ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მანიტუ

მანიტუ

...

წვიმა. ატირებული ფანჯრები. წვიმის წვეთები ცრემლებია და გამჭირვალე მინებს ღვარ-ღვარით ჩამოსდით.

დეიდას სახლში ყველგან ფანჯრებია. თითქოს დეიდას სახლში ცხოვრება არ უნდა და ფანჯრებით სადღაც სხვაგან გარბის. ფანჯრებზე ფარდებია და ყველა მათგანი დეიდას ხელის სწრაფი მოძრაობით მარჯვნიდან მარცხნივ გადადის.

-კონცერტი მორჩა, ჩემო დორა, -ამბობს დეიდა და ბავშვურად მიღიმის. ბავშვურ ღიმილს ყველას სახეზე ვცნობ. წლების შემდეგ მე ასე აღარ ვიღიმი.

-სად იყო კონცერტი? -ვეკითხები და ოთახს ვათვალიერებ. ვეძებ რამეს, რაც დეიდას ნათქვამს დაადასტურებს. ის აღარაფერს მპასუხობს და სხვა ოთახში მიდის. მისთვის კითხვის ხელახლა დასმა მიჭირს. დეიდა ბრაზობს ხოლმე, როცა რამეს ხშირად უმეორებენ. მაგრამ იქნებ, ვერ გაიგონა ჩემი კითხვა? იქნებ, ასეთი მაღალი რომაა, ვერ მისწვდა ჩემი პატარა ხმა?

კითხვას მაინც აღარ დასვამ. მეშინია.

-სკოლაში რა ხდებოდა, ჩემო დორა? -ოთახში კითხვით ბრუნდება და თან ისეთი ხმა აქვს, თითქოს მუსიკა ამოსდის პირიდან. სულ ,,ჩემო დორა“-ს მეძახის. ასე არც დედა მეძახის, არც - მამა, არც - ბაბუა. საერთოდ არავინ, მის გარდა. დეიდასი რატომ ვარ, არ ვიცი. რომ გავიზრდები, ვკითხავ. მისთვის ძალიან ბევრი რამის კითხვა მინდა. მაგრამ ამბობს, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ეს დრო ჯერ ჩემთვის არ მოსულა, რომ აუცილებელი არაა, რაღაცები წინასწარ ვიცოდე და თუ შესაძლებელია, არც ისაა ცუდი, რომ რაღაცები საერთოდ არ გავიგო.

-კლასში ყველაზე ლამაზ ყურძნებს მე ვხატავ, -წამოვიძახე სიამაყით და დეიდას თხოვნას არ დაველოდე, ისე გავხსენი ჩანთა იქიდან სახატავი რვეულის ამოსაღებად.

-მართლა?! -დეიდამ სიცილი ვერ შეიკავა და მე, ცოტა არ იყოს, შემრცხვა. დეიდასთვის, მგონი, არაფერს ნიშნავს, რომ მე ყველაზე ლამაზ ყურძნებს ვხატავ. სახატავი რვეული გადაუშლელად მიჭირავს ხელში და ვიცდი, რა მოხდება. დეიდა ჩემთან მოდის და რვეულს მართმევს. -აბა, ვნახოთ, -ამბობს და ათვალიერებს. ჯერ პირველ გვერდზე შლის, რომელზეც ჩემი სახელი და გვარი ფერადი ფანქრებით წერია: დორა მჭედლიძე. ,,რ“ ყველაზე უშნოა და დეიდამ არ დამცინოს, მრცხვენია. მაგრამ ის არაფერს ამბობს. მეორე გევრდს შლის და აქედან უკვე ჩემი ,,შედევრები“ იწყება. ყურძნის რამდენიმე მტევანი ხატია. ორი ყვითლადაა გაფერადებული, ორი - ლურჯად, ერთი გაუფერადებელია.

-ეს ყველაზე ლამაზია, -ამბობს დეიდა გაუფერადებელზე და თითს უსვამს. -რატომ არ გააფერადე? -მე პასუხი არ ვიცი. არ მახსოვს, რატომ დავტოვე ასე.

-ახლა გავაფერადებ, -ჩანთიდან ფანქრების შეკვრას ვიღებ და წვრილ რეზინას ვაძრობ. ფანქრებს მაგიდაზე ვაწყობ. -რომელი ფერი გირჩევნია? -თვალებით ისევ ნახატს უყურებს. ყურადღებას არ მაქცევს. კითხვის გამეორებას ვერიდები, მაგრამ ცოტაც და მპასუხობს:

-იყოს ასე, -კარზე კაკუნია. ძალიან ხმამაღალი. შევხტი და შეშინებულმა დეიდას შევხედე. მას რეაქცია საერთოდ არ ჰქონია. ჩემი სახატავი რვეული გვერდზე გადადო და ფეხზე წამოდგა. ასე დამჯდარმა რომ ავხედე, კიდევ უფრო მაღალი მომეჩვენა. მინდოდა, ჩავხუტებოდი და მეთხოვა, არ წახვიდე - მეთქი, თითქოს თუ ახლა კარს გააღებდა, ამით საფრთხეში აღმოჩნდებოდა და მარტო მე შემეძლო მისი გაფრთხილება, რომ გადამერჩინა. არადა არაფერი ვუთხარი. დეიდა კარის გასაღებად წავიდა და უკან ვიღაც უცხო კაცთან ერთად დაბრუნდა.

-აბა, მარტო ვარო? -უსაყვედურა კაცმა მას შემდეგ, რაც მაგიდასთან მოკალათებული დამინახა. თავი სახატავი რვეულისკენ დავხარე. თითქოს დანაშაული იყო, იქ რომ აღმოვჩნდი.

-ჩემი დისშვილია, დღეს ჩემთან რჩება, -დეიდას ხმა ისეთი აღარ იყო, მანამდე ჩემთან ლაპარაკისას რომ ჰქონდა. აღარ მეგონა, რომ მისი პირიდან მუსიკა ამოდიოდა.

დეიდა მომიახლოვდა და მაგიდაზე დაყრილი ჩემი ფანქრები თავის წვრილ, გრძელ თითებში მოაქცია. ყველა ჩაეტია.

-ჩემო დორა, ოთახში წადი და ის ყურძენი გააფერადე, -მითხრა და ფანქრები გამომიწოდა. ორივე ხელით გამოვართვი და რეზინის გარეშე ჩავყარე უწესრიგოდ ჩანთაში. მერე სახატავიც მივაყოლე და ჩანთამოკიდებული ისე წავედი ოთახისკენ, თითქოს მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი არ მქონდა გადასადგმელი. სანამ დეიდას და იმ კაცს მარტო დავტოვებდი, დეიდასთვის ერთი კითხვის დასმა მოვასწარი:

-რომელი ფანქრით გავაფერადო? -დეიდასგან პასუხს თითქოს მათი დატოვების სანაცვლოდ ვითხოვდი. დეიდამ დაუფიქრებლად მიპასუხა:

-წითელი, -მეუცნაურა, მაგრამ ოთახში შევედი და კარი მივხურე. წვიმის გამო მათი საუბარი არ მესმოდა.

ყურძნის გაფერადება დავიწყე. არ ვიცი, მაინცდამაინც ყურძნებს რატომ ვხატავდი ყველაზე კარგად. სხვა საგნების დახატვისას სხვებს ვერაფრით ვჯობდი. ყურძენი კი, ჩემი აზრით, ყველაზე მარტივი დასახატი იყო. წარმოიდგინეთ, რგოლებს ავლებ ჯერ ერთმანეთის გასწვრივ, მერე ერთმანეთის ქვეშ და ყოველ ხაზზე წინაზე ერთით ნაკლები რგოლი უნდა დახატო. რგოლები მანამდე უნდა ხატო, სანამ ბოლოს დასახატი მხოლოდ ერთი ცალი არ დაგრჩება. მე ვერ ვიტან, როცა ამ ერთი რგოლის დახატვა ძალიან მალე მიწევს და ამიტომ რაც შეიძლება გრძელ ხაზზე ვამწკრივებ ხოლმე რგოლებს თავიდან. ახლა გაფერადებას მოვრჩები თუ არა, ახალ ყურძენს დავხატავ და დეიდას ვაჩუქებ. წითლად გავაფერადებ იმასაც.

ეს კაცი აქამდე დეიდასთან არასდროს მინახავს. სულ ცოტა ხნით შევხედე და მაინც შევამჩნიე, როგორი სველი იყო. ალბათ ქოლგა არ აქვს. დეიდას ვეტყვი და რომ წავა, თუ უნდა ჩემსას გავატან იმიტომ, რომ მე ხვალ მამა წამიყვანს და მანქანაში არ დამჭირდება.

ყურძნის გაფერადებას მოვრჩი. არ ვიცი, გარეთ ისეთი ხმამაღალი წვიმა აღარაა, თუ დეიდა და ის კაცი აღარ ლაპარაკობენ ხმადაბლა. შეიძლება ყვირილს ხმამაღალი წვიმაც ვერ ფარავს.

-...შენ სულ შენს ჭკუაზე დადიხარ! -ყვირის უცნობი კაცი. ფანქარი ხელიდან მივარდება და წითელი ყურძნის გვერდით წითელი უსწორმასწორო ხაზი ჩნდება. ნახატი გაფუჭდა.

-ხმას დაუწიე! -არ ყვირის, მაგრამ ისე მტკიცედ ამბობს დეიდაჩემი, თითქოს თუ კაცი ასე არ მოიქცევა, რამე საშინელება მოხდება. -ყვირილით შენი უაზრო ნათქვამი მნიშვნელობას ვერ შეიძენს. -აგრძელებს მერე. ახლა ვამჩნევ, რომ ჩემს ოთახში ჯერ ფარდა გადაწეული არაა. სველ მინაში ვხედავ, რომ გარეთ უკვე დაბნელდა. ქუჩიდან ლამპიონის ნათება ბურთივით მოჩანს ფანჯარაში და ფანჯარაზე მის გვერდით ვამჩნევ ჩემს თავსაც. ფარდის გადაწევა მინდა. მაგრამ ასე მგონია, ახლა თუ ავდგები, დეიდა და ის კაცი გაიგებენ, რომ მათი ყვირილი გავიგონე. არ ვიცი, რატომ ვფიქრობ, რომ ეს დანაშაულია. ცხრა წლის ვარ და უბრალოდ დეიდასთან ვრჩები. თუ ვინმე ზედმეტია, ის კაცია.

-რა თქმა უნდა, -კაცი ყვირილს მაინც აგრძელებს. -რასაც სხვები ამბობენ, შენთვის ყველაფერი უაზრობაა!

-ახლაც სისულელეს ამბობ, -დეიდას ხმა ისეთი მისუსტებულია, თითქოს წინასწარ იცის, რომ აზრი არ აქვს მეორე ხმასთან ბრძოლას. -შენ ჩემზე არასწორი წარმოდგენა გაქვს. -მახსოვს, რომ დეიდას წარმოდგენები ძალიან უყვარს. სულ მეუბნებოდა ხოლმე, როცა სკოლაში ჩაატარებთ, დამპატიჟე და მოვალო. ერთხელ მართლა ჩავატარეთ და არ მოვიდა. ნეტავ, ხომ არ იფიქრა, რომ არასწორი წარმოდგენა მქონდა? არადა ფიფქია ვიყავი. ფიფქია ჩემი საყვარელი პერსონაჟია. იქნებ, ამ კაცსაც იმიტომ ეჩხუბება, რომ მას არასწორი წარმოდგენა აქვს. ნეტავ, ეს კაცი რომელი გმირია?

-არ გიცდია, რომ სხვა წარმოდგენა შემქმნოდა, -კაცი ისე აღარ ყვირის, როგორც მანამდე. არ ვიცი, ამის ბრალია თუ სხვა რამის, მაგრამ მისი სიტყვების აზრს ვერ ვიგებ. დეიდას რა უნდა ეცადა?

-არც შენ გიცდია ჩემი უკეთ გაცნობა, -დეიდა ალბათ ზის და ფეხი ფეხზე აქვს გადადებული. როცა სხვებს თავის სიმართლეს უმტკიცებს, ყოველთვის ასე ზის ხოლმე. -ჩემი ერთი ნაწილი მოგეწონა და ამიტომაც იყავი ჩემთან. მერე სხვა ნაწილები რომ დაინახე, იმ ერთს ვერაფრით დაუკავშირე თუ რა, არ ვიცი. ფაქტია, ვერ იგუე და ისე ცდილობ ახლა იმ ნაწილების მოშორებას, თითქოს ადამიანი კი არა, მართლა ასაწყობი თოჯინა ვიყო. -მეც მაქვს ასაწყობი თოჯინა. შარშან დედამ მაჩუქა და მახსოვს, დეიდამ რომ ნახა, იმ საღამოს მან და დედამ იჩხუბეს. მგონი, ვხვდები, დეიდას ასაწყობი თოჯინები რატომ არ მოსწონს. ისე, არც მე მომწონს დიდად იმიტომ, რომ გამუდმებით ხან ხელი სძვრება, ხან - ფეხი. ამ დროს მახსენდება ხოლმე, რომ ნამდვილი არაა და თამაშის სურვილი მიქრება.

-ღმერთო, როგორ მიშლი ნერვებს! -ისევ ყვირის კაცი. მერე დეიდაც ყვირის ოღონდ სიტყვებს არა. კიდევ ვიღაც ყვირის. მსხვრევის ხმაა.

-წადი აქედან! -ამბობს დეიდა მას შემდეგ, რაც საიდანღაც სიჩუმე გაჩნდა. ალბათ იმ კაცს შერცხვა და ხმას ამიტომ აღარ იღებს, მაგრამ დეიდას სიტყვების შემდეგ მისი ნაბიჯები მაინც იღებენ ხმას.

ერთი. ორი. სამი. ოთხ... უკვე სამნახევარი ნაბიჯი თქვა.

ოთხ... მინდა, დამთავრდეს ეს ნაბიჯიც და დეიდასთან გავიდე. არ ვიცი, ასე მოქცევის უფლება თუ მაქვს.

ოთხ... არა და არ დამთავრდა. ნაბიჯის ნაცვლად ისევ კაცმა ამოიღო ხმა:

-ვეღარ მნახავ, -ისე ამბობს, თითქოს ამ მუქარამ უნდა გადაწყვიტოს, ,,ოთხ“ ,,ოთხი“ გახდება თუ არა.

-ზუსტად მაგიტომ გიშვებ! -ვიცი, ამ სიტყვებს დეიდა ამბობს, მაგრამ ეს ხმა ვისია, წარმოდგენა არ მაქვს. ამ ხმას თითქოს კაქტუსივით ეკლები აქვს და ყოველი ასო ეკალივით გერჭობა.

ოთხი.

დეიდა მარტო დარჩა, მაგრამ მასთან ვერ გავბედე გასვლა. არ ვიცი, ისევ წვიმა გაძლიერდა ასე და ფანჯრები ტიროდნენ, თუ იმ ღამით კიდევ ტიროდა ვიღაც.

დილით დეიდას წითელი ყურძენი ვაჩუქე და მაშინ ვნახე პირველად წითელი ყურძენიც ცხადად. დეიდას თვალები იყო სულ წითელი და თან ყურძნის მარცვლებს ჰგავდა.