ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მალფუჭებადი ამბები

მალფუჭებადი ამბები

ამანათი ჯიმშერისთვის

ჯიმშერს მშობლებისგან მხოლოდ სიმღერა დისკო დანსა ახსოვდა, ინტერნატიდან მოყოლებული ამ სიმღერით ხუმრობდა- ჩემი ჩასახვისას დისკო დანსა ისმოდაო- და მისი ტელეფონის ზარადაც დისკო დანსა ჟღეროდა. სწორედ ამ სიმღერამ გააღვიძა, 2020 წლის ორ აგვისტოს ნაფტალინიანი ტახტის კიდეზე მიკუნტული და აუხსნელ მოვლენათა გზას გაუყენა.

თუმცა, დისკო დანსამდე, იყო კიდევ ერთი შესავალი. სიზმარეული. მასში ჯიმშერის ინტერნატელი ძმაკაცი აჩიკო, ადიდასის უახლეს კედებს, სახაშე ქვაბში ხარშავდა. ამას წინათ გამახსენდა დედაჩემი და მამაჩემიო, ასე ეუბნებოდა. მერეო, ჯიმშერი ეძიებოდა. მერე მივადექი და ბავშვის ტრაკი თუ არ გქონდათ, რას გამაჩინეთ-თქო, სულ ეგრე ვუძახე, პასუხობდა აჩიკო. მერეო, აგრძელებდა დაკითხვას ჯიმშერი. მერე გადმოდგა ეს მამაჩემი და მეუბნება, მე არ მგონია, რომელიმე ჩვენგანი მაინც იყოს ის, ვინც საკუთარი თავი ჰგონიაო, და ეს კედები გადმომიგდო. გემრიელი კედებია ნეტა? რავი, მთავარია მეიდ ინ ჩაინა არ იყოს. ხოო. ავიღე ეს კედები და ეს მამაჩემი მიკომენტარებს: უბრალოდ, იმედი მაქვს, როდესაც საკუთარი თავისთვის შეხედვა მომიწევს, მართლა მომიწევს, ურჩხულს არ დავინახავ. მე იცი რას ვეკითები? რას აბა? მოგიწევს რო? და რა მიპასუხა ტიპმა? რა? იმედია. მინდა დავინახო. ამაზე ამომასხა და მეთქი ხედავ. მე ვარ შენი თავი. შემომხედე. ნამდვილად ვარ ურჩხული.

ამბობს ამას აჩიკო და ასივე წვრილ, ბასრ კბილს ავლებს ცხელ-ცხელ ადიდასებს. ასე ტკბილად დამიბერდი, ლოცავს ჯიმშერი და ის-ისაა ადიდასის თასმა უნდა შეხვრიპოს, რომ ჯიმიჯიმიჯიმიაჯააჯააჯა იწყება და ერთბაშად აღვიძებს.

მამა, სახლში ხარ?

კი, დათო. რა იყო?

ფოსტიდან დარეკეს. რაღაც წერილი უნდა მოიტანონ და დახვდი. არჩილ კაკაბაძისგანააო.

ვაა, აჩისგან? რა უცნაურია.

რატო?

ახლახანს მესიზმრა.

მოიტანეს. დახვდა. ამანათს ეწერა, „გარეთ ატლასი, შიგნით ათასი“ და სავსე იყო ხელნაწერებით. აა, ამას ხო რეჟისორობა უნდოდაო, გაიფიქრა ჯიმშერმა და მხართეძოზე წამოწოლილი ჩაუჯდა აჩიკოს ნაცოდვილარებს. სხვა საქმე მაინც არ ჰქონდა. განა არ უნდოდა? ვერ იშოვა. ტახტზე წოლა კი, ილია ჭავჭავაძესაც უყვარდაო, ფიქრობდა ჯიმშერი, ყოველი გვერდის ცვლისას.

პირველი შეხვდა ჩანაწერი. „ის დაატარებს, სულ თან დაატარებს, სხვის მხრებზე დაჭრილ კულულებს“. ამაზე ჯიმშერმა გაიფიქრა, მხრებზე კულულებს რა უნდაო. მერე ეწერა: „იყო ორი კაცი. ორივემ ტყეში იხილა უხილავი. ნიმფა თუ ალი, დალი თუ მარი, ეს კაცმა არ იცის. არავინ არ იცის. მაგრამ რომ დამთავრდა, ხილვა რომ დამთავრდა, ერთს ეგონა, სამშობლო ელაპარაკა, მეორეს- ბუნება. ასე გადაწყდა ორივეს ბედი.“

ნიმფა, ალი და დალი კი გასაგებია, მაგრამ ეს მარი ვინღაოო, გაიფიქრა ჯიმშერმა. მაგრამ მერე გაახსენდა, ბედოვლათ აჩიკოს, თუ როგორ უყვარდა, ინტერნატში ინტერნეტით გაცნობილი მარი.ო. მარი.ო. ცხოვრობდა სადღაც კასპში და ომის დროს ჩამოყრილი თანამგზავრების ნაწილებს აბარებდა ჯართში. ერთხელ სოლარული პანელის ნატეხიც კი გამოუგზავნა აჩიკოს, რომელსაც ჯიმშერი რომელიღაც ხელნაწერზე სკოჩით მიკრობილს რამდენიმე საათში იპოვის. მანამდე კი აგრძელებს კითხვას და ხვდება ნაწერი: „თუ შენ ამას კითხულობ, მე მომაკითხეს.“ რაო? გაიფიქრა ჯიმშერმა და დარეკა აჩიკოს შვიდებით სავსე ნომერზე.

არავინ უპასუხა. ნეტში ჩაწერა და იპოვა. გავიდა და და სახლიდან არ დაბრუნებულაო, ეწერა. რაო? წარბები შეჭმუხნა ჯიმშერმა. ჟურნალისტმა დაუშვა ეტყობა შეცდომაო, მერე დაასკვნა და დაკარგულ მეგობარზე ძალზედ დამწუხრდა. მერე საგამოძიებო საქმეების სიყვარულმა გაანათა, სამოცვატიანი ნათურისებრ მის თავში. იქნებ ნაწერებით ვიპოვოო, იყო ევრიკა და კითხვა გააგრძელა. ჯერ ისევ ჩანაწერი: „ჩემმა ვეგეტარიანელმა მეგობარმა ზაქრომ, შეჭამა ზაქი სახელად თამრო. ყველამ გაიკვირვა. მან კი ასე გვითხრა- კამეჩმა თამრომ, მე მომიტევა. და ჩვენ ვთქვით- კარგი.“

ჯიმშერს შემდეგ გვერდზე დახვდა სცენარი. მდიდარი ბავშვის პირადი სამყარო. ეწერა დიდზე: სცენარი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის. ავტორი შპარგალკულად- არჩილ კაკაბაძე. თარიღი კითხვის ნიშნით, 2039.