ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

არ მოკლა მუჰამედი

არ მოკლა მუჰამედი

   გვიანი შემოდგომის სუსხმა იმოქმედა და როგორც იქნა გამომეღვიძა. გულაღმა ვიწექი.  გონს რომ მოვედი და თვალები გავახილე, პირველად ლურჯი ცა და ფოთოლგაცლილი ხეების კენწეროები დავინახე. ერთ-ერთი ხის ტოტზე პატარა ბეღურა ჩიტი იჯდა და თავისთვის ჟღურტულებდა. ხეზე ჯდომა რომ მობეზრდა, ჩიტმა ფრთა გაშალა და ფრთხიალით გაფრინდა. გაფრენისას ხის კენწეროზე შემორჩენილი ორი ფოთოლი შეარხია. მეგონა, ფოთლები ხეს მოსწყდებოდა და ძირს ჩამოცვივდებოდა, მაგრამ მათ ტოტზე თავი შეიმაგრეს და ისევ თავმომწონედ განაგრძეს რხევა.

   თავიდან ყველაფერი ერთი ბნელი წერტილით დაიწყო, რომელიც სადღაც ცისა და მაღალი ხეების მიღმა გაჩნდა, შემდეგ ნელ-ნელა გაიზარდა, გაფართოვდა, გადიდდა და ინათა. ჩემი გონება ისევ რეალობას დაუბრუნდა და ახლაღა აღვიქვი, რომ შუაგულ ტყეში ვიწექი. თავი სიზმარში მეგონა... როგორც კი ეს ყველაფერი გავაცნობიერე, შეშფოთებულმა წამოდგომა ვცადე. წამოვიწიე თუ არა, გარშემო ყველაფერი დატრიალდა და თავის გაუსაძლისმა ტკივილმა თავბრუ დამახვია. უღონობა ვიგრძენი და ისევ მიწაზე დავწექი. შუბლის მარჯვენა მხარეს ჭრილობა მქონდა. თავი რომ მაღლა წამოვწიე, ჭილობიდან სისხლი გადმოიღვარა და თვალში ჩამივიდა. თბილი სისველე რომ ვიგრძენი, ხელი მოვისვი და თითები წითლად შემეღება. სახე ხელით დავითვალიერე, ჭრილობის სიღრმე თითით გავსინჯე. რომ შევეხე, იმდენად უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, გული ცუდად გამიხდა და თითი უმალ უკან გამოვწიე. ეტყობა, თავი რაღაცას ძლიერად დავარტყი და გონებაც სწორედ ამან დამაკარგვინა. მეორე ხელის მტევანზე ლურჯთავიანი კათეტერი მეკეთა, რომელიც საგულდაგულოდ მქონდა გადახვეული. ვერ გამეგო, ეს ჩემს ხელზე საიდან აღმოჩნდა, ან მეთვითონ აქ საიდან მოვხვდი. ვერაფერს ვიხსენებდი... გაურკვევლობამ შიში მეტად გამიღვივა და წამოდგომა ხელმეორედ ვცადე. ამჯერად, უკვე ძალა ვიგრძენი და როგორღაც იდაყვზე წამოვიწიე. ფრთხილად წამოვდექი. ისევ რომ არ წავქცეულიყავი, იქვე, ჩემ გვერდით დაგდებულ, უზარმაზარ ქვის ლოდს ზურგით მივეყრდენი. ცოტა სული მოვითქვი. ძალაგამოცლილი და დაღლილი ვიყავი, სუნთქვა მიჭირდა. წინ ციცაბო კლდე იყო, რომელიც გაცვენილ ფოთლებს მთლიანად დაეფარა. კლდის ერთ მთლიან სიგრძეზე კი ფოთლები ალაგ-ალაგ იყო ჩამოხვეტილი. ახლად დატოვებული ნაკვალევი სადღაც ზემოდან იწყებოდა და ქვის ლოდთან მთავრდებოდა. ვივარაუდე, რომ ზემოდან დავგორდი და მერე ალბათ თავი ამ დიდ ქვას დავარტყი. გონებაც სწორედ ამან დამაკარგვინა. ვცდილობდი, რაიმე პატარა დეტალი მაინც გამეხსენებინა, მაგრამ ჩემს ტვინში კოსმოსივით უკიდეგანო წყვდიადი და სიცარიელე იყო. გარშემო ყველაფერს გულდასმით ვათვალიერებდი, თან შუბლიდან ჩამონადენ სისხლს ჩემი კაბის სახელოთი ვიწმენდავდი. წარმოდგენა არ მქონდა სად ვიყავი, რომელ ქვეყანაში, ან რომელ მხარეში. მივხვდი, აქ დიდხანს ვეღარ დავრჩებოდი და ნელ-ნელა ადგილიდან დავიძარი. ვეცადე გზა სხვა მხარეს გამეკვლია, რადგან იმ გზით, რომლითაც სავარაუდოდ აქ მოვხვდი, უკან ვეღარ გავბრუნდებოდი.

 თავდაპირველად, ნაბიჯების  გადადგმა და სიარული გამიჭირდა, მაგრამ თავს ძალას ვატანდი და მაინც მივდიოდი. თუმცა გზას ბოლო არ უჩანდა. გარშემო ხეების მეტს ვერაფერს ვხედავდი. თვალს მზეს ვადევდნებდი, რათა მხოლოდ დასავლეთით მევლო და გზა არ ამრეოდა. უკვე მეშინოდა რომ ამ ხეებსა და ტყეს თავს ვეღარასოდეს დავაღწევდი. დაღლილსა და დაქანცულს წყურვილისაგან პირი მიშრებოდა. მციოდა... არ მახსოვს, რამდენი ხანი ვიარე, მაგრამ სიარულისგან ძალა სულ გამომეცალა და გზადაგზა ვიქცეოდი. ძირს რომ ვეცემოდი, სურვილი მქონდა თვალები დამეხუჭა და იქვე, მიწაზე დამეძინა.  დაღამებამდე თავშესაფარი აუცილებლად უნდა მეპოვა, თორემ ღამის გათევა ტყეში მომიწევდა. კიდევ დიდხანს ვიარე. ცოტახნის შემდეგ ტყის სიღრმეში რაღაც სიცარიელე შევნიშნე. ჩემ წინ პატარა, ულამაზესი მინდორი გადაიშალა. მინდვრის შუაგულში კი დიდი ხე იდგა. არ ვიცი რა ხე იყო, მაგრამ ნატვრისას ჰგავდა... სწორედ ასეთი წარმომედგინა ნატვრის ხე. იმდენად ლამაზი იყო, რომ ასეთ მდგომარეობაშიც კი აღფრთოვანება ვერ დავმალე და მისკენ წავედი. ოდნავ შემაღლებულ ადგილას იდგა და თავმომწონედ გადმოჰყურებდა ტყესა და გარშემო არემარეს. ხეს ფოთლები აქა-იქ ისევ შემორჩენოდა, რომლებიც პერიოდულად ტოტებს სწყდებოდა და ფარფატით ეშვებოდა ძირს.

   ხის ძირში გავჩერდი. იდაყვი მივადე და ცალი მხრით მივეყრდენი. მალე ფეხებში ძალა გამომეცალა და მიწაზე დავეშვი. ვიჯექი ,,ნატვრის ხის’’ ძირში და არაფერი  მახსენდებოდა. თავის ტრამვამ დროებითი ამნეზია გამოიწვია და საკუთარი სახელიც კი არ მახსოვდა. ცხოვრებაში პირველად, ჩემი თავი ყველანაირი ფიქრებისა და მოგონებებისგან სრულიად თავისუფალი იყო. გონებაში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა, რომ ეს გზის ბოლო იყო და დასასრული ახლოვდებოდა.  ბოლოს ნერვებმა მიმტყუნა, ჩემს მდგომარეობაზე გული ამიჩუყდა და ავტირდი. მინდოდა ხმამაღლა, მოთქმით მეტირა, მინდოდა მეყვირა, მაგრამ ძალა არ მქონდა. ვიგრძენი, იმედის ის პატარა, ბოლო ძაფიც, როგორ გაწყდა და დავნებდი. არასდროს ვნებდობოდი, მაგრამ ყველა მოგონებასთან ერთად ჩემი მებრძოლი ხასიათიც დავივიწყე და დავნებდი. მზემაც ნელ-ნელა დახუჭა თვალი.  ბნელდებოდა, დღის სინათლესთან ერთად ილეოდა სინათლე გულშიც. ჯდომის თავი აღარ მქონდა და თავი ძირს, ფერად ფოთლებზე დავდე. მინდოდა სანამ თვალები დამეხუჭებოდა ცისფერი ცა კიდევ ერთხელ დამენახა. კიდევ ერთხელ შემევლო თვალი აქაურობისთვის და ადამიანებს თუ არა, ბუნებას მაინც გამოვმშვიდობებოდი. ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო... ისეთი მშვენიერი... ნატვრის ხის წითელ-ყვითელ ფოთლებს მიღმა ლურჯი ცა მოჩანდა, რომელიც დასავლეთისკენ ვარდისფერდებოდა. ბუნების ასეთმა სურათმა ჩემს გაყინულ გულშიც შემოაღწია და იქაურობა მთლიანად გაათბო. ვერ ვიგრძენი ისე ჩამეძინა... დანარჩენი მხოლოდ სიზმარივით, ფრაგმენტებად მაგონდება. არ ვიცი, ამ მდგომარეობაში კიდევ რამდენი ხანი გავატარე, გრძნობა რაღაც უცნაურმა შეხებამ დამიბრუნა... გაყინულ სახეზე, რაღაც თბილი და სველი შემეხო. მერე კი, ყურში ყეფა ჩამესმა. ძაღლი ისე ახლოს ყეფდა, რომ ყურებმა წუილი დამიწყეს. თვალი სანახევროდ გავახილე და პირდაპირ სახესთან, ენაგადმოგდებული ძაღლის თავი დავინახე. ალბათ სხვა დროს შიშისგან გული გამიჩერდებოდა, მაგრამ ახლა, ახლა მივხვდი, რომ ვიღაცამ მიპოვა და გულში სითბო ჩამეღვარა.  მისი გამაყრუებელი ყეფაც კი ისე სასიამოვნო მომეჩვენა, რომ ვერ აღგიწერთ იმ წამს რა ვიგრძენი. ძილბურანში მყოფმა შვებით ამოვისუნთქე, რადგან ჩემ გვერდით ცოცხალი არსება იყო და სიკვდილის შიშიც სადღაც გაქრა. წამიც და შორიდან ადამიანის ხმა გაისმა.  ხმა ნელ-ნელა ახლოს მოვიდა და შეხება ვიგრძენი. თბილი ხელი სახეზე დამადო და რაღაც ერთსა და იმავე სიტყვას მიმეორებდა.  კაცის ხმა იყო. ალბათ ცდილობდა გონზე მოვეყვანე. მისი ჩაძახილი ყურში უაზრო ასოების გროვებად ჩამესმოდა. სიცივისაგან ისე ვიყავი პარალიზებული, სუნთქვაც კი მიჭირდა. წამიერად კიდევ გავახილე თვალი, მაგრამ სილუეტის მეტი ვერაფერი დავინახე. ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს...  ეს ყველაზე სასიამოვნო წამები იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც არასდროს დამავიწყდება. არც კი მჯეროდა, რომ ეს შეიძლება რეალობა ყოფილიყო და ამ უღრან ტყეში ვინმეს ვეპოვე.

   ის ღამე უგონოდ მეძინა. გონს მხოლოდ მეორე დღეს მოვედი. სანამ თვალს გავახელდი, ჯერ კიდევ ძილში, პირველი რაც ვიგრძენი ეს სითბო და თბილი ლოგინი იყო. ამ ხნის მანძილზე, ალბათ, ყველაზე სანუკვარი ნატვრა ამისრულდა, თბილ ლოგინში ვიწექი და მშვიდად მეძინა. გამოღვიძებულს გამიხარდა რომ მომხდარი სიზმარი არ აღმოჩნდა და ნამდვილად ვიღაცამ გადამარჩინა. ცნობისმოყვარეობამ სწრაფად გამომაფხიზლა და ლოგინიდან წამოდგომა ვცადე.  გავმოძრავდი თუ არა, მთელი სხეული ისე ამტკივდა, რომ ადგომა გადავიფიქრე, თანაც იმდენი რამ მეფარა, განძრევა ჯერ კიდევ ამიტომ ჭირდა. თავი წამოვწიე და გარშემო მიმოვიხედე.  ერთ პატარა საძინებელში ვიწექი, ოთახში მხოლოდ ლოგინი და მის გვერდით, კუთხეში მდგარი, პატარა მაგიდა იყო. ჩემგან ხელმარცხნივ კი, პატარა ფანჯარა იყო. იქაურობის თვალიერებას რომ მოვრჩი, უცებ ზედ დავიხედე და გამიხარდა, რადგან ტანზე ისევ ჩემი სისხლიანი კაბა მეცვა. ხელებს ვითვალიერებდი... ყველგან სილურჯეები და სისხლჩაქცევები მქონდა. კათეტერი აღარ მეკეთა, მის ადგილას ახლა პატარა, წითელი წერტილი მემჩნეოდა. საკუთარი თავის თვალიერებას რომ მოვრჩი, თვალი ოთახის კარისკენ გამექცა, რომელიც ბოლომდე დახურული იყო. ცნობისმოყვარეობა მაწუხებდა. მომინდა გარეთ გავსულიყავი და ყველაფერი საკუთარი თვალით მენახა. თუმცა, ისევ მოცდა ვარჩიე და მასპინძლის მოსვლას დაველოდე. ძალიან მინდოდა საკუთარი გმირის ნახვა. და აი, ეს დროც დადგა! სიჩუმე  საკეტის ხმამ დაარღვია და კარი გაიღო.  გაფართოებული თვალებით მივშტერებოდი  ჩემთვის უცნობ ადამიანს, რომელმაც არც მეტი და არც ნაკლები, სიკვდილს გადამარჩინა. პირველი რაც დავინახე, მისი ხელები იყო. ხელში ლანგარი ეჭირა, ლანგარზე კი ცხელი წვნიანი ორთქლავდა. თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი, რომ ის უკვე ჩემს ლოგინთან,  ჩემ წინ იდგა. გული ამიჩქარდა და ხმის ამოღება ვერ შევბედე. ერთი შეხედვით ქართველს არ ჰგავდა, რაც ძალიან არ მესიამოვნა. გულში პატარა შიშის ნაპერწკალი შემომეპარა. ვიდრე პირს გააღებდა და დამელაპარაკებოდა, ამასობაში, მისი შეთვალიერება მოვასწარი. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივად ეცვა, ჩვეულებრივი ადამიანივით გამოიყურებოდა, მაგრამ მისი გამოხედვა დანახვის წამიდან არ მესიამოვნა. დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ პირველად ვხედავდი, მაგრამ ეს მზერა რატომღაც უკვე ნანახის გამეორებას ჰგავდა. არ ვიცი, შეიძლება ვინმე ჩემს ნაცნობს წააგავდა და ასე ამიტომ მეჩვენებოდა... 

 მისი ტიპური კავკასიური გარეგნობა მაშინვე თვალში მოხვდებოდა ადამიანს. მუქი თმა და თვალები ჰქონდა. საგულდაგულოდ მოვლილი წვერი მის გამხდარ სახესა და კისერს მეტ სისავსეს მატებდა. უბრალო შარვალი და სპორტული ზედატანი ეცვა. თვალებს ინტერესით აბრიალებდა. მოლოდინში იყო, უნდოდა პირველი მე დავლაპარაკებოდი. ხმა რომ არა და არ ამოვიღე, მიხვდა, საუბარს არ ვაპირებდი და მაგიდისკენ წავიდა, წვნიანი ფრთხილად დადგა და დამელაპარაკა. ხმა რომ ამოიღო ელდა მეცა, რადგან არაფერი მესმოდა. გაუგებარი სიტყვების გაგონებაზე სახე დამემანჭა. მასპინძელი მიხვდა, ენა არ მესმოდა, ხელი წვერზე წაივლო და შეფიქრიანებულმა ნიკაპი მოისრისა. ბედი ხელმეორედ სცადა და კიდევ ერთხელ დამელაპარაკა, ამჯერად რუსულად. მისმა წარმოთქმულმა ფრაზამ ჯადოსნური სიტყვებივით გაიჟღერა:

- А ты по русски говоришь?

ეს სიტყვები მშობლიური იავნანასავით ჩამესმა და სიხარულისგან თვალებგაბრწყინებულმა ვუპასუხე:

-Да... я говорю.

   ვერ წარმოვიდგენდი ოდესმე რუსული სიტყვების გაგონება ასე თუ გამახარებდა. როგორც კი კომუნიკაციის საშუალება გაჩნდა, მაგიდიდან სკამი გამოაცურა, ჩამოჯდა და ჩემი დაკითხვა დაიწყო.

-ალბათ თავს ისევ სუსტად გრძნობ, მაგრამ მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვა. იმედია, წინააღმდეგი არ ხარ! - ჩემს გმირს თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. -აქვე, მახლობლად, ტყეში გიპოვე...გახსოვს იქ როგორ მოხვდი?

-არ მახსოვს... თვალი რომ გავახილე, უკვე ტყეში ვიყავი.... სხვა არაფერი ვიცი.

 ხმადაბლა და შესვენებებით ვლაპარაკობდი. ჩემი ნათქვამი სიტყვები რომ არ გამორჩენოდა პერიოდულად სმენას ძაბავდა და ყურადღებით მისმენდა. როგორც იქნა სათქმელი დავასრულე. ჩემი კოჭლი საუბრით შეწუხებული უხერხულად შეიშმუშნა და მითხრა:

-დამშვიდდი, საკმარისია. მითხარი, ქართველი ხარ?

-კი, ქართველი ვარ.

უყოყმანოდ დავეთანხმე. მისი ეროვნება მეც მაინტერესებდა, თუმცა კითხვის დასმის საშუალება არ მომცა და საუბარი ისევ თვითონ განაგრძო.

-შუბლზე ჭრილობა გაქვს...

ჩემი ჭრილობა ახლაღა გამახსენდა და ხელი ვიტაცე. რომ შევეხე, ხელში უცხო სხეული მომხვდა.

-მე შეგიხვიე,-დააყოლა მან და ჩემს მადლობას დაელოდა.

-მადლობელი ვარ!

  სანამ კითხვებს ისევ დამაყრიდა, დრო ვიხელთე და ახლა მე დავუსვი რამდენიმე შეკითხვა:

 -ეს რა ადგილია... სად ვარ?! პირველად რა ენაზე დამელაპარაკე?!

-არ იცი, სად ხარ?!-გაუკვირდა მასპინძელს და სახეზე იდუმალმა ღიმილმა გადაურბინა.

-არ ვიცი, ხო გითხარი... არაფერი მახსოვს! -დავუდასტურე და დაძაბული მივაჩერდი. გონებაში არანაირი ვარაუდი არ მქონდა. მასპინძელმა სიტყვის თქმა დააყოვნა და ისევ კითხვა დამისვა:

-რა გქვია, არც ეგ გახსოვს?! -მკითხა ეჭვით და სახეზე საგანგებოდ მომაშტერდა.

-სახელი? ჩემი სახელი...

უსაზომოდ შეშფოთებულმა და შეფიქრიანებულმა მზერა ქვემოთ მივმართე. ვერც ეს რომ ვერ გავიხსენე, ავფორიაქდი და დაბნეულმა ისევ მას გავხედე, უარის ნიშნად თავი გავუქნიე.

-ღმერთო, არც სახელი მახსოვს.. საკუთარი სახელი არ მახსოვს...ახლა, რა მეშველება... ჩავილაპარაკე სასოწარკვეთილმა. მღელვარებისაგან თვალზე ბინდი მეკვროდა. -მითხარი ბოლოს და ბოლოს, სად ვარ?! -მივუბრუნდი მასპინძელს უხეშობამდე გონგადასული.

-გროზნოში ხარ! -მომახალა ტყვიასავით.

 ამ სიტყვებმა წუილით მოაღწიეს ჩემს ყურებამდე. წარმოდგენა არ მქონდა, აქ რა მინდოდა. არაფერი არ მახსოვდა, მაგრამ იმას კი ვხვდებოდი რომ სადღაც, ძალიან უადგილო ადგილას აღმოვჩნდი. ვარაუდიც კი არ მქონდა, რა გზით შეიძლებოდა აქ მოვხვდერილიყავი. ისიც კი ვიფიქრე, მისი ნათქვამი ხომ არ მომესმა-მეთქი და დავაზუსტებინე:

-ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში?!

-ასეა.

-აქ საიდან მოვხვდი, ახლა რა უნდა ვქნა?! საკუთარი სახელიც კი არ მახსოვს, სად უნდა წავიდე...

 საბანი სასწრაფოდ გადავიძრე და თავგზააბნეული ლოგინიდან წამოვხტი. მე რომ ავდექი, ისიც წამოდგა. შერყეულივით გავდიოდი და გამოვდიოდი. ორივე ხელი თავზე მეკიდა და ბოლთას ვცემდი. მასპინძელი მოთმინებით ელოდა როდის დავმშვიდდებოდი და საუბრის გაგრძელების საშუალება როდის მიეცემოდა. დამშვიდების ნაცვლად უარესად დავპანიკდი და კარისკენ წავედი. დავაპირე გარეთ გავსულიყავი და იქაურობა ჩემი თვალით მენახა. ვერ ვიჯერებდი, რომ ნამდვილად გროზნოში ვიყავი. როგორც კი კარის გასაღება ვცადე ხელი მკლავში მტაცა. ეს რომ გააკეთა, შეშინებულმა შევხედე, ჯერ თავად მას, მერე კი მის ჩაბღუჯულ ხელს. ხელი დაუყოვნებლივ გამიშვა.

-ჩემი ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ, -დაიტკბო ხმა, - ასეთ მდგომარეობაში სად უნდა წახვიდე?! დროებით აქ დარჩი და თუ რამე გაგახსენდება მერე წახვალ, თუ არა და ვეცდები მეთვითონ გავიგო რამე შენ ოჯახზე. დამიჯერე, ჩემ გვერდით უსაფრთხოდ ხარ. თუ გინდა ახლავე გაგიშვებ, მაგრამ ისიც კი არ იცი სად უნდა წახვიდე.

   სიმართლეს მეუბნებოდა. სად მივდიოდი წარმოდგენა არ მქონდა. უცხო ქვეყანაში ვიყავი, არც ენა ვიცოდი, არც საბუთები მქონდა და არც ფული მებადა... მის ნათქვამზე დავფიქრდი და წასვლა გადავიფიქრე. დრო მჭირდებოდა, რომ დავმშვიდებულიყავი და გონს მოვსულიყავი. მართალია, ამ ადამიანის დანახვა თავიდანვე არ მესიამოვნა და რატომღაც ჩემში ცუდ განცდებს ბადებდა, მაგრამ ახლა ისეთ მდგომარეობაში არ ვიყავი რომ არჩევანის გაკეთების საშუალება მქონოდა. კარს უხმოდ მოვშორდი და ჩემს ლოგინს დავუბრუნდი. ჩემს „გმირს“ ჩემი გადაწყეტილება ძალიან ესიამოვნა და ჩაეღიმა. რადგან აღარსად გავრბოდი, წინ დამიდგა და საკუთარი თავი გამაცნო.

-მე ისმაილი ვარ! იმედია, შენი სახელიც მალე გაგახსენდება და მეტყვი. რახან დამშვიდდი, მე წავალ! შენ სუპი ჭამე, თორემ გაცივდება.-მანიშნა მაგიდაზე მდგარ წვნიანზე და გავიდა.  

 ახლა, ალბათ, ყველაზე ნაკლებად საჭმელი მადარდებდა.  ვიჯექი ლოგინზე, ხელებში თავჩარგული და შეშლილივით წინ და უკან ვირწეოდი. ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა. გონებას ვაწვალებდი, მაგრამ თავში არაფერი მომდიოდა.  არ ვიცი, ეს გრძნობა რას შევადარო. თითქოს, ვიღაცამ დიდი საშლელი აიღო და ყველა ჩემი მოგონება სათითაოდ წაშალა, სწორედ ასე აღმოვჩნდი ამ გაურკვეველ წყვდიადში. გულში ახალი ფერის შიში დაიბადა, შიში საკუთარი თავისა.                             

 ოთახში დღის შუქმა თანდათან იკლო და უჩვეულო სიჩუმე ჩამოწვა. საღამოს ისმაილი ისევ მესტუმრა. კარზე მოაკაკუნა და ოთახში შემოვიდა. ხელში ორი დიდი ცელოფნის პარკი ეჭირა. ლოგინთან მოვიდა და ფეხთით დამიწყო.

-ტანსაცმელი მოგიტანე, შეგიძლია იბანაო და გამოიცვალო. აბაზანა აქვეა. -მითხრა და კარი შეხსნა. -თუ დამატებით რამე დაგჭირდა, მითხარი და მოგიტან.

  მის წინაშე თავს უხერხულად და დავალებულად ვგრძნობდი. ისმაილი კი ამ ყველაფერს დიდი გულმოდგინებითა და მონდომებით აკეთებდა. ჩემზე პატარა ბავშვივით ზრუნავდა. რაც დრო გადიოდა ვხვდებოდი, თუ როგორ გამიმართლა მისნაირი ადამიანი რომ შემხვდა. ყოველდღე ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ სწორედ მან მიპოვა და სხვა არავინ.

-მადლობელი ვარ, მაგრამ თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ ასე რომ წუხდები.

-უკეთესი იქნება თუ ამაზე არ იფიქრებ... აქ ყოფნა რომ მოგბეზრდება, შეგიძლია ოთახიდან გამოხვიდე. ერთი სიტყვით, თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. -მითხრა და მაგიდიდან წვნიანი აიღო. -ეს ალბათ გაცივდებოდა, წავალ სხვა რამეს მოგიტან.

 თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მან წვნიანი წაიღო და წავიდა. მისი წასვლისთანავე ლოგინიდან ავდექი. სხვის სახლში ბანაობის იდეა დიდად არ მხიბლავდა, მაგრამ ისეთი ჭუჭყიანი ვიყავი, გული მიწუხდა. ჩემს კაბას რომ ვუყურებდი, ერთი სული მქონდა დროზე მომეშორებინა ტანიდან.

  აბაზანაში შესული სარკესთან ახლოს მივედი და ჩემს სახეს დავაკვირდი, რა საოცარია, მხოლოდ ჩემი სახე არ იყო ჩემთვის უცხო. მართალია, ჩემს თავს არ ვგავდი, მაგრამ ნაცნობი სახის დანახვამ მაინც გამახარა და ცალი ყბით ანარეკლს გავუღიმე.  გაწეწილი თმები ყურს უკან გადავიწიე და საქმეს შევუდექი... ცხელი შხაპი იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ დროის შეგრძნება დამაკარგვინა. ვიბანავე, მისი მოტანილი კაბა ჩავიცვი და ადამიანს დავემსგავსე.

 სანამ საქმეში ვიყავი გართული, მასპინძლის სტუმრობის დროც მოვიდა. ისმაილი რაღაცის სათქმელად შემოვიდა, მაგრამ რომ დამინახა, დაავიწყდა... დაბნეულმა რომ ვეღარაფერი თქვა, ხელში თეფში შემომაჩეჩა, საქმე მოიმიზეზა და გავარდა. თეფშზე თეთრად შემწვარი კარტოფილი ეყარა. მის დაბნეულობაზე ჩამეცინა, მხრები ავიჩეჩე და კარტოფილი საჭმელად წამოვიღე.

  ის დღე ოთხ კედელში გავატარე, ოთახიდან მხოლოდ მეორე დღეს გავედი. სახლი ინტერესით დავათვალიერე, მაგრამ ისმაილი ვერ ვიპოვე და მისი  ძებნა ეზოში განვაგრძე. სახლს მოზრდილი, ლამაზი ეზო ჰქონდა, გარშემო სულ ხეები იყო, თავი ტყეში გეგონებოდა. იქაურობა კარგად რომ შევათვალიერე, მეზობლად სხვა სახლებიც შევნიშნე და მესიამოვნა. კმაყოფილმა გზა განვაგრძე და ჭიშკარს მივადექი. ძაღლიც იქვე იწვა, რომელიც მოკუნტულიყო და თავი საერთოდ არ უჩანდა. უცაბედად ფეხზე წამოხტა, პირი ჩემკენ ქნა და ყეფა დამიწყო. ცოტახანს მოვიცადე, ვიფიქრე იქნებ დამშვიდდეს-მეთქი, მაგრამ ყეფა შეწყვიტა და ახლა ღრენა დამიწყო, თან ნაბიჯ-ნაბიჯ ჩემკენ მოდიოდა. ძაღლმა ფეხს რომ აუჩქარა, მივხვდი,  ნამდვილად გაქცევის დრო იყო. სწრაფად შემოვბრუნდი და პირდაპირ ისმაილს დავეჯახე, რომელიც ძაღლის ხმაზე გამოსულიყო. ცხოველმა პატრონი რომ დაინახა, თავი დახარა და თავის ადგილას დაბრუნდა.

-აქ რას აკეთებ?! -მკითხა ბოხი ხმით.

-შენ გეძებდი.

-შეიძლება ეკბინა...წამოდი, სახლში შევიდეთ. - მითხრა და სახლისკენ წამიყვანა.

   იმ დღეს ისმაილს საუზმის მომზადებაში დავეხმარე. ამჯერად, ერთად ვისაუზმეთ. რაც დრო გადიოდა, ერთმანეთს სულ უფრო მეტად ვეჩვეოდით. მის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტს ვიგებდი. ჩემი მისდამი ნდობის ნიშნულიც ზემოთ და ზემოთ მიიწევდა. ოჯახის სხვა წევრები არ ჰყავადა და მარტო ცხოვრობდა. ზოგადად ამ თემაზე საუბარი არ უყვარდა. ამიტომ, ვცდილობდი ზედმეტი უსიამოვნო შეკითხვებისგან თავი შემეკავებინა. ლაპარაკის ხასიათზე თუ იყო, ყველაფერს ისედაც მიყვებოდა. მასთან დაკავშირებით არავითარი ეჭვი არ მქონდა. მე საკუთარი თავის ძიებაში უფრო მეტად ვიყავი გართული. შეგრძნება მქონდა რომ ისმაილს უფრო უკეთ ვიცნობდი, ვიდრე საკუთარ სხეულში მცხოვრებ ადამიანს.

   ჩემ დასახმარებლად ექიმი მოიყვანა, რომელმაც სახლშივე გამსინჯა. მისი თქმით, სერიოზული არაფერი იყო, მეხსიერება უახლოეს მომავალში თავისით უნდა დამბრუნდებოდა. ექიმის სტუმრობის შემდეგ, ძალიან ოპტიმისტურად განვეწყვე. ისმაილის სტუმართმოყვარეობამ კი ჩემი ტკივილი იმდენად შემიმსუბუქა, რომ თავს უწინდელად დაკარგულად აღარ ვგრძნობდი. ერთადერთი რა შეზღუდვაც მქონდა ის იყო, რომ ეზოს გარეთ გასვლის უფლებას არ მაძლევდა. დროს ძირითადად სახლის ეზოში ვატარებდით. სუსხიან დღეებში ცხელ ჩაის ვსვამდით. დიასახლისობაც მოვირგე და ახალა უკვე ჩემს მასპინძელს მეთვინონ ვუმასპინძლდებოდი. ერთადერთი, რაც არ მომწონდა, ეს ჩემი საძინებელი იყო. ისმაილს დაველაპარაკე და უფრო ნათელი საძინებელი ვთხოვე. დამპირდა, რომ მალე გადამიყვანდა.

    სახლში მარტო ვიყავი. მინდოდა მის დაბრუნებამდე სადილის მომზადება მომესწრო და ვჩქარობდი. სიჩქარეში თითი გავიჭერი და შესახვევად წავედი. როგორც კი კარადა გავხსენი, ფოტოსურათები შევნიშნე, დაუფიქრებლად ავიღე და გადავათვალიერე. სულ სამი ცალი იყო. პირველ ორ ფოტოს უღიმღამოდ დავხედე. ჩემი ყურადღება მესამე ფოტომ მიიპყრო. სურათზე ისმაილი და მისი თანატოლი მამაკაცი იყო გამოსახული, ორივე იღიმოდა. ამ ადამიანის დანახვაზე ახლაც ისეთივე უცნაური შეგრძნება დამეუფლა, როგორიც თავდაპირველად ჩემში ისმაილის დანახვამ გამოიწვია. ფოტო ახლოს მივიტანე და კიდევ კარგად დავაკვირდი. ნამდვილად სადღაც მყავდა ნანახი, მაგრამ ვერ ვიხსენებდი სად. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ ისმაილი და ეს ბიჭი რაღაცით ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. უკანა მხარეს რომ გადავატრიალე, ჩეჩნური წარწერა ჰქონდა და ვერაფერი ამოვიკითხე. სურათი ისევ გადმოვაბრუნე და უცნობს ახლა შუქზე დავაკვირდი. ქუჩაში ნაცნობი ადამიანი რომ შეგხვდება და ვერაფრით იხსენებ საიდან იცნობ, აი ზუსტად ასეთი განცდა მქონდა. ის ორი სურათი თავის ადგილას დავაბრუნე, ეს კი, თან წამოვიღე. ერთი სული მქონდა ისმაილი მოსულიყო და ფოტოს შესახებ მეკითხა. სურათი სამზარეულოს ერთ-ერთ უჯრაში ჩავდე და სადილის კეთება განვაგრძე. ისმაილი რომ დაბრუნდა, უკვე ბინდი იყო. სუფრა გავშალე და სავახშმოდ დავსხედით, თუმცა ვერ მოვითმინე და ვიდრე ჭამას დავიწყებდი, ფეხზე წამოვხტი. სურათი ამოვიღე და ცხვირწინ დავუდე. მან ჭამას თავი ანება და დაბნეულმა ჯერ მე გამომხედა, მერე კი ფოტოს დახედა. თავგზა აებნა, ისე განერვიულდა, ხელები სად წაეღო აღარ იცოდა.

-ეს ფოტო კარადაში ვიპოვე. -დავიწყე გაუბედავად.

-ჩემ ნივთებში უნებართვოდ იქექები?!-მკითხა უხეშად და ფეხზე დამდუღრულივით წამოხტა.

-თითი გავიჭერი და კარადა ამიტომ გავაღე.

   ისმაილს აქამდე ჩემი ჭრილობა არც კი შეუნიშნავს. ეს რომ ვუთხარი, ხელზე მერეღა დამხედა, შეხვეული თითი რომ დაინახა, თავი ხელში აიყვანა და უკან დაიხია.

-ამ დროს სურათები გადმოცვივდა,-განვაგრძე მე. - ფოტოს სრულიად შემთხვევით დავხედე და ჩემი ყურადღება ამ პიროვნებამ მიიქცია. -თითი ფოტოზე, ისმაილის გვერდით მდგარ მამაკაცს დავადე.- ვფიქრობ, ნანახი უნდა მყავდეს. მინდოდა მეკითხა, ვინ არის და ჩემთან რა კავშირი შეიძლება რომ ჰქონდეს?!

   ეს რომ ვთქვი ისმაილს ფერი დაუბრუნდა, ვითომც აქ არაფერიო, დამშვიდებული სკამზე დაჯდა. სურათი ხელში აიღო და შეათამაშა, მერე კი თავი ჩაქინდრა და დანანებით ალაპარაკდა:

-ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია. შენთან ვერანაირი შეხება ვერ ექნებოდა, იმიტომ, რომ დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. ამ სურათის დანახვამ მაგიტომაც ამაფორიაქა. დღემდე ვერ ვაცნობიერებ, ვერ ვეგუები მის სიკვდილს და მიჭირს ამ ყველაფერთან შეგუება.

-ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. მაპატიე, თუ ჭრილობები გაგიახლე.

მოვუბოდიშე და ცოტა არ იყოს ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო სინდისმა შემაწუხა. მის წინაშე თავს შერცხვენილად ვგრძნობდი.

-არაფერია, დაივიწყე.- თქვა და ფოტოსურათი პერანგის ჯიბეში შეინახა.

  ისმაილმა ჭამა მშვიდად განაგრძო. მე კი ვეღარაფერი ვჭამე, რადგან მომხდარმა მადა სულ დამიკარგა. სამზარეულოდან თავი დავიხსენი და ჩემს ოთახს მივაშურე. როგორც იქნა ახალი დღე, ახალი იმედებით გათენდა. ეს დღე იმით იყო განასაკუთრებული, რომ მეორე სართულზე, მზიან და აივნიან ოთახში გადავიდოდი. ნაშუადღევს მასპინძელი მოვიდა და გამაფრთხილა, რომ სახლიდან ცოტახნით უნდა გასულიყო. მე კიდევ რამდენიმე საათი დალაგებას მოვუნდი. ყველაფერი რომ მივალაგე, ქვედა სართულზე ტანსაცმლის წამოსაღებად ჩავედი. ამ დროს კარის ხმა მომესმა, მეგონა ისმაილი დაბრუნდა და მის შესაგებებლად წავედი. კართან მივედი და ადგილზე გავქვავდი, ღიმილი პირზე შემაშრა... ჩემ წინ იდგა ჩემი ცხოვრების ყველაზე მწარე მოგონება, რომლის შესახებაც აქამდე რომ მხსომებოდა, ალბათ, მეხიერების დაბრუნებას აღარ ვინატრებდი. ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, მის გამო, ჩემს წარსულს აღარასოდეს გავიხსენებდი. თითქოს ჩემს გაყინულ გონებას პატარა ნატეხი ჩამოსტყდომოდა, ნატეხი გამღვალიყო და აქ, მისი სახით გამოცხადებულიყო. ეს იყო პაწაწინა ნამცეცი მოგონებისა, სადაც ყველაფერი ერთად იყო თავმოყრილი, როგორც ცეცხლმოკიდებული სადღესასწაულო ფოიერვერკი, ისე იფეთქა. ამ ერთმა წამმა მთლიანად დაიტია ყველა ის მოგონება და ყველა ის ტკივილი, რაც მისი მიზეზით დამატყდა თავს. ასე, ერთი ხელის მოსმით ყველაფერი, ყველაფერი გამახსენდა.