ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მზის ამოსვლა

მზის ამოსვლა

Open New Horizons

მზის ამოსვლას აივანზე ვხვდები და ვიხსენებ ჩემს სანრაიზულ თავგადასავალს, როცა ვიყავი სიოსგან შერხეული ყვავილის ფურცელი, გულში მოჭიკჭიკე ჩიტებით.

ჩემი ამბავი მაშინ დაიწყო, როცა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა წიგნის კაფე ,,სიურპრიზში“ შეხვედრა მთხოვა. მაგიდაზე The Calligrapher’s Bible: 100 Complete Alphabets and How to Draw Them გადაეშალა, მისი ჩანთიდან კი ბეტი პარასკევასის ,,გრეისი გრეივზი და ბავშვები 402-ე ოთახიდან“ მიყურებდა.

მასწავლებელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება, კალიგრაფიის კონკურსში From fairest creatures we desire increase (,,მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა“) მონაწილეობა და იქ პროგრამის Open New Horizons (გახსენი ახალი ჰორიზონტი) საცდელ ეტაპზე მოხალისეობა და ქართული ენის სწავლება შემომთავაზა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდა და სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ საპასუხისმგებლო საქმიანობას მანდობდა. ჩვენს ცხოვრებაში ჩნდებიან ადამიანები, რომლებთანაც სუფთა და მყარი ძაფები გვაკავშირებს და რომლებიც მნიშვნელოვნად ცვლიან ჩვენს ამქვეყნად ყოფნას უკეთესობისკენ.

სანრაიზში ქართულის სწავლება უკვე დაწყებული იყო. ჩემ ჩასვლამდე იქ ჩემი მასწავლებლის ყოფილი მოსწავლე, ირაკლი ასწავლიდა, რომელიც პირადი საქმეების გამო თავს ანებებდა მათ მეცადინეობას. ჩემი მასწავლებლის თანახმად, ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე და ადამიანი, ვინც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში თავის წვლილს აუცილებლად შეიტანდა.

პროგრამის წარმატებით გამოცდის შემთხვევაში შემსწავლელები სექტემბერში საქართველოს ეწვეოდნენ და მე გამახსენდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი ,,ჩემი მხარე“.

მასწავლებელს ვუსმენდი ისე, როგორც წლების წინ მერხთან მჯდომი გოგონა, რომელიც ცდილობს მასწავლებლის ნათქვამი თითოეული სიტყვის შესრუტვას რათა გამოცდა წარმატებით ჩააბაროს. ჩემი დამრიგებელი ხელის ჩვეული მოძრაობით ისწორებდა თმებს და მელაპარაკებოდა მთელი ენერგიითა და შემართებით, სწორედ ისე, როგორც საკლასო ოთახში, როდესაც მთელ კლასს გვასწავლიდა საკუთარ თავში ადამიანის პოვნას.

           საუბრის ბოლოს ირაკლისთან საკონტაქტო ელ. ფოსტა ჩავინიშნე, მადლობა გადავუხადე და წამოვედი. იმ ღიმილით გამომაცილა, რომელსაც კარგად ვცნობდი და ამ ნაცნობ ღიმილში მაინც მომეჩვენა რაღაც უცნობი. ვიფიქრე, ეს იყო სევდა იმისა, რომ ბავშვი აღარ ვარ და სიხარული იმის, რომ ცხოვრება ზოგჯერ ნაწილობრივ მაინც გვიბრუნებს იმას, რაც გვენატრება.


 

2

Dream, Believe, Dare, Do

14 აპრილის საღამოს რვა საათზე სანრაიზში ჩავფრინდი.

უოლტ დისნეის სახელობის სანრაიზის აეროპორტის ქვეშ ეწერა: Dream, Believe, Dare, Do.

აეროპორტიდან გამოსული აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს. ირაკლის ჩემ დასახვედრად ვინმე ფრენკი უნდა გამოეგზავნა.

ფრენკი მაღალი იყო, გამხდარი, მოკლედ შეჭრილი შავი თმით და წაბლისფერი თვალებით. ოცდაათ წლამდე იქნებოდა. ჩემოდანი წვრილი, გრძელი თითებით გამომართვა, გაჭირვებით ასწია და მანქანის საბარგულში ჩადო. აეროპორტიდან ქალაქისკენ მიმავალი პირველი ქუჩა ვაშინგტონი იყო, მერე ჯეფერსონი, თ. რუზველტი, მთავარი ქუჩა ლინკოლნი და ლინკოლნიდან მარჯვენა ჩასახვევში - ფრანკლინი. მანქანის ფანჯრიდან დანახული ქალაქი სიმწვანით გამოირჩეოდა. გზად რამდენიმე ადგილზე შემხვდა ფანტანი და შადრევნები.

ფრანკლინის 70-თან გავჩერდით. ყველა სახლი ორსართულიანი იყო, პატარა აივნით და პატარა ეზოთი. ლამპიონებს ვარსკვლავების ფორმა ჰქონდა. ფრენკმა ჩემოდანი საბარგულიდან შემართებით ამოიღო და სახლისკენ წამიძღვა.

ეზოში თუთა იდგა, რომელიც ,,ლამის სახლში შეიჭრა“ და ყვაოდა ვაშლი, რაც ყოველთვის ტიციანის ლექსს ,,ლექსი მეწყერი“ და გოლზუორთის ,,ვაშლის ყვავილს“ (The Apple Tree) მახსენებს.

ფრენკმა კარზე ზარი დარეკა. კოპწია ქალბატონი გამოგვეგება მოკლე ვარცხნილობით და შინდისფერი კაბით და შინ შეგვიპატიჟა.

-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ძვირფასო, - თქვა მისის პალმერმა და გამიღიმა. მერე ჩემს მიმყვანს მიუბრუნდა გაკვირვებული სახით:

-ფრენკ, თვითონ სად ბრძანდება?

-ახლახანს ღონისძიება ჩაატარა. საქმეები აქვს.

-მისტერ მოუცლელი. მობრძანდება და ვასწავლი ჭკუას.

ფრენკმა ჩემოდანი მეორე სართულზე აიტანა, სასიამოვნო საღამო გვისურვა და წავიდა.

მისის პალმერი მე მომიბრუნდა, - წამოდი, ზევით შენს ოთახს გაჩვენებ.

  ოთახი შევათვალიერე. მაშინვე მარჯვენა კედელზე გაკრული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ,,თავისუფლება“ და მუხრან მაჭავარიანის ლექსი ,,დედა“ დავინახე.

           კალიგრაფია ბერძნული სიტყვაა. ,,კალი“ ნიშნავს ლამაზს, ,,გრაფია“ - ვწერ. გულმოდგინედ ვაკვირდებოდი ნაწერს, რომელიც ყვებოდა შემსრულებლის ნიჭზე, მონდომებასა და ლამაზად წერის სიყვარულზე. ოთახს ყვითლად შეღებილი კედლები, ახლადშეღებილი წითელი ლაპლაპა იატაკი და თეთრი ჭერი ჰქონდა. კარის პირდაპირ სულ ფანჯრები იყო, მარცხენა მხარეს - წიგნების თარო და მაშინვე ვიცანი The Knight in the Panther’s Skin ლინ კოფინის ახალი თარგმანით და ჟრუანტელმა დამიარა. თაროს წინ მინის ზედაპირიანი მაგიდა იდგა, რომელზეც ხელნაწერის შესრულებისთვის საჭირო კალმები და ფურცელები ელაგა. მაგიდის უჯრები გამოვაღე. ყველა ცარიელი იყო ერთის გარდა. იმ ერთში კი შექსპირის სონეტები იდო რეზო თაბუკაშვილის თარგმანით. სონეტებს თავისივე ჩასადები ყუთი ჰქონდა. შიგნიდან ყდაზე ქართულად მიწერილი იყო: ,,ირაკლის, სახსოვრად ხატიასგან.“ წიგნი სუფთა იყო. ყდაზე გადაკეცვის ხაზი არ ეტყობოდა. გადაუშლელი იყო ან ნაკეცის გაკეთების გარეშე გადაშლილი.

მაგიდასთან ერთი სკამი იდგა, მაგიდის მარცხნივ - ტანსაცმლის ყავისფერი კარადა შუაში დიდი სარკით. კარიდან მარჯვენა მხარეს იყო საწოლი. ჭერზე ეკიდა ,,სართულებიანი“ ჭაღი და მეც მასზე გამოსახული ფიგურების თვალიერება დავიწყე. მერე მობილურ ტელეფონში ჯერ კიდევ იქ ჩასვლამდე გამოგზავნილი ირაკლის შეტყობინება კიდევ ერთხელ გადავიკითხე. რადგან პირადად არ მენახა, ჩემი მასწავლებლის ადამიანთა დახასიათების იშვიათი ნიჭი, ის შეტყობინება და მისის პალმერის ნათქვამი ორიოდე სიტყვა დამეხმარებოდა წარმომედგინა მისი გამომგზავნის ანარეკლი.

წერილში ამომწურავ ინფორმაციას მაწვდიდა ჩასვლის, კალიგრაფიის კონურსისა და სასწავლო პროგრამის შესახებ. მწერდა, რომ ნებისმიერი შეკითხვისა და სწავლებისას წარმოშობილი გასაჭირის შესახებ შემეძლო შემეტყობინებინა. ბოლოს მადლობას მიხდიდა ნდობისა და თანამშრომლობისთვის. პ.ს-ში ეწერა: გთხოვთ, არ მომმართოთ სიტყვით ,,ბატონო“.

ქვევით ჩავედი. შემოსასვლელის გვერდით კედელზე გაკრული ,,მყინვარწვერი“ შევამჩნიე და ერთდროულად შემცივდა და დამცხა. მისის პალმერი ტელევიზორს უყურებდა. სათვალე გაეკეთებინა, მაგრამ ეკრანს სათვალის ზევიდან მისჩერებოდა. რომ დამინახა, წამოდგა და სამზარეულოში შემიყვანა. ჩემს ჩატანილ ჩურჩხელებს გემო გაუსინჯა, მოწონების აღსანიშნავად ზედსართავი სახელების გრიგალი დაატრიალა, მადლობა გადამიხადა და მთელი მაცივარი, რომელზეც  საქართველოს ქალაქები მივუკარი,  მაგიდაზე გადმოიღო. კენკრის ჩაიც დამისხა და დაიწყო:

-კარგია, რომ მარტო აღარ ვიქნები. ვიცი, რომ ,,მისტერ მოუცლელი“ კარგ ადამიანს გამომიგზავნიდა.

ეს ორი სიტყვა ერთად უკვე მეორედ გავიგე, რომელიც ირაკლის მიემართებოდა და ვიკითხე:

-უკაცრავად, მისტერ ვინ?

-ირაკლი. ხუმრობით ასე ვეძახი. შარშან გავიცანი. ბიბლიოთეკაში ხშირად ვხედავდი. ბევრი კითხულობს, მაგრამ ცოტა ,,კაიფობს“ კითხვით. ირაკლი ამ უკანასკნელთ მიეკუთვნება. მისი მოსვლა ყოველთვის მიხარია. კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ამ ყმაწვილმა თავი ძალიან შემაყვარა. ჩემი შვილიშვილების ტოლია. აქაურობას კარგად შეეჩვია. თავის ქვეყანაზე გიჟდება. ხსენებისას თვალები უნათდება, მერე უცრემლიანდება. სამშობლოზე ბევრი რამ მომიყვა. მეტ-ნაკლებად ვიცნობ თქვენს კულტურას, ისტორიას. ისეთი ინგლისურით საუბრობს, ბევრ აქაურს შეშურდება. ნუ გერიდება საყვარელო, მიირთვი. თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში.

ამ სიტყვების შემდეგ გამახსენდა, რომ სალათი უნდა მეჭამა. თეფშზე ისევ იმდენი მქონდა, რამდენიც გადავიღე. მისის პალმერმა თავისით შეავსო ზევით ნახსენები ანარეკლის წარმოსადგენად ცარიელი ადგილი.

მე და მასპინძელი ერთმანეთს კარგად შევეწყეთ. მალევე შევთანხმდით, რომ ბუნებაზე დოკუმენტურ ფილმებს დივანზე მოკალათებულები ერთად ვუყურებდით ხოლმე. დაწყება რომ არ გამოჰპარვოდა, მისის პ-მ თადარიგი თავისებურად დაიჭირა და მაღვიძარა დაიხმარა. მანამდე კი მარწყვის ტორტის მირთმევის შემდეგ მეზობლების დაუსწრებლად გაცნობა დავიწყეთ. ფრენკი მისის პ-ს მეზობელი ყოფილა.

მისის პ-სგან შევიტყე, რომ ლინკოლნის ქუჩაზე ერთ პატარა წიგნის მაღაზიაში დილის ექვს საათზე ფასდაკლების საათი იწყება და აღნიშნული ადგილის ნახვა მომდევნო დღისთვის დავგეგმე.

,,ქვის რომანის“ (Romancing the Stone) და ცხენთევზების ნახვის შემდეგ დასაძინებლად ავედი.

ძილის წინ ელ. ფოსტა შევამოწმე. ირაკლისგან წერილი მოსულიყო:

,,შორენა,

ვიმედოვნებ, ფრანკლინზე კარგად დაბინავდით და მასპინძელიც მოგეწონათ. იმედია ის ფაქტი, რომ აეროპორტში პირადად ვერ დაგხვდით, ჩემზე ცუდ შთაბეჭდილებას არ შეგიქმნით. შემატყობინეთ ბიბლიოთეკაში ხელნაწერის ნიმუშის დატოვების შესახებ. მეორე სართულია. კარს აწერია Pen & Paper Passion. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსწავლეები მოგეწონებათ. 17 აპრილს, 7 საათზე გელიან.

ველი თქვენს შთაბეჭდილებას.

საუკეთესო სურვილებით,

ირაკლი.

პ.ს. გაკვეთილზე მარჯვენა ფანჯარას ნუ გამოხსნით, ძნელად იხურება.”

სხვაგან ყოფნისას დაძინება ყოველთვის მიჭირდა სანამ ახალ გარემოს მივეჩვევოდი, მაგრამ ფრანკლინზე ,,აღქმა უკანასკნელად მალევე შეფრთხიალდა“.

გამთენიისას ლოგინიდან გადავვარდი. მიჩვეული ვიყავი, რომ კედელი მარჯვნივ მქონდა და იატაკთან შეხებამ უცბად გამომაფხიზლა.


 

3

Ardent Tryst

საოცარი იყო დილის ექვს საათზე სანრაიზის ლინკოლნის ქუჩაზე წასვლა. ტროტუარების ნაპირებზე პატარა ყვავილები იწონებდნენ თავს და ნაძვები წელში გამართულები მესალმებოდნენ. შორს მოჩანდა სარკისმაგვარი ბრდღვიალა შენობა, რომელიც სტუმრად მეპატიჟებოდა. ყვითელ, წითელ და მწვანე ავტობუსებშიც ხალვათობა შეინიშნებოდა. ავტობუსი №56-ის დანახვაზე სტივენ ლიკოკის ნოველა ,,ნომერი ორმოცდათექვსმეტი“ გამახსენდა. ვიღაც ველოსიპედით მოსეირნობდა ველობილიკზე, გამიღიმა და მომესალმა. მეც გავუღიმე.

          წიგნების მაღაზიის პოვნა ძალიან ადვილი იყო, ლინკოლნზე მოხვედრიდან მალევე თვალში ხის პატარა ერთსართულიანი მაღაზია ,,მატილდა“ თავისით შემომეჭრა.

         შესვლისთანავე იგრძნობოდა წიგნების სუნი. კართან მარცხნივ, პატარა მაგიდასთან ქერათმიანი გოგონა ქეითი იყო, რომელიც წიგნების შერჩევაში დამეხმარებოდა თუ თავად ვერ მივაგნებდი სასურველს. ზოგჯერ მგონია, რომ თვალიერებისას გავლილი წამები ყიდვაზე მეტ ბედნიერებას მანიჭებს.

         ერთ-ერთ ზედა თაროზე The Code Book დავინახე. თითის წვერებზე დავდექი და ხელი წავიღე მის ჩამოსაღებად. უცბად მამაკაცის სუნამოს სურნელი წამომეწია და იმავე წიგნს ვიღაცამ მოჰკიდა ხელი. მე და წიგნში შემცილებელმა ერთმანეთს შევხედეთ. ოქროსფერთმიანი იყო, ნათელი სახით, სწორი ცხვირითა და ლურჯი თვალებით. სუფთად გაპარსულს მარცხენა ლოყაზე პატარა ნაკაწრი ჰქონდა. სუნამოს სურნელი მომეწონა.

         -დაგეხმარებით.

         -დიახ, რა თქმა უნდა, გმადლობთ, - ვუთხარი და გვერდით გავიწიე. წიგნების იმ კედელს ზურგი შევაქციე. წიგნი ჩამოიღო, მომიახლოვდა და თავისუფალი ადგილი ჩემსა და თაროს შორის გაქრა. ზურგით თაროს ვიყავი მიყრდნობილი როცა ჩემს თავს ზევით ბოლო თაროზე გამწკრივებული წიგნებისკენ წაიღო ხელი. იმ დროს შევამჩნიე, რომ უცნობის თეთრი პერანგის პირველი ღილი გახსნილი იყო, მეორე ღილი კი ადგილზე არ იყო და წვრილ ჯაჭვს, რომლითაც პატრონი სავარაუდოდ ჯვარს ატარებდა, მესამე ღილი ბოლომდე არ აჩენდა. იმ წამებში სუნამოს სურნელი  მეტად შევიგრძენი და მინდოდა სახელი მეკითხა მაგრამ ვერ გავბედე. The Code Book რომ გამომიწოდა, თვალი მეორედ ჩამოღებული წიგნისკენ გავაპარე. ყდაზე დიდი ასოებით ეწერა How to be a perfect lover. შემძენმა გასასვლელისკენ გადაინაცვლა, წიგნი შეიძინა და ქუჩაში გავიდა. სინგჰი ვიყიდე და მაღაზია დავტოვე. ტროტუარს გავუყევი. მალე ბოლოს აღქმულმა პარფიუმმა თავი შემახსენა. გავჩერდი.

         -Ardent Tryst. ძვირფასი და განსაკუთრებულია. ჩახუტებას შემოგთავაზებდით და სურნელი გადმოგყვებოდათ, მაგრამ ასე ადვილად გულში არავის ვიკრავ.

         ნაცნობ უცნობს მზერა ტუჩის კუთხეებზე მივაპყარი, რომლებიც ნელნელა გაიწია.

         -ქედმაღალი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ჩანხართ. სულ რომ ერთადერთი და უძვირფასესი იყოს მაინც... ძილი ფასდაკლების გამო დაიფრთხეთ?

         -მხოლოდ ამ დროს შემიძლია აქ მოსვლა. დღის სხვა მონაკვეთში სხვა ქედმაღლური საქმეები მაქვს.

         -თქვენი სავარაუდოდ ასევე განსაკუთრებული პერანგის ღილი, უფრო სწორად უღილობა მანიშნებს, რომ მაგ წიგნის ყიდვა საჭირო არ იყო.

         პერანგზე დაიხედა.

         უცბად ჩემი თავის შემრცხვა და ვიგრძენი, რომ გავწითლდი.

         -ბოდიშს გიხდით. მე არ ...

         წინადადება ქალის ხმამ გამაწყვეტინა.

         -უეს, მგონი ეს თქვენია.

         ჩვენთან ქეითი მოსულიყო. თმები გაეშალა და ხელის გულზე თეთრი ღილი ედო.

         ამ სახელის ხსენებაზე შინაგანად შევტორტმანდი. ჩემი ბავშვობის  საყვარელი სერიალის Power Rangers Time Force-ის პერსონაჟი, უესლი კოლინზი გამახსენდა.

         -აჰ, დიახ, ქეით. მადლობა.

         უესმა ღილი გამოართვა და გამომხედა.

         -არაფრის. თქვენ მიერ მოტანილი იასამნის ვაზაში ვიპოვე.

         -ახალი თმის სამაგრიც გაგიტყდათ?

         -დიახ. მოგვიანებით გავალ და ვიყიდი.

         -მე შემიძლია ჩემი გაჩუქოთ. ჩანთაში ყოველთვის მაქვს მეორე, -ვუთხარი და თმები სამაგრისგან გავითავისუფლე.

         ყოყმანი შევატყე, მაგრამ გამომართვა. ოქროსფერი დალალები არც თუ ისე სიხარულით შეიკრა, მადლობა გადამიხადა, თანამოსაუბრეს გაუღიმა და წავიდა.

         დავრჩით ისევ მე და განსაკუთრებული სუნამოს პატრონი.

         -უესი, - მითხრა და ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა.

         -ჯენი, - ვუთხარი დაუფიქრებლად და მეც გავუწოდე. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ,,დროის პოლიციის რეინჯერები“ ძალიან მიყვარდა და ეს ორი სახელიც ერთად იმდენად გამჯდარი იყო, რომ ცალ-ცალკე ვერ წარმომედგინა, ალბათ მაინც არ წამომცდებოდა ჩემ წინ მდგომი რაღაცით პერსონაჟისთვის რომ არ მიმემსგავსებინა.

         უესმა თმაზე ხელი მარცხნიდან მარჯვნივ გადაისვა და მიუხედავად იმისა, რომ საათი მჭიდროდ ჰქონდა მაჯაზე შემოკრული და ციფერბლატი გვერდით არ იყო მოქცეული მაინც ,,შეასწორა“.

         -სასიამოვნოა დილის ექვს საათზე თქვენი გაცნობა, ჯენ.

         -ჩემთვისაც.

         გამახსენდა ქეითის მოსვლამდე ნათქვამი ჩემი ბოლო სიტყვები და ისევ გავწითლდი.

         -არ მინდოდა წეღან იმის თქმა, რაც ვთქვი. ბოდიში.

         გაეცინა.

         -არაუშავს.

         კიდევ ერთხელ დაიხედა პერანგზე და ამოიოხრა.

         -რა გაეწყობა? ასე ვივლი. სახლში რომ წავიდე დრო დამეკარგება, ახლის ყიდვა კი არ მინდა. ისედაც ბევრი თეთრი პერანგი მაქვს.

         რადგან შევამჩნიე, რომ ქორწინების ბეჭედი არ ეკეთა, რაც მის მარტოხელობას სულაც არ ნიშნავდა, მაინც ვუთხარი:

         -მე შემიძლია დაგეხმაროთ ისე, რომ არც სახლში წახვიდეთ და არც ახალი იყიდოთ, - ვთქვი და თითქოს ვიღაცამ ცეცხლში შემაგდო.

         -რატომ გაგიჩნდათ ჩემი დახმარების სურვილი? - მკითხა და ,,რატომ“ განსაკუთრებული მახვილით წარმოთქვა.

         -იმიტომ, რომ ჯერ თქვენ დამეხმარეთ, როცა წიგნი იმ თაროდან ჩამომიღეთ.

         -რომ არ ჩამომეღო, კიბეზე დადგებოდით და ჩამოიღებდით.

         -კარგი. მაშინ კიდევ ერთი პერანგი იყიდეთ, - ვუთხარი და გზა გავაგრძელე. მეგონა წყალი გადამესხა და ცეცხლი ჩაქრა.

         წამომყვა.

         -არა. აღარ მინდა. რა იდეა გაქვთ?

         -თუ მეტყვით, აქ ახლოს ნემსისა და ძაფის ყიდვა სად შეიძლება...

         -გინდათ მითხრათ, რომ პერანგზე ღილს დამიმაგრებთ?

         -დიახ.

         -გზის მეორე მხარეს. დაახლოებით ას მეტრში სათვალეების მაღაზიის გვერდით ვიწრო ჩასახვევია. იქ იყიდება.

         -კარგი. თქვენი წიგნი მომეცით, ცოტა ხანს მე ჩავიდებ ჩანთაში და გადავიდეთ.

         უესმა წიგნი გამომიწოდა. დილის ნიავი ჩემი თმების სახეზე ჩამოშვებულ ნაწილს ტუჩსაცხზე აწებებდა ამიტომ წიგნის ჩადებისას ჩანთიდან კალამი ამოვიღე და თმების შეკვრა დავიწყე.

         -რას აკეთებთ?

         -აი ასე, კალამი თმებში ჯერ მარჯვნიდან მარცხნივ გავიყაროთ, მერე მოვატრიალოთ და მარცხნიდან მარჯვნივ.

         -ხომ თქვით მეორე თმის სამაგრი მაქვსო?

         -დიახ. მშვენივრად ამაგრებს.

         -თქვენს თეთრ კაბას უხდება. აქვე ახლოს პარკია.  აჯობებს ჩვენი განზრახვა სისრულეში იქ მოვიყვანოთ.

         ფოთლებიანი გრძელი ქვედაბოლო მეცვა.

         მალე მაღაზიის პირდაპირ აღმოვჩნდით. მხოლოდ გზის გადაკვეთა იყო საჭირო, ზებრა გადასასვლელი კი ოდნავ მოშორებით. ჩემი ნაცნობების უმეტესობა დამატებით მანძილს არ გაივლიდა რადგან იმ წუთას მანქანა არ ჩანდა, ჩემი საქციელი მათთვის, როგორც ყოველთვის, სასაცილო იქნებოდა. ის მათი მსგავსი არ აღმოჩნდა. ზებრას გავლით გზა გავიხანგრძლივეთ.

         მაღაზიაში ნემსების შეკვრა და თეთრი ძაფი ვიყიდეთ და პარკისკენ გავემართეთ.

         -ძალიან სწრაფად დადიხართ.

         -ფეხს კარგად მიწყობთ.

         ვიწრო შესახვევში გავიარეთ და ერთ კიბეებიან ხიდზე გადავედით.

         უესი მხრებგაშლილი, წელში გამართული, გაბედული ნაბიჯებით დადიოდა. სიარულის მოხდენილი მანერა ჰქონდა და დილაადრიან შეხვედრილ სასიამოვნო სურნელის მქონე სუნამოს პატრონს მისტერ Resplendence შევარქვი.

         პარკს ქუჩისგან დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლის გრძელი მწვანე ღობე ჰყოფდა.

         -შესასვლელი აქედან არ არის მაგრამ შევალთ, - თქვა და ღობეს მოხერხებულად გადაახტა.

         მეც თვალის დახამხამებაში მის გვერდით ვიდექი ისე, რომ მე არ გადავმხტარვარ.

         -ჯენ, ვინმეს რომ თქვენი მოტაცება უნდოდეს, წინააღმდეგობას ვერ წააწყდება ისეთი მსუბუქი ხართ.

         -იმედია თქვენ არ აპირებთ ჩემ მოტაცებას, უეს.

         -არა, რა თქმა უნდა.

         პარკში მუხის ხის ქვეშ გავჩერდით.

         სწრაფად სიარულის შემდეგ ცოტა ამოვისუნთქე. ძაფის საჭირო სიგრძე ხელით მოვწყვიტე და ნემსზე ავაგე.

         -არ გატოკდეთ თორემ ნემსი შეგერჭობათ. არც გაიცინოთ.

         -კარგი.

         ღილის მიკერებისას ვგრძნობდი, რომ მარტო დარჩენისას ამ საქციელს მკაცრად განვსჯიდი. როცა ღილი ადგილზე დაბრუნდა და ძაფის მოჭრა იყო საჭირო, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ მაკრატლის ყიდვა დაგვავიწყდა.

         ერთმანეთს შევხედეთ და მივხვდი ორივე ერთ გამოსავალზე ვფიქრობდით. უესი ცოტათი დაიხარა, რომ ძაფის მოწყვეტა გაადვილებულიყო.

         მივუახლოვდი რომ კბილით ძაფი მომეწყვიტა. ეს იყო მომენტი, როცა ყველაზე მეტად ვიგრძენი მისი სუნამო და როცა მუცელში თითქოს წაბლმა მიჩხვლიტა.

         ძაფი მოვწყვიტე და გამიხარდა, რომ უფერული ტუჩსაცხი მესვა. სხვა შემთხვევაში პერანგზე კვალს დავტოვებდი.

         -მადლობა, ჯენ.

         უესი ფანტანთან მივიდა. ვიცოდი, რომ სახლში ჩემ თავთან დიალოგი მელოდა. სკამზე ჩამოვჯექი.

         უესმა თმაზე სველი ხელი გადაისვა, მოვიდა და გვერდით ჩამოჯდა.

         -ჯენ, დახმარებას თუ ნანობთ, ამ ღილს ახლა ჩემი ხელით ავწყვეტ.

         -არა! - წამოვიძახე და ხელისგულით ღილი დავფარე.

         -საკუთარ თავზე ნუ გაბრაზდებით. ცუდს არაფერს ვფიქრობ. არავის ვეტყვი. თქვენც არავის უთხრათ. ჩვენ შორის დარჩეს.

         ეს სიტყვები მის მიერ აქამდე ნათქვამ ყველა სიტყვაზე ხმადაბლა წარმოთქმული მეჩვენა.

         ხელი ჩამოვუშვი და თავი დავუქნიე.

         -ყველაფერი რიგზეა. მისია დასრულებულია. დიდი მადლობა.

         -არაფრის. ამ ნემსს და ძაფს რა ვუყოთ?

         -ნემსები ნაგვის ურნაში გადავყაროთ. ძაფი დაიტოვეთ სამახსოვროდ. ტუჩებით შეკავებულმა ღიმილმა თვალებში გადაინაცვლა.

         მიუხედავად საკუთარი თავის მკაცრად განსჯის მოლოდინისა, უცნაური საჩუქარი ჩანთაში ჩავიდე და ნემსები ნაგვის ურნაში ჩავყარე.

         -კარგი. მაშინ მეც უნდა დაგიტოვოთ რამე, - ვუთხარი და თმიდან კალამი გამოვიძრე, - კიდევ მაქვს.

         ორივეს გაგვეცინა.

         - მართლა მაქვს.

         კალამი გამომართვა და წარწერა წაიკითხა: Just be yourself. Be like a Flamingo.

         ჩანთიდან მეორე კალამი ამოვიღე და თმები შევიკარი.

         -მადლობა. არ მგონია ეს კალამი ჩემს თმებს გამოადგეს. საწერ საშუალებად გამოვიყენებ.

         ქუჩაში ისევ ისე დავბრუნდით და თავისი წიგნი გავუწოდე.

         -გმადლობთ. თქვენი ტელეფონი მომეცით, ნაცნობი გიდის ნომერს ჩაგიწერთ.

         ნომრის აკრეფისას მისმა რამდენიმე თმის ღერმა ურჩობა გამოიჩინა და შუბლზე ჩამოეშალა.

         -მე ძალიან მეჩქარება, იქით უნდა წავიდე, - მითხრა და ქუჩის მეორე მხარეზე მიმანიშნა, - გზა ხომ გახსოვთ?

         -დიახ, მახსოვს.

         -თმის სამაგრისთვის ლინკოლნის 15-ში შედით, ჯენ. კარგ დღეს გისურვებთ! - მითხრა და სწრაფი ნაბიჯებით გზა გადაკვეთა.

          იმავე გზით უკან დავბრუნდი. პარკში მეგონა, რომ საკუთარ თავს იმდილანდელი საქციელის გამო ,,ლექციას ჩავუტარებდი“, მაგრამ სკამზე გამართულმა მოკლე დიალოგმა და ღილზე ხელის დაფარებამ ყოველგვარი განსჯის სურვილი გამიქრო. მაშინ ლინკოლნზე მაღაზიების თვალიერებას გული ვერ დავუდე. მხოლოდ თმის სამაგრი ვიყიდე და სახლში დავბრუნდი.

                  იმ დღეს გიდთან დავრეკე და მეორე დღისთვის ექსკურსიაზე შევუთანხმდი.

           სიზმარში ხშირად ჩამყვებოდა ხოლმე დღისით ნანახი ადამიანი ან მოვლენა. იმ ღამით ის დამესიზმრა, რაც დილით მოხდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ უესს პერანგზე წითელი ტუჩსაცხის კვალი დავატყე.