Won’t Get Fooled Again
Won’t Get Fooled Again
გზაზე რამდენიმე თანასოფლელს მიეასალმა მექანიკურად, თან ცდილობდა, ჩვეულებრივად მოქცეულიყო. არ გამოსდიოდა. ბევრჯერ წაიფორხილა და ცოტათი შუბლიც დაეცვარა. თან დაბლა, აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, თან ცდილობდა, ეზოებში მოფუსფუსე ხალხის ყურადღება არ მიექცია. დამღლელი გამოდგა ასე, შიშით ძებნა საყვარელი ნივთისა. რა თქმა უნდა, რამდენჯერმე მოკრა კიდეც თვალი უფორმო სხეულს ღორღში, მაგრამ იმედები გაცრუვდა. გუშინდელი დანაშაულის ადგილს ფრთხილად ათვალიერებდა, ეზოში არავინ იყო. არც ძაღლი. არც ის ნივთი იყო, ასე რომ ადარდებდა. მოღუშული უკან გამობრუნდა და უფრო დიდი ყურადღებით ეძებდა. არაფერი. სიგარეტის უამრავი ნამწვავი და რამდენიმე ნახმარი, ერთჯერადი ცხვირსახოცი.
ეგონა, მომავალში აღარაფერი მოხდებოდა. მთავარ რაღაცასთან კავშირი გაწყდა. მაგრამ მერე დაფიქრდა, რათ მინდოდაო. მაინც შევრცხვებოდი. ახლა აღარ შევრცხვები. არაფერს ვიზამ და რა შემარცხვენს. ასე სჯობდაო. მისი ხელი ურევია, ზევიდან რომ გადმოგვყურებს. ასე სჯობდა და იმიტომ.
მეცადინეობას ვერ ასცდებოდა. გაუარა მეგობარს, უღიმღამოდ გამოჰკითხა იმდღევანდელი სასკოლო მასალა, მადლობა გადაიხადა და წავიდა. ერთი სული ჰქონდა, როდის გაიძრობდა უცნაურ სანდლებს. საკუთარ ჭიშკართან მიახლოებისას, გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლისას, ცოტაც და გამოცდილმძღოლიანი მანქანა დაეჯახებოდა. ხმამაღალი სიგნალებითა და სავარაუდო გინებითაც საკუთარ გზას გაუჰყვა მესაჭე. გამოფხიზლებული ბიჭი კი სახლში შევიდა და ჰამაკში უაზროდ ჩაეშვა.
- ბებია, მგონი ვიცვლები და არ მომწონს. რაღაცა მემართება. რამე წამალი ხო არ მინდა ვითომ?
- მოგიკვდეს ბებიაშენი. არაფერი არ გემართება. იზრდები, პატარა კაცო. ყველას ეგრე ემართება. ძველები გარდატეხის ასაკს ეძახდნენ მაგას. გაგიგია ეგეთი რამე? - ამაყი ქალი ნაზი ხმით მიეფერა ბიჭს.
- არ გამიგია. ცუდი კია რაცაა და. მალე გაივლის ალბათ, ხო? ვეღარ ვერთობი ვერაფრით, მუშაობაც მეზარება. - შვილიშვილმა კოპები შეიკრა.
წამოდიო, ხელით ანიშნა ბებიამ და სახლის მეორე სართულზე,კიბეებზე ფეხების ჩოჩიალით ავიდნენ. ცუდი ხმა ჰქონდა, მაგრამ ბავშვს არ აწუხებდა. ინტერესად ქცეულიყო. ბებიამ რომელიღაც კარი გააჭრიალა და ბიჭს შიგნით შეუძღვა. ცუდი სუნი იყო, ვირთხების ან მათი ნარჩენების. ცხვირები შეიჭმუხნეს და შევიდნენ. ქალმა სამ ფეხზე მდგომი კარადის ბოლო, უმაღლესი განყოფილებისკენ აიწია. ფეხის წვერებზე აწევისას ბიჭმა დახეთქილი ქუსლები შეამჩნია და გული შეეკუმშა. გაიფიქრა, რომ გავიზრდები, მოვურჩენ აუცილებლადო. თავზე მტვერი დაეყარათ. არცერთს მიუქცევია ყურადღება. ერთი ცარიელი ინტერესი იყო, მეორეს კი რაღაც ისეთი ახსენდებოდა, ადამიანები ღვთიურს რომ ვუწოდებთ ხოლმე. ხელის ცახცახით ჩამოიღო შავი, პატარა, მაგრამ კარგად შენახული ბლოკნოტი. ბიჭს ხელში შეაჩეჩა ქალმა და გაიქცა. შვილიშვილმა მაინც შეამჩნია ცრემლები, მაგრამ არ სცხელოდა სენტიმენტებისთვის.
გაუაზრებლად გამოიხურა ძველი კარი, თან მტვრიან ყდაზე აკვირდებოდა ბლოკნოტს, ბებოს თითები დასტყობოდა მტვრისგან განთავისუფლებულ ადგილებში. ხელი გადაუსვა, სული შეუბერა. ქარი ამოვარდა სულის შებერვისას და მტვერი სულ ცხვირში შეეყარა. ცემინებას რომ მორჩა, თავი ჰამაკისკენ დაადო. რაღაც უცნობს შეიგრძნობდა, მომავალში ალბათ, მისტიკურიო, იტყოდა. აქამდეც ჰქონდა ეს რაღაც ნანახი ან შეგრძნობილი. სად, არ იცოდა, არ ახსოვდა.
რაღაცატომ აჭიანურებდა გადაშლას. ეშინოდა თუ არ ეშინოდა, ამასაც ვერ გეტყოდათ. ასე გასინჯეთ, საკუთარ სახელსაც ვერ გეტყოდათ. ფეხის თითები გაეყინა შფოთვისგან. წამით იფიქრა, არ გავხსნიო, მაგრამ, ბატონ ინტერესთან ასეთ რამეს ვერაფერს გააწყობდა. ხარბად გადაშა. პირველი ფურცელი ცარიელი იყო, დროისაგან მოკუმშული. მეორე, მეოცე, ოცდამეხუთე. მაგრამ სულ პატარა, მრავალჯერ დანაკეცი ქაღალდი მაინც გამოჩნდა. წერილია ფაიზაღიო, გაიფიქრა. ნეტა მშობლებმა ხომ არ დამიტოვესო? მაგრამ არაო, არ დაიჯერებდა ასეთ რამეს. გაყვითლებული ფურცელი გადახსნა.
არც იმ დღეს და თითქმის არც არასდროს, არც ქალს და არც ბიჭს არ უსაუბრიათ ამ საკითხზე. თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ისევ ისე, ძველებური ზრუნვით ეპყრობოდნენ ერთმანეთს, მუშაობდნენ კიდეც ერთად და ჩხუბობდნენ კიდეც. ბებიამ ზრუნვას მოუმატა, მაგრამ მუშაობას მოუკლო. როცა ბიჭი თვალს მიეფარებოდა, ხელს გულთან მიიდებდა და სახეს ოდნავ ჭმუხნიდა. შვილიშვილის ზრდასთან ერთად, მისი სიბერეც იზრდებოდა და ნერვიულობისგან აღარ იცოდა, რა ექნა. მე რომ წავიდე, ვისთან დარჩებაო. რა გვინდოდაო, შესჩიოდა გარდაცვლილ ქმარს და ცისკენ იყურებოდა უიმედოდ. აღარაფრის სწამდა ბიჭისა და საბრალო ძროხის გარდა. ქათმებსაც აჭმევდა ხოლმე ზოგჯერ, მერე ბიჭისთვის რომ ეჭმია. იცოდა, მალე მოკვდებოდა და ვაჟკაცურად ელოდა. ნერვიულობა მხოლოდ შვილიშვილისკენ იყო მიმართული. იზამს რამესო, იმშვიდებდა თავს. მეუღლის ნახვის იმედი აღარ ჰქონდა, რომელი საუკუნეაო, იტყოდა და მუშაობას განაგრძობდა.
ჰუნარაც მოკვდა. ბოლო ღამით ნახევრის ნახევარი სათლი მოიწველა, ისიც ხათრით. სულ ჩამომდნარიყო. ძვლებზე გადაკრული ტყავი ისეთნაირად გამოიყურებოდა, ბებიას ცრემლიც კი ადგებოდა ხოლმე მის დანახვაზე. ჩიტუნია, შენ რა გენაღვლება, მაინც არაფერი გესმისო. გუშინ რა ჭამე ის არ გახსოვს, აბა სხვა რა მოგონებებზე უნდა გელაპარაკოს კაციო. მე კიდე რა ბედნიერი ვყოფილვარ ადრე, რომ არ ვაფასებდი იმ დროებას, მაგრამ აბა ახლა გვიანია, რაღას იზამო. შესჩიოდა უტყვ ცხოველს და გულსაც მოიხებდა ხოლმე.
ბიჭმა მუცელზე დაწოლილმა გაიღვიძა. რაღაც ისე ვერ იყო, როგორც ყოველთვის. მოძრაობა უნდოდა, მაგრამ არც უნდოდა. სურდა და არ სურდა. უცხო სიცილი წასკდა. ვგიჟდები თუ რა მემართება? რა მაცინებს? სიცხე ხომ არ მაქვსო, შუბლზე ხელი მიიდო. სხვანაირად ხურდა. ყვითელი კბილები გამოჩნდა. სულ ფითქინა კოლგოტიც და კაბაც. კოლგოტი ყოფილიყო ყვითელი, კბილები კიდე თეთრიო, გაიფიქრა. ასეც არაუშავსო. კაბები რატო აცვია ნეტაო, უკვირდა. ფეხზე ადგომა ეზარებოდა, მუცელზე წოლა სიამოვნებდა. წარმოიდგინა, რომ სულ ახლოს იყვნენ კბილები და აკაციის თაფლის სუნი ასდიოდა გოგოს. ბიჭი ღრმად ისუნთქავდა და სიამოვნებდა, სიამოვნებდა საშინლად. გაკვირვებული ფეხზე წამოხტა და საკუთარ სიგიჟეში დარწმუნებული შეუდგა ცივი ტანსაცმლის დაუდევარ ჩაცმას.
მალევე, სულ მალე მიეჩვია ამ უცნაურობას. მეტიც, ერთი სული ჰქონდა, როდის დაიძინებდა, მალე რომ გაეღვიძა. დილას ლოგინში ხვანცალსაც აჭინაურებდა. ცოტა ბოროტებაც შეატყო საკუთარ თავს. სოფლის მაღვიძარაც მოეშალა გონებაში. ზოგჯერ მთელი ღამე არ ეძინა, სკოლა კიდევ უფრო სძულდა, შატალოსაც გაუსინჯა კბილი. მეგობრებთან სულ სხვა იყო. აბსოლუტურად სხვა. ისეთი იყო, როგორიც ბიჭებს უნდოდათ, რომ ყოფილიყო. უშნო გამვლელებსა და თანასოფლელებს დასცინოდნენ ხოლმე გემრიელად. თან სიამოვნებდა, თან არა. უფრო, სიამოვნებდა. ცხვირის ქვეშ ღინღლები კარგა გემრიელად ჩაშავებულიყო. არც ჰქონდა საპარსი და არც ჩქარობდა. ფიქრი თითქმის სულ ერთ მხარეს იყო. აღარ იყო უბედური. არადა, თავს უფრო შორს გრძნობდა საკუთარი თავისგან.
ერთ უღიმღამო გაკვეთილზე მასწავლებელს რაღაც დაუნახა. გააცნობიერა, რომ ესიამოვნა და გაკვირვებისგან კინაღამ შეიშალა. თანაკლასელებს აქამდე არ ეთანხმებოდა ამ საშინელებაში. სამაგიეროდ, იმის მერე ძალიან შორს იჭერდა თავს ამ ქალისგან. ჩაფიქრება აღარ უყვარდა. სულ რაღაც ცუდი უნდოდა. ღამით მარტო ბებიას ლოგინს სწერდა პირჯვარს. ზოგჯერ გადაავიწყდებოდა კიდეც. წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ მიეღწია საწადელისთვის. წითლდებოდა, ღამე დაძინებისას, წითლდებოდა. სიზმრები წესიერად არ ახსოვდა, მაგრამ რამდენჯერმე გამოიღვიძა კიდეც შუაღამისას ნასიამოვნებ-ნერვებმოშლილმა. გამოიცვლიდა, დაიძინებდა და მესამე დღის ღამით ახსენდებოდა ეს უაზრო პროცესი. დაღლილი იყო, მაგრამ არ გრძნობდა დაღლილობას.
ბებია მოტყდაო, გაიფიქრებდა და გული ცოტათი ეწვოდა. ძლიერი ქალი იყო, როგორც ყველა ბებო. მარა ეს ყველას სჯობდა. თავისი იყო და თან მარტო. ერთადერთი, რაც არ შეცვლილა ამ გაურკვეველ, ცვლილებების პერიოდში, კერძების საოცარი გემო იყო. ბებიას ზრუნვა არ დაბერებულა. რომ არა ეს მაცოცხლებელი, მუდმივახალგაზრდა რაღაც, ბებია ჰუნარას მიჰყვებოდა სულ მალე. მასსავით ჩამომდნარი კი იყო, მაგრამ ადამიანობა ასულიერებდა. ბიჭი თითქმის აღარაფერზე ფიქრობდა, გარდა დაუოკებელი და უცხოდ ნაცნობი ლტოლვისა. ძმაკაცები ერთმანეთს გამოუტყდნენ, მაგრამ ბიჭის ხასიათიდან გამომდინარე, ბევრი არ ულაპარაკიათ ამ უხერხულობაზე. ცვლილებები ბოგინობდნენ ყველგან, ყველა კუნჭულში, გარდა საჭმელებისა. დალოცვილი ხის სკამის კრეატორი სიმსივნით გარდაიცვალა.
სოფლის სამუშაოები თითქმის გადაავიწყდა ბიჭს. ბებიაც არაფერს ეუბნებოდა, რაღა დროს ეგააო. თან სულ სახლში იყო, ბევრს ვეღარ დადიოდა ეზოში, გული არ ჰკმაროდა. ბიჭი ატყობდა ძლიერ სისუსტეს, მაგრამ შეშინებული იყო, ვერაფერს ეკითხებოდა. ბიჭმა ბებიას პენსიიდან პირველად ითხოვა ფული, სულ ცოტა, საპარსი მოწყობილობებისთვის. ყველამ გაიპარსა უკვე, ვერ გააბიაბრუებინებს თავს ვერავის, მითუმეტეს გოგოებს. გოგოები უფრო შორს გადგნენ, რაღაც სისულელეებს ლაპარაკობდნენ, ბიჭს არ აინტერესებდა. ბიჭებს აინტერესებდათ. ყვითელკბილებას იხვის ჭუჭულებივით დაჰყვებოდნენ. ცუდ რაღაცებს უპირებდნენ, მაგრამ ბიჭს არ შეეძლო ხელი შეეშალა ჭუჭულების ფიქრებისთვის. საკუთარს ჩქმალავდა, არ მოსწონდა და ჩქმალავდა. მაგრამ სხვა საკითხზე მაინც იშვიათად ფიქრობდა ხოლმე საცოდავი, განწირული გონება. ყველაფერი და ყველა იმას ჩასჩიჩინებდა ბავშვობაში, ეს ცუდია, ის კარგიაო. ჰოდა, აჰა, ყველაზე ცუდი მოსწონს. თან მოსწონს და თან არ მოსწონს და ეს გაურკვევლობაც მოსწონს. აკრძალვას ბოროტი საფუძველი ეთხრებოდა ისე, რომ არც ამკრძალველებმა იცოდნენ რამე ამის შესახებ და არც ბიჭმა.
- ბებიკო, ვიცი, თვალს მარიდებ, მარა მოდი აგერ, დამიჯექი. ჰო, ჰო, აი ეგ წყალი მომაწოდე და დაჯექი.
- ჰა, ბებია. გისმენ, - ბიჭი შიშისგან ცახცახებდა.
- ერთ სულ პატარა რაღაცას გეტყვი. შენ რა გგონია, სხვებს ვგავარ?! საბედნიეროდ, არც ისე. ესაა ჩემი სიამაყე. მოკლედ, არაფერს გეტყვი მომავალზე, არაფერს გეტყვი შენს ბედზე, პატარა კაცო. ყველაფერი იქნება, გპირდები. შეუძლებელია, რო არ იყოს, ამიტო არ ინერვიულო. ჰოდა, ერთს გეტყვი, ბაბუაშენი ხომ გახსოვს, ისიც ხომ გახსოვს რაც მოგეცი, - მოხუცი თან ახველებდა, თან ცოტას ასლოკინებდა და თან ემოციებსაც იკავებდა, არ უნდოდა ფილმებში რომაა, ისე მოქცეულიყო - ბაბუაშენის თითქმის არაფერი მესმოდა, მარა მე მაქვს ნანახი როგორ წერდა მაგ რაღაცას. არ ვიცი რა წერია, დაფიცებული მქონდა, მაგრამ ვიცი, რომ ჩემზე, შენზე და ყველაფერზე ძვირფასი რაღაცა უწერია. კი მიკვირს, როგორ არ წავიკითხე, მარა ვერ გავიგებდი მაინც, ვიცი და აბა, რატო შემებილწა ცხონებულის ხსენება?! ჰოდა, იმას გეუბნები, ნუ დაივიწყებ მაგ უცნაურ რაღაცას, თუ გიყვარდე, ნუ! იქნება გამოგადგეს რამეში... ახლა კიდე შევუდგეთ იმას, რასაც ვაკეთებდით აქამდე. საჭმელი იცი სადაცაა, წავუძინებ მე ცოტას. - თავზე ხელი გადაუსვა, ვერ მოითმინა. არ ექნება ასეთი ფილმი ნანახი ჯერო, გაიფიქრა და გადაუსვა დაკოჟრილი ხელი. ეგონა, შერჩებოდა.
უფროსი ბიჭები რომ დადიოდნენ ხოლმე, იმ ადგილას მიიპარა კატასავით. რაღაც აინტერესებდა, რამე ახალი. სიგარეტის ნამწვავების გროვა, რამდენიმე გადაჭრილი, ნახშირიანი ბოთლი, გაურკვეველი ფორმის რეზინები, სველი. კედელზე უცხოენებზე შექმნილი წარწერები და უცხო სუნი. ელექტროენერგიის მრიცხველთა თავზე ცარიელი კოლოფები სიგარეტისა, ამაზრზენი სიბინძურის გრძნობა. მალევე გამოვიდა, არაფერი მოსწონებია. ამასწინათ, ერთმა უფროსკლასელმა სიგარეტიც შესთავაზა ღიმილნარევი სახით. ისე გაუკვირდა, პასუხიც ვერ გასცა და სწრაფი ნაბიჯებით გაშორდა. გოგოებიც დაუნახავს სიგარეტით ხელში. არ იყო მოსაწონი. არ უხდება მანიკურიან თითებსო, გაიფიქრა. მასწავლებელიც კი შენიშნა უკანა ეზოში. რაღაც ისე ვერ იყო, როგორც ეგონა, რომ უნდა ყოფილიყო.
ბებიას სიტყვებზე ჩაფიქრებისას, ბევრს ვერაფერს ხვდებოდა, თავს გააქნევდა ხოლმე და ისევ მთავარ ინტერესზე გადაერთვებოდა. ის ნივთი გაახსენდა, რამდენიმე თვის წინ რომ დაკარგა. იცოდა, რისთვისაც უნდოდა. შერცხვა, ვაი თუ გამომსვლოდა, რაც მინდოდა და არ მოსწონებოდა ყვითელკბილებასო. არა, ვერ ვიზამდიო. კიდევ კარგი, კიდევ კარგიო. მარა იქნება უფრო ყურადღებით მომკიდებოდა და მოვწონებოდი კიდეცო. რა რთულია, რა ძნელიაო. სხვა ბიჭები ცუდად ექცევიან გოგოებს, კარგი არაფერი განუზრახავთ. ბავშვები არიან გოგოები, აბა ეგეთი რაღაც როგორ შეიძლებაო, ბრაზდებოდა. სადამდეც ნერვები ეყოფოდა, იქამდე ტკბებოდა ბინძურ-ტკბილი ჩანაფიქრებით. მერე იმედგაცრუებული წამოდგებოდა ხოლმე ან წამოწვებოდა.
დრო ბიჭისთვის ნელა გადიოდა, უფროსი ხალხისთვის კი ბევრად უფრო სწრაფად. სხვადასხვა დრო ჰქონდათ, ალბათ. დიდების წუწუნისას, ამრეზით გაიფიქრებდა ხოლმე, თქვენ რა გენაღვლებათ, დიდები ხართ უკვეო. თვითონ აღარ უყვარდა წუწუნი, ბაბუას ყვითელმა ფურცელმა რაღაც მისტიკური მოიმოქმედა. სერიოზული გახდა კიდევ უფრო, იშვიათად იცინოდა ხოლმე, ისიც ნაძალადევად. ძმაკაცები აღარ აინტერესებდა, სულ აღარ. მათგან მხოლოდ ისეთი ინფორმაცია უნდოდა, გოგოებს რომ ეხებოდა. კარგს არაფერს ისმენდა, გულიც კი ერეოდა ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ იცოდა, თვითონაც რომ ჰქონდა მსგავსი ფიქრები. იქნება ნორმალურია ასე ფიქრიო, მაგრამ არაო, შეუძლებელია, ნორმალური იყოს ასეთი სიმახინჯეო. გოგოები ხომ ლამაზები არიანო და ბავშვებიო.
დრო ნელა გადის ძალიან და ამ ბებიას რა ემართებაო, უკვირდა და სწყინდა. თვითონ დიდი უნდოდა ყოფილიყო, ბებოს სიბერე კი არ სურდა. მარტო ის ქალი ჰყავდა და უყვარდა გაგიჟებით. ნეტა ქალი არ იყოსო, ამასაც გაიფიქრებდა ხოლმე გონების სიღრმეში. ბევრ რამეს გამოჰკითხავდა, ძალიან ბევრს. ბაბუა, შენ არ გესმის ჩემი, ალბათ, შენს დროს სულ სხვანაირი იქნებოდა ყველაფერი, გოგოებიც, რაღა თქმა უნდაო.
ლამაზძროხიანი კაცის სახლთან ჩავლისას, სიამაყით ივსებოდა. ვერავინ ვერაფერი გაიგო მის შურისძიებაზე. ფანჯარა მალევე ჩასვეს, მაგრამ ის ძველი ხომ ვერ გაამთელესო. ბაბუა იამაყებდა, აუცილებლად გამიგებდაო. ერთ საღამოს წვიმდა, საიდანღაც ბრუნდებოდა და სისველეში რაღაც დაინახა. გული კინაღამ გაეხა. ნეტავ, ის არ იყოსო. ძროხის თავისხელა ქვისქვეშ რაღაც მოსჩანდა, რაღაც უფორმო. მიუახლოვდა და ფოლგა აღმოჩნდა, გახსნილი შოკოლადის ფოლგა. განაწყენებულმა ამოისუნთქა.
სკოლიდან რომ გამოდიოდა, კიბეზე ფეხი ჩაუსრიალდა, მაგრამ გადარჩა, გულმა კი გასერა წამიერად, თითქოს უსასრულო სიმაღლიდან ვარდებაო, ოღონდ წამიერად. გარშემო ყველა მოსწავლეს თავისი საქმე ჰქონდა, გაუგებარი ხმაური ისმოდა მათგან. მინის კარი გააღო და გავიდა. ზუსტად იმ ფილებზე ადგამდა ფეხს, თვითონ რომ უყვარდა. ტანით იგრძნო, რომ ვიღაც უახლოვდებოდა. სუფთა ვინმე იქნებაო, გაიფიქრა. გოგონამ გაუსწრო და რაღაც დააგდო, დაუვარდა. აუცილებლად უნდა მიეწოდებინა, დაიხარა, რძისფერი თმისსამაგრი იყო, უნდა დაეძახა და გოგოც შემობრუნდა.
- უი, მადლობა, მიყვარს ეს წკაპი. შეგეძლო, არ შეწუხებულიყავი - სამაგრის მიცემისას გოგოს ცივი ხელი იგრძნო და კისერი გაეყინა.
- არა, რა შეწუხებაა, აიღე... ლამაზი რამეა - საკუთარმა თავმა ჯოჯოხეთურად გააოცა. რამ გააბედინა ამდენი სიტყვა!
- ჰოო, ჩემსავით, არა? - ხმამაღლა გადაიკისკისა და ყვითელი კბილები მზესავით შეანათა საბრალო ბიჭს.
- რა? რაა... დიახ. კი, კი, ეგ მინდოდა მეთქვა..- უხერხულად გაიღიმა და არ იცოდა სად წასულიყო.
- ბიჭი რომ არ იყო, შენც მოგიხდებოდა ეს სამაგრი.. ლამაზი თმა გაქვს.
სკოლიდან მოშორებით, ლამაზძროხიანი კაცის რძლის მაღაზიასთან, პატარა სკამი იყო, ორადგილიანი. ჩამოსხდნენ. ყვითელკბილებიანი გოგო რაღაცას ამბობდა ისე, უბრალოდ, დაუდევრად. არ ესმოდა, არაფერი ესმოდა. საკუთარ თმას წარმოიდგენდა სარკეში. შორიდან ძმაკაცები მოდიოდნენ, ნახევრად შიშვლები. გაკვირვებისგან ხმა ჩაუწყდა, გოგოს გახედა და გაოცებით ტკბებოდა. ხედავდა, როგორ ათამაშებდა ლამაზ სამაგრს ხელში, მერე ჩანთაში ჩადო. მხოლოდ ცივი ხელი დარჩა საყურებლად. არ უნდოდა ეყურებინა, რაღაცის ეშინოდა. გოგო ტიკტიკებდა და ტიკტიკებდა გაუთავებლად. უკვე იცოდა, მისი იყო. ძალიან ბედნიერი და შეშინებული იყო. ყვითელკბილებამ ქანდაკი ხელით თმა შეისწორა, ბიჭს ბოროტი და უგონო თვალებით შეხედა, მთვრალი კაცივით გაიღიმა და ხელი გვერდითმჯდომის მუხლისაკენ წაიღო. შეუძლებელიაო, გაიფიქრა.
გაიღვიძა. მიხვდა, რომ გაიღვიძა და უბედური სიხარულით აივსო.
„პირველ რიგში, დარწმუნებული იყავი, რომ რასაც ახლა კითხულობ, არაფერს, არაფერსა და არაფერს ნიშნავს. არ ვიცი, როდის მიიღებ ამ წერილს, მაგრამ თუ ვერ გაიგე, არ იდარდო! შენს ხანგრძლივ ცხოვრებაში აუცილებლად დადგება ისეთი მომენტი, როცა მიხვდები, რომ ხელახლა გადაკითხვა და გაუგებრობის დაძლევა შეგიძლია.
დიდი კაცი რომ დადგები, იმედები გაგიცრუვდება. არა იმიტომ, რომ უიღბლო ან ღარიბი ან დაჩაგრული ხარ. არც იმიტომ, რომ იმ ქვეყნიდან ხარ, რომლიდანაც ხარ. ამას უფრო დიდი და მზაკვრული მიზეზები აქვს. მე ვერ გეტყვი, რადგან ჩემთვის სხვა მიზეზები იყო, შენთვის სხვა იქნება. აუცილებლად მიხვდები! ამაში კი გარგუნა ბუნებამ უიღბლობა. ჰოდა, პირველ რიგში, წუწუნს აზრი არ ჰქონია, ყველა უბედურია, როგორც მივხვდი. შენ თუ გინდა იწუწუნე, მაგრამ სხვასაც რომ აქვს საწუწუნო, ნუ დაივიწყებ.
რომ იცოდე, ახლა შენ კი არ გწერ, ჩემს თავს ვწერ, ოღონდ უფრო ახალგაზრდას, რომელიც უფრო მიყვარს, ვიდრე ჩემი თავი. მე მინდა, რომ შენი, როგორც შენი, მხოლოდ შენი სიყვარული შემეძლოს, ჩემი თავის გარეშე, მაგრამ რომ ვუფიქრდები, შეუძლებელი მგონია. წუწუნი ნუ გეგონება, წუწუნი მძულს. ჰოდა, არც კი ვიცი, რაღა დავწერო.
ამასწინათ, ტრუსის ოთხკუთხედად გადაქცევა გიწინასწარმეტყველე. ისეთი გაოცებული იყავი, მგონია ასეთი გაოცების შესაგრძნობად ღირს სუნთქვა და ტკივილი. გიყვარდეს ტკივილი, პატარა ვაჟკაცო! ტკივილს რომ შეიყვარებ (ანუ არ შეგეშინდება), რაღაც ისეთს დაინახავ, მე რომ ვერ ვხედავ. მე მეშინია ტკივილის და იმიტომ. თუ ტკივილის აღარ შეგეშინდა, შიშიც აღარ გექნება. შიში თუ არ გექნება, რამე ისეთი გექნება, ჩვენ რომ არ დაგვესიზმრება. მე გვიან მივხვდი ისე ცოტა რამეს, რომ ბრძოლა აღარც ღირს ამხელა შეცდომების წინააღმდეგ. მაგრამ შენი ბაბუა ვარ იცოდე და არ ვნანობ ამ შეცდომებს. და არ ვწუწუნებ.
ჰო, კარგი. უნდა მოვრჩე, მგონია. ალბათ, ჯერ კიდე პატარა იქნებოდი, ამას რომ მიიღებდი. რაც ადრე, მით უკეთესი. კიდე რა შემიძლია? რა და ნუ მოიწყენ, თუ შეგიძლია. სამყარო ლამაზია ადამიანების გარეშე. ეცადე, ადამიანი ჩაახატო ამ სილამაზეში.
PS. ახლა უნდა წავიდე, შენ მეძახი!