცარიელი სივრცე

სივრცეა ჩვენ შორის. შენ კი უნებართვოდ ჩემს ჰაერს სუნთქავ და თანაც ისე უსირცხვილოდ, არც კი მეკითხები. ჯელტმენები კი არა ადამიანებიც აღარ დარჩნენ ნანტრაკეთში. ჯვარედინი რითმების ამოხსნაში გავერთე და ამასობაში ჩემი დროც მოვიდა.

საქმე #3.

- ბრალდებულო შენგელია, გამობრძანდით, გელოდებით ამდენი ხანია უკვე!

ჩაიწვა. კიდევ კარგი, პირდაპირ პატიმრობას არ გადასცეს ჩემი თავი. თოვლის გუნდას ვჭამ და უცბად ვაშლი მომხვდა. თავიდან თავი ბატონი ისააკი მეგონა, შემდეგ კი მივხვდი, რომ შუა ზამთარში ვაშლს ვჭამდი და გუნდა, მისმა აღმატებულმა, ქალბატონმა ანგელოზმა მესროლა. არც ვაციე, არც ვაცხელე და მოტყუებით, თითქოსდა საჩუქარი მქონდა მისთვის, თვალებდახუჭულს პირდაპირ ტუჩებზე ვეამბორე. შეცბა. მე კი განმეორებადი სურვილი მტანჯავდა, მაგრამ რას იზამ? ანგელოზია მაინც, ხომ ხვდებით? ვეღარ გავბედე. ლოყები წითელი, თვალები კვლავ ჭაობისფერი, სული ისევ ატმისფერი. ადამიანებისგან განსხვავებით ანგელოზები თურმე საერთოდ არ იცვლებიან. მეც როგორ მინდა შევიცვალო, მაგრამ გიტარის სიმებად დაწყვეტილი ჩემი ნერვები ამის საშუალებას არ მაძლევენ. ღამე კი მკვდარივით შავი გაჩუმებულა და ჩემს პასუხს ელის. “ელიო, ელი და თანაც საბაქთანი” - ღმერთს ამ ფრაზაშიც კი შევეცილე. ღამე პასუხს ელის. ამდენი უძილობით მზე საბოლოოდ ჩავკალი ჩემში. უკვე ერთი თვეა მზის შუქი არ მინახავს. უფრო სწორად 29.12.2019-დან. თუ არ ჩავთვლით იმ დღეს, ჭაობისფერთვალება ანგელოზს მოტყუებით რომ ვაკოცე. საინტერესოა, რომელი მამაცი ყმაწვილი გადაწყვეტს ჩემს ნაფეხურებს გამოჰყვეს. იმედია, ისიც არ იფიქრებს, მერანივით არასწორ გზას ვადგავარო. ფისუნია კატა მაგიდიდან უკვე გადმოხტა და ვაზა კი არა მზე გატეხა. აი, თურმე რატომ ვხედავ მარტო მთვარეს! ეს კი გულიანად იბანს პირს და ულვაშებს ჩემი ცვილით ისწორებს - დალის მინდა დავემსგავსოო. ის კი არ იცის დალი სურეალისტი იყო სანამ გამოაძევებდნენ. აქ რა დარჩება მერე? ვაშლით გატენილი ვაზა, რომელიც ამ მამაძაღლ კატას უნდა გაეტეხა, მაგრამ რატომღაც მზე არჩია. ყავის ჭიქა, რომელშიც ვიხედები, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები ჩემს მომავალს როგორ ხედავდა ის ბოშა ბებო, რომელმაც მითხრა, როცა გაიზრდები ხშირი წვერი გექნება, სიბნელეს არ მიეჩვიო და კატა არ იყოლიოო. საათი, რომელიც დალის ნახატივით დნება და ცდილობს თავი მოიკლას. იცით? ჩემთვის არანაირი ხეირი მოაქვს. დამტენი, რომლითაც ყოველ საღამოს ჩემს ქვეცნობიერს ვტენი. ბანქო, რომლითაც ჩემი სული წავაგე. შენი სურათი, რომელსაც არარსებულ სხვენში ვინახავდი. დუმბძის „მარადისობის კანონი“, მარადისობა მაინც სიკვდილის შემდეგაა. სიგარეტი, რომელიც როგორც ვახსენე აქეთ მაბოლებს და სამართებელი. აბა ვაშლებს გათლა ხომ უნდათ? გუშინ უცნაური სიზმარი ვნახე. თითქოს კოცონთან ვიჯექი და სიზმრად იმას ვნახულობდი, როგორ ვეცეკვებოდი ჩემს ჭაობისფერთვალება ანგელოზს. მოტყუებით კოცნა სულ სხვაა, აი ცეკვა კი სულ სხვა ამბავია თანაც სიზმარში. დამაინტერესა და იმ ბოშა ბებოს ვეწვიე. რომ დამინახა ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ამაყად მითხრა ხომ გითხარი რომ გაიზრდები ხშირი წვერი გექნებაო, მაგრამ არ დამიჯერე და კატა მაინც იყოლიეო. ეე, ბებო, სხვა საქმეზე ვარ მოსული-მეთქი - სიზმარში ვნახე თითქოს კოცონთან ვიჯექი და ვხედავდი, ჭაობისფერთვალება ანგელოზს ვეცეკვებოდიმეთქი. უცბად გაქვავდა ,სახე აელეწა. ჩემი სახე წარმომიდგა, შიზოფრენიის დასკვნა რომ გამომიმზეურა ფსიქიატრმა. ბებო სიზმარში სამი სიზმარი გინახავს,თანაც ანგელოზს ეცეკვებოდი, წადი ეკლესიაში სანთელი დაანთე, მე ვერაფერს გიშველი და ღმერთმა იქნებ გადმოგხედოსო. წამოვედი და თან გზაში ვფიქრობ, ბებოსთვის რომ ის ამბავი მეთქვა, მაგ ანგელოზს მოტყუებით როგორ ვაკოცე ან ღმერთს ცოტა ხნის წინ როგორ ველაპარაკე, მე კი არა თვითონ წავიდოდა საზიარებლად. სოფლის სახლის კართან ძველებური ნალი კიდია თურმე თვალს ირიდებს. მე კი გაგიჟებული ვეძებდი ცხენის ფეხის შესამოსელს, მაგრამ როცა ვიპოვე გამახსენდა, რომ ცხენი საერთოდ არ მყავს. ჩემს თავზე გავბრაზდი. კაცს, რომელსაც იმხელა ამბიცია აქვს, ანგელოზს ეცეკვოს, მოტყუებითაც აკოცოს და თვით ღმერთსაც ელაპარაკოს, ერთი ცხენი როგორ არ უნდა ჰყავდეს-მეთქი?! სამყაროს ვძულვარ! არამც და არამც! ჩვენ ერთნი ვართ! თითოეული ჩვენგანი მისი ნაწილია. უბრალოდ საჭიროა ეს ვიგრძნოთ და ნახავთ, ტირილისას, როგორ წამოვა წვიმა, სიცილისას - როგორ გამოიდარებს, გაბრაზდებით და ქარიც დაუბერავს, გაცეცხლდებით და ზევსიც დაიწყებს ელვის სროლას უშველებელ ცაზე. მე კი ისევ დიონისეს გზას ვადგავარ.


 

კვლავ ღამე

კვლავ ღამე.

გამთენიის 7 საათი.

ყოველი დაღამებისას ფიქრი ჭაობისფერთვალება ანგელოზზე და აისი, ლოდინი მზის ამოსვლისა. შემდეგ ხვდები, ეგ მზე კატამ დაამსხვრია და ისევ ჭაობისფერთვალება ანგელოზის ამონათებას მოელი, რომელსაც მოტყუებით ეამბორე და აი, ისიც.

გილოცავთ 8 მარტს. დღეს ხომ ანგელოზების საერთაშორისო დღეა. იცით მე თქვენთვის საჩუქარი მაქვს.

- არავითარ შემთხვევაში! მაგ ანკესს მეორედ აღარ წამოვეგები!

- ამჯერად მოტყუებით აღარ გეამბორები, ანგელოზო, გპირდები.

- კარგი, მაშინ გისმენ.

- არა, ნუ მისმენ! უბრალოდ თვალები დახუჭე.

- აი, ისევ. შენ ხომ დამპირდი? გენდობი და ვხუჭავ თვალებს.

მებადურმა თავისი ეშმაკი კვლავ ვერ დამალა და ანგელოზს კვლავ აკოცა. ღმერთმანი, საიდან ამდენი თავხედობა! დილით ხის საწოლში მწოლიარეს, ყვავილებიც ხო არ მივართვა? არ დამხვდა. წელს ზემოთ შიშველი ვერანდაზე იჯდა, ყავას მიირთმევდა და თან პეიზაჟს ხატავდა. ამ დღის შემდეგ, ‘’ანგელოზის დაცემის’’ შემდეგ, ღმერთმა ჩემთან კონტაქტი საერთოდ გაწყვიტა. ღირდა კი ეს ყველაფერი ამად? მაგრამ, ანგელოზმა ჭაობისფერ თვალებში ისე ჩამითრია, მოლბერტიდან გამოხედვისას ეს კითხვა საერთოდ გამიქრა. მხოლოდ ერთადერთი კითხვა მაწუხებდა. მოუნდება კი მას ძველი ცხოვრების გაგრძელება? ხომ არ მიმატოვებს? ჩვენ ხომ სულ ვკამათობდით, რაც არ არის გასაკვირი. ის ხომ ანგელოზია, ღმერთო ჩემო, ატმისფერი სულით. მე კი მხოლოდ ფიროსმანის მებადური ვარ.


 

ზამთარი

ისევ ზამთარი, ისევ თოვა და ისევ ფიფქები. თითოეული ფიფქი ჩემს ხელისგულზე მოგონებას აღვივებს. ამ პატარა მოგონებებიდან კი ერთი დიდი თოვლის პაპა გამოვძერწე. თავზე ვედრო და სახეზე სტაფილოც გავუკეთე. ზუსტად ის ვედრო ბავშვობაში ჭიდან წყალს რომ ვიღებდი და წარმოვიდგინე როგორ აკეთებს იგივეს ჩვენი შვილი. ოჰო, ჩვენი შვილიო. ჩამოვიდა სოფელში და წერა მომინდომა ბიჭმა. სადღაც გიტარა მაჟორში აჟღერებს ტკივილს და შენ ელი. ახლა ქაოსი გამეფდა შენში და შენი სხეული, სულითხორცამდე აივსო დეკემბრის სუსხით.

შენთან მინდა. იასამანი მტანჯავს და მაწამებს კითხვებით, თუ რატომ დავთმე ჭაობისფერთვალება ანგელოზი. მე კი იმას ვპასუხობ მხოლოდ, რომ მწყუროდა. წყარო გაღვივდა იმ თოვლის პაპის დადნობით, რომელიც პატარა მოგონებებით ავაწყე. არადა, როგორ გიხდება ჩემი პერანგი გამთენიისას რომ ჩაგიცვამს. გიყურებ და ვხვდები, მსგავსს არავის შევხვედრივარ აქამდე და დღეს, ვფიცავ, ვიქნები მეოცნებე, რომელიც სიგიჟემდე შეგიყვარებს. ეშმაკი ცხოვრობს ჩემში, მაგრამ დამთავრდა!  საბოლოოდ დავბრუნდი შენში და აღარ წავალ! შენ კი გაიღიმე. იცი როგორ გიხდება? შენს თვალებში ცოდვის ბოლოს ვკითხულობ და სამოთხეში ჩარტერული რეისით მიგვიღებენ.


 

ეს ზღაპარი

ამბობენ, შუაღამისას ცა იხსნება და ზუსტად მაშინ უნდა ჩაუთქვა სურვილიო. ახლა შუაღამეა. ნატვრის ხეს ისევ წყალს ვუსხამ, თან პაპაჩემის გამოხდილ არაყს ვსვამ და ცას შევყურებ. მახსოვს ბავშვობაში ერთ ზღაპარს მიყვებოდა პაპა, მებადურზე და დელფინზე:

იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. იყო ერთი მებადური, უცნაურზე უცნაური კაცი. მას ან ღამით მოკრავდით თვალს, ეზოში დამჯდარი შეჰყურებდა მზის ამოსვლას, გეგონებოდა ანგელოზის გამოჩენას ელისო, ან ზღვაში სათევზაოდ გასულს. ალკოჰოლს ეტანებოდა თურმე და როცა დათვრებოდა, მის სახლში დაკიდებულ ერთადერთ ნახატს აშტერდებოდა და ღამეს ასე ათევდა. ერთხელ სათევზაოდ გასულს, თურმე დიდი თევზი დაუჭერია. ეგონა სახლში დიდი ნადავლით დაბრუნდებოდა, მაგრამ ხელში ულამაზესი ჭაობისფერთვალება დელფინი შერჩა. შეეცოდა მებადურს დელფინი და ისევ ზღვაში გაუშვა. სახლში დაბრუნებული ისევ ალკოჰოლის სმას შეუდგა და ღამე ისევ იმ ნახატის ყურებაში გაატარა. ყველას გიჟი ეგონა. ვინც ეკითხებოდა ნახატი საიდან ჰქონდა, ყველას პასუხობდა რომ ანგელოზმა აჩუქა. გარეგნობითაც კი ჰგავდა გიჟს. დიდი იდუმალებით მოცული თვალები, გრძელი თითები, გრძელი თმა და გაბურძგნული წვერი ჰქონდა. იმ დღეს მომხდარს თავიდან ვერ იგდებდა. თითქოს რაღაც ნაცნობი იპოვა იმ დელფინში. თითქოს უსაყვარლეს ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე მისი გაშვებით. გავიდა ხანი. მებადური ისევ ზღვაში შეცურდა და ფიქრში ისე გაეპარა დრო რომ დაუღამდა. შუაღამისას ამოვარდა ქარბუქი, დაიწყო შტორმი და მებადურის ნავმაც ნელ-ნელა დაშლა დაიწყო. მაშინ მებადურმა ცაში აიხედა და დახმარება ითხოვა. აი, უცბად რაღაც ხმაც მოესმა. მისკენ რაღაც მიცურავდა. უცბად ის ჭაობისფერთვალება დელფინი მიცურდა მასთან და სიკვდილისგან იხსნა. მას შემდეგ,როცა მებადური ზღვაში შედიოდა, დელფინი მუდამ მის გვერდით იყო.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.

და აი, ახლა შუაღამისას, მეც ვდგავარ ღია ცის ქ<