არ მოკლა მუჰამედი
არ მოკლა მუჰამედი
დრო სწრაფად გადის და მოგონებებიც თვალწინ ისე ცოცხლდება, თითქოს ყველაფერი გუშინ მოხდა და ტკივილი და სევდა ერთნაირად ეძალება გულს. მახსოვს, ის პირველი დღე, სტუდენტი რომ გავხდი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე. დედამ და მამამ ჩემს აუარებელ ბარგთან ერთად თბილისში ჩამომიყვანეს და ჩემს უფროსს ძმებს მიმაბარეს. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი მე ვიყავი. ჩემი უმცროსი ძმა - გიორგი, ჯერ სწავლობდა, სწავლას რომ მორჩა, მუშაობა დაიწყო. გიორგი ბავშვობიდანვე ძალიან მკაცრი იყო. სულ აკონტროლებდა, რა მეცვა, სად დავდიოდი. მის გარეშე ფაქტობრივად ზედმეტ ნაბიჯს ვერ ვდგამდი. სტუდენტი რომ გახდა და სოფლიდან თბილისში გადმოვიდა, ცოტა ამოვისუნთქე, მაგრამ ახლა ისევ მის ხელში აღმოვჩნდი. შეეძლო ყველა ბიჭი ეცემა, რომელიც ჩემკენ გამოხედვას გაბედავდა. დალაპარაკებაზე ხომ ზედმეტი იყო საუბარი. ალბათ, მისი ნება რომ ყოფილიყო, სახლში ჩამკეტავდა და გარეთ საერთოდ არ გამიშვებდა. როცა თავს მაბეზრებდა მისი შეზღუდვები, საჩივრით მამაჩემთან გავრბოდი. დედასთან მისვლას აზრი არ ჰქონდა, უკვე ვიცოდი რასაც მეტყოდა: ,,ანა, გიორგი შენი უფროსი ძმაა და რასაც გეუბნება სიმართლეა, უნდა დაუჯერო“. თუ მამაჩემი არ იყო, მაშინ ცოტნე იყო ჩემი გადამრჩენელი. ცოტნე ჩემი უფროსი ძმა გახლდათ, რომელიც მუდამ ჩემ განებივრებას ცდილობდა და ეს ნამდვილად კარგად გამოსდიოდა. ისიც ავლენდა სიმკაცრეს, მაგრამ ეს ძალიან იშვითად ხდებოდა და ამას ყოველთვის თავისი მიზეზი ჰქონდა. სამწუხაროდ ახლა ცოტნე სასჯელს იხდიდა. არავინ იცოდა, დანაშაული, რომლის გამოც ციხეში იჯდა, მართლა თვითონ ჩაიდინა, თუ უბრალოდ მეგობრის გადასარჩენად აიღო საკუთარ თავზე. როგორც არ უნდა ყოფილიყო ცოტნე ერთს რომ იტყოდა, ვეღარავინ გაათქმევინებდა ხოლმე. ეს საქმე დღემდე იმდენად ბუნდოვანი და ჩახლართული იყო, თითქმის დარწმუნებულები ვიყავით, რომ ციხეში უდანაშაულოდ იჯდა. ეს ძალიან მძიმე ტვირთი აღმოჩნდა ჩემი ოჯახისათვის, თუმცა ადამიანი ყველაფერს ეგუება და ჩემებიც ამ ამბავს ისევე შეეგუვნენ, როგორც თავის დროზე, ცოტნეს უმაღლესი განათლების გარეშე დარჩენას. უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსი მესამედაც რომ შეუჩერეს, სწავლას საერთოდ თავი დაანება. კარგი ის იყო, რომ ცოტნეს ციხეში ყოფნის მხოლოდ ერთი წელი ჰქონდა მისჯილი, გაზაფხულზე პატიმრობის ვადა ეწურებოდა. მის ციხიდან გამოსვლას დედა ისე ელოდა, დღეებს თითებზე ითვლიდა.
გიორგი და ცოტნე ფიზიკურად საერთოდ არ ჰგავდნენ ერთმანეთს. ვერავინ იტყოდა, რომ ძმები იყვენენ. ისინი ხასიათითაც ძალიან განსხვავდებოდნენ. ცოტნე ძალიან მსუბუქი ხასიათის ბიჭი იყო. თუმცა, ერთი შეხედვით ამას ვერ მიხვდებოდი, რადგან მეტისმეტად მკაცრი გამოხედვა ჰქონდა, მერე კი როცა გაიცნობდი გაოცდებოდი, რადგან რადიკალურად სხვანაირი ადამიანი იმალებოდა მისი სიმკაცრის უკან.
გიორგი ცოტნეზე სამი წლით უმცროსი იყო. შედარებით, უფრო დაბალი და გამხდარი. მუქი ფერის თმა და ღია ფერის თვალები ჰქონდა, ცოტნეს კი მუქი თმა და თვალები. ორივე ძალიან სიმპათიური იყო, მაგრამ გიორგის უფრო ლამაზი სახის ნაკვთები ჰქონდა. სულ წვერგაპარსული და ლამაზად ჩაცმული დაიარებოდა. ცოტნე პირიქით, წვერიანი და მოუწესრიგებელი. დილით, რაც ხელში მოხვდებოდა, იმას იცვამდა. მიუხედავად ასეთი განსხვავებისა, მათი ცხოვრებისეული ხედვა ასი პროცენტით ემთხვეოდა ერთმანეთს. ერთნაირი ცხოვრებისეული ღირებულებები ჰქონდათ. მათთვის ყველაზე და ყველაფერზე წინ ოჯახი და ახლობლები იდგნენ. მხოლოდ ამის შემდეგ მოდიოდა უკვე სხვა დანარჩენი. როცა სახლში ერთად იყვნენ, ყველაფერზე კამათობდნენ, მაგრამ სახლის გარეთ, ცოტნეს სიტყვა გიორგისთვის კანონი იყო. ჩვენს ოჯახში ასეთი წესი იყო, უმცროსები ვალდებულები იყვნენ პატივი ეცათ უფროსისათვის. აქედან გამომდინარე, გიორგი იძულებული იყო ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც ძმა ეტყოდა. ის ამას არც არასდროს აპროტესტებდა. არ ვიცი, მიზეზი ის იყო რომ ცოტნე უზომოდ უყვარდა, თუ ის რომ საბოლოოდ ცოტნეს ნათქვამი სიტყვა ყოველთვის მართალი გამოდგებოდა ხოლმე.
დღეები ერთმანეთს მიეწყო და დრო ისე სწრაფად გავიდა, გაზაფხული თვალის დახამხამებაში მოვიდა. ჩემი ძმა ციხიდან გამოვიდა. ეს დღე კარგად მახსოვს... ერთდროულად, მღელვარებისა და სიხარულისაგან თავბრუ მეხვეოდა. ცოტნე პირველად რომ გამოჩნდა და დავინახე, ბედნიერების ნაპერწკლებმა თვალები გამინათა, ერთი სული მქონდა, ჩემი ძმა გულში ჩამეკრა. მოაბიჯებდა, მაგრამ ეს ის ძველი ცოტნე აღარ იყო, რომელმაც ზუსტად ერთი წლის წინ სასამართლოს შენობაში თვალი სინანულით შეგვავლო და ზურგი გვაქცია. ჩვენ წინ, ახლა უფრო გაზრდილი, ძველი ცოტნესაგან განსხვავებული ადამიანი, უკვე ნამდვილი კაცი იდგა. როგორ ცვლის ციხე ადამიანს. იქიდან მომავალი, კიდევ უფრო სერიოზულად და დინჯად მოაბიჯებდა. ვატყობდი, ჩვენ დანახვაზე ნაძალადევად იღიმოდა. ვერ ვხვდებოდი ამის მიზეზი ის იყო რომ მის გამო ჩვენს ოჯახს ამდენი ტანჯვის გამოვლა მოუხდა, თუ ის რომ ციხეში ღიმილი დაავიწყდა.
ყველაზე ბედნიერი წამი იყო, როცა გულში ჩამიკრა და მისი სურნელი ვიგრძენი. იცით, ეს რას ჰგავს? - ეს იმედის სურნელია. როცა შენ გვერდითაა და იცი, რომ შენი გული მის იმედად ძგერს, ხელს მაგრად ჩაგჭიდებს და არასდროს გაგიშვებს. დიახ, ცოტნე ასეთი იყო. ხელს თუ ჩაგჭიდებდა, აღარასოდეს გაგიშვებდა, მოკვდებოდა და არ გაგიშვებდა. ასეთი თავდადებული ხასიათის გამო, ჩემს გულში პირველი ადგილი ეკავა და ეს ადგილი, სხვებისთვის ხელშეუხებელი იყო. მის სახელს ჩემი გულის იმ კუნჭულში ვმალავდი, სადაც შეხების უფლება სხვა არავის ჰქონდა. ჩემი ძმა გიორგიც არანაკლებ მიყვარადა, მაგრამ სულ ვგრძნობდი, რომ ჩემი და ცოტნეს გული ზუსტად ერთი და იმავე მელოდიაზე ძგერდა. მის გვერდით ცხოვრება თან ძალიან ადვილი და თან ძალიან რთული იყო.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ სახლში დაბრუნებული ცოტნე, ყველას ძალიან უცნაური გვეჩვენებოდა. ღამეები არ მეძინა ამაზე ფიქრით. ვნერვიულობდი, რომ უწინდებურად ძლიერ აღარ ვეყვარებოდი, აი ისე, როგორც ციხეში წასვლამდე. სახლში დაბრუნებულს ბევრი უცნაური რამ დასჩემდა. საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში, ისევ დაუბრუნდა ძველებურ ყოფას და როგორც იქნა ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა.
დედაჩემი და მამაჩემი სოფელში დაბრუნდნენ. მე და ჩემი ძმები კი თბილისში დავრჩით. გიორგი მუშაობდა, მე ვსწავლობდი, ცოტნე კი მუდმივად რაღაცებს აგვარებდა. არავინ არაფერი ვიცოდით მისი ჩახლართული საქმეების შესახებ. როცა რაიმეს ვეკითხებოდი, არაფერი ხდებაო, მპასუხობდა. მაგრამ ზუსტად ვიცოდი, გიორგის თავისი მალული საქმეების შესახებ ყველაფერს უყვებოდა. ცოტნე ბავშვობიდან ასეთი იყო, თუ თვითონ არ უნდოდა, ანგარიშს არავის ჩააბარებდა. არ უყვარდა თავის საქმეებზე საუბარი და ოჯახის წევრებთან განხილვა. ეს ყველამ ვიცოდით, ამიტომ მას არასდროს, არაფერს ვეკითხებოდით. თუ გაგიმართლებდა და ლაპარაკის ხასიათზე გამოიჭერდი, მაშინ შეიძლება რაღაცები ეთქვა, შეიძლება საათობითაც ელაპარაკა, თავს უამრავი უსარგებლო ინფორმაციით ამოგივსებდა, მაგრამ იმ თემაზე, რისი თქმაც თავად არ სურდა, კრინტსაც არ დაძრავდა. საბოლოოდ კი იმას გიყვებოდა რაც შენ კი არა, თავად მას სურდა.
ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მაინც რაღაც შინაგან ფორიაქს ვგრძნობდი, სულ დაძაბული ვიყავი. ცოტნე როგორც კი თვალს მოეფარებოდა, მიზეზი მეძლეოდა და მის ტელეფონს „ამოსუნთქვის“ საშუალებას არ ვაძლევდი. ისიც, რა თქმა უნდა, ზრდილობიანად მპასუხობდა, როგორც იცოდა ერთ-ორ ტკბილ სიტყვას მეტყოდა და დამამშვიდებდა ხოლმე. საკუთარ თავზე მეცინებოდა. ის დრო მახსენდებოდა, თბილისში ახალი ჩამოსული, რომ ვიყავი და ჩემი უნივერსიტეტში სიარულის პირველ დღეებში ცოტნე და გიორგი სულ უკან რომ დამსდევდნენ. მაშინ ძალიან ვბრაზდებოდი, რადგან მათი გადამეტებული ყურადღება მაღიზიანებდა. მინდოდა, ყველაფერი დამოუკიდებლად მეკეთებინა, მაგრამ ამის საშუალებას არც ერთი მაძლევდა და - არც მეორე.
უნივერსიტეტში სწავლის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, სრულიად შემთხვევით, მესამეკურსელი ბიჭი გავიცანი, რომელსაც ძალიან მოვეწონე. მისი მხრიდან ყურადღებას გაცნობის დღიდან ვგრძნობდი, მაგრამ მე საერთოდ არ მომწონდა და შეძლებისდაგვარად ვაგრძნობინებდი ამას. არ მსურდა რაიმე იმედი გასჩენოდა.
გადიოდა დრო, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ჩემი მხრიდან წამოსულ გულგრილ დამოკიდებულებაზე მასაც შესაბამისად ეპასუხა, პირიქით, უფრო მეტად გააქტიურდა. თავს იმის მიუხედავადაც კი არ მანებებდა, რომ ჩემ გვერდით ხან ცოტნეს, ხანაც კი გიორგის ხედავდა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, ჩემდამი თბილი დამოკიდებულება აგრესიაში გადაეზარდა. ჩემ დანახვაზე უადგილო საუბარსა და უსიამოვნო კომენტარების ყბედობას იწყებდა. ჩემი მეგობრები კი ჩემზე მეტად ბრაზდებოდნენ და მეუბნეოდნენ, რომ ძმებისთვის მეთქვა. მათ არ იცოდნენ ამ ყველაფერს რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა, მაგრამ მე კარგად ვიცოდი და ისევ მოთმინება ვარჩიე. ვფიქრობდი დრო გავა, მობეზრდება ასეთი მოქცევა და თავს დამანებებს-მეთქი. თუმცა, ამ ყოველივეს ბოლო არა და არ უჩანდა.
ერთხელ უნივერსიტეტიდან გამოსული ცოტნესთან შესახვედრად მივიჩქაროდი და უეცრად ვიღაც წამომეწია, ხელი ჩემს ზურგჩანთას ჩაავლო და გამაჩერა. შემცბარმა უკან მივიხედე და ხელში ჩვენი ბიჭი შემრჩა. - მორჩა, -გავიფიქრე მე. -ვიცოდი ცოტნე წუთი წუთზე მოვიდოდა და თუ მასთან ერთად დამინახავდა, ერთი ამბავი ატყდებოდა. გარშემო ბევრი ხალხი იყო, მიმოვიხედე, რომ ვინმე ნაცნობისთვის შველა მეთხოვა და სანამ დრო იყო თავიდან მომეშორებინა, მაგრამ ვერავინ დავინახე და მისგან თავის დაღწევა საკუთარი ძალებით ვცადე. ზურგჩანთა ჩემკენ მოვქაჩე, ჩანთა ცალი მხრიდან მე მეჭირა, მეორე მხრიდან კი - მას.
-ხელი გაუშვი!
მახსოვს, ეს სიტყვები სამჯერ გავუმეორე. მესამედ უკვე დამარცვლითა და ხმამაღლა, თუმცა რეაქცია არ ჰქონია. ერთი საფეხურით მაღლა იდგა და იქიდან უზრდელი ღიმილით დამყურებდა. ამ მომენტში მომინდა კიდეც ცოტნე მოსულიყო და მისი თავდაჯერებული სახე, იმ ღიმილიანად გაელამაზებინა. მიყურებდა და თითქოს მეუბნებოდა, რა არარაობა ვიყავი მის წინაშე. ერთი საფეხურით ქვემოთ, მის ჩრდილქვეშ ვიდექი და ჩემი დამფრთხალი მზერა უფრო მეტ თავდაჯერებას მატებდა. ის კი არ იცოდა, რომ მე მისი კი არ მეშინოდა, იმაზე ვდარდობდი, ჩემს ძმას ხელში არ შემოკვდომოდა და თავი შარში არ გაეყო. ჩემი ჩანთა ახლა მან მოქაჩა და ხელიდან წამგლიჯა. ჰაერში რამდენჯერმე დაატრიალა და ჩემმა ნივთებმა აქეთ-იქით იწყო ცვენა. ყველა ჩვენ გვიყურებდა. მასაც ეს უნდოდა. უნდოდა ამგვარი საქციელით მეც ზუსტად ის მეგრძნო, რასაც თვითონ გრძნობდა მაშინ, როცა არაფრად ვაგდებდი. რომ ვერაფერს გავხდი, ზურგი შევაქციე და კიბეზე დავეშვი. თავი არც ახლა დამანება, წინ გადამეღობა და წასვლის საშუალება არ მომცა.
-ვერ წახავალ! - შემომღიმა კვლავინდებური უტიფარი, ღვარძლიანი ღიმილით.
-გამატარე, თორემ გეფიცები, ხვალინდელი დღიდან ამ უნივერსიტეტში მოსვლა აღარ მოგინდება!
-ოჰო... რას მეუბნები.
ამ დროს თვალი მის ზურგს უკან გამექცა და ცოტნეს მანქანა დავინახე. იქვე, უნივერსიტეტის წინ, სადგომზე გააჩერა. ცოტნე მანქანიდან გადმოვიდა და მაშინვე ჩემკენ წამოვიდა. ჩემი ძმა რომ დავინახე, გული მომეცა და წინ მდგომი უხეშად მოვიშორე. გვერდი ავუარე და სანამ გავეცალე, ხელიდან ახლა წიგნი წამგლიჯა და ზურგს უკან მოისროლა. გასროლილი წიგნი პირდაპირ ცოტნეს ფეხებთან დაეცა. მან დაბლა დავარდნილ წიგნს გაოგნებულმა დახედა, საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. გაგულისებულმა კბილები დააღრჭიალა, წარბებ ქვეშიდან ამოხედა და მუშტებშეკრული გამოვარდა მისკენ. ყველაფერი ძალიან სწარფად, სულ რამდენიმე წამში მოხდა. ცოტნემ კიბის საფეხურები წყვილ-წყვილად ამოირბინა და ზურგით მდგარს ქეჩოში ეცა. ბრაზით გახელებულს თვალებიდან სულ ნაპერწკლები სცვიოდა. ბიჭი კიბეზე წააქცია, ზემოდან დაემხო და ორივე მუშტით გამეტებით დაუწყო ცემა. მუშტებს ისე ძლიერად იქნევდა, ახლოს ვერ მივდიოდი. მხოლოდ ვყვიროდი, რომ არ მოეკლა. ხმაურზე ბიჭები მოცვივდნენ და სასწრაფოდ გააშველეს. ის ბიჭი ხელიდან ძლივს გამოწიწკნეს. ცოტნე კი მაინც არ ჩერდებოდა, ბოლო ხმაზე ღრიალებდა და მოკვლით ემუქრებოდა. მაშინვე მივვარდი და პირზე ხელი დავაფარე. ვცდილობდი გამეჩუმებინა, რომ მის ყვირილზე ახლა უნივერსიტეტის დაცვა არ მოვარდნილიყო. მე ცოტნეს ვაშოშმინებდი, გამშველებლებს კი ნაცემი მოჰყავდათ გონს, რომელიც კარგა გვარიანად გაესილაქებინა. როგორც იქნა გამოაფხიზლეს და ფეხზე დააყენეს. მკლავებში ხელები გაუყარეს, უნდოდათ წასვლაში დახმარებოდნენ, მაგრამ ცოტნემ წასვლის საშუალება არ მისცა.
-ჯერ ჩანთა ჩაალაგე!- შეღრინა გაცოფებულმა.
სხვა რა გზა იყო. რის ვაი ვაგლახით ჩანთა აიღო და კიბეზე დაყრილი ნივთები სათითაოდ შეაგროვა. ცოტნეს ვანიშნე, არ გინდა-მეთქი, მაგრამ მან ნიშანზე ნიშნითვე მიპასუხა, რომ არ ჩავრეულიყავი. ცოტნე კი არ სუნთქავდა, ქშინავდა. თავს ძლივს იკავებდა, რომ ხელმეორედ არ მივარდნილიყო. როგორც იქნა დაბეგვილმა ყველაფერი შეაგროვა და ჩანთა დამიბრუნა. სანამ წამოვიდოდით მუქარით მიაძახა:
-არ გეგონოს ამით დავამთავრე! ეს ჯერ მოთელვა იყო. ხვალ რო მოვალ, აქ დამხვდი, ჩემ დას ბოდიშს მოუხდი. და თუ მისკენ კიდე გაიხედავ, დაიმახსოვრე, ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ!
მესამეკურსელმა მეორე დღეს ბოდიში მართლაც მომიხადა. მას მერე აღარ მინახავს და ეს ამბავიც დავიწყებას
უამრავი ასეთი ისტორია მახსენდება. ზოგადად ცოტნე ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული იყო, მაგრამ როდესაც საქმე ოჯახის წევრს ეხებოდა, მისი მშვიდი ხასიათი იქ მთავრდებოდა. ცოტნეს ეს უარყოფითი მხარე საერთოდ არ მომწონდა, მაგრამ ის ასეთი იყო და მეც როგორიც იყო, ზუსტად ისეთი მიყვარდა.
დრო გადიოდა, ჩვენი ცხოვრება კი ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებოდა. მეც შედარებით დავშოშმინდი. ასე გაგრძელდა ცოტნეს დაბადების დღემდე. თავიდან დაბადების დღის აღნიშვნა არ სურდა, მაგრამ მერე რატომღაც გადაიფიქრა და ბიჭები დაპატიჟა. როგორც თავად თქვა, მხოლოდ თავისი ორი მეგობარი აპირებდა მოსვლას.
დათო და ირაკლი ჩემი ძმის ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ჭირსა თუ ლხინში სულ ერთად იყვნენ და ერთმანეთი კბილებით გაჰქონდათ. ცოტნე რომ ციხეში ჩასვეს, ყველა ვეჭვებდით რომ ეს ირაკლის გამო გააკეთა. ირაკლის მარტოხელა, ავადმყოფი დედა ჰყავდა. ის თან მუშაობდა და თან დედას უვლიდა. სწორედ ამიტომ, როდესაც ვიღაც უცნობებთან ჩხუბი მოუხდათ, ცოტნემ მეგობარს ხელი დააფარა და ციხეშიც მის მაგივრად წავიდა. ასეთი იყო ჩემი ძმა. ხშირად მასში ადამიანური რესურსი იწურებოდა და თავის თავს არ ჰგავდა, მაგრამ მის გულში სიკეთე ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე სხვა რომელიმე გრძნობა. მისი ერთადერთი სისუსტე ის იყო, რომ უსამართლობას ვერ იტანდა და ყველაფერს საკუთარი საზომით ზომავდა. მისი გული ყველასი იყო, ვინც კი ამ გულში დაიდებდა ბინას. არ გეგონოთ, იქ ბევრი ადამინის სახელი ეწერა, რადგან ის ამ საკითხში ზედმეტად ფრთხილი იყო. მთელ თბილისს იცნობდა, მაგრამ მე მხოლოდ მის რამდენიმე მეგობარს ვიცნობდი.
დაბადების დღისათვის ყველაფერი წინა დღეს მოვამზადე და მეორე დღეს სტუმრების მოლოდინში პატარა სუფრა გავაწყვე. საღამოს ირაკლი და დათოც მოვიდნენ. სტუმრები გაშლილ სუფრას მალევე მიუსხდნენ. მე სუფრასთან არ დავმჯდარვარ, რადგან საქმეები იყო. სამზარეულოში ვიყავი, როდესაც კარზე ზარის ხმა შემომესმა. ვიფიქრე, მშობლები ხომ არ ჩამოვიდნენ-მეთქი და მაშინვე გავქანდი.
-მე გავაღებ!-მომესმა ცოტნეს ხმა მისაღები ოთახიდან.
-უკვე ვაღებ! -გავძახე და სანამ ის სუფრიდან წამოდგა, კარი უკვე გაღებული მქონდა. სახიდან ღიმილი ჩამომერეცხა, როდესაც მშობლების ნაცვლად ორი, შავებში ჩაცმული, შავ წვერ-ულვაშიანი მამაკაცი დამხვდა. ერთ-ერთს ხელში ტკბილეულით სავსე კალათი ეჭირა. შეხედვისთანავე მივხვდი, ქართველები არ უნდა ყოფილიყვნენ. პირველი, რაც თავში აზრად მომივიდა, ალბათ მისამართი შეეშალათ-მეთქი. იდგნენ და დაბნეული მომჩერებოდნენ. ბოლოს უხერხული სიჩუმე დავარღვიე და უცნობებს მივესალმე.
-გამარჯობა! ცოტნე აქ ცხოვრობს? -მიპასუხა ერთ-ერთმა საკმაოდ გამართული ქართულით.
-ცოტნე?!.. დიახ, აქ ცხოვრობს.-დავიბენი მე, რადგან ჩემი ძმის სახელის გაჟღერებამ ცოტა არ იყოს გამაოცა. კარი ბოლომდე გავაღე და წელში გავიმართე. ვეღარ გამეგო რა უნდა მექნა და ზუსტად დროულად, ცოტნეს ხმაც გაისმა:
-ანა, ბიჭები სახლში შემოუშვი. შემოდით, შემოდით! -დაუქნია ხელი და უცნობი სტუმრები სახლში შემოიპატიჟა. რაღას ვიზამდი, უკან დავიხიე, რომ მათთვის გზა დამეთმო. ტკბილეული ხელში მომაჩეჩეს და ქურთუკები უხმოდ გაიხადეს.
-ანა, გაიცანი, ესენი ჩემი მეგობრები არიან, ეს აჰმედია.- მითხრა ერთ-ერთზე,- ეს კი ისლამი. -ბიჭებო, ეს ჩემი დაა, ანა.
სალმის ნიშნად ორივემ თავი დამიკრა. ოღონდ ისე, რომ ჩემთვის თვალებში არცერთს არ შემოუხედავს. ცოტნემ სტუმრები მისაღებ ოთახში შეიპატიჟა. ძალიან თავდაჭერილად იქცეოდნენ, იშვიათად თუ ამოიღებდნენ ხოლმე ხმას, ჭამითაც მგონი არაფერს ჭამდნენ. ეს ორი ადამიანი თითქოს ერთმანეთს არაფრით ჰგავდა, მაგრამ უცებ რომ შეხედავდი მაინც ტყუპებივით ერთნაირები იყვნენ. წვერი, თმა, ჩაცმის სტილი ერთნაირი ჰქონდათ. არ მინდოდა დაჟინებით მივშტერებოდი და თვალს ვარიდებდი. ვერაფრით გამეგო თუ რა საერთო უნდა ჰქონოდა ცოტნეს ამ უცნაურ ხალხთან. იმის მიუხედავად, რომ ძალიან წესიერები და ზრდილობიანები ჩანდნენ, გული კარგს მაინც არაფერს მეუბნებოდა. მალე სუფრიდან წამოდგნენ და ცოტნეს მთელი საათი აივანზე ელაპარაკებოდნენ. ეს დაბადების დღის აღნიშვნას კი არა, მე თუ მკითხავთ, საქმიან შეხვედრას უფრო ჰგავდა.
ყველაფერი რომ დასრულდა და სუფრა ავალაგე, სამზარეულოში გადავინაცვლე. ჩვენი სამზარეულოს ფანჯრიდან ეზო ხელის გულივით მოჩანდა. ყველანი სადარბაზოს შემოსასვლელთან იყვნენ მოქუჩებულები და ისევ გაცხარებული ბჭობდნენ რაღაცაზე.
საქმეებს რომ მოვრჩი, ბიჭებიც მალევე გამოჩდნენ.
-ჩემს ფიფქიას, უკვე ყველაფერი დაულაგებია. თქვა სახლში შემოსულმა ცოტნემ და დივანზე მჯდარს გვერდით მომიჯდა. -აბა ახლა მითხარი მოწყენილი რატო ხარ?
-მოწყენილი არ ვარ, გაურკვევლობაში ვარ.- მას ჩემს ნათქვამზე გაეცინა.
-მიდი, მიდი, მკითხე რა გაინტერესებს.
-ყველა კითხვაზე მიპასუხებ?!
-მოდი, ასე მოვიქცეთ, შენ მკითხე რაც გაინტერესებს და მაგას მერე გადავწყვეტავ გიპასუხებ თუ არ გიპასუხებ.
-კარგი, თანახმა ვარ! -ვუთხარი და გახარებული მისკენ მივტრიალდი, რომ თვალებში ჩამეხედა. სანამ საუბარს დავიწყებდით ოთახში გიორგი შემოვიდა და გვერდით სავარძელში მოკალათდა. ტელევიზორის პულტი აიღო და უხმოდ მიაჩერდა. ცოტნემ ხელით მანიშნა კითხვების დასმა დამეწყო.